• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

წმინდა საშოს კრიტიკა

×
Jamie McCartney, The Great Wall of Vagina
ავტორის გვერდი გორვანელი 04 იანვარი, 2019 3937

ნაწყვეტი პოემიდან

 

ვიღვიძებთ მკვეთრად განსხვავებულ სივრცის წიაღში,

გაქცევა გვინდა,

ენერგია კი აღარ გვყოფნის ბრძოლისთვის მავალთ.

მისტერიები და კულტურათა რეინკარნაცია...

ცივილიზაცია გვაგონდება.

ვიდექით მრავალ გზაგასაყარზე, სიცხადეთა ემპათიურ არსში,

ეგოცენტრიზმი და სიცარიელე, ალეგორიული აღტკინება;

გზნება, სწრაფვა და მოდუნება,

გარდასახვათა რეზულტატური ნოვაცია.

მთვარეული დიალოგი კოსმოსთან შედგა,

თუმცა გამოღვიძების ღემდეგი ეტაპი იყო დრამა,

სატირა და კომედია.

მილეულ სინათლეთა სხივადობა ეგზისტენციალური შიშის დასაწყისად მოგვეჩვენა.

საკრალური სიამენი გვავსებს,

გვავიწყებს აპოკალიფსს.

მოძრაობის მრავალწახნაგოვანი სივრციდან

სუბსტანციური წერტილის პოვნას ვცდილობთ,

რათა განვსაზღვროთ შედეგის მიზნობრიობა

და ქაოტური სინამდვილე ვაქციოთ მოწესრიგებულ მთლიანობად.

საკუთარი თავის მრავალჯერადი გარდასახვა,

უმეტყველო ღიმილი და შემაძრწუნებელი აპათია,

ძიების ეზოთერული პრაგმატიკა

და თვითმყოფად ელემენტებად აღმოჩენილი არქეტიპები.

მატერიის პოვნა. სიჩუმე. კათარზისი...

კონფიგურაციათა ცვალებადობა,

აზრთა მოდერნიზაცია და აღქმათა აბსტრაგირება,

გრძნობათა შებოჭვა და ხედვათა გამხოლოება.

ზედროულ სინამდვილემდე ამაღლების პარადიგმა გადაადგილდება

დროისა და სივრცის ფორმალური კანონზომიერებით.

ლაბირინთული ხეტიალი,

თავგადასავალთა ძიების ცხოველმყოფელი ენერგია.

შეჩერება, ძალათა აღდგენის აუცილებლობა.

მისტიკურ პერსონაჟთა იმაგინაციური მსგავსება.

ცირკულაციური აპერცეფცია,

იდეათა განსხეულებით მიღწეული ატარაქსია,

ადამიანური ყოფიერების აპოთეოზი.

სვლას ვაგრძელებთ, ვსუნთქავთ და ვარსებობთ.

პერმანენტულად ვმეტასტაზირდებით მიწის, ცისა და ატმოსფეროს ბუნდოვანებაში.

ჩვენც ვბუნდოვანდებით, ვიშლებით, ვიფიტებით, ვნაწევრდებით,

გამოვყოფთ სუნს და განვიდევნებით,

ვიდრე დაბრუნების, ხელახლა დაბადების სიამოვნებამდე.

ვიღვიძებთ აკვანში. მკვეთრად სახეცვლილი

ამაოების სუბსტრატი გადარჩენის ალეგორიულ იზომორფულობად გვესახება.

საკუთრივ ტირილი. ადამიანად ყოფნის გაუცნობიერებელი ემოცია.

ხელოვნურ ბგერათა ბუნებრივი ხშობა. სამყაროსთან დიალოგით

მიღწეული ჰარმონია. წყლის სიღრმით აღვსებული ცნობიერება,

მზის მცხუნვარებით გაღვივებული ნაყოფი.

რწევის სიხარული.

დასავლური შიგთავსი, აღმოსავლური ჩონჩხი.

სიცილი, სიცილი, სიცილი... სიცოცხლის წამიერების განფენილობა.

ტირილი, ტირილი, ტირილი... გაუცნობიერებელი შიშის მეტაფორად

აღმოხდენილ ბგერათა წრფელი შინაარსი.

ადამიანური სულიერება განწირულად გვეჩვენება სამყაროს მუდმივობის წიაღში,

თუმცა სუბლიმაციური მეტამორფოზა საგნების განსხეულებად

პრიზმად წარმოგვიდგება, საიდანაც სინათლის სხივის მიკროელემენტარული

ნაწილაკები განეფინება სამყაროს გარსად.

სამყაროს გარსი სუნთქავს.

ადამიანური სულიერება გალაქტიკათა გრავიტაციულ მონსტრად გვევლინება.

სამყაროს გარსი განფენილი სხივებით იჭერს გალაქტიკათა მთლიანობას.

გალაქტიკები ადამიანთა სახიერებითაც წარმოდგინდება.

სამყაროს გააჩნია კიდე და სამყაროს კიდეები ერთდებიან

ადამიანური სულიერებით შთაგონებული გალაქტიკებით.

და იწყება რწევა.

დაიწყება რწევა, როგორც გარდამავალი კანონზომიერება გალაქტიკებში

პლანეტათა კონფიგურაციის დასადგენათ, ვიდრე მოძრაობის სრულყოფილებამდე,

ვიდრე მთელის სტრუქტურულ გარდაუვალობამდე,

ვიდრე ენის ნომეკლატურულ ბარიერამდე,

ვიდრე განსჯის აპრიორ ზღუდემდე,

ვიდრე ცნების მორალურ კონცეფციამდე,

ვიდრე მცნების ღვთიურ ზეშთაგონებამდე.

აკვნის მდგომარეობა ფატალისტური სინდრომების სამყოფელია.

ღიაობის ესთეტიკა, პოსტმოდერნული გაორება და კლასიკური სიყვარული.

გაუშვით ხელი აკვანს!

აკვანს ხელი გაუშვით!

ხელი...

სიმარტოვე და სიცხადე, როგორც ქაოსური ბუტაფორია;

ემოცია და ძიების სურვილი, როგორც ოაზისის სურნელება;

შიში და უსასრულობის ნოსტალგია, როგორც სიკვდილის ჰიპერბოლა.

დიდი აფეთქების მედიტაციური რეკონსტრუქცია,

ადამიანის სიცოცხლის ციკლური დანაწევრება.

სამყაროს გახლეჩის პერსპექტივა იმთავითვე ადამიანის გამოჩენით შეინიშნა.

მშფოთვარე ძილი სიზმრების ტრანსცენდენტალური სამყოფელის ენერგიად იქცა,

საიდანაც ქმედებათა ასახვა ფრაგმენტული შინაარსით მოხდა, როგორც

წინათგრძნობითი სიმულაცია.

დროის რელატიური სახე აწმყოს შეგრძნებას გვიკარგავს.

გარდავისახებით წარსულის, აწმყოსა და მომავლის იზოლაციურ ვაკუუმში,

საიდანაც თავის დაღწევის ერთადერთი გზა გალაქტიკურ მონსტრად გადაქცევაა,

მონსტრად, რომელიც სამყაროს კიდეებს ერთმანეთს აერთებს

და ანხორციელებს აკვნისეულ რწევას, როგორც სუნთქვის აუცილებლობას.

აღმოვჩნდებით დროში. ფორმალური წესრიგის გარანტი

არსებობისათვის უნივერსალურ მზაობას გვანიჭებს, სადაც

ცნობიერი ექსპლიკაციები განსაზღვრულია სტიგმატიზირებული

ქვეცნობიერის ენერგიით. ვიწყებთ მოგზაურობას თავდაპირველი

ინტერესით მოტივირებულნი, როგორც ბრმა სხეული ინტუიციური

მოდელირებით საგნების კლასიფიკაციას, როგორც პოეტი,

მხატვარი და მუსიკოსი შთაგონების ფიქსაციას.

ვკარგავთ სუბიექტის დამოუკიდებლობას. ყოფიერების მიმართ

ადაპტირება მელანქოლიური დრამის დასაწყისია.

მულტიკულტურული ვარიაციები თეატრალურ წარმოდგენებში ცოცხლდებიან.

დროის პოსტულატი აპათიური გენეზისის სახებად გადაიქცა, სადაც

მიზნობრიობა მიზეზის თანაზიარია.

დროში ყოფნა, როგორც არასრულყოფილი ავტონომია,

შეგრძნებითი კოლაფსი, წარმოსახვითი უმწეობა;

ნიჰილისტური მოცემულობები გადაილახება პერმანენტული

ტრანსფორმაციის შესაძლებლობით, თუმცა საკრალური წრე

უკვე შექმნილი და ფორმალიზებულია, როგორც ტრადიციის

ინსპირაცია კაცობრიობის შინაარსით.

არ ვიღლებით, უბრალოდ მომაბეზრებლად გვეჩვენაბა

იგივეობრივი ფირის ყურება. დროში მოგზაურობის პერიოდი

ხედვითი, განცდითი და შეგრძნებითი კმაყოფილების ან უკმარობის

გარანტორია... მაგრამ ფირი არ იშლება, არც იცვლება,

მხოლოდ და მხოლოდ გადაიწერება.

ვსუნთქავთ. ამბივალენტური ენერგია სხეულებრივ ლოკაციას

სცდება და განეფინება სამყაროს სულიერებას.

დრო იკუმშება, იკვეცება, იზრდება... ის უფერულია,

როგორც სინათლის ენერგია; ის მშფოთვარეა, როგორც

ოკეანის ტალღები. ჩვენ კი, დროში ვმოგზაურობთ,

ვით სინათლის პირველწყაროს ენერგიით სხივი

და ოკეანის ტალღების ვიბრაციით წყლის ბინადრები.

ჩვენი მოგზაურობა უმიზნო და უშინაარსოა,

ყოველი გადაადგილება წრედის ფაქტობრივ წერტილს ცვლის,

ლოგიკურ სინქრონსა და სტატიკურობას უცვლელს ტოვებს.

დროში მოგზაურობის მექანიზმად სიცოცხლე მიგვაჩნია.

სამყაროს ჭვრეტა და დაკვირვება, კულტურათა შეთვისება,

საზოგადოებრივი დამოკიდებულებები, მომავლის ვარაუდი,

ცოდნის უდავობა, რწმენის მიღებულობა...

გონითი გარდასახვები ადამიანური ცნობიერების პრიორიტეტად

მიგვაჩნია. ვცდილობთ დრო შევაჩეროთ, დრო ვმართოთ,

დრო განვსაზღვროთ, რეალურად კი, დროის დიქტატს ვემორჩილებით,

ყოფითი დროის, სადაც მოგზაურობის ვალდებულება დაგვეკისრა,

იმ დროის, რომლის განსაზღვრულობაც სამყაროში ცოცხალი საგნის

პირველადი ქმნადობის თანადროულია.

იმ დროის, რომლის მეტაფიზიკაც სხეულის პერცეფციის შედეგად

იკარგება და კონკრეტული სიცოცხლის პირობებში აღარ აღმოჩინდება.

და ვმოგზაურობთ,

დავმოგზაურობთ, როგორც ცალკეულ ბუნებათა სტიქია

განწირულ დედამიწაზე.

დრო ტოვებს კვალს. არსებობის პირობებში, ნაიარევი

სხეულებიდან მისი განდევნის ტრადიცია უშედეგო ძალისხმევით

შემოიფარგლება, რაც ქმნის სასოწარკვეთილების სახიერებას.

დროის კვალი რჩება მიწიერების წიაღში, მრავალგზის

გადარეცხილ ფენებში მის მკვეთრ ნაფეხურებს აღმოვაჩენთ.

ქვის სილუეტები დროის ტრანსფორმაციული ნიშნებია,

ხის ჭრილობები რგოლების სახით გვამცნობს მყოფობის დასაწყისს;

ადამიანისათვის - უბედურება, ცხოველისათვის - სიბრაზე,

მატერიისათვის - ატომი, იდეისათვის - ეგზისტენცი...

და იხარჯება დრო,

დაიხარჯება დრო, მაგრამ მისი კვალი ტრადიციის ფესვებთან მოიძებნება.

დრო გარდაისახება საგნებად, შთამბეჭდავ წვრილმანებად ამოტივტივდება

მხედველობის, გონიერებისა და შეგრძნების არეალში, რათა გვამცნოს

მყოფობის გარდაუვალობა, ცვალებადობის აუცილებლობა

და შთაგონების სიდიადე. დროს გააჩნია ობიექტური სარკე,

რომელშიც აღბეჭდილია საგანთა პირველადობა. მყოფი საგნების

განბნევისა და დაკარგვის შესაძლებლობის მიუხედავათ,

საგანთა სარკისეული ეიდოსები არ იკარგებიან,

ისინი საგნებზე აღბეჭდავენ დროის ნამდვილ კვალს,

როგორც ილუზიურ ჭეშმარიტებას, განსხეულებულს რეალობად.

დროის კვალი სხეულებრივი ტრადიციაა, მისი შეხების

სიხარულს კი - დაუსრულებლივ განვიცდით, როგორც მარადიულად

მოძრავი შედეგის მიზნობრიობას.

დროის კვალს იმახსოვრებენ საგნები, ცნებები, მცნებები,

მეცნიერებები, მთები და ვარსკვლავები. საგნებზე დრო სახებით

მკვიდრდება, ცნებებში სიბრძნის სახით წარმოდგინდება, მცნებებში

რწმენისა და ეგზისტენციალური იმედის სახით გვეძლევა, მეცნიერებებში

ცოდნისა და შესწავლის სახით ადაპტირდება,

მთები გორაკების საშუალებით გვიჩვენებს დროის კვალს,

ვარსკვლავები - მარადიული ნათებითა და წარსულის ჩრდილებით.

დრო ტოვებს კვალს და გაუცნობიერებელ, სასიამოვნო შეგრძნებას

სიცოცხლის დასაწყისიდან დასასრულამდე,

ღამის გათენებიდან დილის დაღამებამდე...

როცა ქარი ამოდის, გვგონია, დრო მეტისმეტად ჩქარა გადაადგილდება,

გვერთმევა და დროზე ადრე განვიძარცვებით დროის მოცემულობისაგან.

როცა სავსე მთვარე ამოდის, გვგონია, დროს ვაჩერებთ და ვაკონტროლებთ.

როცა ჰორიზონტზე ტირიფის ტოტები მძვინვარე ქარისაგან შრიალებს

და თან სავსე მთვარის სხივები განეფინება ჩვენი სახლების

ფანჯრებიდან დანახულ არემარეს, გვგონია, რომ დროს დავისაკუთრებთ,

წამის მშვენიერებას დავაპაუზებთ და მარადიულობის ნაწილი გავხდებით

დროსთან ერთად, მაგრამ წამი სრულდება, მთვარე ჩადის, ქარი ნელდება

და უჩინარდება, ჩვენ კი, თანამედროვე ტექნიკის, ვიდეო ან ფოტო

აპარატის საშუალებით გვეძლევა გარდასულ დროთა კვალი, როგორც

ასახვის მექანიკური საშუალება.

დრო ტოვებს კვალს, ვით უმეტყველო იეროგლიფები,

დრო ტოვებს კვალს, ვით კოსმოსის ამოსუნთქვა,

დრო ტოვებს კვალს, ვით დამშრალი ზღვის ფსკერზე ქვიშა.

დრო მანიპულირებს, დრო გვეთამაშება, დრო გვდევნის საგანთა

ფიზიოლოგიური თვისებების ხარჯზე... საგნები განვიდევნებით,

საკუთარი შინაარსისაგან დავიცლებით,

დრო კი - კვალს ტოვებს.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული