• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ვკვდები ე.ი. ვარსებობ

×
ავტორის გვერდი ალექსი ჩიღვინაძე 11 იანვარი, 2018 2450
ქრისტე რომ გილიოტინით დაესაჯათ
ახლა გულზე პატარა გილიოტინებს დავიკიდებდით
ქრისტე რომ ჩამოეხრჩოთ
ახლა თავი ყულფში გვექნებოდა გაყოფილი 
ქრისტე რომ სარზე გაესვათ
თუმცა ეს არ არის მისი სტილი
აი, ელექტრო სკამი კი სულ სხვა საქმეა
ყოველ ჯერზე შუქის ანთებისას პირსკამს გადავიწერდით
მეცხრე ბლოკი დანგრეული ტაძარი 
იუნესკოს დასაცავი გახდებოდა
ქრისტე რომ დაეხვრიტათ 
ეკლესიის გუმბათებზე ჩამავალი მზის სხივებში
ერეგირებული ტყვია აბრწყინდებოდა
და საარტილერიო ცეცხლის დროს
მუხლებზე დავეცემოდით ვილოცებდით და ვიგალობდით
ბახ! - დიდება შენდა ქრისტე
ბუხ! - ალილუია
ქრისტე რომ ქვებით ჩაექოლათ 
ახლა ყელზე პატარა კენჭებს დავიკიდებდით
მღვდლები კი დიდ ლოდებს დაიკიდებდნენ 
და ერთი შეხვედით ვერც გაარჩევდი
ქრისტიანს სიზიფეანელისგან
ქრისტე გაზის კამერაში რომ შეეშვათ
საპატრიარქოს ნაცვლად ყაზტრანსგაზი იპარპაშებდა
და ქალაქში საკმევლის ნაცვლად გაზის სუნი დადგებოდა
გულზე კი მადლისმთვლელ მრიცხველებს დაგვკიდებდნენ
ქრისტე რომ ზვიგენებისთვის ჩაეგდოთ
წმინდა მთაზე დიდ აკვარიუმს შემოვდგამდით
და იქ ზვიგენს ჩავუშვებდით
ქრისტეს რომ ჰარაკირი გაეკეთებინა
რამდენიმეს ნაცვლად ერთი ნახვრეტი ექნებოდა
კიდევ შეიძლება ქრისტე ზარბაზნის ლულაზეც მიებათ
და მისი სხეულის გავლით ეშმაკის ქარი გაეტარებინათ
ან გველებით სავსე ორმოში ჩაეგდოთ
რკინის ქალწულში გამოემწყვდიათ
ან სოციალური უსაფრთხოების უმაღლეს ზომა მიესაჯათ
ასე ეძახდნენ სიკვდილის დასჯას საბჭოთა კავშირში
ქრისტე შეიძლება სიბერისგანაც მომკვდარიყო
და როგორც ტროცკი წერდა სიკვდილის წინ
"სიბერე ყველაზე მოულოდნელი რამაა
რაც კი შეიძლება შეემთხვას ადამიანს"
რაზეც ემილ ჩორანი აღნიშნავდა:
"ტროცკის რომ ეს ინტიუციური სიბრძნე 
ახალგაზრდობაში ჰქონოდა
რა უვარგისი რევოლუციონერი იქნებოდაო იგი"
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული