თვალის ჰიროშიმა კოშმარი მეოცე საუკუნის გულში როგორც საუკუნის ცნობიერება - კაცს ხელის
გულში უჭირავს საკუთარი თვალის კაკალი - ქცეული - შენს
მიერ - ნაზიარებ ლოკალურ წლიურ ტრაგედიად და - შენს მიერ - ეს ტრაგედია
ფარსად; თითქოს შენივე საზრისი, უ-
საზრისი პუნქტუირებდეს წლიდანწლამდე ამ ქალაქის ძვრას, სეზონურ-კოსმიური ბრუნვის
პაროდიად - რადგან შენივე მყოფობა აქ იქცა შხამიანი გველთევზების თანსწრებად ყველას პირად ან ფიქრის სივრცეში (რომ აღარ შემიძლია შენზე არ ვიფიქრო შენი მთავარი ბოროტებაა), სწორედ ისე როგორც შენი უ-
საზრისი - მოწამლული, მაავადებელი საპნის ბუშტები, რომლებიც ქრები-სკდებიან მანამ
სანამ დაგტოვებენ, ბაგიერად თუ სხეულებრივ, გაზურად თუ მენტალურად, შენივე სახიერება ქცეული რახმანინოვის დამახინჯებად, თოჯინაკიდულად ქალაქის ერთ მოედანზე - და - და ეს
ყველაზე მნიშვნელოვანია - შენივე შიში შენივე მყოფობისადმი შეუძლებელს ხდის შენზე რაიმე გულწრფელ მსჯელობას - და რადგან არ
მეგულება იოტისოდენა გოჯი მიწისა რომელსაც შენთან გავიზიარებდი სადგომად - არც
მრჩება სადგომი სადაც შენი წლიური ფარსის მიღმა ვიდგებოდი - ამიტომ, იქნებ, აქ მოგმართავ - რაოდენაც არ უნდა მზარავდეს
შენი ლექსის ველში დაშვება, შიშით, შენმა აზრობრივ-კომუნიკაციურმა მზის დაბნელებამ არ შეიპყროს ჩემივე აზრის დერეფნები - და შენი გული, მგონია
ემთხვევა ამჟამად ქალაქის გატეხილ გულს მის დამტვრეულ ენას როგორც ნახვრეტი ჭიან კბილში იმის გულის
ვინც აღარაფერს გრძნობს, ვისი ენაც
აღარაფრის სათქმელად მზად აღარაა