- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
არმენ სარგსიანი დაიბადა 1991 წელს. დაამთავრა სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სომხური ფილოლოგიის ფაკულტეტი. 2015 წლიდან არის სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ლიტერატურის საკითხების მთავარი სპეციალისტი. იგი 2017 წელს დაარსებული ერევნის წიგნის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია. ა. სარგსიანმა დაარედაქტირა და გამოსაცემად მოამზადა ათეულობით წიგნი. ახლა ის გამომცემლობა „ვერნატუნის“ მთავარი რედაქტორია. არმენ სარგსიანის ლექსების პირველი კრებული 2016 წელს გამომცემლობა „ანტარესმა“ გამოსცა. ამ წიგნისთვის იგი დაჯილდოვდა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ახალგაზრდული პრემიით. მისი ლექსები წარდგენილია კიევისა და დუშანბეს პოეზიის ფესტივალებზე. ნაწარმოებები რეგულარულად იბეჭდება სომხურ ლიტერატურულ პრესაში, თარგმნილია რუსულ („Literaturnaya Gazeta“), უკრაინულ („Litavri“), ინგლისურ („Versopolis.com“) ენებზე.
წაუკითხავი წიგნების ნაცვლად
***
ოცნება ერთ შორეულ ადგილასაა,
სადაც ქუჩებში ფერწერულ ტილოებს ყიდიან
და რიგში დგებიან სანტა მარია დელ ფიორესთვის,
სადაც ლიტერატურა ქალაქის კედლებზე კიდია
და წრიულად ტრიალებს კარუსელის ცხენებზე შეკაზმული...
***
ნება მიბოძეთ, უკანასკნელი მარცვალი მშვიდად წარმოვთქვა,
ის მართლა მიშლის ხელს.
სიტყვები მოლოდინის დასაწყისია.
პასიური აზრები ათავისუფლებენ მოედნებს.
ასოები დამოუკიდებლები არიან სტრიქონების სიშორიდან,
მათ მეხსიერება არ აქვთ.
ყველა ეპოქაში დაუსვენებელი სიტყვები...
საროიანი ამბობდა,
რომ მთავარი მათი სწორად გამოყენებაა.
***
ღმერთებმა ბურღულის მარცვლებად გვაქციეს
და ჩვენ ჩვენი ჩრდილებისთვის ვცეკვავთ,
რომლებიც მოპირდაპირე კედელზე განთავსებულან.
ჩვენ მოცეკვავე პოეტები ვართ
და სიტყვებში ყველაფრის დახრჩობა შეგვიძლია –
მსოფლიოს ყველა ბურღულის მარცვლისაც კი,
რომლებსაც მეხსიერება აქვთ.
***
ყოველ დილით სამსახურში წასვლისას
ფორთოხლებს ვყიდულობ და ვფიქრობ,
რომ ერთ დროს ფრეზნოში
საროიანი უფრო ადვილად გაყიდდა მათ.
***
ჩვენ ორი სიტყვა ვართ
ერთი და იმავე წიგნის სხვადასხვა გვერდზე,
ჩემსა და შენ შორის
ერთი თითის ანაბეჭდის ოდენა სივრცეა,
ჩვენ უკვე დაგვბეჭდეს
და შეუძლებელია რაიმეს შეცვლა.
***
მე ვიოლინოს სიმებს ვაახლებ
და ბევრი მსხვეპლი ეცემა ჩემ წინ,
მე მათ ვასწავლი
სიხარულს და მზრუნველობას.
ჩემი სტრიქონები რვეულის კიდეზე დავაბი
და ერთი თოჯინა ცეკვავს სიმებზე
ყველაზე ჩვეულებრივი ხმაურით.
***
შენი დავიწყება მინდოდა,
საშლელით წავშალე შენი პორტრეტი,
ქაღალდს სული შევუბერე,
ახლა მთელ ჩემს ოთახში შენ ხარ...
***
მოპასანის მე-11 გვერდზე
ხმელი გვირილები იყო,
მოპასანის მე-11 გვერდზე
გიყვარდი...
***
თამბაქომ წამართვა ფიქრები,
საფერფლეში დაფერთხა,
შავი, მურიანი...
მეზობელი აივნიდან ორი ბავშვი
მზის ამოსვლას უყურებდა,
მათ ღიმილებში სევდა არ იყო...
***
ჩემი და შენი სახლის ერდოდან
მთვარეს იგივე ფორმა აქვს,
სახურავზე ვარ ასული,
შენი თვალები ახლოს რომ იყვნენ.
***
გაზაფხულები ჩავიყარე ჯიბეებში,
რათა ჩემთვის განკუთვნილი გულუხვი შემოდგომების
ხურდა დავაბრუნო...
***
მე შენ აგარჩიე –
წაუკითხავი ყველა წიგნის
და უნახავი ყველა ფილმის
სანაცვლოდ...
***
გახსოვს?
ფოტოაპარატით
ჩვენი ჩრდილი გადავიღეთ,
გრძელი, მსგავსი და უსახო...
ახლოს...
***
მაღალი ქუსლებით
ჩემს გულში შემოხვედი,
მერე ჩემს სამელნეში
და ჩემს თეთრ ქაღალდებზე
დაიწყე სირბილი...
***
ჩემი სიცარიელე დაგრძელდა,
ცულით მოჭრა არ გამოდის...
ჩემი ფერადი ფანქრები წამართვეს,
ყავადანის ნალექს ურევენ...
***
შენ კარგი მხატვარი ხარ,
შავი კაეშანი დამახატე სახეზე,
რომ ორივე ხელის გულით ვერ ვფარავ,
ჩემი სახის მიმიკა მორყეული ჩარჩოა...
***
ჩემი გული
დაუდევარი საბეჭდი მანქანაა,
შეცდომებს უშვებს.
ჩემმა გონიერებამ
ასოები არ იცის,
ჩემი საბეჭდი მანქანის ისტორიები
კორექტირების გარეშე რჩებიან...
***
მთვარე
დაკიდებულა
ზღვის უბის კიდეზე,
ბორნებს
სხივები შეუკრავთ
ნიჩბებზე,
ჰორიზონტს რომ არ გაცდნენ...
***
საკვამურით ჩამოსული
ბედნიერებასავით
ისე შეუმჩნევლად
და მოულოდნელად
მოხვედი,
გამაღვიძე,
წახვედი...
***
წვიმიანი ღამე
ქალაქზე
რეცხავს
თავის ჩაის ჭიქას,
ჩემი ერევნის თუთის ხეები
დასველებულან და მოღუნულან,
ჩემი და შენი ბავშვობის
მორყეული ქოლგასავით...