• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ბედნიერება და სხვა მოთხრობები

×
ავტორის გვერდი დავით შერგელაშვილი 01 სექტემბერი, 2018 3947
ყ ა ჩ ა ღ ი
  
  გამოძახებაა. ტრასაზე ავარია მოხდა. ჩვენს მისვლამდე უამრავ ხალხს მოეყარა თავი. სასწრაფო დახმარების მანქანაში უკვე შეუსვენებიათ ორი გვამი. ახალგაზრდები. გოგო და ბიჭი. ტაქსი ამობრუნებული ეგდო გზასთან ახლოს. მძღოლი მსუბუქად იყო დაშავებული, ასე რომ, დაკითხვა მივახერხეთ.
   კითხვაზე: რა მოხდა? აღშფოთებული სახით გვიპასუხა: მაყაჩაღებდნენ! სარკეში დავინახე, როგორ ეკავა იმ გოგოს ხელში პისტოლეტი. შიშისგან იმწამსვე საჭე გადავკარი. მეტი არაფერი მახსოვს. 
   მძღოლი დავამშვიდეთ, ჩვენს მანქანაში ჩავსვით და საქმეს შევუდექით. ტაქსის ჩხრეკისას პისტოლეტს და უბის წიგნაკს წავაწყდით.
   აი, მისი შინაარსიც:
   - სალო, შენთან საქმე მაქვს. არ გაგიკვირდეს, ასე რომ მოგმართავ. არ მინდა ტაქსის შოფერმა მოგვისმინოს.
   - ნამდვილი შეშლილი ხარ. ყოველთვის ვიცოდი. გისმენ, რა გინდა. უფრო სწორად..
   - მე შენ ძალიან მიყვარხარ! დღესვე ცოლად უნდა გამომყვე. თუ უარს მეტყვი, იცოდე, იარაღი მაქვს წამოღებული, ახლავე თავს მოვიკლავ!
   - გიჟო! მეც მიყვარხარ! ოღონდ ცოლად არ გამოგყვები, თუ შენს იარაღს არ მაჩვენებ. ხომ იცი, როგორ მიყვარს. 
   - სალო, ოღონდ ცოლად გამომყევი და ავრორიდან გასროლინებ. გაჩვენებდი, მაგრამ მე რომ ამოვიღო, ტაქსის შოფერმა არაფერი იფიქროს. 
   - სად გაქვს, მე თვითონ ამოვიღებ.
   - უბეში, მარცხნივ. იქ, სადაც ყველაზე მეტად მიყვარხარ!..
   ტაქსის მძღოლს გადავხედე. მან ისევ აღშფოთებული სახით შემომხედა და მუხლზე ხელის დარტყმით თქვა:
   გოგო და ყაჩაღი? სულ გადაირია ეს ხალხიო.
 
 
 
ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ა
 
   ბედნიერებისთვის მეტი რა არის საჭირო? წყალი სულ მაქვს, შავი არ ვარ და ქალები ზედ მასხდებიან. თუმცა არა მარტო ქალები. უკვე ხუთი თვეა ვითმენ. დარწმუნებული ვარ  (თუ სადმე სამართალი არსებობს), ჩვენი პირველი დამამზადებელი ჯოჯოხეთის კანალიზაციაში იხდის სასჯელს. აბა ეს რა ყოფაა. მართლაც დიდი ნებისყოფა უნდა გქონდეს, რომ ყველაფერი უხმოდ აიტანო.
   ოჰო! კარი იღება და გოგო-ბიჭი შემოდის. კარს ჩარაზავენ და წავიდა... ახლა უკვე აღარ მიკვირს. თავიდან კი ძალიან შევშფოთდი. გაკვირვების ნიშნად ცოტა წამივიბუყბუყე. წყვილმა შემომხედა  (ჩამხედა), მხიარულად გაიცინეს და ისევ თავიანთი საქმე განაგრძეს. 
   ისე, რა ერთმანეთს ჰგვანან ეს ადამიანები. განსაკუთრებით მთვრალები (აქ რესტორანია და ამიტომ უმეტესობა მთვრალია, ან თვრება). წყვილის შემდეგ ერთი ღიპიანი ბიძა შემოვიდა. დამაჯდა, სიგარეტი ამოიღო და მობილურით რეკავს. ოჰოჰო! რა სპილო, რის სპილო, თან როგორც ჩანს მამობრივი გრძნობებიც მოაწვა:
   ალო! სადა ხარ ქალო. ბავშვი გააღვიძე. ღვიძავს? დაუძახე. ვაჰ ეგეც? სეკა...
   ღიპიანი ბიძა ახალგაზრდა ბიჭმა შეცვალა. თვალები მოხარშული თევზის თვალებს მიუგავს. ჩემი დანახვისთანავე, დიდი ხნის უნახავივით ჩამეხუტა.  თხუთმეტი წუთი იწვალა, იტანჯა და წავიდა. წასვლის წინ კალამი ამოიღო და კედელზე მიაწერა: ლ + კ = შ. კიდევ კარგი ჩარეცხვა არ დაავიწყდა. ვითომ არაფერიც არ მომხდარა. მერე ფხიზელი შემოვიდა. ცოტა შეიშმუშნა (სუნი არ ესიამოვნა), მაგრამ ძალზედ უჭირდა და აღარ გაბრუნდა. ფხიზელის შემდეგ ოფიციანტი გოგო შემოვიდა. ტანსაცმლიანი დამაჯდა, სიგარეტს მოუკიდა და რაღაც პატარა წიგნი გადაშალა. მერე ისევ მთვრალი  (გამხდარი) შემოვიდა. სარკესთან დადგა (კიდევ კარგი სარკე არა ვარ), ორიოდ წუთი უძრავად იდგა, სერიოზული სახით. მოულოდნელად თვალი ჩაუკრა სარკეს და გაბადრული გავიდა.
   ათი წუთის განმავლობაში არავინ შემოსულა. ჩემზე მეტად ვინ იცის მარტოობის ფასი, მაგრამ ვინ გაცლის! ისევ მთვრალი სპილო. ცოტაც და შევიშლები. ამჯერად მობილური აღარ დასჭირდა. პირდაპირ ელაპარაკა ნაცნობებს, ესიყვარულა რაღა.. ბოლოს, მაინც იჩხუბა: ვალი რატომ არ მოგაქვს, ხო მაინც აქ უნდა დავხარჯოთო - უკვირდა!
   ისევ მარტოობა ორი წუთით. რა კარგი სიტყვაა მარტოობა! ნეტავ მისით ყველა კარგი სიტყვის შეცვლა შეიძლებოდეს. სიყვარული გინდა აუხსნა გოგოს? ეტყვი: მე შენ გმარტოობ! კარგი ადამიანი გინდა შეაქო? ეტყვი: თქვენ ძალიან მარტო ადამიანი ბრძანდებით! გინდა გაიფიქრო, რა კარგად ვარო? გაიფიქრებ: რა მარტო ვარ!
   კარი ლამაზმა გოგონამ შემოაღო. დამასკუპდა. თან მობილურით ლაპარაკობს: ქეთი მე ვარ. როგორ ხარ? ფანტასტიურად. სერიოზულ დროს ვატარებთ. რატო არ წამოხვედი შე სტარავერო. შენ რო ნიკას ევასები, დათვრა და შენ დაქალ ანის დაუწყო ჩალიჩი. მაინც არ გევასება? აუ, მე მაგრად. რა ბეჭები აქვს! მაგარი ტიპია. ხოდა მაგ შენმა დაქალმა, ავთული ხო გევასება? ხოდა ნიკა დაიკიდა და ავთულის ეკურკურება. რასა და ცეკვავენ.
   მერე ბიჭი შემოვიდა. კარი ჩარაზა. ყველაფერს გულდასმით მოავლო თვალი და შპრიცი ამოიღო. ნარკომანებს რაღა უნდათ რესტორანში. თუმცა, ვის არ შეხვდები აქ: ნარკომანებს და ქეშებს, შარაფისტებს და ვეგეტარიანელებს, ლოთებს და ინტელიგენტებს (ან ორივეს ერთად), ყველა სახის შეყვარებულებს, გულგატეხილებს, მწარედ რომ იფურთხებიან, ჰალსტუხიანებს და უჰალსტუხოებს...
   ახალგაზრდა ნარკომანმა გაოცებით შემომხედა. შპრიცი ჯიბეში იტაკა და გავარდა. მე კი რაც ძალი და ღონე მქონდა შადრევანივით ვასხამდი. ამომქონდა და ამომქონდა ამდენი ხნის ნათმენი. დამლაგებელი ქალი შემოვარდა წივილ-კივილით, მაგრამ რას გახდებოდა? ეს ჩემი წუთები იყო. არარსებობისაგან განთავისუფლების წუთები...
   ახლა?
   ახლა კი ვგდივარ ამობრუნებული ქალაქის ნაგავსაყრელზე. ფერდი ჩამტვრეული მაქვს. ხანდახან ლეკვები თუ შემოძვრებიან და ჭკვიანი თვალებით გაჰყურებენ ჩემიდან არეს...
   მეტი რა არის საჭირო?
 
 
ლ ა მ ა ზ ი   ქ ა ლ ი
 
სამუშაო დრო იწურება. მაღაზიის თანამშრომლები საუბრით ირთობენ თავს. გარეთ ცუდი ამინდია. ამ დროს პატარა, მყუდრო მაღაზიაში ყოფნა სასიამოვნოცაა. გოგოები - ნინო და თეონა ყავას ადუღებენ. მუშებს დღის განმავლობაში ტახტზე ჯდომა ეკრძალებათ. ახლა კი, ორივე ტახტზე ზის. ერთი სიგარეტს ეწევა და როგორც ყოველთვის, ლაპარაკობს. გოგოებს მის ოხუნჯობაზე ეცინებათ. ვალერი ქვია, იმერელია. გიოს მოწევაზე თავის დანებება სურს და ვალერი სერიოზული სახით ამხნევებს:
   - რა უნდა ბიჭო სიგარეტის გადაგდებას. ორმოცდაათჯერ მაინც მექნება თავი დანებებული.
   - ვალერ! ის როგორ იყო? - შეეკითხა თეონა, - ღამის ორ საათზე ჩვენ დირექტორს რომ დაურეკე "შევხვდეთო"...
   - აპა, გოგო! პატარა ნასვამი ვიყავი. ბადრიკიემ დამპატიჟა ბოვშის ნათლობაში და ქე დავლიე ცოტა, ასე, ორი ბოთლი ღვინო. აუ, რა სუფრა იყო.. ხოდა, გარეთ რომ გამევედი, ვიფიქრე ჩემ სიყვარულს დოურეკავთქვა. არ მოვხვდი დირექტორთან?.. ორივეს სახელი ხო მ-ზე იწყება.
   - კაცის ხმა რომ გაიგონე, - უთხრა ნინომ, - რა იფიქრე?
   - რა და სიმავრია-თქო.
   - აუჰ, სასიდედრო ხომ გიჟდება შენზე და... მართლა! შენ სასიდედროს რომ ქალი დაყვება ხოლმე გვერდით, ვინ არის?
   - ვინ? ცისფერი თვალები რომ აქვს?
   - ჰო, ლამაზი ქალია, - თქვა ნინომ.
   - ეგ ადრე იქნებოდა მართლა ლამაზი. ჩემმა შეყვარებულმა მითხრა ტაბლეტებს სვამსო.
   - რა ტაბლეტებს? - ერთხმად ჰკითხეს გოგოებმა და თან ყავა შემოიტანეს.
   - ქმარი ყავს აფხაზეთში დაღუპული. 
   - მერე?
   - რა მერე, ვერ უნდა მიხვდეთ? სექსი რო არ მოუნდეს.
   უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. გიომ მაგიდაზე დაგდებული კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.
   - აკი აღარ ვეწევიო? - ღიმილით უთხრა თეონამ.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული