• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ალფა და ომეგა

×
ავტორის გვერდი ლევანი ფილაური 27 იანვარი, 2021 2112

 

     მოღალატეთა რბოლას შევყურებდით, წვიმიან, დანისლულსა და ჩაშავებულ ამინდში თვალით ბევრს ვერაფერს ვარჩევდით, მხოლოდ ვისმენდით, ატალახებულ ქუჩაზე მორბენალი სხეულებიდან წამოსული ქშენისა და ოხშივარავარდნილი გინების ხმები დაბინდულ თვალებს გამოსახულებებს აწვდიდა. სწორედ სარბენ ბილიკად ქცეული, მივიწყებული და უკაცრიელი ქუჩის გზაჯვარედინზე, ერთ-ერთ კუთხესთან, რკინის გვერდებ დახვრეტილი კასრი გვედგა და მის ჟანგიან წიაღში აბრიალებულ ცეცხლს ვეფიცხებოდით.

     შეუჩერებლად წვიმდა, უფრო ჟინჟლავდა, უწვრილესი, უსუსტესი წვეთები დაუღალავად ეშვებოდნენ ჩამჟავებულ ქუჩებში, იმ იმედით რომ რამეს შეცვლიდნენ, ქუჩებს დააცარიელებდნენ, ადამიანებს სახლებისკენ გარეკავდნენ და მათ ნამოქმედარს გადარეცხავდნენ, მაგრამ საკუთარი უსუსურობითვე გამოწვეული მათი ამაო მცდელობა, უსიამოვნო და შემაწუხებელ სისველედ ქცეულიყო, თითქოს ვიღაცას სარწყავი სისტემის გათიშვა დავიწყებოდა და ჩვენ, მიწაზე მხოხავ ადამიანებს, ზეციური ბაღებიდან გადმოღვრილი, ატალახებული წვეთები სამუდამოდ უნდა გვეტვირთა.

     ტალახში ამოთხვრილი და გალუმპული ყოველი მორბენალის ჩავლისას, ქუჩის განაპირა მდგომი მაყურებელი გინებითა და ფურთხებით ეხმიანებოდა. ჩვენთანაც ჩაიარა ერთმა, გასიებულმა და დარეტიანებულმა მოღალატემ და არც ჩვენ დაგვიკლია ისედაც ტალახში ამოსვრილი უარესად ამოგვესვარა, მისთვის განკუთვნილი უშვერი სიტყვებითა და ხელების ქნევით მის გამოჩენას ვეგებებოდით. ზოგი კვერცხებს ესროდა, ზოგნიც ტალახის ბურთებსა და ქვებს, მოღალატეები კი რბოლას განაგრძობდნენ, იქცეოდნენ, დგებოდნენ და ისევ გარბოდნენ, სამუდამო ნდევნისა და დამცირების მარყუჟში გამომწყვდეულები, უკანმოუხედავად, შეუჩერებლად გარბოდნენ. მოღალატეები ყველა ქვეყნისა, დიდნი და პატარანი, ოჯახის, მეგობრებისა და სამშობლოს გამყიდველები საკუთარი ქმედებით გამოწვეულ შედეგს იმკიდნენ, სასჯელს უპატიებელი დანაშაულისა, ტანჯვას გადაუხდელი საფასურისა, ზიზღს გამოუსყიდვადი საქციელისა. მათ ხომ უღალატეს, გაყიდეს, საზარელი ბედისთვის გაიმეტეს, არამხოლოდ სხვებს, არამედ საკუთარ თავებსაც უღალატეს, საკუთარი სინდისი, ადამიანობა გაყიდეს, შიგთავსიდან ამოიღეს და ნაგავსაყრელზე მოისროლეს, იმ დიად, დაუსრულებელ ნაგავსაყრელზე სადაც ყველას აქვს რაღაც გადაგდებული, მოშორებული, ამოკვეთილი. საყოველთაო, კაცობრიობის ნაგროვებ უსასრულობაში მოღალატეობრივი წვლილი შეიტანეს, ადამიანთა სიდამპლეს გახრწნილი უჯრედი დაუმატეს, თაობების ნაგროვები გამოცდილება ყოვლისმომცველ ნეშომპალს უწილადეს.

     ძრავის გამაყრუებელი ღმუილისა და მეტალის გამყინავი კივილის ხმა ისმის და ბინდისფერ ქუჩებში გამჭოლი სინათლის ტალღები იჭრება. რკინის ურჩხული მოდის, ადამიანის ხელით შექმნილი ცივი და მტკიცე საშინელება გვიახლოვდება, მოდის და მიწას ათრთოლებს, შენობებს არყევს, კბილებს აკრაჭუნებს და დაღრენილი ხახიდან სიკვდილის დამათრობელ სურნელს აფრქვევს. ზრიალის ხმა ახლოვდება, კბილები ერთმანეთს კაკუნით ეხლება, საფრთხის შეგრძნება მთელ არსებას ავსებს, გაქცევას აზრი არ აქვს, არავინ ფიქრობს გაიქცეს, სიკვდილს არასოდეს გავქცევივართ... ვდგავართ და ვიცდით, გარდაუვალის მოლოდინში სახე გვემანჭება, შიგნეულობა გვიფორიაქდება, საკუთარ თავში მზაობის მიღწევას ვცდილობთ, რეალობასთან შესახვედრად ვქვავდებით, ვშეშდებით, სულ ცოტაც და მისი სინათლე მოგვწვდება, ურჩხული აკანკალებულ თვალებს გაშმაგებით აცეცებს, რაღაცას ეძებს, კონკრეტულ სამიზნეს არჩევს, ვიღაცას დასდევს...

     ჩვენს ფეხებთან ჩერდება, გრუხუნისა და იარაღის ტკაცუნის ხმა ისმის, ვარსკვლავებივით მოკაშკაშე ორ აბრიალებულ შუშის თვალს ჩვენსკენ მომართავენ, ჯავშნიანი, კბილებამდე შეიარაღებული მანქანა ჩვენთან ჩერდება. დამპალი ამინდისგან გაბრუებულებს გამოფხიზლება და რეაგირება გვიჭირს, მოულოდნელად მოვარდნილ რკინის ურჩხულს გაშტერებულები შევყურებთ და ვიცით, კარგს არაფერს უნდა ველოდოთ.

     დაყოვნება და სიჩუმე, შემდეგ სროლებისა და ყვირილის ხმები გვასკდება, ქუჩაში ექოებად ავარდნილ მავედრებელ ღრიალს ხროტინის ხმა და მომაკვდავის ამოკვნესება ახლავს. მანქანა დაჟინებით შემოგვცქერის, მისი სინათლე თვალს გვჭრის და ხელებ აფარებული, მოჭუტული მზერით ვცდილობთ საზიზღარ ბინდში რამე გავარჩიოთ. ჩავიმუხლეთ, კასრს ამოვეფარეთ, თვალისმომჭრელ ნათებას დავემალეთ და მიმოვიხედეთ, ჩვენს გარშემო ცხედრები ეყარა, ცეცხლის ალზე აცეკვებული მათი დაღრეჯილი სახეებიდან წარმოუდგენელი ტკივილი და ელდანაცემი იმედგაცრუება გამოსჭვიოდა. ტალახში არეული სისხლისა და სიკვდილის გუბეში ჩამუხლული ვიდექით და საკუთარ აღსასრულს ამღვრეული გონებით ვეგებებოდით.

     ნეტავ ალფა სადღაა, ჩემთან არ არის, თითქოს მის არსებობას ვგრძნობ და თან ის ისე შორსაა, ჩემი ფიქრებისთვის მიუწვდომელი, გაუცხოებული და გაცხოველებული. ალფა... სახე გვემანჭება, ტუჩები გვიცახცახებს და უკან-უკან იწევა, კბილებს ანთავისუფლებს და დაღრენილი, კბილებდაფჩენილი, კუთხეში მიმწყვდეული ვიყეფები.

     ალფა სადღაა... ვიღრინები და პირიდან დორბლი მდის, ხროვაში დარჩენილი ერთადერთი წევრი ვარ, ბებერი ომეგა, უკანასკნელი, დასაწყისის დასასრული... უიმედოდ და თავგანწირვით კიდევ ერთხელ ვყეფ, ბრაზნარევი, ადამიანური ხორხიდან ამოვარდნილი, არაბუნებრივი ხმები იოგებს მითრთოლებს. თვალს ვხუჭავ და ჩაწყვდიადებული შორეთიდან საპასუხო ხმა მესმის, ღრენის, ყმუილის, გამძვინვარებული ყეფის. ალფა... კეფაში ტკივილს ვგრძნობ და სმენასა და მხედველობას ვკარგავ, გონება დუნდება, მოძრაობა ნელდება, სისხლიან ტალახში ვგდივარ და გონდაკარგულ სხეულს ქვეყნის დასალიერიდან მისი თვალებით დავყურებ. ალფა...

     ალფა აქ არის, ის ცოცხალია, ქვეცნობიერით მის არსებობას ვგრძნობ, მის სიახლოვეს, რომელიც უფრო და უფრო მატულობს, ის სადღაც ახლოა, ჩემგან ძალიან ახლოს. სიცარიელეში მისი ღრენის ხმა მესმის, გონების მიღმა ვიხედები, სხეულის გარეთ, არსებობის მიჯნაზე ალფა დგას და მოწყენილი, ეშმაკური მზერით ჩემში იყურება. მანაც დამინახა, მანაც იცის რომ მე ცოცხალი ვარ, რომ მე ახლოს ვარ, ერთმანეთი აღმოვაჩინეთ, დავიმახსოვრეთ, გონს რომ აღვიდგენთ გვეცოდინება, გვეცოდინება რომ ახლოს ვართ, რომ აქ ვართ, სადღაც ამოუცნობში მაგრამ ერთად ვართ.

     ტყვეობაში ვიღვიძებ, ხელები შებორკილი მაქვს, პირში ჩვარი მაქვს ჩატენილი და გალიაში ვარ მიბმული, ვიღაცამ გისოსზე ჯაჭვით მიმაბა. მხოლოდ თავის მოძრაობა შემიძლია, შეხების უფლება წართმეულს მხოლოდ მხედველობით, სმენითა და ყნოსვით შემიძლია მდგომარეობა შევიცნო, სიტუაცია შევაფასო. საკმაოდ მტკიცედ ვარ მიბმული, თავის დახსნაზე ენერგიის დახარჯვა არ ღირს, მაინც უშედეგოდ უნდა გავისარჯო, ჯობია მოვიცადო და დაკვირვებით შემოვიფარგლო.

     ნაცნობი სურნელი მოდუნებულ გონებას მიფხიზლებს, ჯაჭვის ჩხარუნისა და ქშენის ხმა ჩემამდე აღწევს, ისიც დაუტყვევებიათ, ისიც შებორკილია, ისიც აქ არის, მის ღრენას ვიბრაციად ვგრძნობ, მოგუდულივე ღრენით ვეხმაურები. ალფა ჩუმდება და ყმუილის მაგვარ ხმას მაწვდის, ეს ნიშანია, მისალმებაა, ყმუილითვე ვეპასუხები და ორივე ვდუმდებით, თვალებს ვხუჭავთ და მოგონებებისა და ფიქრების სამყაროში ერთმანეთის პოვნას ვცდილობთ.

     რკინის ჭრიალის ხმა ისმის და ჩაბნელებულ სივრცეში დღის სინათლე იჭრება, თვალებს წვავს და კანს ათბობს, გაშიშვლებს, თავს დაუცველად გაგრძნობინებს და მთელი სამყაროს წინაშე გამხელს, ხილულს გხდის. უსიამოვნო შეგრძნებაა. ალფა დუმს, მეც დავდუმდი, ფიქრებში შეღწევა არ გვაცადეს, ვერ დავკავშირდით, ერთმანეთს მოვწყდით, ისევ ცალ-ცალკე ვაზროვნებთ. ეს რაღაა, ეს რა სურნელია, ეს ნაცნობი სურნელი... დამათრობელი აურა სხეულზე მასკდება და წებოსავით მეტმასნება, ყველა უჯრედსა და ნახვრეტში აღწევს და მთლიან არსებას მიფორიაქებს. ალფაც იგივეს გრძნობს, ვგრძნობ რომ მანაც იგივე განიცადა, ის აქ არის, ის ქალი, ოჰ ის წყეული და სანატრელი, ავხორცი და სულის წამალი, ჩვენი ოქროს შუალედი, ჩვენი დაკარგული ნაწილი. ის ქალი აქ არის... ვგრძნობთ, მთელი არსებით ვგრძნობთ მის სიახლოვეს, მიპატიჟებას, ენერგიას, სისავსეს. ის აქ არის...

     გვანთავისუფლებენ, ბორკილებ ახსნილი ვიღვიძებ, გალიაში აღარ ვარ, უზარმაზარ, დაცარიელებულ დარბაზში ვდგავარ გამოკეტილი და ალფას თვალებში ჩავყურებ. არ ვლაპარაკობთ, ერთმანეთს არ ვეხებით, მხოლოდ ვიღრინებით და ხანდახან ვყმუით, ხროვის უკანასკნელი წევრები ალფა და ომეგა ერთმანეთს ვესალმებით, ჩვენ ვართ თავი და ბოლო, დასაწყისი და დასასრული. ჩვენს შორის ჩამოწოლილ ჰაერს ვყნოსავთ, ინფორმაციას ვცვლით, წარსულს ვიხსენებთ, აწმყოს ვაფასებთ და შესაძლო მომავალს გაკვრით ვეხებით. ერთმანეთში ცვლილებებს ვამჩნევთ, ვიმახსოვრებთ, ვახარისხებთ, გონების სიღრმეებში შესაფერის ადგილს ვუჩენთ. აქ რა გვინდა, რა ხდება, სად, რატომ, როგორ ვიყავით, ყველა კითხვაზე პასუხი ერთი თავიდან მეორეში გადადის და ჩვენ ვშეშდებით, გვერდით ვიყურებით და იმ ქალს ვხედავთ. ის აქ არის და ის ჩვენ გვიყურებს, ჩვენსკენ მოემართება, გვიახლოვდება...

     ქალს ბრინჯაოსფერი სხეული უბრწყინავს და ჩამრგვალებული, გამობერილი ქალური სხეულის ნაწილებით მისი არსებისკენ დაუოკებელ ლტოლვას აღგვიძრავს. ვიცი ალფა რასაც გრძნობს და იმანაც იცის მე რას განვიცდი. ულამაზესი, მზის სხივზე აკიაფებული, გარუჯული სახე შემოგვყურებს და შავი, დიდრონი თვალები მის დაუფლებას გვთხოვენ. ტანში ჟრუანტელი გვივლის, ქალის გამობერილი ძუძუები აღგძნებად ოხშივარს გვაფრქვევენ და მისი მოხდენილი, დამწიფებული ატმის ფორმის თეძოები შეხებასა და სირბილით ტკბობას გვთავაზობენ. ეს ქალი... ოხ ეს ეშმა და სანატრელი. მონატრება და მოგონებები გვაწყდება, სამივე ერთად ვართ, ერთ სივრცეში, ხელის გაწვდენაზე, მაგრამ ერთმანეთისთვის მხოლოდ შეხედვა და მიახლოება შეგვიძლია, რაღაც გვაკავებს, უხილავი ბარიერი აღუმართავთ ჩვენს წინაშე და სანუკვარი შეხების განცდა ჩვენ წყეულებს არ შეგვიძლია. რისთვის დაგვატყვევეს, ვინ დაგვატყვევა, ჩვენგან რა უნდათ, არაფერი ვიცით, მიზეზი არავის უთქვამს, თვალით არავინ გვინახავს, მხოლოდ მანქანები და მათი მოკაშკაშე თვალები, მხოლოდ ლითონის ურჩხულები და მათი შემაკავებელი სისასტიკე.

     გვწვრთნიან, გვავარჯიშებენ, ხახა დაუფჩენიათ და თვალები უბრიალებთ, დგანან და გამომცდელად გვაკვირდებიან, ტალღების დონეზე გამოგზავნილ ბრძანებებს ვიღებთ, ბრძანებას მოვემზადოთ, გავიხსენოთ, აღვიდგინოთ და შევისისხლხორცოთ. მათ ჩვენზე იციან, მანქანები გვიცნობენ, მათ იმ ქალზეც იციან, ისიც ხომ მაგიტომ მოიყვანეს რომ ჩვენი დამორჩილება შეძლონ, იციან სადაც ის ქალია ჩვენ უძლურნი ვართ, ყველაფერს გავაკეთებთ, მისი სიახლოვე დამორჩილებადს გვხდის, მისი არსება პროგნოზირებადს. ჩვენი წარსულიც შეუსწავლიათ, თითქოს მთელი ჩვენი ცხოვრება იციანო, სრული სიზუსტით გადმოგვცემენ ამა თუ იმ მომენტს, ბრძანებენ გავლილი საბრძოლო მომზადება გავიხსენოთ, ჩვენ რაზმზეც იციან, მათ დანიშნულებაზეც, უკანასკნელი წევრები ალფა და ომეგა, საომრადა და მოსაკლავად გამოწვრთნილი თავი და ბოლო ვართ, ნგრევისა და განადგურების ხელოვნება სრულყოფილების დონეზე გვაქვს შესწავლილი, მისით დავიბადეთ და მისით გავიზარდეთ, გულითა და სულით ვატარეთ, ვკლავდით და ცეცხლს ვუკიდებდით, განურჩევლად სამიზნისა, განურჩევლად არსებისა, რაოდენობისა. ხროვის ცნობიერება ჩვენს არსებაში შერჩენილა და მთელი მათი გამოცდილება ჩვენს სხეულებში აღბეჭდილა, ჩვენ ალფა და ომეგა ვართ და მანქანები გვიბრძანებენ მთელი ჩვენი ცოდნა სააშკარაოზე გამოვიტანოთ, გავუზიაროთ, ხილულად ვაქციოთ, ფუნქცია წავირთვათ და სხვებისთვის საზიარო გავხადოთ.

     მისიაზე გვგზავნიან, საკუთარი თვალით სურთ ბრძოლის ველზე გვიხილონ, ჩვენი შესაძლებლობები, სისასტიკე და დაუნდობლობა შეაფასონ, მოქმედების დროს დაგვაკვირდნენ, ჩვენი არსება შეისწავლონ, დაიმორჩილონ. ის ქალიც თან გვახლავს, მის არსებობას ტვინის კედლებით ვგრძნობთ, მისი სიახლოვე გვძაბავს და მორჩილებისკენ გვიბიძგებს, მისგან თავის დაღწევაც გვინდა და მისი დაუფლებაც, ყელის გამოღადვრაც და სხეულით ტკბობაც, ის ჩვენი მფარველია და ჩვენივე დამაქცეველი, შხამად ქცეული ანტიდოტია.

     მანქანები ბრძანებას გასცემენ და მე და ალფა პატარა სოფელში შევდივართ, ღამეა, უკუნი სიბნელე, ქუჩები დაცარიელებული და უკაცრიელია, დღის ყველა ბინადარს სიმშვიდის საბურველში სძინავს და მათ არ უწყიან რომ ჩვენ მათი სიმშვიდე გვწადია, აქ მის გასანადგურებლად, მოსასპობად ვართ მოსულნი. ტალღები მეორდება და ჩვენ მოქმედებაზე გადავდივართ, უყოყმანოდ, წინააღმდეგობის გარეშე ჩვენ სოფლის გაწმენდას ვიწყებთ. სახლებში შევდივართ და განურჩევლად ვხოცავთ, ვფატრავთ და ვანაწევრებთ, გამოღვიძებასაც ვერ ასწრებენ ისე იხრჩობიან. სისხლისა და ხორცის სუნი პირიდან დუჟს გვადენს, ენას ვასავსავებთ და ტუჩებს ვილოკავთ, კბილებს ვაჩენთ და უხმოდ ვიღრინებით. სახლიდან სახლში გადავდივართ, სისხლიდან სისხლში, ხორციდან ხორცში და ისევ სისხლში, ადამიანები იხოცებიან, ქრებიან, ჩვენ მათ სინათლეებს ვაქრობთ, ვშთანთქავთ, სხეულებს სულებისგან ვანთავისუფლებთ და წარმოუდგენელი სისწრაფით დასაწყისს ვუბრუნდებით. ბოლოში გავდივართ და ისევ თავში ვბრუნდებით. მისია შესრულებულია, სოფლის ყველა მაცხოვრებელი, ყველა აჯანყებული და მათი დამხმარე მკვდარია, ისინი სისხლის მდინარეში წვანან და სამუდამო ძილით სძინავთ, ბლანტ ტალღებს მიჰყვებიან და უდრტვინველად განისვენებენ, სახეები მიმიკებისგან დასცლიათ და ემოციებს გაყოლილი ცნობიერება სისხლისვე მდინარეში შედედებული ფსკერისკენ ეშვება.

     ეს ისევ ჩავიდინეთ, ბრძოლა კი არა სასაკლაოა, ისევ სისხლი და ისევ სიკვდილი, წართმეული სიცოცხლე და გადაუხდელი დანაშაული, მაგრამ არც სინდისი გვქენჯნის და არც დანაშაულს ვგრძნობთ, ჩვენ ის გავაკეთეთ რასაც ყოველთვის ვაკეთებდით, რასაც ვაკეთებთ და გავაკეთებთ. ის ქალი ისევ აქ არის... მანქანები სოფელს შემოესივნენ, ჩვენს ნამოქმედარს ამოწმებენ, იწერენ, იმახსოვრებენ, აფასებენ. ჩვენ ხისგან შეკრულ, წრიული ფორმის დოკზე ვდგავართ და ერთმანეთს თვალებში ჩავყურებთ, ის ქალი ისევ აქ არის, ჩვენს სიახლოვეს დგას და დაკვირვებით გვიყურებს. ის ჩვენ გვიბიძგებს, გვაგულიანებს, გვცდის, ჩვენს პროვოცირებას ახდენს. კბილები კრაჭუნობს და მე და ალფა ერთმანეთს ვურტყამთ, ორივე გამეტებით ვიქნევთ მარჯვენას, ვკბენთ და ვკაწრავთ, ვგლეჯთ და ვფატრავთ, ვიქცევით, ვდგებით და გაშმაგებულები ერთმანეთს ვასკდებით. გონება წაგვერთვა, ცნობიერი გამოგვეცალა, მხოლოდ იმ ქალზე ვფიქრობთ, არსებობას გადავაბიჯეთ, მხეცად ქცეული თავი და ბოლო ერთმანეთს დასაღუპავად ვიმეტებთ.

     გრუხუნის ხმა ისმის და წამით მზერა ცისკენ გაგვირბის, დაღრენილ და გასისხლიანებულ ცალ თვალს კვამლისკენ ვაპარებთ, ციდან ალმოდებული ვერტმფრენი ეშვება და მთელი დიდებულებით ჩვენს თავზე ემხობა. მეტალის კონსტრუქცია ტკაცუნითა და რყევით დოკზე ეცემა, ალფას ვკარგავ, წამით შევავლე თვალი მის დაფჩენილ ხახასა და დახუჭულ თვალებს, სურ რაღაც გაკვრით შევამჩნიე მისი მოწყვეტილი სხეული და დანაოჭებული შუბლი. აფეთქებამ მიწას მომწყვიტა და ზეცად ამიყვანა, ჰაერში გამანავარდა და წყლისკენ გამაქანა. გონებას ვკარგავ, დავიღალე, დავიქანცე, ცნობიერებაში გადასვლას ვცდილობ მაგრამ ძალა არ მყოფნის, სხეულიდან გაღწევას, თავის დაღწევას ვცდილობ მაგრამ უკვე გვიანია... წყლის ტყლაშუნის ხმა მესმის და მხედველობას სისველე მართმევს, თავი მივარდება, ენა მეკვნიტება, გული მიჩერდება. ცნობიერი ქრება.

     ფსკერზე გაკრულს მეღვიძება, მოდუნებული კუნთები ნელ-ნელა ცოცხლდება, გული გამალებით იწყებს მუშაობას, პირი და ყურები წყლით მაქვს გამოვსებული, ფილტვები უკანასკნელი ჟანგბადის ბუშტებს საცოდავად ანაწილებენ ჩაძირულ ორგანიზმში და თვითგადარჩენის ინსტინქტიც თავისას შვრება. შეშლილი ცურვით ზედაპირისკენ მივიწევ, დაჭრილი და გამოფიტული სხეული მთელი რესურსით იბრძვის, არ ნებდება, სიკვდილს არ უშინდება მაგრამ არც მის მარწუხებში მოქცევა სწადია. ალფაზე ვფიქრობ, მე მას ვეღარ ვგრძნობ, მასთან წვდომა დახშულია, ან მოკვდა ან გონება დაკარგა, ცნობიერი გამოეცალა. მაინც უარესზე ვფიქრობ და მლაშე წყლით გამოტენილი თვალებიდან მრისხანებას ვაფრქვევ, საკუთარ თავზე ვბრაზობ და ალფაზეც, რა გვაჩხუბებდა, იმ ქალს ერთი ვერასოდეს დაისაკუთრებს მეორის გარეშე, ის ჩვენ ორივეს გვიფარავს და გვაგიჟებს, ის ჩვენი საერთო წერტილია, რამეთუ შენ ალფა ხარ და მე კი ომეგა, ჩვენ ერთნი ვართ, ერთი არსის თავი და ბოლო.

     ჩამომსხვრეული ხის კონსტრუქციის ქვეშ შევცურდი და დაძირული ვერტმფრენის მარწუხებში მოხვედრილი, გალიის მსგავს, ნახევარი მეტრის სიგრძე-სიგანის გაურკვეველ შუალედში ამოვყავი თავი. ხის გისოსების მსგავსი მასალით შეკრულ ამ საპატიმროში შევძვერი და დავიმალე, მკერდს ქვემოთ წყალში ვიჯექი, ჰაერი მქონდა და საკმაოდ კარგადაც ვიმალებოდი, ყოველთვის შემიძლია თავი მოვიმკვდარუნო, აქ არავინ დამიწყებს ძებნას, მეტისმეტად უადგილო ადგილია. სხეული მითრთოდა და ჩამოყრილი კუნთები მტკიოდა, გული გაურკვევლად მიცემდა, ხან სწრაფად, ხანაც ძალიან სუსტად, შუბლსა და კეფის არეში მჩხვლეტავ ტკივილებს ვგრძნობდი და სიბრაზე მორეული გონებით ალფას დანახვას ვცდილობდი. ზედაპირიდან წამოსული ხმაური ექოებად ასკდებოდა სისუსტისაგან დაბინდულ სმენის აპარატს, ტკივილი მემატებოდა და მრისხანებით შეპყრობილი ჩემი არსება წყლის ზედაპირზე მოშიშხინე ორთქლის ნაკადს აჩენდა. მერე ნგრევისა და სისხლისღვრის ხმები მიწყდა, წყალში ჩაშვებული ნავები ცოტახანს კიდევ ხმაურობდნენ და შემდეგ ისინიც დადუმდნენ, ალბათ მე მეძებენ, თავს არ მანებებენ, საფლავიდან ამომთხრიან, არ მომასვენებენ. სავარაუდოდ მეამბოხეები დაგვესხნენ თავს და სწორედ ამ შეტაკების წყალობით ნანატრი თავისუფლება მოვიპოვე, თავისუფლება არა მხოლოდ მანქანებისგან, არამედ ალფასა და იმ ქალის არსებისგან, ისინი ჩემთვის დაფარულები არიან, მომაკვდავის სისუსტის წყალობით მათთან წვდომა დახშულია და შესაბამისად ვერც ისინი მხედავენ, მე მარტო ვარ, ალფას გარეშე დარჩენილი ომეგა, საწყისიც გაქრა და შუალედიც თან გაიყოლა, დავრჩი მხოლოდ მე, დარჩა მხოლოდ დასასრული, დაბოლოება. ვიღრინები და თვალები მეხუჭება, შემორჩენილ ცნობიერსაც ვკარგავ და წყლის ტყლაშუნს მინდობილი ჩემი გონება სიცარიელისა და სიმშვიდის ზღვარზე დაუბრკოლებლად გადადის.

     სანაპიროზე გამოვცოცდი და ქვიშაზე გულაღმა გავიჭიმე, წყლისგან გამომპალი სხეული და გაციებული გონება მზის გულს მივაშვირე და თვალებ დახუჭულმა, მის მწველ სხივთა იმედად დარჩენილი, გაშიშვლებული სხეულით ცახცახის შეკავება ვცადე. მაცახცახებდა არა მხოლოდ სიცივით, არამედ უუნარობითა და ბრაზით, უმიზნობითა და დაღლილობით, ახლა რაღა ვქნა, როგორ მოვიქცე, ციებცხელებას თუ გადავურჩი ისინი უნდა მოვძებნო? თუ სულაც გავიქცე, გავიქცე როგორც უწინ - ყალბი თავისუფლებისკენ, მივატოვო და შორიდან ვზვერო, ქალის არსება გონებიდან ამოვიგდო და უსასრულობიდან ტრფობით დავკმაყოფილდე. და ალფა? მე ხომ მას ვერასოდეს დავეხსნები... ფიქრები გამიწყდა, სითბომ მომადუნა, შვება მომგვარა, მხოლოდ ჭრილობებიდან წამოსულ ღუტუნსღა ვგრძნობდი, თვალი გავახილე, მოკაშკაშე მზეს სახეში შევაჩერდი და მისი სინათლით დაბრმავებულმა გვერდი ვიცვალე, ახლა ზურგი მივუშვირე, დაკაწრული და დაჟეჟილი საყრდენი სულმთლად დასუსტებულიყო, თითქოს ამ დაწყევლილი სხეულის თრევას აღარ აპირებსო, საცოდავად მოგრეხილიყო და გამოშიგნულიყო. ჭრილობები მტკიოდა მაგრამ უარესებიც მქონია, ტკივილს შეჩვეული მის არსებობას უმცირეს ტალღებადღა ვგრძნობდი, ხორციელი ტკივილი არაფერია სულიერთან შედარებით, მე და ალფა ერთმანეთს შევეხეთ, დაუწერელი, არარსებული შეთანხმება დავარღვიეთ და ხროვის ცნობიერებას ვუღალატეთ. ღალატი, ეს ხომ უტარებელი ტვირთია, უმძიმესი და უსაშინლესი, ალბათ ალფაც იგივეს გრძნობს, თუ რათქმაუნდა არ მომკვდარა, ბებერი საწყისი ასე ადვილად არ დანებდება, მჯერა ის ცოცხალია და იგივეს ფიქრობს, სულის სიღრმეში ორივემ ვიცით რაც ჩავიდინეთ და საპატიებელიც არაფერია. ამოვიოხრე, სახე ქვიშაში ჩავრგე და მისი სითბოთი ნასიამოვნები უზმანებო ძილში გადავეშვი, იქ სადაც ხროვა იცდის, იქ სადაც დაცემულნი ყმუიან, იქ სადაც ოჯახია, სადაც მელიან...

     გამოღვიძებულს ტალღების შრიალისა და გაურკვეველი ბურდღუნის ხმა მესმა, გაუნძრევლად გამოვფხიზლდი, ოდნავაც არ შევტოკებულვარ, სხეული ვაიძულე გაქვავებულიყო, არ უნდა შემტყობოდა რომ გავიღვიძე. ცალი თვალი შეუმჩნევლად გავახილე და ყნოსვის აპარატიც დავძაბე, ჩამავალი მზის სხივებით განათებულ სანაპიროზე ორი მოხუცი იდგა და თავზე დამყურებდა, ჩურჩულებდნენ და სხეულს მითვალიერებდნენ, ყველაფერზე ეტყობოდათ, ცოლქმარი უნდა ყოფილიყვნენ. მათ გარდა სხვა არავინ ჩანდა, არც რაიმე უცხო სურნელს ვგრძნობდი და გადავწყვიტე წამოვმდგარიყავი, ნელ-ნელა სხეული შევარხიე, ხელები ავამოძრავე და თვალებიც გავახილე, მუხლებზე წამოვჯექი, დაბეჟილი სხეული გავასწორე და მოხუცებს შევაჩერდი. იდგნენ და მიყურებდნენ, ხმას არ იღებდნენ, ჩემი არ ეშინოდათ, არ გამირბოდნენ, თვალს მისწორებდნენ.

     მოხუცებმა წამომაყენეს, საკუთარ საცხოვრებელში წამიყვანეს, ჩვენ მიერ გაჟლეტილი სოფლის მახლობლად პატარა დასახლებაში დაედოთ ბინა. ხის ერთ სართულიანი სახლების მწკრივში, დანარჩენებისგან არაფრით განსხვავებულ ბინაში შემიძღვნენ. შიგნით სიძველისა და ნესტის სუნი იდგა, მოხუცებისა და მათი ნივთების გახრწნადი აურა ტრიალებდა, ოთახებს ბინდი გადაჰკვროდა, იატაკს უშორებელი მტვერი, ფანჯრებს ამინდის ცვალებადობის წვეთები, ხოლო მოხუცებს სიცოცხლის დასრულების სურვილი და სიმშვიდეში გადანაცვლების კვალი.

     ამბოხებულად მიმიღეს, რას იფიქრებდნენ რომ სწორედ ჩემი წყალობით გაწყდა ამბოხებულთა სოფელი და ახლა კი თავის ერთ-ერთ მათგანად გასაღება მიწევდა. საწოლიც მომცეს და საკვებითაც მამარაგებდნენ, მიწამლეს, ჭრილობები დამიმუშავეს, გამისუფთავეს, ნაკერები დამადეს და შემიხვიეს. არაფერს ამბობდნენ, არაფერს მეკითხებოდნენ, თითქოს მოვალენი არიანო ცივ ნიავს არ მაკარებდნენ, ციებცხელებას მიამებდნენ, თბილად მფუთავდნენ და ღვარცოფად მოვარდნილ ოფლის წვეთებს სხეულიდან მაშორებდნენ. ერთი სიტყვით როგორც საკუთარს ისე მივლიდნენ. ტკივილებსა და წუხილში ჩაძირული ჩემი გონება კი სნეულისთვის დამახასიათებელი სიმახინჯეებით გამოტენილიყო, წარსულის მოგონებები აწმყოს ერწყმოდა და ისედაც დასახიჩრებულ სულსა და გულს კიდევ უფრო მიფატრავდა და მიქუცმაცებდა. ალფა და ის ქალი, მე მათ ვეღარ ვგრძნობ, მხოლოდ ხსოვნის დონეზე, იმედი ნელ-ნელა მეკარგება, მომავალი ჩემთვის დახშულია, მხოლოდ წარსულში შემიძლია ვიბორიალო. მოგონებებში ჩათრეული ჩემი არსება რეალობისა და დროის აღქმას ნელ-ნელა კარგავდა. საწოლზე მიჯაჭვული ვცახცახებდი და კბილებდაკრეჭილი ვიღრინებოდი, საკუთარ თავს ვემუქრებოდი, საკუთარ არსებას საბრძოლველად ვიწვევდი, გადარჩენისთვისაც ვიბრძოდი და დამარცხებასაც ვეგუებოდი. ავირიე, ავირიე და აირია ჩემი შიგთავსიც, თავიც და ბოლოც, დასაწყისიც და დასასრულიც.

     გამომაკეთეს, ფეხზე დამაყენეს, მიმკურნალეს და ჭრილობები მომიშუშეს. გამოჯანმრთელებულს მისიაზე მგზავნიან, აქაც იგივე ხდება, ახალი ხალხი, ახალი ბატონები და ახალი დავალება, ყველა ვისაც არ ეზარება ჩემს გამოყენებას ცდილობს, სულში შემოძრომას, იქ არსებული საშუალებების ამოქექვასა და სათავისოდ გამოყენებას. არავის არასოდეს უკითხავს თანახმა ვარ თუ არა ჩემი არსება გამოიყენონ, მაგრამ ვერც გავამტყუნებ, მე ხომ არასდროს გამიპროტესტებია, არ შევწინააღმდეგებივარ, ჩემი დუმილი და თავის დახრა კი მათთვის მორჩილებასთან ასოცირდება, თანხმობასთან, მზაობასთან გამომიყენონ. მე ხომ ვიცი რაც ხდება, თავს კი ვიტყუებ მაგრამ ხომ ვხედავ, მეამბოხეები არ მენდობიან, მართლებიც არიან, ასეთ დროს არავის არ უნდა ენდო, მითუმეტეს არსაიდან გამოცხადებულ დაჭრილ არსებას. დავალება მხოლოდ და მხოლოდ შემოწმებაა, გამოცდა, თუ წარმატებით შევასრულებ მათ რიგებს შევუერთდები, ნდობას მოვიპოვებ და მეტი შანსი მექნება ერთ-ერთი მათგანი გავხდე, მიუხედავად იმისა მინდა ეს თუ არა, ხოლო თუ ჩავფლავდები დავალებაზევე მომიღებენ ბოლოს და თუ საერთოდ უარს ვიტყვი თავად მეამბოხენი გამომიტანენ განაჩენს. ერთი სიტყვით სხვა გზა არ დამრჩა, დავალება უნდა შევასრულო, ყველა მხრიდან სიკვდილია ჩასაფრებული და უბრალოდ დანებებას ჯობს ისევ ბრძოლაში დავეცე, მიუხედავად იმისა რომ ამ ბრძოლას მე არ ვეკუთვნი, მე არსად ვეკუთვნი, მე იქ ვიბრძვი სადაც ჩემი ხროვა დგას, დღეს კი ისინი აღარ არიან, ალფაც დავკარგე, რაღა დამრჩენია, დაე მეამბოხეებმა გამომიყენონ, დაე სისხლით შემეღებოს დანებივით ბასრი კლანჭები, არის რაც არის… ისევ დასჭექენ საბრძოლველად მიმავალი ხროვის წევრები, ისევ აყმუვლდება ალფა და ისევ გავეპასუხები ომეგა, ის დაიწყებს და მე დავამთავრებ, ის გაჭრის და მე გამოვშიგნავ, ის დაფლეთს მე კი დავანაწევრებ. ალფა... ალფა, ვიცი რომ ცოცხალი ხარ, ვიცი რომ მელოდები, იღრინები და იჯაგრები. ჩვენ ისევ შევხვდებით, აქ თუ არა ხროვასთან, არსებობის მიჯნაზე, მე იქ დაგიცდი და შენ ყეფით მოხვალ, კბილებს დამიკრეჭ და თვალს გამისწორებ.

     მარტო როდი ვარ, დავალებაზე სხვასაც გზავნიან, სულმთლად ბავშვს, მცირეწლოვან ბიჭუნას, ჯერ ულვაშებიც არ ამოსვლია, ღაჟღაჟა ლოყებიდან სიწითლე ჯერაც არ წართმევია, მოზარდი რომელსაც ცხოვრება ჯერაც არ გაუვლია, არაფერი უნახავს, არ უსწავლია, არ უწვალია, არ დამარცხებულა, გამარჯვება არ უგემია და აი ისიც ომში ჩაითრიეს, მასაც გაასვრევინებენ ხელებს, მასაც შეიწირავს ადამიანების გაუთავებელი დაპირისპირება, ისიც გაქრება და დავიწყებას მიეცემა დროის დაუნდობელ მარყუჟში, ისევე როგორც ყველა, ყველა ვისაც კი ოდესმე მიწაზე ფეხი დაუდგამს. არარსებობისთვის განწირული ახალგაზრდა სიცოცხლე... მის თვალებშიც იგივე გამოცდას ვხედავ რაც მე მომივლინეს, იგივე უნდობლობას, იგივე გაურკვევლობასა და სურვილს, სურვილს სადმე ეკუთვნოდეს, საკუთარი ხროვა იპოვოს, იქ სადაც მიიღებენ, შეიფარებენ, მასზე იზრუნებენ და მისთვის იბრძოლებენ. ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გადავრჩებით, გამოცდას გავივლით და ცოცხლები დავბრუნდებით, მხოლოდ შემდეგ ასრულდება მისი სურვილები და მისწრაფებები. ახლა კი ჩვენ ჩასაყვინთად ვემზადებით, სხეულზე აღკაზმულობას ვირგებთ, ჟანგბადის ბალონებს ვამოწმებთ, მხედველობასა და სმენას ვძაბავთ, წყალქვეშ მივემართებით, მეთაურებისგან ბრძანებებსა და მითითებებს ვიღებთ, ღამის საფარის ქვეშ ტბას ვუახლოვდებით. კამკამა წყლის გაღმა უშველებელი ქალაქია, ჩაშავებული და ნისლისფრად გაფერადებული, მთელი თავისი დიდებული განათებებითაც კი ვერ ახერხებს მის წიაღში გამეფებული სიბნელის გაფანტვას.

     ტბა გადავკვეთეთ, ზედაპირთან ახლოს მივცურავდით, მალიმალ თავს ამოვყოფდით და მიმართულებას ვაზუსტებდით, ჩემდა გასაკვირად ბიჭუნა მეტად მოხერხებული მოცურავე გამოდგა, მშვიდად და უხმაუროდ მომყვებოდა, თითქოს წყალი მისი სტიქია ყოფილიყოს ისე მსუბუქად და ლაღად მოაპობდა ტბის დამდგარ, მდორე ტალღებს. წყალზე აცეკვებული ქალაქის განათებები გამოჩნდა და ჩვენ მის განაპირა მდგარ შენობებს მივუახლოვდით, ტბის პირას, მის ზედაპირზე დაშენებულ საწყობებსა და საწარმო ობიექტებს მივადექით. ჩვენი მისიაც სწორედ ამ საწყობს ეხება, საკვებით გამოტენილ, სანოვაგით ამოვსებულ პირქუშ შენობას, მეამბოხეებმა საკვების აღმოჩენა და მისაკუთრება დაგვავალეს. ერთი შეხედვით დიდი არაფერი დავალებაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას რომ სამხედროებმა ქალაქი ჩაკეტეს და ყველანაირი რესურსის საზღვრებს გარეთ გატანა აკრძალეს, საკვების მოპოვება და გადატანა კონტრაბანდადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, რადგან არმიას მეამბოხეთა შიმშილით გაჟლეტა გადაუწყვიტავს, ტყვიასაც არ დახარჯავენ, ხელსაც არ გაისვრიან, დაელოდებიან როდის დაიხოცებიან, სოფლებსა და ქალაქებს კეტავენ, პატრულირებენ, ყველა გასავალს აკონტროლებენ, ყველა ნამცეცსა და წყლის წვეთს აღრიცხავენ, კანონ დამრღვევებს სიკვდილით სჯიან, ყველას ვინც კი მეამბოხესთან დაიჭერს საქმეს სახალხოდ აწამებენ და თოკზე ჰკიდებენ. ერთი სიტყვით მისია რომელიც ჩვენ დაგვაკისრეს მეამბოხეთათვის სასიცოცხლოდ აუცილებელიც არის და ამავდროულად ჩვენი ნდობის შესამოწმებლად საუკეთესო საშუალებაც, რადგან საკვების მოსაპარად წასვლა ეს იგივეა სასიკვდილო განაჩენს ნებით მოაწერო ხელი.

     ტბა გადავკვეთეთ, პირქუშსა და ბნელ შენობას მივადექით, უფანჯრებო, უსწორმასწორო კედლებითა და ჩამოშლა შეპარული აგურის ნაგებობას. წყალში დაძირული ფარეხის კართან ჩავყვინთეთ და ბოქლომ დადებული კარი ავამტვრიეთ, ანჯამებიდან გავანთავისუფლეთ და შიგნით შევცურდით. ტბის წიაღიდან უცნაურ სარდაფში ამოვყავით თავი, წყლით დაფარული სარდაფის კედლებს ნესტისა და ობის სუნი უდიოდა, ბნელოდა და წვეთების ტკაცუნის ხმა ისმოდა, მდუმარებაში ჩაძირულ ამ უცნაურ საწყობს მხოლოდ წყლისა და სიჩუმის ხმები არღვევდა. ზედაპირზე ავცურდით, ჟანგიანი რკინის კიბეები ავიარეთ და მშრალ, ლპობაშეპარულ იატაკზე დავდგით ფეხი. ჩუმად ვმოქმედებდით, პარვით ვმოძრაობდით, აკვალანგის გაუხდელად სათავსოების ჩხრეკა დავიწყეთ, ოთახებივით ჩამწკრივებულ უზარმაზარ ყუთებს ვხსნიდით და შიგთავსს ვამოწმებდით, წამლებისა და საკვები მინერალების მარაგს ვეძებდით.

     ბიჭუნამ ნიშანი მომცა და მეც მის გვერდით გავჩნდი, მის წინ გახსნილ ყუთში მედიკამენტები და პირველადი დახმარების საშუალებები ელაგა. აკვალანგზე მიმაგრებულ ჩანთას პირი მოვხსენი და აღმოჩენილი დოვლათის ჩალაგებას შევუდექი, ბიჭუნამ ძებნა განაგრძო, ყუთებთან ჩერდებოდა, ამოწმებდა, სუნავდა, მსუბუქად ანჯღრევდა და მხოლოდ ამ რიტუალის შემდეგ ხსნიდა. ჩანთის ავსება დავასრულე და ახლა ბიჭუნას დავეხმარე მისთვის განკუთვნილი ჩანთა საკვებით აევსო, ვალაგებდით ყველაზე აუცილებელ აბებს რომლებიც სხვადასხვა აუცილებელ ვიტამინსა და პროტეინს შეიცავდა, რაც შეიძლება მსუბუქსა და მცირე ზომის ამპულებსა და ფლაკონებს ვარჩევდით რომ უფრო მეტის ჩატევა მოგვეხერხებინა.

     ესეც ჩვენი მისია, ზედმეტად მარტივი აღმოჩნდა, ჩანთები გამოვტენეთ და იგივე გზით გასასვლელისკენ გავემართეთ, აკვალანგები შევისწორეთ, შევამოწმეთ, მოვირგეთ და კიბეებზე დავეშვით, წყალში უხმაუროდ ჩავაბოტეთ და ჩქამის გაუცემლად ფარეხის კარისკენ გავცურეთ. კარი გამქრალიყო, გაოცებამ და საფრთხის შეგრძნებამ მომიცვა, გასასვლელი რომელიც ამ რამდენიმე წუთის წინ გამოვიარეთ იქ აღარ იყო სადაც დავტოვეთ, თითქოს წყალმა ჩაყლაპაო ანდაც ჰაერში აორთქლდაო, მთელი კედელი დავიარეთ და გასასვლელი კარის ნიშანწყალსაც კი ვერ მივაგენით. ბიჭუნა ანერვიულდა, თვალები აუცრემლიანდა, დაიბნა, სახეზე გაოცება შემამჩნია და შესაბრალისად შემომაშტერდა, ჩემგან პასუხს ელოდა, თვალებით მეკითხებოდა, რა ჯანდაბა ხდება, გასასვლელი სად წავიდაო. მართლაც რა ჯანდაბა ხდება, პასუხი როგორ გავცე როცა თავად ვერ გამიგია რა ხათაბალაში გავყავით თავი. დავიძაბე, მხედველობა და ყნოსვა მოვმართე, თვალები ჩამიწითლდა, კბილები გამომიჩნდა, დაფარულ საფრთხესა და გაურკვეველ აურას ვგრძნობდი, რაღაც გვიახლოვდებოდა, რაღაც ჩემთვის ამოუცნობი, გაურკვეველი, მიუწვდომელი საფრთხე...

     ზემოდან ხმაური გვესმის, სარდაფის სიჩუმეში ნაბიჯების ყრუ ხმა წყლის წვეთების ტკაცუნს ერწყმება, ვიღაც ჩამოდის, მოფორთხავს, ნელი და ურიტმო ნაბიჯებით ჩვენსკენ ეშვება. ბიჭუნას ვანიშნებ და ჩვენ წყლით დაფარული სარდაფის ნაწილში ვყვინთავთ, ზედაპირთან ახლოს ვტრიალებთ, თან საფრთხეს ვცდილობთ დავემალოთ და ამავდროულად ცნობისმოყვარეობას ვერ ვუმკლავდებით, გვსურს დავინახოთ რამ დაგვაფრთხო და რამ გამოგვკეტა ამ უცნაურსა და შიშის მომგვრელ სარდაფში. წყალი უწინდელზე მეტად მძიმე და აშმორებული მეჩვენა, თითქოს საუკუნეების მანძილზე გროვდებოდა და ყალიბდებოდა, სისხლივით შესქელებულიყო და გვამივით აყროლებულიყო.

     სარდაფში მოხუცი ქალი ჩამოდის, მოხუცი ხმამაღალი ნათქვამია, მკვდარს უფრო ჰგავს, საფლავიდან ამოთხრილ, ამოცოცებულ ცხედარს. შიშველია, მთელი სხეული გახრწნია, დასწელვია, შეხმობია, დალპობია და შლის პროცესში გადასული გამობერილი შიგნეულობა უჩანს. საშინელი შესახედაობის ეს სახედამპალი არსება გაუგებარი ღმუილით სარდაფში დაიარება და რაღაცას ეძებს, ხან ერთ ყუთს აწყდება, ხან მეორეს, ჩერდება, ფრუტუნებს და ისევ ფორთხიალს განაგრძობს, შესაბრალისი და ზიზღის მომგვრელია მისი ყოველი მოძრაობა, ყოველი ბგერის მოსმენა, ყოველი წამი მისი არსების სიახლოვისა. ადგილიდან დაძვრას ვერ ვახერხებთ, გასასვლელი არ ჩანს. შემდეგ ისეთივე ფართხუნით მოხუცი მამაკაცი ჩამოდის, ისეთივე გახრწნილი და ფერდებ გამოყრილი, სუნის შეგრძნება რომ შეგვეძლოს ალბათ ვერ გავუძლებდით, საშინელი სიმყრალე აზრის დონეზე აღწევს და შიგნეულობას მიფორიაქებს. ისიც რაღაცას დაეძებს, ქალის კვალს მიჰყვება, მასავით დაბორიალობს, ყუთებს ასკდება, იატაკზე გორდება და ბეტონის ფილებს ლოკავს, ყნოსავს, წამოდგომისას ნახევარ ორგანოებს იატაკზე ტოვებს და თითქოს ეგ არაფერიო ისევ მოძრაობას აგრძელებს. ეს მოხუცები, თითქოს ისინი სადღაც მინახავს... ვგრძნობ ბიჭუნა გულისრევას როგორ იკავებს, თვალებს ხუჭავს რომ ამ საშინელ წყვილს აღარ შეხედოს, თითქოს გონებიდან ამოიგდებს იმას რაც დაინახა, იგრძნო და განიცადა, მისი პატარა, გამოუცდელი არსება ადამიანებისა და ურჩხულების სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამს და მან ჯერ არ უწყის, ეს მხოლოდ დასაწყისია, ეს მხოლოდ მცირედია, ზედაპირია იმ უსასრულო საშინელებათა ჭაობისა რომელსაც მთელი სამყარო მოუცავს და აუვსია, მხოლოდ და მხოლოდ აისბერგის წვერს ხედავს და უკვე ორგანიზმი ეწინააღმდეგება, უარს ამბობს რეალობა მიიღოს, გაითავისოს, შეისისხლხორცოს.

     მოხუცთა ღმუილი წყდება და ეს გახრწნილი ორგანიზმები ერთ ადგილას შეშდებიან, ჩერდებიან, მხოლოდ შეუმჩნევლადღა ბორგავენ, წონასწორობის შეკავებას ცდილობენ რომ არ გადაიქცნენ, ნაწილებად არ დაიშალონ, ჩამოიფშვნან და ჩამოიღვენთონ. სარდაფში ნაბიჯების კაკუნის ხმა ისმის და ჩვენ ასასვლელ კიბეებს შევყურებთ, წინებთან შედარებით შეწყობილი და სასიამოვნო ხმაა, რიტმული და სიცოცხლით სავსე ნაბიჯები გვიახლოვდება და ჩვენ გაკვირვებისგან წყალში საჭიროზე მეტ ბუშტებს ვუშვებთ. სარდაფში უმშვენიერესი, ახალგაზრდა გოგონა ჩამოდის. თეთრი, სიფრიფანა კაბა აცვია და ქორფა სხეულის მთელი ავლადიდება ქსოვილზე ეტყობა, შიგნიდან აღბეჭდილი მრგვალი ფორმებისგან დამძიმებული კაბა მისწებებია და თითქოს არც არაფერი აცვიაო ქსოვილის მიღმა არსებული სხეული გარკვევით ჩნდება. გოგონა მოხუცებს გახედავს, მერე ყუთებსა და ბეტონზე გადმონთხეულ ორგანოებს, წარბს იკრავს, გახრწნილ მოხუცებს საყვედურით შეჰყურებს, გვამები ამოიგმინებენ და წარბშეკრული გოგონას დანახვისას თავს დაბლა ხრიან, უსიტყვო საყვედური და უსიტყვოვე დანაშაულის აღიარება, მაგრამ რის გამო საყვედურობს, რა დააშავეს ან რა როლს ასრულებენ, ეს ჩვენთვის გაუგებარია. გოგონა სარდაფს ათვალიერებს, კედლებსა და სათავსოებს შესცქერის და ადგილიდან იძვრის. კედელზე დაკიდებულ პატარა სარკესთან მიდის, ჩაშავებულსა და მტვრით დაფარულ შიგთავსში იხედება და არსაიდან ადამიანის გულის ფორმის კულონს იღებს, გულზე იბნევს და პირდაპირ ჩვენსკენ ტრიალდება, წყალში ჩაყვინთულს პირდაპირ თვალებში მიყურებს და ავისმომასწავებლად მიღიმის. სავსე მკერდზე დაბნეული კულონი მოძრაობს და მასში საკუთარი გულის ფეთქვის რიტმს ვხედავ, გოგონას ძუძუებს შორის მოქცეულ საკუთარი გულისცემას გვრძნობ, გოგონა კულონს ხელით ეხება და მკერდში ცივი ჟრუანტელი მივლის, თვალებში მიყურებს და მიხდებაო, კულონზე მიმითითებს და მეკითხება... ზეზე წამოვხტი, ბიჭუნაც წამოხტა, ეს რა ჯანდაბაა, ეს რა ხდება მეთქი, საკუთარ თავს ვეკითხები. გოგონა თვალებში შემომცინის, გახრწნილი გვამები ჩვენსკენ ტრიალდებიან და დორბლიანად იღრინებიან. ვიყინები, რაღაც მაკავებს, მაქვავებენ, ნაკვთის განძრევა არ შემიძლია. გოგონა კულონს ხელს უჭერს და ჩემი გულის ცემაც ნელ-ნელა სუსტდება, ჩერდება. შინაგანად ვღმუი და ვყეფ, გოგონა თვალს არ მაშორებს, დაჟინებით შემომცქერის და ვგრძნობ როგორ იმორჩილებს ჩემს მოდუნებულ სხეულს, ფიქრების დაფარვას ვცდილობ, ხროვის ცნობიერებას ვმალავ, ვკეტავ. დაე სხეული წაიღონ, გონი მე მეკუთვნის, იქ ვერ შეაღწევენ, იქ ჩემი ხროვაა, იქ ოჯახია, იქ არსებობა და არარსებობაა. ალფა სადღაა...

     ისევ ტყვეობა, ისევ მანქანები და მათი მოკაშკაშე თვალები, როგორც ჩანს ურჩხულებიც ადამიანებთან არიან შეკრულნი და ადამიანები კი მანქანებთან და მათ მიღმა მდგომ არსებებთან, გულის კულონიანი ალქაჯიც მათი მსახურია და ის გახრწნილი მოხუცებიც, მათ ყველას საერთო მიზნები აქვთ, ისინი შეუსწავლელ და მათთვის ამოუცნობ არსებებს ატყვევებენ და ლაბორატორიის ვირთხებივით აკვირდებიან, ცდებს უტარებენ, აღრიცხავენ და მათგან ყველა იმ თვისებას იღებენ რაც მათთანვე საბრძოლველად შეუძლიათ გამოიყენონ. ეს აზრი ჩემს არსებაში გამჯდარიყო და ფესვები გაედგა, შეგრძნება რომ მხოლოდ და მხოლოდ ექსპერიმენტი და მათი გეგმების აღსრულებაში უნებლიე მონაწილე ვარ არა და არ ტოვებდა ჩემს ფიქრებს. ვხედავ, ვგრძნობ როგორია ლაბორატორიის ვირთხად ყოფნა და უსუსურება, უუნარობა ამ მარყუჟს თავი დააღწიო, გაიქცე და განთავისუფლდე, თავიც გადაირჩინო და ის უნიკალური უნარ-ჩვევებიც რაც შენი არსებისთვის თავად ბუნებას უბოძებია...

     ალფა ცოცხალია, ის ქალიც აქ არის, ისიც ცოცხალია, ისევ ისეთი მადისაღმძვრელი და გამომწვევია. ეს ყველაფერი სიზმარია თუ რეალობა, რომელი რომელია და რომელში, ამბოხებულების ჟლეტა და წყლით დაფარული სარდაფი, გახრწნილი მოხუცები და ის უცნაური გოგონა, გულზე მფეთქავი კულონი, სად ვარ, როდის ვარ, რომელ სიზმარში, რომელ რეალობაში, გარჩევა შეუძლებელია, სინამდვილე არ არსებობს, არის რაც არის. ალფას თვალებში ჩავყურებ, ისიც გაურკვევლობაშია, მასაც უჭირს გარჩევა, ვცდილობთ საერთო მოგონება გავიხსენოთ ერთმანეთის რეალურობა რომ დავამტკიცოთ და ის აწმყო ავითვისოთ სადაც ვიმყოფებით, სადამდეც მოვაღწიეთ... ცნობიერებაში შევდივართ, ქალთან სექსი გვახსენდება, ხან ალფა ვარ ხან ომეგა, ორივე ვგრძნობთ მის შეხებას, მის არსებას, ხან მე ვიღვრები მასში ხან ის, ხან ალფა ვარ ხან ომეგა, ხან ალფას შევყურებ ხანაც ომეგას როგორ ვერწყმით ქალის სხეულს, ხან მისი თვალებით ვხედავ, ხან ის ხედავს ჩემი თვალებით და ჩემით გრძნობს. ნამდვილად ჩვენ ვართ, ის ალფაა მე კი ომეგა.

     მანქანები უზარმაზარი კარის გაღებას გვიბრძანებენ, თავისუფლად ვართ, არანაირი ხელბორკილი, არანაირი გალია, ის ქალიც ჩვენთან ერთად არის, ისიც ტყვეა და ისიც თავისუფლად გადაადგილდება, შეხების უფლებაც კი მოგვცეს. სამივე ერთად, ჟანგიან რკინის კართან მიმწყვდეულები მის გაღებას ვცდილობთ, არც გასაღები ჩანს სადმე და არც საკეტი, სრულიად პიტალო რკინის კარებია, ყველანაირი ნიშანისა და მორთულობის გარეშე, უზარმაზარი, კედელივით აღმართული შავი კარები. სამივემ ვიცით ეს რა კარია და სამივემ ვიცით როგორც უნდა გავაღოთ, ყოველთვის ვიცოდით. მხოლოდ მანქანების და მათ მიღმა მდგომი ადამიანებისა თუ ურჩხულების მოტივია ჩემთვის ამოუცნობი, მათ სურთ რომ ჩვენ ის კარი გავუღოთ რომელიც მათ არ ეკუთვნით, კარი რომელიც დასაწყისსა და დასასრულს აერთინებს, არარსებული, უხილავი გასასვლელი რომლის გაღებაც მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ალფას და ომეგას დაგმანული მეხსიერება, ხროვის ცნობიერებასთან დამაკავშირებელი ბილიკი, არსებობის მიჯნაზე გამავალი ფანჯარა. ნუთუ მათ სწორედაც რომ ხროვის ცნობიერების მოპოვება სურთ? ნუთუ იმ ყველაფრის შემდეგ რაც მათ ჩვენზე შეიტყვეს მაინც შეცდომა დაუშვეს, კარამდე მოგვიყვანეს და ის არ უწყიან რომ ის მხოლოდ ჩვენთვის იღება, იგი დაფარული და შეუღწევადია ყველა დანარჩენისთვის, დაგმანული და დახშულია მისი კედლები, გადაულახავი ბარიერი რომელიც მხოლოდ ჩვენთვის არსებობს. რეალობაში ის მხოლოდ რკინის ჟანგიანი და ჩაშავებული, უცხვირპირო კარია, მისი არსებობა მხოლოდ მაშინ ცხადდება როცა კარიც და გასაღებიც ერთად იყრიან თავს, როცა ერთდებიან, დასაწყისი და დასასრული და მათი შუალედი, რადგან კარიც მე ვარ და გასაღებიც და კარიბჭის მცველიც.

     ქალი შიშვლდება, გვეხვევა, სხეულზე გვაცოცდება, გვაქცევს და ზემოდან გვაჯდება, მასში შევყავართ, საკუთარ შიგთავსში გვეპატიჟება, მისი სხეული ჩვენსაზე ადის და ჩადის, მისი მწიფე თეძოები ჩვენს დაკუნთულ ბარძაყებს ტყლაშუნით ასკდება და ქალი სიამოვნებისკან კვნესის, ჩვენც ვმოძრაობთ, შევდივართ და გამოვდივართ და ისევ შევდივართ, თითქოს ქალის შიგთავსი გვიწოვს, გვითრევს, გვიტაცებს. კარები უნდა გავაღოთ. ქალის ძუძუები ხელით გვიჭირავს და დაწითლებამდე ვუსრესთ, კერტების სიმაგრეს თითებს შორის ვგრძნობთ, კარი უნდა გავაღოთ. წელს ქვემოთ სისველე და სითბო გვეღვრება და ქალი იკრუნჩხება, სრიალა შეხება გვავსებს და გვბოჭავს, სირბილეში შესული ჩვენი სიმაგრე სასიამოვნოდ გვტკივა და ფეთქავს, ქალი მთელი არსებით გვაწვება და საკუთარ შიგთავსში მოქცეულ მხურვალებაზე შიგნიდან გვიჭერს. ვკანკალებთ, ქალის ნაზ კანს ვფხრეწთ, ის კვნესის, სიამოვნებისგან იკრუნჩხება, მის სხეულს ვანაწევრებთ, ნაწილ-ნაწილ ვგლეჯთ, ვფატრავთ და ვშთანთქავთ, თვალები ჩაგვიწითლდა, კლანჭები სისხლით მოგვესვარა, კბილებიდან ხორცის ნაფლეთები გვცვივა, ქალის ენერგია ჩვენსას ერწყმება, მისი ქორფა სხეული ჩვენსაში გადმოდის, მისი სიცოცხლე ჩვენსას ავსებს და მისი არსება ჩვენსაში შემოდის, კარები იხსნება...

     შიგნით შევდივართ, იქ სიბნელე და სიჩუმეა, აბსოლუტური სიმშვიდე. კარი ზურგს უკან გვეხურება, ჩვენ მარტონი ვართ, ალფაც ვარ და ომეგაც, ყოველთვის ვიყავი, ერთი არსების ორი ნაწილი, ერთი არსის თავი და ბოლო. ალფაშიც ვარ და ომეგაშიც და ოქროს შუალედშიც, ჩვენ ერთნი ვართ, გავმთლიანდით, ერთნი შევიქენით, საწყისს დავუბრუნდით, თავიდან ბოლოში გავედით და ისევ თავში. ხროვის ცნობიერება მოდის და ჩვენ არსებობის მიჯნაზე ვდგავართ, იქ დანარჩენი წევრები იცდიან, იღრინებიან, კბილებს აჩენენ და უხმოდ ყმუიან, ალფასა და ომეგას გვეგებებიან, ჩვენ, მე მელოდებიან, თვალები უკვესავთ და სიბნელეში გამკრთალი მათი სხეულები საბრძოლო მდგომარეობას უბრუნდებიან, იცვლებიან, იწელებიან, ტრანსფორმაციას გადიან.

     დასაწყისი და დასასრული, ალფა და ომეგა და მათი ხროვა, ჩვენ ისევ აქ ვართ, ისევ შევერთდით, ისევ ავყმუვლდით, ისევ დავაფჩინეთ სისხლიანი ეშვები, ისევ ავაცეკვეთ დაძარღვული კლანჭები. ჩვენ ვარსებობთ, ჩვენ არსად წავსულვართ, ჩვენ ერთნი ვართ, მე ცნობიერება ვარ, ერთობა, მოცემულობა, ერთში მოქცეული თავი და ბოლო და ისინი, ისინი ათასობით არიან, მილიონობით, მე ვარ ისინი. ხროვის გამოცდილება მავსებს და მათი ფიქრები ტალღებად მასკდება, მე ვიცი, მე ვხედავ, მესმის ისინი რას ფიქრობენ, რას გრძნობენ, მე არსი ვარ, ერთ კაციანი უმცირესობა, ერთ კაციანი არმია, ხროვა...

 

15.09.2020

   

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული