სასტუმრო
2015 წლის ერთ-ერთ შესანიშნავ ფილმში, “ლობსტერში,” იორგოს ლანტმოსი ქმნის ანტიუტოპიური ჟანრის სურათს , პირობითად - წარმოუდგენლად ცუდ სამყაროს. თუმცა არ გადის არსებული რეალობიდან სხვა გალაქტიკაში და ავთენტურ გარემოში ხაზავს „წარმოუდგენელ“ შტრიხებს. გმირები ერთ დიდ სასტუმროში თანაარსებობენ და ხდებიან მისივე ინტერიერის უსულო საგნები. მათი თვითიდენთიფიკაცია მარტოსულობის ხაზით შემოიფარგლება. სასტუმრო კი მათი დაწყვილების დამხმარე მექანიზმი უნდა გახდეს. თავდაპირველად შეიძლება ვიფიქროთ, რა არის ამ ყველაფერში ცუდი, თუ სასტუმრო ადამიანებს სიყვარულის პოვნაში ეხმარება. თუმცა რეჟისორი მალევე გვასხამს ცივ წყალს და გვიჩვენებს ეს სივრცე თუ როგორ შეიძლება გადაიქცეს მჩაგვრელ სისტემად. საზოგადოების ბატონებს არ სურთ ინდივიდებმა დასვან შეკითხვები, მიენდონ საკუთარ მაჯისცემას ან მოუნდეთ აჯანყება. მათ სურთ შიშები,ტკივილი და შინაგანი ბრძოლის ჟინი ჩაახშონ მოჩვენებითი თუ ამორფული “სიყვარულით“. ამ შემთხვევაში გარანტი დაწყვილებაა, ადამიანები კი საჯიშე ცხოველები, რომელთა ერთადერთი დანიშნულება დაოჯახება,გამრავლება და ამ სისტემის გამაგრებაა. ნორმიდან გადახვევა მარგინალიზაციის წინაპირობა ხდება. ჩარჩოები და სასტუმროს პარადიგმა კი სიყვარულის ნაცვლად მუდმივ აპათიასა და მაჯისცემის დასტაბილურებას ნიშნავს. ანუ ადამიანის რობოტად გადაქცევას; სასტუმროს ანტიუტოპიური და უტრირებული ნიშა კი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ჩვენივე სამყაროს ერთგვარ ალეგორიად, სადაც უიმედოდ დარჩენილ ადამიანს ტყუილითა და სხვადასხვა „დახმარებებით“ კვებავენ. სახემწიფო აპარატი კი მზრუნველობითი ხასიათით სასტუმროს ადმინისტრაციას ემსგავსება; ესთეტიურად ამ ხატს აძლიერებს ბუნებრივი განათება, მხატვრის ღია პალიტრა (ნაცრისფერისა და ცისფერის დომინაცია) და მგრძნობიარე კამერა, რომელმაც იცის როდის იმოძრაოს და როდის მიენდოს გმირების ჟესტიკულაციასა თუ „აფეთქებებს“. რასაც ისინი არ გვეუბნებიან, მთხრობელი, (რომელიც რეიჩელ უაისის პერსონაჟი აღმოჩნდება) გვიყვება და ხანდახან მათზე უფრო კომიკურიც ხდება. კლასიკური მუსიკა ბერძნული ახალი ტალღის მელოდიებით იცვლება, შემდგომ კოლინ ფარელის ღიღინით. ლეიტმოტივად კი პატარა „გუგუნი“ გასდევს, რომელსაც დაძაბულობის შექმნა „ევალება“, თუმცა საბოლოოდ ისიც ტრაგიკომიკურ ხაზს ავსებს. მიზეზი მისი კონტექსტიდან ამოვარდნილობა და მოულოდნელობაა. შესაბამისად მისი ხშირი „გამოყენება“ აბსურდს აძლიერებს. ისე კი ვფიქრობ რეჟისორის მხრიდან ერთგვარი ცინიკური გადაძახილია კლასიკურ თრილერზე.
საინტერესოა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე თუ რა ნიშნით წყვილდებიან პერსონაჟები სასტუმროში და ამასთანავე რა ბერკეტებს ფლობს სისტემა და რა პოლიტიკას ატარებს სასტუმროს ადმინისტრაცია. კავშირი გმირებს შორის მათი ფიზიკური თუ მორალური ნაკლის მეშვეობით დგება. ნაკლულობა ხდება ურთიერთობის დაწყების წინაპირობა. ერთ-ერთ სასტუმროს ბინადარს სისტემატიურად მოსდის ცხვირიდან სისხლი, მის პოტენციურ ქმარს კი ხელოვნურად უწევს მსხვერპლის გაღება (დაზიანება ცხვირის) რათა შედგეს კონტაქტი. იმავე გზით წყვილდებიან სხვა გმირები. ეს ნარატივი შეიძლება წავიკითხოთ რეჟისორის მცდელობად, ერთი შეხედვით უწყინარი დეტალით გაეშიშვლებინა საზოგადოება, კომიკური ხაზი კი ტრაგიკული ნარატივით შეეცვალა. ნაკლულობა სწორედ იმ საზოგადოებრივი სისტემის დასაყრდნობია, რომელიც ხშირად არა სიყვარულის და თანადგომის , არამედ ფსევდო სიბრალულის და იერარქიებად დაყობის ინსტრუმენტი ხდება. ოჯახის შექმნა თუ დაწყვილება კი ხშირად ნაკლულობით თუ მსგავსებით ხდება - როგორც ფიზიკური, ასევე სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებით. . მაგ. „სრულყოფილი“ ინდივიდი თანადგომას გამოუცხადებს გარკვეული უნარის არ მქონე პირს, თუმცა მოერიდება ამ ადამიანთან ახლო კონტაქტის დამყარებას. ლანთიმოსი ამ კრიტიკას ადამიანის იძულებასა და არჩევანის არ ქონას უმატებს და მინიშნებას გვაძლევს პრობლემის ყოფიერ საფუძვლებში. მსგავსი ქვეტექსტები კი ფილმში მრავლად იკითხება.
სიყვარულის მაძიებლებს 45 დღე აქვთ დასაწყვილებლად, თუ არ გაუმართლებთ ცხოველებად გადააქცევენ (ამაზე მოგვიანებით) ან მოუწევთ პარტიზანულად ტყეში გაქცევა. სასტუმროს ბინადრებს კი მათზე ნადირობა მოცემულ დღეებს უზრდით. ადმინისტრაცია ჯგუფს ცხოველების არჩევას თხოვს, თუ რომელ ცხოველად გადაქცევას ისურვებდნენ კრახის შემთხვევაში. ფილმის პროტაგონისტი- დევიდი (კოლონ ფარელი) ლობსტერს ირჩევს, როგორც ნაყოფიერების და ზღვისთან სიახლოვის სიმბოლოს. ვფიქრობ, არჩევანს მისი უკვდავობის სურვილი და თავისუფლებისაკენ სწრაფვა განაპირობებს, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ყველაფერიც ფასადურია, რადგან შეუძლებელია ამ სივრცეში იყო ბედნიერი.
დავუბრუნდეთ სასტუმროს და ადმინისტრაციას: ლანთიმოსი გვიჩვენებს თუ რა ხერხებით ცდილობენ დაარწმუნონ გმირები მარტოსულობის განწირულობაში. ცალი ხელის „გაუქმება“ ნიშნავს, რომ მამაკაცი მეორე ნაწილის გარეშე ნაკლულია. ის ვერ იქნება ბედნიერი. უნებლიე მასტურბაცია კი აქ ხელის დაწვით ისჯება და იღებს ცოდვისა თუ დანაშაულის სახეს. შემდგომ რეჟისორი გვანახებს პატრიარქალურ საზოგადოებას, სადაც მარტოსული ქალი განწირულია და პოტენციური მსხვერპლია მუდმივი ჩაგვრისა თუ გაუპატიურების. ქალი ხდება ობიექტი, რომელსაც სჭირდება მამაკაცი, არა სიყვარულისთვის, არამედ იმისთვის რომ მას ჰყავდეს პირადი მცველი. შესაბამისად ეს ხელოვნური გზა ხდება რეპრესიული მექანიზმი და რეალური ემანსიპაციის მტერი. უტრირებული აბსურდულობით კი იქმნება კავშირი სიზმარსა და ფიზიკურ რეალობას შორის. ილუზიები კი რეალურ მოვლენებთან კონფორტაციას საჭიროებენ. სწორედ ამ სცენის დროს ხდება მაყურებლის თვითიდენთიფიკაცია გმირებთან, რასაც აბსურდი გადმოჰყავს რეალურ სამყაროში. ( საუბარი მაქვს სცენაზე,სადაც ვხედავთ ერთვარ შოუს , თუ რა მნიშვნელობის მატარებელია ქალისთვის მამაკაცი და რატო იქნება მარტო განწირული) . ვიზუალური გამოსახულებისა და თხრობის სინქრონი კი „ანტიუროპიურ სასტუმროს“ დროებით გვავიწყებს და კრიტიკა რეალურ სისტემურ ჩაგვრასა და პრობლემებზე ტრანსოფრმირდება. აქტუალური ხდება ქალისა და მამაკაცის ურთიერთმიმართება, როლების გადანაწილება და ა.შ. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს ჩვენს სამყაროზე და არა „სასტუმროს რეალობაზე“.
სასტუმროსთან დაპირისპირებულ სივრცეს ტყე წარმოადგენს, როგორც თავისუფლების ერთგვარი სიმბოლო - დაცლილს კაპიტალისტური დღისწესრიგიდან. ამ ანარქიულ სივრცეში ლანთიმოსი პოეტი ხდება და ცდილობს სამყაროს თითოეული დეტალის ახსნას. ლუსტრაციას იმისას, თუ რა უშლის დაპირისპირებაში მყოფ რადიკალურ მხარეს რეალურ გამარჯვების მოპოვებაში. ტყეში გაქცეული მთავარი გმირი ცდილობს მოერგოს ახალ გარემოს, რომელიც ერთი შეხედვით სასტუმროსგან სრულიად განსხვავებულია, მაგრამ საბოლოო ჯამში ასეთივე რეპრესიულობით გამოირჩევა. დევიდს ტყის სისტემის ბელადი (ლეა სეიდუ) უხსნის ახალ წესებს. პირველი წესი- „არანაირი რომანტიული ურთიერთობა არ შეიძლება მარტოხელებს შორის,ნებისმიერი ასეთი შემთხვევა ისჯება. საცეკვაო საღამოებზე ყველანი ჩვენ-ჩვენთვის ვცეკვავთ, ამიტომ ვუკრავთ მხოლოდ ელექტონულ მუსიკას“. ლანთიმოსი აქაც ადამიანის მარტოსულობას უსვამს ხაზს და გვანახებს კარიკატურულ ცეკვას.
ცეკვა შესაძლებელია გახდეს ემანსიპაციის სიმბოლო და რევოლუციის აუცილებელი ნაწილი. ფილმში კი ცეკვის აქტი სისტემის შემადგენელი ნაწილი ხდება და ალეგორია ფასადურობის, სადაც ზღვარს პერვერსიასა და დაშვებულს შორის- არა ინდივიდი, არამედ წესები აკანონებს. თუ სასტუმროს ადმინისტრაცია ხელოვნურ სიყვარულს ქმნის, ტყეში იქმნება თავისუფლების მითი, და არა რეალური თავისუფლება. აქაც ჩვენ ვხვდებით იერარქიებს, მოჩვენებით ემანსიპაციას, სიყალბეს - გმირები კი ისეთივე მარტოსულები არიან, როგორც აქამდე იყვნენ. ისინი ვერ საუბრობენ საერთო პრობლემებზე, ვერ ახერხებენ შიდა აჯანყების ორგანიზებას. თავად კოლონ ფარელის გმირი კი სასტუმროდან გამოსვლის შემდგომ, სადაც იგი გვევლინებოდა ნიჰილისტ და ინფანტილურ გმირად- ტყეში გარდაიქმნება რომანტიკოსად. მის გარდასახვასა და კონტექსტიდან ამოვარდნილ ფრაზებს ემატება მელანქოლიური ხასიათი. ცვლილების მიზეზი რეიჩელ უაისის გმირია. დევიდსა და მას სწორედ ამ სიყალბიდან გასაქცევად სჭირდებათ არავერბალური ენის გამოყენება, ე.წ. მუნჯური ენის, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ უთხრან ერთმანეთს „მე შენ მიყვარხარ“, ან „მინდა შენს მკლავებში ვიცეკვო“ . საბოლოოდ ამ ფარული გზით გადიან გმირები რევოლუციის გზას , უჩნდებათ პროტესტი და ერთმანეთი უყვარდებათ. ამ სამი ცნების გადაკვეთის ადგილი მათი შინაარსია- არ დაემორჩილონ არსებულ წესებს და გაიქცნენ.
ლანთიმოსი ცდილობს დაუპირისპიროს ეს ორი სამყარო ერთმანეთს , გვაჩვენოს თუ როგორ ცდილობენ ტყის ბინადარნი გამოაშკარაონ სასტუმროს მანკიერება, დაანგრიონ მოჩვენებითი ოჯახური ბედნიერება. ამ ყველაფერს კი მხილებით აკეთებენ, წყვილის ურთიერთობა სიცრუესა და დათმობაზე დგას ( მაგ. ნაკლოვანების „თამაში“, ცხვირის განზრახ დაზიანება) , ან უფრო რადიკალური გზით. „რამდენად ძლიერად გიყვარს, 15 ბალიანი სისტემიდან“ - გაისმის შეკითხვა მამაკაცის მისამართით, რომელსაც მისი პარტნიორის მოკვლას ავალებენ. „თოთხმეტი“ - გვესმის პასუხი. შემდგომ ვხედავთ მას ცოლისკენ მიმართული იარაღით ხელში (რომელშიც ტყვია არ დევს) . მართალია ჩახმახი არ გაისვრის და ქალი არ კვდება, თუმცა ვხედავთ ურთიერთობის დასამარების. ამ ხაზს კი ემატება ისიც, რომ მამხილებელი კლასიც ამ შემთხვევაში იგივე სიყალბეში ცხოვრობს და საბოლოო ჯამში ორივე რეპრესიულ მექანიზმს წარმოადგენს. ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ცრუ და ძალადობრივი წრიდან გასასვლელ ბილიკს. ლანთიმოსი ყოველგვარ იმედს გვიკლავს, როდესაც გვანახებს ალბათ ფინალურ სცენასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვან სცენას. საუბარი მაქვს ეპიზოდზე, სადაც დევიდი წინასწარ თხრის საკუთარ საფლავს და ბელადის ბრძანების შემდგომ შიგნით წვება. სცენა ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა, ალბათ სწორედ ამიტომაცაა საინტერესო.
ჩემთვის აქ დაინგრა მითი უკვდავების (ლობსტერის ხანგრძლივი ცხოვრების ) შესახებ და დავინახე ერთგვარი სკეფსისი იმ „უტოპიის“ შესახებ, რაზეც მემარცხენეები ხშირად ვსაუბრობთ. ჩვენ ვგლოვობთ არა მხოლოდ დევიდის ცოცხლად დამარხვის (თუ სამომავლო დამარცხვის) აქტს, არამედ საკუთარი დამარცხების, იდეის დამარაცხების აქტს. ვშიშობთ, რომ სისტემის ჩამოშლა და განახლება შეუძლებელია და ამ ბრძოლაში გამარჯვებული ყოველთვის მმართველი კლასი დარჩება. ლობსტერის ხანგრძლივი ცხოვრების ბენეფიტიც ილუზორულია, რადგან ლობსტერად ცხოვრება უკვე ერთგვარი სასიკვდილო აქტია, რომლის გაკეთილშობილებაც შეუძლებელია. ამის გადააზრების შემდგომ გაუჩნდება გაქცევის სურვილი.
დასასრულს კი გავიხსენოთ ფინალური სცენა: დაბრმავებული რეიჩელ უაისის გმირი და დევიდი მაგიდასთან სხედან. სიყვარულის გაგრძელების ერთადერთი გზაა მამაკაცმაც დაკარგოს სინათლე. მართალია ისინი „მესამე სამყაროში“ გაიქცნენ,თუმცა ეს სივრცეც წინა ორი სივრცის გაგრძელებაა, რადგან ურთიერთობის მომავალი დაბრმავების აქტზე გადის. მათი გაქცევის აქტიც ფორმალურ ხასიათს იღებს და ახალი რეალობის შექმნის ილუზიას ქმნის. ლობტერს აქვს სამი არჩევანი- თავის დაბრმავება, იმიტაცია ან გაქცევა. რისთვის სჭირდება მას დაბრმავება? ერთი შეხედვით ფიზიკური განსხვავებულობის დასანგრევად. მეორე მხრივ კი იქნებ სწორედ იმიტომ სჭირდება მას დაბრმავება, რათა არ დაინახოს შეყვარებულში საკუთარი თავი, სიბრმავე და უიმედობა?
დასასრულს ჩვენ ვხედავთ მას ტუალეტში დანით ხელში. თვითდაბრმავების აქტიი იწელება, კადრი პერიოდულად ფოიეში მჯდომ ქალზე გადადის , შემდგომ მამაკაცზე... დანაზე და თვალზე... ბოლოს კამერა ქალს უმზერს, ეკრანი ათიოდე წამით ბნელდება, ბოლოს კი ტიტრებს ვხედავთ. მე ვიცი რა გზა აირჩია ლობსტერმა.
პირველად გამოქვეყნდა არტ-პორტალზე AHA.GE; 2016 წ. 21 აპრილი.