• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მკვდარი პოეტების ანატომია

×
ავტორის გვერდი ზურა მელიქიძე 30 მაისი, 2023 1209

მკვდარი პოეტების ანატომია

 

აქედან ასე ჩანს-
აქანდაკებენ
აკაკუნებენ
საკუთარ მეებს ძერწავენ, რომ უხმაუროდ გააპარონ
ყველა ნაპრალი
ამ მეებს უკან

მკვდარ პოეტებზე ხომ თამამად ამბობენ კეთილს
მკვდარ პოეტებს თამამად ეთანხმებიან,
ხელსაც უფრო თამამად ხვევენ ძველი ფოტოებიდან

ეს ის შიშია,
ცოცხალ პოეტს რომ დაეთანხმო,
ხვალ შეიძლება, რამე ისეთი თქვას, სულ ასო_ასო მოგიწიოს სიტყვის ალოკვა..

ამიტომ, ყველა პოეტობისთვის განწირულმა იცის,
ცოცხალი პოეტი არ არსებობს!

არსებობენ მხოლოდ დამალული ფოტოები,
სიკვდილის, როგორც პოეტური ნათლისღების შემდეგ გამოსადები,
სადაც უფრო უგრძელდება ყველას მკლავი,
რომელსაც პოეტს ხვევენ..
ღიმილიც, რომელიც მასთან გაიღეს..
ეგოც, რომელსაც მეგობრობის დაუვიწყარი ნათელი მოსავს..

სინამდვილეში,
სიკვდილამდე ისე მისვლაა მთელი ამბავი,
ნაპრალებიდან არ იყმუვლონ ტკვილის ხოჭოებმა..

ან
ეს ყმუილი ისე ჟღერდეს, თითქოს, ვმღეროდით..

 

 

 

 

 

010922

 

იქონიე მუჭი
რომ ჭამო ჭიები
რომ ჭამო მიწა
იქონიე ყბები

იქნიე ყბები
რომ იყო

იქონიე ნიჩბები
მოუსვი ნიჩბები
.
მოუსვი ნიჩბები
რომ დაემჩნე...

იქონიე ტალღები...

იქონიე მეჭეჭები

ზურგი დაიფარე ეჭვებით
ზურგი დაიხოკე

იქონიე ჭა

იქონიე მაკრატელი

იქონიე ჭა..

იქნიე ცეცხლი, როგორც ქარი

იქონიე ჭიაკოკონა

იქნიე ცეცხლი, რომ არ დაღამდეს
იქნიე ცეცხლი, რომ დაინახო

რომ ჭაში ბალახი არ ამოვიდეს

რომ შეგეძლოს დაძახება-
"ვიხილები და მოვდივარ!"

რომ დაიხარო, წამოკრიფო და
ტბაში ჩაყარო..

უყურო,როგორ დამშვიდდება
ტბის ზედაპირი

მას შემდეგ, რაც დაარბიე

იქონიე დარაბები
ფერადი ფანქრები

რომ გააღო
გააფერადო

გამოუშვა
გაუშვა

იქონიე უშველებელი მოთმინება,
რომ შემთხვევით იმედებს არ მისცე თავი

იქონიე მტევანი,
რომ გაილაწუნო, რამდენჯერაც დაასკვნი,
ეს არასდროს წავა
ეს არ მატკენს
ამას ვუყვარვარ

იქონიე ნესტოები,
რომ სულ გრძნობდე, როგორ ყარხარ

როგორ ყარხარ, როცა ენდობი
როგორ იხრწნები
ლპები
ლაპარაკისას

იქონიე დღიური,
რომ ყოველ დილით ჩაინიშნო
შენი რაღაც ნაწილის ლიკვიდაცია

იქონიე ცა..
ცა იქონიე, რომელშიც როცა მოგინდება, მაშინ გაფრინდები
და ყველაფერს მიწაზე დატოვებ..

 

 

 

Title

 

დროს კუდი მოჰყვა საკუთარ
კარში
ფარშევანგებს სიჩუმე აკლიათ
მეცადინეობ შენი სირცხვილის დავარცნაში
რა დაგმართნია?
შენ შეგიძლია, იმას, რომ ვეღარ უძლებ საკუთარ სიმორცხვეს, უწოდო ავანგარდი
და ეს სიცილი
ისტერიული და ცოცხალი მარცხისა გააპატიოსნო იმით , რომ ვერ უძლებ სიჩუმის მლაშე ზედაპირს
ზეწარზე.. გასწვრივ..
და პანიკური შიში დაძინებისა კარზე მიაკერო დანდობილზე ნანახი სიზმრების სარჩულით
შენ შეგიძლია, აიღო ცული და ყოველივე იყოს ცალ-ცალკე
სანამ სიგარეტის კოლოფებზე წარწერებს წაშლიან

და მერე ამავე კოლოფებს საჩვენებელი თითებით გაავსებენ

ზნეობის მისათითებლად...


სანამ თავს ამოარწყევ
ამოარწყევ ყველა კითხვისთვის, რაც მასში ჩაკიდე
მეტროს ვაგონის ფანჯარაში დანახულ ანარეკლში.

 

 

 

 

011222

 

როდესაც მუხლები გტკივა,
ცდილობ, იატაკიდან ისე ადგე,
მხოლოდ მკლავს დაეყრდნო..

ყოველი ადგომისას ეს გახსენებს,
როგორ დაეცი ..

სიდიდე გეხმარება , ჭერს თითი მიადო,
საიდანაც სიზმარი წვეთავს ..

"ზარი დარეკე და მოვალ"
ამბობენ სიზმარში..

აწვები თითით საერთო საპიეფარეშოს ტიხარზე მოთავსებულ ზარს..

მას ხმა არ აქვს..
უხმო სიზმარში მხოლოდ სუნია ცხადი,
რომლითაც ნესტოები გეწვის..

დგები და ჭერს ეხები..
ოღონდ, მანამდე, მკლავს უნდა დაეყრდნო,
რადგან შენი მუხლები დაზიანებულია,
რაც გახსენებს, როგორ დაეცი,
როცა ბედნიერი მოდიოდი..

 

 

 

(Edited 4:36pm)

 

ირბინე იფრინე
გაფრინდი
გაფრინდი- ირემი ხარ

იარე
ირბინე
იფრინე
იგრძენი
ირაო!

არიე, რაც ვერ დაალაგე
ამღრვიე, რითაც თვალები ამოირეცხე
ამღვრიე ცრემლის სიმლაშე
ყალბი მშვიდობა


ამჩნიე, იატაკს ტერფები
და სახეს იატაკი
აკი, უკვე იცი, რომ უკურნებელი არაფერია,
უკან მოხედვის გარდა..

იქნიე, საკუთარი ეგოების ცხედრები..
იქნიე, სანამ მკლავები არ გეტკინება,
რომ ხელი გაუშვა..

იჩქმიტე!
ირბინე, იყვირე
იყვირე
იყვირე!
ნუ ყვირი (აქ ძილი უტყდებათ)

მიიღე აიღე მიიღე გაიღე უკლებლივ
გააღე!
დააჩნდი
ოღონდაც ხვალამდე ოღონდაც ხვალამდე
გადარჩი
და ხვალ თავიდან დაიწყე..

 

 

 

რეფლექსი201222

 

შენ ხომ ეგეთი არ ხარ?
შენ აპატიე..

შენ ხომ ეგეთი არ ხარ?
შენ მოუთმინე..

შენ ხომ ეგეთი არ ხარ?
შენ დააცადე..

შენ ხომ ეგეთი არ ხარ?
შენ ათქმევინე..

შენ ხომ ეგეთი არ ხარ?
შენ გაუძელი

შენ ხომ ეგეთი არ ხარ?
შენ აიტანე..

 

შენ ხომ ეგეთი არ ხარ

შენ დაუყვავე

 

შენ შეიყვარე მისი სიყრუე

რადგან შენ ეგეთი არ ხარ...


..?@@@

რატომ მგონია, პირს თუ ქვიშით ამოვივსებ, თვალები საკუთარ სიმძიმეს გაუძლებენ..

სურათები სასაზე არ აგვეკვრებიან..
არ ვიკანკალებთ..

რატომ მგონია, ქვიშიან პირში არავინ არ შეგტენის ფასადურ კოლაბორაციას,
როგორც ენას საწუწნად..

რატომ მგონია, ქვიშით სავსე პირით უფრო მართალი ვარ საკუთარ ტკივილთან, რომ არ ვყვირი..
რომ არც ვიღიმი,
არც სიზმრები არ მესიზმრება, სადაც ტექსტია..

ქვიშით სავსე პირიდან გულსაც ვერ ამოაგდებ,
ვერც საკუთარ უმწეობას ამოარწყევ..
ვერც კი მოიწყენ,
რადგანაც ძალა, რომელიც ნაკვთებს მოწყენილი სახის მისაღებად უყრის თავს,
ქვიშის სიმძიმეს უმკლავდება
და ტუჩების ძლიერად მომუწვას..

მე ხომ მგონია, რომ ეს ქვიშა, საკუთარი ქალაქის ყველაზე უხილავი მიდამოებიდან რომ ვიტენე პეშვით, ასე მიცავს და სიმშვიდეს მჩუქნის,
მაგრამ, მაინც, რაღაც ჯანდაბად,
პერიოდულად მის ჭამას ვიწყებ..
და კბილებში მისი შემზარავად ცხადი კნატუნისას,
მე მავიწყდება, ვიზრუნო სიმშვიდეზე
და საბოლოოდ, როცა ვყლაპავ მას,
ნერწყვში აზელილს ,
საზიზღარ მასად ქცეულს,
ვიცი, ახლოს ვარ ისევ ყვირილთან..
ჩვეულ რეფლექსთან..

 

 

 

 

261222

 

ასეთი გაჩუმებითაც ჩუმდებიან..
არწყწვენ საკუთარ ჩრდილს,.რომლისაც გარემოცვას ეშინია,
და წყურვილი, წარმატებული წონასწორობისა
აღარ ეტყობათ
ცხადად..
სახეზე..

ასე ჩუტავენ ეგოების თვალისმომჭრელ ბუშტებს,
ძაფს ნეკზე იხვევენ
და რომელიმე დაძლეული მოსახვევის კიდეზე ტოვებენ,
ყოველი შემთხვევისთვის..
იქნება, ვინმეს ტკივილების გაკერვა მოუნდეს.

და ყოველ ღამით,
როცა წინდებს
ძილის წამლით გაბრუებულები იატაკზე უკანასკნელი ხეპრეებივით ყრიან,
ახსოვთ პატარა გაელვებით,
როგორ ყვიროდნენ,
ყოველი მართალი დილისთვის..

 

 

 

 

020123

 

მეტროდან ამოსულს
მე ტრიალ ტროტუარზე
მეტეორივით დამეცა
თავში
თერთმეტზე მეტი
თერთმეტი მეტრი თერმომეტრი

და ნავთის რიგში შევიძინე ათი ასანთი
და თვითონ ნავთი

დავჯექი ცისფერი გალერეის წინ
და ვიფიქრე, რომ სახლში ავტობუსით დავბრუნდებოდი,
იმ შემთხვევაში
თუ მივხვდებოდი,
სად არის სახლი..

 

 

Adidas superstar

 

გზაზე ვართ ..
ცხედრების გაზიდვას ტკივილი მოაქვს
გაზაფხულამდე გზა გაიწმინდება..

გეზი უცვლელია..
თუ გემზე მხოლოდ გზააბნეული ტკივილები ჩამოსხდებიან,
ეს ხელს არ შეუშლის ქარს,
ატაროს გააზრებულად..

გაზიარების უნარი კვდება..
რაც გაზიანებს,
მხოლოდ შენთან გყავს,
პირისპირ
დამიზნებული..

სიზმარში გახსნილი ყუთებით სავსე იატაკი ..
მეგობრები, რომლებიც იმ ქვეყნიდან გაიქცნენ, რომელმაც დაგვხოცა..

ზოგი მკვდარი და ზოგიც- ცოცხალი..
გზაზე ვართ..

მეგობრები, რომლებმაც დეზინფორმაცია ყლაპეს,
როგორც გაზის ნაკადი..
მიყურებენ და ვერ ხედავენ
ჩემზე არსებულ დაზიანებებს
ვინც ხედავს, მისთვის არსებითად უინტერესოა ..

ვინც არ გაიქცა, დეზინფორმაციის ნაკადი ყლაპა..

გზაზე ვართ..
გაზაფხულამდე აღარაფერი გვაშორებს
და ეს ისეთი სასხვათაშორისოა..
შიგანი გვიდუღს..
რომ, სხვათაშორის, მას უღიმოდე, ვინც მომკლა, სანუმუშო ქცევა ვერაა..
რომ, სხვათაშორის, სახლი, რომელიც ერთად ვაშენეთ, აღარ არსებობს..
რომ, სხვათაშორის,
ბავშვები ჩვენს სახელებს ცალ-ცალკე წაიკითხავენ,
სხვათაშორის, კითხვის უნარი თუ ექნებათ..

სასაზე მყრალი თუთუნის გემოს წყალი დავაყოლე..
შენ რომ სიწყნარე ისწავლე, არ ნიშნავს, რომ გაწბილებული აღარ ხარ..

გზაზე ვართ..
ყველა ტკივილი
ყველა ბზარი გააზრებულია..

როდესაც ჩემს და გაზაფხულს შორის რამე ისევ დგას, ეს იმას ნიშვავს,
რომ გაზაფხული ჯერაც არსებობს..

სურვილს რა უდგას წინ და ..
როცა გაზაფხული აღარ იარსებებს,
მინდა, რომ ორიგინალი "ადიდასის სუპერსტარები" მეცვას.
ქათქათა თეთრი..
შავი ზოლებით..

სიმბოლოდ
სახეში მოხლილი სამი სიმართლისა ..

 

**

უკან არ მოიხედო!
ველზე დაჭყლეტილი მუყაოს სახლები ..
უკან არ მოიხედო!
იმის ბრალია-ამის ბრალია..
უკან არ მოიხედო!
შეგეძლო, კიდევ გეთქვა რაღაც
და
ყველაზე დიდ გამარჯვებად მაინც
იმას თვლი,
რომ
გაჩუმება ისწავლე..
უკან არ მოიხედო!
ჩემი ბრალი არ არის, იმის ბრალია..
უკან არ მოიხედო!
აბაზანაში ტანსრული ბუზი ზამთარს შემოეფარა..
მან არ იცის, რომ აბაზანაში ყველაზე მეტად ცივა ჩემს სახლში..
უკან არ მოიხედო!
შენ გამაყუჩებელი გამოიტანე აფთიაქიდან, რომელშიც უპატრონო ძაღლი შევარდა გასათბობად ..
მან არ იცის , რომ ეს აფთიაქი ათ წუთში იკეტება..
და ამიტომაც, არ მოიხედო უკან,
არ დაინახო, როგორ ცდილობს აფთიაქარი გაყინული ძაღლის პურის ნაჭრით გამოტყუებას..
არ დაინახო, როგორ გადააბიჯა ამრეზილმა პალტომ ამ ძაღლის კანკალს,
არ მიხვდე კიდევ ერთხელ, რომ ამ ძაღლს სითბო ურჩევნია ნებისმიერი სახის სიმაძღრეს..
ჰოდა, არ მოიხედო უკან, სადაც საკუთარ თავს კლასებს აწერენ, რომ ამ გრაფაში თავიანთი უსასრულო სიგოიმე კლასს დააბრალონ..
არ გადაახტე არცერთ ტროტუარს, რომელზეც სძინავთ..
უკან არ მოიხედო, ვიდრე დახუჭულები ხმამაღლა ითვლიან სანუკვარ დრომდე, სანამ თვალს აახელენ..
მანამდე, მოასწარი და დაიმალე..
სირბილით წადი, ოღონდ, ეცადე, შენი ფეხის ხმაც ხელში აიყვანო ..
უკან არ მოიხედო,
არ მოიხედო უკან, სადაც სურვილები ორმოში ჩაყარე, როცა ვარდებოდი ..
სადაც ათასჯერ დაიჯერე- მე მას ვერ შევცვლი, ჰოდა ასეთი მეყვარება..
არ დაინახო, როგორ ცდილობს ის, შენ შეგცვალოს..
არ გაიგონო საბჭოეთის არცერთი ექო მოზარდის ხმაში..
არ თქვა, რამდენად ბრიყვი ხარ, რომ მათი გჯეროდა ..
როგორც იმის, რომ, ბავშვობაში თუ მოასწრებებდი და წვიმისას ასფალტზე ორმოცდაათ გაღიმებულ სახეს დახატავდი, წვიმა გადაიღებდა..
არ მოიხედო უკან- ვიხილები და მოვდივარ..
არ მოიხედო უკან- რა ვქნა? თუ ამ ძაღლს გარეთ არ გავიყვან, დამაჯარიმებენ..
არ მოიხედო უკან- აბა, ეს დროა კარგი?

არ მოიხედო უკან- სანამ ოცდამეცამეტეს ხატავ, პირველი ცამეტი წაშლილია..
არ მოიხედო უკან- მიწაზე დაეშვი.. დაეშვი მიწაზე.. ნუ ფრენ ამდენად მაღლა..
არ მოიხედო!

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული