ზღვაში, მთვარის ქვემოთ სცენაა, ყვითელი ზოლების, მთვარე ისე ცეცხლივით სტაფილოსფერია, შავი ბნელი ლაქებით და სცენა, ის ყველაზე კულმინაციური ღრმა წერტილია, ყველაზე ფართო და უხვად ყვითელი. იქ, სცენაზე ცეკვავენ, შავი სილუეტები თავაშვებით ცეკვავენ, ხელებს იქნევენ აქეთ–იქით და თავს აკანტურებენ, თბილი სითეთრის ხაზები გასდევთ გარშემო. ეს ბედნირების ცეკვაა, იმ ნამდვილობის, რომელსაც ყველანი ვეძებთ, იქ გახარებაა და დავიწყება.
მე ნაპირზე მყოფი, გავყურებ და ვხედავ ამ საიდუმლოს და ვფიქრობ მთვარის ეს ბილიკი სცენიდან ჩემსკენ რომ ხიდად იქცეს და მიმიყვანდეს მოცეკვავებაამდე. იქ ერთ–ერთი სილუეტი გამომხედავს, შეწყვეტს ცეკვას და წამოვა ხიდზე ჩემს დასახმარებლად, გამოვა, მომკიდებს ხელს, შემიყვანს სცენაზე და სინათლე არ დამაბრმავებს,ისეთი უხვი სინათლე, რომ დილაა აქ პირდაპირ და უფრო მეტიც. გარშემო ზღვის რკალი ისეთი მრგვალია, რომ წახნაგებიც კი არა აქვს აქა–იქ, წრეს შემოკრავს, დააპატარავებს, მიუახლოვდება მოცეკვავეებს და გამოაცლის წყალზე მყოფობას და მთვარე ჩადის, სიბნელეში მიიმალება. მოცეკვავეები, მეც მათთან ერთად ზღვის ფსკერში ვიძირებით, ვიძირებით წყალმცენარეებში, მწვანედ, ყავისფერ დახავსებაში.
და რამდენ რამეს დავინახავთ უცებ, რამდენ არსებას – მშვიდ მოცურავეებს, ნელ ცურვას, გამჭირვალე თეთრი მედუზების თაიგულებს და ზემოთ ზღვის ზედაპირს, როგორც სარკეს ცაში ასასვლელს, როგორც კიბეს ვარსკვლავების ნისლში, რომელსაც მხოლოდ ერთი სარკის თხელი ზედაპირი გაჰყოფს. შეერთებული სამყარო.
ჩვენ გახლართულნი გრძელ გველებში, ხავსებით გადაფარულნი, პირს, თვალებს სიბნელით რომ გვივსებენ, სადაც ათასი ძაფია უამრავი ფერის, გაიქროლებენ, ჩნდებიან, ქრებიან ელექტრო ფერებივით მკვეთრნი.
გონების ამ ბოლო წუთებში, როდესაც იცი ფილტვები გევსება ზღვისქვეშეთით და შენც მათ შეუერთდები, დაეცემი უსულო ქანდაკებასავით, იქნები ულევი რწევით და იცეკვებ უწყვეტ წყლებში...
შენ ისევ ცეკვის ექსტაზით იქნები სავსე, ხელების სითბოთი და ქვესკნელის ღრმა შიშებით, რომელიც ნახე და რომელიც ბოლომდე ვერ დაასრულე, მაგრამ ცოტახანში აზრი აღარ ექნება ქვესკნელებს, შიშებს. რამოდენიმე წუთში ჩვენ აქ აღარ ვიქნებით.
მე ზღვის ნაპირს ვერასდროს მივაღწევ, მთვარის სხივების სცენას – ზღვაში, სადაც სრულდება ბედნიერების ცეკვა ულევ სხივებში, ულევ თანაგრძნობაში.
-------
შუა ფეხების სქელ კანს
უხეშ ნაჭრად რომ ჭიმავს
ლურჯ ზეწარს თავზე გადაკრულს
მივაქნევ სწრაფად
ვიღაცა დგას, სახით, უსახოდ
მორღვეულ თვალებს
აცეცებს არსაით
და ის შავი კანი
ასე რომ გვიყვარდა, ასე რომ ვეხებოდით
ჩვენს უკან, მოგვჩერებია იმ უნდო სახით,
იმ დაჟინებით
ჩვენ თავს რომ არასდროს შევხედავთ ასე.
სარკის ნაპრალებს, რაც არ აირეკლავს,
რაც არ დაგვანახებს ჩვენს თავებს
ჩაიმარხება იქვე, ჩანაცარტუტდება
მოქმედებები აღარასოდეს
იხილავენ მზის სხივებს,
ვეღარ შეიფარებს ვერავის სახეს,
თვალები იქნებიან სხვები
პირის მოძრაობა იქნება
სხვები –
-------
თუ ის სილურჯე
ჩემზე გადმოდის, თეთრი, თხელი ჰაერის,
თხელი ფერის
ცისფერი.
პეპლის იშვიათი ფრთების ფერი
ღამის მუქი ცისფერ–ლურჯი.
მე წერტილები თეთრის
ყვითელ ხაზებად შენ სახეზე
მუცლის ჩაღვრილ მოძრაობაში
რომლის გარდასულ, მომხვევ ფერებს
ამისვამ, შემიდებ წინწკლებით.
ჩუმი წინწკლებით –
თეთრად გადამაფარებ
თმების შავ ხვეულ ზოლებს
სილურჯეში ჩაუშვებ ჩამუქებულს
დამძიმებული გულის კიდეებს.
სიცარიელე ნაპერწკლებს გაყრის.