• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

დამალობანა არავისთან

×
ავტორის გვერდი გიორგი ლომსაძე 10 ივნისი, 2019 2797
დამალობანა არავისთან
 
ეს ეზოები არ დაგარიგებს უფროსი მეგობარივით,
რომელიც თამაშის დროს გიწყობს გამოცდას
შენივე სიკეთისთვის.
უცნაური დღეები არ ყოფილა მწარე გაკვეთილები,
თითქოს, ვიღაც იდგა კუთხეში მოშორებით,
რომ ენახა, საკმარისზე მეტი არ მოგსვლოდა
და ყოველი ფეხის დაცდენის შემდეგ დაგნახებოდა.
შენთან არის ახლაც ცალკე მდგარი ნაძვი, 
იმ ქუჩის გალამაზებას რომ ცდილობს ისე უადგილოდ,
როგორც ყოველი იქ მყოფი გრძნობს თავს.
კავშირის პოვნა ყველაზე ძნელია შენსა და ამ ადგილს შორის, 
რომელიც თავს წლობით ილამაზებდა იაფფასიანი პარფიუმერიით,
უფრო სწორად, რასაც შესთავაზებდნენ, ყველაფერს იდებდა სახეზე.
 
 
 
 
 
მეგობარი
 
მახსოვს, ჩემი ტვირთი მანქანაში როგორ ჩავაწყვე,
როგორ გაივსო და მაინც  ეტეოდა მეტი.
მახსოვს, რამდენი იყო, როცა გადავთვალე ფული.
შევუკარი თასმები ჩემს შვილს ისე, 
რომ ორივე ფეხზე ოთხივე ყური
ყოფილიყო ერთმანეთის ტოლი.
ვერაფრით ვივიწყებ, რა მეცვა მაშინ,
როცა მივდიოდი დიდი ხნის ფიქრის,
მზადებისა და რამდენიმე დიალოგის  შემდეგ.
ჩაჯდომისას დაუბრკოლებლად დაძვრა,
მოწმენდილი ცა, ჩემი გემოვნების მუსიკა რადიოში,
ჩემი ცოლის ნათქვამი, რომ კარგი იქნებოდა ახალ ადგილას
(სადაც გველოდნენ მერამდენე წელია),
ერთადერთ რამეს ნიშნავდა,
რომ იმ მშვიდ, დიდი ხნის ნანატრ დროს,
როცა ყველაფერი იდეალური უნდა ყოფილიყო,
მოუშორებელმა და უმიზეზო სევდამ შემოაღწია.
 
 
 
 
 
თავისუფლების საფუძვლები
 
ერთი ჩვეულებრივი დღის იმ მონაკვეთში,
რომლის სახელიც არ ვიცი და შუადღესა და საღამოს შორისაა,
ყველაზე უცხო და მოუხერხებელ ადგილას
(სადაც უხერხულობა ყველაზე ბუნებრივი და თანდაყოლილია),
გარედან შემოსული ხმაური რომ ადგას უკიდურეს სინაზედ,
შეიძლებოდა მომხდარიყო რაღაც, რაც შემცვლიდა.
 
წაუკითხავი წიგნებით სავსე დარბაზში
სულ ერთი გახდა არასაიმედო სურვილები, 
სილამაზე, მთლიანად რომ მინდოდა
და რამდენიმე საათის შემდეგ შემოსული
ტელეფონის ყველა მოსაწყენი ზარი.
დღის გარდამავალ მონაკვეთში, რომლის სახელიც არ ვიცი, 
ჩემი შიშები და გადამეტებული სიხარული,
ახლო მომავლისთვის ყველგან რომ დამქონდა,
არაკომფორტულ, შემთხვევით ადგილზე დავტოვე. 
 
ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები 
და დიდი ხნით ადრე არჩეული ადგილები 
ერთმანეთისთვის არის გაჩენილი,
ამბობდა ნაცნობი გაჩერებაზე ლოდინისას, 
რომელსაც ეგონა, ზუსტად იცოდა,
რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ჩვენი მეგობრობა,
ან როდის მოვიდოდა სავსე ავტობუსი,
ჩემთვის რომ ყოველთვის აგვიანებდა.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული