• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ვინ ხარ შენ

×
ავტორის გვერდი თაკო შუკაკიძე 06 ივნისი, 2018 3143
მიწა ისრუტავს ჩვენს სისხლს და გვამებს,
 
ვინ ხარ შენ,
რომელიც სისტემამ თავის მარწუხებში მოგიქცია,
და გამოსავლის ყველა შესაძლო გზა არტერიებთან გადაგიჭრა,
 
ვინ ხარ შენ,
რომელიც სისხლის წვიმის ქვეშ ცხოვრობ,
და გჯერა, რომ შენს ქათქათა პერანგს, ვერაფერი შებილწავს
და რომ ყოველივე ღმერთის ნებაა.
 
ვინ ხარ შენ,
რომელმაც ვერ მოგვინელე ადამიანები,
და გააფრთებული მხეცივით გვესხმი თავს,
 
ვინ ხარ შენ,
რომელიც დგახარ მაღალსართულიანი შენობის თავზე,
და ფიქრობ, რატომ კიდევ უფრო მაღალი არ არის,
ისეთი, ფანჯრიდან ხელი გადაყო და ღრუბლები დაკრიფო,
როგორც ბავშვობაში, ალუბლებს,
და როგორც ბავშვობაში, საკუთარი თავის მოსმენა შეგეძლოს,
 
ვინ ხარ შენ,
რომელიც პოტენციური მსხვერპლი ხარ ან დამნაშავე,
როგორია შენი ფიქრები და ხელები?
რას იზამდი, წინასწარ რომ გაგეგო, რა შეგემთხვევა?
 
ვინ ხარ შენ,
რომელიც მიწასავით ისრუტავ, ჩვენს სისხლს და გვამებს,
და დღითიდღე უფრო ფართოვდები,
რადგან საყლაპავში აღარ გეტევა სისხლის კოლტები,
როდის გადმოაფურთხებ ნივთმტკიცებებს?
როდის გასცემ საკუთარ თავს?
 
ვინ ვარ მე?
რომელიც პოტენციური მსხვერპლია ან დამნაშავე,
რადგან სხვა არჩევანი არ დაუტოვეს,
რადგან რაც უფრო ცდილობ, ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრო,
უფრო შესამჩნევი და საშიში ხდები სისტემისთვის.
ის არ გაპატიებს, განდგომას,
და გააფთრებული მხეცივით დაგესხმება თავს.
 
ვინ ხარ შენ?. ვინ?
**
 
ჩემი ხმა,
ჩემი, სამომხმარებლო ბაზარზე მორგებული ხმა,
მშვიდი, გაწონასწორებული, მაცდური ხმა,
დილიდან დაღამებამდე ,
იმეორებს ერთიდაიგივე ფრაზებს,
 
" გემრიელად მიირთვით"
" შემდეგი"
" შაქრით თუ შაქრის გარეშე"
"გაგითბოთ"
"კიდევ გვეწვიეთ"
 
ჩემი ქვეყნის ელიტა ყარს.
ჩემი ქვეყანა ყარს.
ჩემი ქვეყნის კულტურა ყარს.
ჩემი ქალაქის თეატრები ყარან,
ჩემი თანამედროვე პოეტები დუმან და ყარან , ერთდროულად.
მოშლილი მივაბიჯებ მთავარ გამზირის,
განავალით მოთხვრილ ტროტუარზე .
დამსახურებული არტისტების ვარსკვლავ ქვეშ 
ისაქმებს მინისტრი და უხარია.
 შვებას გრძნობს.
სიხარულს ვერ მალავს და იწყებს ცეკვას.
ღმერთები ინტელექტუალური ზედოზირების შედეგად კვდებიან.
დიდება მათ!
ბურჟუაზია ქმნის ახალ თეოსს.
 ახალ ღმერთს.
უფრო მარტივს და მოსახერხებელს.
ჩემი ქვეყანა ყარს.
თეატრებიდან და ეკლესიებიდან განავლის ტომრები გამოაქვთ
 და ქუჩების დეკორაციას ანახლებენ.
ისინი ბევრნი არიან.
მარტორქები,  ერთმანეთს ეჯიბრებიან.
ერთი სული აქვთ გადაგთელონ.
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული