• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

არასაკუთარი მიზეზობრიობა: ლატურ ლიტანია

×
ავტორის გვერდი გრემ ჰარმანი 18 სექტემბერი, 2020 1564
 
 
უგონო ატომები და ბილიარდის ბურთები.
აუტისტური მთვარის სხივები კვეთენ საგიჟეთის სარკმელს.
 
ცეცხლი და ბამბა.
სეტყვა-ქარიშხალი ანადგურებს ვაზს,
ანდა ტალღებს გადარეკს გუბურაზე.
 
ადამიანის ცნობიერება
ზუსტად იმავე საფეხურზე დგას,
რომელზეც - დუელი
კანარის ჩიტებს, მიკრობებს, მიწისძვრებს, ატომებსა და კუპრს შორის.
 
განაგრძე თავდასხმა მხოლოდ ადამიანურ რეალობათა
მარად მცრობად გეტოში ჩვენი 
კომენდანტის საათის ამობრუნებით:
ენა, ტექსტები, პოლიტიკური ძალაუფლება.
 
საფოსტო ყუთები, ჩაქუჩები, სიგარეტები და აბრეშუმის სამოსები.
ლეოპარდებთან და მჟავებთან ყოველდღიური ურთიერთობაა საჭირო
სანამ მათ ცქერას დავიწყებდეთ
ან მათგან მეცნიერებას გამოვადნობდეთ.
 
მაგრამ, ამავე დროს, ტომის წევრი, ღვთიურ ლეოპარდთან რომ თანაბინადრობს,
ანდა ტუსაღი, საიდუმლო გზავნილებს რომ წერს ლიმონის წვენით,
არაუახლოეს
არიან ამ საგანთა ბნელ არსებობასთან,
ვიდრე მეცნიერი, რომელიც მათ აკვირდება.
 
ძაღლები ძვლების მთლიან რეალობასთან
როდი შედიან კავშირში,
არც კალიები - სიმინდის ღეროსთან,
არც ვირუსები უჯრედებთან,
ქვები ფანჯრებთან,
არც პლანეტები მთვარეებთან.
 
უცნაური ახალი რეალიზმი,
რომლის რაობანიც ბუნდოვნად ამოკრთიან
ოკეანის ფსკერიდან:
ხეები, საფოსტო ყუთები, თვითმფრინავები და ჩონჩხები
ჩვენს წინაშე მიმოფანტულან.
ნამდვილი ზებრები და შუქურები
პირდაპირ შეღწევას ემიჯნებიან.
 
მწვავე ქიმიური ნივთიერებები გვერდიგვერდ წვანან ბომბში -
დროის მანძილზე ამოხრული თხელი ფირით განცალკევებულნი
ან შორეული სიგნალებით ურთიერთგანხეთქილნი.
 
ჩვენ ყოველთვის რაიმეს მიმართ ცნობიერნი ვართ,
ყოველთვის ყურად ვიღებთ ერთ რომელიმე სახლს, ფიჭვის ხეს, გასაბერ ბურთს, ან ვარსკვლავს.
ფიჭვის ხე მომიჯნავე ხეებთან, მთებთან, ირმებთან, კურდღლებთან, ღრუბლებთან მიმართებით დგას.
 
როგორ ძალუძთ ვნებააღძრულ საგნებს, შეირწყან და განირწყან როგორც სპექტრული სარკინიგზო ვაგონები?
მეტაფიზიკა ხელოვნების ნიმუშის, ფსიქეს, ენის,
და სულაც რესტორნების, ძუძუმწოვრების, პლანეტების, ჩაიხანების და სასპორტო ლიგების.
ფილოსოფია უდავოდ ემიჯნება ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა სიმღერა და ყომარი.
 
მე, შესაძლოა, წრფელად მომიცვას მაგიდის ზედაპირზე განლაგებული
მარმარილოს ბურთულების ჭვრეტამ:
ამ პირქუშმა, ძენ სანახაობამ.
და თავად მარმარილოს ბურთულებიც
წრფელად მოცულან მაგიდაზე სხდომით,
იმის ნაცვლად, რომ ღუმელში დნებოდნენ
ან მაღაროს ჭაურაში თავქვე ენარცხებოდნენ.
მარმარილოს ბურთულები წრფელად შეპყრობილან ვნებააღძრული საგნებით.
 
თუ მარმარილოს ფრთხილად მოვავარაყებთ
წიგნსამაგრებით თუ მდნარი ცვილით,
თუ გავახურებთ მაგიდის ზედაპირს,
ან თუ მივიღებთ გაწებილ ან გრანულირებულ
ზედაპირს, ახლომახლოს სხვადასხვა მასალების დასხმით,
ბოლო კითხვაა, თუ აქვთ მარმარილოს ბურთულებს
უნარი, განასხვავონ
მაგიდა და
მისი სიმაგრე, სისწორე სიმყარე
და პერფორაციის ნაკლებობა.
 
ჩვენ ნაბიჯს არაფრის მიღმა არ ვადგამთ,
უფრო მეტად თხუნელებს ვგავართ
გვირაბის მთხრელნი ქარში, წყალსა და იდეებში
არანაკლებ, ვიდრე მეტყველებებში, ტექსტებში, ფორიაქებში, განცვიფრებასა და ჭუჭყში.
ჩვენ სამყაროს არ აღვემატებით, არამედ ვეშვებით მხოლოდ,
ან, უკეთ, ხვრელს ვთხრით მის ურიცხვ მიწისქვეშა ჩაღრმავებათა მიმართულებებით -
თითოეული მათგანი ერთგვარი კალეიდოსკოპია
რომელშიც ვნებააღძრული საგნები თავიანთ ფერებსა და ფრთებს შლიან.
 
ადამიანის მოკვდაობა არაფერია
გარდა ერთი ტრაგიკული ხდომილებისა ტრილიონობით სხვას შორის,
მათ შორის: შინაური ცხოველების, მწერების, ვარსკვლავების, ცივილიზაციებისა
და გლახად მართული მაღაზიებისა და უნივერსიტეტების კვდომები.
 
მისნობებისა და ბომბების არქიპელაგი
მიმალულობისგან ფეთქდება
მხოლოდ იმისთვის, რომ ახალი, ჩამორთმეული ტაძრები წარმოქმნას.
და მაინც ახალ-ახალი ნივთები მწერლების, მოაზროვნეების,
პოლიტიკოსების მოგზაურების, საყვარლებისა და გამომგონებლების
ერთადერთი და წმიდათაწმიდა ნაყოფია.
 
აქამდე, ესთეტიკა,
ჩვეულებრივ, ფილოსოფიის გაღარიბებულ
მოცეკვავე გოგონად მსახურებდა -
არცერთი ჯენტლმენი მას ცოლად არ მოიყვანდა,
თუმცა ყველა ტკბებოდა მისი საამურობებით.
 
 
 
 
 
კომენტარი
 
[ამერიკელი მოაზროვნის, გრემ ჰარმანის ეს ტექსტი პირველად 2015 წელს დაიბეჭდა ჯერომ როთენბერგის და ჯონ ბლუმბერგ-რისმანის ანთოლოგიაში - Barbaric Vast & Wild: A Gathering of Outside and Subterranean Poetry from Origins to Present.]
 
ტერმინი „ლატურ ლიტანია“ გულისხმობს იმ რიგის მხილველურ გამოცდილებას, რომელიც მომდინარეობს არა კოსმიური და ტრანსცენდენტური ერთი-ს, არამედ აბსოლუტური იმანენტურობისა და ყოველივეს დაუყვანადობის, თუ გნებავთ, მისტიკური განცდისგან. ასეთი ბუნების იყო ბრუნო ლატურის გამოცდილება 1972 წელს, 25 წლის ასაკში (ბურგუნდიაში, მანქანის მართვის დროს), რომელიც შემდგომ ასე შეაჯამა:
 
„ჩემს თავს უბრალოდ ვუმეორებდი. ‘არაფერი დაიყვანება არაფერ სხვამდე, ვერაფერს დაასკვნი სხვა ვერაფრიდან, ყველაფრის ყველაფერ სხვასთან შეკავშირება შეიძლება’. ეს ექსორციზმს ჰგავდა, რომელიც ერთი მეორის მიყოლებით ამარცხებდა დემონებს. ზეცა ზამთრისა იყო, ძალიან ლურჯი, და მე აღარ მჭირდებოდა მისი კოსმოლოგიით შევსება, სურათისთვის მორგება, სიტყვებში გადმოტანა, მეტეოროლოგიური გაზომვა, ანდა მისი ტიტანის მხრებზე შემოგდება, რათა თავზე არ დამმხობოდა. [...] ის და მე, ისინი და ჩვენ, თანადროულად განვსაზღვრავდით ჩვენსავე თავებს. და, პირველად ჩემს სიცოცხლეში, ვიხილე საგნები შეუმცირებელნი და განთავისუფლებულნი.“
 
ტერმინი „ლატურ ლიტანია“ იან ბოგოსტს ეკუთვნის, მაგრამ სწორედ გრემ ჰარმანის მოცემულ ტექსტში ჩანს ამ კონცეპციის პოეტური შესაძლებლობები; მეტიც, რომ თავად ლატურის ხილვა მძლავრი ხდომილებაა პოეტიკის სფეროში. ქაოტური სია, რომლის არცერთი ელემენტი იერარქიას არ ექვემდებარება, არც ანალოგია ან მეტაფორაა, არამედ სწორედ იმანენტურ და დაუყვანებად სივრცეს იძენს ლექსის ველზე, თანამედროვე პოეზიის ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია (ნაკლებ თანამედროვე მაგალითებად, ნახე უოლტ უიტმენის „სიმრავლეების“ პოეტიკა „ბალახის ფოთლებში“ და სხვაგან; ქრისტოფერ სმარტის Jubilate Agno და მრავალი სხვა პოეტური, „სიისმკეთებლური“ ნამუშევარი).
 
 
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული