***
ქალაქის ვიწრო დერეფნებში,
საიდანაც ისმის მეგობრების და კვდომის ხმები,
მზად არიან იცოცხლონ
და დაღლა ენის წვერზე მდგომი თავისუფლების ქვეშ მალონ.
აქ ჩვენი თანამზრახველები
მუდმივი უკმარისობით შეპყრობილი ადამიანები არიან,
რომლებიც ეზოებს სახლებით ავსებენ
ან ბავშვები,
რომლებიც ცვლიან თანმიმდევრობებს
და ცხოვრობენ მაღალ ხმებთან ერთად.
ყოველთვის მინდოდა,
არ ვყოფილიყავი,
და ახლა,
როცა ასეა,
ვუფრთხი სურვილებს და ისინი ენის ქვეშ იხოცებიან.
***
დავუსხლტი სიზმრებს,
რომლებიც მართობდნენ მკვდარი მწერების მარხვით
ეზოს კუთხეში,
ბებერი ძაღლების და სხვა პატრონების გარემოცვაში,
რომელთაც შიოდათ,
სანამ მოკვდებოდნენ
და იცინოდნენ
პირიდან გამოშვერილი გამონაბოლქვის გზაზე,
სადაც ვხედავდი ჩემი მეგობრების ნაბიჯებს.
ისინი მიდიოდნენ
და ერთმანეთის მიყოლებით იკლავდნენ
წყლის და ხორცის სურვილს,
როცა სხვა არაფრისგან არ შევდგებოდი.
ვეკროდი ქარს და მივყვებოდი.
***
ყოველ დილით,
როცა მზე ნერწყვს ყლაპავს
და ბოლო სახეზე სხივებს გვაწნის,
გვიხარია შაბათის მოსვლა,
ხელში და პირში ჭუჭყით,
მზად ვართ მომდევნო დღეების რიგში
უმოწყალოდ ფხიზლად ვიდგეთ.
შენ შეგიძლია დაკავდე საქმით,
მოიკიდო ზურგზე ბარგი,
ბათინკზე გზა
და წახვიდე ატყავებული ასფალტებისგან,
მთვრალი კორპუსების ჩრდილისგან,
რომლებიც ვერ ძლევენ სურვილს,
დარჩნენ მარტო საკუთარ კედლებთან
და გამოფხიზლდნენ.
***
როცა ვეცემოდი
ქალაქის ისტორიულ ნაწილში
და ფილებს შორის დამალულ მტვერს ვიყნოსავდი
მეუბნებოდნენ
რომ არ შეეძლოთ ჩემი ატანა
რომ ქალაქს იერსახეს ვუკარგავდი
მე იეთიმ გურჯის
ანდა მიხეილ ვორონცოვის ძეგლთან
მზეს კბილებს ვუშვერდი
და მემჩნეოდა უსახლკარობა
როცა ისინი თბილისს თავს ევლებოდნენ
და მასთან ერთად იმატებდნენ წონაში
ყველა სიტყვა იყო მუსიკა,
რომელზეც თავს ვაქნევდი
და ვნაყრდებოდი
***
როცა გვირილა ამოდის სახლში
კარგავს ფერს და ეცემა
შესაძლოა
მხედავს
როცა ვყრი ხმელ ბალახს
ან ბათინკებს წყალში
სანამ ორი გოგო ცხოვრობს შორს
ფეხმორთხმით
და გაღიმებული
აქ
გვიცნობენ
და გვცნობენ ქუჩაში
ან მეტროში
წაქცეულებს
საკუთარ და სხვის ნარწყევში
ერიდებათ და ეშინიათ ჩვენი გამოფხიზლების
იციან
რომ ერთ მშვენიერ დღეს
ჩვენგან არ დადგება სანიმუშო მიცვალებული
ის
რის გამოც დაღვრიან ბევრ ცრემლს
და იამაყებენ დაკარგული წყლის ყველგანმავლობით.