• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

კაცს სძინავს

×
homme qui dort
ავტორის გვერდი რობერტ კელი 15 თებერვალი, 2019 2547
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
 
კაცს სძინავს
                                                                                  ეძღვნება შარლოტს
 
 
მას ერთი საათით ეძინა და ოკეანე იცვალა
მას კოშკები ესიზმრებოდა და ქვიშა დასავლეთით გადაიჭიმა
მისი კიდევ ერთ კონტინენტს მიკუთვნების მცდელობით.
სპილოები და საპირწონე. სავაჭრო კოშკები, მინარეთები.
მათ სურდათ მისი მტრედებით სავსე სახელო
და მისმა სურვილმა უნდა ინატიფოს ვითარცა ბაყაყის ქვირითობამ
მშრალმა შუადღის ხვატში.
მას არაფერი სურდა იქიდან რაც მათ სურდათ მისგან,
კვლავ დაეძინა როგორც ნავ უმაგალითოს
თავთხელზე შერიყულს, გაცურულს ამ თევზებისგუნდა კუნძულიდან
სავსეს ბიბლიებით და ჰოლანდიური ყველით და გაბარდინით.
მისი წითელი თავის ქალები კვირის მანძილზე კლდეში გაჭედილიყვნენ
სანამ თოლიებმა და ამინდმა არ გააღვიძეს
დურგლის ხვევნიდან გამობმულებმა
—ვისი ენა მეტყველებდა ასე სწრაფად მის პირში?—
ხე ვარ თუ წყალი? ნეკერჩხლის წვივები,
თეძოები ზღვისპირა ვარდების, ის იყო სამოთხე.
ქალი გახვეული ჯუთისფერ კაბაში.
და კიდევ ცოტა მეტად იღვიძა. მეტწილად ცეცხლი.
მეტწილად ჰაერი. ჰაერი, პირველ ყოვლისა,
ელემენტები იყო, მოძრაობა სანამ რამეობა.
დილა სანამ მარტოხელა კაცი წავა სამსახურში—
მას ეღვიძებოდა და ეღვიძებოდა, ერთი-ორი რამ ლამის ცხადი.
შემოქმედი არ არსებობს, თუმც შემქმნელი სული
მოდის დროდადრო და გვიპატიჟებს
შიგნიდან გარეთ ჩვენსავე სამყაროში.
ქმნის ისე სწრაფად რაოდენ სწრაფადაც ჩვენ ძალგვიძს ფიქრი.
რა ენაზი იყო დაწერილი წიგნი რომელიც არასდროს გადაშალე?
ვინ იყო დედა კარისა? ნათელი იყო,
აგრეთვე, გავლენის ურთიერთმოქმედი ქსელი, დღეა შენი დედამამა,
ღამე შვილია შენი რომელიც სიზმრად გაგრძელებს
დროის თვინიერ მარადისობაში. მზე შენი პატარა ცუგაა.
რა გასაკვირია, მეფეებს ეშინიათ დაძინებისა და თავიანთი ასულები სძულთ.
ორიოდ საათის მანძილზე ეძინა
და მზემ ზღვას უკბინა, დასწვა რაც ხედავს
სანამ ყურება ერთგვარ ბნელ სინანულად არ იქცევა.
ჩუმი ჩიტები აწუხებდნენ არსებებს ის რომ ვერ ხედავდა.
თავგანწირული ლოიალისტები ამბოხებას აპირწონებდნენ წიფლის ტყეებში.
კურდღელი კოჭლობს ჩრდილის მიმართულებით,
კუნძულზე არაა არცერთი რელიგია.
ფულზე ხელს არავინ აიღებს, რევოლუცია
სარკეებს ამსხვრევს მხოლოდ,
არ ცვლის სინათლის უსასრულო იმპერიას,
შუშის ყოველი სისხლით ნალაფი ვერცხლი ჯერაც ირეკლავს
ამ ერთცხოვრება სამყაროს გაუსაძლის უსამართლობას.
მას გაეღვიძა და იცოდა ეს რაღაც სხვა უნდა ყოფილიყო,
უნდა ხილულიყო დათესილი რამე სხვა ზაფხულში
ახლა რომ ვიმკით. თუ არა და მნიშვნელობები
ჩვენი გონების ფული იყო მხოლოდ.
ყოველი აზრი ნუგეშისცემაა და ბრაზიანი კაცი.
მას გვიან გაეღვიძა და ტაქსით წავიდა სამსახურში.
ის ყვითლად მიიჩქაროდა სანაპიროს ქვეშის სიღრმეზე,
თავი სტკიოდა ასე ცოტა ძილისგან.
ეღვიძებოდა და ეღვიძებოდა, მთელი მისი სიცოცხლე უსასრულო
რაღაც, ღრეობა, კუნტრუში, კარტუში მისი სახელი
მყარად ნაჭერი ვიღაცის ცხვირსახოცში, ქამანდი,
ტაქსიმ გადაკვეთა ავაზებისგან უსაფრთხო ალმოდებული ტრამალები
და მიაღწია ჩრდილო ბიზნეს უბანს
მას თვალები უხურდა სიღიავით ბიჭების ყურებით
გადმოგორდა და რასელი დატოვა საზღაურის გადასახდელად
მისი გრძელი პალ მალის სიგარეტებით მისი
ჩავარდნილი შუაღამით. მას გაეღვიძა და იქაურობა ქედმაღლობდა
ნებისმიერი კუნძულის მსგავსად. დრუიდები დაეშვნენ საფრთხე-გაბედულებით
ქვედა ღრუბლებზე შემომჯდარი იისფერი შხუნებიდან
—ახლა ავალონის ქვეშ ზღვის ქვების კედელი
სქლად ნაშენები მხილველური როდინით
აკავებდა ჯერაცმოყვავილე იასამნის ტევრებს
ივნისისებრ და მასში ბეღურისებრ გვიან
და ეჭორავა გამვლელ ახალგაზრდა ცოლს
და იხვი გადარბის ზღვის სანაპიროს სიგრძეზე.
დღის შუქი გპატიობს. მძინარე კაცთა
სტამინა. მთელ
ჩვენს ენერგიას საჭიროებს მძინარედ დარჩენა
მაშინ როდესაც ამდენი ბრაზიანი სიარული ხდება.
ამ ერთ ბოთლში ჩატენა მან თავისი სასიცოცხლო ძივთი
და გაეღვიძა უცნაური შეგრძნებით ხელებში
თითქოს ვიღაცას ეჭირა ისინი. წნევა
შიგნიდან გარეთ. ვინ იღვიძებს?
სახლი კანაპიტსიტის ყელზე
გაპარული მზის ფონზე გამოკვეთილ ციხე-სიმაგრეს ჰგავს
მცირე ან ადგილობრივ ჩრდილობს, ენერგიათა
ბასტილიას: მთელი სილამაზე შიშში ჩაკონებული. მას სამი საათის მერე
გაეღვიძა, დარწმუნებულს, რომ ვიღაცა მომკვდარიყო,
ბატონი ან ვინმე კეთილმოსურნე, მზის ყმა,
იქნებ, ანდა გონების ტრფობა-სიკეთის რჩეული მხლებელი.
ყოველ ჯერზე, როცა კი იღვიძებ, დიდი მეფე კვდება.
 
მას ოთხ საათში გაეღვიძა უკუღმა ამობრუნებული პერანგით
ქალწული გაუძღვა შადრევნისკენ, ან გაურბოდა
მთებში, მან მოსვა იქიდან, რასაც კი მდინარეს მიაგნო,
საგნები მწყურვალნი ბრუნდებიან მარადისობიდან
გაიღვიძე დღე ხისგანაა დამზადებული
ქალწული გარბოდა და ის შეყოვნდა მისთვის დამალვა რომ დაეცდია
ღიმილი ზურგსუკან ყლორტებში დაკარგული
ვერხვების ტყე თრთოდა ზღვის პირას
ისინი, რათა დამახსოვრების ნებაც მიეცა უდავოდ მისი განზრახვა იყო
ჩასულიყო სიტყვათა შინაგან მხარემდე
გაეხსნა ვარსკვლავებით დალაქული ცხიმიანი წითელი საფუთავები
ჩვენ ლოცვაზე მოცინარი ზღვის ჩიტები იფუთებიან
მებადურები ნისლიანი ნაპირების გაშიფვრას ცდილობენ
გონება საბოლოო ჯამში ბედნიერია და ყველა სიამე
მისი მარტოობიდან მოდის მოდის მისი ამბორიდან
მას გაეღვიძა გრანიტის მსხვილმარცვლოვანების კითხვით
აქატის გლუვი მინიშნებებით სანაპიროზე
გამორიყული განზომილება ზღვარგადასვლები კაცი ან ჩიტი
მის საალერსოდ პოლიეთერის სიმრავლეები
ნეპალელი ბიჭები თავმომწონედ დააბიჯებენ მონასტრის კართან
მუსონების მოუწევადად ნოტიო სიგარეტები
მთის ჰაერის ყლუპი და აღმასვლის გაჭირვებული ჩასუნთქვის სიღრმე
თვითგადარწმუნებულთა ბეიზბოლის კეპები გულცივი
ზარადიანი კოსტუმებით. ორი ათასი წელია
მას მერე რაც ვანდეია და ის ბოლოს და ბოლოს მიხვდა.
არავინ არასოდეს იმარჯვებს. მხოლოდ კარის აქეთ-იქით სროლის პროცესია,
ყველა ჩვენგანი ნახმარი სამოსი გაცვეთილი გადაგდებული
ჩალა და ხენჯი და შარდი რამე სხვა სხეულის
მძლავრად ასაშენებლად და გარეთ გავდივართ.
ვინაა სხეული რომელსაც ყველა ჩვენგანის სიკვდილი ყიდულობს,
მეამბოხე და როალისტი თაბრად, ჩვენი შავები, თქვენი თეთრები?
მას ხუთი საათის მერე გაეღვიძა, მესრის ძელების თავებს
ხედავდა ფანჯრიდან თუ ანტიკურ
მონუმენტებს ყინულოვანი მთის კენწეროზე, მათი შორეულ ქანობზე
გაწოლილი ბლაგვი თავები გაჰყურებდნენ ღია ზღვას
რომლიდანაც მოვიდა აქ სამყარო
მის შესახვედრად. ნუთუ კვლავ ჩიტია,
და როგორი, სადაა წიგნი რომელიც მან გააღვიძა?
მას მოესმა ორასი მილის მოშორებით ხე როგორ მოიჭრა
ის გული იყო მისი ცაცხვი ხალხი მისი ხე მისი მადა.
სადაც გოლიათი თავის გრძნობებს ინახავდა.
როგორც ტყე ტირის, როგორც ქარი აღწევს ჩვენს ტანსაცმელში.
ახლა სიგრილე ჩამოწვა მასში, მეტად ეგვიპტე,
მზის კაშკაშზე რომ ხელი აიღო იცოდა თევზები იქ იყვნენ
ისინი რომლებიც მას სურდა, წყვილები მწკრივად, უცხო
ღმერთები ანდა ნორჩი ძალები, იცოდა იქ იყვნენ
რადგან ენახა მათნაირები
ჯებირებზე დახეთქებულნი მკვდრები
პირდაფჩენილნი მთრთოლვარე ჰაერში თითოეული ცამეტი კგ
და დანა პორტის უფროსის ხელში.
განმარტე მათი ზომების პირგადადებითი წყობა, ფერის
ცრუმოძრაობა სანამ მზე მათ დაღუპვას იკვლევდა.
სურს მათი თავისი ბავშვობის გზაზე ყოლა,
პიქშის რაგუ ან შემწვარი ვირთევზა, რა ჯობია ამას,
ხეხე მიამიტი ელემენტები ბრძენი ცხოველებისთვის
შენ რომ არ გებრძენებიან და ჭამე ისინი. სიბრძნის ტუტისთვის,
კალიუმის კივილი მომაკვდავ უჯრედებში,
საკმაოდ დიდხანს რომ სძინებოდა მაშინ მიხვდებოდა
ყველა სახეობის სრულ გენომს,
გრძელი გამოთვლით. მაგრამ ვერასდროს იმას, ზოგს რატომ ართობდა მოკვლა,
ხელები რიცხვებით უცახცახებდა. რიცხვებით?
შენსავე თავში მარტოს გძინავს.
მას ეძინა ტოსტერში კანჯოში ეძინა რღვეულში
ორ ლურჯ კლდეს შორის ეკლესიის სანაპიროზე
ზუსტად მანამდე სანამ ველურ ზღვის ყაყაჩოებს მიადგები
კვერცხი ყვითელი მისი კეთილგანწყობის თანაბარ ნათელში.
სისაღის სურნელი მის საკიდზე გამშრალ პერანგში
კიდევ ერთი მორიგი სუნია მხოლოდ. ამოარჩევდი?
თეთრი ბაჩები. გოლფის მანქანამ დაიღრინა
და ერთი-ორი გულწითელა გაფრინდა. მასში ახლა
თითქმის სძინავს, ყმაწვილკაცების ძახილები
კუნძულის ქალთა შორეული ხითხითი
მათი ნელი მიმწუხრის ბოლოს და ბოლოს
მის ტუჩებში ლუღლუღი. ორნამენტები.
რა უნდა იყოს ეს ორნამენტი თუ არა სიკვდილი ან ძილი?
მრისხანე მზერა ფერმკრთალ მუხაზე, ხედავს?
 
ექვსი საათის მანძილზე ეძინა გვერდმრუდი მზე
ძაღლს აწუხებდა თავში, რაღაცას აქვს მნიშვნელობა
თუნდაც მისი სახლი არ იყოს. ვინაა სახლი?
რა არის ხე კუნძულზე? ვისია ახლა
გვირგვინი? გრეხილი რგოლი, ლიმონიტი ბრტყელ ნაწილებზე
აურორას დედოფალს რომ თავზე ახურავს
მეექვსე სიბრძნის სახლში. გაზომე იგი,
რქასავით რომ იშხლართება საათიდან საათში.
ან როგორც ყანჩა. ანდა ცხენი ახტება თხრილს სპანიელი იფხანება
მას დრო მიაქვს პირთან და ღრღნის, ის ეცემა
და არსად მიდის. არის საქმის მოგვარება
და მერე არის მერმისის ჩუმი წყლები.
როცა არავინ არსადაა გარდა იმ ადგილის სადაც თავად არის
გადაჭიმული რაღაც საეჭვო ამბავში
არდაბრუნებული ჩიტების ხმაურით სავსე პავილიონები, ბიჭი
მერხს რომ რაღაცას უშვება. პალტოს დამკიდი
აღვიძებს. არის ოთახები სამი გადაფრენის თავზე
სადაც მას მერე რაც ბარები იხურებიან ის წაიყვანეს
დალევის გასაგრძელებლად, მწარე წითელი ვინო მსხვილ ყავის ფინჯნებში
და უშნო ქალები ყველაფერს რომ ბრალს სდებენ. განთიადს
იმ დღეს არაფერი ესაქმებოდა, ღვინო
ავი იყო, მაგრამ ქმედითი, თითქმის ქმედითი,
ხიდები ჯერაც გადებულიყვნენ მდინარეებზე, ჯერაც მდინარეები, ჯერაც
მეტროები, ამათ ღვინო ვერ მოუვლიდა—
თუმც გადღაბნილ ნანგრევებად აქცევდა რაც იქ იყო
მაინც იქ იყო. ღვინო სამყაროს აძველებს
და კაცებს აახალგაზრდავებს, ეგ განსხვავებაა.
დავუშვათ, მან მთელი წელი კუნძულზე იცხოვრა,
დავუშვათ, ცოცხალ ღობეში ცეკვები იმართებოდა,
გველმა კანი დატოვა შენი კარის რაფაზე, და არა ომი,
კიდევ ერთადერთი სტუმარი, ისარი
ნაზად გეკაკუნება ზურგიდან. დროის დინება.
ბოშა თოლია, გალუმპული ცეკვა ბურუს თავსხმაში მაინც ცეკვაა,
ან ყველა ნატიფი მაღალი საათი როდესაც ქარი პირს სწმენდს
მოყვარულ მუსიკოსებს, ფლუგელჰორნი და კლარნეტი,
ზღვის ჩიტების კლეზმერი, შლეგები ყირაზე გადადიან ტალღის ქოჩრებში
და შენ ქარის გარდა ვერაფერს ხედავ. ქცევა.
ნებისმიერ წამს შეეძლო შეჩერებულიყო და უბრალოდ ეკითხა
მასწავლე იმდენი რამეა რაც არ ვიცი, აბა საიდან,
რისთვისაა ჩემი სხეული და როგორ შემიძლია რომ ის შენ მოგცე, ამიხსენი
როგორ ნიშნავს მედ ყოფნას შენსკენ წამოსვლა ან შენი
ვისკენაც მე მოვდივარ. მასწავლე რას ნიშნავდა სიყვარული
ჩემი შექმნით. განმარტე გრძნობის ჭუჭყი
და როგორ განვბანო, რომელ ფურთუნში გამოვევლო და განვიბანო?
ან მარილია თავად შიში, ხანგრძლივი მაბინძურებელი?
განმარტე შიში. მაგრამ ის არ შეჩერებულა და არასდროს უკითხავს.
მისი ძილი იყო ჩხიკვი და გატეხილი ბოთლი,
მისი ძილი იყო ნაპირი და მასში ჩატენილი ქვები,
უსიამოვნება რომელსაც ეჩვევი, ტკივილი
მარადახალია. შვიდ საათში გაეღვიძა
და ბუკი სცემდა, სწორედ ის, თავად რომ ღუნა,
მთელი ღამე ლითონის ფილისგან რომ ფორმირდებოდა,
სპილენძისა და მირიამის რაღაც მინადნობი, ეგვიპტური
ტრანზიტი, მკლავები დასველებოდა თეთრადქცეულ იდაყვებამდე.
დაკეცა და გამოიყვანა და ნაკერი მყარად დარჩილა
მარადზრდადი გლუვი საყვირის ზარისპირის მთელ გაყოლებაზე
ქანობი სახელად ისტორია. მთელი შვიდი საათის მანძილზე გაგრძელდა
და მისი კანი იყო ისევე თეთრი როგორც ხმა რომელსაც გამოსცემდა
როცა ტუჩებს აჭერდა და მოხოცვის
ნაცვლად როგორღაც ჰაერის პირს შეისლუკუნებდა
ისე თითქოს ცარიელ ფერზე შეგვეძლოს ცხოვრება. ეს
რაღა დაავადებაა, გაიფიქრა მან გაღვიძებისას,
ყანჩა უკვე წასულიყო და მისი ჩრდილის კვალიც არ ჩანდა
რადგან ეს საყვირი მხოლოდ მართალთათვის იყო,
როგორც მონაზონი, ზღვას რომ გაჰყურებს, ქარი
რომ უბათქაშებს სამოსს, აბჯენს მის გამოუვალ ფორმას,
ან როგორც ხის მორის წვა ბუხარში ან ალკუნის ყვინთვა,
ამას ვერ გავექცევით, ყველა რასაც შვება, იმას შვება.
თეოლოგები ყბედობდნენ მის გარშემო, მომცრო
ხმის კაცები ვეება ტანებით, ყველაფერის
ან არაფრის მაღმერთებლები, ჩვეულებრივის ანარქები, დაუმორჩილებლობის
კონუასერები, სახლს ამბობდნენ ოჩოფეხებზე.
ეს მისი ბავშვობა ლაპარაკობდა. დანები და ატმის ხეები,
სათევზაო სოფლები, ხიმინჯებზე დაღუზებული ნავები
ამინდისგან გამტრედგავარდისფრებულ კოხტა ქოხებქვეშ
სრულად ოპალისებრ ლივლივებდა მარილის ტყე საღამოჟამს
როცა ის იღვიძებდა თავისი დებოშიდან და ზღვას დაეკითხებოდა.
 
შვიდი საათის მანძილზე ეძინა
საიდუმლო ადგილები არსებობს მიწაში
და მთელი მისი მეცნიერება მათ შესახებ იყო
აქა-იქ გორაკი ან სანახი, ბეტონის
ბუნკერი იმ ქალის მამის ომიდან რომ შემორჩა.
ქალმა აჩვენა სად ინახავდნენ.
სანთლები ენთნენ მიწის ქვეშ და თხა
ბღაოდა შუაღამის პირას, რომელსაც ვერავინ პოულობდა.
როცა ასეთ ადგილს შეეჩეხები
იმავე წამს მეტად იქ ხარ
ვიდრე ოდესმე გიგრძვნია და ამის შეხებით
ეხება ყველა ასეთ ადგილს. გეოპოეზია, ივარაუდა ქალმა,
ჩვენ ვქმნით მიწას. კაცი მოწმობს. მას აშინებს
საათის დაკარგვა, კეთილი საათი, როგორც მეგობარი
უწოდებდა ბედნიერებას, დროისა და ადგილის მიგნება
და სამუშაო რომელიც შენს ხელებს ერგება
და რომლის მომარჯვებაც შენს ხელებს ძალუძთ. Bonheur. თხა
ქარი იყო, ზეთისხილი იყო ვერხვი, დაცემული სვეტები
კართაგენივით მიმოიფანტნენ და კურდღელი დაჯდა. მომწიწკნე,
აგრეთვე, იყო მისი გონება. გამოიწვიე ექსტაზი
მთელ ჩემს ბოტანიკას რომ კრუნჩხვაში აგდებს. იხმარე ყველა ჩემი სიტყვა
და მე გამომივლე. მას ეს სიტყვა ერთი ცხოვრების წინ უყვარდა
წყლის ხმა მის ხელში იწურებოდა ჭურჭლის
სუფთად დასარაბად. კარგი საათი გამოვლება და ნაბიჯია.
წუთი წუთზე აიღებს ნისლი კონტინენტს
მაჯებზე მობმული დაბალი ქარით, ასაძრომი კიბეებით,
ცნობებით პორტუგალიიდან. მთელი ცხოვრება ვეუნბებოდი
რა ლამაზები არიან ახლა მათ უნდა იჩურჩულონ რომ მე ვარ.
მკაცრი ღერო. შაშვი მზის სხივით გაოგნებული.
თენდება. ყველა ჟურნალისტი ბოთლების ძირებს ამოეფარა,
აჯანყებულმა პოლკოვნიკმა დაამთქნარა კათედრალში, თვლემა
გაუკეთილშობილეს მოციმციმე ლურჯმა სინათლეებმა. ეკლესია
მარად მიწისქვეშაა. და ამავდროულად ჰაერში დგას.
ფოსი კატა დაეცა ფისო. ნაქსოსის ნაპირი
ციალებდა ამ ხელის შემშლელ ნისლში.
ნორჩი დედები სლუკუნებდნენ თავიანთ ბაგებში. ჩვილო მზეო,
ჩვილო მზეო, აღმაღლდი ბურუსში და შემირთე.
რა გულისამაჩუყებელია როგორ ადარდებს ტურას
თავისი ნადავლი და მეტი არაფერი. ისწავლე მიზანსწრაფულობა.
და მოკალი—ესაა გაკვეთილი? მას ეგონა, გულკეთილი იყო
მაგრამ ახლა, როდესაც ბაყალი შემწვარ ძროხის ხორცს ჭრიდა
და კონტინენტიდან შემოერთებულმა მშრალ სიგარას გაუკიდა?
და შაშვმა შემოცურა? და რომ ასე უჩვეულოდ გამოიყურებიან
ირმები მთაზე, როგორც ავსტრალიური რამეები?
სოკრატე, ცხადია, რაღაცის აღსასრული იყო, არა დასაწყისი.
საჯაროდ ასწავლიდა, და ახალგაზრდებს.
ამ ცვლილებებმა გამოიწვიეს ის უცნაური სისტემა, რომელსაც ჩვენ ვუძლებთ,
იმის გამოცდა რაც აშკარაა. განა სანაცვლოდ იმათ არ უნდა ვასწავლიდეთ
ვინც ყველაფერი იციან იმ ერთი პატარა რამის გარდა
რომელიც თავად გამოვიცანით ან მოგვაფიქრდა ან განვიცადეთ?
და განა სიბნელეში არ უნდა ვშვებოდეთ ამას? სიზმარი
აკადემიათაგან ყველაზე უფრო ელიტურია
და მე მთელი ჩემი მეცნიერება და ჩემი პოეზია ვახარჯე იმას
რომ ის ნაკლებ ასეთი ყოფილიყო, მოდი ჩემთან,
მისმინე, სიზმარქმნილება, დემოკრატო.
 
რვა საათის მერე გაეღვიძა, პურის ჭამისას,
პატარა ჩიტების გასაფერადებელი წიგნი, ვრცელი არხი ყანჩებით,
ჭაობის ბალახს უსტვენს მწვანე საღამოს ნათელში, იხვი,
განა არ კმარა, დანა? რაღაც ამინდი
მოდის, ღამე საკმარისად გრძელია სამყაროს შესაცვლელად.
ის მორცხვობდა ქალთან, უიმედო (ბედნიერი), გამოეხატა
თავისი საჭიროებები (არა საჭიროებები), ფერია ბებომ
რომ დაანათლა აკვანში ეგზომ საეჭვო სურვილები
დიადი წელი და დღე და წიგნი და მღვიმე
ზღვა ქარი ეს ცისფერნაცრისფერი კოხტა ნისლიც კი
არასდროს იქნებოდნენ დამაკმაყოფილებლად საკმარისად დილა.
ვინაა იმის გამოცნობის წყევლა
იმაზე დაყრდნობით რაც სურს. ვის სურს? ყველა ნანტუკეტელი
ალქაჯი ნაზ ქარს გამოჰკივის ბგერის გადმოღმა, არხევს
მის ფიქრობას, როგორ ვაღწევთ ერთმანეთის თავებში,
ვგრძნობ მის ფიქრებს. ალქაჯს სურს, რომ კაცმა ადიდოს,
მსგავსი განდიდება ალქაჯის ერთადერთი ვნებაა. სუსხიანი მამა, ალბათ
შეითვისე მტერი, უღალატე მეგობრებს.
სიზმრები ბიოგრაფიის მიმოფანტული გვერდებია,
არავის ცხოვრება, ცეცხლმოკიდებული წიგნი, სახლი სრულიად წყალქვეშ,
ცხენი ჰაერში მიიჩქარის, მანათობელი შუქგამტარი მიწა.
მიუშვი, იყოს, ის, რაც სიზმარმა გადაწყვიტა. ბაგდოგრას ვეფხვები
უკვე რა ხანია რომ გამოუფხიზლდნენ საფხრთხეს და ბანაკი აშალეს.
რაც გზად შეხვდათ სწორედ ის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი
მათი უმეტესობისთვის, ნაჩვევად დავიწყება რატომ
რისთვის მგზავრობდნენ და რა საეჭვო მიზნისკენ
მიუყვებოდნენ ასე ლამაზად წყალმარჩხ მდინარეს
დამჭკნარი თუთის, პისტაჩოს, წვიმისწყლის თეთრის ფაფუკ სამოსებში.
მიწა უყურებდა მათ თავისი ცალი თვალით.
იყოფდა რა მცირე ოკეანურ ტურს, მას ეღვიძებოდა და ეღვიძებოდა
მევეშაპეთა გრუხუნით და მეთევზეთა ფუსფუსით და ესპანეთით
ცივი წვერებით თავის თითებზე ის თავის თავს ეხებოდა
ნეკნებს ითვლიდა, მსოფლიოს წინასწარი ამინდი
შესაბამისი იყო, შესაბამისობისგან მხსნელი,
მას გაეღვიძა და სპარსული ხალიჩა ესაუბრებოდა ყვავილ-ყვავილ,
გაეღვიძა და აუქციონერი მისით ვაჭრობდა, იაფად ჰყიდდა
უკანა რიგში მჯდარ ქალს ჩალის სავაჭრო კალათით,
მის სახეს ვერ ხედავდა, გრძნობდა, როგორ უმოწმებდნენ გვერდებს მისი წითელი თითები,
მას გაეღვიძა და თავში ჰქონდა სახე მაგრამ ვისი,
გაეღვიძა ენით რომელიც არ ესმოდა,
როცა ხალხი აუჩქარებლად ელაპარაკებოდა ერთმანეთს,
რას ლაპარაკობენ, მას ეუბნებიან? გაეღვიძა და ნათელს
ის ჩრდილებში ერეოდა, კუნძულში გაეღვიძა,
გაეღვიძა და ხელში ეჭირა წითელი ბურთი, რომელსაც გაჰყვა,
კაცი იღვიძებს კუნძულში, ჰიდროპლანი ეშვება.
 
 
 
 
[თარგმანი შედის რობერტ კელის ლექსების პირველ ქართულენოვან გამოცემაში, საფოსტო ბარათები ქვესკნელიდან (2019, გამომცემელი დათო ბარბაქაძე)]
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული