• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

საფოსტო ბარათები ქვესკნელიდან

×
kelly
ავტორის გვერდი რობერტ კელი 10 ივნისი, 2018 2865
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
საფოსტო ბარათები ქვესკნელიდან
 
 
1.
 
იმ ქვეყანაში არის ფეტვის გროვა
გზის შენ მიერ გასავლელ მხარეს.
 
წვიმა მას არ ასველებს და თითოეულმა
გამვლელმა იმ გროვიდან ერთი
ერთადერთი თესლი უნდა აიღოს
და გადაყლაპოს დაუღეჭავად
ისე რომ რაც შეიძლება ცოტა მარცვალი შეირხეს
 
რომელთაგანაც რამდენიმე აუცილებლად ჩამოვარდება
და რომლებიც დაეცემიან
ვარდებიან ადამიანურ სამყაროში და იბადებიან ადამიანურ სულებად
ანუ წინ აქვთ სხეულთა პოვნის
მთელი ჯაფა
 
და იმას რომლის თითმაც ისინი ფეტვის გროვიდან განდევნა
საკუთარ სინდისზე აწევს ეს სულები სანამ ისინიც თავისმხრივ
არ ჩაუვლიან ფეტვის ნაყარს და თავის არჩევანს არ გააკეთებენ
 
იქიდან შორს და მაღლა გზაზე თავდაპირველი მჭამელი
იგრძნობს მაშინ აუხსნელ შვებას
ქარი ვარდება და გადასწევს
იმას რაც მას მთელი ეს დრო ლურჯი ცა ეგონა
და პირბადეს ხდის
 
და ის მომდევნო ქვეყანაში მიეშურება
თან გრძნობს რბილ გაზაფხულის ქარს თავის რბილ ყელზე.
 
 
11.
 
იმ ქვეყანაში არის აუზი
სადაც ახლად მომკვდარი მოგზაურები იარებს იბანენ
 
განიბანებიან და თავს განახლებულად გრძნობენ
და განაგრძობენ თავის ექსკურსიას
ჯანსაღი და ხელუხლებელი კანით
 
მაგრამ აუზი თუ შიგ ჩაიხედავ
ნათელი ჩუმი წყლების მიღმა
სავსეა იარებით
სისხლიანი რთული და მდიდარი ფსკერის გაყოლებაზე
როგორც ნებისმიერი ადამიანური ქვეყნის რუკა.
 
 
12.
 
იმ ქვეყანაში არის ტელეფონი
ხანდახან ხის ღობის თავზე
ან ტირიფის გვერდზე გადმოკიდული
 
მისი დანიშნულება გაურკვეველია
მაგრამ მგზავრები დაქანცული ან გზად შემოღამებული
ხანდახან იღებენ მას და უსმენენ
 
ისინი ნაცნობ მოხაზულობას გრძნობენ ხელში
ისე მსგავსს იმ ხილის რომელსაც ვერ შეჭამ
მაგრამ ყურმილი აქ ეუცნაურებათ
 
და შეგრძნება მათ ხელში უფრო მძლავრია
ვიდრე რასაც კი ყურმილი ეტყვით
თუმცა უსმენენ ზარის გასვლის დამამშვიდებელ ტონს
 
და ხანდახან ღილაკებს აჭერენ
და სულაც უცდიან ზარის აღებას
ერთ-ერთი იმ ხმათაგანის მიერ რომელიც პასუხობს
 
რომ მეტყველებს იმავე გულისგამაწვრილებელ ენაზე
რომელიც ერთადერთია რასაც აქ ოდესმე გაიგებ 
ერთ სიტყვასაც კი ვერ გაარჩვევ
 
თუმცა ჟღერს ზუსტად როგორც ინგლისური
წარმოთქმული სწრაფად და გულწრფელად
ერთ ოთახში ცოტა მეტისმეტად შორს დერეფნის გაყოლებაზე.
 
 
24.
 
იმ ქვეყანაში აქვთ მანძილი
რომელიც თავსდება ორ ადამიანს შორის როგორც პური ტოსტერში.
ისინი ისევ ხედავენ ერთმანეთს, ისევ შეუძლიათ ილაპარაკონ.
მაგრამ მანძილი მათ შორისაა. თავს ისე გრძნობენ
როგორც სხვადასხვა ქალაქები ერთ ქვეყანაში
ან სხვადასხვა ქვეყნები ერთ სამყაროში.
ერთი იღვიძებს და მეორე წასული ხვდება:
მაგრამ მანძილი ისევ იქაა, ის მას ათრევს
როგორც ბრმა კაცი ათრევს თავის ხელებს.
 
 
 
 
 
ელეგია
 
 
მარტო მარტო არც შეხებაა არც საჭიროება
ბინა დაიდო ცხვრებთან არქაულ საძოვრებთან
ვინც იყო კლდე ნაგები მცირე მზის სხივში 
ბოლოსდაბოლოს რომელიმე წვეტურის თავზე—თვალშისაცემი
მასზე ნაკვეთი კიდევ ერთი ღმერთის სახელით.
ლტოლვა საშინელი უდაბნოა. დამწვარ ხვლიკს
და გადამხმარ ძუ ლომს ძალუძთ მხოლოდ
ამ სახელის მართვა. ახლა ტელეფონი
მღერის და ათასობით ხელმოწერა
პასუხობს, როგორც იქნა, ჩემს ფოსტას. კუბისტური
საუბრები უმზერენ ქალებს, თან მოარულებს
თან ვინმესთან მოსაუბრეებს. რა სიმარჯვეა
იყო მოწამე ან ერექცია გააყალბო
რადგან არაფერია უბრალოდ უბრალო. წავალ
რადგან მან ითხოვა ჩემი ყურადღება
მაგრამ მინდა დარჩენა რადგან შენი რძე მიყვარს.
გამჭვირვალე რათა გამოაჩინოს შიდა სამუშაოები
ცვრით დაზღაპრული ანდა დილის თვალთმაქცობებით,
ქუჩები, ეს ცრუ წანამძღვრები, მიუყვებიან
ღრმად, ღრმად გაუგებარ მოსაზრებაში
 
ჯერაც რომ მიწევს ვუხადო გადასახადი.
ქალაქი არის ყველა ის ქალი მე რომ არ ვიცნობ
რომ ვთქვა სულ მცირე ანდა ავტობუსები იქით სადაც არ წავალ,
ბარებს ახრჩობს რასაც არ დავლევ.
ჯერაც ჩემს კალთაში ზიხარ ჰოდა აწიე ჩემი ხელი
შენი სვიტრის ქვეშ ჩვენი თვალები
კოგნიტიური ურთიერთობით რომ ათბობენ
ვიდრე დაბრუნდება კიდევ ერთი ცისკარი.
ჩვენ არ ვართ მოსახლეობა,
ჩვენ თითო-თითოდ არსებები ვართ,
არა ინდივიდუალები, არამედ მარჯვედ სხვადასხვა.
„იდუმალი, როგორ ყველა სხვა.“
ხარბი აღმამსვლელები, დიდებით აბრეშუმმოსილები.
ჩვენი გულები ზუსტად თქვენისნაირებია
მეუბნები შენ—მაგრამ არა ქალაქი,
რომელიც ჯამია მხოლოდ მთელი ჩვენი უცოდინრობის.
თუკი საქმე აქამდე მივა
მოგიწევს ჩემთან დაწვე
რომ იცოდე რას ვგულსხმობ ანდა გამიშვა?
 
თუ დატოვებდა ბოლო გადახედვა
ტექსტს ისევე შთენილს
როგორც მწუხრის ვარსკვლავს ზუსტად
მანამ   სანამ სავსე მთვარე ამოვა
ლურჯი მარტის ჟამს—აღარაფერი
გარდა სიტყვებისა და რასაც ნიშნავენ?
ამბავი მხოლოდ რომელიც არავის აამბებს,
უბიწოდ, ცერემონიულად?
მინდა ჩავდგე შენსა და შენს
ტუჩებს შორის, შენს ნატიფ
დათმობებში ამ ენისადმი
რომელშიც ვიხრჩობით ჩვენი ჟანგბადისთვის.
 
(ძილი შორს იმისგან ვინ მიყვარს
არც ისე შორსაა, არაა მარტო
ისე როგორც მარტოა მარტო. სიტყვა
ნათქვამია და გაგებული, პაუზა
სანამ რამე პასუხი მოვა.
ჩუსტი სავსე კრემით
ვარსკვლავებზე სასიარულოდ—
რა სადედოფლოს გკარნახობს ალღო
და ქმნიან შენი ბარძაყები
—ფერმკრთალი მესაზღვრეები—საუზმედ
ჭადრაკი ითამაშე და
მთელი ღამე ისუნთქე ზეწრების მსუბუქი
ღვინო და იყავი
უხვი როგორც ნებისმიერი აპალუზაა
მდელოებისთვის, ნებისმიერი ფოლადი
ირიბულიანი ხიდებისთვის ჩიტებით
დახუნძლული ესტუარის თავზე,
ვარხვები, ღორიხვები, ქარიშხალები,
კაცი არის ცხოველი რომელიც ქალაქებში
იყურება და ცხოვრობს, დიდებას
პარავს მოცახცახე ლექსიკონს—
ხოლო ლტოლვა მტრედია უსაფრთხოდ
ნებისმიერ სახურვაზე, ნებისმიერი სამრეკლოს
თავზე გააღე ეკლესია
და სად არიან აქ
შენს ხელებში აგრეთვე მოვდივარ.
 
არსად მივყავარ. გარეთ თოვლ-ჭყაპი მოდის
და ჭკუა იტენება უგემოვნობებით,
კომბინაციებით და მსგავსებებით, მდარე
ინტერპრეტაციების ნადიმი, წირპლიანი
წვიმაში მბზინავი თანამედროვე რიტორიკა.
ყოველთვის დაყუდებული უცხო ენებში,
ან იქნებ თოვლია. ნელა დავიძარი შინისკენ
მთაზე დავეშვი და მდინარის პირას
ვინმე ქერა მოგზაურთა ხატებად
რომელსაც არ დავთანხმდებოდი, რომც შემძლებოდა—
გულს აქვს სისპეტაკე რომლისაც გონებას შეშურდებოდა.
მომე ალმასი რათა შენ მოგცე.
ასწავლე წყალი როგორ ეჭიროს და ნათელი ტეხოს
ლურჯი დაპირებებით. გაელვება გაელვებაზე!
სურვილები ველურებია გარს რომ გარტყიან,
თავაზიანი მაგრამ დაჟინებული,
დანებივით უმანკოები,
ეს ნივთები, ჩემს ცოდნას რომ განაგრძობენ.
ფანტაზიები გიცავენ იმისგან
რომ ნამდვილი ნამდვილად არ აღიქვა—
რადგან იძვრიან, და ეს მოძრაობა
ნამდვილია თუმც კი მოძრავი არაა ნამდვილი
და ის დაძვრება მიწაგამოთხრა ლანდშაფტში
ცხელ ლანდებს დასდევს. მაგრამ რა
ნათელი აჩრდილნი არიან, რაოდენ რბილი, ფაფუკი თმებით.
 
ძვრა იძვრის. აბსოლუტური მტკიცება
დასამტკიცებელი აბსოლუტის გარეშე.
ნამდვილ სამყაროებს
წესები არ აქვთ,
მხოლოდ შედეგები.
არაა გემო
თავისი პირის გარეშე.
 
(თუ საკმარისად დიდხანს გაესაუბრები გულწითელას ბალახზე
სანამ შენი გულისცემა და მისი ხტუნვები სინქრონში არ მოვლენ
როდესაც ის—მეტად გულგაჟღაჟა, ზომით იგივე—იპოვის
თავის მატლს, შენ რას იპოვი? სიმონადირეობის
სუსხს, დილას საპონის გარეშე,
შეგრძნებას რომ არავინ ხარ, მაშასადამე სუფთა და ნამდვილი,
ნამდვილი, ვითარცა სითბო და სიცივე, ანდა ნივთები რომლებიც მიდიმოდიან.)
 
ის, რომელაც უსმინე, ხმამაღლა რომ კითხულობდა რადიოში
ღრუბელი იყო. სველი აპკი პარმაღის თავზე მოგვიანებით
მისი იდეა იყო. არაფერი დაშავდება თუ მას ღმერთს უწოდებ
თუ გაიაზრებ რომ ღმერთებსაც აქვთ თავიანთი შეზღუდვები
არ ძალუძთ, მაგალითად, საუზმეზე ლორი მიირთვან, ან იმარხულონ
შენი შეყვარებულივით, მწვანე თიხასა და ფსილიუმის ფესვებზე.
ან მოუხერხონ რამე სამყაროს ტანჯვას ბოლოს თავადაც
რომ გაიზიარებენ, ვაგნერთანაც კი, მაშინაც კი
როცა მათ აბრეშუმის ფარჩებს სასაცილო სუნი ასდით და მათ ძმა-ბიჭებს
განვლილი შეთანხმებები აგონდებათ და ატმებიც კი
სამოთხის ხეებიდან მწარერბილად ცვივა მკვდარ ბალახებზე.
ილოცე საბრალო ღმერთისთვის, რომ გვანუგეშებს სანამ ძალუძს,
ქარი და წვიმა, ერთი-ორი ბრძნული შენიშვნა ჭექა-ქუხილი ჩაივლის.
 
შეათვალიერე ცხოველთა ნაკვალევი. ღამით რომ ჩაივლი,
ვარსკვლავების ფაქიზ შუქზე კითხვისას საით შევუხვიო
როდესაც ნამდვილი გასასვლელი არსადაა. ნახე, როგორ ირბინო.
ფიჭვის ხის ქვეშ ნაკვალევმა გამოსცა, ქარის დაბერვა
თოვლში, მერე აღარაფერი. სად წავიდა,
ასეთი დიდი ცხოველი, დაჭრილი შველი, დაკარგული
მონადირეების მიერ, საკუთარი ყურადღებაგაფანტულობა რომ გადაიტანეს
და, სულაც, თავიდანვე არ იყვნენ
მასავით ჭკვიანები? სად მიდის, ბოლოს და ბოლოს, ცხოველი?
 
ფორმა დახსნილი მოკვლისა და წადილისაგან,
ფორმა დახსნილი შიშისგან. ერთი თეთრი ნარგიზი
და მერე შემდეგი, და შემდეგი, და მას ვუყვარვარ.
წელიწადის დროებისთვის ჩვენ ნებისმიერ დამჯერ მხეცს ვგავართ.
განუსაზღვრელი ბმულები იმასთან რაც განგვსაზღვრავს,
მომიჯნავე გამოყოფა, ვინმე სულელმა პაპმა რომ შემოგვთავაზა
—როგორც ესპანეთსა და პორტუგალიას შორის რომელიც ყოფს
ნივთს სახელად სხეული სამყაროსგან სახელად სული.
და სხვადასხვანი ვართ, ხოტბათა ხუთი გროვა, ხუთი
გროვა იმ განუსაზღვრავი ბოშა გასხვავების ჩვენსას რომ ვეძახით.
რამდენი სხეულია საჭირო, რათა ვიყო მე, და რაც ეს არის
თითქმის საერთოდ არავინაა. არ არსებობს სიგიჟე
ფილოსოფიის მითის მსგავსი. არცერთი დასაჯდომი ზოლიდან
არცერთი თვითმფრინავი არ ფრინდება არსაიდისკენ,
 
უსასრულო მოსახლეობის ჯუნგლი პირები,
ჭორაობის მინდვრული შედეგები. ადგილობრივი ისტორია.
დრო იყო კაცი, რომელიც. ეს იყო უსაქმური ბიჭი
რომელიც გაიზარდა და გახდა კაცი რომელიც არასდროს ისვენებდა.
მე გადავყურებ ამ ზაფხულის გრძელ, განვლილ დღეებს
როცა სიზმრების და ჭამის და კითხვის გარდა არაფერს ვშვებოდი,
ვიმართებოდი ნაზმანებ ჰაერში, უკან ვიხედებოდი როგორც
ცხოვრების შემდეგ გონება გახედავდა უკან
შემთხვევითი თანამგრძნობი ნოსტალგიით სულაც ალერსით
ნაზ ტლანქ სხეულს რომელმაც ამდენი გასაჭირი დაატეხა თავს.
 
ყოველთვის არის ეული სახლი გონებაში
სადაც სევდა სუფევს და შავი ჩიტები მოდიან
მხოლოდ ახალი ამბების მოსატანად. ხანდახან წითელი
საკერებლები მათ ფრთებზე გვაგონებენ რომ გაზაფხული
ჯერაც ხელმისაწვდომია ის მართლა არის ჭიქა
ივსება და ცარიელდება ცა
ყოველთვის ცარიელია. ესაა მისი ძღვენი ჩვენდამი,
მისი ხელოვნება, ეს სიცარიელე,
 
რათა სამყაროს ქმედითი ცოდნა გვქონდეს.
პატარა თაბაშირი მოჩუქურთმებული, რათა ჩიტს ჰგავდეს
სტვენით კუდში. სამხრეთ ამერიკული.
რთულია ბერვა, რბილი ფშვინვიერი სტვენა.
თითქოს თვით ჩიტი შემობრუნდაო
იმის დასანახად, რასაც ჩვენი შეშლილი ტუჩები შვებიან ახლა.
ჩიტი ეგვიპტური ასო ’ა’ს მსგავსი,
ყიაში ხშული, ნარინჯისფერი ნისკარტი, დუნე თვალი,
ერთი სუბსტანციის კლდეზე მოთავსებული
საკუთარ თავთან, უკუმხედველი, სრული.
 
შენ თითქმის არ გესმის ის გვერდით ოთახში
მხოლოდ იცი რომ რაღაც უჩვეულო
ხდება. ვიღაც გეძახის.
 
 
 
 
კაცი რომელსაც თეთრი შოკოლადი უყვარდა
 
არსებობს კვერცხი საგნების შუაში
ლურჯი მცურავი ერთგვარი მათრახი
ბრუნვის მოსამთავრებლად, მის განსასხეულებლად
(გასანივთჩხვლეტად), არსებობს ფილთაქვა
ლითონს ურახუნებს არსებობს ბაყაყი
ცხადი გელი რომელიც მოსვლაზრებას იკედლებს
ქვირითის დინება გზა გზა და გზა გზა,
არსებობს გონგი რომელიც კვერცხში სცემს
აღვიძებს მას თავისი მადისგან.
 
იყავი სულ ცოტა, ახალო მოქალაქე.
ადვილი რამეების კარგად დაწერილი
პიესების ინტელექტუალური ჰედონიზმი, ხელობა
ვინმე მყიდველის ფუფუნებისთვის—
თუმცა არ არსებობს ფეხსაცმელი თავისი ფრჩხილის გარეშე
—იალქნები უნავო ჯობია—
რამდენნაირად შეიძლება დაქორწინდე
 
და იცხოვრე სიუხვეში როგორც იცხოვრებდი ესპანეთში
მდუმარედ კარგად ნამსახურები უდაბურ ზეგანზე
ჩვენი ხორციანი დაღუპვის ზედამხედველად: ო სვავებო
(მაგრამ ისინი არ მპასუხობენ, რადგან შაშვები არიან,
ბეღურები, მისთანები, და უბრალო ყვავები)
თავისი თემა აქვთ მისი არ სჭირდებათ
 
თეთრი გემო უდგას პირში
ერთგული მესრის გრძელი მწკრივი
მისი მეზობლის სინათლეში ჩამოკიდული
გორგოლაჭს მოხსნილი და გაჭიმული
გონებასაზღვრის სიგრძეზე, ეს კბილი
შენთვის, მუჩაჩა, და (ლახაიმ!)
ერთი-ორი ჩხვლეტა—დამუხტული ვარდები—
შენს ხელში. სურვილისამებრ დამორჩილდი ძაღლს.
წადი. (ის ირეკლავს სიბნელეს ვითარცა
რეპეტიციას ამ ტკბილი უსასობისთვის
ამ გრძელი გარეშესთვის)         ლურჯი ყვავილები
 
წითელი ჩიტები ახალი ბალახი ყვითელი სკამი
დანებების დროშა აღმართული
ფაფუქ უფერულ ჰაერში. მჭამე
თქვა დღემ, მე არასდროს მითოვია,
არასდროს დამვიწყნია. ჩიტი ავაზაკი,
ჩხარუნაფრთამოკეცილი მტაცებელი ფრინველები მრავლობენ
სანსლავენ ამგვარ ძღვენებს, უმი
საუბრები დაშორებულ საყვარლებს შორის
აუცხოვებს მას თავისგან. რამდენიმე ვარსკვლავი.
აღიარე რომ მადა მეტწილად გონებაა
მხოლოდ ერთი ციცქნა ხელსაწყოღა დაგრჩა რომ თან გეძინოს
—თითქმის ნარინჯისფერი კარდინალი ჭყეტელა მზეში
დიდდება მდინარის მიმართულებით სადაც ქალი ზის
წითელსამოსელმოსხმული ეტიტინება თავის მეგობარს
რომელმაც თმა მეტისმეტად მოკლედ შეიჭრა—
დაბლა ვინ მექაჩება? შეხე, შეხე
სადაც ამინდებრ ცვლადი ტყის ბებერი მოზრდილი ლუკმა
ჩერდება, იყოფა, პირს ფართოდ აფჩენს ცის მყარში
ქრისტეს საუფლო ტულკუს დასანახებლად.
ესეც კი, გული, კიდევ ერთი რამეა მხოლოდ.
 
საუბარი რაღაცის გულის ანაცერია,
გვირგვინი წნული უბედურებებისგან რომლების მოლურჯნაცრისფრო ფურცლებიც
ვბედავთ თითო-თითოდ ვწყვიტოთ. ლურჯი ყვავილი
ნაპოვნი არასდროს კარგვაში მხოლოდ.
მრავალი დამწვარი ხელი, ნაგირავები გონება,
არასაკმაოდ გამოფიტული საძირკველი, კეთროვანი კედელი.
ალევიანე, გამოტუტე, მერე დაფქვი
—მორიგი ტყუილი პანთეონის შემქმნელებისგან—
მეძავის ეკლესიაში მკვდარი იმპერატორი იცდის.
Le tombeau შენი ბოლო კონკრეტული მაგალითისთვის.
ფართო ნაციგურები, მაღლა ტალღაზე, პრორსუმ, პირ.
 
გალესე შენი კიფო ამგვარად სქელი ზღვებისთვის.
წამის შემდეგ. ახლა როგორაა,
და მისი ახალი მანქანა თუ დაკემსავს მანძილს?
დაღვარე გზა რომელზეც მდუმარედ დადიან
გარემოებით ხუნდდადებულნი, თავქუდშიშვლები,
ქარაწეწილები, მორცხვი კონკისტადორი?
მალინჩე, გახსოვდეს მას. რა ბნელი.
Weinend, klagend, აღგვილი აღდგომა,
ნუ იმედოვნებ, იდღეგრძელე, ცისთვალად ილურჯე, იჩქარე.
გაზაფხული დღეს შემოვიდა, არა საოცრება
სადარი ამ საოცრების. დაღონებული ბატკანი.
 
იალერსე. რა სამყაროს წარმოშობს
თავისზე უფრო სექსუალურს, და თუ არ, იწუხე,
მდედრმარცხო, კიდევ ერთი ამწამს მოწყვეტილი ვარდი.
ო ის არაფერს იგონებს,
ის ავი მდედრი, ხომ არ ჰგონია
ხორცი ხორცისთვის საკმარისია და ლაპარაკი ლაპარაკისთვის,
მარადცვლადი, ჭორაობა და სექსი?
ნწ. გაუხახუნე ორი ალალბედ არჩეული სიტყვა ერთმანეთს
და მიიღებ სამყაროს უფრო უხვს ვიდრე ნებისმიერი ეს.
 
მიკრონი ინდაურის ბუმბულით მბრუნავი
ჩვენ ვეჭვობთ ჩვენს იმავე შავ სხეულებს და თეთრ სხეულებს
რადგან განსხვავება მხოლოდ მანქანაა მხოლოდ
გზებზე წასვლისუნარიანი ჩვენ რომ გავჭერით
და პოვნა არ არსებობს    მას აქამდე არ უპოვია
—კაცი რომელიც ბრინჯის პუდინგს ჭამდა
ისე რომ დიდაც არც მოსწონდა და ნამდვილად
არ სძაგდა—ერთი ბრუნი
და ის აქაა—ლაქტოგლიკოდინამო
ერთი კილოკალორია ან ასე გასაღვიძებლად
ჩვენი იმ ნაწილის რომელსაც ძინავს—
ბრჭყვიალა წითელი მოსართავები ნაძვის ხეზე, აპრილის ლენტა—
ო ცეცხლწაკიდებული სახლის სირენის სიგნალი
როდესაც სკეპტიკოსებიც კი გარბიან—ესეც
კაუჭი და კიბე!—სულის პროჟექტორები
დაადგნენ ნაჩქარევ ნანგრევს—იჩქარე—
რამე წითელს დაპირდი პატარა ბავშვებს.
 
დაპირდი აღმოსავლეთის ქარებს მგრძონიარე დასავლეთს
და შინ დაბრუნდებიან, ყოველი წინადადება
მთლიანობაა იმის რაც კი ოდესმე იცის,
მაგრამ სახლი არ აქვს მათ შესაყვანად,
ეს მდიდრულია, ეს ტუჩებია. ბჭობას
შეჰყევი, სუნთქვასა და სუნთქვას შორის
თვალს მოკრავ ჭეშმარიტ აღმოსავლეთს—როგორც როცა სიტყვები
უეცრად რომ ხედავ როგორ ქმნის მისი პირი
მხოლოდ იმისთვის არიან რომ მის ლაპარაკს შეგახედონ
—მის და მასში—მიღმა და შინ აღარასდროს დაბრუნდე
—რაც იყო აღთქმულმიწელის აღთქმა,
სუფთა წასვლა! გახვრიტე წასვლა, მტკივნეული მისვლა,
და უეცრად მცდარი ტრფობის ნადიმი (კარი
უეცრად იღება მისთვის) უსმინე (ოპერა
ეგ საკვირველი მანქანა) („იგრძენი ჩემი გულის
ცემა სადაც შენი ყური ჩქარობს“)
ბატონებო და ქალბატონებო ვირისტერფას გველის სურო
ბლუზი (ძუძუს ქმარი) (ირიბულა)
 
კაცს რომელსაც თეთრი შოკოლადი უყვარდა
უყვარდა ზღვის ჭორი
რომ ერთ-ერთი ამ რძიან კამერლენგათაგან
(რთულია გერბის ვიწრო ზოლების განჭვრეტა, მისი, როგორც
დღეს დღეს თქვა მან ცის შესახებ, ღრუბლების საგანძურები)
გააცურებდა მას წიგნთან ან წიგნს მასთან
ბრძენკაცი კარაგინის ქვეშ ძველი არლოგიკა
იღება—უდიდესი იდუმალება ანალიზია—
იმ არსის განიდუმალება რომლებითაც ის ხედავს მათ,
უ,სრულ,ესი,სი,ბრძნე, კონტინენტი.
არა ნებისმიერი სარკით იხილო შენი შიშველი სახე.
 
თეთრნაწვერალი ლოყები ახალგაზრდული იერი
ფანჯრის რაფაზე ექვსი ნიბლია მათხოვრობს საკენკს
გლორიოზოები სავსე ტლიკინით და
კახპურაზრება, ის ოქროს ხედავს
დღის მწვანექმნილების უკან, გაზაფხულს,
დუნეს, ზეთს, მყარად მდგარს შიგნიდან მოშვებულს
 
მე თავდაუდებელი ვარ
ბუნებრივი სელექციის გროტო
რასაც ის ფიქრობდა სახლში წასვლისას
ფიქრობს მას აწი მარად ან არა ოდეს
—რამეს უნდა ნიშნავდეს
ბეთჰოვენის ბიუსტი თაროზე—პატარ-
პატარა ლუკმებად მიიღე, გონება—
 
შეხედე წლის დროს შიგ რომ მე გხვდება
ისე კოხტა ჩაკალიფსული მიხვდებოდი
რომ არ არსებობს საერთოდ მსგავსი რამ, მართებულადაც,
ცივი ლორის მომნელებლები, მკერდი
სავსე მედლებით რომ მორთო თავისთვის
ლამაზად მომინანქრებული—არკანზასული ღვეზელი
მისი პაჩულისსურნელოვანი საჯდომი—
 
ჟორჟ სანდის თითები დაუყვებიან კლავიშებს
მეტოქეობის პირადულ აგონიებში—
მე ამ გმირის ნეფრიტით მორთულ ჯვარს ვატარებ
ჰიპოთალამუსის კამპანიისთვის,
ეს ლალის ბორბალი, ეს სპინაკერის სპილოს ძვალი
მთელი ჩემი სიჯიუტისთვის, სარკის ლაქლაქი,
ქურდების ანდერძი.
 
დილაა და ის ისევ სპერმითაა სავსე.
 
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული