• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

კანტოები CXV-CXVII

×
ezra
ავტორის გვერდი ეზრა პაუნდი 21 ნოემბერი, 2019 2487
კანტო CXV-დან
 
მეცნიერებს თავზარი დასცემიათ
          და ევროპული გონი ჩერდება
უინდჰემ ლუისმა სიბრმავე არჩია
          საკუთარი გონების გაჩერებას.
ღამე ქარქვეშ გაროფანებს შორის,
          თითქმის გახევებულან გვირგვინის ფურცლები
მოცარტ, ლინე, სულმონა,
როცა შენს მეგობრებს სძულთ ერთმანეთი
          როგორ იქნება მსოფლიოში მშვიდობა?
მათი უხეშობებით სინორჩის ჟამს მე თავს ვიქცევდი.
ნაბერი ქერქი რომელიც აღესრულა
                მაგრამ ნათელი მღერის მარად
მკრთალი ციალი გადაეკვრის ლიებს
                     სადაც მარილის ზვინი დასჩურჩულებს მოქცევას
დრო, სივრცე,
       არც სიცოცხლეა პასუხი, არც სიკვდილი.
და კაცისა სიკეთის ქმნას რომ ლამობს,
         და ბოროტს სჩადის.
In meiner Heimat
                 სადაც მკვდრები დადიოდნენ
                                        და ცოცხლები მუყაოსგან იყვნენ ქმნილნი.
 
 
 
 
 
კანტო CXVI
 
მოვიდა ნეპტუნოს
                     მისი გონება სხლტოდა
                                            დელფინებისებრ,
ამ კონცეპტებზე, კაცის გონებამ რომ მიაღწია.
შექმნა კოსმოსი—
მიაღწიო შესაძლებელს—
მუსსო., დაღუპული შეცდომის გამო,
მაგრამ ჩანაწერი
                   პალიმპსესტი—
პატარა სინათლე
                          დიად წყვდიადში—
cuniculi—
ბებერი „მუხლი“ მკვდარი ვირჯინიაში.
შეუმზადებელი ახალგაზრდები დამძიმებული ჩანაწერებით,
მადონას ხილვა
              სიგარების ნამწვავების თავზე
                                  და ჭიშკრის გადაღმა.
„კანონების ზვინი აშალეს“
                                     (mucchio di leggi)
Litterae nihil sanantes
                               იუსტინიანეს,
საქმეთა წნული დაუსრულებელი.
 
მე მოვიტანე კრისტალის დიადი ბურთი;
                                ვინ ასწევს?
შეგიძლია დიად სინათლის რკოში შეაბიჯო?
                       მაგრამ სილამაზე არაა სიგიჟე
თუმც ჩემი შეცდომები და დაღუპვები ფერხთით მიყრია.
და მე არა ვარ ნახევარღმერთი,
არ შემიძლია აქ აზრის გავლება.
თუ სიყვარული არაა სახლში, არაფერია.
შიმშილის ხმა გაუგონარი.
როგორ მოვიდა სილამაზე ამ სიბნელის წინაშე,
ორგზის სილამაზე თელების ქვეშ—
                      რომ ციყვებს და ლურჯ ჩხიკვებს გადავერჩინე?
                                     ‘plus j'aime le chien’
არიადნე.
            დისნეი მეტაფიზიკურების წინააღმდეგ,
და ლაფორგთან მეტი ვიდრე რაც მასში ეგონათ,
ანდრე სპირმა მადლობა მითხრა in proposito
და ჟულისგან მე მეტი ვისწავლე
           (Jules Laforgue) მას მერე
ყვინთავს მასში,
                      და ლინე.
                                      chi crescera i nostri—
 
მაგრამ მაგ ტერცოს
                 მესამე სამოთხის შესახებ,
                              მაგ ვენერეს,
კვლავ არის ყოველი „პარადიზო“
                    კოხტა წყნარი სამოთხე
                                           აურზაურის თავზე,
და ზოგი მიცოცავს
                        უფსკრულის პირას,
რათა „კვლავ იხილონ“,
ზმნაა „იხილონ“ და არა „იარონ“
ე.ი. მშვენივრად გამოდის აზრი
                                თუმც ჩემი ჩანიშვნები უაზრო იყოს.
მრავალი შეცდომა,
                           მცირე სისწორე,
რათა მიუტევოს მას მისი ჯოჯოხეთი
                                                     და მე ჩემი პარადიზო.
და თუ რატომ ცდებიან,
                           სისწორეზე ფიქრისას
და თუ ვინ გადაწერს ამ პალიმპსესტს?
            al poco giorno
                                 ed al gran cerchio d’ombra
მაგრამ დასტურჰყო ოქროს ძაფი მოხატულობაში
                                                  (ტორჩელო)
al Vicolo d’oro
                      (ტიგულიო)
აღიარო შეცდომა ისე რომ სიმართლე არ დაკარგო:
გულისხმიერება რომელიც ხანდახან მქონდა,
                             არ შემიძლია მისი განდინება.
პატარა ნათელი, ციცქნა სანთელი
                                        ბრწყინვალებასთან დასაბრუნებლად.
 
 
 
 
 
კანტო CXVII-სთვის
 
მე ვცადე სამოთხის დაწერა
 
არ გამოძრავდე
     დაე ქარმა იმეტყველოს
                     ესაა სამოთხე.
 
დაე ღმერთებმა შემინდონ რაც
                     შევქმენი
დაე იმათ, ვინც მიყვარს, სცადონ
                     შემინდონ რაც ვქმენი.
 
 
 
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული