ესენი, მკვდრები, გვიმზერენ გაღრმავებული თვალებით,
გულის ანთებით, და ბავშვების განცვიფრებით,
ვერანი ბიძგი გვაკრთობს,
პირადი სევდა.
სად?
სად მოვიტოვეთ ეს სივრცე?
და მათ თვალებში, მკვეთრ და გაოგნებულ, ვხედავთ
ისევ იმავე კითხვას:
სად? სად დავტოვეთ,
სად მოვიტოვეთ ეს სივრცე?
*
და რაც ამ მოუხელთებელ ნაღველს შეეხება,
ამ ზღვას უკვე დამშრალს, შავს
უნაპირო სიშავეში? რაღაც შეთხზული
ირხევა, შიგნიდან განაქიქებს თავის თავს.
ჭადრაკის ფიგურა; პერიმეტრი.
ბზარი, იქ რომ ითქვამს სულს.
ცრუ გრძნეულება:
და ასევე მისი უაზრობა, მისი უდრეკობა,
მისი მდაბალი ჩვენება. მესატყუვრეობა
და გაცურება,
ეს სიცარიელე: ვერაფერი
მისგან ვერ გამოიღვიძებს.
მხოლოდ ქედმაღლობა.
მხოლოდ მისი ირიბი შეცდომა.
აუღელვებელი.
ერთი წამი!
წამი, განცალკევებული სხეულის სიმხურვალით,
მისი მოალერსე ხელის გაწვდენით.
მხოლოდ წამი
თვალებში, ხელებში!
დაჩუმებული და მტკიცე, სიცარიელე,
—ვერრა, ვერავინ
გამოიღვიძებს მისგან.
*
და მისი წყურვილი.
—მისგან ისინი გვემეტყველებიან,
მისგან გვიხმობენ, თითქოს სიზმრებს შორის
ერთიდან მეორე სიზმრისკენ
მივყავართ.
ერთი სიზმრიდან მეორეში გვაკვლევენ, გვაგამჭვირვალებენ.
როგორც სანახის ძალიან ბაცი ნაკვთები.
როგორც სუნთქვა. ერთიდან მეორე სიზმარში ეძებენ
რამე მყარს: ეს ცეცხლი
რომელიც გარს შემოერტყმის, რომელიც ძლებს.
ეს ვნება, რომელიც ფესვს იდგამს,
აღიტაცებს, და მისი დამახინჯებული ცალი,
ეს წარმომშობი განცდა. და შენს თვალებს ის უმჟღავნებს
რასაც ჯერაც ირეკლავს.
ისინი დროის
ნათელს უერთდებიან, დროის ღია, დაუსრულებელ ოთახებს,
მის დაძლევად ლაბირინთებს, მის ხელმოსაჭიდ ქმნადობებს:
ეს სუნთქვა,
ეს სამსხმელო ძივთი, შუქს რომ ატარებს, რომ მოგვიცავს
როგორც მოზღვავებული ტალღა,
როგორც თანხმობა: ეს გულითადი მოხაზულობანი.
—ბროლის ეს სწრაფი ბზრიალი —სინათლის პირი.
ქსოვილი. სიტყვა.
—რადგან სიკვდილმა ფესვი გაიდგა,
სიცოცხლის ნოყიერ გულში,
მის წვეროებში,
და მათში სიცოცხლე იწვის,
მათში ნებდება, მათში უერთდება
ამ უღრანს.
თარგმნა სოფო ჭეიშვილმა