• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

კანფეტი

×
ავტორის გვერდი ოთარ ჯირკვალიშვილი 06 მარტი, 2018 4553

 

(„ჩემო საქართველოვ, მართლმადიდებელო!“)

 

შესავალი

*********

 

ქართველი ფილოსოფოსებისთვის გადაულახავ სუბსტანციას, მაგიდას, მივუჯექი და კალამი მოვიმარჯვე. ვგრძნობ, სულ ფეხებზე მკიდია დაკარგვადი პერსონაჟების გადარჩენა! არც ის მაინტერესებს, ვინ როგორ და რითი იტანჯება; რა სულიერ კრიზისს განიცდის, რადგან წერო იმაზე, რაც არ გადაგხდენია, ამორალურია! მე კი მორალიც ფეხებზე მკიდია, ამიტომ დავაზუსტებ - არაგონივრული. და, გონებაც რომ ფეხებზე მკიდია?

            კარგი, ფეხებზე დავიწყებ წერას; მათზე ხომ ყველაფერი მკიდია, თან გზა და გზა იმ საგნებსაც შევეხები, რომლებმაც ფეხები დამიმძიმა.

            მაგალითად, „გზა“! უკვე საშინლად მაღიზიანებს: „მე ვარ გზა...“ ან „წიგნი გზისა...“; გასაგებია, რომ გზა ხარ, მაგრამ მე ვინ ჩემი ფეხები ვარ, შენზე რომ ვიარო?! იცი, შენც დაგამძიმებ და მეც დავიღლები. ამის მიუხედავად, ჩამჩიჩინებ, მიმითითებ: „აჰა, გზა, იარე მასზე, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევ“, მანდ რამე ნიშანი უნდა დაგეკიდა, რომელზეც ეწერებოდა: „მთავარი გზა!“, დაახლოებით ისეთი, პილატემ ჯვარზე თავსზემოთ რომ მიაჭედა... და გავივლიდი, ვივლიდი, ვივლიდი, მომშივდებოდა (მაინც ავცდი ფეხებს!) და გზაზე ხე აღმოცენდებოდა წარწერით - „ხარ!“, გზას გადამიკეტავდა, მომიწევდა მარჯვნივ ან მარცხნივ გადახვევა. ერთ მხარეს მომაჩეჩებდნენ წიგნს - „დაო დე ძინ“, მეორე მხარეს ნისლში გახვეულ შენობას დავინახავდი კართან შესამჩნევი ინკრუსტაციით - „შეიცან თავი შენი“, მერე დამიწყებდი ჩხუბს - შენ ასცდი გზას, ჭეშმარიტებას და სიცოცხლეს, სასწრაფოდ უკან, ცენტრალურ გზას დაუბრუნდიო!

            მე, მე ვეღარ გაგნებ... ჰო, დამიჯერე ვეღარ ვაგნებ, გზაზე ნიშნები არ არის, ინტუიციის იმედზე კი ვერ იქნები. შენ იცი, გზებზე ინტუიცია არ მუშაობს, არც რწმენა, არც გონება... მოკლედ, გზებზე ფეხებს ზემოთ არაფერი მუშაობს! ფეხები კი დამეღალა, ამიტომ გავწვები ახლა აქ და პრინციპულად ნაბიჯს აღარ გადავდგამ, იმ რუსი ათეისტის არ იყოს, დოსტოევსკის რომანში რომაა...

            აი, გავწექი, მორჩა, ამდგომი აღარა ვარ! გეცინება? მარადიულობით ცდილობ ჩემ დათრგუნვას?! დიდხანს ასე ვერ გავძლებ? ვიცი, უსასრულობასა და არარას, ყველაფერსა და არაფერს შორის ვარ გამოკიდებული და ეს წამომახტუნებს? შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ ახლა ფეხის მომცვლელი არა ვარ! რა? მოწყენილობა შემიპყრობს? მაგასაც ვნახავთ! კარგი, მაცალე ახლა... შენ რა, მეხსიერება წამართვი? ეს უსამართლობაა! თუ სამ გზას გვთავაზობ, მეხსიერებას არ უნდა შეეხო. ოჰოო, როგორც ჩანს გაჭრა არგუმენტმა...

            რამ დამღუპა? ღმერთო ჩემო, რამ დამღუპა?! გამახსენე, რამ მიმიყვანა აქამდე!

            ჰო, ჰო, ჰო... აჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა... რა დიდებული რამეა სიცილი! სიცილი, დამთქნარება და დაცემინება - სამი დაუმსახურებელი პატარა, სრულყოფილი სიამოვნება (თომას მანი). თუმცა ამათში სიცილი პირველია! - რად ღირს არისტოტელეს მიერ სასაცილოდ აგდებული კაცობრიობა, ხოლო ქრისტემ ისე გამოგვისყიდა, ერთხელაც არ გაუცინია, ჩვენ კი ვიცინით, ვიცინით დაუსრულებლად და ვერ ვხვდებით, რომ ამ დროს სრულყოფილად გავცემთ საკუთარი ხასიათის უწვრილმანეს ნიუანსებსაც კი...

            აჰა, ჰა, ჰა, მაგრად მეცინება, თან მრცხვენია. არა, რა უბრალო რამემ მომიყვანა აქამდე. გამახსენდა!

            5 წლის ვარ. ჩემს სოფელში კლდის პირზე, ხორბლის ყანების წინ, დიდ თეთრ მაღაზიასთან მარტო ვთამაშობ. ვთამაშობ ბურთით, რომელიც ზოგჯერ ყანაში გადამივარდება, გადავალ, ბურთს ვიღებ და ბურთით ხელში ყანაში ზუსტად იმ ადგილზე ვდგები, საიდანაც ნაირნაირი კანფეტების ვიტრინა ჩანს. ასე მწუხარედ ვდგავარ დიდხანს, რადგან ძალიან, ძალიან მინდა კანფეტი... შემდეგ გადმოვევლები ღობეს და ვაგრძელებ თამაშს. უცებ ვხედავ ჩვენი ნათესავი გოგი ბაბუა მოდის ჩემკენ, უზომოდ გამიხარდა... ჩვენი გონიერი, მოსიყვარულე, კეთილი გოგი ბაბუა. მკოცნის და მეკითხება: „ჩემო პატარა ბიჭო, რამე ხომ არ გინდა, ცოტა აფორიექებული ჩანხარ“. ღმერთო, რა ბედნიერებაა, რა უცბად მიხვდა... ჩემი საყვარელი ვარდისფერი კანფეტი, რომელიც ემპირიულად (ეს სიტყვა მაშინ არ ვიცოდი) ვიცი, რომ მაღაზიაში იყიდება. „კი, გოგი ბაბუ, კანფეტი მინდა, აი, იმ მაღაზიაში იყიდება - თითი დიდი თეთრი მაღაზიისკენ გავიშვირე - ვარდისუნიანი კანფეტი, რომელიც ძალიან მიყვარს“, თან მიხარია, იმდენად მიხარია დარცხვენის სიწითლე მთლიანად გამიქრა ლოყებიდან (ვიცი, ასე მოხდა). და მოულოდნელად რას ვხედავ, ყოველთვის მხიარულმა გოგი ბაბუამ სერიოზული სახე მიიღო და მითხრა: „ვიცი, რომ ჭკვიანი ბავშვი ხარ, ერთი რაღაც მინდა გკითხო: როგორ ფიქრობ, ადამიანები სიკეთეს მალე რატომ ივიწყებენ? რატომ არ აფასებენ მას?“ ძალიან დავიბენი, გავფითრდი, მთელი სხეულით ავკანკალდი... - „არ ვიცი, გოგი ბაბუ“. „ჰოდა, შვილო, ახლავე მინდა ისწავლო და იფიქრო ამაზე, მე შენ კანფეტი რომ გიყიდო, შეჭმიდან რამდენიმე საათში დაგავიწყდება, ახლა კი არ გიყიდი და ეს მთელი ცხოვრება გემახსოვრება“. ეს თქვა და სწრაფი ნაბიჯებით გამშორდა. მე უკან ვერ მივიხედე, თეთრი ქანდაკებასავით ვიდექი და ვთრთოდი ადგილზე... ვიდექი, ვიდექი, ვიდექი, დაუსრულებლად ვიდექი, ვიდრე საღამოს ჩემი ოჯახის წევრებმა არ მომაგნეს და სახლში არ წამიღეს.

            მოგვიანებით გავაცნობიერე - და ჩემი ცხოვრების ამ ეპიზოდსაც სწორედ ასე ვუწოდე - „სიბრძნის სისასტიკე“, ამიტომ მეჯავრება დღემდე ბრძენი ადამიანები.

            ახლაც ისე ვწევარ, როგორც მაშინ ვიდექი, ფეხის მომცვლელი არა ვარ! თუ ეგრე ძალიან გინდა, წამომაყენე და წამიყვანე.

            როგორია, იმის შემდეგ კანფეტი კი არა, ტკბილი აღარაფერი ჩამიდია პირში. ამას მოჰყვა უშაქრო დიაბეტი, გულსისხლძარღვთა დაზიანება, მხედველობის დაქვეითება და. ა. შ.  ესე იგი, ახლა რომ აქ ვარ... ხომ ხვდები? თუმცა, ერთი რამ უნდა ვაღიარო - რომ ეყიდა, მეორე დღეს დამავიწყდებოდა, არ მიყიდა და სიკვდილის მერეც მახსოვს!

 

                                                                            *********

 

            რაკი კითხვას აგრძელებ, გონიერი ადამიანი ჩანხარ, ამიტომ ვიცი, გაგეცინა ფრაზაზე: “სიკვდილის მერეც მახსოვსო“. გეთანხმები, არავითარი სიკვდილის შემდეგ! სინამდვილეში ვიგულისხმე უბრალო და ყველასთვის გასაგები „მარადიული მოძრაობა სულისა“, რომელიც აიძულებს სიგიჟის ზღვარს მიახლოებულ ადამიანს, ტახტზე ეგდოს, ნელ-ნელა ხმებოდეს და ბევრს ფიქრობდეს. ჰო, ჩემსავით, ჩემსავით... უკვე საუკუნეა, აქ ვგდივარ, ფეხს არ ვიცვლი - ვიღაცას კი ეგონა, წამოვხტებოდი და კუნტრუშ-კუნტრუშით გავუდგებოდი გზას, რომელზეც არც ნიშნებია, არც სიმბოლოები, უბრალოდ აბსტრაქტულად როდესღაც ითქვა: „ის“ არის გზა, შესაძლოა ჭეშმარიტება და სიცოცხლეც!.. მგონი, საკმაოდ თვითმყობადი არსება გამოვდექი, მდიდარი ბუნების. არ ეგონა... ჰოდა, საუკუნეა, უკვე აღარ შემომხმიანებია, ალბათ, შორიდან მაკვირდება, როგორც სჩვევია, ან გადავავიწყდი - გავექცევი სადმე თუ რა. ვერც იმაზე მიედავება ვინმე, რაღაცები შენც გავიწყდებაო, თუ მაინც გაუბედავს, აუცილებლად გამტყუნდება არასაკმარისი მტკიცებულებების გამო და მერე, ვაი, იმის დღეს!.. როგორც ვოლტერს დაემართა - ეგონა, აღარ ახსოვდა მისი გამონათქვამი - ღმერთი რომ არ არსებულიყო, ის ჩვენ უნდა გამოგვეგონებინაო; ძვირად დაუჯდა ამ დეისტ განმანათლებელს ეს გახუმრება, გამოგონილ სამყაროში მოათავსეს ისე, როგორც ვიღაც ფოტოგრაფმა ამ რამდენიმე წლის წინ შარდში მოათავსა ჯვარცმა, სურათი გადაუღო და უწოდა „Piss Christ“. მთელი რელიგიური სამყარო აღშფოთდა, როგორც ერთ დროს ვოლტერის გამონათქვამზე... და უთხრეს, ეს ყველაზე კარგი სამყაროა, ყველა შესაძლო სამყაროთა შორის, რადგან აქ შენვე ხარ საკუთარი თავის ღმერთიო. საუკუნეებია უკვე, ვერ გაარკვია წყალი მართლა სწყურია თუ არა, ვერც ის, ონკანიდან რომ მოდის, წყალია თუ არა. რამდენჯერმე თალესი წამოეხმარა, მაგრამ ამაოდ... ის, თავის მხრივ, იმის გარკვევაშია: ონკანიდან რომ წყალი მოდის, ადამიანის ორგანიზმში ფერს და ქიმიურ შემადგენლობას რატომ იცვლის? განა შეიძლება სუბსტანციამ თვისებები შეიცვალოს? ან ვის უნდა მოეფსა ამდენი ასე გაფილტრული წყალი, სამყაროს მრავალფეროვნება წარმოეშვა მყარი საგნებიანად? ერთად არიან ეს ორი უბედური გაურკვეველი შემადგენლობის ძლივსგამჭვირვალე ბლანტი სითხით სავსე კოლბაში და ასეთი „დაკვირვებებით“ გაჰყავთ დრო, დაკვირვებებით, რომლებსაც მე „სიზიფეს ექსპერიმენტები“ დავარქვი. ზოგჯერ სპეკულატორულ განსჯასაც მიმართავენ მათი ამგვარი მდგომარეობის გასამართლებლად, რას ვიზამთ, ადამიანი შემგუებელი არსებაა... არადა, რა იცის საცოდავმა თალესმა, რომ კოსმოსიდან დედამიწაზე შემოჭრილი ასტეროიდები სწორედ წყალს შეიცავს დიდი რაოდენობით... ვინ გააგებინებს მას ამას?! ან რაში სჭირდება?! ამას მართლა სჯობს, სიგიჟის ზღვარს მიახლოებული ტახტზე ეგდო, ნელ-ნელა ხმებოდე და ბევრს ფიქრობდე პოეტური ლიცენციის თავისებურებებზე, შენს მდიდარ ბუნებაზე, რომელთან თანაფარდობაშიც სიცოცხლე აშკარად მოიკოჭლებს, რაც გაიძულებს, გამოიგონო ასეთი პოეტურ-მკრეხელური ფრაზები: „მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე“, „მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი“ და ა. შ. ყურში კოღო ჩაგწუოდეს ან „დების სიმღერასავით“ ჩაგესმოდეს: „სადღაც სიშორეში, როგორ კვნესის როიალი...“ თან შიშისგან თავისუფალი, „დღიურ ფიქრისგან მოსვენებული“ სახლში შემოსასვლელ კარს აკვირდებოდე, რომლის სახელურზეც მიმხმარია შენი სპერმის წვეთები, რაც სიმბოლოა შურისძიების ეფემერულ, ექსტაზურ, ილუზორულ-ტრანსცენდენტურ სამყაროში გასასვლელი დაგმანული კარის მიმართ!.. და ამ ფიქრებში კარის სახელურმა მოძრაობა დაიწყო, ჯერ ქვევით ჩამოიწია, მერე ზევით, მერე ისევ ქვევით... ალბათ, მელანდება, არავის გავხსენებივარ, საუკუნეა, დავიჯერო, თავად ღმერთი მესტუმრა? ოდნავ შეღებული კარის ნაპრალიდან ხმა შემოესმა, ადრე სხვანაირი, ახლა შეცვლილი, მაგრამ ცვლილება არ უშლის ხელს მიხვედრას!.. ნაცნობმა ხმამ გამოსცა ცნობილი წინადადება: „სახლში ხარ, ძამიკო?“ მიუახლოვდა - „რა ხანია აღარ გამოჩენილხარ, აბა, რა მოგივიდა, ძამიკო?“ შემომსვლელს კარი ნახევრად ღია დარჩა, ასე შემოიტანა თავისი მძიმე სხეული და ასთენიკური ჰაბიტუსის ავადმყოფს კუბოსავით მაგარ ტახტზე ფერხთით ჩამოუჯდა. მართლა ღმერთს გავხსენებივარ, გაიფიქრა მასპინძელმა.

          - შენი ლექსი ამეკვიატა, ძამიკო. ეს დღეები სულ ეს სტრიქონები მიტრიალებს თავში: „და მამაჩემი ბედნიერია, და მამაჩემი ფრიდრიხ ნიცშეა“. თან მეცინება, ნიცშეს შვილი არ ჰყავდა და მამაშენი რანაირად იყო?

          - არ მომწონს შენი ცინიკური ტონი, - ძლივსგასაგონად თქვა პოეტმა, - მგონი, არც ვერლენი ყოფილა მამაშენი... იმან ცოლ-შვილი არტურ რემბოს საყვარლობაში გაცვალა, დიდი გარყვნილი ვინმე იყო.

          - ჰი, ჰი, ჰი, მართალი ხარ, ძამიკო, მართალი, მაგრამ მე სხვა რამ ვიგულისხმე!.. აი, ჩვენ მაგარ ლექსებს ვწერთ, შენი MEMENTO MORI ეხლაც ზეპირად მახსოვს, ნიცშე გენიალურ შრომებს წერდა, ჩვენი ილია ბრწყინვალე პუბლიცისტიკას; თუმცა, არც ნიცშეს, არც ილიას, არც მე და არც შენ შვილები არ გვყავს, ჰი, ჰი...

          - ეხლა შენ თუ ისე მოსულხარ ჩემთან, როგორც დიდი პოეტი პატარა პოეტთან, ჯობია, ადგე და წახვიდე!

          - არა, ძამიკო, არა, შენ ჩემზე დიდი პოეტი ხარ! შენ იცი, ბავშვები ძალიან მიყვარს, ლექსების ციკლიც დავწერე მათზე... უბრალოდ, მაინტერესებდა, რამ შთაგაგონა ის, რომ მამაშენი ფრიდრიხ ნიცშეა? რამე კავშირში ხომ არ არის გენია და უშვილობა? ჰი, ჰი, ჰი, ისე, ბევრ გენიოსს ჰყავდა შვილები, მაგრამ მაინც რაღაც კავშირში უნდა იყოს ეს ამბები ერთმანეთთან, თორემ ბოზებს ხომ არ მივუძღვნიდი ლექსს „დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ...“

          - ვერ ვხვდები შენი ცინიზმის მიზანს! - მკაცრ ტონში თქვა ავადმყოფმა, ამოიოხრა და ისე რომ სტუმრისთვის აღარც შეუხედავს, კედლისკენ მარჯვნივ გადაბრუნდა.

          - კარგი ძამიკო, წავალ ეხლა მე, დავმშვიდდი, ცოცხალი რომ დაგინახე.

          სტუმარი წამოდგა, ისე რომ უკან აღარ მოუხედავს, მძიმე ნაბიჯებით ღია კარისკენ გაემართა, ხელი კარის შიდა სახელურს ჩაავლო და ძლიერად გაიჯახუნა, შემდეგ ცხვირსახოცი ამოიღო და მთელი გზა ღრმა ფიქრებში წასული ხელებს იწმენდდა... ეჰ, ტერენტი, ტერენტი, მდოგვის მარცვალივით გაბნეული... თუუუმცა, კარგი პოეტი ხარ, პოეზიით ცხოვრობ, გინდა პოეზიაში გაიწაფო, მე მაჯობო, სწორედ აქ უშვებ შეცდომას, ხელოვნებაში მთავარი ღვთაებრივი დილეტანტიზმია, ვაგნერისეული - მუსიკაში, ვაჟასეული - პოეზიაში და ნიცშესეული - ფილოსოფიაში. მოკლედ, კარგი გამტარი უნდა იყო, ხელოვნური ჩარევებით სულის მოძრაობა არ უნდა შეაფერხო, ხელოვანისგან არაფერს „ითხოვენ“, გარდა იმისა, რომ იყოს „გენიალური დილეტანტი“! პროფესიონალი ხელოვანი არც არსებულა და ვერც იარსებებს. პროფესიულად, უფრო სწორად მეცნიერულად, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, შვილი რატომ ვერ გავაკეთეთ მე, შენ, ნიცშემ და ილიამ... ჰი, ჰი, ჰი, ჰი... არადა, როგორ მიყვარს ბავშვები, როგორ უხარიათ ჩემი დანახვა, დღე არ გავა, კანფეტები არ ჩამოვურიგო...

                                                                           

                                                                            1

            ძველად იერუსალიმში, სილოამის საბანელში, წელიწადში ერთხელ უფლის ანგელოსი ჩამოდიოდა, წყალს აამღვრევდა, ეს იყო ნიშანი წლიდან წლამდე მომლოდინე უშვილოთათვის, აუზში ჩასულიყვნენ - ამ გზით შეიძლებოდა შვილოსნობა დაბრუნებოდათ. ძველ ისრაელში, ისევე როგორც თანამედროვე საქართველოში, უშვილობა ოჯახებისთვის დიდ სირცხვილად ითვლებოდა, გავიხსენოთ ბიბლიური პერსონაჟები, ვისაც ეს პრობლემა დიდ ტკივილს აყენებდა: სარა, რებეკა, ხანა, ესთერი. აქედან, როგორც ბიბლია გვეუბნება, სარას, რებეკასა და ხანას მოგვიანებით შეეძინათ შვილები, ესთერს კი - არა. განსაკუთრებით გამოვყოფდი ხანას შემთხვევას, რომელიც აჩვენებს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ იმდროინდელ სასულიერო პირებს ასეთი ქალების მიმართ. ხანა ტაძარში მოსთქვამდა, ღმერთს ევედრებოდა გაეხსნა მისთვის საშვილოსნო, სასულიერო პირს კი მთვრალი ეგონა და ერთი კარგად გამოლანძღა. ჯერ ისედაც იმდროინდელი მღვდლები, სადუკევლები, ფარისევლები უბრალო ადამიანებს დამამცირებლად მიწის ხალხს (ამჰა ა რეც) ეძახდნენ, წარმოიდგინეთ, როგორი დამოკიდებულება ექნებოდათ სოციალურად არასრულფასოვან ადამიანთან. მაშინდელი სასულიერო პირების მსგავსად (ესენი ხომ ყველა ეპოქაში ინკუბატორის წიწილებივით გვანან ერთმანეთს) ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაც სარგებლობს მრევლში ასეთი სასოწარკვეთილი ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობით და, ვითომ რწმენის განსამტკიცებლად, ასეთ ოჯახებზე ღვთის მიერ თავს დატეხილი განსაცდელის შესამსუბუქებლად სთავაზობს ხატებზე გამოსახული სხვადასხვა „სასწაულმოქმედი“ წმინდანების დახმარებას. თუ მოხდა შემთხვევით და მრავალი წლის მოლოდინის შემდეგ ერთ ოჯახს მაინც შეეძინა შვილი, ამ შემთხვევას ხელზე დაიხვევენ, გააზვიადებენ, ათასნაირად გადააკეთებენ, ბუზს სპილოდ გადააქცევენ და ხალხს უფრო განამტკიცებენ სიცრუეში, ვითომ სასწაული მოხდა და, აი, ხომ ხედავთ, შეუცნობელ არიან გზანი უფლისანიო, თუმცა, როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში, ასე არ ხდება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ თვითშთაგონებას დიდი ძალა აქვს, მას მაინც არ შეუძლია, ქალს დახშული საშვილოსნო გაუხსნას, კაცს კი მკვდარი სპერმატოზოიდები გაუცოცხლოს და გაუაქტიუროს. რა ქნან ჩვენმა თავსაფარწაკრულმა, დათრგუნულმა, დღედაღამ მლოცველმა ქალებმა, რომლებიც ძალიან განიცდიან, დღენიადაგ სტრესში არიან სოციალური წნეხის გამო.

                                                                    2

            ...და, აი, 1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის, კანონიზაცია მოინდომა. სპეციალურმა საეკლესიო კომისიამ გამოიკვლია მისი პიროვნების ზნეობრივი, რელიგიური მხარეები და დაადგინა მისი სასწაულმოქმედების უნარი, ყოველივე ეს საფუძველი გახდა მისი წმინდანად შერაცხვისა, და ეწოდა წმინდა ილია მართალი... ამ მოვლენაზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე ბევრი ითქვა და დაიწერა. მაგალითად, ერთმა ნონკონფორმისტმა ინტელექტუალმა დაწრა, ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვა ეს იყო დაუშვებელი! ერთადერთი პრაგმატული მისაბაძი ადამიანი გვყავდა ზარმაც ქართველებს და ისიც ეკლესიამ მიითვისაო. ნაცვლად იმისა, რომ ვბაძავდეთ, ახლა ყრუებივით მისი ხატის წინ უნდა დავიჩოქოთ და სისულელეები ვთხოვოთო, ეკლესია ყველანაირად ხელს უწყობს ერში მცონარობისა და უსაქმურობის გავრცელებასო. ეს კაცი სულ სხვა მიზნებისთვის და საქმეებისთვის იღწვოდა, გვაფხიზლებდა „ბედნიერი ერიც“ კი დაგვიწერა და ახლა თავად აქციეს იმის ტყვედ, რასაც სიცოცხლეში ებრძოდაო! ამ აზრების წინააღმდეგ მთელი საზოგადოება დაირაზმა - შენ რა დაგავიწყდა მისი სამება: ენა, მამული, სარწმუნოებაო! ამ თავზეხელაღებულმა ინტელექტუალმა არ დაუთმო: ეგ 23 წლის ყმაწვილმა თქვა, თან ეგრე კი არა, ასე - მამული, ენა, სარწმუნოებაო; სარწმუნოებას მაშინაც ბოლო ადგილზე აყენებდა მაგ სამში და მერე ხომ ათასჯერ შეეცვალა შეხედულება, ამას ადასტურებს მისი ანტირელიგიური, გამოკვეთილად ლიბერალურ-სეკულარული ტიპის პოემა „განდეგილიო“ (იქვე უთითებდა რამოდენიმე პუბლიცისტურ წერილსაც). ეს იყო ამ ინტელექტუალის ბოლო გაბრძოლება, მერე სად გაქრა და რატომ დადუმდა ალბათ ღმერთმა და იმ რამდენიმე ადამიანმა იცის, რომლებიც მოგვიანებით ერის ერთსულევნებას და სრული კონსესუსის აუცილებლობას გვიქადაგებდნენ. მოკლედ, რაზე აღარ დავობდნენ მაშინ, თუმცა ყველას გამორჩა მხედველობიდან ერთი ფრიად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მე მინდა გესაუბროთ. ის იყო 1987 წელს ილია ჭავჭავაძე სასწაულმოქმედ ილიად გადაიქცა, რომ მრევლის უშვილო ქალთა გუნდში იფეთქა იმედმა! იფეთქაო კი ვთქვი, თუმცა ეს იმედი, როგორც ამგვარ სიტუაციას შეეფერება, რაღაცნაირად მაინც მდუმარე იყო, მასზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა, მაგრამ შეიმჩნეოდა, იგრძნობოდა, როგორც სარას ჩუმად ჩაცინება ანგელოზთა უწყებაზე - შვილი გეყოლებაო; ეს ჩაცინება შეუმჩნეველი არ დარჩენილა!

 

                                                                    

 

                                                                       3

            მოკლედ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველაფერი მდორედ და ერთფეროვნად მიედინებოდა, ვიდრე მართლმადიდებელ უშვილო ქალთა გუნდიდან (ამის შემდეგ შემოკლებით მუქგ ვუწოდოთ) გაბედულმა ქალბატონმა გადამწყვეტი ნაბიჯი არ გადადგა და მეუღლეს არ ესტუმრა წინადადებით: „აგერ უკვე 3 წელია, შვილი არა გვყავს, ექიმებმა ისეთი დიაგნოზი დამისვეს, სავარაუდოდ არც არასდროს გვეყოლება; ჩვენი ილია ჭავჭავაძე სასწაულმოქმედი გამოდგა, წამო, კაცო, ერთად მივიდეთ და ვთხოვოთ ამ წმინდანს დახმარება“. ქმარმა, ვერ წამოვალ, მე წმინდა ილია მართალს ასეთი კერძო ოჯახური პრობლემის გამო ვერ შევაწუხებო - ოფიციალურ მიზეზად ეს დაასახელა, რეალური მიზეზი კი გახლდათ ურწმუნოება და სირცხვილი. სირცხვილი იმისა, ვინმემ არ დამინახოს, თორემ უეჭველად მიხვდება აქ რისთვისაც ვდგავარო. ცოლისთვის ეს არგუმენტი მისაღები გამოდგა, ამიტომ შავებში გამოეწყო, როგორც დამწუხრებულ ქალს შეეფერება, და სიონში წმინდა ილია მართლის ხატთან მარტომ გასწია. მისი დიაგნოზი კი მართლაც საგანგაშო იყო. გთავაზობთ ამონარიდებს: 01. 10. 1988. პაციენტი: ლ. ბ. პაციენტის პიროვნება იდენტიფიცირებულია პირადობის მოწმობით: პირადი №0113772559. მენსტრუალური ციკლის 24-ე დღე - შეესაბამება სეკრეტორულ ფაზას. საშვილოსნოს ყელის წინა კედელში ისახება ოვალური ფორმის, 20X18X19 მმ ზომის არაერთგვაროვანი დისპერსიული შიგთავსის შემცველი ცისტა - სავარაუდოდ ენდომეტროიდული წარმოშობის (იხ. ექოგრამა 1). საშვილოსნოს ყელის უკანა კედელში ისახება სფერული ფორმის 16 მმ დიამეტრის ენდოცერვიქსის ცისტა (იხ. ექოგრამა 2). ენდომეტრიუმის სისქე 22 მმ (ნორმა 7-14) - ექოგენური. სტრუქტურა არაერთგვაროვანი. მის შიდა სტრუქტურაში განირჩევა ქაოტურად გაბნეული ერთეული ექოპოზიტიური ჩანართები (იხ. ექოგრამა 3). მიომეტრიუმის სტრუქტურა დიფუზიურად არაერთგვაროვანი - დიფუზიური ადენომიოზის (ენდომეტრიოზის) ულტრაბგერითი სურათი. ცერვიკალური არხი არათანაბარი სისქის. შიდა პერიმეტრი არამკვეთრი კონტურით. მარჯვენა საკვერცხე 41X27X34 მმ. მის შიდა სტრუქტურაში განირჩევა რამდენიმე საშუალო ზომის ფოლიკულური ცისტა. ექოგენობა დაქვეითებული. მარცხენა საკვერცხე გადიდებული, მისი საერთო ზომაა 87X53X64 მმ. მასში ისახება ოვალური ფორმის, 66X51 მმ ზომის ცისტა არაერთგვაროვანი შიგთავსით. ზედა პოლუსთან ისახება მეორე ცისტა დიამეტრით 26 მმ არაერთგვაროვანი, ექოგენური, დისპერსიული შიგთავსით - არ არის გამორიცხული ენდომეტროიდული წარმოშობის ცისტები (იხ. ექოგრამა 4). რეკომენდირებულია განმეორებითი გამოკვლევა ერთი მენსტრუალური ციკლის ჩამთავრებისთანავე (მე-2, 3, 4, დღეს). დუგლასის ფოსო - თავისუფალი.

            განმეორებითი კვლევა ჩატარდა ექიმის რჩევისამებრ, მაგრამ, რად გინდა, ექიმებმა პაციენტს კატეგორიულად მოსთხოვეს სასწრაფო ოპერაცია და, შესაბამისად, საშვილოსნოს ამოკვეთა. რა შვილზე ლაპარაკობთ, ქალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, შეიძლება ავთვისებიანში გადაიზარდოსო!.. - გამოუცხადათ ექიმმა.

            ჰოდა, ეს ქალბატონი 1988 წლის 8 ნოემბერს სიონში, სანთლით ხელში, ილია ჭავჭავაძის ხატის წინ იდგა თვალცრემლმორეული და დაახლოებით ასეთი შინაარსის ტექსტით მიმართავდა: „ერში ხომ შენზე დიდი კაცი არა გვყოლია, ჩვენმა ეკლესიამ თქვა, რომ სასწაულმოქმედიც ყოფილხარ. შენ ყოველთვის გაწუხებდა ჩვენი ერის გამრავლების საკითხი. პიროვნულადაც ყველა წმინდანზე უკეთ შენ შეგიძლია გაგვიგო - განსაკუთრებით ჩემს ქმარს, მე, ალბათ, ოლღა უფრო გამიგებდა; რა კარგი იქნებოდა, ისიც წმინდანად შეერაცხათ და ახლა ერთად ყოფილიყავით გამოსახული ხატზე. ნამდვილად იმსახურებს, შენს მკვლელებს აპატია... სანამ ამას იზამდა, ყველა ილია ჭავჭავაძის ცოლად იხსენიებდა, ამ დიდსულოვნების შემდეგ კი, ის უკვე ოლღა გურამიშვილი გახდა, ჭეშმარიტი წმინდანი!.. ჰოდა, იმას ვამბობდი, ხომ იცი, ერის მამავ, გამოგიცდია უშვილობის ტკივილი რაც არის, ამიტომ, გთხოვ, წმინდა ილია მართალო, შეეწიე ჩემს ოჯახს, დაგვეხმარე, რომ შვილი გვეყოლოს...“ და დაბრუნდა ქალი სახლში შეგრძნებით, რომ სრულად განიკურნა; ოვულაქციის პერიოდი აქვს და დღეს გარდაუვლად დაფეხმძიმდება! დაწვა ქმართან და შემდეგ თვეში ციკლი აღარც ჰქონია. აფთიაქში შეიძინა ტესტი, რომელმაც დადებითი პასუხი უჩვენა. შემდეგ ეხოსკოპიაზე გაიქცნენ იმ ექიმთან, ვინც მანამდე იმედი გადაუწურა, და როცა დაინახა ქალი ფეხმძიმედ იყო, ცისტები და ენდომეტრიუმის სისქე კი - დაპატარავებული, თავად გახდა ექიმთან მისასვლელი... ცოლ-ქმარი სასწრაფოდ ეკლესიაში გამოიქცა ილია ჭავჭავაძისთვის მადლობის სათქმელად, და ზუსტად 9 თვეში ვაჟიც ეყოლათ, რომელსაც, რთული გამოსაცნობი არ არის, ილია დაარქვეს. ამის მერე, როგორც ჭეშმარიტ ორთოდოქსებს შეშვენით, საპატრიარქოსთან არსებულ წმინდა ილია მართლის მიერ მოხდენილი სასწაულების აღმნუსხველ კომისიას მიმართეს; დაწვრილებით აღუწერეს თავს გადამხდარი ამბავი, თან ახალშობილიც წარმოადგინეს, როგორც მტკიცებულება. კომისიამ შეისწავლა ყველა სამედიცინო დოკუმენტი, გამოკვლევები, დიაგნიზები და თუმცა ყველაფერი ცხადი იყო, ყველა ეჭვის გასაფანტად დამატებითი კონსულტაციისთვის კვალიფიციურ ექიმებს მიმართა... საბოლოოდ დაადგინა, რომ ეს იყო უდავოდ დიდი სასწაული! კომისიამ, სპეციალურად ამ საკითხზე ერთი კარგი სტატიაც გამოაცხო და „საპატრიარქოს უწყებანში“ გამოაქვეყნა უცნაური სათაურით: „სკეპტიკოსებო, აი, თუ არა!“ - სტატიაში გამოწვლილივით იყო აღწერილი ყველა დეტალი, გამახვილებული იყო ყურადღება ცოლ-ქმრის დიდ რწმენაზე, რომელსაც ლამის მთების გადაადგილება შეეძლო, ასევე მიუთითებდნენ, რომ მიუხედავად ცუდი დიაგნოზისა, ისინი ფუჭ სასოწარკვეთას კი არ მიეცნენ, პირიქით, განსაცდელმა რწმენა და იმედი განუმტკიცათ, რაც გამოიხატა შემდეგში - არ დაუჯერეს ურწმუნო ექიმების დამღუპველ რჩევას და არ დათანხმდნენ მართლმადიდებლობისთვის შეუფერებელ არაეთიკურ სამედიცინო მანიპულაციებს - მათ, დახმარებისთვის სასწაულმოქმედ ქართველ წმინდანს ილია მართალს მიმართეს, რაც იყო უაღრესად გონივრული საქციელი და უდიდესი ნდობის გამოვლენა. ამით არამარტო პირად კეთილდღეობაზე იზრუნეს, საშუალება მისცეს ქართველ წმინდანს „იქიდანაც“ კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა თავისი ქვეყნის უსაზღვრო სიყვარული. ეს ფაქტი უდაოდ ბევრ მორწმუნეს ჩააფიქრებს, ურწმუნოებს კი შემოაბრუნებს დედა ეკლესიის წმინდა წიაღისკენ. წერილი ასეთი მოწოდებით მთავრდებოდა: უშვილო ოჯახებო, ნუ დაყრით ფარ-ხმალს! გადამეტებულად ნუ დაუჯერებთ ექიმებს, განა ჩვენს წმინდანზე დიდი ექიმი არსებობს ამ ქვეყანაზე?! თქვენი მინდობით, მიეცით მას შანსი დაგეხმაროთ, გაკურთხოთ, განგკურნოთ და ზღვის ქვიშასავით გაგამრავლოთ, ამინ!

            ეს სტატია იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა. ის რაც ლავასავით თვლემდა მორწმუნე მრევლში, უზარმაზარი ძალით იფეთქა! წმინდა ილია მართლის ხატების წინ გაჩნდა მუქგ-ს უზარმაზარი რიგები - სთხოვდნენ, რომ შვილი მიეცა მათთვის. ის კი არა, ეკლესიამ სასწაულნაქნარი პირველი ოჯახის ტექსტზე დაყრდნობით, ახალი ლოცვა შექმნა, დაწერა და მიჰყიდა სრულიად მუქგ-ის წევრებს. დაიწერა ილია ჭავჭავაძის ახალი ხატები, რომლებიც ზოგი ტაძრებში განთავსდა, ძალიან ბევრი კი მორწმუნე მრევლზე გაიყიდა... საქართველოში, უმოკლეს დროში, როგორც რელიგიურმა, ასევე საზოგადოებრივმა აქტიობამ პიკს მიაღწია, მაგრამ ეკლესიამ შორს ვერ გაიხედა, არ გაითვალისწინა ფსიქოლოგიურად გამანადგურებელი, სრული ფლუსტრაციის შესაძლებლობა, რაც ამგვარ ძალისხმევას შეიძლებოდა მოჰყოლოდა ათასობით მართლმადიდებელ უშვილო ქალთა გუნდში, იგივე მუქგ-ში.

                                                                        

                                                                              4

            მომდევნო წლის დასაწყისი იყო, ჩვენი ღვაწლმოსილი მეცნიერი, ფსიქიატრიის პროფესორი გ. შ. იძულებული გახდა გამოეცა ფუნდამენტური ნაშრომი, რომელიც ეძღვნებოდა ე. წ. ობსესურ-კომპულსურ ანუ, აკვიატების აშლილობის სპექტრის დაავადებებს და მათი მკურნალობის მეთოდებს. წიგნში საუბარია სხვადასხვა ტიპის პათოლოგიებზე (შიშები, ფობიები, უნებლიე მოძრაობები და ქმედებები), რომლებზეც მეცნიერები ბოლომდე ვერ შეთანხმებულან ეს შიზოფრენიის ფორმებია თუ მწვავე ნერვოზული. ერთი რამ უდავოა, მუქგ-ი მასობრივმა ფსიქოზმა მოიცვა, გადატანილი სტრესებისა და იმედგაცრუებების გამო (მართალია, ჩვენი დიდი წმინდანი, რომელსაც შინაური ხალათის შემოცმა, თავზე თურქული ქუდი, ტახტზე კოტრიალი  და თამბაქოს გაბოლება სამშობლოს თუ არა ცოლს მაინც ერჩია - ამას, ლუარსაბის სინდრომი დავარქვათ - ყოველთვის სწუხდა ჩვენი ერის დემოგრაფიული მდგომერეობის გამო, მაგრამ როგორც ჩანს ზემოთ ანტიქართული ძალები არ აძლევდნენ იმის უფლებას ქართველი ერი დომინირებად პოპულაციად გადაექცია ჩვენს პლანეტაზე). ხელისუფლება, საპატრიარქოს „რეკომენდაციით“ (რომ გაუჭირდებათ ასე იციან) სასწრაფოდ შეუდგა გამოსავლის ძიებას, დაიბარა ფსიქიატრიაში გამოცდილი მეცნიერები და დაავალა ოპტიმალური გზების მოძიება, შექმნილი მძიმე ვითარების შესამსუბუქებლად, თან ისიც დააყოლეს, ვიცით რომ ღმერთები არა ხართო. ფლუსტრირებულ პაციენტთა რაოდენობა იმდენი იყო, სამედიცინო დაწესებულებებს კომპეტენტური კადრები არ ჰყოფნიდათ, ის კი არა, ერთი პერიოდი მთავრობა სერიოზულად ფიქრობდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მივმართოთ დახმარებისთვის, იქნებ კვალიფიციური მედიკებიც მოგვაშველონო, მაგრამ უკუგდებულ იქნა ეს აზრი პოლიტიკური კონიექტურის გამო, რას იტყვიან ევროპელები ასეთ სიბნელეს რომ დაინახავენ, ვინ მიიღებს ევროსტრუქტურებში შუა საუკუნეების ცრურწმენებში და ობსკურანტიზმში ჩაძირულ ირაციონალურ ქვეყანასო. ამიტომაც, დაჩქარებულ რეჟიმში გამოიცა ეს წიგნი, სახელმძღვანელო, რომელიც უფასოდ დაურიგდა ყველა მედიკოსს. წიგნში ყველა შესაძლო შემთხვევა დეტალურად იყო გაანალიზებული, მათი მკურნალობის მეთოდებიც შემოთავაზებული და ასევე მარტივად განმარტებული მდიდარი ფსიქიატრიული ტერმინოლოგია. მაშ ასე, უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ იმაზე, თუ რაზე კეთდებოდა ნაშრომში ძირითადი აქცენტები და ჩვენთვის, ორივესთვის უფრო ადვილი აღსაქმელი გახდება რამხელა საფრთხის წინაშე დააყენა ეკლესიის პროპაგანდამ ქართული საზოგადოება. გთავაზობ ამონარიდებს მისი წიგნიდან:

            „ნეირობიოლოგიური კვლევის და თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის მონაცემებით, ობსესურ-კომპულსური სპექტრის აშლილობა მიმდინარეობს თავის ტვინის ახლო წარსულში „ბნელ“ უბნად მიჩნეულ, მაგრამ სწორედ ფსიქიკის უნატიფესი პროცესების ნავსაყუდელში - თავის ტვინის შუბლის წილებში, ე. წ. ფრონტალურ უბნებში...

            თანამედროვე კლინიკურ ფსიქიატრიაში აკვიატების აშლილობათა სიმპტომატოლოგია საკმაოდ დაწვრილებით არის შესწავლილი და აღწერილი ამ დარგის კლასიკოსების მიერ. დადგენილია მისი უკიდურესი პოლიმორფულობა და შინაარსობრივი მრავალფეროვნება, რომელთა მიმართ პიროვნების კრიტიკული შეფასება ყოველთვის შენახულია, სუბიექტს კარგად ესმის მისი ნაძალადევი და თავს მოხვეული, ხშირად, აბსურდული ხასიათი და ამიტომ იძულებულია მიმართოს ექიმს დახმარებისთვის, რადგან მრავალჯერადი ცდების, მათი საწინააღმდეგო რიტუალების შემუშავების მიუხედავად, თვითონ პიროვნება უძლურია საკუთარი ძალებით და შესაძლებლობებით თავი დააღწიოს ამ აუტანელ აზრებს, სურვილებს, ფიქრებს, მიზიდულობებს, იმპულსურ ლტოლვებს და მოთხოვნილებებს, რომელთა აბსურდულობა, არაეთიკურობა, ამორალურობა და უცნაურობა მისთვის ხშირ შემთხვევაში თავიდანვე ცნობილია, გააზრებულია, მაგრამ არ ძალუძს მათ შეეწინააღმდეგოს და მისგან დაიხსნას თავი, უარი თქვას მისთვის სრულიად უმართებულო და სოციალურ-ეთიკურად მიუღებელ ცდუნებაზე. მაგალითად, როდესაც თანამედროვე  მანდილოსანი (ყველა არა, რა თქმა უნდა) შედის საყდარში, აეკვიატება მაცხოვრის (შეგახსენებთ, დიოფიზიტური დოგმატის მიხედვით, მას მეორე ბუნებაცა აქვს, კაცობრივი) ან სხვა წმინდანების (ისინიც ხომ ერთ დროს ხორციელი ადამიანები იყვნენ) მიმართ ბილწი სურვილები და აზრები. იგი, ცხდია, ძალისხმევას არ იშურებს მოიცილოს, განდევნოს ისინი ფსიქიკიდან. ამ მიზნით ცდილობს გამოიმუშავოს რაიმე სახის რიტუალი - დაიჩოქებს და ფორთხვით ეამბორება იატაკს; ხელით შეეხება საეკლესიო ინვენტარს; ტკივილამდე უჭერს ხელს საგნებს და ევედრება მაცხოვარს შეუნდოს მისთვის უსიამოვნო და უარსაყოფი ბილწი აზრები, რომლებიც სატანამ მოახვია თავს. ხშირად ამგვარი რიტუალიც არ არის საკმარისი ასეთი აზრებისგან გასათავისუფლებლად...“

            ამ ზოგადთეორიულ წიაღსვლების შემდეგ ბატონ  გ. შ.-ს მოყვანილი და აღწერილი აქვს მართლმადიდებელ უშვილო ქალთა გუნდის, იგივე მუქგ-ის, წევრთა უამრავი შემთხვევა, რომლიდანაც მე მხოლოდ ორი მათგანის ციტირებას მოვახდენ:

            „შემთხვევა №6. პაციენტი ნ. ა. 36 წლის ქალი, დაოჯახებული, უშვილო, სოფლის სკოლაში ქართულის მასწავლებელი, მორწმუნე. 2 წელია ეკლესიაში სალოცავად შესულს ილია ჭავჭავაძის ხატთან მიახლოვებისთანავე აღეძვრება, მისივე შეფასებით „ბილწი აზრები“ და აკვიატებული სურვილი კავშირი დაამყაროს წმინდა ილია მართალთან. იქვე, ცდილობს დაადგინოს წმინდანის გენიტალიების სავარაუდო ზომა და ფორმა... ასეთი საშინელი აზრების უკუგდება არ ძალუძს. შემდეგში კი არამარტო საყდარში შესვლისას ან ხატთან მიახლოებისას, არამედ წარმოდგენისასაც აღეძვრება „ბილწი სურვილები და ლტოლვები“. სასოწარკვეთილებაში მყოფმა მოგვმართა მკურნალობისთვის. გამოკლევის შემდეგ დაენიშნა: კლომიპრამინის მზარდი დოზები და ასევე მზარდ დოზებში ალპრაზოლამი; ბეტა ადრენობლოკატორ ანაპრილინი და კლოზაპინი ძილის წინ მისაღებად. 3 თვიანი მკურნალობის შედეგად ავადმყოფური აკვიატებული აზრები, ლტოლვები და სურვილები რედუცირებული და დეზაქტუალიზებული იქნა. პარალელურად მოიხსნა შფოთვის სინდრომი, გაუმჯობესდა გუნებაგანწყობა მოწესრიგდა ძილისა და სიფხიზლის მოშლილი ციკლურობა. სამწუხაროდ, როგორც კი პაციენტმა უკეთ იგრძნო თავი, ჩათვალა, რომ მას წმინდანები განკურნავდნენ, უარი თქვა მედიკამენტოზურ მკურნალობაზე და ეკლესიას „დაუბრუნდა“. სულ მალე განმეორებით მოგვმართა მკვეთრად გამწვავებული რეციდივის გამო. დაენიშნა ხელახალი მკურნალობა, რამაც დაუბრუნა შრომის უნარი და იგი დღესდღეობით ჩვეულებრივ რეჟიმში ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას...“

            „შემთხვევა №66. პაციენტი მ. ს. 39 წლის დიასახლისი, დაოჯახებული, უშვილო, მორწმუნე მართლმადიდებელი. ეკლესიაში სალოცავად შესულს აეკვიატებოდა, მორალურად მისთვის სრულიად მიუღებელი, მკრეხელური აზრები და სურვილები. თვალწინ უტრიალებდა წმინდა გიორგისთან, წმინდა ილია მართალთან და სხვა რელიგიურ პერსონაჟებთან გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის პერიპეტიები, იქამდე, რომ ლითონისაგან დამზადებულ საკმაოდ დიდი ზომის ჯვარს, რომელიც ხელში უპყრია ხატზე გამოსახულ წმინდანს, წარმოიდგენდა საკუთარ სასქესო ორგანოში და განიცდიდა ორგაზმის მზგავს სიამოვნებას. ასევე ტაძარში შესულს იპყრობდა განცდა, რომ ფალოსის შიგნით მოექცა, რაც შემოზღუდული იყო ქალის საქესო ორგანოებით, ანუ აშერების ფორმის (ბაზილიკური ტიპის) საკულტო ნაგებობებით, რაც გვრიდა ექსტაზის მაგვარ გამოუთქმელ განცდას. ამგვარი წარმოდგენებისა და შეგრძნებების დროს ერთდროულად გრძნობდა ღვთის წინაშე უკიდურეს დანაშაულს, რის გამოც აუცილებლად მოხვდებოდა ჯოჯოხეთში, და რაღაც გაურკვეველ ხორციელ ნეტარებას. იგი აცრემლებული გვეხვეწებოდა, როგორმე დაგვეხსნა სატანისაგან. გამოკვლევის შემდეგ დაენიშნა ანტიობსესური მედიკამენტები: კლომიპრამი და ალპრაზოლამი მზარდი დოზებით. მათთან კომბინირებულად, სიმპტომატური გამოვლინების შესაბამისად, პაციენტი იღებდა ბეტა ბლოკატორ ანაპრილინს (დღეში 80 მგ), ბრომქაფურის ტაბლეტებს დღეში სამჯერ, აზალეპტინს (50 მგ) უძილობის დროს. მკურნალობა გაგრძელდა ორთვენახევრი და ამ ხნის განმავლობაში მიღებულ იქნა სრულღირებულოვანი რემისია, პაციენტი ბილწ აზრებს სრულიად გაემიჯნა მათი ჯერ დეზაქტუალიზებისა და შემდეგ სრული გაქრობის სახით...“

                                                                            5

            როდის ყოფილა „ადამიანი მასას“ მეცნიერების მიმართ რელიგიური გრძნობები გასჩენოდა? ან რელიგიის მიერ დანგრეული მეცნიერებას აეშენებინა? მართალია, პროფესორ გ.შ.-ს წიგნმა, ცალკეულ შემთხვევებში, შესანიშნავი შედეგი გამოიღო, მაგრამ რა უნდა მოეხერხებინა სახელმწიფოს იმ ასობით და ათასობით შიზოფრენიის ზღვარს მიღმა მყოფი მუქგ-ის წევრისთვის, რომლებიც, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, საფრთხეს უქმნიდა საზოგადოებრივ სტაბილურობასა და სიმშვიდეს?! ამიტომ ხელისუფლებამ და ეკლესიამ ერთმანეთთან კოორდინაციაში შეიმუშავეს გეგმა შემდეგი კოდური სახელწოდებით: „ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა“, რომელიც გულისხმობდა შემდეგს: თვის პირველივე კვირა დღეს, მწუხრის ჟამს (როცა ადამიანის ნება მოდუნებულია), მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში, საიდანაც ღვთისმშობლის ნათელი მოეფინა სრულიად საქართველოს, საყოველთაო ლიტურგია უნდა გამართულიყო, სადაც წაკითხული იქნებოდა ქადაგება, აღავლენდნენ წირვა-ლოცვას - ღმერთს შეევედრებოდა ერი (ძირითადად მუქგ-ის წევრები) და ბერი (ეპისკოპატი), დამცხრალიყო ეს მღელვარება და მრევლს შესძლებოდა დაეთრგუნა ფანატიზმი, რათა საღ აზრს გაემარჯვა!

            გამოცხადდა, როგორც მუქგ-ის, ასევე ეკლესიის იერარქების სრული მობილიზაცია. სვეტიცხოველი გადაიჭედა დათრგუნულ ქალთა უზარმაზარი გუნდით (ქმრები, როგორც ჩანს, თავს იკავებდნენ ცოლების გვერდზე დგომისაგან უხერხულობის გამო), ხოლო ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, ისევე როგორც მთელი ქალაქი, აივსო მრევლით. ქუჩებში დადგეს ხმის გამაძლიერებელი აპარატურა, რათა ხალხს მოესმინა ქადაგება და აქტიური მონაწილეობა მიეღო საყოველთაო ლოცვაში.

            მთელ ამ ღონისძიებას უძღვებოდა მცხეთის ეპისკოპოსი, რომელიც, რაღაცით ხევისბერს ჩამოჰგავდა...

            სპეციალურად ამ დღეს დაშვებულ იქნა გამონაკლისი - ტაძარში მყოფ მრევლს მიეცა უფლება, ცოტა არ იყოს მათთვის გაურკვეველი სინერგიის პრინციპის საფუძველზე, ზიარებოდნენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ამ მიზნით ტაძარში ორგანიზებულად ჩამოატარეს სეფისკვერი და წყალგარეული ზედაშე. მრევლი პურს ამტვრევდა, თითო პატარა ლუკმას იდებდა პირში (მსგავსად ფსიქოტროპული აბებისა), ღვინოსაც მცირე ყლუპებით ყლაპავდა, როგორც რაიმე კვინტენსენციურ ნაერთს, ან თუ გნებავს, სიცოცხლის ელექსირს. ამ რიტუალმა შექმნა ერთგვარი მასობრივი ექსტატიკური აურა, რასაც ამძაფრებდა ასობით საკმევლის კვამლი. საცეცხლურები, საცეცხლურები, მაგიური საცეცხლურები... ტაძარი პირველყოფილ სურნელებასა და ექსტაზურ ნისლში ჩაინთქა, იქ მყოფთ კი ისეთი აღუწერელი  სიმშვიდე დაეუფლათ, რომელსაც ვერც ლევიტაციას დაარქმევ და ვერც კოსმიურ გონთან შერწყმას. ეს უფრო კონტრასტული განცდაა, როდესაც მაქსიმალურად შეიგრძნობ ინდივიდუალობას და არავისი გრცხვენია (მუქგ-ის წევრებს ხელი ჰქონდათ ერთმანეთზე ჩაკიდებული). თითქოს შიშველი ხარ, ნებისმიერთან შეგიძლია შეუზღუდავი ინტიმური ურთიერთობა, მაგრამ არ გჭირდება, რადგან არ განიცდი არასრულფასოვნებას, არ ცდილობ, ვინმეს შენი განსაკუთრებულობა დაუმტკიცო, იმდენად ინდივიდუალური ხარ, იმდენად ავტონომიური, ვინმესთან თანაზიარობა არაფერში გჭირდება! თვითმყოფადი ხარ, თვითსრული. არანაირი სოციალური ვალდებულებები, არანაირი ბიოლოგიური კანონები, იმდენად თავისუფალი, ეთეროვანი და შიშველი ხარ, შეგიძლია უსასრულოდ გააფართოვო, სამყაროს თავს მოახვიო შენი ეგო. ეს არის არა წვეთის დანთქმა ოკეანეში, არამედ ოკეანისა წვეთში - შეიძლება ითქვას, ადამიანის ეგოს გამარჯვება სამყაროს სულზე! (ალბათ ეს იგულისხმა მიქელანჯელომ, როდესაც სიქტის კაპელა შიშველი ფიგურებით მოხატა, ჭკვიანმა პაპმა იგრძნო საფრთხე და გაშიშვლებული რელიგიური პერსონაჟები ტანსაცმლით შეამოსინა.) კათოლიკე მორწმუნეები ამას ტრანსსუბსტანციას, ხოლო მართლმადიდებლები ევქარისტიის საიდუმლოს ეძახიან. საიდუმლოს ალბათ იმიტომ, რომ წაშალონ მიჯნა სულსა და ხორცს შორის, ის რაც სამშვინველის თვისებაა რუაჰში გადაიტანონ, ამიტომ მე მას ევქარისტიას კი არა, ავი ქარების სტიქიონებს ვუწოდებდი. სწორედ ამ ქარებს ძალუძს ოსტატი და მარგარიტასავით ვოლანდთან ერთად სიმშვიდისა და სინათლის მაგიურ ველში გამოგზაუროს...

            ტაძარში სანთლებით ხელში იდგა გ.შ.-ს წიგნში ნახსენები, ჩვენთვის უკვე ცნობილი, ორი ქალბატონი. ისინი დღესაც იღებენ ფსიქოტროპულ წამლებს, მაგრამ იმ განცდას, რაც ახლა მათ გულსა და გონებაზე ბატონობდა, ვერ შეედრებოდა ვერანაირი ტრანკვილიზატორებისა თუ ანტიდეპრესანტების ზემოქმედება. მათთვის ეჭვშეუვალ ჭეშმარიტებას წარმოადგენდა ის, რომ ქრისტემ სპეციალურად მუქგ-ის წევრებისთვის დაგეგმა დღევანდელი მისტერია, რომელშიც უმთავრესი როლი სწორედ მას ეკისრებოდა, ხოლო მრევლს სულიწმინდის მადლით ამარაგებდა. რომ არა განმეორებითი რეციდივის შიში, ეს ქალბატონები დღესვე გადაყრიდნენ წამლებს ნაგავში (აკი, ერთხელ მოიქცნენ კიდეც ასე), მაგრამ...

 

                                                                         6

            და, აი, ტაძარში ხმა გაისმა, რომელზეც დღესაც ამბობს ერი, ღვთის ხმააო! შესაძლოა, შენც ეთანხმები. დაეთანხმე, პრინციპში მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს... ამ ხმას სიშორიდან უერთდებოდა საოცარი, არსაამსოფლო ქართული გალობა, რომლის მრავალგანზომილებიანი დისონანსურ-სივრცული რხევები ოდნავშესამჩნევ ფონს ქმნიდა. ბგერის ძალაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. მასზე საუბრობს ფრანგი მეცნიერი კლოდ ლევი-სტროსი - თუ როგორ აძლიერებს პრიმიტიულ რიტუალში მონაწილე აფრიკული ტომის წევრების ექსტაზურ ტრანს მარტივ რიტმზე წარმოქმნილი შესაბამისი ბგერების ნაკადი... ეს ხდება განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომ ხალხებში. დაფიქრდით, როგორ დაიხვეწა, განვითარდა, წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწია ბგერამ ტრადიციულ ქრისტიანულ რელიგიებში. მათ კარგად უწყიან „სიტყვა“ ვერასდროს გახდება ადამიანისთვის ღმერთი, თუ განსაზღვრულ ფონემატიკურ და გრაფიკულ ფორმაში არ შეასახლე. არა აქვს მნიშვნელობა ბგერა „სიტყვის“ არსს სწორად გადმოსცემს თუ არა, მთავარია მასზე, როგორც ტრანსცენდენტზე უთითებდეს და ამას აკეთებდეს, უბრალოების და სიმარტივის ნიღბით, რაც შეიძლება პათეტიკურად, პომპეზურად, მსმენელის გრძნობებთან სიტყვის რაღაცნაირი შეთამაშებით, ზეციერის გამიწიერებით. დიახ, დიახ, სწორედ იმ წარმავალ,  ადამიანურ გრძნობებთან ბგერის მეშვეობით „სიტყვის“ ასიმილაციით, რომელსაც დღიდან გაჩენისა ებრძვის ეკლესია! და ამ მდაბალი ვნებების იმედზე დაყრდნობით მიიღწევა ნებისმიერი მეტაფიზიკური განზრახვა (ვთქვათ, იდეა ქართველი ერის გამორჩეულობის შესახებ, რაც გამოხატულია ისეთ მარტივ დიფერენციულ სახელდებაში, როგორიცაა: „ქ ა რ თ უ ლ ი მართლმადიდებელი ეკლესია“, გეგონება ჭეშმარიტება ქართველების ლოგო, ან საფირმო ნიშანი იყოს.). ალბათ ამ წერტილშია ყველაზე მეტად შენიღბული ეკლესიის მისტიფიკაცია - ხორციელის რეალიზებით (მიჯნის მოშლით) სულიერი ორიენტირები ჭეშმარიტებად შემოგვასაღოს. ამაზე ალბათ რომელიმე ქრისტიანი აპოლოგეტი ასეთ არგუმენტს მოგვიყვანდა: ყველაზე ნათელი აზრები, რომლებიც გამოარღვევს ტვინის სიფრიფანა გარსს და ისხამს ხორცს - სწორედ რომ სულის უსასრულო წყვდიადიდან მოდისო, და ეს მართლაც ასეა...

            და, აი, ქალაქში ხმა გაისმა! ჭეშმარიტად ღვთის ხმააო, - ამბობდა ხალხი. შესაძლოა, შენც ეთანხმები... შემდეგ გაჩუმდნენ, გაჩუმდნენ კი არა, დადუმდნენ, გაიტრუნენ, როგორც იტყვიან, ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდა კაცი; თვით მცხეთის ეპისკოპოსი ლაპარაკობდა! ხმა რაღაცნაირად რბილი, დახვეწილი და ვედრებით აღსავსე, არავითარი სიმკაცრე, არც პრინციპულობა - ცხოვრებით ტანჯვა შესამჩნევად გამოსჭვიოდა თბილ ხმაში. ასეთ დაბალ ტონალობაში შეუძლებელია რაიმეს მოთხოვნა, ვინმესთვის რაიმეს თავსმოხვევა, აქ ჩანს ვინმეს კეთილ ნებაზე მინდობა და ეს ხიბლავდა ყველაზე მეტად მრევლს - ნახეთ როგორ ვუყვარვართ, რა სასიამოვნოა მისგან მონაბერი თავისუფლების სიო, ეს ბგერები გვიპყრობს და ღვთაებრივი მადლით აღავსებს ჩვენს გულებსო. საუბარი იმდენად მარტივი და ბუნებრივი იყო, ტაძარში კი არა, ქალაქში მდგომი მრევლის თითოეულ წევრს ეგონა,  ეპისკოპოსი პირადად მას ელაპარაკებოდა. მაგრამ თუ კარგად დააკვირდებოდი ეპისკოპოსის დახუჭულ, ზოგჯერ კი გახელილ თვალებს, მისი სახის გამომეტყველებას, ჟესტებს, მიმიკებს, მიხვდებოდი, რომ აშკარა შეუსაბამობაა ორატორის ხმის ტემბრსა და ჰაბიტუსს შორის... ქადაგების შინაარსი კი დაახლოებით ასეთი იყო:

„სახელისა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა, ამინ! - ეპისკოპოსმა და, შესაბამისად, თითქმის მთელმა საქართველომ პირჯვარი გადაიწერეს. ქადაგება დაიწყო -

ანტიკურ ეპოქაში იყო ერთი ფილოსოფოსი, რომელიც თვლიდა, რომ ადამიანია ჭეშმარიტების საზომი. ქრისტემ ადამიანის ინდივიდუალური ღირებულება არნახულ სიმაღლემდე აიყვანა, მაგრამ ის არ ეთანხმებოდა ამ სოფისტურ მოსაზრებას. იგი თვლიდა, რომ სწორედ ჭეშმარიტებაა ის, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია შეფასდეს ადამიანი. მომიტევეთ ჩემო სულიერო შვილებო, ახლა რასაც ვიტყვი: კაცობრიობის ისტორიაში იყო ისეთი დრო, როცა ერთი დიდი საეკლესიო მამა იძულებული გახდა ეთქვა: ნუ შეადარებთ ცხოველს ადამიანს, ნუ მიაყენებთ ცხოველს შეურაცხყოფასო. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე ესქატოლოგიურ დროში, როცა აპოკალიფსი კარსაა მომდგარი. ისმის კითხვა, როცა იესო მოვა მთელი თავისი დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, ჩვენ აქ რას დავახვედრებთ? - აქ, ეპისკოპოსმა პაუზა გააკეთა, სათვალე გაისწორა, თვალები ფართოდ გაახილა და მრევლს გადახედა - ამიტომ ადამიანი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ბიოლოგიური და სოციალური ვალდებულებებით! არსებობს ამაზე მნიშვნელოვანი - სულიერი მოთხოვნილებები! აი, რითი შეგვაფასებს იესო წუთისოფლის აღსასრულის ჟამს. მაშინ ის არ იკითხავს ვინ რამდენი შვილის გაჩენა მოასწრო, არამედ, ვინ რამდენი საუნჯე მოაგროვა ცაში. დღესაც, ჩვენს თვალწინ ცხოვრობენ მონაზვნები, ჩვენი წმინდა დედები, რომლებმაც თავი მთლიანად ღვთისმსახურებას მიუძღვნეს, სწორედ მათი მადლით იკურთხება, ზღვის ქვიშასავით მრავლდება ჩვენი ერი, თუმცა მათ არ ჰყავთ ქმრები, არც შვილები, მაგრამ ტკბებიან სასუფევლის წიაღში უფალთან ურთიერთობით. შეგახსენებთ, სასუფეველი ღმრთისაი თითოეული ჩვენგანის გულებშია. „მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე სხვა მოგეცემათ თქვენ“.

ზოგადად, ქართველი ადამიანი მიდრეკილია უკიდურესობებისკენ - ან ყველაფერი, ან არაფერი! - აქ ეპისკოპოსს სული აუფორიაქდა, ხმა აუკანკალდა და ცრემლები წამოუვიდა, მსმენელშიც ბევრმა დაიწყო ტირილი. - ჩვენ გვიჭირს იმის დაფასება რაცა გვაქვს. ხშირად გვავიწყდება, რომ მართლმადიდებლური მორალი უპირველესად მოთმინებას გულისხმობს. სახარება გვეუბნება: „ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება“. - აქ ეპისკოპოსი დამშვიდა, ხმაც დაუწყნარდა. შესაბამისად მრევლიც. –

დიახ, თქვენ ევედრებით უფალს, მოგცეთ შვილი, ეს ბუნებრივია და თხოვნა არასდროს უნდა შეწყვიტოთ. აქ არიან ისეთებიც, ვისი ვედრებაც შეიწყნარა უფალმა... რამდენიმეს მე მოვუნათლე შვილი; ერთ მადგანს ილია ჰქვია და დღეს მგონი სვეტიცხოვლის ტაძარში დგას დედასთან ერთად, მაგრამ წარმოიდგინეთ უფალმა ყველა ლოცვა ერთდროულად რომ შეისმინოს, სამყაროში სრული ქაოსი და განუკითხაობა გაბატონდება. ამიტომ, როგორც ბრძენი მეფე სოლომონი გვასწავლის: ყველაფერს თავისი დრო აქვს ამ მზის ქვეშეთში. იღვაწეღ, იღვაწეთ, დიდი სულიერი ღვაწლით! იდექით უფლის წინაშე წმინდად, შეურყვნელად და უანგაროდ, დაიმშვიდეთ აღელვებული გულები, ჩემო სულიერო შვილებო. შეგახსენებთ, ჩვენი ქვეყანა დედათა შორის უპირველესის, მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრილია, მან კარგად უწყის თქვენი ტკივილი, იღვაწეთ მისთვის, ჩვენი ერისთვის და ის ცის ვარსკვლავებივით გაგამრავლებთ.

ყოფილა ისეც, ადამიანის დიდი ღვაწლისა და თავდაუზოგავი ძალისხმევის გამო, უფალს თავისი გადაწყვეტილება შეუცვლია. გაგახსენებთ ნინეველების შემთხვევას, რომლებსაც განადგურება ემუქრებოდათ, თუმცა მოინანიეს და გადარჩნენ. იყო ასევე აბრაამი და სარა, რომელთაც ღვთის ნებით სიბერეში შეეძინათ შვილი, ისააკი, რომლის მეშვეობითაც ეკურთხა მთელი კაცობრიობა. ასევე, რებეკა და ხანა, რომელთაც დახშული საშვილოსნო გაეხსნათ, მაგრამ იყო ესთერიც, რომელსაც შვილი არ ყოლია, თუმცა ღმერთი უყვარდა სამყაროში ყველაზე მეტად... რა უფრო მნიშვნელოვანია? შვილებო, გაძლევთ ლოცვა-კურთხევას დღეის შემდეგ იფიქროთ უფრო მნიშვნელოვანზე და გადამეტებულად არ აყვეთ ემოციებს...“

შემდგომ ამისა, ქადაგებაში რამდენჯერმე განმეორდა მოწოდება დამშვიდებისკენ. ეპისკოპოსმა, მოიყვანა ბიბლიური მუხლი ფილიპელთა მე-5 თავიდან: „ნურარას ზრუნავთ, არამედ ყოველი ლოცვა-ვედრებისას, მადლიერებით გაუმჟღავნეთ თქვენი სათხოვარი ღმერთს. და მშვიდობა ღმერთისა, რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ზრახვებსაც ქრისტე იესოში“. ასევე, გაისმა მოწოდება რიგი საკითხების საღად ჭვრეტისკენ, და შეგონება, რომ თითოეული იქ მყოფი ადამიანი, სწორედაც პერსონალურად ძვირფასია ღვთისთვის და ქრისტემ მათთვის გაწირა თავი. ქრისტესთვის ადამიანის ღირებულება სულ სხვა კრიტერიუმებით ფასდება, ხოლო საზოგადოებისთვის სხვა. დავფიქრდეთ იმაზე, თუ ვისი შეფასება უფრო მნიშვნელოვანიაო ჩვენთვის? ვიფიქროთ უფრო მნიშვნელოვანზე!

ქადაგება მრევლის და სრულიად საქართველოს დალოცვით დასრულდა. ხალხი მართლაც მონუსხულივით იდგა ეპისკოპოსის წინაშე, უსაზღვროდ გამხნევებული, გახარებული! თითქოს მანამდე ბრმები იყვნენ, ეპისკოპოსმა კი თვალები აუხილათ და დაანახათ მათ წინ კარ-განხმული სასუფევლის მთელი სიდიადე, რომელთან შედარებითაც მთელი პლანეტის სწრაფვანი, უბრალო ბავშვური თამაშია.

ბოლოს ეპისკოპოსმა წარმოთქვა ლოცვა, ძალიან ცოცხალი, სულის შემძვრელი, დოგმატური ღვთისმეტყველების კანონიკის ჩარჩოებიდან სრულიად ამოვარდნილი... ლოცვა, დაახლოებით ისეთი ძალის სოლომონმა, რომ წარმოთქვა ერის წინაშე იერუსალიმის ტაძრის გახსნის დროს. მრევლის თითოეულ წევრში ისეთი ზე-აწეული განწყობა იყო, ლამის  სხეულებიდან ამომხტარიყო მათი სულები!..

მთელი ეს ლიტურგია, რომელმაც უდაოდ მიაღწია დასახულ მიზანს, დასრულდა ტრადიციული რიტუალით; სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც 1010 წელს მელქისედეკ კათოლიკოსმა ხუროთმოძღვარი არსუკისძე მიიწვია ახალი ტაძრის ასაგებად, წმინდათა-წმინდის წინ მოხუცი ეპისკოპოსი სპეციალურად მისთვის დადგმულ ტახტზე დაბრძანდა. მუქგ-ის წევრები რაღაცნაირად ჩამწკრივდნენ, რიგში ჩადგნენ, რათა ნელ-ნელა ჩაევლოთ ტახტის წინ და ეპისკოპოსს ხელზე მთხვეოდნენ. სწორედ აქ მოხდა ისეთი რამ, რის მოხდენასაც ასეთი ამაღელვებელი ღვთისმსახურების შემდეგ არავინ ელოდა.

 

                                                                7

“… თუ გაცთუნებს შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.” - ნეტავ თუ ახსოვდა მცხეთის ეპისკოპოსს სახარების ეს სიტყვები, როდესაც მის წინ დაჩოქილ ადამიანებს მარჯვენა ხელს ჯერ თავზე ადებდა, შემდეგ კი საკოცნელად უწვდიდა?

მხედველობიდან ნუ გამოგვრჩება, რომ ხელებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც რელიგიურ რიტუალებში, ასევე ხელ-ო-ვნების თითქმის ყველა სფეროში (ამ საკითხთან დაკავშირებით იხ. ოთარ ჯირკვალიშვილის მოთხრობა „ლიტერატურული ეკლექტიზმი ანუ საქართველო ეშმაკის სახეში...“).

მოდით ახლა ასე დავსვათ შეკითხვა: აქვს თუ არა ხელს უფლება წმინდად იწოდებოდეს? ანდა, რას ნიშნავს ის, რომ ეკლესიას საუკუნეებია გაშვერილი აქვს ხელი და არასდროს აკლდება მკოცნელთა და მუჭში ფულის ჩამგდებთა ლეგიონები? ამ კითხვებს რიტორიკული შეფერილობა დავუტოვოთ - აქედან, ყველამ გულში გავცეთ პასუხი... ჩვენ კი ტექსტის ლაიტმოტივს დავუბრუნდეთ და გავზარდოთ თხრობის დინამიკა!

ჩემთვის, სამყაროში არსებობს სამი ხელის მისტიკის ეზოთერული ესთეტიკა: პირველი, „ღვთის ხელი“ (Hand of God) ეკუთვნის როდენს, მეორე, „ეშმაკის ხელი“ ეკუთვნის როდენს და მესამე „საიდუმლო“ ეკუთვნის როდენს!

მარჯვენა ხელი - ღვთის ხელი - ქმნილებისთვის თითები შემოუხვევია და იგრძნობა ცდილობს კოლოსალური ძალა (რაც მისი მაჯის მოყვანილობაში ჩანს) მოთოკოს, რამე არ ატკინოს, არ დაუზიანოს ადამიანს. აქ უგულებოლყოფილია ბიბლიური გამონათქვამი: საშინელებაა ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნაო, სწორედ რომ პირიქ, აქაა შობა, თავისუფლება, მარადიული განახლება. ღვთის ხელში არაა იძულება, არაა შეგრძნება ძლიერის მიმართ უძლურებისა. თუ მეტისმეტად გონიერი არა ხარ, თუ ღმერთს თითებზე არ ააბობღდი და ზემოდან არ გადმოხედე, შეიძლება ვერც იგრძნო, რომ მის ხელში ხარ...

მარცხენა ხელი - ეშმაკის ხელი - არაბუნებრივი მოყვანილობა, ამოტრიალებული, გატანჯული, ტკივილით ათრთოლებული, თუმცა ნაზი, საოცრად ნაზი, დატეხილი თხელი ძვლებით შეკოწიწებული. მსუბუქი, ჰაეროვანი, მაგრამ ადამიანით დამძიმებული, ადამიანით, რომელიც შესამჩნევად დიდია ხელის მტევანზე, თითქოს სადაცაა ხელიდან გაუვარდებაო. ადამიანს მის ხელზე სივრცე არ ჰყოფნის, რის გამოც ვერ იმართება, წვალობს, იძულებულია ხელის გულის ერთ წერტილს მიეჯაჭვოს, პრომეთეს მსგავსად. აქ იცი, რომ მის ხელში ხარ, რადგან გადმოიხედავ და ირგვლივ ყველგან უფსკრულია. თუ დაუსხლტები, ერთადერთი იმედი გრჩება, იქნებ ვინმემ მასზე ძლიერმა გტაცოს ხელი საშიშ სივრცეში... ძნელია გარისკვა, დიდი რწმენაა საჭირო...

...და საიდუმლო - ორი მარჯვენა ხელი, გაერთიანებული, ერთმანეთს შერწყმული... არ ვიცით რას მალავს ამ ხელების გულები, რომლებიც რაღაცნაირად ერთმანეთში გადადის. არ ვიცი რა არის ეს თეთრი საიდუმლო, რომელთან ალერსი შეიძლება მოუთოკავიც კი იყოს მნახველისთვის. ვისია ეს გადაჭდობილი ხელები, საიდან ამოდის ეს ვერტიკალი და სად მიემართება? რა არის ასეთ სტატიკაში ამოკვეთილი მშვენიერების დინამიურობა? რატომ გინდა ასე გაშმაგებულმა, ასე ნაზად აკოცო ამ ხელებს?!.

გახსოვს, ეპისკოპოსის ტახტთან ჩამწკრივებული ქალთა გუნდი? პირველი დედაჩემმა ჩაიარა, ეპისკოპოსმა თავზე ხელები დაასხა, შემდეგ მარჯვენა გაუწოდა (ოდნავ უკანკალებდა), დედაჩემმა აკოცა, ღმერთმა დაგლოცოსო, უთხრა ეპისკოპოსმა, პირჯვარი გადასახა და გაატარა. ეპისკოპოსის ხელები იყო თეთრი, თეთრი, წმინდა. რაღაც განსაკუთრებული ენერგიის მატარებელი (ეს დედაჩემის სიტყვებია), რომელიც მუდამ მზადაა სხვათა ბაგეთა მისაზიდად. მართლაც, რაღაც საიდუმლოთი, სინაზით და მიმზიდველობით არის ეს ხელები დამუხტული...

ასე გაგრძელდა დიდხანს, უკვე ეპისკოპოსს დაღლა ემჩნეოდა, ზოგჯერ ხელის ჰაერში დამაგრებაც შესამჩნევად უძნელდებოდა, მაგრამ ჯიუტად არ ეპუებოდა, აგრძელებდა სასოწარკვეთილი მრევლის დალოცვას. მას ასეულობით გაბრწყინებული თვალი შეჰყურებდა, ალბათ ეს ანუგეშებდა, ძალას მატებდა, მცხეთის ძლევამოსილ ეპისკოპოსს!

და აი, მივადექით შემთხვევას, რომელისთვისაც ზევით უკვე შეგამზადე და რომელსაც თავისუფლად შეიძლება ინციდენტი ეწოდოს. რიგში ჩამდგარმა ერთმა ქალბატონმა მოუთმენლობა გამოავლინა, მიუხედავად იმისა, რომ მის წინ სულ ოთხი ხუთი ქალბატონი-ღა იყო დარჩენილი, რიგს გამოეყო და ისე, რომ მის წინ ჩამდგარი ქალბატონებისთვის არც შეუხედავს, ეპისკოპოსის ტახტისკენ გაემართა. ეპისკოპოსმა ოდნავშესამჩნევი ღიმილით ამოხედა და თავისთვის ჩაილაპარაკა, „სასუფეველი ცათა ძალით წარიტაცებაო“ და მის წინ ასვეტილ, თავდახრილ ქალბატონს ხელი დაასხა. ქალბატონი, თითქოს ტრანსშიაო, ერთხანს ასე იდგა ქანდაკებასავით, თვალდახუჭული, შემდეგ მოწყდა ადგილიდან და ტახტის წინ მუხლებზე დაეცა, ეს ისეთი თავგანწირვით გააკეთა, რომ ეპისკოპოსმა ინსტიქტურად ჰკითხა: რამე ხომ არ იტკინე შვილო? და ვინაიდან პასუხი ვერ მიიღო გააგრძელა მისი დალოცვა, როდესაც ბოლო სიტყვებს ამბობდა და პირჯვარიც გადასახა ქალბატონმა უცბად თვალები გაახილა, თავი ასწია და ეპისკოპოსს უცნაურად მიაჩერდა, ეპისკოპოსმა ოდნავ უხერხულობა იგრძნო და ქალბატონს სწრაფად, თითქოს პირში რაღაც უნდა ჩასჩარისო საკოცნელად ხელი გაუწოდა, ქალბატონი ოდნავ შეყოვნდა, ეპისკოპოსს, რაღაცნაირად ქვემოდან, ისე რომ მისი ცერა თითები ეპისკოპოსის მარჯვენა ხელს ზემოდან მოექცა - ხელები ჩაჰკიდა, თითებით უცნაურად მოეალერსა და ემთხვია. საკმაოდ უჩვეულო იყო ეს ყველაფერი, მაგრამ აქ რომ დამთავრებულიყო, ალბათ მთელი ამ სიტუაციის უჩვეულობას მხოლოდ ეპისკოპოსი თუ იგრძნობდა... მაგრამ, ქალბატონმა ეპისკოპოსის ხელს ენა აუსვა და წარმოუდგენელი, შეიძლება ითქვას ეროტიკული ალერსი დაუწყო. სასულიერო პირი შეცბუნდა, შეეცადა ხელი ქალისთვის წაერთმია, მაგრამ ვერ შეძლო, იმის გამო რომ დაღლილი იყო და ძალიან სუსტი მაჯა ჰქონდა, ქალს კი საკმაო ძალა აღმოაჩნდა, რათა ეპისკოპოსის მკლავი თავის ხელებში შეეკავებინა. ქალი რაღაც გიჟური ვნებით დააცხრა ეპისკოპოსის ხელს, ისე რომ ტაძარში შეკრებილი მთელი საზოგადოების ყურადღება მიიქცია - ეალერსებოდა, კოცნიდა, ხელს ენით ულოკავდა, მკერდზე იხუტებდა... ეპისკოპოსი მთელი ძალით ექაჩებოდა, ქალი კი ხელებს არ უშვებდა... მრევლი დაიბნა, ვერ მოისაზრა ვერავინ ასეთ სიტუაციასი როგორ უნდა მოქცეულიყო. ისევ ეპისკოპოსის დაცვამ, რომელიც ტახტიდან მოშორებით, ნებამოდუნებული მრევლს შეჰყურებდა, იმარჯვა. დაცვის სამი წევრი მივარდნენ ეპისკოპოსის ტახტს და შეეცადნენ ქალის და იერარქის ხელების განცალკევებას, მაგრამ ეს საქმე არც ისე იოლი აღმოჩნდა, როგორც ისინი ფიქრობდნენ, ქალი ისე იყო ჩაფრენილი ხელს, რომ ორმა დაცვის წევრმა ჰაერში აიტაცა და მთელი ძალით გამოქაჩა, ეპიკოპოსის ხელს ახლა მესამე დაცვის წევრი ჩააფრინდა და ეპისკოპოსთან ერთად შეეცადა ხელის გათავისუფლებას... და აი, როგორც იქნა, ტრანსში მყოფ, არაადამიანური ძალის მქონე, მორწმუნე ქალბატონს ხელი გააშვებინეს. ეპისკოპოსმა, რა თქმა უნდა, დიდსულოვნად მიუტევა, შემდეგ იგი დაამშვიდეს და სვეტიცხოველის ეზოში მდგარ მეუღლესთან ერთად სახლში გაუშვეს.

ეპისკოპოსი ტახტს დაუბრუნდა, რადგან, ხმის ტემბრის მიუხედავად, იგი ძალიან პრინციპული ადამიანი იყო, და გააგრძელა სულიერი შვილების დალოცვა... თუმცა, როდესაც რიგში მდგომი მორიგი ქალბატონი მიუახლოვდა, იგრძნო, რომ მარჯვენა ხელს მაღლა ვეღარ წევდა, ის კი არა, საერთოდ ვერ ამოძრავებდა, ამიტომ მან მრევლის დალოცვა მარცხენა ხელით გააგრძელა, ოღონდ, მორწმუნე მრევლის წევრებისთვის მხოლოდ თავზე ხელის დადებით შემოიფარგლა. და აი, როგორც იქნა დასასრულს მიუახლოვდა ეს რიტუალი და შესაბამისად მთელი ლიტურგია, რომელმაც მიზანს ნამდვილად მიაღწია, მუქგ-ში ფანატიკური ვნებები დააცხრო... ბოლოს, მცხეთის ეპისკოპოსი წამოდგა, კიდევ ერთხელ დალოცა იქ შეკრებილი მრევლი და სრულიად საქართველო და როდესაც ამბობდა: სახელისა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა, პირჯვრის გადაწერა მოინდომა, მაგრამ იგრძნო მარჯვენა ხელი აღარ ემორჩილებოდა. მან ერთხელ კიდევ მოიკრიბა ძალა, სათქმელს შეგნებულად წელავდა, მაგრამ ვერაფერს გახდა... და აი, პირველად მოხდა ამ უდუდესი ავტორიტეტის მქონე უმაღლესი იერარქის რელიგიური კარიერის განმავლობაში - მცხეთის ძლევამოსილმა ეპისკოპოსმა პირჯვარი მარცხენა ხელით გადაიწერა!

 

                                                                8

ამ ინციდენტის შემდეგ ეპისკოპოსს ხელზე მკურნალობა დასჭირდა, სასწრაფოდ გერმანიაში გადააფრინეს. დაზიანება ერთობ მძიმე აღმოჩნდა, რის გამოც მოხუც ეპისკოპოსს ხელი თაბაშირში ჩაუსვეს და სპეციალური მკურნალობის კურსი დაუნიშნეს. როდესაც ევროპიდან დაბრუნდა, აეროპორტში ხალხის უზარმაზარი გუნდი დახვდა და იგი იძულებული გახდა ახლა უკვე მრევლისთვის გადაეწერა მარცხენა ხელით პირჯვარი - ამ დროს ეპისკოპოსი შეყოვნდა, რადგან მარცხენა ხელით მიუჩვეველს მომუწული თითების მოძრაობისას სივრცეში მხარეები აერია...

აქ, ისევ მოხდა ყოვლად გაურკვეველი მოვლენა, რომელიც, როგორც პირველი შემთხვევა, რომელზეც თხრობის დასაწყისში უკვე გვქონდა საუბარი, არანაირ ადამიანურ ლოგიკაში არ ჯდება - ქალი, რომელიც ეპისკოპოსს ხელზე ჩააფრინდა და არაადამიანური გზნებით ალერსი და კოცნა დაუწყო, დაფეხმძიმდა (მისი დიაგნოზით თუ ვიმსჯელებთ, ეს ყოვლად გამორიცხული იყო) და ამ ინციდენტიდან ზუსტად ცხრა თვეში ვაჟი შეეძინა, რომელსაც, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, მშობლებმა ილია დაარქვეს. ეს უკვე მე-2 ილია იყო სასწაულით გაჩენილი!

რა თქმა უნდა, ეს ამბავი გახმაურდა, დაიწყო და რა დაიწყო, იმ უდიდესი ლიტურგიის ყველა დადებითი შედეგი წყალში გადაიყარა. მუქგ-ის წევრები, როგორც მგელი კრავს, ისე შეჰყურებდნენ ეპისკოპოსის თეთრ ხელებს. რა არ იღონა საპატრიარქომ, მარტო ბეჭვდურ პრესაში კი არა, ტელევიზიითაც კი გააკეთა განცხადება, სადაც შემპარავად უთითებდა მორწმუნე მრევლის ქალბატონების ბევრი ქმედების არაქრისტიანულ და არაზნეობვრივ მხარეზე, ასევე, ავტორიტეტული სასულიერო პირები აქტიურად ალაპარაკდნენ მრევლისთვის, ცოტა არ იყოს, ბუნდოვან გაუმაძღარ პიეტიზმზე, ილუმინიზმზე -  ბევრი სასწაულის ეშმასეულ წარმომავლობაზე, მადლისმიერი სასწაულის იმიტაციაზე, რომელსაც დემონები ხშირად მიმართავენ, მორწმუნე მრევლის შეცდომაში შესაყვანად. იმიტაციისა და ჭეშმარიტი მადლის გარჩევის ძალა კი ღმერთმა მხოლოდ ეკლესიას მისცაო, ამიტომ მორწმუნე ადამიანი ვალდებულია, ეკლესიის მითითებებს, ზედმეტი კითხვების გარეშე, დიდი ნდობითა და რუდუნებით მიჰყვეს, ამით ქრისტეს ემორჩილებაო, -  მაგრამ რად გინდა, ნამდვილი ნადირობა გამოცხადდა ეპისკოპოსის წმინდა და სასწაულმოქმედ ხელებზე, ის კი არა, სხვა მაღალი სამღვდელო წოდების პირებსაც შეექმნათ პრობლემები, ისე, რომ ზოგი მათგანი ღვთისმსახურების დროს ხელებს საგულდაგულოდ მალავდა... რაც შეეხება მცხეთის ეპისკოპოსს, საპატრიარქო იძულებული იყო, განსაზღვრული, კონკრეტული ღონისძიებებისთვის მიემართა, რათა თავიდან აეცილებინა სამარცხვინო ინციდენტები. კერძოდ, მცხეთის ეპისკოპოსს და ზოგიერთ სასულიერო პირს (მათ ვისაც სასწაულმოქმედის სახელი ჰქონდა გავარდნილი) შეუკერეს სპეციალური ანაფორები, რომლის ქვეშაც შესაძლებელი იყო მღვდელს ხელები საგულდაგულოდ დაემალა და საჭიროების შემთხვევაში (ალბათ საფრთხის არარსებობის დროს) სპეციალურად შემუშავებული მოძრაობით (ამ საკითხზე სასულიერო პირებმა მკერავებთან ტრენინგები გიარეს) ხელები გამოეჩინათ და დაუბრკოლებლად შეესრულებინათ ესა თუ ის მოქმედება. ასეთი ტრაგი-კომიკური მდგომარეობა რამდენიმე წელიწადს გრძელდებოდა, შემდეგ მუქგ-ი დაცხრა და დაშოშმინდა, ისე, რომ ე. წ. „დამცავი ანაფორები“ საპატრიარქომ ხმარებიდან ამოიღო.

მაინც რამ დაამშვიდა მუქგ-ი? ფროიდულად თუ ვიტყვით, მოხდა მათი ნეგატიური ენერგიის სუბლიმაცია. მოგეხსენებათ 1989 წლიდან მოყოლობელი საქართველომ უმძიმესი წლები გამოიარა, ჰოდა, თავისუფლებისთვის ბრძოლიდან დაწყებული, სამოქალაქო ომითა და რეგიონალური კონფლიქტებით გაგრძელებული და ოპოზიციონერების ცემით დამთავრებული, ქვეყანაში არ ყოფილა მოვლენა მუქგ-ის აქტიური მონაწილეობა რომ არ მიეღოს. მოგეხსენებათ, სამშობლო ყოფნა-არყოფნის მიჯნასთან იდგა და ვისღა ეცალა უშვილობაზე ფიქრისთვის, ამიტომ მუქგ-იმ სწორედ სამშობლოს გადარჩენაში დაინახა თავისი მისია და რომ იტყვიან თავით ფეხებამდე გადაეშვა ასეთი ამაღლებული, ამაღელვებელი პატრიოტული მიზნების მორევში. ეკლესიამ კი ამოისუნთქა, მაგრამ ახლა ერს დაატყდა განსაცდელი, მუქგ-ი წმინდანების ხატებით, ჯვრებით და სხვადასხვა რელიგიური სიმბოლოებით დარბოდა, საღად მოაზროვნე ქართველებზე (იყო ერთი-ორი ასეთი ადამიანი მაშინ) იერიში მიჰქონდა, ვინც მათ არ ეთანხმებოდა „ერის მოღალატის“ იარლიყი გარანტირებული ჰქონდა, ერთ გამორჩეულ ფილოსოფოსს გულიც კი გაუხეთქეს... ამის შემყურე ერთმა მწერალმა ინტელექტუალმა დ. ბ.-მ თავისთვის ჩაილაპარაკა - ამათი გადარჩენილი საქართველო შევარცხვინე მეო! - ამ ჩათქმიდან არ გასულა ერთი წელი ისეთი მოთხრობა გამოაქვეყნა, მთელი იმდროინდელი საზოგადოება შოკში ჩავარდა. ეს იყო ერთგვარი შოკური თერაპია. მწერალმა ინტელექტუალმა დ. ბ.-მ ტექსტის სათაურად აიღო ერთი ძველი ქართველი მწერლისა და არაინტელექტუალის (ასეთები ბევრი გვყავს) ნაწარმოების სათაური, რათა არქაიზებული ტექსტის პაროდირება-სტილიზაცია მოეხდინა. მან მასხრად აიგდო ყველა ქართველი წმინდანი და ამ გზით შეეცადა საზოგადოებისთვის დაენახვებინა, რომ ყველა პრედიკატი რითაც ეს რელიგიური პერსონაჟები იწოდებიან ჰიპერბოლიზებული და გამითოლოგიზირებულია, სინამდვილეში ისინი იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები თავისი არასრულყოფილებითა და ცოდვებით. ისინი ცრუბდნენ, მრუშობდნენ, მამათმავლობდნენ, ყველაფერზე მიდიოდნენ, რათა თავისი ბინძური ვნებები დაეკმაყოფილებინათ და ამ ყველაფერს პატრიოტიზმისა და რელიგიური მსახურების ნიღბის ქვეშ აკეთებდნენ. ის კი არა, ერთ უდიდეს წმინდანზე, ერის განმანათლებელზე ისიც კი დაწერა, როდესაც რამოდენიმე მამაკაცმა ბუჩქებისკენ უხმო იგი მათ მიჰყვა „მსუბუქითა რონინითაო“. წარმოიდგინეთ რა ამბავი ატყდებოდა ერში? დაიწყეს გამოკვლევა ვინ იყო დ. ბ. და ვაი საოცრებავ, ეს პიროვნება საპატრიარქოში მუშაობდა... საპატრიარქომ მისი ფიზიკურად გადარჩენის მიზნით ფსიქიატრებთან აწარმოა მოლაპარაკება და ამ პიროვნებაზე ე. წ. „თეთრი ბილეთი“ გააცემინა, რაც მის შეურაცხადობას ადასტურებდა, თან დ. ბ. სამსახურიდან გაუშვეს! ეს ინტელექტუალი ფიზიკურად გადარჩა, მაგრამ საზოგადოებამ თავის წიაღიდან განდევნა, განკვეთა, მისი ფსიქოლოგიური ექსორია მოახდინა - სრული გულგრილობა, ინდიფერენტულობა, იგნორირება, ის კი არა, ოჯახის წევრებიც აღარ ეუბნებოდნენ გამარჯობას. ბოლოს, ის მართლა გაგიჟდა! ღირდა მისი ფიზიკურად გადარჩენა? არ ვიცი, ამაზე გულში გასცეს ყველამ პასუხი. დღეს-დღეობით გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში მოხდა მისი რეაბილიტაცია, ახლა კარგად გრძნობს თავს, ღმერთმა კარგად ამყოფოს...

                         

                                                             9

ისმის კითხვა: რა ხდება დღეს ჩვენს საზოგადოებაში? თუ შეგვკრებდა ვოლანდი რომელიმე დიდ თეატრში, სადაც მთელი საქართველო დაეტეოდა, თავად ტახტზე დაჯდებოდა, გადმოგვხედავდა და იკითხავდა, შეიცვალა რამე ქართველებში? რას უპასუხებდა კოროვიევი? არ ვიცი, ეს უფრო რიტორიკული კითხვებია... ამიტომ მე ახლა ფსკერისკენ წავალ...

 

                                                  

                                               

                                                    

                                                          10

ეს თავი ყველაზე არასენტიმენტალურია, მთელს ამ თხრობაში.

ჩემი სოფლის მდინარეში ქვაა შევარდნილი. ქვა - გახლეჩილი მდინარის შუაში ამოსული, ზეცისკენ შემართული - უძრაობის გენია, მოძრაობის გამანადგურებელი ძალით გარშემორტყმული, როგორც როდენის „საიდუმლო“...

შებინდებისას იმ ქვაზე ვზივარ.

წვიმს. მდინარე ადიდდა, უკვე ქვას უვლის ზემოდან. წამოვდექი, ხელები გავშალე, დიახ, ქრისტეს ცნობილი ქანდაკებასავით. მდინარემ შიშველი ფეხის ტერფები დამიფარა. მდინარე შავია სატანის თვალებივით! ვგრძნობ, მასზე გავლა არ შემიძლია.

წვიმას შერწყმული ჩემი ცრემლები წყლის ძლიერ ნაკადთან ერთად ტალახიან მდინარეში ჩაედინება... სტიქიამ ჩემი ვნებები მიიტაცა...

ჩამოიქეცი! ჩამოიქეცი! ჩემთვის მაინც სულ ერთია! - ეს ყველაზე ბანალური და მიმზიდველი განცდაა თვითმკლელისთვის. ყველა სუიციდისკენ მიდრეკილი ასეთ განწყობას იქმნის, განაჩენის საბოლოო აღსრულებამდე, გარდა იმათი, ვისაც მეტიმეტად წესიერი, პედანტურად აკურატული ხასიათი აქვს...

ჰოდა, ვდგავარ ასე, ხარბად ვიყნოსავ დამპალი ბუნების პირიდან ამოშვებულ აშმორებულ ჰაერს და სამყაროს ჩემს სულში ვათვალიერებ. მახსენდება ჩემი ნათლიის დამშვიდებული სახის ნაკვთები, ჰაერში გრაციოზულად მოფარფატე, რაღაც განსაკუთრებული ენერგიით დამუხტული მისი თბილი, თეთრი ხელები, რომელთან შეხებაც თითქმის ყველა ტანში სასიამოვნო ჟრუანტელის დავლას იწვევს... ახლა სად არის იგი? ალბათ, ისევ ვიღაცას ნათლავს... მახსენდება დედაჩემი, მისი გაცისკროვნებული სახე ეკლესიაში, როდესაც მცხეთაში გვერდზე ვედექი და მოჩვენებითი თავმდაბლობით ნიღბავდა საკუთარი რჩეულობის შეგრძნებას, თითქოს არც მიყურებდა, თითქოს იმ მომენტში მისთვის სულ სხვა რამ იყო უფრო მნიშვნელოვანი... და ახლა, და, აი, ახლა, ახლა, ამ მდგომარეობაში დარწმუნებული ვარ, საიდანღაც დედაჩემი მიყურებს, უფრო სწორად, გარემოს შერევია იმის შეშლილი სახე, იმის არეული თვალები. იმ წამში, როდესაც მდინარემ შემაბარბაცა, ფეხებში ძალა გამომაცალა - ეს უზარმაზარი მოხაზულობის, ცრემლიანი სახე წყვდიადში გავიყოლე...                                            

                                                 

                                                

 

                                                  დასასრული

                                                       *********

ჩემი გაჩენა, ჩემი გაჩენა, მოვლინება, დედამიწაზე პრეისტორიული დარგვა ჩემ უკითხავად, ვიღაცის ნებით, ან უნებართვოდ, ყოფნა-აროფნა, გაცვეთილი შექსპირული ანტინომიები - დააკვირდი, ალბათ, ამაზე არ მისაუბრია, ისე ვამთავრებ შენთან ურთიერთობას. რაღაც სხვა მაწუხებდა, „რაღაც სხვა, უსახელო“, ალბათ, დაგმანული, სამყაროში გასასვლელი კარის დილემა და ის, რატომ ვარ ტახტზე მისვენებული, რას ველოდები, ღმერთის გამოჩენას? არა, ეს ერთხელ იყო, როდესაც კარის სახელური ამოძრავდა... ახლა ღმერთები აღარ არიან, აღარც კარის სახელურები მოძრაობენ, რადგან კარს აქეთ მოლოდინი დაშრა, აორთქლდა და მთლიანად მის ზედაპირს შეენივთა ჩემი მიმხმარი სპერმასავით. ყველაფერი უნაყოფოა... ჰოდა, წამოვდექი, გაბრუებული მაგიდას მივუჯექი და კალამი მოვიმარჯვე, ვწერ ცოცხლად და ფურცლებს ჰაერში ვფანტავ და თუ შენ ახლა კითხულობ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცოცხალი ვარ! ისე ბევრჯერ კი მიმტყუნა ფეხებმა - ჯერ გზაზე, შემდეგ მდინარეზე (სადაც ორჯერ კი არა, ერთხელაც ვერასდროს შევაბიჯე)... მაგრამ, ნუ სწუხარ ჩემზე, არამედ საკუთარ თავზე იწუხე! მე შენგან განსხვავებით, მეამბოხე, ახირებული და დაუმორჩილებელი არსება ვარ, უბრალოდ შუა გზაში გავაცნობიერე ერთი ძველი ბერძენი ბრძენის „სასტიკი“ სიტყვების გარდუვალობა - მორჩილნი ბედს მიჰყავს, ხოლო დაუმორჩილებელთ იგი მიათრევსო. ცოტა-ღა დავრჩით, ცოტა, ვისაც გვჯერა, რომ სამყაროს შეცვლა შეგვიძლია, ლამის მეც დავკარგე ამის რწმენა და გავწექი შუა გზაზე იმ რუსი ათეისტივით, დოსტოევსკის რომანში რომაა, მაგრამ, ახლა ვფიქრობ, რომ გზა უნდა გავაგრძელო. ჰო, ჰო, აი, ახლა წამოვდგები და გზას გავაგრძელებ, ისე რომ არც მის დასაწყისზე ვიფიქრებ და არც დასასრულზე. ვივლი, ვივლი, თუ დავიღლები ჩამოვჯდები და იმ ამბავს გავიხსენებ გოგი ბაბუამ კანფეტი რომ არ მიყიდა, აკი გითხარი სიკვდილის მერეც მახსოვს-მეთქი. თუმცა არავითარი „სიკვდილის შემდეგ“, მე მაშინ...  ჰო, მისი სახე დავკარგე ტალახიან მდინარეში ... მე კი გადავრჩი... მაგრამ ის უკანასკნელი წვეთი იყო, რამაც ამ სარკოფაგივით ოთახამდე მომიყვანა. ოთახამდე, სადაც აწ-ყოფნა არ მუშაობს და ადამიანი სულაც არ არის „ჯამი თავისი წარსულისა“. ოთახში, სადაც გამქრალია საკრალური ქრონოტოპოსი და მხოლოდ ქვეცნობიერის უთხელესი ანაბეჭდები ჟონავს ტვინის ფრონტალურ გარსში. მეხსიერების ეს აჩრდილები დაძრწიან ობიან კედლებზე - იქ, სადაც, ჩვენი ამოწურული არსებობის ფანტომური ინერცია სამი განზომილების ფარგლებსაა გაცდენილი... სწორედ აქაა რეალურისა და ირეალურის გადაკვეთის წერტილი: ღმერთმა სამყარო შექმნა არაფრისაგან - ილია ტახტზე ზის - მე უნდა ვიარო, ვიცი, „გზის ბოლოს ვარდს დავინახავ!“. 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული