• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

სტუმართმოყვარე ქართველი

×
ავტორის გვერდი ქრისტინე ბებია 06 მარტი, 2017 2332

          ღარიბ ქართველს ეწვია სტუმარი სახლში.

          _ ცოლო, გამოგვიტანე პურმარილი! არა ვჭამოთ სირცხვილი!

          _ კი, ბატონო! სტუმარი ღმერთმა დალოცოს!

          დაფაცურდა, დატრიალდა ცოლი, თუმცა კი, სახლში საჭმელი არ იდო. სტუმარი ღვთისა არისო, პატივცემულია და პატივში უნდა ვამყოფოთო, ვადიდოთ!

          ნეკნები ამოიღო და ერთმანეთს დააწყო. ძვლები ახახუნა და ცეცხლი დაანთო.

          ბარკლებიდან ხორცი აითალა. მწვადები დაბრაწა.

          სისხლი დაღვარა. მათრობელი წითელი სითხე კოკაში ჩაასხა.

          ძუძუდან რძე გამოიწველა და თასში ჩაღვარა. ნაწილი რძედ შეინახა. ნაწილი ქოთანში მაწვნად შეადედა. ნაწილი საყველედ დააყენა. სულგუნიც გადაზილა, გაწელ-გამოწელა.

          კბილები დაიმტვრია. ნახევარი მსხვილად დაფქვა, ღერღილად. ნახევარი წვრილად გაცრა, ფქვილად.

          სიმწრის ცრემლები წასკდა. ცრემლით ფქვილი მოზილა და მჭადები დააკრა.

          ღომი დააგო. სულგუნი ჩაარჭო.

          ღომს ყველი ჩააჭყლიტა. ელარჯი ამოზილა.

          სისხლს ფქვილი შეაზილა. სურნელოვანი ფელამუში გამოუვიდა.

          თმა დაიგლიჯა. თმის ღერებისგან ძაფი დაგრიხა. თავი გაიპო, ტვინი ამოიღო და ძაფზე აანცო. ჩურჩხელა ამოავლო.

          კუჭმაჭი რომ მოემზადებინა, გულ-ღვიძლი ამოიგლიჯა.

          ნაწლავები გამოიშიგნა და შიგნეულობით დატენა. კუპატი დაკიდა.

          აქით მსუქანი ქაბაბი. იქით ბევრნაოჭიანი ხინკალი.

          ყველი, პური, ხაჭაპური...

          რა არ გააკეთა, ნაირ-ნაირი კერძი _ ნოყიერი, გემრიელი, ერთი მეორეზე უკეთესი! თავი არ დაზოგა, სტუმარი რომ გაეშვა მადლიერი.

          სუფრა გაშალა. საჭმელები დაალაგა. ყველა კერძი დააგემოვნა სტუმარმა. თითები ჩაიკვნიტა. მანამ არასდროს მსგავსი არაფერი გაესინჯა. აღფრთოვანებულმა და დაპურებულ-დანაყრებულმა გულში თავის თავს უთხრა: ,,აი, სუფრა!  დიდებული! გამორჩეული! თითოეულ კერძს ეტყობა, რომ არის ნატურალური, ალალი გულით და სულით მომზადებული!’’

          ცოლმა თმები ბღუჯა-ბღუჯად დაიპუტა. ლეიბი და საბან-ბალიში დაბუმბლა. სტუმარს ღამე მშვიდობისა უსურვა.
          სტუმარს მშვიდად ეძინა, თითქოს ფაფუკ ღრუბლებზე იწვა და ცაში ეფრინა.

          ცოლმა ძვალი, ხორცი და ტყავი რძეში მოხარშა. მადასაღმძვრელი სუნი აუშვა ხაშმა. გამოღვიძებულ სტუმარს გამოუტანა და საუზმედ მიართვა.

          სტუმარს ოფლმა დაუწყო დენა. ნაბახუსევზე იგრძნო შვება.

          ქმარმა ცოლს დიასახლისობა უქო და სტუმარმა კიდევ უფრო.

          კმაყოფილი წავიდა სტუმარი. ადიდა უფალი.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული