• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ნოამ ბადი მიდის სამოთხეში

×
ავტორის გვერდი თომა პუხოვი 15 მარტი, 2012 2251

მეტი კატლეტი უნდა წამომეღო. რას ვიფიქრებდი, პარტიზანების ლოდინს ამდენი ხანი თუ დაჭირდებოდა. კარავი სულ აყროლდა ძეხვის სუნით. ისედაც არ ვარგა მგონი. არადა რომ ვიყიდე კარგი ჩანდა. ასეთ სარისკო რამეებზე ფულის დაზოგვა არ ღირს. ახლა გვიანია წუწუნი. კარვის კედლები შიგნიდან სულ დაიცვარა. ერთი-ორი საათით ძლივს დავიძინე. ასე მეგონა ჰაერს კი არა, წყალს ვსუნთქავ-მეთქი. კიდევ კარგი ჩემი წიგნები და ბლოკნოტი არ დასველდა. ლეპტოპიც მგონი რიგზეა. ბოლომდე დავტენე. თხუთმეტ საათს მაინც გაძლებს. სჯობს ჯერ არ ჩავრთო.

ის ვინ დამახვედრეს? განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებიო, ჩახვეულივით იმეორებდა. ადამიანურად არც ამიხსნა. ხელისუფლებას ყველგან აგენტები ჰყავს და ფრთხილად უნდა იყოო. დამარიგა მისი ჭკუით, გეგონება მე თვითონ არ ვიცოდე რევოლუციური ძალების ჩახშობას რა მეთოდებით ცდილობენ. ცოტა ხანში ძაღლებივით ჩახოცავენ კიდეც. მაგაზე რაც სტატიები მაქვს დაწერილი, მაგდენი იმ ცალი თვალით ცხოვრებაში არ ექნება წაკითხული. ბრძოლაში დავკარგე თვალიო, ისე ამაყად მითხრა, გეგონება მაგის გარდა სხვას არავის დაკარგვია რამე. მე ერთხელ ლუკაჩის უძვირფასესი სამტომეული დავკარგე და დღემდე ვერ ვიპოვე. ან დაკარგვაში რაა საამაყო? რომ ვერ იბრძოდი კარგად, იმიტომაც დაკარგე. ფრთხილად უნდა ყოფილიყავი, მეგობარო.

არა მაინც, რას ვერჩი იმ კაცს. ყველაფერი ამ ლოდინის და ნერვების ბრალია. არც ისე ცუდი კაცი იყო. რა ქნას , რაც შეუძლია იმას აკეთებს. შეიძლება რამდენიმე საათშიც მოვიდნენ. მაქსიმუმ სამ დღეში აჯანყებულთა ბანაკიდან ვინმე აუცილებლად მოგაკითხავსო. ერთი დღე უკვე გავიდა. ხომ შეიძლებოდა ერთ დღეში მოსულიყვნენ. მაგრამ მე ხომ არაფერში ბედი არ მაქვს, მაინცდამაინც სამ დღეს უნდა ველოდო. უნდა დავმშვიდდე. მანამდე რომ გადამაწყდეს ვინმე ტვინახურებული? არაფერს დამიშავებენ. სხვა ქვეყნის მოქალაქე ვარ. მითუმეტეს ვიღაცა ხომ არ ვარ. ახლა მთავარია, ცივი გონება და სიდინჯე შევინარჩუნო. აქ ყოფნა პრაქტიკის ელემენტებზე უშუალო დაკვირვებისა და მათი ანალიზის თვალსაზრისით აუცილებელია. მთავარია, სახელისუფლებო ჯარებმა დროზე გაიმარჯვონ და ისტორიული ანალიზისთვის კიდევ ერთი საინტერესო რევოლუციური გამოცდილება მივიღოთ. თუ მინდა რომ ჩემი ნაშრომი რევოლუციურ გამოცდილებებზე სრულყოფილი იყოს, რევოლუციის გულთან უნდა ვიდგე და მის ფეთქვაზე თავი მქონდეს მიდებული. ფეთქვა კიარა, მხოლოდ აფეთქებების ხმა ისმის. ესეც ხომ ერთგვარი გულისფეთქვაა. ასეთი ხმაურით ფეთქავს რევოლუციის გული... მალე თვითმფირნავებით რომ დაბომბავენ. ამ ხმაურს უნდა ჩავუღრმავდე, ოღონდ ძაან პოეზიაშიც არ შევიჭრა. მთავარია, ერთ-ორ კვირაზე მეტ ხანს არ გაგრძელდეს ყველაფერი, ნაშრომს რომ დროზე მოვრჩე. ბრძოლის საბოლოო კულმინაცია და პოსტკულმინაციური ატმოსფერო, ემპირიული ანალიზის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ჩემს თეორიულ მონახაზს დაემთხვევა. ერთს მოვწევ. აქ გამოზოგილად უნდა მოვწიო. რა ვიცი, ტყეში თუ აქვთ საერთოდ სიგარეტი. თამბაქოს და დენთის კვამლი... თამბაქოს და დენთის ამაღელვებელი სურნელი ცვლილებებისა, რევოლუციური გარდაქმნის სიმბოლო, ცისკენ მიმავალი კვამლი, რომელიც ძველის განადგურებას და მის ახლით შეცვლას გვაუწყებს. ჰაჰ, სულ გავგიჟდები ასე ლოდინში. მხნეობა მოიკრიბე ნოამ. მალე მე-16 რესპუბლიკაში ყველაფერი ჩემი სცენარის მიხედვით განვითარდება. კიდევ ერთ ღერს მოვწევ. სჯობს კარავში შევიდე და დავწვე. აცივდა რაღაც. ნეტავ ამ ტყეში რა ცხოველები ცხოვრობენ. მგლები უეჭველი იქნებიან. ამ სროლებს თუ არ გაექცნენ. ან გადაყვნენ.

            ვიღაც მოდის. ზედვე ეტყობა პარტიზანია. ღორივითაა ტალახში ამოსვრილი. სისტემის შეცვლა სურს. რა იცი, შენ? რაა სისტემა?!

- ნოამ ბადი? - თან იარაღს მადებს. კი - ვპასუხობ. ჯიბიდან ჟურნალის ნაგლეჯს იღებს, ჩემს სტატიას, დართული ფოტოთი. რა ცუდ ადგილზე ამოუხევიათ. კარგად აკვირდება, მერე მე მიყურებს და ხელს მიწვდის. როგორც იქნა.

                                                         *  *  *

საღამოს აჯანყებულთა მთავარ ბანაკში ვიყავით. ერთ აყროლებულ შენობაში ოთახი მომცეს, რომელიც უზარმაზარი იყო, მაგრამ მაინც საშინლად ჩახუთული. ორი მოზრდილი რკინის კარადა იდგა, რომელშიც ტყვიებს და მჭიდებს ინახავდნენ. აჯანყებულებმა ბრძოლების დასაწყისში სამხედრო ბაზა აიღეს და ტყვია-წამლის უზარმაზარი მარაგი ჩაუვარდათ ხელში. ყველგან მჭიდები და სხვადასხვა კალიბრის ტყვიები იყო მიმოფანტული. ოთახის ცენტრში ხის ტახტი  იდგა. დაღლილი ვიყავი და ტანსაცმლიანად მივეგდე, მაგრამ ისეთი მყრალი სუნი მეცა ცხვირში, რომ ლამის გონება დავკარგე. ქვეშაგებელი ავყარე, ლეიბი კიდევ  უფრო მეტად ყარდა. გავათრიე კუთხეში და ფიცრებზე დავწექი, მაგრამ მყრალი სუნი ხეშიც ჩამჯდარიყო. ოთახიდან გამოვედი. ჩანთიდან ჰამაკი ამოვიღე და ტყეში ხეებზე გავაბი. საკმარისად კომფორტული აღმოჩნდა. მაშინვე ჩამეძინა.

                                                         *  *  *

დილით ხმაურმა გამაღვიძა. აჯანყებულები ფრონტის წინა ხაზზე მიდიოდნენ. უკვე მეათე დღე იყო ქალაქის სამხრეთიდან სამთავრობო ძალები მწყობრად მოიწევდნენ წინ. აჯანყებულები ნირწამხდარნი მომეჩვენნენ. ტალახიან ტანსაცმელში გახვეულები მომაკვდავებივით დაღოღავდნენ. გუშლი გამკრა, დღესვე თუ შემოვიდა სამთავრობო ნაწილები საველე სამუშაოს ნაწილსაც კი ვერ მოვასწრებ მეთქი. ჩემი გეგმის ხორცშესასხმელად სულ მცირე ორი დღე უნდა გაეძლოთ.ცოტა ხანში ტყეში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. იქვე კარავში დაწოლილი რამდენიმე დაჭრილი ჯარისკაცის გინება ისმოდა მხოლოდ.

ტყეში ერთი წყნარი ადგილი ვიპოვე და წერა დავიწყე. გაორმაგებული ენერგიით უნდა მეშრომა, რომ სამთავრობო ძალების გამარჯვებამდე კვლევის ნაწილი მაინც დამესრულებინა.

ვერც კი შევნიშნე მზე როგორ ჩავიდა, უცებ შეძახილების და ხარხარის, რამდენიმე წუთში კი სიმღერის ხმა გავიგონე.

აჯანყებულები ბანაკში დაბრუნდნენ. მარტივი მისახვედრი იყო, რომ იმ დღეს გაიმარჯვეს. მეთაური ჩემთან მოვიდა, მომეხვია და თავის კარავში ვახშამზე დამპატიჟა. სიამოვნებით დავთანხმდი. კიდევ რამდენიმე დღე მოვიგე კვლევისთვის. კარავში პატარა სუფრა იყო გაშლილი. მაგიდაზე მხოლოდ შემწვარი ხორცი და ღვინო ელაგა. აჯანყებულები ერთმანეთს არ აცდიდნენ ლაპარაკს. იმაზე დიდი გამარჯვება მოუპოვებიათ, ვიდრე ველოდი. სამთავრობო ძალების მოწინავე და უკანასკნელი მანქანები ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებით აუფეთქებიათ. შუაში გაჭედილ მანქანებს კი ფერდობიდან ესროდნენ. არცერთი აჯანყებული არ დაღუპულა, სამთავრო ძალების კოლონა კი მთლიანად განადგურდა. ჩამეცინა, მესამე სამყაროში მსგავსი ნაივური საბრძოლო ტაქტიკები 21-ე საუკუნეშიც მუშაობს. სამთავრობო ძალების ჯარისკაცებზე დავფიქრდი, საინტერესო იქნებოდა მათი ფსიქო-პორტრეტების შესწავლა, მაგრამ ბევრი აღარ მიფიქრია. როცა ერთ კვლევაზე ხარ კონცენტრირებული, თავისუფალ თემებზე ფიქრი დამწყები მეცნიერების სენია.

                                                         *  *  *

ერთ თვეზე მეტი გავიდა, რაც აქ ვარ. უნივერსიტეტიდან უკვე მაჩქარებენ, საველე სამუშაოებისთვის გამოყოფილი გრანტი და დრო გიმთავრდება და მეტს ვეღარ დაგიმატებთო. თან ეგ კიდევ არაფერი, წიგნის გამოსვლის დედლაინი ახლოვდება. ესენი კიდევ ყოველდღე იმის ნაცვლად რომ დამარცხდნენ, ახალ სტრატეგიულ ობიექტებს იკავებენ. ეს ხელისუფლება საერთოდ უტრაკოა. ვის სწამდა ამბოხების დასაწყისში რომ სამასამდე ამბოხებული ტროცკისტი, ანარქისტი და გაურკვეველი სუბიექტი ამდენ ხანს გაქაჩავდა?! ახლა კიდევ დღითიდღე ხალხი ემატებათ, ჭიანჭველებივით მოდიან. ცუდი არ იქნება მცირე დრო მათ ტრადიციულ კულტურას დავუთმო. ერთი-ორი სიტყვით ფოლკლორზეც ვთქვა. ჩემ თვალწინ იქმნება რაღაც ადგილობრივი ფოლკლორისა და საბრძოლო, საომარი სულისკვეთების როკენროლური სინთეზი. ცოტათი უცნაური და მელანქოლიური. თუმცა რომ ვუყურებ, ვატყობ როგორ უვლით ჟრუანტელი ტანში და თვალები ბრძოლის ჟინით ევსებათ. ცოტას თევზჭერაზეც ვისაუბრებ. ტბა და მდინარე რომ არ იყოს აქვე, ალბათ შიმშილით დავიხოცებოდით. ყოჩაღ, კარგად გაუთვლიათ ლოკაცია. ხელისუფლების ადგილას რომ ვიყო მდინარეს მოვწამლავდი. ეგრევე დედა ეტირებოდათ. აჯანყებულლების დიდი ნაწილი ყოფილი სამხედროები და პოლიციელები არიან. დანარჩენი ნაწილი ეკლეკტური მასისგან შედგება. სოფლის მეურნეობაში მომუშავე პირები, მათგან რამდენიმე ფერმერიცაა, ვინც კერძო ბანკების ვალებს ვერ აუვიდა. ერთი-ორი წვრილი მეწარმე, დაბალი რანგის ბიუროკრატი და ჩემდა გასაკვირად  ერთი საშუალო რგოლის მენეჯერი ტრანსნაციონალური კომპანიიდან. ეს რაღამ გააგიჟა. ჯერ არ ვიცი. არ მომეცა საშუალება კარგად გამოვლაპარაკებოდი. რაღაცაზე დაბოღმილები იქნება. ყველაზე სასაცილოები სტუდენტები არიან. მათგან თითქმის ნახევარი ქალია. ალბათ ოცამდე არიან. გუშინწინ დაიჭრა შვიდი სტუდენტი. სამი საერთოდ მოკვდა. ორ მათგანს ჩემი რამდენიმე სტატია წაკითხული ჰქონდა და ვიფიქრე დავეჩალიჩები მეთქი, მაგრამ ახლოს არ გამიკარეს. არც ისე ბებერი ვარ. როგორც სჩანს ამბოხებულებში ჰყავდათ თავიანთი რჩეულები. ან ჩემს სტატიებს დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენიათ. დღეს ხეებს ჭრიდნენ. ბანაკის ირგვლივ დამცავი ჯებირების გასამაგრებლად. ალბათ შეტევის მოლოდინი აქვთ. წინა ხაზზე ბრძოლებს კი იგებენ, მაგრამ უკან დახევა რომ მოუწიოთ თავს იზღვევენ. რამდენიმე სტუდენტმა თავი გაიგიჟა. ასე ველურად თუ დავჩეხავთ ამ ხეებს, ჩვენც იმათ დავემსგავსებით, ვის წინააღმდეგაც ვიბრძვითო. საბოლოოდ, იმაზე შეთანხმდნენ, რომ ზედმეტად არცერთ ხეს არ მოჭრიდნენ. თუმცა სტუდენტები მაინც უკმაყოფილოები იყვნენ. უკვე ეჭვი მეპარება ამ ვითარების ნამდვილობაში. ასე მგონია უხილავი ხელით გაწერილ სცენარში ვთამაშობ. ხომ შეიძლებოდა აქამდე სამთავრობო ჯარებს ბანაკი აეღოთ. კარგი, ტანკით აქ ვერ ამოდიან, გასაგებია, მაგრამ თვითმფრინავები ხომ არსებობს. ბოლო-ბოლო ქვეითი ჯარითაც, კარგად დაგეგმილი იერიშით ერთ დღეში აიღებენ აქაურობას. ან რაღაცები ზევით წყდება, ან სრულიად უუნარო ხელისუფლების იმედად ვარ. ამბობენ, მოსახლეობაში მხარდაჭერა აღარ აქვთ და რადიკალურ ნაბიჯებს მაგიტომ ერიდებიან, ჯარიც მთლად ბოლომდე არ ემორჩილებათო. რაღაც შიდა დაპირისპირებები ყოფილა. შეიძლება მესამე ძალაც მივიღოთ. სავარაუდოდ, განვითარებული მსოფლიოს ჰეგემონი ქვეყნები ამ მესამე ძალას გაუმაგრებენ ზურგს. რომელი მოსახლეობა დაუჭერს ამ იმბეცილ, ძალაუფლებაზე გადამკვდარ მთავრობას მხარს, თუ თავიანთი ძალა არ აჩვენეს ხალხს? ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება მართლა ამბოხებულებმა გაიმარჯვონ და რეალურად მივიღოთ ახალი რევოლუცია. არა, გულით ამათ მხარეს ვარ, მაგრამ გონებით განვსჯი უბრალოდ. ვის სჯერა ახლა, რომ ესენი რევოლუციას მოახდენენ და რაიმეს ფუნდამენტურად შეცვლიან. გამოცდილების თვალსაზრისით კი უდიდესი ღვაწლია მათი მხრიდან. მერე რა, რომ დამარცხდებიან. სამაგიეროდ მომავალ რევოლუციონერებს გამოადგებათ მათი მარცხის კრიტიკული გააზრება. გარდა ამისა, უკანასკნელი პერიოდის  ისტორიაში, რევოლუციური ემპირიზმის დეფიციტს შეავსებენ. იქნებ ოდესმე მართლაც მივიღოთ ნამდვილი რევოლუცია. ჰეგემონიური წესრიგის ნამდვილი გადაყირავება. ილუზიაა, ეს ყველაფერი. ვიღას სჯერა ამის? სულ რომ მთელი მესამე სამყარო გაერთიანდეს ვერაფერს გააწყობენ და რომც გააწყონ რას მივიღებთ მერე? ყოფილი იდეალისტის ტკბილი მოგონებები. ამათი მეთაური მოდის.

-          როგორ მიდის საქმეები? - მეკითხება მეთაური. ვუღიმი, კითხვას ვუბრუნებ.

-         ძალიან კარგად! ხელისუფლებამ ორიენტირები სულ დაკარგა. ჯარებზე კონტროლიც დღითიდღე უსუსტდებათ. ჯერ ღიად ჩვენ მხარეს არ გადმოდიან, მაგრამ როგორც სჩანს ბოლომდე არც იმათ ემორჩილებიან. ბოლო შეტაკების დროს ორ საათში უკან დაიხიეს. რამდენიმე ტყვე ჩვენ მხარეს გადმოვიდა.

-         ეს შეიძლება გამიზნული ოპერაციაა. იქნებ ჯაშუშები არიან. ეგ უკანდახევაც გათვლილი ექნებოდათ. - ვეუბნები. - მოულოდნელად რომ დაგვესხან თავს. თაგვესხან ვახსენე. გეგონება მეც ამათი ნაწილი ვიყო. რატომ ვეხმარები საერთოდ. მგონი საკუთარ თავთან მიჭირს იმის აღიარება რომ მათდამი სიმპატიები მიჩნდება.

-         მერწმუნე, არ არიან ჯაშუშები. თვალებზე ვატყობ ადამიანს ვინაა და რას აპირებს. როგორი კარგი სტრატეგია, თვალებზე ატყობს თურმე. აბა, მე რატომ არაფერს მატყობ? ალბათ სასტიკად აწამა. ისე საეჭვო, ირონიანარევი ღიმილით მიმზერს. თუ ეგ ტყვეები ჯაშუშები არ არიან, უბრალოდ შიშის და არა იდეის გამო გადმოვიდნენ თქვენ მხარეს.

-         ახლა ნებისმიერი მოკავშირე გამოგვადგება. მასეც რომ იყოს, ასეთები ცოტანი არიან. შენ რაც მოხვედი, მას მერე საქმე სულ უკეთესობისკენ მიდის. ერთ შეტაკებაშიც არ დავმარცხებულვართ. შენ თვითონაც კარგად გეხსომება, რომ მოხვედი მაშინ რამდენი ვიყავით და ახლა რამდენი ვართ. მაშინ ვიმალებოდით და ახლა უკვე აღარაფერი გვაქვს დასამალი. იმდენი ვართ, თავს რომ დაგვესხან ვერ მოგვიგებენ. თუმცა ნაადრევი ზეიმი არ ვარგა. შენი იმედი გვაქვს! შენ უნდა უთხრა მსოფლიოს რა ხდება აქ სინამდვილეში. არ იფიქრო, თითქოს ინფორმაციულ ომზე არაფერი გვსმენოდეს. სისხლიან ბრძოლაში გამარჯვება მნიშვნელოვანია, მაგრამ ინფორმაციულ ბრძოლაში უფრო მთავარია. ამას ყველა ჯერ ვერ ხვდება, მაგრამ არცაა აუცილებელი. ხელს მხარზე მითათუნებს და თავდაჯერებული ნაბიჯით ახალმოსულებისკენ მიდის. როგორ ეამაყება ასეთი მარტივი რაღაცები რომ იცის ინფორმაციულ საუკუნეში. თან ჰგონია ამით გამაკვირვებს, ელაპრაკე ახლა ამას ფუკოს ძალაუფლების კონცეფციაზე.

                                                     

*  *  *

იქნებ ნაადრევად დავნებდი. ნაადრევად ჩავეწერე არსებული წესებით მოთამაშეთა სიაში. ასე ხომ ადვილია ცხოვრება, ყოველ შემთხვევაში სოციალური და ფინანსური კაპიტალის დაგროვება. შინაგანი წინააღმდეგობა ცოტა ხანს კიდევ გამყვა, მაგრამ ბოლოს თავი იმით მოვიტყუე, რომ სისტემაში კი არ ჩავეწერე, მასთან დაპირისპირების ეფექტურობის ასამაღლებლად მოვიქეცი ასე. ახალგაზრდა რომ ვიყო, ხვალ მეც ავდგებოდი და მათთან ერთად გავიდოდი საბრძოლველად. მათ უკეთესი სამყარო სურთ.  მაგრამ ეს სამყარო არასდროს დადგება. ისინიც იმავე ნეხვს მოიტანენ, რა ნეხვშიც ახლა ცხოვრობენ. მაგრამ როგორი მიმზიდველია მათი ეს ლაღი, ჰაეროვანი და წმინდა თავისუფლება. მათი ლტოლვა. მე და ჩემი მეგობრებიც ხომ ასეთები ვიყავით ოდესღაც. თავს არ ვუჯერებ, პოეტივით ვსაუბრობ. ისეთი განცდა მაქვს რელიგიურ ადამიანს რომ ეუფლება მკრეხელური აზრების ამოტივტივებისას. სად გაქრა მეცნიერი მოაზროვნე? გამოჩნდი, თორემ პათეტიკის ამაღევლებელი განცდები დამტბორავს. მინდა იქ დაბრუნება, საიდანაც მოვედი? ვის ვატყუებ. რა მინდა იმ თავდაჯერებულ სიყალბესა და თავმომწონე ლაყბობაში. ნაადრევად დავნებდი. ბუნებრივიცაა. მარტო მე ხომ არა, თითქმის ყველას ასე ემართება. მხოლოდ გიჟები და რომანტიკოსები რჩებიან რადიკალურ და არაფრისმომცემ ანტაგონიზმში. ხვალ ავდგები და მეც ამათთან ერთად წავალ. ეგ რომ მეთაურს ვუთხრა დამცინებს. შენ მსოფლიოს უნდა გააგებინო ჩვენზეო.

      ზუსტად ასე მითხრა, შენ მსოფლიოს უნდა გააგებინო ჩვენზეო. ბოლოს ძლივს დავითანხმე, ოღონდ პირობა დამადებინა, ჩემს უკან იბრძოლებო. ეს ამბავი რომ ჩემმა ცოლმა და მეგობრებმა გაიგონ გაოგნდებიან. ერთი მათი სიფათები მანახა ამ დროს. ჩემი აკადემიკოსი ცოლი ალბათ იტყვის, სულ ვიცოდი რომ აფრენდაო. ვინ გამიგებს? ვერც ვერავინ. ვისაც შეეძლო გაეგოთ ისინი უკვე მკვდრები არიან. ცოტა მეტ ხანს რომ ეცოცხლათ, იქნებ რამე კარგიც დაეწერათ. იქნებ აქაც ჩამოსულიყვნენ და ჩვენი დაბერებული სხეულებით ერთად დაგვებრუნებინა ახალგაზრდობა. ჩემ კოლეგებს რომ ჰკითხო, იმდენი ჰობი აქვთ ყოველდღე იბრუნებენ ახალგაზრდობას. ჯანდაბას ნაწერებიც და კოლეგებიც! და მათი სიმულაკრებიც! ხვალ იარაღს ვიღებ ხელში და ბრძოლას ვიწყებ. სხვა თუ არაფერი, იარაღით ხელში დავიღუპები. კომენდანტე ნოამ ბადი საბრძოლველად მიდის. რაც არ უნდა ვისაუბრო გონების შესაძლებლობებზე, მაინც ჯერ კიდევ ძალზე ღრმადაა ეს ლტოლვა ჰეროიზმისკენ, მისი თავბრუდამხვევი ნეტარება. მისი გამანადგურებლად სასიამოვნო ჟრუანტელი. ან იქნებ დავბერდი და მაგიტომ ვარ ასე? ვიცი, რომ საინტერესო აღარაფერი მოხდება ჩემ ცხოვრებაში. რასაც შემეძლო და რაც მინდოდა ყველაფერს მივაღწიე. როგორ ცარიელ სიმრავლეებად მოჩანან ახლა ეს ადამიანური სისუსტეები, რეპუტაცია, წარმატებები, კოლეგები. რა სასაცილოა. ამდენი თუ ვიფიქრე მთელი ღამე ვერ დავიძინებ და ხვალ საბრძოლო ფორმაში ვერ ვიქნები. იქნებ ვინმე შემომაკვდეს. საშინელებაა. ადამიანებს კიარა ადამიანთა მჩაგვრელ ორგანიზმს ვებრძვით, რომელიც მუდმივი დაპირისპირებისა და გახლეჩვისთვის გვწირავს. გაწვიმდა. უნდა დავიძინო. ეს ვარსკვლავები მაინც რა ლამაზი და შორეულია. ქალაქის ცაზე არასდროსაა ამდენი ვარსკვლავი.

                                                         *  *  *

ნოამ ბადი ჰამაკში იწვა და ვარსკვლავებს უყურებდა. ფიქრობდა დილაზე, როცა აჯანყებულებთან ერთად საომრად წავიდოდა. იცოდა, რომ ბარიკადებზე მდგომს წამითაც არ შეეშინდებოდა სიკვდილის, რადგან მაინც აღარასოდეს დაბრუნდებოდა იმ სამყაროში, სადაც კაპიტალიზმის მიღმა არაფერია. წვიმა წამოვიდა. ნოამ ბადის წამწამები დაუსველდა. თვალები დახუჭა, ბრძოლის სცენები წარმოიდგინა. სიამოვნებისა და სიცივისგან ერთდროულად კანკალებდა. წამოჯდა და თავის სამხედრო ბათინკებზე გადაიტანა მზერა, რომელიც აჯანყებულებმა აჩუქეს. მისი ფეხსაცმელივით კომფორტული არ იყო, გალეული ძირების ქვეშ ნოტიო მიწას გრძნობდა. თასმები შეიხსნა და მთელი ძალით მოქაჩა. ეჩვენებიდა, რომ მისი ყველა ნერვი თავს იყრიდა ერთად და ამ თასმებით ბოლოვდებოდა. რაც ძალა და ღონე ჰქონდა კიდევ მოქაჩა და მაგრად შეიკრა. უკვე მზად არის, ნეტა მალე გათენდეს, რომ პირდაპირ ბრძოლაში ჩაებას.

 ჯერ ისევ ბნელოდა, ნოამ ბადი მიხვდა, რომ ბრძოლის წინა ღამის წვიმაში გატარება არასტრატეგიული იქნებოდა. წამოდგა, ჰამაკი ჩამოხსნა და თავისი ოთახისკენ გაიქცა. სიბნელეში თვალებს აცეცებდა, რომ ოთახში ჰამაკის გასაბმელი ადგილი ეპოვა. რკინის ორ დიდ კარადას მოკრა თვალი. ჰამაკი კარადის კუთხეებს გამოაბა.  ხელით მოსინჯა, საკმაოდ მაგარი მოეჩვენა და დაწვა.

ისევ ვერ იძინებდა. საშინლად აღგზნებული იყო, იგრძნო, რომ  ყლე გაუმაგრდა. ჩათვალა, რომ რაციონალური იქნებოდა, თუ მოზღვავებულ ენერგიას მასტურბაციით დააბალანსებდა და მშვიდად დაიძინებდა, რადგან ხვალ ადრე იყო ასადგომი. ხელი შარვალში შეიცურა და სწრაფი მოძრაობით დაიწყო ნძრევა. ჰამაკი აქანავდა. თოკები დაიჭიმა, იატაკი და კარადები ზანზარებდა. უცებ დაჭიმულმა თოკმა კარადა ისე დაქაჩა, რომ გადმოყირავდა, ნოამ ბადი იატაკზე დაენარცხა და თავზე კარადა დაეცა, თითქმის იმ წამსვე მეორე კარადაც ზემოდან მიჰყვა. ნოამ ბადიმ ყრუ ტკივილი იგრძნო. სახე ცხელმა სისხლმა აუწვა, ფეხები თბილმა სპერმამ გაუთბო.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული