• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ოთო

×
Man Ray
ავტორის გვერდი გიგიშა აბაშიძე 07 იანვარი, 2020 4178
ვუყურებ მძინარე ანჩის და ვერ ვხვდები, როგორ შეუძლია ასეთ სიცხეში ძილი. სექსის მერე ეგრევე გადაბრუნდა და დაიძინა. მე კი უკვე მეხუთე ღერ სიგარეტზე ვარ. თან წყლით გავიჭყიპე. ლიმონი მაინც ჩამეწურა. ანჩი ცხრის ნახევრამდე იძინებს. არც მეტი, არც ნაკლები. ზუსტად მაგ დროს დარეკავს მაღვიძარა. ადგება და წავა ისევ ერთი წლით.
 
სკოლის ექსკურსიებზე დანჯღრეული პაზიკით დანგრეულ გზებზე რომ მოვგრუხუნებდით ხოლმე თბილისისკენ, თავს დამადებდა, თვალს ჩამიკრავდა და იძინებდა. მეც გმირულად ვიჯექი მერე მთელი გზა გაუნძრევლად, რომ მას კომფორტულად ეძინა. ახლაც გმირულად ვიხრუკები ამ სიცხეში. ხომ იცი ყველაგან და ყველა პირობებში შემიძლია ძილიო, მაგრამ აი, კონდიციონერი ცუდად მხდის, ორპირი გავაკეთოთ და გაიტანსო. ორპირი კაია, მაგრამ რაც ეს მახინჯი 10 სართულიანი ჩამიდგეს სახლის წინ, ორპირი კი არა, პატარა ნიავიც არ იჩითება. თან ხედიც მოსპო. ხედი რა, ანძას ვეღარ ვხედავ და ეგაა. ანჩიმაც ეგ იკითხა პირველი, აქედან ანძა არ ჩანდაო? ანძას კიდევ ავიტანდი, მაგრამ კორპუსი ისე ახლოს ააშენეს, ფარდები თუ არ ჩააფარე, ვეღარ გაივლი. ჩაის რომ სვამ და ვიღაცა გიყურებს, ან შენ უყურებ. პირველი სიგარეტი და ფინჯანი ჩაი ჩემთვის ზედმეტად ინტიმურია, რომ ვიღაც უცხოს გავუნაწილო. 
 
კიდევ ერთ ღერს ვუკიდებ. მოსაწევი მაინც მქონდეს, მომადუნებდა, დამაბუჟებდა, ეგება დამეძინა. მარა ბოლო პიტაკი გოგლიკას მივეცი, მე რა ჩემ ფეხებად მინდა-თქო, ბოლო საღამო მაქვს ანჩისთან და მივეცი. კი გაუკვირდა რა პონტში არ გინდაო. მარა გოგლიკამ რა იცოდა, რომ ანჩი უნდა მენახა ან ის რა იცოდა, რომ ანჩის მოსაწვის სუნი და მოწეული ტიპები არ ევასება, რადგან თავის ყოფილ ქმარს ახსენებენ. 
 
ვდგავარ აივანზე და სახლის წინ ცარიელ სივრცეს ვუყურებ. ჩემთვის ვფიქრობ, რა საკაიფო საკორპუსე სივრცეა, აქ ვაბშე თხუტმეტიანის ჩადგმაც შეიძლება, სამი სადარბაზო მინიმუმ, შეიძლება ოთხიც. 
 
ვტრიალდები და ვუყურებ, როგორ სძინავს ბავშვივით. უკვე 30-ებს მივუკაკუნეთ და ეს მაინც ინარჩუნებს ამ ბავშვურობას. ვერც იმ გამოყლევებულმა ქმარმა შეუცვალა ეს უმანკო, მიამიტური გამოხედვა. როგორ მიყვარდა და როგორ ვერ ვუთხარი, სანამ დრო იყო. მაგასაც ვუყვარდი, მაგრამ თვითონ შანსი არ იყო, პირველს ეთქვა და მელოდებოდა და დავბოდიალობდით სკოლის მერე საათობით ქუჩებში, სანამ სახლამდე ვაცილებდი. და მერეც რამდენი დრო დავკარგეთ იმ გამოსირებული კახაბერ კახა კახაბრიშვილის გამო. ისე რა სახელია, მაგათი უფანტაზიო კარგიც რო მოვტყან. ბაბუას კახაბერი ერქვა, შვილს კახა დაარქვა და მერე ამ კახას რომ შვილი გაუჩდა, იმასაც კახაბერი დაარქვა. ვითომ ბაბუის პონტში, მაგრამ კახას ეძახდა თავის პონტში. წლები არ მებაზრებოდა ანჩი, სანამ ბარსელონაში არ გადავაწყდი შემთხვევით. 
 
ისევ გავუკიდე სიგარეტს და აღმოვაჩინე, რომ კოლოფში 1 ღერი დამრჩა. ანჩისაც მაქსიმუმ 2 ღერი ქონდეს. მე კიდევ ისეთ ხოდზე ვარ შიძლება ვაბშემც გავათენო და დილით კიდევ ანჩიმ უნდა შემომხედოს უკმაყოფილი თვალებით, რომ უსიგარეტოდ მოგვიწევს ჩაის დალევა. მემგონი, ჯობია, ეხლავე ჩავიდე და ვიყიდო. თან ერთ ლუდსაც მივცემ, ეგება მომთენთოს და მიმაძინოს. მთავარია გიოს სმენა იყოს მაღაზიაში. 
 
ოთახში შევდივარ და ფანჯრიდან ვიხედები. ქუჩის მეორე მხარეს მაღაზიაში შუქი ანთია. ესე იგი გიოს სმენაა. გიო მუსიკოსია, მაგრამ არ დიჯეობს. ყოველშემთხვევაში ჯერ მზად არ ვარო და გამყიდველად მუშაობს ალკოჰოლის მაღაზიაში. ცოტა ხნის წინ თავის გოგოს ეჩხუბა და უკან სახლში დაბრუნდა. სახლში კიდევ დედამისს სულ წნევები აქვს და ამის მუსიკის თავი არ აქვს და ამიტომაც მაღაზიის უკანა ოთახში გადმოვიდა საცხოვრებლად. მეპატრონეს ებაზრა. იმან თავიდან რა პონტშიო, მაგრამ მერე დაფიქრდა და მაშინ თუ მანდ უნდა იცხოვრო, მაღაზია მაგალითად თორმეტის მაგივრად, იქნებ ორზე დაკეტოო. თესლი კაპიტალისტი ეძახე და ჩვენ შეგვრჩა უბანში ტოჩკა, სადაც გვიანობამდე შეგიძლია ნორმალური სასმელი იყიდო ადამიანურ ფასად. დალშე ყველა სხვა 24/7 მაღაზია საკაიფოდ შორსაა. ნუ საკაიფოდ რა, თბილისური გაგებით შორს. გიო კიდე დილაობით ადრე დგება, დედამისთან სახლში მიდის, გადაივლებს, გამოიცვლის და უკან ბრუნდება სამსახურში. 
 
ანჩის შუბლზე ვაკოცე. არც განძრეულა. გარეთ გამოვედი. სადარბაზოში ნათურა გადამწვარა. ლიფტი გამოვიძახე, მოვიდა და მოფსმული დამხვდა. ჩავუყევი სადარბაზოს კიბეებს ფეხით. ისე აი ლიფტში ვინც ფსამს, და მამენტ ვინც ეწევა, ეგენი ჯოჯოხეთში კაი ნარჩევ ზონაზე უნდა მოხვდნენ, ტროტუარზე რომ მანქანებს აყენებენ იმათთან ერთად. ორი მეზობელია ვინც სპასობნია მაგაზე, რომ ლიფტში ეგეთი ქნას და მესამეზეც შეგიძლია, რომ იეჭვო. მარა კონკრეტულად ვერავის დაადებ ხელს. 
 
მაღაზიაში შევედი.გიოს მივესალმე, მაცივრიდან ორი ლუდი გამოვიღე, ერთი ჩემთვის, ერთიც გიოსთვის და დახლთან მივედი. გიო რაღაც ეშმაკურად მიყურებდა, ცოტა თვითკმაყოფილი მზერით. ეგრე მაშინ იყურება, როცა რაღაც ტრეკს წერს და უნდა რომ მოგასმენინოს. სანამ ჩემს ლუდს და სიგარეტს ატარებდა, სათქმელი გავუადვილე. 
 
- ჰა, აბა, რამე ახალი ჩაწერე? თვალები გაუბრწყინდა. 
- გცალია, რომ მოუსმინო? - დავაი.
 
მე კიდევ პირდაპირ უკანა ოთახში შევედი და პატარა სავარძელზე მოვკალათდი. გიო რომ შემოვიდა, მოსაწევი შემომთავაზა, რაზეც უარი უბრალოდ ვერ ვუთხარი. სანამ ანჩის გაეღვიძება, აღარაფერი აღარ შემეტყობა-მეთქი. მოვწიეთ და გიომაც ჩამირთო თავისი ტრეკი, მაგრად წაიღო და მოსაწევმაც საკაიფოდ დამაბუჟა. კინაღამ ჩამეძინა. 
 
- არის ვინმე?! 
 
მაგარმა ნიპრიატნმა და პრაწივნმა ხმამ  დამირღვია იდილია. ეტყობა კარი ღია დარჩა გიოს, მხოლოდ Open/ Closed დაატრიალა. 
 
გიო ოთახიდან გავიდა. ვახ რა პრაწივნი ხმაა და რა ნაცნობი. მაგრამ ნუ ეგეთი დაყენებული ხმა ბევრს აქვს. ადრე რომ ძველები ბაზრობდნენ და დღეს რომ ოპერები და მთვრალი ბაბულიკები გებაზრებიან, ეგეთი ხმაა, მაგრამ რატომღაც მეცნობა. ბავშვობა მახსენდება მაგ ხმაზე. დაჟე მახსოვს, დაყენებაც ვცადე, მაგრამ ანჩიმ ძაან დამცინა და დავიკიდე. შენღა მაკლიხარ, ის გამოსირებული კახა არ მეყოფაო. 
 
კახაზე  გადმოცემით ვიცოდი, რომ ვიღაც ვზროსლი უბნელი ეჩალიჩებოდა და ამას მაგრა ეკიდა. მერე გავიკითხე და ვიღაც არა, საკმაოდ ნაბოზარი ტიპი იყო: ბაბუა პროკურორი, მამა მელეხი, კაროჩე პოლნი კოპლექტი რა.  არადა სულ ერთხელ მყავს ნანახი, მანქანში რომ ჩამისვა. ძმაკაცთან, ჯანეზასთან ერთად იყო. კუს ტბაზე ამიყვანეს. ამ ყლე ჯანეზამ ნიშნის მოგებით გადახედა და სტვოლები გვინდაო? კახამაც, არაო, რა ჩემ ყლედ გვინდა, მეგობრები ვართ აქ ყველაო. ამიყვანეს სადღაც ტრაკში და დაიწყო კახაბერმა. ბიჭო, ვიციო, მეგობრობთო, დაქალი და რამეო, ხოდა ხო აზრზე ხარ, გოგოები შტერები არიან, აზრზე არ არიან მაგათთვის კარგი რა არისო. ხოდა ამიტომ ჩვენ, კაცებმა უნდა გადავუწყვიტოთ ხოლმე, რა და როგორო. 
 
ჩუმად ვუყურებდი გულს ბაგუნი გაქონდა. 
 
ეს კიდე აგრძელებდა, მოკლედ უნდა მოვიტაცო ანჩიო, ხოდა შენი დახმარება მჭირდებაო. მეთქი, მე როგორ უნდა დაგეხმარო? ჩაეცინათ განდონებს. სადმე დაპატიჟე რა, კინოში ან სადმეო, ან ვაბშე საქმე მაქვს უეჭველი და შემხვდი-თქო და მერე მე ვიციო. გავშრი. მერჩივნა, მოვმკვდარიყავი. ხმას ვერ ვიღებდი. უცებ ამ ორ განდონს სახე შეეცვალა, რა ენა გადაყლაპე, შეჩემაო. მიდი, ამოიღე ტელეფონი, დაურეკეო. დღესვე მინდა მოვაყომაროო. 
 
ტელეფონი ამოვიღე და დავრეკე. თავში ათასი ყლეობა მიტრიალებდა, როგორც აიღებს, ეგრევე ყველაფერს ვეტყვი ან მანქანიდან გადავხტები-მეთქი. ანჩიმ აიღო ტელეფონი და წესიერად არც მახსოვს, რა ვუთხარი, შეხვედრა ვთხოვე.  
 
წლების მერე მითხრა, რომ ეგონა ბოლო-ბოლო ვეტყოდი, რომ მიყვარხარ და ამის სათქმელად დავუნიშნე ეგ შეხვედრა. რომ გავთიშე ამ ორმა ნაბოზარმა კმაყოფილად გადახედა ერთმანეთს. მერე უცებ კახაბერი ქეჩოში მწვდა და მუცელთან ცივი საგნის მოდება ვიგრძენი. მეთქი ვსო ეგაა, დამბრიდავს ეს ნაბოზარი-თქო და სადღაც ტრაკში დამმარხავენ, სახელიც რომ არ ვიცი, ისეთ ადგილას. 
 
კბილებიდან გამოცრა. იცოდე ცირკაჩობები არ დაიწყო, თორემ დაგბრიდავ ღორივითო. მერე ისევ უკან გაიწია და ჩვეულებრივი სახე გაუხდა. ჯანეზას გადახედა, დავაი, დავიძრათო. ჯანეზამ ჩემზე აჩვენა თვალებით. 
გამომხედა კახაბერმა და შენით ხო წახვალო?  მეთქი კი. თან ერთ სული მქონდა ამ დედამოტყნული მანქანიდან გადავსულიყავი, სულ ყლეზე მეკიდა, რომ აი აზრზე არ ვიყავი, სად ვიყავი. გადმოვედი და მანქანაც დაიძრა. მერე უცებ გაჩერდა, ფანჯარა ჩამოიწია და დამიძახეს, მოდიო. მივედი.
 
კახაბერმა, ტელეფონი მომეო. დავიბენი. მიდი, მიდი, მომეო და ქორწილში დაგიბრუნებ, კი არ გახევო. იქიდან ჯანეზას გაეცინა, მაგ ყლეობას არც დაილომბარდებენო. 
 
ავიღე და მივეცი ერთი სული მქონდათ გაეჯვათ. 
 
- დაგევასა ტრეკი? უცებ მივხვდი რო ტრეკიც კაი ხნის დამთავრებული იყო და გიოც კაი ხნის წინ შემოსულიყო. მე კიდევ ძალიან ცუდად ვიყავი. 
 
- კი კი ძაან საკაიფოა, როგორც ყოველთვის. გავედი მე რა, არ მიწყინო. - ხო მშვიდობაა, ცუდისკენ ხო არ წაგიღო? 
 
- არა, არა. არადა წამიღო. 
 
ავედექი და წამოვედი. ცოტა უხეშად კი გამოვიდა, მაგრამ გიო ჯიგარია, გაიგებს. გამიგებს. 
 
სიგარეტს მოვუკიდე. შევამჩნიე, რომ ლუდის ბოთლი ისევ ხელში მაქვს და მოვსვი. რაღაც ყლე შეგრძნება დამეუფლა, რომ ვიღაცა მიყურებს. გავიხედე, გამოვიხედე. ავხედე ჩემი სახლის ფანჯრებს. რამ გამახსენა ეს ყველაფერი? ქორწილშიც მთელი კლასი იყო ჩემს გარდა. ჩემი კლასელები მიყვებოდნენ, ძალიან მაგარი იყოო, კახას ბრატებმა დაჟე პისტოლეტებიდან გვასროლინესო. ანჩიც მაგარი ბედნიერი იყოო. არადა ხო ვიცოდი, რომ არ იყო. მერე რა, რომ წლები არ მელაპარაკებოდა. პატარაა ეს ოხერი ქალაქი, ძალიან პატარაა და ამბებიც მოდიოდა. ამბები ცემის. ამბები სახლში მიბრუნების. ამბები მუცლის მოშლის. და ამბები მერე გაყრის. და ქვეყნიდან წასვლა. 
 
ისე ეგ რა ფენომენია, სხვაგან რაც გინდა ის აკეთე, მაგრამ აქ არა. აქ გინდა გაეყარე, გინდა გამოეყარე, მაინც იმ ტიპის ცოლი რჩები. ვიღაცა ძმაკაცი, მამიდის დაქალი ან ვინმე რაღაცაზე წაეტლიკინება. ესენიც აპათოლოგებენ და ახსენდებათ, რომ მათი ყოფილი ცოლების ღირსება ისევ მათი დასაცავია.
 
ზოგადად ყოფილი ცოლი ძალიან ფართო ცნებაა აქ. იქ კიდევ სადღაც შორს, გინდა ბოიფრენდი გყავდეს, ან თინდერზე ყოველღამე one night stand გქონდეს, ან ვაბშე threesome მიაწექი. იმიტომ, რომ ვერც შენი მეზობელი და ვერც შენი დაქალის ჩერეზდაქალი შენს ყოფილ ქმარს ვერაფერს ეტყვის და სანამ შენმა ყოფილმა ქმარმა იცის, რომ მაგის ყლე ღირსება სხვების თვალში არ ილახება, სულ ყლეზე კიდიხარ. ტელეფონმა დარეკა და ისევ გამოვფხიზლდი. სანდრიკა იყო პაპუნა ჩამოვიდაო ფინეთიდანო. კლასელები შევიკრიბეთო და ამოო. 
 
შევხედე ისევ ჩემი სახლის ფანჯარას. მივხვდი, რომ აჯობებდა თუ ცოტას გავივლიდი და მერე ავიდოდი სახლში. პაპუნაც ახლოს ცხოვრობს, ფეხით ჩავისეირნებ-ამოვისეირნებ და გამოვალ ცოტა. ეგება გულიც გადავაყოლო. შევედი გიოსთან ერთი ბოთლი იაფიანი ვისკი დავითრიე და დავადექი გზას. 
 
ის ყლე გზა გამახსენდა, იმათმა რომ სადღაც ტრაკში დამტოვეს.  მოვრბოდი, მაგრამ მართლა ტრაკში დამტოვეს და მალევე დავიღალე. მაგრამ არ ვნებდებოდი. მთელი გზა ვფიქრობდი, რომ ჩავასწრებ, ანჩის დავურეკავ, ყველაფერს ვეტყვი. აი ვაბშე ყველაფერს, იმ სირმა რო დამარეკინა და იმასაც, რომ ძალიან ძალიან მიყვარს. 
 
ვახ, ისევ ამიჩქარდა გული. გავჩერდი და ტროტუარზე ჩამოვჯექი. სახლში ხომ არ გავბრუნდე? მაგრამ ესე სახლში აბრუნება უფრო ცუდი იქნება. ანჩის ვერ გავაღვიძებ და მარტო ვაბშე გავრეკავ. პაპუნასთან ცოტას დავლევ, გამოვალ. ოღონდ ეხლა ამოვისუნთქო. ვისკი გავხსენი და მოვყლუპე. ცოტა აზრზე მომიყვანა. მართლა ისე ცუდად ვარ, როგორც იმ გზაზე. რომ ჩამოვაღწიე პირდაპირ ანჩის სახლში ავაჭერი და კარებზე დავაკაკუნე. დედამისმა, მაკამ დეიდამ ანერვიულებულმა მომაყარა კითხვები. ანჩი სადაოო?! შენ რატომ გაქ ტელეფონი გამორთულიო?! და ასე შემდეგ. მეთქი, დავკარგე ტელეფონი და არაფერი არ ვიცი. მაკამაც დამიკიდა და გააგრძელა ტელეფონზე ვიღაცასთან ნერვიული ლაპარაკი. 
 
მე მეტი ვერაფერი ვთქვი. გასვლისას რამე თუ გავიგე, გეტყვი-თქო, ძლივს ამოვილუღლუღე, მაგრამ კაი უკვე აღარ მისმენდა. გამოვედი. ერთი კიბე ჩავიარე კიბეზე, ჩამოვჯექი და ვიტირე.  16 წლის ვიყავი და პირველად ვიტირე. გინდ დამიჯერეთ, გინდ არა. მანამდე 6 წლის რომ ვიყავი, მაშინ ვიყავი ყველაზე ახლოს ტირილთან. ბაბუაჩემი გარდაიცვალა, რომელიც ძალიან მიყვარდა და ირგვლივ ყველა რომ ტიროდა პანაშვიდებზე, მეც ვიდექი და გულით მინდოდა მეტირა, მაგრამ ვერ ვტიროდი და ძალიან მწყინდა. იმიტომ, რომ მეგონა რომ სადღაც ბაბუასაც წყინდა, რომ ვერ ვტიროდი. მერეც ვერ ვიტირე, ჩემები ავარიაში რომ დაიღუპნენ. კაი 28 წლის ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ ვიტირე. შოკის გამო, თუ ფაქტის არ აღიარების გამო არ ვიცი, მაგრამ ვერ ვიტირე. არა, 
ვსო, ეხლა აზრზე თუ არ მოვედი, ძაან დამენძრევა. 
 
ვდგები და გზას ვაგრძელებ. 
 
პაპუნასთან კარი ნიამ გამიღო, ანჩის ყოფილმა დაქალმა. დაჟე ერთ მერხზე იჯდნენ, მაგრამ წლებია, რომ აღარ უნახავს. ისე საღოლ ანჩის, როგორ მოახერხა, რომ საერთოდ ყველა მოიკვეთა, ყველას ცხოვრებიდან გაქრა და ყველა გააქრო თავისი ცხოვრებიდან, ვინც წარსულს ახსენებდა. 
 
მშობლები რომ არა, ალბათ ამ ორკვირიან ჩამოსვლებსაც დაიკიდებდა. ძალიან მინდა, მჯეროდეს, რომ მეც ვარ ამ ორკვირიანი ჩამოსვლების მიზეზის ნაწილი, მაგრამ დაზუსტებით ვერასდროს ვიტყვი მაგას. 
- პრივეტ, ნია. - პრივეტ, ოთო. - რას შვები, როგორ ხარ? - რავი ძველებურად. შენ? - მეც. 
შევაჭერი დიდ ოთახში. ყველა აქ იყო. პაპუნას და ტატოს ვერ მოვარი თვალი. ამ დროს ნიაც შემომყვა ოთახში. 
- პაპუნა სადაა? - აივანზე. 
 
“პრივეტ, რას შვები? ძველებურად” და ასე შემდეგ რა, როგორც შეგვეფერება დიდი ხნის უნახავ ხალხს, რომლებსაც, მამენტ, გვკიდია ერთმანეთი და რაღაც უაზრო ნოსტალგიის გამო ვიკრიბებით ხოლმე. ნოსტალგიაც მაშინვე ქრება, როგორც კი შევიკრიბებით. მაგრამ აი პაპუნა და ტატო სულ სხვა საქმეა. ეგ ორი ძმაკაცი მყავს და პაპუნამ, რაც ცოლთან ერთად ევროპაში ფეხის მოსაკიდებლად მოხია, ერთი დამრჩა. ნუ მამენტ ორი. ერთი მყავს კიდევ სტუდენტობისას რომ გავიჩინე. 
 
მაგიდასთან მივედი, რომელზეც სასმლის ბოთლები და ერთჯერადი ჭიქები ეწყო. დავდე ჩემი ვისკი და ნახევრამდე ავავსე ჭიქა. მერე წვენს მოვკიდე ხელი და მივხვდი, რომ მთლიანი ჭიქა სასმელი მჭირდებოდა. ჭიქა ბოლომდე ვისკით ავავსე და აივანზე გავედი. 
 
პაპუნა და ტატო მოსაწევს შეექცეოდნენ გემრიელად. ჩავეხუტე ორივეს. შემომთავაზეს, მაგრამ მეტი ნამდვილად არ მინდოდა. სიგარეტს მოვუკიდე და პატარა სავარძელზე მოვკალათდი. მიყვარს რა ეს განიერი, უკანონო მიშენებიანი პაპუნას აივანი. 
 
- როდის ჩამოხვედი შეჩემა? - ორი კვირაა. - მერე ეხლა რატომ ვიგებ თან ამისგან? - ტატოსაც დღეს დავურეკე საქმეები მქონდა. - რა საქმეები?! 
 
- მაგას ვუყვებოდი კაკ რაზ ტარასას. მოკლედ ვერ შევეგუეთ ამ ფინეთს რა, მზე ვაბშე არაა, ბავშვიც გაგიჟდა. თან სულ D ვიტამინი უნდა იზომო. ნუ დალშე კი შიკარნი ქვეყანაა სადარდებელი ვაბშე გამიქრო, მაგრამ ნუ მაინც რთულია რა. ხოდა ესპანეთში გავაძრე კაი პონტი, კერძო საკუთრება თუ გაქვს, ბინა მაგალითად, უპრობლემოდ რჩები რა და სამუშაოსაც იშოვი. ბოლომდე ლეგალურად ვერა, მაგრამ მაინც რა, ესპანეთი და 3 წელიწადში უკვე ყველა საბუთი წესრიგში გვექნება და მუშაობაც ლეგალურად. ხოდა ამ ბინის გაყიდვაზე ვარ ჩამოსული და მოვაგვარე ბოლო გულაობაა ამ ბაითში. - მოიცა და დაბრუნება რომ მოგინდეს შენებთან გადახვალ თუ რას იზამთ? - მოიცა, რა დაბრუნება აგერ იმ ბრძენმა კაცმაც, გააჯვითო. შენც ვაბშე რა გიჭერს აქ არც არაფერი. წამო ერთად ვიყიდოთ სახლები ბილბაოში და ბასკებთან ვიცხოვროთ. გამეცინა.
 
მოწევას მორჩნენ და სახლში შევიდეთო, მაგრამ რაღაც მომინდა აივანზე დარჩენა და შემოვალ-თქო. თან მაგრად დამიჯდა ეს აზრი. მართლა რა მიჭერს აქ: რამდენიმე შორეული ნათესავი, უაზრო სამსახური, ტატო და ის მეორე ძმაკაცი. 
 
ერთადერთი ადამიანი, ვინც მართლა მიყვარს იქ არის და ყოველი ორკვირიანი წასვლის მერე მეშინია, რომ ან არ ჩამოვა, ან შემდეგ ჩამოსვლაზე აღარ მნახავს და მთელი წელი მაგ ფიქრებით ვარ. თან როგორ არ დავიგრუზო. ისევ არაფერი მითქვამს, ისევ არაფერი დამილაგებია. არაფერზე შევთანხმებივარ. ისევ იმ სკოლის მოსწავლესავით ვარ ჩვენს ურთიერთობაში. მივყვები დინებას, არადა ანჩი თავისით არაფერს არ მეტყვის, არც ჩამოდი და იქ ვიცხოვროთო. არც მიყვარხარ, არც არაფერს. მე თუ არ ვუთხარი, თან ამ თქმის დიდი ვალი მაქვს. 
 
წინა უთქბელობამ ქნა ეს უერთმანეთო წლები და ეს დიდი წყენა. თან იქ რომ იყო უკვე, ამბებიც აღარ მოდიოდა. ყოველ წელს ფულს ვაგროვებდი და 1 კვირიან შვებულებით მივდიოდი ბარსელონაში რომ იქნებ შემთხვევით მენახა, არც ბარსაა ძაან დიდი ქალაქი. ბოლოს მესამე წელს მართლა გადავაწყდი. რაღაცნაირი უხერხულობა გადავლახეთ, მერე ვჭამეთ პაელა და ის ღამე მაგასთან დავრჩი. შემდეგ წელს რომ ჩამოვიდა, მომწერა და ასე დაიყო ეს 2 კვირიანი მიჯნურობა, თუ რაც ქვია. ძველ დროზე არასდროს არ გვილაპარაკია, თითქოს არც ყოფილა. არა, მართლა უნდა წავიდე და დაველაპარაკო. თან ეხლა დღეს თორემ კიდე ერთი წელი ვერ დაველაპარაკები. 
 
ავდექი და გავგაზე სახლში. 
 
სულ სხვა გზა იყო ეს, უკვე სულ სხვა ფიქრებით. ბინა წესით გაიყიდება, ხვალვე თუ არა მალე. აუ ნეტა მეკითხა პაპუნასთვის იქაური ფასები. მერე ვეტყვი, ავეჯიანა გავყიდი ან ავეჯს ცალკე. იმ ბიბლიოთეკასაც მივაყიდი თავისი ორასტომეულით, ეგება ვინმე მელეხმა იყიდოს. მართლა რა მიჭერს. 
 
შევედი სადარბაზოში გული ისევ ამიჩქარდა, ოღონდ სულ სხვანაირად, ესე კაი ხანია არ ამჩქარებია, ალბათ მაშინ პირველ ღამეს რომ დავრჩი ანჩისთან ბარსელონაში. 
 
ლიფტი გამოვიძახე და გამახსენდა ლიფტში რაც იყო და დავაწექი კიბეებს. ჩემი სახლის კარები ოდნავ შეღებული იყო და მკრთალი შუქი ანათებდა სადარბაზოს. უცებ გულის ძგერა შემინელდა, შემინელდა კი არადა თითქოს გამიჩერდა.  ნელა მივედი, კარი გავაღე და დავინახე ანჩი. მკვდარი ანჩი, რომელიც ჩემ ხალათში ჩაცმული ეგდო შემოსასვლელში გატეხილი თავით. 
 
“გაიგო იმ ნაბიჭვარმა”, აი ეს გავიფიქრე რატომღაც იმის მაგივრად რომ რამე მეყვირა უცებ თავბრუ დამეხვა და დამიბნელდა. 
 
ჩემი სართულის კიბეზე ვიჯექი და ვტიროდი. ვტიროდი მეორედ ჩემს ცხოვრებაში. 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული