• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მათი მარში

×
ავტორის გვერდი დიტო ხუფენია 07 მარტი, 2018 2263

დილის მონსტრები

ზიხარ ოთახში და საკუთარი ზურგის ტვინიდან,
ვით ყვავილიდან,
იგლიჯავ ნერვებს და მარჩიელობ:
ვუყვარვარ... არ ვუყვარვარ...
ვუყვარვარ...არ ვუყვარვარ...
ჩვენს ტუჩებს მუდამ იმის გემო აქვთ,
რასაც წარმოვთქვამთ.
შენ ამბობ - სიყვარული.
ტუჩებს ილოკავ და ენას გიწვავს 
ნიკოტინის და ყავის მიქსტურა.
კვლავ, გახვალ გარეთ და ხმაურიან ქუჩებში
დუმილს დაუწყებ გახმოვანებას.
მაღაზიის გამყიდველი გაგიღიმებს,
შენ კი მის ტუჩზე წამოგორებულ "დავიღალე"-ს მიაჩერდები.
და არაფერი შეიცვლება მანამდე,
სანამ საჭირო სიტყვებს, არ ამოქექავ
როგორც ღიმილებს, 
ძველი ფოტო-ალბომიდან.

 

მათი მარში

კვლავ, შტორმის მერე,

ყოველდღიური მოვალეობები გამორიყავენ

სადარბაზოების ნაპირებთან გაყინულ და ფერმკრთალ სხეულებს,

რომლებიც მარშში ჩაებმებიან შეკითხვით ხელში

და დაუკრავენ "სად?! სად?! სად?! სად?!"

(ისინი გამოცდილი სად-ისტები არიან).

მათ უკვე შესძლეს კანიბალიზმის რაციონალიზაცია

და შექმნეს სამუშაო ადგილები.

მათ უკვე შესძლეს ჰიბრიდული მრიცხველების დაყენება,

რომელიც გადასახადების გარდა, მთელი თვის მენიუს გვიჩვენებს.

მათ უკვე შესძლეს, რომ საქართველოს ცაზე  წითლად

ანთებულიყო "დიდი დათვის" თანავარსკვლავედი.

მათ უკვე შესძლეს, რომ კონსტიტუცია გამხდარიყო

მერყევი, როგორც ვალუტა,

ხოლო ვალუტა მერყევი, როგორც კონსტიტუცია.

მათ უკვე შესძლეს ენტების არსებობის დადასტურება.

მათ უკვე შესძლეს ჭაღარა და ციროზიანი სტუდენტების აღზრდა.

და ისინი არ გაჩერდებიან.

მათი მარში უწყვეტია და ყოვლის მომცველი.

ისინი უკრავენ:

"სად?! სად?! სად?! სად?!"

და შენ დროა, რომ პასუხი გასცე!

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული