ნაწლავები მიჭირავს ხელში
როგორც მიწიდან ამოყრილი
წყლის უფუნქციო მილები
ზარი გადის სასწრაფოში
ჭრილობები ბუდეებია ვეუბნები
ტკივილი დებს კვერცხებს ვეუბნები
დაჩეკა ვეუბნები
სახელი როგორ მოგმართოთ
მეკითხება სად იმყოფებით
პასუხი ისე ეჯახება კითხვას
როგორც ტალღა ნაპირს
ტალღა კანია ზღვის
ნაწლავები თრთიან გველებივით
როგორი თხელი კედლები აქვს
ამ ნაქირავებ ბინას ვეუბნები
და სარკეც ისეთი პატარაა
დაბზარული ჩამოტეხილი კიდეებით
საუკუნე სხეული არ მინახავს
ოპერატორი პასუხად მღერის
უორგანო სხეული
და ორგანზე რვეული
კიბე ადის ხვეული
არაფერი ჩვეული
ყურმილს ვუყურებ
ნაწლავებს ვისწორებ
როგორც მომთვინიერებელი
მძინარე ანაკონდას
კედელი ბზარებს აღებს
და ისიც მღერის
მარტოობაზე და ნგრევაზე
იმაზე რასაც ვერ ავცდებით
ზუსტი ციტატა არ მახსოვს
მაგრამ ასეთ რამეს ამბობს
ხტის და ბრწყინავს შადრევანი
გადაკეტეს წყალი
შადრევანი მყისიერად დადუმდა და დაშრა
ნუთუ ასეთია ჩვენი სიკვდილიც?