- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
“ყოველთვის მინდოდა დამეწერა წიგნი კინოდარბაზებზე და იმაზე, რომ ნამდვილი კინო დარბაზშია და არა ეკრანზე. "ცრემლიან სათვალეში"”.
გოგი გვახარია - ფეისბუქ-პოსტი
(ნანახია. 24.12.2017)
მიუხედავად გოგი გვახარიასადმი დიდი პატივისცემისა, უნდა ვაღიაროთ, რომ ის განსხვავება, რომელზეც გოგი მიუთითებს, აღარ იკითხება. დიდი ხანია, რაც დარბაზი და ეკრანი ერთია, რადგან რაც ხდება დარბაზში ის ხდება ეკრანზე და რაც ხდება ეკრანზე ის ხდება დარბაზში. ამის ემპირიული დადასტურებისთვის მცირედი ექსპერიმენტი სახლის პირობებშიც უსაფრთხოდ შეგვიძლია ჩავატაროთ.
მაგალითად: ეკრანზე, ფილმის ყურებისას თუ ობიექტივს მსახიობების ნაცვლად ჩვენსკენ [დარბაზისკენ] შემოვაბრუნებთ ახალ ეკრანს მივიღებთ, ისეთივე ლეგიტიმაციის მქონე გამოსახულებით, როგორსაც მსახიობების ვიზუალი გვაძლევდა - აი ისეთს: „ყველას თავისი კინო აქვს“.
ან სხვა მაგალითი: პორნო ჩატში საუბრისას, თუ დავაკვირდებით, არსებობს ორი მხარე: ის ვინც სამოსს ახდევინებს (დარბაზი) და ის ვინც იხდის (ეკრანი), თუმცა, იმისათვის რომ პორნოგრაფია შედგეს, აქტში ორივე მხარე თანაბრად უნდა მონაწილეობდეს. ამ შემთხვევაში, რომელ მხარესაც არ უნდა შეატრიალოთ ობიექტივი, ხელში პორნოგრაფია შეგრჩებათ. აქ მხოლოდ გემოვნებაზეღა ვდავობთ.
ამიტომაც, გაგვიჭირდება იმის თქმა, თუ სადაა „ნამდვილი კინო“, დარბაზში თუ ეკრანზე. შესაბამისად, გვახარიას ფეისბუქ პოსტი შეგვიძლია კინოკრიტიკოსის ნოსტალგიურ გამოძახილად ჩავთვალოთ. ხოლო, ცივი გონებით გოგი სიტუაციას ზუსტ შეფასებასაც აძლევს; „ცრემლიან სათვალეში“ ის წერს: „აბა რა არის თანამედროვე კინო[დარბაზი], თუ არა პოპკორნი, რბილი სავარძელი და „დისნეილენდი“ ეკრანზე“. ალბათ, სწორედ ეს მთლიანობა, მეტი არც არაფერი.
რაც შეეხება „ცრემლიან სათვალეს“, ის მედიაკომუნიზმის მთავარ სიმბოლიკად იქცა. გაცნობიერებული მედიაკომუნისტი სწორედ ისაა, ვინც კინოზე ტირის, რათა გაიზიაროს ღატაკთა მშიერი კუჭის იმპულსები და აღელდეს ბურჟუაზიული ოჯახების სასიყვარულო სამკუთხედებზე. მართალია მატერია „თანაბრად“ ვერ გადავანაწილეთ, თუმცა, მისგან წამოსული იმპულსები, გრძნობები და ზოგადად წარმოსახვითი კომუნალური გახდა. ეს მედიაკომუნიზმის დადგომას ნიშნავს, სადაც ყველა ყველაფერს იზიარებს, მატერიის გარდა. ამიტომაც, აწი შეგვიძლია „დილით ნადირობას ვუყუროთ და საღამოს - თევზაობას“.
დღეს [წარმოსახვითში] ყველა მიიღებს საკუთარი მოთხოვნილებისამებრ და გააზიარებს საკუთარი შესაძლებლობისამებრ. ასეთია მედიაკომუნიზმის ეპოქა, სადაც როგორც დრო (იხ. ჩენი წერილი: დამოუკიდებელი საქართველოს კალენდარი), ასევე სივრცე (იხ. ჩენი წერილი: დამოუკიდებელი საქართველოს რუკა), ახლებურად არტიკულირდება. სადაც სამყაროს ცენტრში აღარც ღმერთი დგას, აღარც ადამიანი და აღარც დისკურსი, ისინი მედიუმმა, როგორც გარდაუვალმა მესიჯმა და მთავარმა სუბიექტმა ჩაანაცვლა. ასე რომ, მედიუმი გვიქმნის ღმერთებს, ადამიანებსა და დისკურსებს.
აი მაგალითად, ვინც ვერ მოესწარით გეტყვით, რომ 90-იანი წლების საქართველოში, მაშინ როდესაც ძველი ამბავი (საბჭოთა კავშირი) დასრულდა, ხოლო ახალი ამბავი ჯერ ჩანასახის დონეზეც არ იყო, ჩვენი საზოგადოება ნარატივის გარეშე დარჩა[1]. ამიტომაც, საჭირო იყო გონებების შეკავება, ანუ ისეთი ნარატივის შექმნა, რომელიც ყოველდღიურობის ნაწილი გახდებოდა. იმის გამო, რომ ამ დროისთვის მატერიალური კრიზისები და ინსტიტუტების კოლაფსი მსგავსი ამბის არტიკულირების შესაძლებლობას არ ტოვებდა, საჭირო გახდა წარმოსახვითი ამბის გარედან შემოტანა, რისი როლიც სერიალებმა თავისი სისავსით აიღეს. ამ დროს სერიალები ხდებიან ყოველდღიური ნარატივის ნაწილები, რადგან თანმიმდევრულობა, განგრძობადობა და კალენდარი სერიალებს საშუალებას აძლევდათ გონებები ცოტა ხნით მაინც შეეკავებინათ და „გაუდაბნოებული რეალობის“ საშინელებისგან ეხსნათ. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ამ დროს ჩნდება გაზეთი „სერიალი“, რომელიც ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდების პირობებში, ნარატივის უწყვეტობას უზრუნველყოფდა. მაშინაც კი, თუ შუქი ქრებოდა, საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაზეთ „სერიალში“ ამბის განვითარებისთვის თვალი ედევნებინა. ან და; ამავე დროს აქტუალური ხდებოდა საქალაქთაშორისო ზარებიც, სადაც მოქალაქეები თბილისში/თბილისს გარეთ წასულ ახლობლებს მოსაკითხად ურეკავდნენ და ამბავი სერიალების განხილვით სრულდებოდა.
ეს გონებების წარმოსახვითზე გაყოლებაა, წარმოსახვითის „რეალურში“ ინტეგრაცია, რაც დღეს უფრო რადიკალურ ფორმებს იღებს. მაგალითად, ნელ-ნელა საქართველოშიც შემოდის ე.წ. 9D და 12D სკამები, რომლებსაც Cool დამსაქმებლები დასაქმებულებს სამუშაო გარემოს ნაწილად სთავაზობენ. შესაძლებელია დასაქმებულის ხელფასი ან სამუშაო გრაფიკი დასვენების მცირე შესაძლებლობებს იძლევა, მაგრამ დასაქმებულებს შეუძლიათ გასართობ ოთახში 12D სკამზე მოკალათდნენ და წარმოსახვითი, მთელი სუბიექტური სპეცეფექტებით, ზღაპრულ სამყაროებში გადაისროლონ: დაკავდნენ მრავალგანზომილებიანი სერფინგით ან თხილამურებით, ხოლო წარმოსახვითში 2 წუთიანი მოგზაურობის შემდეგ სამუშაო სკამებს დაუბრუნდნენ[2].
რაც უფრო ვშორდებით მატერიის იმ „სამართლიანობის“ პრინციპებით გადანაწილებას, რასაც კომუნიზმი თავის თავში გვპირდებოდა, მით უფრო ფართოვდება წარმოსახვითის საშუალებები (Means of simulation), რათა მატერიის სიჯიუტე დაძლიოს.
მართალია, უორჰოლის პროგნოზმაც ვერ გაამართლა და დღეს 15 წუთით პოპულარული ყველა მაინც ვერ გავხდით, თუმცა ისინი ვინც ამ ბედნირებას მოკლებულნი ვართ, კვლავაც შევძლებთ პოპულარობა ეკრანებიდან განვიცადოთ, რომელიც D-ს წინ რიცხვებს გეომეტრიული პროგრესიით ზრდის და სულ უფრო მეტი სუბიექტურობის სპეცეფექტებს ამატებს.
დღეს აიკრძალა კერძო შეგრძნებები და ის შიზოფრენიად გამოცხადდა. ის ვინც კამერებს ემალება ან გიჟია ან ტერორისტი, ან უბრალოდ ხელოვანის მორიგი ხრიკია, რომელიც სულ მალე თავისი მულტიმედია ნამუშევრებით გალერიის კედლებს დაამშვენებს. თანამედროვე ფსიქიატრები, რომლებმაც გიჟი, ტერორისტი და ხელოვანი უნდა განასხვავონ, პაპარაცები არიან (ჩვენთან ე.წ. შპიონები). ამიტომაც, განსაკუთრებული როლი მიენიჭათ მათ: მედიაჩეკისტებს, რომლებმაც კერძო გამოცდილებები კომუნალური უნდა გახადონ. აფოფხდნენ მდიდრებსა და ღარიბებს შორის აგებულ ბეტონის ღობეებზე და „ბევერლი-ჰილზის“ ამბების მოყოლით ოთარაანთ ქვრივის ხიდჩატეხილობის პრობლემა დაძლიონ. სწორედ მათი მოვალეობაა, რომ - „რაც ყურში იჩურჩულეს, ერდო-ბანებზე გამოხმაურდეს“ - ანუ, მოხდეს სკანდალი.
რა ქნას მოქალაქემ, როდესაც დილით ტრამპის ხმა ჩაესმის, შუადღეს GIF-ები ელაპარაკებიან[3], საღამოს კი კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი ახალ ფინანსურ სკანდალებზე მოუთხრობს? დაბნეულია მოქალაქე, ვეღარ იგებს ეს სკანდალია თუ პოლიტიკის ონტოლოგია?! იქნებ თვითონ დაბერდა და განსჯა აღარ უჭრის ან და იქნებ საკმარისად მოწიფული არაა, რომ ბრძნული დასკვნა გამოიტანოს? სკანდალი კი მძვინვარებს:
„მაშინაც კი, როდესაც ჟურნალისტები საკითხისთვის მეტი სიცხადის მისანიჭებლად სპეციალისტებისა და ექსპერტების განცხადებებს აშუქებენ, სინამდვილეში, საკითხს უფრო ბუნდოვანს ხდიან, რადგან მას ემატება კიდევ ერთი ინტერპრეტაცია, რომელსაც დამოუკიდებელი კითხვები მიეყენება: რა გავლენები აქვს ექსპერტს? ვისი დაკვეთით საუბრობს ექსპერტი? არის თუ არა ექსპერტი კომპეტენტური? არის თუ არა ექსპერტი გულწრფელი? არის თუ არა ექსპერტის განცხადება მედიამონტაჟი?“ (იხ. ამ თემაზე ჩვენი წერილი აქ)
ექსპერტი კი ბატონო არა, მაგრამ ნივთმტკიცება? აუდიო-ვიზუალიური მასალა ან მკვლელობის იარაღი? ისინი ხომ იტყვიან სიმართლეს? სამწუხაროდ, ნივთმტკიცებებსაც უჭირთ მედიაივენთებში გაგვარკვიონ. ნივთმტკიცების ყოველი ახალი ექსპერტიზა ახალ კომპრომატს ემსგავსება, რადგან ემპირიაში ნივთმტკიცება (მაგ. ფარული ჩანაწერი) თავისი მოჩვენებითი ობიექტურობითა და ნეიტრალურობით ვეღარ ახერხებს, რომ დამკვეთსა და ექსპერტს შორის არსებული სუბიექტური და მიკერძოებული დამოკიდებულება გააშუალოს. მასაც იგივე კითხვები მიეყენება, რაც ექსპერტს: ვისი დაკვეთით საუბრობს ნივთმტკიცება? ვინ შექმნა ნივთმტკიცება? ყალბი ხომ არაა ნივთმტკიცება? ვინ გააყალბა ნივთმტკიცება?
შედეგად, მედიასკანდალი პოლარიზების დიდ რისკებს შეიცავს. იმ მოქალაქეს, რომელიც ამ მედიაივენთის წინაშე იმუნური ვერ აღმოჩნდება, მოუწევს საკუთარი პოზიციები სუბიექტურ რწმენებსა თუ ბელადებს მიანდოს, რომელი რწმენებიც ისედაც დავიწყებული, ტრანსფორმირებული, მედიაკომუნალური და განცდილი აზრებია. აქ იკარგება რეალობის პირველადობა, მის ადგილზე სიმულირებული მედიანარატივი დგება. ის კი იურიდიული ნივთმტკიცების მნიშვნელობას აუქმებს და აჭიანურებს: მოლაპარაკე საგანს დასცინის, სხვა ნივთმტკიცებას აჯიბრებს, აკომიკურებს, ამძაფრებს და საბოლოო ჯამში ნივთმტკიცებას მტკიცების ძალას უკარგავს. ხოლო, როდესაც ნივთმტკიცება ექსპერტს ალიბად ვეღარ უდგება, მოქალაქე საკუთარ პოზიციასაც ვეღარ გააშუალებს, საგნებითა და ემპირიით მას ვეღარ დააბალანსებს: მისი მდგომარეობა მორწმუნის მდგომარეობაა, რომელსაც სკანდალის ნამდვილობის ან სწამს ან არა. ეს რწმენა კი პოლიტიკაში „ქოცებად“ და „ნაცებად“ ითარგმნება და სამოქალაქო დაპირისპირების რისკებს აჩენს[4].
როგორც ვნახეთ, მედია-წარმოსახვა უსასრულოდაა გადაჭიმული ჩვენივე განცდების მრავალფეროვნებაზე და მას „გამჭვირვალე“ მედია ბადეს - იგივე მედიალაქას, რომელიც კლუბში ნანახი ორთქლივით ეფარება ჩვენს განსჯას და ის მხოლოდ რიტუალურ პრაქტიკამდე დაჰყავს. მედიაკომუნიზმი კვალის დაუტოვლად გუდავს ყველაფერს - ექსპერტს და ნივთმტკიცებას: ხოლო, ის ბოდვა რაც ახლა ყურებში შიშინით ჩაგვესმის, სარეცელს მიჯაჭვული მომაკვდავის სხეულიდან [ჰეგელის] სულის დატოვების თანმდევი პროცესია.
იგავი არწივსა და დრონზე
მაშინ როდესაც ჩიტებსაც ვერ გაურჩევიათ ჩიტი და ჩიტის სიმულაკრი[5], გასაკვირი არაა, რომ ჩვენც ცოტა ავიჭერით. მაგრამ, არწივი ხომ ყოველთვის ადამიანის ინსპირაციის წყარო იყო?! ამჯერადაც, არწივისგან შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორ მივემართოთ სიმულაკრს, იგივე პათოსითა და ძალისხმევით, როგორც „რეალურ“ ჩიტს. არწივი ამბობს:
„მე ჩიტებს ყოველთვის ჰაერში ვიჭერდი, მნიშვნელობა არ აქვს ჩიტია თუ ჩიტის სიმულაკრი, უნდა ესმოდეს, რომ არ გავაჭაჭანებ. წირვას გამოვუყვან ამ რკინის პეპელას“.
ბრუნო ლატური [Reassembling the social] შესანიშნავად მიუთითებს, რომ ზოგადად დიფუზია, დესტრუქცია და დეკონსტრუქცია არაა მიზნები, რომლებსაც უნდა მივაღწიოთ, არამედ ესენია ის მოდიფიკაციები რისი დაძლევაც უნდა ვცადოთ. სკანდალი, კორუფცია, ადამიანების წამება და ა.შ. ის მედიაივენთებია, რომლის კვალსაც სერიოზული კვლევა ძიება სჭირდება.
ეკრანებზე პოლიტიკური ექსპერიმენტები ინსტიტუტებს ანგრევენ, რომლის ნამსხვრევებიც კონკრეტული ადამიანების ტრაგედიებს ეცემა. მედიაკომუნისტო ხომ არ გგონია, რომ საკუთარ სიკვდილსაც ეკრანზე უცქერ „ცრემლიანი სათვალით“ ?
[1] განსაკუთრებით ქალები, რადგან კაცები კრიმინალური ნარატივისა და ქუჩის გარჩევების მონაწილეები გახდნენ, რომელსაც „რემბოს“, „ბრიგადისა“ და „ბინძური ჰარლის“ სპეცეფექტები ავტომატურად ემატებოდა.
[2] თუ თქვენი სამსახური ჯერ კიდევ არ იძლევა 12D სკამებით მოგზაურობის შესაძლებლობებს, შეგიძლიათ სხვათა მოგზაურობებს სოციალურ ქსელებში დააკვირდეთ ან იქნებ “National Geography” გეცადათ.
[3] ეს ყველაზე ბრუტალურია, სადაც შესაძლებელია, 2-3 წამში არა მხოლოდ ერთი ნარატივი, არამედ რამდენიმე ნარატივი ერთმანეთს გაასაუბრო/შეათანხმო/დააპირისპირო და უფრო ხშირად ორივე ნარატივი ერთად კომიკურ-ნიჰილისტურ ნარატივამდე დაიყვანო.
[4] გლობალურად ნივთმტკიცების კრიზისი მრგვალი და ბრტყელი დედამიწის, გლობალური დათბობის, ტერორიზმისა და სხვა ცხელი თემების ირგვლივ გამართულ დისკუსიებში შეიძლება შეამჩნიოთ.
[5] წყარო: ტაბულა „არწივი დრონს სამხედრო წვრთნისას, საფრანგეთში დაესხა თავს“