• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

სადედოფლო კაბა მეცვა

×
ავტორის გვერდი ანდრო დადიანი 06 მარტი, 2018 4475

***

სადედოფლო კაბა მეცვა,

მივრბოდით,

დანას ვურტყამდით ჩემს თავს,

უკან გამოვრბოდით,

კედელს ვეჯახებოდით,

და მერე ისევ მისკენ მივრბოდით,

ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ვინ მეტჯერ მოასწრებდა

სიკვდილამდე დედოფალზე დანის ჩარტყმას,

ვქოშინებდით,

გულამოვარდნილებს სისხლზე ნაბიჯები გვიცურავდა,

ყურებს გვიხვრეტდა პატარძლის ტირილი,

ვითვლიდით დარტყმებს და,

არაფრით არ ვაპირებდით გაჩერებას.

-         -

მორივით გვეგდო სისხლიანი საპატარძლო კაბით ჩემი თავი წინ და

თვალებით ერთმანეთის გასისხლულ ფეხსაცმელებს მივედუღეთ.

 

-         -       -

 

ყოველ დილით ამწე მოდის რახრახით

მზეს კიდებს ფანჯრის წინ და მიდის.

ელექტროდამცველის ჩამრთველს თითს ვაჭერ,

რამდენიმე წამს წრიპინებს,

წითელს,

ყვითელს, 

მწვანეს ანთებს

და სიცოცხლით გვივსებს სახლს.

აბაზანაში წყლის ავზი ღუღუნებს,

ლორიანი პურის მოლოდინში პირდაფჩენილი, გახურებული ტოსტერი ტკაცანებს,

ელექტრო მადუღარა ყავიან ფინჯანში ქშუტუნით აქაფებულ რძეს ასხამს

და რადიო მიმღები ბერლინის ტერაქტზე იუწყება;

კამიკაძემ თავი აიფეთქა,

80 ადამიანია დაღუპული და 40 დაშავებულიო,

თუ პირიქით.

ტელევიზორშიც ალბათ იგივე.

შენ კი გძინავს ძვლებში სიმშვიდეგამჯდარს

და ელი დაგიძახებს შენი დასაქოქი მეუღლე

რომ ყველაფერი მზადაა.

დიახ, დიახ!

ყველაფერი მზადაა, ძვირფასო ჩემო!

ყველაფერი!!

როგორც ყოველთვის, ბზრიალებს შენი მეუღლე

ჩიკორივით აქ, ერთ წერტილზე

და ელის, როდის მოწყდება თავი

შენი სურვილების მანქანას.

ტრიალებს,

ბრუნავს,

თავბრუ ეხვევა,

გულზიდვა აქვს

და საკუთარ ნარწყევში ფეხი ერთხელ არ დაუსრიალდა,

რომ ჩაძაღლდეს.

ბანანზე ფეხაცურებულები ხომ კვდებიან ხოლმე?!

ჰოდა მე რად არ ავსრიალდი და ავპირქვავდი ჩემს გადმორწყეულ შიგანზე ერთხელ მაინც?

რად არ ამომევსო თვალები საკუთარი თავიდან ამოფრქვეული ცხელი ლავით,

რომელსაც არც სიცოცხლე ეღირსა და არც სიკვდილი არასოდეს??.

-         -         -

წუხანდელი სიზმარივით მივდივარ წინ,

 კედლს ვასკდები,

ვბრუნდები უკან და იმავე მოძრაობას ვასრულებ...

ასე ტანგაბუჟებული მთელი დღე...

მთელი ცხოვრება...

33 წლის წინ შვილად მოქოქილი სათამაშო,

მერე ძმად, მეგობრად,

ახლა ქმრად მოქოქილი მე.

დავძრწი წინ და უკან,

კედლებს ვაწყდები იმის მოლოდინით,

რომ მოგწყინდები ამჯერად შენი სათამაშო

და შენ მაინც დამამსხვრევ.

ან...

ან...

ან...

-         -         -

ან შენ მაინც რად დამივიწყე უფალო?!

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული