- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
საყოველთაო იზოლაციასა და აღდგომის წინა დიდმარხვის პერიოდს შორის გაუთვალისწინებელი დამთხვევის გამოყენება იმათ შეუძლიათ, ვისაც, სოლიდარობის ნიშნად, სთხოვეს, არაფერი მოემოქმედებინათ და რომლებიც ფრონტის ხაზს უკან აღმოჩნდნენ. ამ იძულებითი მარხვის, ამ საერო და სახელმწიფოებრივი რამადანის გამოყენება მათ შეუძლიათ იმაზე საფიქრელად, თუ რა არის მნიშვნელოვანი და რა - სასაცილო...
თითქოსდა ვირუსის ინტერვენცია გენერალურ რეპეტიციად გამოდგებოდეს მომავალი კრიზისისთვის, რომლის დროსაც ცხოვრების პირობების რეორიენტაცია მთელ მსოფლიოს დაუდგება გამოწვევად, ყოველდღიური არსებობის ყველა ასპექტში, და ყველას მოუწევს, დიდი გულისყურით გაერკვეს მათში. მე, ისევე, როგორც მრავალი სხვა, გამოვთქვამ ჰიპოთეზას, რომ სანიტარული კრიზისი კლიმატური მუტაციისთვის გვამზადებს, გვაქეზებს და მოგვიწოდებს. ახლა საჭიროა ცდით ამ ჰიპოთეზის დამტკიცება.
ამ ორ კრიზისს აკავშირებს უეცარი და მტკივნეული გაცნობიერება, რომ საზოგადოების კლასიკური განსაზღვრება - ერთმანეთის გარემოცვაში მყოფი ადამიანები - სრულებით დაცლილია საზრისისგან. საზოგადოების მდგომარეობა ყოველ ნაბიჯზეა დამოკიდებული ასოციაციებზე მრავალ მონაწილეს შორის, რომელთა უმეტესობასაც ადამიანური ფორმა არ გააჩნია. ეს ეხება მიკრობებსაც - ეს პასტერის დროიდანაა ჩვენთვის ცნობილი - ისევე, როგორც - ინტერნეტს, სამართალს, საავადმყოფოების ორგანიზაციას, სახელმწიფოს ქმედითობას და - კლიმატსაც. და, ცხადია, მიუხედავად ვირუსის წინააღმდეგ გაჩაღებული „საომარი მდგომარეობით“ შექმნილი ყაყანისა, ის მხოლოდ ერთი ბმულია ვრცელი ჯაჭვისა, რომელშიც ნიღბების თუ ტესტების მარაგების განაწილება, ქონებაზე უფლების რეგლამენტაცია, სამოქალაქო ქცევები, სოლიდარობის გამოხატულებები ზუსტად თანაბრად ითვლება ინფექციური ფაქტორის სიძლიერის ხარისხის განსაზღვრისას. მთელი იმ ქსელის გათვალისწინებით, ვირუსი რომლის მხოლოდ ერთი ბმულიც არის, სხვადასხვანაირია მისი ზემოქმედება ტაივანში, სინგაპურში, ნიუ იორკსა თუ პარიზში. პანდემია არაფრითაა წარსულში არსებულ შიმშილობებსა თუ ამჟამინდელ კლიმატურ კრიზისზე მეტად „ბუნებრივი“ ფენომენი. უკვე დიდი ხანია, რაც საზოგადოებ სოციალურის ვიწრო ჩარჩოებიდან გამოვიდა.
სხვა მხრივ, არა მგონია, პარალელის ვარგისიანობა ამაზე ბევრად შორს მიდიოდეს. რადგან, ბოლოს და ბოლოს, სანიტარული კრიზისები ახალი ფენომენი როდია და, ჯერ-ჯერობით, არც სახელმწიფოს სწრაფ და რადიკალურ ჩარევას აქვს დიდად ახლებური სახე. პანდემიები, - ბევრად უკეთ, ვიდრე ტერორისტულ შეტევები (რომლებიც, მიუხედავად ყველაფრისა, მხოლოდ პოლიციის საქმეა) - მმართველებში, ისევე, როგორც მართულებში, აღვიძებს ერთგვარ მრწამსს („ჩვენ უნდა დაგიცვათ,“ „თქვენ უნდა დაგვიცვათ“), რომელიც აძლიერებს სახელმწიფოს ავტორიტეტს და ნებას რთავს მას, მოითხოვოს ისეთი რამ, რაც ყველა სხვა გარემოებაში სახალხო მღელვარებებს გამოიწვევდა.
მაგრამ ეს ხელისუფლება არაა XXI საუკუნისა და ეკოლოგიური მუტაციების ხელისუფლება; ეს ხელისუფლება XIX საუკუნისაა, და კიდევ - იმის, რასაც „ბიო-ძალაუფლება“ ეწოდება. განსვენებული ალენ დეროზიერის სიტყვებით, ეს არის სტატისტიკების ხელისუფლება: ზემოდან დანახულ ტერიტორიულ დაყოფებზე განაწილებული მოსახლეობების მართვა ექსპერტთა ძალაუფლების მიერ. ზუსტად ის, რის მკვდრეთით აღდგომასაც დღეს ვხედავთ - იმ ერთადერთი განსხვავებით, რომ ის ერთიდან მომდევნო ქვეყანაზე გავრცელდა და ბოლოს პლანეტარული გახდა. მეჩვენება, რომ ამჟამინდელი სიტუაციის ორიგინალურობა იმაში მდგომარეობს, რომ, ვრჩებით რა სახლში გამოკეტილები, გარეთ კი არაფერია გარდა პოლიციის ძალმოსილებისა და სასწრაფოთა ხმაურისა, ყველანი კოლექტიურად ვდგამთ ბიოძალაუფლების ფიგურის კარიკატურულ ფორმას, რომელიც, თითქოს, პირდაპირ მიშელ ფუკოს სალექციო კურსიდანაა აღებული. სურათს მრავალი მშრომელის მოსპობაც კი არ აკლია, მათი, ვისაც მაინც უწევს მუშაობა, რათა დანარჩენებმა თავიანთ სოროებში დარჩენა შეძლონ - რომ არაფერი ვთქვათ მიგრანტებზე, რომელთა დაბინავებაც შეუძლებელია. მაგრამ სწორედ ესაა კარიკატურა იმ ეპოქისა, რომელშიც აღარ ვცხოვრობთ.
საქმე ისაა, რომ უზარმაზარი უფსკრულია იმ ხელისუფლებას შორის, რომელსაც შეუძლია, თქვას: „მე თქვენ გიცავთ სიცოცხლისა და სიკვდილისგან“ - ესე იგი, იმ ვირუსით ინფიცირებისგან, რომლის კვალიც უცნობია ყველასთვის, გარდა სწავლულებისა და რომლის შედეგების გაგებაც მხოლოდ სტატისტიკის შეგროვებითაა შესაძლებელი, და იმას შორის, ვინც გაბედავს და იტყვის: „მე თქვენ გიცავთ სიცოცხლისა და სიკვდილისგან, რადგან ვინარჩუნებ ყველა იმ ცოცხლის სასიცოცხლო პირობებს, რომლებზეც თქვენ ხართ დამოკიდებულნი.“
ასე განსაჯეთ: წარმოიდგინეთ, რომ მაკრონი მოდის და ჩვეული ჩერჩილიანური ტონით აცხადებს მისაღებ ზომათა მთელ წყებას, რათა მიწაში შენარჩუნდეს გაზისა და ნავთობის მარაგები, აღიკვეთოს პესტიციდების კომერციალიზაცია, აღმოიფხვრას საპლანტაჟო გუთნის ხმარება და - სითამამის მწვერვალი - აიკრძალოს გარე გამათბობლები ბარების ტერასებზე... თუკი ბენზინის გადასახადებმა „ყვითელქურთუკიანების“ (gilets jaunes) ამბოხება გამოიწვია, ამ შემთხვევაში იმის გაფიქრებაც კი შემზარავია, თუ რა განხეთქილებები მოიცავდა ქვეყანას. და ეს - იმის მიუხედავად, რომ აუცილებლობა, ფრანგები, მათსავე სასიკეთოთ, დაიცვა სიკვდილისგან, ათასგზის უფრო გამართლებულია ეკოლოგიური კრიზისის პირობებში, ვიდრე - სანიტარული კრიზისის დროს, რადგან პირველ შემთხვევაში საქმე, პირდაპირი გაგებით, მთელ მსოფლიოს ეხება და არა - ათიოდე ათასობით საცოდავ ადამიანს, ამასთან - არა ერთჯერადად, არამედ - სამარადისოდ.
მაგრამ აშკარაა, რომ ეს ხელისუფლება არ არსებობს. და, რაც კიდევ უფრო დამაღონებელია, ვერ ვხედავთ, როგორ მოემზადებოდა ის ერთიდან მეორე კრიზისზე გადასასველად. სანიტარული კრიზისის პირობებში სახელმწიფოს ფრიად კლასიკური პედაგოგიური როლი აკისრია და მისი ავტორიტეტი ზუსტად ემთხვევა ძველ ნაციონალურ საზღვრებს - ევროპულ საზღვრებთან დაბრუნების არქაიზმი ამის მტკივნეული მტკიცებულებაა. ეკოლოგიური მუტაციის პირობებში, დამოკიდებულება შებრუნებულია: სწორედ ადმინისტრაციამ უნდა ისწავლოს მრავალ სხვადასხვა საფეხურზე განთავსებული ხალხის მრავალსახეობისგან, ამჟამინდელი გლობალიზებული წარმოებიდან გამოსვლის მოთხოვნილების მიერ სრულებით ახლებურად განსაზღვრულ ტერიტორიებზე, რა სახე შეიძლება ჰქონდეს არსებობას. ადმინისტრაცია სრულებით უუნარო აღმოჩვნება ზემოდან ზომების გასაცემად. სანიტარულ კრიზისში, როგორც დაწყებით კლასებში, ბეჯით ხალხს ხელახლა აქვს დასასწავლი, რომ ხელებს უნდა იბანდეს და ხველებისას პირზე ხელს იფარებდეს. ხოლო ეკოლოგიური მუტაციის დროს, სახელმწიფო აღმოჩნდება ხელახალი შეგირდობის მდგომარეობაში.
მაგრამ არის სხვა მიზეზიც, რომელიც გაუგებარს ხდის „ვირუსის წინააღმდეგ ომის“ ფიგურას: დავუშვათ, მართალია, რომ სანიტარული კრიზისის დროს ერთ მუშტად შეკრული კაცობრიობა „უპირისპირდება“ ვირუსებს - მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელთ ჩვენ იოტითაც არ ვადარდებთ და თავიანთ გზას ადგანან ყელიდან ცხვირისკენ, ჩვენი სიკვდილის ხარჯზე, ისე, რომ ჩვენი საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. ეკოლოგიური მუტაციის პირობებში სიტუაცია ტრაგიკულად შებრუნდება: ამჯერად, პათოგენი, რომლის სავალალო ვირულენტობამაც პლანეტის ყველა სულდგმულის არსებობის პირობები გარდაქმნა, არის არა ვირუსი, არამედ - ადამიანი! და არა ყველა მათგანი, არამედ - ზოგიერთები, რომლებსაც გამოცხადების გარეშე გაუჩაღებიათ ომი ჩვენს წინააღმდეგ. და ამ ომისთვის სახელმწიფო იმდენად მოუმზადებელი, არაგრადუირებული და მოურგებელია, რამდენადაც ეს შესაძლებელია; რადგან ფრონტის ხაზი მრავალია და ისინი ყველა ჩვენგანს კვეთენ. სწორედ ამ გაგებით, ვირუსის წინააღმდეგ „გენერალური მობილიზაცია“ ოდნავაც არ ამტკიცებს იმას, რომ ჩვენ მზადმყოფნი შევხვდებით მომდევნო კრიზისს. მხოლოდ სამხედროები როდი არიან ყოველთვის ერთი ომით ჩამორჩენილნი.
მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვინ იცის; დიდმარხვის პერიოდს, იქნება ის საერო თუ სახელმწიფოებრივი, განმაცვიფრებელ მოქცევათა გამოწვევა ძალუძს. წლების მანძილზე პირველად ხდება, რომ საკუთარ სახლებში გამოკეტილი მილიონობით ადამიანი კვლავ პოულობს ამ დავიწყებულ საგანძურს: დროს საფიქრელად და - იმის დასანახად, რაც, ჩვეულებისამებრ, მათ ყოველმხრივ მღელვარებას იწვევს (და ეს იმ ადამიანთა დიდი რიცხვის წყალობით, რომლებსაც მაინც უწევთ მუშაობა). პატივი მივაგოთ ამ ხანგრძლივ, გაუთვალისწინებელ მარხვას.
ფრანგულიდან თარგმნა დათო გოგაძემ
ტექსტის ორიგინალი იხილეთ შემდეგ ბმულზე. იქვე მოცემულია ტექსტის გერმანული, ინგლისური და იტალიური თარგმანები
http://www.bruno-latour.fr/fr/node/847.html