• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ურწმუნო

×
ავტორის გვერდი ზელიმხან უძილაური 28 მაისი, 2018 2855
მოხდა ისე, რომ საოში მადლმა იწვიმა. მადლის წვიმამ რწმენა აღაზევა. ჩვილი ბავშვიდან დაწყებული, უკბილო დედაბრით დამთავრებული, ყველა „უფალო, უფალო“-ს გაიძახოდა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თვით ჭაობებშიც კი, ტაძრებს აშენებდნენ. ტაძრების ღრიჭოებში ობობები, ათასგვარი ჭია-ღუა და ღამურები იბუდებდნენ. რწმენის მადლი მათაც კი გადაედო.
ერთადერთი ურწმუნოღა დარჩა, სახელად... მისი სახელი ისტორიას არ შემოუნახავს. „ურწმუნო“ იქცა მის სახელადაც, გვარადაც და ძეგლადაც. საოში ურწმუნოება იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ თავიდან ურწმუნო ყველას გიჟი ეგონა. ბოლოს ეშმაკეულად, ბოროტმოქმედად და ქვეყნის დამღუპველად გამოაცხადეს. გამოჭიმეს საოს მთავარ გაზეთ „მადლში“ რუბრიკით: „აი, ვინ გვარცხვენს“; მისცეს პასუხისგებაში... არაერთი მოწმე აღმოჩნდა, რომელთაც ამა თუ იმ მიყრუებულ ტაძარში მხურვალედ მლოცველი, მზიარებელი და მონანული ურწმუნო უნახავთ, მაგრამ სახელმწიფო ბრალმდებელმა (საო ხომ სახელმწიფო იყო) ეს ქმედებანი ურწმუნოს განსაკუთრებულ მზაკვრობა-ფარისევლობას მიაწერა, მოითხოვა ურწმუნოს სიკვდილით დასჯა. ურწმუნოს სიკვდილი მაინცდამაინც არ უყვარდა, ამიტომაც პროკურორს ამგვარი დიალოგი გაუმართა:
- „მეუფე პროკურორო, ეკლესია ხომ მორწმუნეა?“
- „რასაკვირველია, უგნურო, აბა რას როშავ?“
- „მეუფე პროკურორო, თუკი ეკლესია, ვინც ყაჩაღობს ანუ სხვათა ტაძრებს იტაცებს, მორწმუნეა, მაშინ გამოდის, რომ მე, ვინც ვერ ვყაჩაღობ, ურწმუნო ვარ“.
ბუნებრივია, ამგვარმა დიალოგმა ურწმუნოს სასჯელი დაუმძიმა და ჩვეულებრივი სიკვდილი ანუ დახვრეტა ჩამოხრჩობით შეუცვალეს.
- ”ინანიებ თუ არა დანაშაულს?“- ჰკითხა ბოლოს ურწმუნოს პროკურორმა.
- „შეუძლებელია მოვინანიო დიდო მეუფევ, მე ხომ ადამიანი ვარ, ადამიანს კი არც მონანიება შეუძლია, არც არც რწმენა; ადამიანს შეუძლია მხოლოდ ეგონოს, რომ სწამს ან ინანიებს.... მე კი მინდა, რომ არა მხოლოდ მეგონოს... და რადგანაც ეს შეუძლებელია, ამიტომაც ურწმუნოების გარდუვალობას ვერაფერს ვუხერხებ.“
სასამართლომ რწმენის შეუვალ სფეროში ამგვარი წაფილოსოფოსება ურწმუნოს არ აპატია და უბრალო ჩამოხრჩობა შაყიყის კვრით ანუ ჯერ ხელ-ფეხისა და ბოლოს თავის მოკვეთით შეუცვალა.
- ”აღიარებ თუ არა, შენს გარდა რომ ყველას ღმერთი გვწამს?“- ასეთი იყო პროკურორის სულ ბოლო შეკითხვა.
- ”მე ვაღიარებ მხოლოდ ერთადერთს: ურწმუნო ვარ! მწამს და ვაღიარებ, რომ ურწმუნო ვარ!“- გაჰყვიროდა ურწმუნო.
 
ურწმუნოს ესოდენმა გაჯიუტებამ სასამართლო და დამსწრენი განარისხა, ამიტომაც მას შაყიყის კვრა წამებით შეუცვალეს. ყველაზე დიდი ტაძრის ეზოში გამოიყვანეს, ჯერ მუგუზალი დააყარეს მორწმუნეებმა, მერე ენა ამოაგლიჯეს, თვალები დასთხარეს, ფრჩხილები დააძრეს, ის კი ბოლომდე გაიძახოდა: „ურწმუნო ვარ, ურწმუნო ვარ!...“
როგორც კი ურწმუნომ სული დალია, ელიას მთის დიდი ტაძრის კრეტსაბმელი შუაზე გაიპო, ჭაობებში აგებული ტაძრები გველ-ბაყაყებით გაივსო, ხოლო ციდან გრგვინვა გაისმა:
“ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ!“
 
2008
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული