- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
თარგმანი ინგლისურიდან : ალექსანდრე გაბელია
რედაქტირება და ორიგინალთან შედარება : ნორიკ ბადოიანი
ორმა დიდმა ფაქტმა დაასვა ახალი ბეჭედი მუშათა ყოფას: რვასაათიანმა სამუშაო დღემ და არყით ვაჭრობის შეწყვეტამ. ომით გამოწვეული არყის მონოპოლიის ლიკვიდაცია წინ უსწრებდა რევოლუციას. ომი ისეთ აურაცხელ საშუალებას ითხოვდა, რომ ცარიზმს შეეძლო, უარი ეთქვა სასმელით მიღებულ მოგებაზე, როგორც წვრილმან საქმეზე, მილიარდი რუბლით მეტი ან ნაკლები - განსხვავება არც ისე დიდია. რევოლუციამ მემკვიდრეობით მიიღო არყის მონოპოლიის ლიკვიდაცია როგორც ფაქტი, და იშვილა ეს ფაქტი, მაგრამ უკვე ღრმა პრინციპული ხასიათის შეხედულებების გამო. მხოლოდ მუშათა კლასის მიერ - რომელიც ახალი მეურნეობის შეგნებული მშენებელი ხდება - ძალაუფლების დაპყრობის შემდეგ, ალკოჰოლიზმთან სახელმწიფო ბრძოლას - კულტურულ-განმანათლებლურს და აკრძალვითს - მთელი თავისი ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება.
ამ აზრით ის, თავისი არსით, გვერდითი გარემოება, რომ „მთვრალი“ ბიუჯეტი გზად იმპერიალისტურმა ომმა გადააყირავა, ოდნავადაც არ ცვლის იმ ძირითად ფაქტს, რომ ხალხის სახელმწიფო გალოთების ლიკვიდაცია რევოლუციის მიღწევების რკინის ინვენტარის ნაწილი გახდა. განვავითაროთ, განვამტკიცოთ, ორგანიზება გავუკეთოთ, ბოლომდე მივიყვანოთ ანტიალკოჰოლური რეჟიმი აღორძინების პროცესში მყოფი შრომის ქვეყანაში - ასეთია ჩვენი ამოცანა. ჩვენი სამეურნეო და კულტურული წარმატებები „გრადუსების“ კლებასთან პარალელურად განვითარდება. აქ დათმობები არ იქნება.
რაც შეეხება რვასაათიან სამუშაო დღეს, ის უკვე რევოლუციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირდაპირი მონაპოვარია. თავისთავად, როგორც ფაქტს, რვასაათიან სამუშაო დღეს რადიკალური ცვლილება შეაქვს მუშის ცხოვრებაში, ათავისუფლებს რა დღის ორ მესამედს საფაბრიკო შრომისაგან. ეს ქმნის საფუძველს ყოფის ძირეული ცვლილებებისთვის, კულტურულობის განვითარებისთვის, საზოგადოებრივი განათლებისთვის და სხვ., მაგრამ მხოლოდ საფუძველს. რაც უფრო სწორად გამოიყენებს სახელმწიფო სამუშაო დროს, მით უფრო უკეთესად, სრულად, შინაარსიანად შეიძლება მოეწყოს მუშის მთელი ცხოვრება. აი, ამაში მდგომარეობს, როგორც უკვე ითქვა, ოქტომბრის გადატრიალების ძირითადი არსი - რომ ყოველი მუშის სამეურნეო მიღწევები ავტომატურად ნიშნავს მთლიანად მუშათა კლასის მატერიალურ და კულტურულ აღმავლობას.
„რვა საათი მუშაობა, რვა საათი ძილი და რვა საათი გართობა“ - ამბობს მუშათა მოძრაობის ძველი ფორმულა. ჩვენს პირობებში, ამან ახალი მნიშვნელობა შეიძინა: რაც უფრო პროდუქტიულად იქნება გამოყენებული მუშაობის რვა საათი, მით უფრო სუფთად, ჰიგიენურად და უკეთესად მოწესრიგდება რვა საათიანი ძილი, მით უფრო შინაარსიანად, კულტურულად იქნება გამოყენებული თავისუფალი რვა საათი.
ამასთან კავშირში გასართობი საშუალებების საკითხს უზარაზარი კულტურულ-აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს. ბავშვის ხასიათი გამოაშკარავდება და ყალიბდება თამაშში. ზრდასრული ადამიანის ხასიათი ყველაზე ცხადად თამაშებსა და გართობაში მჟღავნდება. მაგრამ მთლიანი კლასის ხასიათის ფორმირებაშიც კი, თუ ეს ახალგაზრდა და წინ მიმავალი კლასია, როგორც პროლეტარიატი, გართობას და თამაშს მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება შეუძლია. დიდი ფრანგი უტოპისტი ფურიე, უარყოფდა რა ქრისტიანულ ასკეტიზმსა და ბუნებრივი ინსტიქტების ჩახშობას, თავის ფალანსტერებსს (მომავლის კომუნებს) აფუძნებდა ადამიანური ინსტიქტებისა და ვნებების სწორ და გონიერ გამოყენებასა და შერწყმაზე. ეს ღრმა აზრია. მუშათა სახელმწიფო არც სასულიერო ორდენია და არც მონასტერი. ჩვენ ვიღებთ ადამიანებს ისე, როგორც შექმნა ისინი ბუნებამ, და როგორებადაც ნაწილობრივ აღზარდა, ნაწილობრივ დაასახიჩრა ძველმა საზოგადოებამ. ჩვენ ვეძებთ დასაყრდენს ამ ცოცხალ ადამიანურ მატერიალში ჩვენი პარტიული და რევოლუციურ-სახელმწიფოებრივი ბერკეტის გამოყენებისთვის.
გართობისადმი, განტვირთვისადმი, ცქერისა და სიცილისადმი სწრაფვა ადამიანური ბუნების ყველაზე კანონიერი მოთხოვნილებაა. ჩვენ შეგვიძლია და უნდა მივცეთ საშუალება ამ მოთხოვნილებას, სულ უფრო მაღალი მხატვრული ხარისხით დაკმაყოფილდეს და ამავდროულად ვაქციოთ გართობა კოლექტიური აღზრდის იარაღად, პედაგოგიური მეურვეობის, ჭეშმარიტების გზაზე მომაბეზრებელი მითითებების გარეშე.
უმნიშვნელოვანეს, სხვებზე გაცილებით მნიშვნელოვან იარაღად ამ დარგში, დღეს შეიძლება კინემატოგრაფი მოგვევლინოს. ეს შთამბეჭდავი, სანახაობრივი სიახლე კაცობრიობის ცხოვრებაში აქამდე არნახული გამარჯვების მომტანი სისწრაფით შეიჭრა. კაპიტალისტური ქალაქების ყოფაში კონემატოგრაფი ცხოვრების ისეთივე შემადგენელი ნაწილია, როგორც აბაზანა, ლუდხანა, ეკლესია და სხვა აუცილებელი დაწესებულებები, საქები და საძაგებელიც. კინემატოგრაფისადმი ლტოლვას საფუძვლად უდევს სწრაფვა ყურადღების გადატანისადმი, რაღაც ახლის, არნახულის ნახვისადმი, სიცილისადმი და ტირილისადმიც, მაგრამ არა საკუთარ თავგადასავლებზე, არამედ სხვებისაზე. ყველა ამ მოთხოვნილებას კინემატოგრაფი აკმაყოფილებს ყველაზე უშუალოდ, სანახაობრივად, ხატოვნად, სრულიად ცოცხლად, არ ითხოვს რა მაყურებლისგან არაფერს, უბრალო წერა-კითხვის ცოდნასაც კი. აქედან არის მაყურებლის მადლიერი სიყვარული კინემატოგრაფისადმი, შთაბეჭდილებებისა და განცდების ამ დაუშრეტელი წყაროსადმი. აი, სად მდებარეობს წერტილი - წერტილიც არა, არამედ უზარმაზარი მოედანი აღმზრდელობით-სოციალისტური ძალისხმევების გამოყენებისთვის.
ის, რომ ჩვენ აქამდე, ანუ თითქმის ექვსი წლის განმავლობაში, ვერ დავეუფლეთ კინემატოგრაფს, გვიჩვენებს, თუ რა დონეზე ტლანქები, უკულტუროები ვართ, რომ არ ვთქვათ პირდაპირ: გონებაჩლუნგები.
ეს არის იარაღი, რომელიც თავად ითხოვს, ხელში აიღონ: საუკეთესო ინსტრუმენტი პროპაგანდისა - ტექნიკურის, კულტურულის, მწარმობლურის, ანტიალკოჰოლურის, სანიტარულის, პოლიტიკურის - ნებისმიერი, საზოგადოდ მისაწვდომი პროპაგანდის, მიმზიდველის, მეხსიერებაში რომ იჭრება, და - სავარაუდო შემოსავალიც.
იზიდავს რა და ართობს, უკვე ამით კინემატოგრაფი კონკურენციაში შედის ლუდხანასა და სამიკიტნოსთან. არ ვიცი, რა უფრო მეტია პარიზში ან ნიუ-იორკში: ლუდხანა თუ კინემატოგრაფი, და ამ საწარმოთაგან რომელი იძლევა უფრო მეტ მოგებას? მაგრამ ნათელია, რომ კინემატოგრაფი ეჯიბრება უპირველეს ყოვლისა სამიკიტნოს იმ საკითხში, თუ როგორ და რით უნდა შეივსოს რვა თავისუფალი საათი. შეგვიძლია თუ არა დავეუფლოთ ამ შეუადარებელ საშუალებას? რატომ არა? მეფის ხელისუფლებამ რამდენიმე წელიწადში შექმნა სახელმწიფო სამიკიტნოების განშტოებული ქსელი. ამ საქმეში ის იღებდა წელიწადში მილიარდამდე ოქროს რუბლის მოგებას. მაშინ რატომ არ შეუძლია მუშათა სახელმწიფოს შექმნას სახელმწიფოებრივი კონემატოგრაფების ქსელი, სულ უფრო და უფრო დანერგოს ეს გართობისა და აღზრდის აპარატი სახალხო ცხოვრებაში, დაუპირისპიროს ის ალკოჰოლს და ამავდროულად აქციოს საშემოსავლო სტატიად? არის კი ეს განსახორციელებადი? რატომაც არა? რა თქმა უნდა, მარტივი არაა. მაგრამ ეს, ყოველ შემთხვევაში, უფრო ბუნებრივია, უფრო მეტად პასუხობს მუშათა სახელმწიფოს ბუნებას, ორგანიზატორულ ძალებსა და შესაძლებლობებს, ვიდრე, ვთქვათ, არყის საქმის რესტავრაციის მცდელობა.*
კინო კონკურენციას უწევს არა მხოლოდ სამიკიტნოებს, არამედ ეკლესიასაც. ეს მეტოქეობა კი ეკლესიისთვის შეიძლება საბედისწერო გახდეს, თუ სოციალისტური სახელმწიფოსგან ეკლესიის განვაცალკევებას ჩვენ შევავსებთ კინემატოგრაფისა და სოციალისტური სახელმწიფოს შერწყმით.
რელიგიურობა რუს მუშათა კლასში თითქმის არ არსებობს. ის სინამდვილეში არც არასდროს ყოფილა. მართმადიდებელი ეკლესია ყოველდღიური ჩვეულება და სამთავრობო ინსტიტუტი იყო. ხალხის მასების ცნობიერებაში ღრმად შეღწევა და თავისი დოგმატებისა და კანონების დაკავშირება მათ შინაგან განცდებთან მან ვერ შეძლო. ამ ყველაფრის მიზეზი იგივეა - ძველი რუსეთის უკულტურობა, მათ შორის ეკლესიისაც. ამიტომ, იღვიძებს რა მასში კულტურისადმი ინტერესი, რუსი მუშა ასე ადვილად თავისუფლდება ეკლესიასთან თავისი წმინდად-გარეგანი ყოფითი კავშირისგან. გლეხისთვის ეს, მართალია, უფრო რთულია, მაგრამ არა იმიტომ, რომ ის უფრო ღრმად, უფრო ინტიმურად განისმჭვალა ეკლესიური სწავლებით, - ეს, ცხადია, არასდროს ყოფილა, - არამედ იმიტომ, რომ მისი ზედაპირული და ერთფეროვანი ყოფა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ეკლესიის ზერელე და ერთფეროვან რიტუალურობასთან.
მუშის - საუბარია უპარტიო მასობრივ მუშაზე - კავშირს ეკლესიასთან, უმეტეს შემთხვევაში, ჩვევის ძაფი აკავშირების, უპირატესად ქალის ჩვევის. ხატები კიდია სახლში, იმიტომ რომ უკვე აქ არიან. ისინი ამშვენებენ კედლებს, მათ გარეშე ყველაფერი ზედმეტად მოშიშვლებულია - უჩვეულო. ახალ ხატებს მუშა არ იყიდის, მაგრამ ძველზე უარის თქმისთვის ნება არ ჰყოფნის. რით უნდა აღნიშნო გაზაფხულის დღესასწაული, თუ არა კულიჩითა და პასკით? კულიჩი და პასკა კი ჩვევისამებრ, საჭიროა, აკურთხო - სხვაგვარად შიშვლად გამოდის. ეკლესიაშიც სულაც არ დადიან რელიგიურობის მიზეზით: ეკლესიაში სინათლეა, მორთულია, ხალხმრავლობაა, კარგად გალობენ, - მთელი რიგი საზოგადოებრივ-ესთეტიკური სატყუარებისა, რომელიც არც ფაბრიკას აქვს, არც ოჯახს, და არც უქმე დღეების ქუჩას. რწმენა არ არის, ან თითქმის არ არის. ყოველ შემთხვევაში, არავითარი პატივისცემა ეკლესიური იერარქიისადმი, არავითარი ნდობა მსახურების მაგიური ძალისადმი. მაგრამ ამ ყველაფერთან კავშირის გაწყვეტის აქტიური ნებაც არ არის. მოშვების, განტვირთვის, გართობის ელემენტი უზარმაზარ როლს თამაშობს ეკლესიურ რიტუალურობაში. ეკლესია თეატრალური ილეთებით მოქმედებს მხედველობაზე, სმენაზე და ყნოსვაზე(საკმეველი!), მათი საშუალებით კი - წარმოსახვაზე. ადამიანში კი მოთხოვნილება თეატრალურობისადმი - ნახოს და მოისმინოს უჩვეულო, კაშკაშა, ყოფითი ერთფეროვნებისგან გამომყვანი - ძალიან დიდია, ამოუძირკვავი, მომთხოვნი, ადრეული ასაკიდან ღრმა სიბერემდე. რომ გავათავისუფლოთ ფართო მასები რიტუალურობისგან, ყოფითი ეკლესიურობისგან, არ არის საკმარისი მხოლოდ ანტირელიგიური პროპაგანდა. ცხადია, ის აუცილებელია. მაგრამ მისი უშუალო, პრაქტიკული გავლენა მაინც შემოიფარგლება იდეურად ყველაზე მამაცი უმცირესობით. ფართო მასა იმიტომ კი არ ექვემდებარება ანტირერელიგიურ პროპაგანდას, რომ მას ასე ღრმა სულიერი კავშირი აქვს რელიგიასთან, არამედ პირიქით, იმიტომ, რომ იდეური კავშირი არ არსებობს, არამედ არის უფორმო, ცნობიერებაში გაუტარებელი ყოფითი, ავტომატური კავშირი, მათ შორის ქუჩაში მოწანწალის, რომელიც უარს არ იტყვის, მონაწილეობა მიიღოს პროცესიაში ან სადღესასწაულო ღვთისმსახურებაში, მოისმინოს გალობა, იქნიოს ხელები. აი ეს უიდეო რიტუალურობა, რომელიც ირიბ ტვირთად აწევს ცნობიერებას, შეუძლებელია გავანადგუროთ მხოლოდ კრიტიკით, არამედ შეიძლება გამოვდევნოთ ყოფის ახალი ფორმებით, ახალი გასართობით, ახალი, უფრო კულტურული თეატრალურობით. და აქ კვლავ აზრი ბუნებრივად მიემართება ყველაზე მძლავრ - რამეთუ ყველაზე დემოკრატიულია - თეატრულორობის იარაღს: კინემატოგრაფს. არ სჭირდება რა განშტოებული იერარქია, ფარჩა და ა.შ., კინემატოგრაფი თეთრ ზეწარზე შლის ბევრად უფრო ჩამთრევ თეატრალურობას, ვიდრე ყველაზ მდიდარი, ათასწოლოვანი თეატრალური გამოცდილებით დაბრძენებული ეკლესია, მეჩეთი ან სინაგოგა. ეკლესიაში მხოლოდ ერთ „მოქმედებას“ აჩვენებენ, და ამასთან ყოველთვის ერთსა და იმავეს, წლიდან წლამდე, კინემატოგრაფი კი აქვე, მეზობლად ან ერთი ქუჩის მოშორებით, ამავე დღეებსა და საათებში აჩვენებს წარმართულ, იუდაისტურ და ქრისტიანულ აღდგომასაც მათ ისტორიულ მემკვიდრეობითობაში და მათ რიტუალურ მიმბაძველობაში. კინემატოგრაფი გაართობს, გაანათლებს, განგმირავს წარმოსახვას სურათით და გაათავისუფლებს ეკლესიის ზღურბლზე გადაბიჯების მოთხოვნილებისგან. კინემატოგრაფი არა მხოლოდ სამიკიტნოს დიადი კონკურენტია, არამედ ეკლესიისაც. აი იარაღი, რომელსაც უნდა დავეუფლოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს!
„პრავდა“, 1923 წ. 12 ივლისი
* ეს სტრიქონები უკვე დაწერილი იყო, როცა ჩემს ხელთ არსებულ „პრავდას“ უკანასკნელ ნომერში(30 ივლისის) შემდეგი ამონარიდი ვიპოვე რედაქციაში გამოგზავნილი ამხ. ი. გორდეევის სტატიიდან. „კონოინდუსტრია უკიდურესად მომგებიანი კომერციული საქმეა, რომელიც უზარმზარ შემოსავალს იძლევა. მცოდნე, აზრიანი და საქმიანი მიდგომის შემთხევაში, კონომონოპოლიას შეუძლია ითამაშოს ჩვენი ფინანსების გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც მსგავსია არყის მონოპოლიის როლისა მეფის რუსეთში“. შემდეგ ამხ. გორდეევტან მოყვანილია პრაქტიკული მსჯელობები, როგორ გავატაროთ საბჭოტა ყოფის კინოფიკაცია. აი საკითხი, რომელსაც ნამდვილად საჭიროებს სერიოზულ და საქმიან დამუშავებას! - ლ. ტ.