- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
_ მეგობრებო, გშიათ?
_ არ გვეტყობა?!
_ შიმშილისგან თვალებში ვერ იხედება, ალბათ.
_ მშია კუბში! ცოტაც და, კუბოში ვიქნები ჩასაწვენი, შიმშილით ვკვდები!
_ ჩვენც შენსავით შავ დღეში ვართ. გმირულად ვერ, მაგრამ მეგობრულად ერთად კი ვკვდებით!
_ სიკვდილამდე თუ ერთ სურვილს შემისრულებდნენ, მის უდიდებულესობა სამეფო ხაჭაპურს ვინატრებდი, ყველი რომ უცვივა და გადმოყრილი აქვს, აი, აგერ, ნატოს ძუძუებივით!
_ შენი ჭუჭუსავით ჭყინტი ყველი?
_ შიმშილმა გონება გადამიკეტა და საჭმლის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ, თორემ ისეთს გეტყოდი, მოგაკეტინებდი! მე არა, მაგრამ შენ გაგიმართლა, გონების დაკარგვამდე რომ მშია.
_ შენ რომ გიყურებ, თან მშიერს, თან მშიერი, ეს გამართლებაა?!
_ უჭმელობის გამო ისედაც ნერვები მეწიწკნება და ნუ მეწიკვინები რა, ცუდად ვარ!
_ შენ ზოგადად ვერ ხარ კარგად და უჭმელობას ნუ აბრალებ!
_ გააჩუმეთ ეს თხა ვინმემ, მე ძალაც არ მაქვს!
_ კარგი რა, ერთმანეთთან კინკლაობაში ნუ ხარჯავთ კინკილა ენერგიას!
_ სიმართლე რომ ვთქვა, სამეფო ხაჭაპურს კი არა, გლეხურ ფენოვან ხაჭაპურსაც დიდი სიამოვნებით გავიგდებდი ახლა ყბებში!
_ მარტო ფენოვანი ხაჭაპური დასაპლომბ კბილში ჩამრჩება. ფენოვანი სუფრა მინდა ახლა მე, თორემ ფენა-ფენა ჩამკეცა შიმშილმა.
_ სულს მივყიდდი ეშმაკს კარგი სუფრის სანაცვლოდ!
_ შენი ცოდვილი სული ისედაც ეკუთვნის ეშმაკს და არ დასჭირდება შენთან ვაჭრობა.
_ და შენი სული რომ მივყიდოთ, უცოდველო?
_ თუ ვიყო წინააღმდეგი რა! კარგ პურმარილში მხოლოდ ჩემს სულს კი არა, მთელი ჩემი შთამომვალობის სულებსაც წინასწარ გავყიდი.
_ ლუდი მაინც დაგვალევინა!
_ ზედმისწრებაა გაზიანი ლუდი ჩვენი ცარიელი კუჭებისთვის! ერთი ყლუპი ლუდიც ეყოფა ამ ჩემს აბუყბუყებულ მუცელს, რომ აფეთქდეს და გადმომაყრევინოს ნაწლავები.
_ შენი არ მინდა, მაგრამ საქონლის ნაწლავ-შიგნეულობაზე არ ვიტყოდი უარს! ღორივით დავთქვეფავდი კუჭმაჭს და კუპატს!
_ და ბოლოს ღორივითაც დააბოყინებდი, როგორც იცი ხოლმე.
_ ნატო გვიშველისო, რაღაც დიდ იმედს ამყარებენ შენზე, ნატო და აბა, შენ იცი, გაამართლე იმედები, გვიშველე რამე!
_ მე რა გიშველოთ?!
_ რა რა გვიშველო, მთელ საქართველოს შენი იმედი აქვს, ნატო! მშვიდობა, უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ამბები...
_ იმედი ბოლოს კვდება!
_ დამრჩეს ოხრად იმედი, მომინელა შიმშილმა! ხაჭაპური და ლობიანი მისცა ახლა ჩემს საწყალ კუჭს მოსანელებლად?!
_ ცხელ-ცხელ ხინკალზე რა აზრის ხარ?
_ მევასება, ჩასაყლაპი ვინმეა!
_ აუუუ, ნერწყვი მომადგა!
_ თუ ღმერთი გწამს, არ გადმოაფურთხო, ჩაყლაპე!
_ სხვა რა გზა მაქვს, საკუთარი ნერწყვის ყლაპვით ვატყუებ კუჭს!
_ საკუთარ ნერწყვს კი არა, ქუჩაში გადმოფურთხებულ ნერწყვებსაც ხინკლის წვენივით შევხვრიპავდი, ისე მშია!
_ ფუუუ...
_ ფუუზე ფული გამახსენდა და წერტილი დაესვა ჩემს შიმშილისაგან გაფუჭებულ ხასიათს. ფული რომ გვქონდეს ახლა, სხვანაირ ფუუუს დავიძახებდით ცხელი ხინკლების გასაციებლად.
_ კარგი ლობიანიც მაგრად გამისწორდებოდა!
_ შენ გაისწორო და ჩვენ გაგვასწორო?!
_ არა, რას ამბობ, მე ვაფშე არ მბერავს ლობიანი!
_ გაგბერავს და, ჩვენც დაგიმატებთ, ცემით გაგბერავთ!
_ ჩემი კუჭის ფეთქვა თუ გესმით?
_ უკაცრავად, ყურადღება ვერ მოგაქციეთ, საკუთარი კუჭების ღრიალში ვერ გავიგონეთ.
_ ყველა გზა რომში კი არა, კუჭში მიდის! კუჭის გვერდის ავლით შორს ვერ წახვალ, კუჭია მიზიდულობის ცენტრი და კუჭია დედამიწის ღერძი, კუჭზე ტრიალებს ეს დედამოტყნული დედამიწა!
_ ჭამა, ჭამა, ჭამა, ჭამა... ნუ შეჭამეთ ტვინი რა!
_ მეგობრებო, გინდათ, გაჭამოთ?
_ გვაჭამო?!
_ ჰო, გაჭამოთ!
_ გვინდა რომელია?! მწვადებად გველანდება ერთმანეთი!
_ ხბოს მწვადები უფრო მოგეწონებათ და წავედით რესტორანში!
_ ბიჭო, რესტორნის ტრაკი თუ გქონდა, რას გვაკნავლე მშიერი კატებივით?!
_ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!
_ არ მჯერა! შიმშილისგან მელანდება თუ ღმერთმა გადმოგვხედა?
_ ღმერთმა კი არა, გიომ გადმოგვხედა!
_ ამიერიდან შენზე ვილოცებთ: მამაო ჩვენო გიო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს...
_ დროზე წავიდეთ რესტორანში, თორემ ეს სულ წავიდა ხელიდან!
მაგიდას მიუსხდნენ რესტორანში. ხაჭაპურიც შეუკვეთეს, ლობიანიც, ხინკალ-მწვადიც... ღვინოც გიოს დასალოცად.
_ ოოო... აი, ცხონება! სამოთხე მე უკვე ვნახე, მეგობრებო!
_ ჯერ სად ხარ! ეგ სამოთხის კარიბჭეა. ღვთაებრივი საჭმელები მოგვართვან და მერე ნახე შენ სამოთხე!
_ კი ვნახავ, მანამდე თუ გავქაჩავ. შიმშილით გული მიმდის და იმედია, მომისწრებენ.
_ ჩემმა საჭმლის მომნელებელმა სისტემამ, გარედან რომ ვერაფერი მივაწოდე, შინაგანი ორგანოების გადამუშავება დაიწყო. შიგნიდან ვჭამ საკუთარ თავს.
_ აი, თურმე საიდან მოდის, ჩემი კუჭი ვჭამეო.
_ გამოვფუღუროვდები, დროზე თუ არ მოიტანეს შეკვეთა.
_ ცოტაც მოვითმინოთ და დავკმაყოფილდებით, მეგობრებო!
_ აუ, რა სუნია, აღვიგზენი! საჭმელებზე გავათავებ, ალბათ.
_ წმინდა ადგილას ვართ და თავი შეიკავე ბინძური აზრებისგან და ბილწსიტყვაობისგან, უწმინდურო! ეს რესტორანი სამოთხეა და გიო _ ღმერთი!
_ და ჩვენ _ ანგელოზები, არა?!
_ აბა?!
_ აბა, ჰე და აბა, ჰო! მე უნდა დაგტოვოთ!
_ სად მიდიხარ, გიო?
_ დროულად უნდა გავასწრო აქედან!
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ეშმაკი ვარ!
_ რა ეშმაკი, გიო?! ღმერთი ეშმაკობას იბრალებ?!
_ არ გინდა თავმდაბლობა, გიო! შენ ჩვენთვის ნამდვილი ღმერთი ხარ და ეს რესტორანიც ნამდვილი სამოთხეა!
_ მშივრები სამოთხეში?!
_ ჰოდა, შევჭამთ მალე და გავხდებით მაძღრები!
_ არც მაძღრების ადგილია სამოთხეში!
_ ტრაკები ვიყოთ, ოღონდაც ვჭამოთ ახლა!
_ ჰოდა, ტრაკებო, მე წავედი!
_ კი, მაგრამ ფული?!
_ რა ფული?!
_ აბა, გაჭმევთო?!
_ მერედა, არ გაჭამეთ?!