- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
„წმინდა არს... მიტრა და საკმეველი“
პაატა შამუგია
ეს არის მოცემულობა, რომელსაც ვერაფრით გავექცევით: ჩვენ ყველა მღვდლით ვართ დეტერმინირებული! ჯერ კიდევ მაშინ, როცა მღვდელს საფუძველი ეყრებოდა, იდგა დილემა, - როგორ ჩამოექნათ ორი საწყისი - მიწიერი და ზეციერი ერთ სხეულებრიობაში, - და გაჩნდა მღვდელი... მღვდელი ყველაზე ბრძენი არსება იყო მიწიერ არსებათა შორის. ის აბალანსებდა სიკეთისა და ბოროტების მარადიულ აუცილებლობას და ასე ახერხებდა ყოფილიყო ერთდროულად ორივე - კეთილიც და ბოროტიც. ამის გამო, ბოროტებს ის კეთილი ეგონათ, კეთილებს კი - ბოროტი. არადა, მღვდელი არც კეთილია და არც ბოროტი, - „იგი“მათ მიღმა მდგომი სუბსტანციაა, ამიტომაც ეპატიება ყოველივე... და მართლაც, ვინ ხარ შენ, ადამიანო, რომ განსაჯო იგი?! განა შენ „იგი“ ხარ, ან ის „შენ“ არის? მისი არსი მაღლიდანაა, შენ კი დღემდე ის არსება ხარ, რომელსაც 2000 წლის წინ მარგალიტები დაუყარეს, მაგრამ ის მაინც ტალახში...
თავდაპირველი მღვდელი, რომლის სახელიც ა-ზე იწყებოდა არ იყო ებრაელი; მას აარონი არ რქმევია; მოგვიანებით თქვეს ა-ზე კი არა მ-ზე იწყებოდაო (ალბათ მელქისედეკს გულისხმობდნენ, - ის ხომ ებრაელი არ ყოფილა), მაგრამ არა, პირველი მღვდლის სახელი სწორედ რომ ა-ზე იწყებოდა, ოღონდ ზუსტად რა ერქვა, ეს კი არ ვიცი, ამიტომ მას უბრალოდ „ა“ დავუძახოთ. სახელი „ა“ აადვილებს ჩვენს მიდგომას. ლაზარეს ენის (იმ ენის, რომელზეც ახლა ეს ტექსტი იქმნება) ანბანის პირველი ასო სწორედ რომ ა-ზე იწყება და ის იძლევა ბიბლიური ბერძნულის (კოინე) საკრალური ანბანის მარადიულ ალიტერაციას, რითაც სამყაროს იდუმალი რხევები გადააქვს ადამიანის ცოდვილ ბუნებაში და მას მოსვენებას უკარგავს. ამიტომაც მოხდება განკითხვა „ამითა ენითა“; ამ ენას, სხვებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული ვიბრაციის უნარი აღმოაჩნდა, რისი საიდუმლოც ალბათ მის სრულყოფილებაში იმალება, თორემ აბა, როგორ უკარგავს მისი ბგერითი და აზრობრივი ჟღერადობა ცოდვილებს მოსვენებას?.. (ვფიქრობ, ამიტომ უჭირთ გარყვნილ უცხოელებს ამ ღვთაებრივი ენის შესწავლა) და ეს ენა, მისი ანბანის (მხედრული) პირველი და ბოლო ასო (ანი და ჰოე) ქმნის მისტიკურ ალუზიას თავდაპირველი სიტყვის (ლოგოსის) მიერ გამოხატულ ისეთ ტრანსცენდენტალურ ცნებებთან, როგორიცაა „ალფა“ და „ომეგა“ - დასაწყისი და დასასრული (ის, ვინც არის, იყო და იქნება)!.. ვფიქრობ, სწორედ ამის გათვალისწინებით შეარქვა ღმერთმა პირველ მღვდელს ისეთი სახელი, რომელიც ა-ზე იწყებოდა და დღეს ზუსტად რომ არ ვიცით რა ერქვა, ამაშიც, მე პირადად, განგების ხელს ვხედავ...
მაშ ასე, - დღე მეექვსე!
როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, გაჩნდა მღვდელი და ეწოდა მას „ა“! ჯერ კიდევ მაშინ, როცა „იგი“ თავის არსს ბოლომდე ვერ აცნობიერებდა, დასვა შეკითხვა: „რისთვის გავჩნდი? აქ ყველა კარგად არის, სრული ჰარმონიაა, უკვე საუკუნეა ვერთობი, ერთობიან სხვებიც, მიყვარს აქაურობა, მაგრამ რაღაცა ისე ვერ არის... არ მაკმაყოფილებს რაც აქ ხდება, ვერ ვგრძნობ რომ სავსე ვარ“. მოულოდნელად მიხვდა, რაც აკლდა ამ ყველაფერს, - ეს იყო დ ა ძ ა ბ უ ლ ო ბ ა ! და ჩაუფიქრდა იმას, თუ როგორ შემოეტანა დაძაბულობა სამყაროში და მიხვდა, რომ დაძაბულობისთვის აუცილებელია დ ა პ ი რ ი ს პ ი რ ე ბ ა ! „როგორ შევქმნა დაპირისპირება ერთგანზომილებიან სამყაროში, სადაც ბედნიერებაც კი ასეთი ზედაპირული და წყალწყალაა? სადაც რაიმეს მიხვედრას ვერავინ ახერხებს, ყველა კმაყოფილია ბავშვური თამაშობებით?“ - და მაშინ ა-მ პირველად მიიღო სერიოზული სახე და აღმოაჩინა, რომ გარედან არაფრის შემოტანა არ არის საჭირო, ყველაფერი მასშივეა და შესაძლოა მათშიც, ვინც მის ირგვლივ დაფუსფუსებენ, მდინარეებითა და ყვავილებით მორთულ დედამიწაზე.
და აი, ერთხელაც „ა“ გამოჩნდა დედამიწაზე. მისმა სხეულმა სულში გამოჟონა და იგი სულს მანამდე არ მოეშვა, სანამ ბოლომდე ხილული არ გახდა. მივიდა ერთ ქალთან და წინ დაუდგა; იმ ქალმა კი მხიარულობა გააგრძელა, ისე, რომ ა-სთვის ყურადღება არ მიუქცევია. „ა“ სასწრაფოდ გაშორდა იქაურობას და ახლა მეორე ქალის წინ აისვეტა. არც იმან მიაქცია ყურადღება. ასე იარა ხუთი დღე და აი, დადგა დღე მეექვსე! ა-მ ინდის სანაპიროსთან ჩაიარა და იხილა მდინარის პირას ჩამომჯდარი ყრმა, ჩაფიქრებული. აქამდე ა-ს არასდროს ენახა ჩაფიქრებული ადამიანი და არც იმ ადამიანს, რომელმაც ა-ს ამოხედა, არასდროს ენახა შავად შემოსილი ქალი, სერიოზული სახით. ასე შეხვდა ერთმანეთს ფ ი ქ რ ი და ს ე რ ი ო ზ უ ლ ო ბ ა გარემოში, რომელიც ერთსაც და მეორესაც მთლიანად გამორიცხავდა. და დაიწყო ფიქრმა (შერწყმულმა სერიოზულობასთან) მოქმედება, რათა დაპირისპირება შემოეტანათ სამყაროში, რომელიც დაპირისპირებას მთლიანად გამორიცხავდა. და აი, მიხვდნენ! - მაშინ სხეულების შერწყმით სიამოვნებას ვერავინ იღებდა, ის მხოლოდ გამრავლების საშუალება იყო - არ იყო ტკივილი და შესაბამისად, არც სიამოვნება. „ა“ ჩაუღრმავდა თავის ზრახვებს, დაიძაბა, დაიძაბა და თითქოს რაღაც გასკდა მის გულში. რაღაც სკივრს თავი მოსძვრა და იქიდან ნაირნაირი უცხო შეგრძნებები ამოიყარა. და უთხრა შავებში შემოსილმა ა-მ წყლის პირას ჩამომჯდარ კაცს, - მე ვიცი, როგორ შემოვიტანოთ დაპირისპირება სამყაროში. წავიდეთ იქ, სადაც მთავარი ხე დგას და დაე ჩვენი სხეულები უჩვეულოდ შეერწყას ერთმანეთს! ეგ როგორო, - ჰკითხა კაცმა, - მაგრამ გაჰყვა. ქალმა გაიძრო შავი გამჭვირვალე შესამოსელი; კაცმა კი - რომელიღაცა ცხოველის ზოლიანი ტყავი და იწყეს სხეულთა შერწყმა ყველას წინაშე. მთავარ ხესთან ხომ ყოველთვის იკრიბებოდა ხალხი. თავიდან ამაში თითქოს არაფერი იყო გასაკვირი, გარდა სითამამისა, მაგრამ ერთი მორიგი შერწყმის დროს ა-მ უჩვეულო ბგერები ამოუშვა (რა ენაზე, ამას დღემდე არკვევენ, თუმცა, უფრო სანსკრიტისკენ იხრებიან). იგი მოძრაობების ცვლასთან ერთად, ცვლიდა ხმის ტემბრს და თავდავიწყებას ეძლეოდა. ეს განწყობა ნელ-ნელა კაცსაც გადაედო და ბოლოს მათი დისონანსური ბგერების მჭახე ნაკადი ყველაზე დაშორებულ ადგილებსაც კი მისწვდა. ყველა მიხვდა, რომ ეს არ იყო ჰარმონია, რომელიც უანგარობას გულისხმობს; ეს იყო... და ეს რაც იყო, მაშინ მიხვდნენ, როდესაც თავადაც, დახარბებით, იგივეს გამეორება დაიწყეს და ერთმანეთს გადასდეს სიამოვნება. სიამოვნება კი დაპირისპირების ნაყოფია, დაპირისპირების გარეშე სიამოვნება ვერ მიიღწევა. ყველა ქალს და კაცს გაუჩნდა სურვილი ეჩხუბათ. რაც უფრო მეტად ჩხუბობდნენ, მით მეტ სიამოვნებას იღებდნენ ერთმანეთით... მაგრამ სულ ვერ იჩხუბებ, თუმცა შესაძლებელია ჩხუბის რეჟიმში იყო, და აი, გაჩნდა ნანატრი დ ა ძ ა ბ უ ლ ო ბ ა ! მერე ის ქალი გაქრა, მისი სხეული სულმა გაიწოვა. კაცი კი ყველას თვალწინ ინდიში გადაეშვა. ხალხი გაკვირვებული უყურებდა, მიშველება არც უფიქრიათ. როცა უჩვეულოდ გაშეშებულ, ფერშეცვლილ და გაბერილ, უმოქმედო სხეულს მიაგნეს, გაუკვირდათ,- ეს რა არისო? რა იცოდნენ, რომ მალე მათაც იგივე ელოდათ. შესაძლოა ფორმაში ყოფილიყო პატარა განსხვავება, თორემ შინაარსი ყველგან იგივე იქნებოდა, რადგან, სადაც სიამოვნებაა, იქ დაპირისპირებაა და სადაც დაპირისპირებაა, იქ სექსია და სადაც სექსია, იქ ვნებაა და სადაც ვნებაა, იქ დაძაბულობაა და სადაც დაძაბულობაა, იქ ს ი კ ვ დ ი ლ ი ა !.. ასე გადაარჩინა ა-მ თავისი არსი და მიხვდა, რომ ის არც ცუდია და არც კარგი, არც კეთილია და არც ბოროტი, ის უბრალოდ მოცემულობაა - არქე, აპეირონი, ყველაფრის მიღმა მდგომი, მაგრამ აუცილებელი. მას ყველაფერი ეპატიება, მას სქესი არა აქვს... ის არის მღვდელი!
და აი, გამოხდა ხანი. ა-მ კვლავ გადმოხედა დედამიწას, მისმა გამჭოლმა მზერამ გამოარღვია ეთერი, შუაგააპო ატმოსფეროს გარსი (სწორედ მაშინ მოხდა ეგვიპტეში პირველი კლიმატური ცვლილებები) და ნილოსის მიდამოებს ჩააშტერდა და იხილა ულამაზესი, შიშველი, მდინარეში მობანავე ქალების მთელი გუნდი და მიაწვა სისხლი, რომელიც მას არ ჰქონდა, იმ ორგანოს, რომელიც მას არ ება და დაებერა და გაუქვავდა ისე, რომ თვალთ დაუბნელდა. ახლა მღვდელს კაცად ყოფნა ეწადა და კვლავ დაიწყო მისმა სხეულმა სულში გამოჟონვა ისე სწრაფად, რომ დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლა ძლივს მოასწრო, თორემ მოგეხსენებათ, ხახუნის ძალა რასაც უზამდა მის ამძუვნებულ ხორცს. და მოარღვევდა, მოარღვევდა ა-სთან ერთად დედამიწის ატმოსფეროს გაურკვეველ არსებათა, „ფრთიან ქიმერათ გვიანი ჯარი“, რათა ადამიანის გენი შეეცვალათ, რასაც დღეს სჩადის მეცნიერება (შესაძლოა ა-ს დახმარებით), და წარმოეშვათ გაურკვეველ არსებათა მოდგმა, რომელსაც მოგვიანებით ნეფილიმები ეწოდათ... როცა მთელი ეგვიპტე ჰიბრიდული არსებებით აივსო და მხოლოდ რვანიღა დარჩნენ, ვისაც ვერაფერი მოუხერხეს ა-მ და მისმა ლეგიონმა, მოულოდნელად, პირველი წვიმა წამოვიდა ქურუმთა ქვეყანაში. მანამდე მსგავსი რამ არასდროს ენახათ. ქურუმებმა ვერაფრით ახსნეს, რა ხდებოდა? მდინარე ნილოსი კი დიდდებოდა, დიდდებოდა, უჩვეულო ზომებს იღებდა, ბობოქრობდა, აღარავის ინდობდა... სწორედ იმ პერიოდში გამოჩნდა კაცი, სახელად გილგამეში (მას ქურუმები ეზოთერიკოსსაც უწოდებდნენ), ნეფილიმებსგადარჩენილი. მოძებნა ის რვა და ასწავლა თვითშენახვისა და გაუჩინარების ხელოვნება. ასე გაქრა ცხრა ადამიანი ეგვიპტეში იმ დროს, როდესაც წვიმდა და ნილოსი დიდდებოდა. „ა“ თავის ლეგიონთან ერთად მიხვდა, რომ მიზანს მიაღწია. ახლა უნდა გაშორებოდა აქაურობას და მისმა სულმა კვლავ გარდქმნა მისი სხეული. ქიმერების ჯარმაც იგივე გააკეთა და შემდეგ, აუღელვებლად, ატმოსფეროდან ადევნებდნენ თვალს, როგორ შთანთქავდა მათ გატანჯულ ცოლ-შვილს ადიდებული ნილოსი, ისე, რომ ერთი მათგანიც არ გადარჩენილა... და აი, მიხვდა „ა“, რომ ის სიყვარულზეც მაღლა იდგა!.. გადარჩენილი ცხრიდან კი, ენოქო იყო ერთადერთი, რომელმაც ატმოსფეროდან გასული ლეგიონის დანახვა შეძლო. მათ ვიღაცა, ოქროსფრად მოელვარე მიუძღვოდათ წინ. ეს იყო „ა“!
(მკითხველო, ალბათ ნელ-ნელა პროტესტი მწიფდება შენში, - კი მაგრამ, ამ პერიპეტიების შემყურე, ღმერთი სად იყო და რას აკეთებდაო?! ამაზე გიპასუხებ, - ღმერთმა მხოლოდ ერთხელ ალაგმა ა-ს თავნებობა. როდესაც ის მღვდლად ეკურთხა, რატომღაც მოუნდა ერთი ებრაელი მეძავი ქალის ცოლად შერთვა. ამაზე ყველამ თვალი დახუჭა, - დაე, იყოს როგორც უნდაო. ყველას ის მომენტი გაახსენდა, ერთხელ ღმერთმა თავის წინასწარმეტყველს მეძავი ქალის შერთვა რომ აიძულა, რათა მისი ერისთვის ცოცხალი მაგალითით ეჩვენებინა მათი უკუღმართობა... წინასწარმეტყველსაც რა დღე ჰქონდა, ადგა და შეირთო... მერე, გადმოცემით ვიცი, მგონი იმ ქალმა გარყვნილ ცხოვრებას თავი დაანება და ქმარი შეუყვარდა. ებრაელებმა კი, რომლებსაც ამ შემთხვევიდან რაღაც უნდა ესწავლათ, მხოლოდ მეორე ნაწილს მიაქციეს ყურადღება და კომპლიმენტადაც კი მიიღეს. ღმერთი, მოგეხსენებათ, ღმერთობს ოდენ სამყაროს ენით უთქმელში და ის იმდენად დიდ პატივს სცემს ადამიანის თავისუფალ არჩევანს, ხშირად თვალის დახუჭვა უწევს ბევრ რამეზე... ასე აპატია ა-საც მაშინ ეს ვოლუნტარისტული გამოხტომა! მაგრამ როდესაც ჩვენს მღვდელს ორი ბიჭი შეეძინა და ისინიც შთამომავლობის უძველესი წესის მიხედვით, მღვდლებად აკურთხეს, აიშვეს და რა აიშვეს, - მამას გადააჭარბეს. პირდაპირ უფლის ტაძრის (სადაც წმინდა სულია დავანებული) წირთხლთან სჩადიოდნენ მეძავებთან აღვირახსნილ საქმეებს, არც წმინდათაწმინდას ერიდებოდნენ და აი, როგორც იქნა, ღმერთი აღშფოთდა და თავადვე დააკლა ორივე ზედ ტაძრის სამსხვერპლოსთან და ა-ს უთხრა, - შეკრიბე ხალხი ჩემს წინაშე და მთელმა ერმა იზეიმეთო! ა-საც რა უნდა ექნა? - ადგა, მოაგროვა ხალხი და ის კვირა (მთვარის კალენდრის მიხედვით) მხიარულების კვირად გამოაცხდა. ასე აზეიმა ღმერთმა ა-ს საკუთარი შვილების სიკვდილი. ხოლო ის ნათესავები, რომლებმაც დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და კურცხალი ჩამოაგდეს, სამუდამოდ გაუყვნენ ა-ს შვილების კვალს. ეს მაგალითი იყო სხვებისთვის... ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში პირველი ზეიმი ადამიანის სიკვდილის გამო. სწორედ აქედან იღებს სათავეს ზოგიერთ ერში დამკვიდრებული მოთქმა-გოდება ბავშვის გაჩენის დროს, ხოლო მხიარულება - მისი გარდაცვალებისას. მოგვიანებით ერთმა ბრძენმა თქვა კიდეც: ჯობია არ დაიბადო, ხოლო თუ დაიბადები, რაც შეიძლება მალე მოკვდე და გაქრე ამ ქვეყნიდანო!..
ეს იყო და ეს, მკითხველო! თუ გსურს, დაკმაყოფილდი შურისძიების ამ ერთი ფაქტით, თუ არადა, ჩათვალე, რომ ღმერთი უსამართლოა. ამისთვის შეიძლება შენც პასუხი მოგთხოვონ სადღაც, ოდესღაც. კეთილი ინებე და ამისთვის მზად იყავი. ყველაზე მეტად, რასაც ღმერთი არ პატიობს ადამიანს, ცოდვა კი არ არის, არამედ მსოფლმხედველობა!)
გამახსენდა ა-ს სახელის მეორე ასო! ასევე ლაზარეს ენის ანბანის მეორე ასო - ბ! ა, ბ... მერე? შემდეგი ასო რომელია? ღმერთო, გამინათე გონება! კარგი, გავაგრძელოთ და ვფიქრობ, გზადაგზა გაგვახსენდება! მაშ ასე: „ბ“.
სწორედ ბ-მ შემოიტანა კაცობრიობის ისტორიაში მსხვერპლშეწირვის იდეა! მან ჩამოასხმევინა შორეულ აღმოსავლეთში სამას მილიონამდე ღვთაება. იქ სპილო დომინირებდა, თვინიერების სიმბოლო (ამ სპილოს გამო იყო, მომდევნო საუკუნეეებში, ამდენი ხანი რომ მოუწია ინდოეთს დიდი ბრიტანეთის ტყვეობაში ყოფნა); ახლო აღმოსავლეთში კი წითელკბილებდაკრეჭილი ხბო - სახელად მოლოხი, - აგრესიის, აღვირახსნილობისა და უანგარობის სიმბოლო.მან დაანთებინა ჩაუქრობელი ცეცხლი ველზე, რომელსაც მოგვიანებით გენჰიმონი ეწოდა და სადაც აუარება ბავშვს წვავდნენ, რაღაცა გაუცნობიერებელი ჟინის დასაკმაყოფილებლად. რა იყო ეს ჟინი? ეს იყო ლაპარაკის შეუძლებლობის ჟინი! (აი, ახლა, მე, ვერაფრით გავიხსენე რა ერქვა პირველ მღვდელს და ამის გამო ამხელა ტექსტის დაწერა მიწევს. დამერწმუნე, ახლა მე გენჰიმონის ველზე ბავშვის მსხვერპლშეწირვის მისტერიულ რიტუალს ვასრულებ!).
სწორედ იმის გამო, რომ ბ-მ ვერ დაასრულა თავისი თავი, ვერ ამოივსო სულში წარმოქმნილი ნაპრალი, - სახელად შეოლი, მოუნდა დროებითი კმაყოფილება მაინც ეგრძნო და დაიწყო სისხლის სმა... სვამდა და სვამდა, სვამდა და სვამდა, მაგრამ ვერაფრით იხსენებდა თავის სახელს. პირიქით, უფრო და უფრო ავიწყდებოდა და გრძნობდა, სწორედ იმით იღუპებოდა, რითაც თავის გადარჩენას ცდილობდა. ამას, თანამედროვე ფილოსოფიაში დეკონსტრუქცია ჰქვია! ადამიანს არ უყვარს ლაპარაკი, ადამიანი იძულებულია, ილაპარაკოს. მას რომ სრულყოფილად აზროვნება შეეძლოს, არ ილაპარაკებდა, არ მოუნდებოდა მოეყოლა თავისი თავი. არ ისურვებდა, აეგო ისეთი ბაბილონის გოდოლი, რომელიც ლაპარაკის უნარის გარეშე დაუსრულებელი დარჩებოდა; არც ცათამბჯენებს ააგებდა თანამედროვე ყოფაში, რადგან ცათამბჯენი თვითდათრგუნვის, საკუთარი ღირსების ფეხქვეშ გათელვის ჟინის სრულყოფილი არგუმენტია. იმითვე, რითაც ჩვენს თავს ვაშენებთ, ვანადგურებთ კიდეც მას; იმითვე, რითაც ჩვენს თავს ვუახლოვდებით, ვშორდებით კიდეც მას. - აი, კაცობრიობის ისტორია! და ბ-ს მოუნდა ა-ს დაბრუნებოდა, ა-ს კი მოუნდა ბ-ს დაწეოდა და... ღმერთო ჩემო, გამახსენდა, მისი სახელის მესამე ასო! ეს არის „ა“! ა-ს განსაკუთრებული როლი ერგო კაცობრიობის ისტორიაში. მღვდლის სახელის ამ მესამე ნაწილაკს წილად ხვდა „პატივი“ მოეკლა ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს „ღვთის ძეს“ უწოდებდა!
„ძე“ ცდილობდა ადამიანი ეხსნა ლაპარაკის მძიმე ტვირთისაგან, ამიტომაც საკუთარ თავს „სიტყვა“ უწოდა. ხშირად ამბობდა, - „მე ვარ!“ - და მისი პიროვნება სრულ სისავსეს ასხივებდა. ერთხელ აბა-მაც მოინდომა მსგავსი რამ და თქვა: „მე ვარ!“. და დასრულებული არ ჰქონდა სიტყვა, რომ თავისდაუნებურად უცნაურმა შეკითხვამ წამოყო თავი: „ვინ ხარ შენ?“ და აბა-ს აღმოხდა არაადამიანური ყვირილი: „ვინ ვარ მე?!“ და განიზრახა „ძის“ სისავსეში შეპარულიყო. „ძე“ კი თავისი არსებობის მანძილზე პირველად ალაპარაკდა, და ალაპარაკდა იმიტომ, რომ ადამიანები ჩუმად ყოფილიყვნენ, მათ ეგრძნოთ სიჩუმის ფასი; მიმხვდარიყვნენ, რომ კამათში კი არა, დუმილში იბადება ჭეშმარიტება!
და აი, ერთხელაც ძე ლაპარაკობდა ხალხში, ყველა სულგანაბული უსმენდა: ხედავთ ამ ტაძარს? - ხელი უზარმაზარი მტკიცე ნაგებობისკენ გაიშვირა, - აქ უხსოვარი დროიდან მღვდლები მსახურობენ და მის სიდიდეში ეძებენ ჭეშმარიტებას, რადგან მათ დაკარგული აქვთ თავიანთი სიდიადე იმით, რომ დაივიწყეს საკუთარი სახელი და ახლა ვეღარაფრით იხსენებენ. ისინი თავის სახელის გასახსენებლად ყოველდღე სწირავენ მსხვერპლს და სისხლის დანახვაზე დროებით კმაყოფილებას ეძლევიან. მე კი გეუბნებით, ტაძარში ვერასდროს შეძლებთ თქვენი სახელის სრულყოფილად წარმოთქმას, ამიტომ, მოდით, დავანგრიოთ ეს ტაძარი, ის ხომ სატყუარაა და მეტი არაფერი. აი, ხედავთ იმ კლდეს? - ხელი აღმოსავლეთის სურნელოვანი ბაღისკენ გაიშვირა, სადაც არანაირი კლდე არ იყო, - იქ უნდა აშენდეს ეკლესია,რომელსაც ვერასდროს მისწვდება ადამიანის სულში გაჩენილი ნაპრალი, იგივე შეოლი. იმ ეკლესიას, რომელიც მთათა სათავეში დადგინდება, უნდა ეწოდოს სიყვარული და მდუმარება!..
„ა“ შორიდან უსმენდა ამ ლაპარაკს, მაგრამ ვერაფერი გაეგო, ამიტომ გადაწყვიტა კონკრეტულ ქმედებაზე გადასულიყო. მივიდა ძესთან და უთხრა: მიდი მერე, და ააშენე! - დიახ, ერთად ავაშენოთ, - მიუგო ძემ, - ოღონდ ესეც მითხარით, თქვენ რა გქვიათ? მე? მე?.. აა, აბა... მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მნიშვნელობა ისა აქვს, თუ შენი სახელი არ იცი, არასდროს დათანხმდები აი, იმ ტაძრის დანგრევას და იმ კლდეზე ახალი ეკლესიის აშენებას!.. „ა“ გაყინული სახით გამობრუნდა უკან და ნიკაპზე სისველე იგრძნო, ხელი მოისვა, დახედა და ლამის შეიშალა, პირიდან სისხლი გადმოუვიდა და მიხვდა, მისი ხსნა ძის სისხლის დალევაში იყო!..
და აი, წავიდა მღვდელმთავარი „ა“ დიდებულ ტაძარში თავის ქვეშევრდომებთან მოსალაპარაკებლად, რათა დაერწმუნებინა ისინი, რომ მათი ერთადერთი ხსნა ამ ტანჯვისაგან, ძის სისხლის დაღვრა იყო... ამის აუცილებლობაში მათი დარწმუნება არ გასჭირვებია, რამდენიმემ ისიც კი თქვა, - რაც ეგ გამოჩნდა, საერთოდ ვეღარაფერს ვიხსენებთო. მთლიანად დავკარგეთ საკუთარი თავის შეგრძნებაო. დროებითმა მსხვერპლმაც კი ძალა დაკარგაო და ა. შ. წითელკბილებიანი ხბო, რომელიც ჩემი სახელის მეორე ასომ შექმნა სად არისო, - იკითხა ა-მ. ტაძრის სარკოფაგში, საიდუმლო სკივრში ინახება უკვე ათას ექვსასი წელიაო, - მიუგეს მღვდლებმა. ამოიტანეთ, ახლა დაგვჭირდებაო, - და მართლაც ხბო, რომლის შიგთავსიც შედედებული, გამხმარი სისხლით იყო სავსე, ამოიტანეს და დადგეს ტაძრის საკურთხეველთან. ლოცულობდნენ და გარს უვლიდნენ, რაღაც გაუგებარ სიტყვებსაც წარმოთქვამდნენ, რის შემდეგაც ხბოში სისხლმა ლღვობა დაიწყო და ამ წითელმა სითხემ მისი კბილებიდან გამოჟონა... ასე გაგრძელდა მთელი ღამე, მანამ, სანამ ხბოს შიგთავსი ბოლომდე არ დაიწრიტა სისხლისგან, ახალი სისხლის მოლოდინში...
...ერთ-ერთი საუბრის დროს მღვდლებმა შეიპყრეს ძე და წაიყვანეს, რათა მსხვერპლად შეეწირათ მოლოხისთვის, - დარწმუნებულებმა იმაში, რომ მისი სისხლის დანახვისას, მთლიანად გააცნობიერებდნენ თავის თავს და შეძლებდნენ სახელების სწორად წარმოთქმას. დაუწყეს ტანჯვა (უნდა ითქვას, რომ ძის შეპყრობიდან მის მოკვლამდე, არც ერთ მხარეს სიტყვა არ დაუძრავს ერთმანეთის მისამართით). სერავდნენ, ამათრახებდნენ, ხორცებს აგლეჯდნენ, მაგრამ ამაოდ, წვეთი სისხლი არ გადმოდიოდა ძის სხეულიდან. დანას ურჭობდნენ ისე, რომ ღვიძლიც კი დაუზიანეს, მაგრამ სისხლი არა და არ გადმოდიოდა. ბოლოს გადაწყვიტეს, გულის მხარეს ხმლის ნელა შეყვანით მოეკლათ იგი. მოგეხსენებათ, გული სისხლის მტუმბავი ორგანოა და მაღალი იყო იმის ალბათობა, მომაკვდავ ადამიანს ვეღარ გაეკონტროლებინა თავისი სხეული და სისხლი გამოეშვა... ამით ორ კურდღელს დაიჭერდნენ, პირველი იმას, რომ სისხლს მოიპოვებდნენ და მეორე,- ბარემ მსხვერპლსაც მოიშორებდნენ... როდესაც მკერდი გაუპეს და ხანჯალი ნელ-ნელა შეუყვანეს, ძემ საშინელი ტკივილი იგრძნო, როდესაც ხანჯლის წვერი გულის გარსს შეეხო, ტკივილი აუტანელი გახდა; ხოლო როდესაც გულში შევიდა, ტკივილი გაასმაგდა. ძემ მაინც მოახერხა სისხლის შეკავება, მისი სხეულიდან წვეთი სისხლი არ გადმოდინებულა. სიკვდილის წინ კი დაიყვირა: აბბა მამა! „აბა“ ზეცისკენ შემართული დანით ხელში, შეშლილივით გარბოდა და ყვიროდა: მან ჩემი სახელი წარმოთქვა! მან ჩემი სახელის პირველი სამი ასო წარმოთქვა!- და ამ დროს გაიხა დიდი ტაძრის ფარდა, შეირყა მისი საძირკვლები და ტაძარმა, რომელიც საუკუნეებს ითვლიდა, ნანგრევების ქვეშ მოიყოლა იქ მომსახურე ადამიანები, ხბო კი ნამსხვრევებად აქცია! „აბა“,„საწამებელი მთიდან“ დანგრეული ტაძრისკენ გამორბოდა და კვლავ მთელი ხმით ყვიროდა, - მან ჩემი სახელის ასოები წარმოთქვა!.. და აი, გაახსენდა მეოთხე ასო, ეს იყო -დ!
(მკითხველო, ისევ პროტესტი ხომ არ მწიფდება შენში? - მართლა ფიქრობ, რომ ვინმე სატანა დგას მღვდლების უკან? - არამც და არამც! ღმერთმა იცის, ვინ ვის უკან დგას. ან საიდან მოიგონეს ჰა, რა, ეშმაკები არიან?.. თვალი გაუსწორე მკითხველო, ცეცხლი აინთო და კვლავ გამოვლინდა მის სუბსტანციაში არსებული ამბივალენტური ბუნება. აჰა, უბოლოო მწკრივები სიკეთისა და ბოროტებისა... არავითარი ორი საწყისი, ყველაფერი ერთადერთისგან გამოედინება და ყველაფერი ერთადერთს მიემართება და ყველაფერი იცვლება და არაფერია მარადიული ამ სამყაროში, გარდა თავად ცვალებადობისა... ჰერაკლიტე ეფესელის მიხედვით, ახლა ჩვენ ჩაქრობამდე მისული ცეცხლის ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს არის ეპოქა, რომლის მდინარეშიც ერთხელაც ვერასდროს შეაბიჯებ, რადგან არც ნაბიჯია შესაძლებელი და არც მდინარე... სატანა წმინდა მამებისა და მანიქეველების მიერ ყურით მოთრეული სისულელეა. დაუსრულებლად კამათობდნენ იმაზე, თუ რა არის ბოროტება: ერთნი ამბობდნენ, - ეს ისეთივე საწყისის მქონეა, როგორც სიკეთეო. მეორენი კი უმტკიცებდნენ, - ბოროტებას არსი არა აქვს, ის სიკეთის ნაკლებობააო. ეს ყოველივე ხომ გაურკვეველი ცნებებით სპეკულაციაა და მეტი არაფერი... ჩვენ გვხდება წმინდა წერილში ასეთი ფრაზა: „ღვთის ბოროტი სული“. - გეთანხმები, არ შეიძლება ღმერთს ბოროტი სული ჰქონდეს, ამიტომ ვერაფერს ვუწოდებთ ჩვენ ვერც სიკეთეს და ვერც ბოროტებას, რადგან არ ვიცით, რას აღნიშნავს ეს სიტყვები. სამაგიეროდ ვიცით, რომ მარიონეტები ვართ ამ დიდ სპექტაკლში (ამაზე რეფლექსირების შესაძლებლობაც კი საკმარისია, ჩვენი გენიალობის შესაგრძნობად), რომელშიც, გვინდა არ გვინდა, საუკეთესოდ მოგვიწევს ჩვენი როლების თამაში. ვიღაცას სატანა დაარქვეს და ეს სახელი თავის როლს თამაშობს. ალბათ შენც გქვია რაღაც და გარწმუნებ, ვერასდროს ჩასწვდები ბოლომდე, რა და რატომ გქვია? მე ოთარი მქვია, რაც არაბულად ნიშნავს „სურნელოვან ნელსაცხებელს“. გაგეცინა? ჰო, მეც სულ მეცინება ჩემს სურნელოვნებაზე! ამიტომ, ნუ გაგიჩნდება პროტესტი. თუ არ შეგიძლია შეეგუო მოცემულობას, გახსოვდეს, - ეგ შეუგუებლობაც უბრალო მოცემულობაა და მეტი არაფერი. ამიტომ, როდესაც მღვდელზე ვლაპარაკობთ, - მის შავ ანაფორასა და მოშვებულ წვერზე, მკერდზე ჩამოკიდებულ ჯვარზე და ფარისევლურ გამოხედვაზე, დაყენებულ რელიგიურ მანერებზე და გამაღიზიანებელ უდარდელობაზე, - შენ შეგიძლია ამ ყველაფრის მიღმა სატანა დაინახო და ამით გული მოიფხანო; შეგიძლია იფიქრო სასჯელზე, რომელიც მათ გარდაუვლად დაატყდებათ და ამით შენი ჩაგრულობა გაამართლო. მაგრამ რა დგას რეალურად (თუ ასეთი სიტყვის გამოყენება საერთოდ რელევანტურია ასეთ დროს) ამ ყველაფრის მიღმა, ვერასდროს გაიგებ. მე მაგალითად ვერ ვიტყოდი, რომ ბოროტების მიღმა სატანა დგას. შესაძლოა, ბოროტება დგას სატანის მიღმა. ამიტომ ვამტკიცებ, რომ თავდაპირველად იყო „მღვდელი“!..)
მაშ ასე, დ-მ თავისი სახელის წინა სამი ასო - „აბა“ - ჩაიწერა და დ-ც მიაწერა, რომ არ დავიწყებოდა და ნილოსის ნაპირებიდან ჩამოტანილი პაპირუსი, გულის ჯიბეში შეინახა.
არაფერია იმაზე მტანჯველი, როდესაც ეძებ შენს თავს, რომელიც არ დაგიკარგავს. შეიძლება, ეძებდე დაკარგულ დროს, ან საყვარლის საფლავს, მაგრამ არდაკარგული თავის მოძებნა ძალიან ძნელია... ძე კი ამბობდა: „ეძებეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგიღებენ“,- ეს სულ ახსოვდა დ-ს, მაგრამ რა უნდა ეძებნა, ან სად უნდა დაეკაკუნებინა, ვერაფრით მიმხვდარიყო. კარი ვის უნდა გაეღო, ამას საერთოდ ვერ ხვდებოდა... ეჰო, - თქვა და ხელი ჩაიქნია!
და აი, აქედან იწყება თანამედროვე კაცობრიობის, ან, თუ გნებავთ, კაცობრიობის თანამედროვე ისტორია: დ-მ გამოიგონა ალქიმია! „დ“ იყო პირველი მღვდელი, რომელმაც ფილოსოფიური ქვის მისაღებად ორი ტონა შარდი მოხარშა. ამ რაოდენობაზე მანამდე არავინ ასულა. და როდესაც უზარმაზარი რეზერვუარის ზემოთ მოთავსებულმა ქვამ სალათისფრად გაანათა ჩაბნელებული ოთახი, დ-მ შესძახა: heureka! და მიუხედავად ყველაფრისა, დ-ს არ აინტერესებდა სულიერი ტრანსფორმაცია. მას ჰქონდა სრულიად ამაზრზენი პრაგმატული მიზანი: სურდა ფილოსოფიური ქვით ნებისმიერი მეტალი ოქროდ ექცია და მარტივად გამდიდრებულიყო, ანუ მამონას დამორჩილებოდა. სწორედ ამ სულმდაბლობისთვის დასაჯა იგი Hermes Trismegistus-მა იმით, რომ ვერასდროს მიხვდა, ის რაც გამოიგონა, რაც ქვაში ანათებდა, რაიმეს გარდამქმნელი (ქრისოპოეია) იყო თუ უბრალო Phosphorus-ი. ამ გზით რომ ვერ გამდიდრდა, ახლა შეეცადა ადამიანის ექსკრემენტებისა და ყველა ორგანული და არაორგანული ნივთიერების შერევით მიეღო ე. წ. სიცოცხლის ელექსირი (პანაცეა). იმდენი ჭკუა ეყო, რომ ამ შერევის შედეგად მიღებული სითხე, რომელიც მცირე კოლბაში მოათავსა, ჯერ თავისი ინკვიზიტორი მეგობრებისთვის დაელევინებინა და შედეგმა გააოგნა, - სამიდან ორი მღვდელი საშინელი ტანჯვით გარდაიცვალა, ერთს კი სამუდამო დამბლა დაეცა. „დ“ მიხვდა, რომ მას ეს სითხე არ უნდა გადაეღვარა. მოვიდოდა დრო და აუცილებლად გამოადგებოდა... ახალი ექსპერიმენტი წამოიწყო, სამყაროს ოთხი სტიქიონის - ჰაერის, მიწის, წყლის და ცეცხლის მოხელთება სცადა. ეს იყო პირველი განხორციელებული ჯადოქრობა დედამიწაზე. მან რაღაც დაიჭირა, რაღაცას მიაგნო, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ სამყაროს შექმნის საიდუმლო ამოხსნა. აღელვებულმა, მისდაუნებურად ჩაიბუტბუტა: „ის, რაც ქვემოთაა, შეესაბამება იმას, რაც ზემოთაა და ის, რაც ზემოთაა, შეესაბამება იმას, რაც ქვემოთაა, რათა განხორციელდეს საგანთა ერთიანობის სასწაული“. თავისი მიგნებით გაბრუებული დაეხეტებოდა და სვამდა რძისფერ სითხეს, რომელიც ამ გამოგონების შედეგი იყო. სითხე სამყაროს ყველაზე მიუღწეველ ადგილებში დააქროლებდა. მან აღმოაჩინა კოსმიური ოქროს კვეთა, ღვთაებრივი პროპორცია, მიხვდა იმას, რასაც მოგვიანებით ფიბონაჩის რიცხვების საიდუმლო ეწოდა. გონებაში მოხაზა ის, რასაც მოგვიანებით ვიტრუვიანელი ადამიანი შეარქვეს და ა. შ. მოკლედ, ეს იყო რელიგიის დასაწყისი კაცობრიობის ისტორიაში. დ-მ გამოიგონა ოპიუმი! სწორედ ამ გამოგონებამ უკარნახა დ-ს თავისი სახელის მომდევნო ასო, რომელიც სრულიად არაფრიდან ამოიზარდა. ეს იყო - „ო“! გახარებულმა „აბად“-მა გულის ჯიბიდან პაპირუსი ამოაძვრინა...
(მკითხველო, ახლა შევეცდები მცირეოდენი ფორმალური ლოგიკის კანონების გამოყენებით დაგარწმუნო, რომ შენ უკვე გამოიცანი ჩვენი მღვდლის სახელი. რადგან ტექსტის კითხვა არ შეწყვიტე, ის კი არა, ასო-ასო მომყვებოდი, რათა ერთად გადაგველახა გზადაგზა წარმოშობილი რიგი დაბრკოლებები და შენ ეს არ მოგბეზრდა, ესე იგი, განათლებული და გამჭრიახი ადამიანი ხარ! განათლებულმა ადამიანმა კი შეუძლებელია არ იცოდეს, ამ სახელის გამოსაცნობად რამდენი და რა ასოები დარჩა. ახლა მე ვარ რთულ მდგომარეობაში, - როგორ დაგარწმუნო, რომ ტექსტის წაკითხვა არ შეწყვიტო. ისე კი მერჩია, ოდნავ ირაციონალური ყოფილიყავი და ბევრ რამეზე თვალი დაგეხუჭა, მაგრამ რას ვიზამ, მე ეგეთი ბედი მაქვს, ყოველთვის განსწავლული მკითხველი მხვდება. მოდი, ასეთ ექპერიმენტს შემოგთავაზებ, - დაივიწყე ეს სახელი, რომელზეც ტექსტია აგებული. მიდი, რა, სცადე, - თუ გამოგივა, შენი გამჭრიახობა მისნობაში გადაიზრდება და თუ იმის დავიწყებასაც შეძლებ, რომ გთხოვე დაივიწყე-მეთქი, მჯერა, ღმერთობამდე ამაღლდები!.. ახლა შენზეც ვიმსჯელოთ, ვინც ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარხარ, რომელ სახელს ვგულისხმობ, თუმცა წაკითხვა მაინც გააგრძელე. მე შენ თაყვანს გცემ! შენ ბუნებრივად გაქვს ის, რისი დავიწყებაც განათლებულ ადამიანს უზარმაზარი ძალისმევის ფასად დაუჯდება. წარმოიდგინე, შენ გაქვს ის, რაც არ გაქვს, განათლებულ მკითხველს კი არ აქვს ის, რაც აქვს. ამიტომ, მე ორივე თქვენგანს მოვუწოდებ კითხვის გაგრძელებისკენ, იმის გათვალისწინებით, რომ მე ორივე თქვენგანზე ბევრად უარეს მდგომარეობაში ვარ: იმის გარკვევაც კი არ შემიძლია, საერთოდ ვინ ვარ ამ ტექსტთან მიმართებაში, რა ფუნქცია მაქვს და რა პასუხისმგებლობა მეკისრება? ან როგორ შევძლებ მომავალში მისგან დისტანცირებას ისე, რომ ერთხელ მაინც შევძლო მისი წაკითხვა? კიდევ ერთი პრობლემა თავად მღვდელია, - ვერა და ვერ მიმხვდარა, რა ჰქვია, ვინ არის, საიდან მოდის? გეკითხებით, - თუ თვითონ არ იცის, მე როგორ უნდა გავარკვიო ამ ყველაფერში? ან ვის რას მისცემს ამგვარი გარკვეულობა? საერთოდ შესაძლებელია ვინმემ რამე გაარკვიოს? ჩვენ, თავად პერსონაჟებმა, ვითომ ვიცით ამ მოთხრობის „უთვისებო კაცს“ რა ჰქვია? შეატყვე ალბათ, უკვე ჩემს თავს ვეწინააღმდეგები. ამიტომ, მოდი, ახლა ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მე, შენ, კიდევ შენ, ასევე ვიღაცამ და ალბათ ამ ტექსტის პროტაგონისტმაც, გავაგრძელოთ ნარატივში ყოფნა და ვიდრე გავაცნობიერებდეთ ჩვენს როლებს, გავაგრძელოთ ერთმანეთის წაკითხვა. მომიტევე, მეტს მე ვერაფერს ვიტყვი...).
იცი, რატომ გრძნობს ადამიანი ეკლესიაში განსაკუთრებულ სულიერ სიმშვიდეს? - იმიტომ, რომ ნებისმიერ საცეცხლურში ბოსველიას სურნელოვან ქერქს, „აბადო“-ს გამოგონილ ოპიუმს ურევენ, ეს კი საოცრად ზემოქმედებს მორწმუნის სულზე. და აი, ერთგული არქიმანდრიტი, ფერად-ფერადი ხატებითა და აფრიკიდან ჩამოტანილი ძვირფასი ქვებით შემკული მიტრით დამშვენებული, აკმევს და აკმევს საცეცხლურს ტაძარში. იქ დგას ლევიტაციაში მყოფი ათეისტი პოეტი, რომელმაც უკვე არაერთხელ შეისუნთქა არომატიზირებული ოპიუმი და იგი მოულოდნელად ხმამაღლა წამოიძახებს: წმინდა არს მიტრა და საკმეველი! რა ამაღლებული მომენტია, - მისი უარყოფით მისივე აღიარება! აი, ეს არის კლასიკური შემთხვევა, თუ როგორ ამტკიცებს გამოცხადების იმანენტურობაში ღმერთი, ქმნილებისადმი თავის ტრანსცენდენტურობას. აქ აუცილებლად უნდა შემოვიტანოთ ე. წ. აპოფატიკური (უარყოფის) თეოლოგია. ღმერთის შემეცნება მხოლოდ მისი ენერგიების წიაღში თანაზიარებით არის შესაძლებელი და არა მის თვისებებზე კონცენტრაციით, რადგან, როგორც კი ვიტყვით, რომ ღმერთი სიყვარულია, ან სამართლიანია, ან ბრძენია, - ჩვენ შემოვსაზღვრავთ მის შესაძლებლობებს და კონკრეტულ თვისებაში ვაქცევთ მას. ამიტომ ჯობია, მუდმივად ვიდგეთ მის წინაშე ოპოზიციაში, რომელიც ასეთი პრედიკატებით მიმართვას გვაიძულებს: უცნაურო და უთქმელო. ასეთ მიმართებაში ყოფნისათვის კი, არ იქნება ცუდი, რაიმე გამაბრუებელ საშუალებას თუ მივმართავთ. ამ შემთხვევაში მაღალია ალბათობა, მოხდეს ემანირებულ ენერგიებთან შერწყმა და თუ ნოვატორი პოეტიც ხარ, თუნდაც უღმერთო, აუცილებლად წამოიძახებ შენდაუნებურად: წმინდა არს მიტრა და საკმეველი! ეს არის ძირითადათ უარყოფის (აპოფატიკური) თეოლოგია: პოეტის ემპათია; ოპიუმი; ღმერთი! რაც შეეხება კატაფატიკას (დადებით) თეოლოგიას, ეს უფრო შეზღუდული, რაციონალური ადამიანებისთვის არის, რომელთაც არ შეუძლიათ ნომინალური სახელდებების გარდა რაიმე აღიქვან. ასეთების რწმენა და ურწმუნოება დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან...
და აი, რომ არა შუა საუკუნეები, არასდროს იტყოდა ურწმუნო პოეტი, - წმინდა არს მიტრა და საკმეველი! ინკვიზიციის მიხედვით, ურწმუნოება შეუძლებელია. სული თავისი არსით ქრისტიანულ-ქალურია. მოგეხსენებათ, ქალს არ ძალუძს შინაგანად ღვთის უარყოფა, ქრისტე კი თავად იყო ღვთაებრივი მშვენიერების განსახიერება დედამიწაზე. ამიტომ, ინკვიზიცია არავის სჯიდა ურწმუნოების გამო. ისინი ეხმარებოდნენ ცოდვილ ადამიანს უფრო ღრმად ჩაეხედა საკუთარ სულში და იქ ღმერთი დაენახა. როდესაც ეს საოცარი აქტი განხორციელდებოდა, ადამიანი მტანჯველ სინდისის ქენჯნას განიცდიდა და სთხოვდა დიდ ინკვიზიტორს მოეფიქრებინა ისეთი სასჯელი, რითაც ასეთ სიბრმავეს გამოისყიდდა. ინკვიზიტორიც შეიწყნარებდა მის თხოვნას და სულის საცხონებლად ასეთ ესქატოლოგიურ განაჩენს გამოუტანდა: დაისაჯოს სულის სახსნელად, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ და უსისხლოდ! - ეს, მოგეხსენებათ, ცეცხლზე დაწვას გულისხმობდა. გასაოცარია, რომ ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი თავად მოითხოვდა, რაც შეიძლება ნელა დაეწვათ, რათა მას მოესწრო გაცნობიერებული ტანჯვით ცოდვების გამოსყიდვა... მოკლედ, მთელი შუა საუკუნეები აპოფატიკაა! ღვთის არსებობის სქოლასტიკური დასაბუთებების მიღმა ყოველთვის იგულისხმებოდა გულის პრიმატი. ეს იყო ირაციონალიზმით სავსე საუკუნეები - თუ იმდენად ჭკვიანი არ ხარ, რომ ქრისტე დაინახო, მაშინ კეთილი ინებე და დააფუძნე შენი რწმენა ირაციონალურ საწყისებზე. ქრისტე გონებაზე მეტად გულშია, ამიტომაც გამოცხადდა ფილოსოფია თეოლოგიის მხევლად და ძირითად დევიზად დასახელდა ტერტულიანეს გამონათქვამი: მწამს, რადგან აბსურდია!.. მოკლედ, არ არსებობს ურწმუნო რომის პაპი, ისევე როგორც არ არსებობს ურწმუნო პოეტი, - ამის თქმა სურდა ჩვენს გმირს, რომელიც აი, უკვე თვალსა და ხელს შუა, რენესანსის ეპოქას მოადგადა ახლა იძულებულნი ვართ, თავად ვუკარნახოთ სახელის მომდევნო ასო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თხრობა აქ უნდა შეგვეწყვიტა...
შენი სახელის მომდევნო ასო, მეგობარო, არის „ნ“. მაცადე, ახლავე ამოვიღებ პაპირუსს გულის ჯიბიდან და ჩავინიშნავ. მოიცა, მოიცა, მკითხველო, შენ მოგმართავ, ახლა მე მომეჩვენა თუ ის ჩვენ დაგველაპარაკა? სანამ მკითხველი გიპასუხებს, თავად გაგცემ პასუხს, - კი, მე დაგელაპარაკე. გგონია, რადგან არ გიმჩნევდი, ვერ გამჩნევდი?! სწორედ შენი მეშვეობით ვცდილობდი თავის გადარჩენას, შენ ხომ ჩემი სახელი თითქმის ბოლომდე მიკარნახე? ჰა, ჰა... რა საცოდავები ხართ ძალაუფლებას ჩაჭიდებული სიმულაკრები! მაცადე, ჩავიწერო... და რას ვხედავ? - მშვიდად, გულის ჯიბიდან პაპირუსი ამოიღო და მიაწერა - „აბადონ“.
მკითხველო, ახლა იძულებული ვარ, შენთან გავაგრძელო საუბარი. მან უკვე იცის თავისი სახელი, მან ჩვენ გამოგვიყენა. ის არის მღვდელი, რომელიც ყველაზე ბრძენი იყო მიწიერ არსებათა შორის და რომელსაც არანაირი თვისება არ გააჩნია. ის არის წმინდა სუბსტანცია, დამატებების, მინარევების გარეშე. მე მაქსიმალურად ვცდილობდი მასთან დისტანცირებას, მხოლოდ ტექსტის მისტიკური მნიშვნელობის გამოკვეთა მინდოდა და მეც და შენც გარკვეული ხიფათის წინაშე აღმოვჩნდით: ჩვენმა მღვდელმა უკვე იცის, რომელია მისი სახელის ბოლო ასო, რადგან პაპირუსში „ნ“ რომ ჩაინიშნა, თვალის შევლება მოვასწარი და უცბად „ი“-ც მიაწერა. ჰო, აბადონი, მისი სახელია აბადონი! წარმოგიდგენია, მსურდა თხრობა გამეგრძელებინა, აგერ უკვე რენესანსს მოვადექით... მინდოდა განმეხილა ბაროკო, განმანათლებლობა, რომანტიზმი, დაბოლოს ჩვენი დრო, რომლის შექმნაშიც მღდვლებს გადამწყვეტი როლი ეკისრებათ. არ ვიცი, შეგნებულად გაგვიკეთა თუ არა აბადონმა, რომ აქეთ ვეღარ წამოვსულიყავით; არ ვიცი, იგრძნო თუ არა მან ჩვენ ეპოქაში რაიმე საფრთხე (მე თუ მკითხავ, ახლა სწორედ მისი დროა), მაგრამ ფაქტია, მან ნარატივის ძირითადი ხაზიდან ამოგვაგდო. გამოგვგლიჯა საიდუმლო (სახელი მიითვისა) და მიიმალა... მიიმალა ვითომ? მართალია, ახლა ხმას აღარ იღებს, მაგრამ ხომ არ დაგავიწყდა, მას პაპირუსთან ერთად ბოთლიც აქვს, რომელშიც განთავსებული სითხე, ალქიმიკოსობის პერიოდში, თავის სამ მეგობარს, რომელთა სახელებია: Belfegor-ი, Abygor-ი, Azazel-ი (სწორედ ამ უკანასკნელს დაეცა დამბლა და, თუ არ ვცდები, დღემდე ცოცხალია) გაასინჯა... და მერე დიდი ამბით შეინახა, - რამეში გამომადგებაო. აი, სად შეცდა, მაშინვე უნდა დავერწმუნებინე როგორმე, რომ ამ კოლბის მდინარეში გადაგდების საშუალება მიმეცა. ახლა, როცა ჯინი ჭურჭლიდან ამოსულია, რამე უნდა მოვიფიქროთ მის დასაბრუნებლად. ის საშინელი სამსალა დავალევინო? ვინ მომცა მე მაგის უფლება, ვინ დამარღვევინებს თხრობის ლოგიკას?! მე, უბრალოდ, შემიძლია ბოთლის გადაგდების საშუალება არ მივცე, თორემ დალევას ვერ ვაიძულებ, აქამდე მისვლაა საჭირო... ვიფიქროთ, ერთად ვიფიქროთ, როგორ ვაიძულოთ შხამის დალევა? ახლა როცა თავის სახელი იცის... მოიცა, მოიცა, კი იცის, მაგრამ აცნობიერებს? მე ხომ ის, როგორც პიროვნება თხრობაში არსად დამისახელებია? აი, ეს უკვე აღარ მოეწონა, შეწუხდა აბადონი, პაპირუსი ჯიბიდან ამოიღო და ჩააშტერდა. რაღაცას ეძებდა, რაღაცას იხსენებდა... ცდილობდა საკუთარი თავის გაცნობიერებას, ამისთვის კი შეშლილივით იმეორებდა ოდესღაც „ძის“ მიერ დასმულ შეკითხვას: თქვენ რა გქვიათ? მე? მე... მქვია, აბადონი! დიახ, დიახ, მაგრამ იქნებ ეგ თქვენი ერთ-ერთი სახელია და არა ერთადერთი? რითი შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ ამ სახელის წარმოთქმისას, თქვენს სისავსეს აცნობიერებთ? კი, მე ვაცნობიერებ, ვაცნობიერებ, - საშინლად დაძაბა ნებისყოფა!.. მკითხველო, გჯერა, რომ აცნობიერებს? კარგი, ერთი შეკითხვაც დავუსვათ: შენ გქვია აბადონი, მაგრამ ვინ ხარ შენ? რა იგულისხმება შენი სახელის მიღმა? ისევ პაპირუსს მიუბრუნდა, ჩააშტერდა, შემდეგ ის დანა ამოიღო, რომლითაც ძეს ღვიძლი დაუზიანა და აკანკალებული ხელებით დაიწყო ამოკაწვრა: „აბადონი - სიცარიელის დემონი. მისი ჭეშმარიტი სახელი არავინ იცის, რადგან დემონთა ენაზე მისი სახელი ნიშნავს ა რ ა ვ ი ნ! ამიტომ, როდესაც ამბობს ფრაზას: მე ვარ! - ამ სიტყვების მიღმა ყოველთვის არაფერი იგულისხმება“. ამ ყველაფრის შემდეგ მღვდელმა, ამ კონკრეტულ ნარატივში სახელად აბადონმა, პაპირუსი შეჭამა, დანა შორს მოისროლა და უბისკენ წაიღო აკანკალებული ხელი, სადაც შხამით სავსე, თავდაცობილი კოლბა ეგულებოდა. კოლბა ამოიღო, თავი მოხსნა და... მკითხველო, ჩემი თხრობის ლოგიკაში მე მოვძებნე გამოსავალი, მაგრამ არ ვიცი, ამ ეტაპიდან როგორია შენი თხრობის ლოგიკა, ამიტომ დააბრუნებ თუ არა, ჯინს ბოთლში, ეგ შენი ნებაა. მე ალბათ დავალევინებდი. ახლა ხომ მთლიანად ჩვენს ხელშია? - ტექსტში გვყავს დაჭერილი. უბრალოდ, რომ დავალევინებთ, ან არ დავალევინებთ, მერე რა მოხდება, ეგ უკვე აღარ ვიცი, ამიტომ იფიქრე ყველა შესაძლო ვარიანტზე და აიღე პასუხისმგებლობა, რა და როგორ განვითარდება თხრობაში. მხოლოდ ესაა, რასაც ღვთაებრივი ელემენტი შეიძლება ეწოდოს ადამიანში - თავისუფალი არჩევანი, რომლის შედეგშიც არასდროს ვართ დარწმუნებულნი! მე პირადად მგონია, რომ როგორც არ უნდა განავითარო სიუჟეტური ხაზი, რომელიღაც წინადადებიდან ტექსტის დაწყება მაინც ასე მოგიწევს:
ეს არის მოცემულობა, რომელსაც ვერაფრით გავექცევით: - ჩვენ ყველა მღვდლით ვართ დეტერმინირებული! ჯერ კიდევ მაშინ, როცა მღვდელს საფუძველი ეყრებოდა, იდგა დილემა, - როგორ ჩამოექნათ ორი საწყისი - მიწიერი და ზეციერი ერთ სხეულებრიობაში, - და გაჩნდა მღვდელი... მღვდელი ყველაზე ბრძენი არსება იყო მიწიერ არსებათა შორის. ის აბალანსებდა სიკეთისა და ბოროტების მარადიულ აუცილებლობას და ასე ახერხებდა ყოფილიყო ერთდროულად ორივე - კეთილიც და ბოროტიც. ამის გამო, ბოროტებს ის კეთილი ეგონათ, კეთილებს კი ბოროტი, არადა მღვდელი არც კეთილია და არც ბოროტი, - „იგი“ მათ მიღმა მდგომი სუბსტანციაა, ამიტომაც ეპატიება ყოველივე... და მართლაც, ვინ ხარ შენ, ადამიანო, რომ განსაჯო იგი?! განა შენ „იგი“ ხარ, ან ის “შენ” არის? მისი არსი მაღლიდანაა, შენ კი დღემდე ის არსება ხარ, რომელსაც 2000 წლის წინ მარგალიტები დაუყარეს, მაგრამ ის მაინც ტალახში...