• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ფოლადის მეხთატეხაში

×
ავტორის გვერდი ერნსტ იუნგერი 01 მაისი, 2021 1784

უახლოეს ხანებში ქართველი მკითხველი მიიღებს მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი მწერლისა და ესსეისტის ერნსტ იუნგერის რომანს „ფოლადის მეხთატეხაში“, რომელიც ავტორმა 25 წლის ასაკში დაწერა. წიგნი პირველად 1920 წელს გამოიცა და დღესაც, ასი წლის მერე, არც მის შინაარსს და არც მის მხატვრულ ღირებულებას ყავლი არ გასვლია. მართალია, იუნგერი არ დარჩენილა ერთი შედევრის ავტორად და ყველა მხატვრული ნაწარმოები, რომელიც მან თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე გამოაქვეყნა, თავისებურად უნიკალურია, მაგრამ თითოეული მათგანის უკან ჰერაკლიტეს ის ფილოსოფია იკითხება („ომი მამა და მეფეა ყოველთა“), რომელიც იუნგერის მიერ პირველად „ფოლადის მეხთატეხაში“ იქნა გადმოცემული.

 

ფოლადის მეხთატეხაში

(ერთი თავი რომანიდან)

 

შამპანის კირის სანგრებში

 

   მატარებელი ბაზანკურში, შამპანის პატარა ქალაქში, გაჩერდა. მატარებლიდან ჩამოვედით. შიშნარევი კრძალვით ვუგდებდით ყურს თანაბარ გუგუნს, რომელსაც ფოლადის მწრთობელი ფრონტი გამოსცემდა. ეს ის ხმა იყო, რომელიც ჩვენთვის ჩვეულ მელოდიად უნდა ქცეულიყო, რომლისთვისაც კიდევ არაერთი წელი უნდა გვეგდო ყური. სადღაც შორს მოქუფრულ ცაზე შრაპნელის თეთრი წრე გადღაბნილიყო. ომის სუნთქვა ყველგან ისმოდა და მის გაგონებაზე უცნაური კანკალი გვიტანდა. ნეტავ, თუ ვიცოდით მაშინ, რომ გაფანტული ხმაური დაიქუხებდა, გასკდებოდა და სულ უფრო ხმამაღალი გრუხუნით ფეხდაფეხ აგვედევნებოდა, ის ყველას გადაგვყლაპავდა... თითქმის ყველას, ერთმანეთის მიყოლებით – ერთს, მეორეს, შემდეგს...

   აუდიტორიები, მერხები და დაზგები მივატოვეთ და ორიოდ კვირაში – ხანმოკლე მომზადების შემდეგ – უკვე დიდ, ერთიან, აღტაცებულ მასად ვიქეცით. ჩვენ, უსაფრთხო დროში გაზრდილებს, უჩვეულო და დიდი ხიფათის განცდის ჟინი დაგვეუფლა. ომმა გაგვაბრუა და დაგვათრო. ყვავილების წვიმაში სისხლსა და ვარდებზე ოცნებით გათანგულები ფრონტისკენ გავეშურეთ.…ომი ხომ ყველაფერს გვპირდებოდა: დიდებას, ძალას, დღესასწაულს. …მაშინ ასე ვფიქრობდით: კაცის საქმეც ეს არის – ხელჩართული ბრძოლა აყვავებულ, სისხლით მორწყულ ველზე...…ვფიქრობდით: არ არსებობს ქვეყნად ამაზე ლამაზი სიკვდილი... მთავარია შინ არ დარჩე, მთავარია შენც იქ იყო, ბრძოლაში იყო!

   - მოეწყვეთ! - აფორიაქებული ფანტაზია შამპანის მძიმე, თიხიან მიწაზე მწყობრად სვლამ დაგვიცხრო.

   ზურგჩანთა, ვაზნები და იარაღი ტყვიასავით გვაწვებოდა ზურგზე.

   - მოკლე ნაბიჯი!

   - სდექ!

   როგორც იქნა, მივაღწიეთ სოფელ ორენვილს, სადაც 73-ე მსროლელი პოლკი იყო დაბანაკებული, ამ მხარის ყველაზე უბადრუკ დასახლებას, რომელიც პარკით გარშემორტყმული მამულის სიახლოვეს აგურითა თუ კირქვით აშენებული ორმოცდაათამდე სახლისგან შედგებოდა.

   სოფლის ქუჩა ქალაქურ ნირს შეჩვეული თვალისთვის უცნაური სანახაობა იყო. იშვიათად თუ გამოჩნდებოდა გზაზე შეშინებული და სამოსჩამოფლეთილი სოფლის მცხოვრები. ყველგან ჯარისკაცები მიმოდიოდნენ გაცვეთილ, დაძონძილ, უამინდობისგან დათრიმლულ მუნდირებში, უმეტესწილად წვერმოდებული სახეებით. ძლივს დალასლასებდნენ ან ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და ახალწვეულებს გვხვდებოდნენ ხუმრობითა და შეძახილებით. ბანაკის შესასვლელთან საველე სამზარეულოს მუხუდოს წვნიანის სურნელი ასდიოდა. ჩამჩამომარჯვებული მორიგეები გარს ეხვივნენ და კარდალებს არახუნებდნენ. აქ ცხოვრება თითქოს კიდევ უფრო მდორედ და ზანტად მიედინებოდა, ვიდრე ჩვენს აუდიტორიებსა და საამქროებში. ამ განცდას ნგრევის პირას მისული სოფლის უბადრუკობაც აძლიერებდა. პირველი ღამე მყარად ნაგებ ფარდულში გავათიეთ, შემდეგ კი პოლკის ადიუტანტმა, უფროსმა ლეიტენენტმა ფონ ბრიკსენმა, მამულში გადაგვანაწილა. მე მეცხრე ასეულში ჩამრიცხეს. ომში ყოფნის პირველი დღე ხომ ისე ვერ ჩაივლიდა, რომ ჩვენზე გადამწყვეტი შთაბეჭდილება არ მოეხდიანა. ჯარისკაცებისთვის საცხოვრებლად გამოყოფილ სკოლის შენობაში ვისხედით და ვსაუზმობდით. უცებ ჩვენს სიახლოვეს რაღაც ყრუ გუგუნით შეირყა, ჯარისკაცები ქოხებიდან გამოცვივდნენ და სოფლის განაპირას შეჯგუფდნენ. ჩვენც მათ მივბაძეთ, თუმცა თვითონაც არ ვიცოდით, რატომ ვიქცეოდით ასე. ისევ გაისმა ჩვენს თავს ზემოთ უცნაური შრიალი და სისინი – ისეთი, ადრე რომ არასოდეს გვსმენია, და შემდეგ საზარელ გრუხუნში გადაიზარდა. გამიკვირდა, რომ ადამიანები ჯგუფ-ჯგუფად გარბოდნენ და სირბილისას ერთმანეთს ეკვროდნენ, თითქოს რაღაც საშინელი საფრთხე ემუქრებოდათ. ყველაფერი ცოტა სასაცილოდ მეჩვენებოდა - ასეა, როცა შენ გარშემო რაღაც ისეთი ხდება, რასაც კარგად ვერ აცნობიერებ. შემდეგ სოფლის დაცარიელებულ ქუჩაზე გამოჩნდნენ გამურული ადამიანები, რომლებსაც ბრეზენტზე ან გადაჯვარედინებულ ხელებზე ნახშირისფერი ფუთები დაეწყოთ და მოათრევდნენ. არარეალურის დამთრგუნველი განცდა დამეუფლა და სისხლით მოთხვრილ კაცს დავაკვირდი. კაცს მოგლეჯილი ფეხი უცნაურად ეკიდა სხეულზე და “მიშველეს” ისე გაბმით და ხავილით ამოთქვამდა დახშული ყელიდან, თითქოს უცაბედი სიკვდილი უჭერდა ყელში ხელებს. ის იმ სახლში შეიყვანეს, რომელზეც წითელი ჯვრის დროშა ირხეოდა.

   ეს რა იყო? ომმა ბრჭყალები გამოაჩინა და მყუდროების ნიღაბი ჩამოიგლიჯა.… ეს ისეთი ამოუხსნელი და განყენებული რამ იყო... მტერზეც აღარ გვეფიქრებოდა – იდუმალ, ვერაგ მტერზე, რომელიც კეფაში მოგვჩერებოდა. აქამდე მსგავსი არაფერი განგვიცდია, ნანახმა ისე ძლიერ იმოქმედა ჩვენზე, თავისთვის ძალა უნდა დაგვეტანებინა, რომ მივმხვდარიყავით, რა ხდებოდა.

   ჭურვი ზემოთ, სასახლის პორტალთან, გასკდა და ქვებისა და ნამტვრევების კორიანტელი მამულის თაღიანი ალაყაფის კარისკენ გამოტყორცნა სწორედ მაშინ, როცა იქიდან პირველი აფეთქებებით შეშინებული ბინადრები თავქუდმოგლეჯილები გამორბოდნენ. ცამეტი მათგანი დაშავდა, მათ შორის მაესტრო გებჰარდი, რომელიც კარგად მახსოვდა ჰანოვერის პრომენადეზე გამართული მისი კონცერტებით. დაბმულმა ცხენმა, რომელმაც პირველმა იგრძნო საფრთხე, რამდენიმე წუთით ადრე აიწყვიტა, გაჭენდა და სასახლის ეზოში უვნებელმა შეაღწია.

   მიუხედავად იმისა, რომ დაბომბვა შეიძლებოდა ყოველ წამს განახლებულიყო, უბედურების ადგილი რაღაც უხილავი ძალით თავისკენ მიზიდავდა. პორტალთან, რომელსაც ჭურვი მოხვდა, ფირნიშის ნაგლეჯი ყანყალებდა, რომელზეც ვიღაც ხუმარას წაეწერა: „ჭურვების სამიზნე“. როგორც ჩანს, სასახლე სახიფათო ადგილად ითვლებოდა. ქუჩა სისხლის გუბეებით იყო გადაწითლებული, ირგვლივ გახვრეტილი ჩაფხუტები და ღვედები ეყარა. სასახლის დიდი რკინის კარი ჭურვის ნამსხვრევებისგან ერთიანად დაჭეჭყილი და დახვრეტილი იყო. ბოძკინტი სისხლის შხეფებით იყო მოსვრილი. ვგრძნობდი, რომ ეს სურათი მაგნიტივით იზიდავდა ჩემს მზერას. ჩემში ღრმა ცვლილება ხდებოდა.

   მეგობრებთან საუბრისას ვთქვი, რომ ამ სურათმა ბევრს დაუცხრო ბრძოლის ჟინი. იმაზე, რომ მან ჩემზეც იმოქმედა, ბევრი რამ მეტყველებდა - სმენა ყოველწამიერად მატყუებდა და ყოველი ჩავლილი ოთხთვალას რახარუხი ჭურვის სიკვდილის მომასწავებელ ხმად მეჩვენებოდა. ეს შეკრთომა ყოველი უცაბედი და მოულოდნელი ჩქამის გაგონებაზე მთელი ომის განმავლობაში გაგვყვა. სადღაც მატარებელი ჩაიქროლებდა, იატაკზე წიგნი დავარდებოდა, ღამეში რაღაც დაიკივლებდა - ჩვენ კი გული გვიჩერდებოდა ახალი ხიფათის მოლოდინში, რომლის საზარელი სახეც ჯერ არ გვენახა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ოთხი წელი სიკვდილის კარავში ვიცხოვრებდით და ეს განცდა ისე ღრმად გაგვიჯდა სადღაც, ცნობიერების მიღმა მდებარე ბნელ კუნჭულში, რომ ყოველ უჩვეულო ჩქამზე სიკვდილი გველანდებოდა - უცაბედად გამოხტებოდა სარკმლიდან, როგორც მოსამართი საათის ციფერბლატს ზემოთ გამოხტება ხოლმე დროის დარაჯი, ხელში ქვიშის საათითა და ცელით.

   იმ საღამოსვე დადგა წუთი, რომელსაც ასე დიდი ხანი ველოდით - საბრძოლო პოზიციებისკენ გავემართეთ ტვირთაკიდებულები. ჩვენი გზა სოფელ ბეტრიკურზე გადიოდა. ჯადოსნურ ნახევარწყვდიადში სოფლის ნანგრევების მკრთალი სილუეტები იკვეთებოდა. გზამ განცალკევებით მდგარ, ნაძვნარში ჩამალულ მონადირის სახლთან მიგვიყვანა, რომელსაც „სახოხბეს“ უწოდებდნენ. იქ პოლკის რეზერვი იყო განლაგებული. იმ ღამემდე მეცხრე ასეული სწორედ რეზერვში იყო გამწესებული. რეზერვს ლეიტენანტი ბრამსი მეთაურობდა.

   მიგვიღეს, ქვედანაყოფებში გადაგვანაწილეს და აღმოვჩნდით წვერმოშვებული, ტანზე ტალახშემხმარი ბიჭების გარემოცვაში, რომელთა მეგობრულ მოსალმებაშიც ერთგვარი ქილიკი იკითხებოდა. გვეკითხებოდნენ, რა ისმის ჰანოვერიდან და ხომ არ დადგა ომის დამთავრების დრო. ამას მოჰყვა უხალისო და სიტყვაძუნწი საუბარი სანგრებზე, საველე სამზარეულოზე, ფრონტის ხაზზე, ხელყუმბარით ბრძოლასა და პოზიციური ომის სხვა დეტალებზე, რასაც დიდი გულისყურით ვუსმენდით.

   ცოტა ხნის შემდეგ ყაზარმად წოდებული ჩვენი ქოხის კართან გაისმა: “გავდივართ!” ჩვენ ქვედანაყოფებად მოვეწყვეთ და ბრძანებაზე - „დატენე! მცველზე დააყენე!“ - ფარული ტკბობით შევაცურე მჭიდი სავაზნეში.

   შემდეგ მწყობრად მივყვებოდით ერთმანეთს, რიგრიგად, ერთმანეთის კვალში ჩამდგარნი, ჩუმად მივიწევდით ბნელით მოცული, აქა-იქ ტყით დაფარული ლანდშაფტის სიღრმისკენ. ზოგჯერ ცალკეული გასროლის ხმას გავიგონებდით ან მაშხალა აინთებოდა სისინით, ირგვლივ რამდენიმე წამით გაგვინათებდა, რათა უმალვე ჩამქრალიყო და კიდევ უფრო ღრმა წყვდიადში დავჩენილიყავით. ისმოდა იარაღისა და სასანგრე ხელსაწყოების მონოტონური ჟღარუნი, რომელიც წყდებოდა გაფრთხილებაზე: „ყურადღება, მავთული!“, შემდეგ დაცემის ყრუ ხმა და შეკურთხება: „დოყლაპიებო, გაფრთხილდით, გარშემო ღრმულებია!“ კაპრალი გვაჩუმებდა: „ჩუმად, ეშმაკმა წაგიღოთ! ფრანგს ყურები ნეხვით კი არა აქვს ამოლესილი!“ ავჩქარდით, გავწიეთ. იდუმალება, სასიგნალო მაშხალების ციმციმი, ღამის ცეცხლის გაფანტული ნათება აღმაგზნებდა და სასწაულებრივად მაფხიზლებდა. ზოგჯერ ცივად ჩამიწუილებდა უმისამართო ტყვია და სადღაც ჩაიკარგებოდა. რამდენჯერ გამივლია ასე ჩამკვდარ-ჩაფერფლილი ლანდშაფტი ფრონტის ხაზისკენ მიმავალს, სანახევროდ მელანქოლიურ გუნებაზე მყოფს, სანახევროდ აღგზნებულს.

   ბოლოს ჩავიმალეთ სანგარში, რომელიც ღამის სიბნელეში თეთრი გველივით მიიკლაკნებოდა საბრძოლო პოზიციებისკენ. ჩავხტი და ორ განივად გადებულ ძელს შორის აღმოვჩნდი. გათოშილი და მარტოსული, თვალს არ ვაშორებდი სანგრის წინ ერთმანეთზე დაწყობილ ნაძვებს და ჩემი აღგზნებული ფანტაზია წყვდიადიდან მოჩვენებებს მოერეკებოდა. ტოტებიდან გზააბნეული ტყვია გამოფრინდებოდა, ჩამიქროლებდა და ზუზუნით აგრძელებდა გზას. ერთადერთი, რამაც ეს უსასრულო წუთები გაამრავალფეროვნა, ის იყო, რომ უფროსმა თანამებრძოლმა მომაკითხა და ვიწრო, გრძელი გასასვლელით ერთად დავიძარით ფორპოსტისკენ, საიდანაც ჩვენ წინ გადაშლილ არემარეს ვაკვირდებოდით. ნება დაგვრთეს, ორი საათი დაგვეძინა. დაღლილობის მძიმე ძილმა წაგვიღო კირის სოროებში ჩაწოლილები.

   როცა ნაცრისფრად ირიჟრაჟა, ისეთივე გაფითრებული, კირით მოთხვრილი და ტალახიანი ვიყავი, როგორც სხვები. თითქოს თვეები მეცხოვროს თხუნელას სოროში.

   პოლკის პოზიციები შამპანის კირიან მიწაზე გადიოდა, სოფელ ლე გოდას გასწვრივ; ჯერ გავერანებულ ტევრს ეკვროდა - იმას, რაც ტევრისგან გადარჩა, შემდეგ ზიგზაგებით სერავდა შაქრის ჭარხლის უკიდეგანო მინდვრებს, სადაც იერიშის დროს მოკლული ფრანგების წითელი შარვლები მოჩანდა, და იმ ნაკადულის კალაპოტით მთავრდებოდა, რომლის მეშვეობითაც ღამის იერიშებისას 74-ე პოლკთან კავშირი მყარდებოდა. ნაკადული რაკრაკით ერთვოდა დანგრეული, პირქუში ხეებით გარშემორტყმული წისქვილის საგუბარს და რაკრაკითვე აგრძელებდა დინებას. მის წყალში უკვე რამდენიმე თვეა, ეყარნენ ფრანგული კოლონიური პოლკის დახოცილი მებრძოლები, გაშავებული, თითქოს პერგამენტისგან გამოჭრილი სახეებით. უსიამოვნო ადგილი იყო, განსაკუთრებით ღამ-ღამობით, როცა მთვარე დაფლეთილ ღრუბლებს შორის უსწორმასწოროდ მოჰფენდა შუქს, წყლის დუდუნსა და ლელქაშის რხევას კი უცნაური ხმები ერთვოდა.

   სამსახური იმდენად მძიმე და დაძაბული იყო, რამდენადაც ამის წარმოდგენა შესაძლებელია. ცხოვრება გარიჟრაჟზე იწყებოდა. ამ დროს უკვე მთელი შემადგენლობა სანგარში უნდა მდგარიყო. საღამოს ათი საათიდან დილის ექვსამდე მხოლოდ ორ-ორი საათი გვეძინა. ძილის უფლება ქვედანაყოფიდან ერთდროულად მხოლოდ ორს ჰქონდა. ამრიგად, თითოეულს ღამეში ორი საათის ძილი ერგებოდა, ისიც თივის ძებნასა და რაღაც წვრილმან საქმეებში გადიოდა და ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდებოდა.

   გუშაგები ან სანგარში იდგნენ, ან სამალავებში, რომლებიც საბრძოლო პოზიციებს მიწისქვეშა გადასასვლელებით უკავშირდებოდა. ეს საგუშაგოები პოზიციური ბრძოლებისას იმდენად სახიფათო იყო, რომ მალევე გაუქმდა.

   ქანცგამწყვეტი ღამის მორიგეობები, რომელთაც ბოლო არ უჩანდა, კარგ ამინდში და ყინვაშიც კი ასატანი იყო, თუმცა სატანჯველად გვექცეოდა, როცა წვიმდა - ისე, როგორც წვიმს ხოლმე იანვარში. სისველე ჯერ თავს ზემოთ გადაჭიმულ მუშამბაში შემოაღწევდა, შემდეგ - ფარაჯასა და მუნდირში და საათობით ჩამოგვდიოდა ტანიდან. ამ დროს ისეთი სევდა გვეუფლებოდა, რომ პოსტისკენ მომავალი ცვლის ათრეული ნაბიჯების ჩქამიც ვეღარ გვიფანტავდა გულს მოწოლილ ნაღველს. გარიჟრაჟი ნათელს ჰფენდა ღონემიხდილ, კირში ამოსვრილ სილუეტებს, ფერდაკარგულები, კბილის კბილზე კაკუნით რომ ემხობოდნენ წყალჩამდინარე ბლინდაჟების დამპალ თივაში.

   ოჰ, ეს ბლინდაჟები, კირიან ნიადაგში გათხრილი, სანგრისკენ პირღია სოროები, ფიცრებისგან შეკრული საწოლებითა და ზედ მიყრილი რამდენიმე ნიჩაბი მიწით. წვიმის შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე ჟონავდა ჭერიდან სისველე. ვიღაცამ, შავ იუმორში გაწაფულმა, მათ შესასვლელებთან წარწერები მიაკრა: „სტალაქტიდის გამოქვაბული“, „აბანო მამაკაცებისთვის“ და ასე შემდეგ. ვინც დღისით დასვენებას შეეცდებოდა, ფეხებით სანგარი უნდა გადაეკეტა. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დაძინება შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, ორ-ორი საათი დღის საგუშაგოზეც უნდა გვემორიგევა, სანგარი გაგვეწმინდა, საჭმელი და ყავა მოგვეტანა, წყალი მოგვეზიდა.

   ეს მიუსაფარი ყოფა ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩვენთვის. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბევრმა ჩვენგანმა აქამდე ხეირიანად არც კი იცოდა, რა იყო ნამდვილი შრომა. ამას ისიც ემატებოდა, რომ საომრად ჩასულებს არც ისეთი სიხარულით შეგვხვდნენ, როგორსაც ველოდით, არავინ ჩაგვიკრა გულში, პირიქით, ძველი ფრონტელები გვიბრიყვებდნენ და ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ ყველაზე მძიმე და სასწრაფოდDშესასრულებელი დავალება ჩვენთვის, ახალბედებისთვის, გადმოელოცათ. ომში ყაზარმებიდან გადმოსული ეს ჩვეულება, რომელიც ხალისს ნამდვილად არ გვმატებდა, პირველივე ერთობლივი ბრძოლის შემდეგ გაქრებოდა, რადგან პირველივე ბრძოლის შემდეგ ჩვენც ფრონტელები გავხდებოდით.

   დრო, როცა ჩვენი ასეული თადარიგში ირიცხებოდა, არ იყო დიდად სასიამოვნო. მაშინ “ხოხბების ფერმაში” ვიდექით, ან ილერის ტყეში, ნაძვის ტოტებით დაფარულ სანგრებში, სადაც ნისლით გაჟღენთილ მიწას სასიამოვნო ოხშივარი ასდიოდა. ზოგჯერ ერთი დუიმის სიღრმის ტალახიან გუბეში ვიღვიძებდით. თუმცა იქამდე ბუნდოვნად წარმომედგინა, რას ნიშნავდა ძვლების ტკივილი და ტეხა, ბოლო ძაფამდე გატანილ სისველეში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ ყველა სახსარი მტკიოდა, ძილში კი ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მთელ სხეულში რკინის ტყვიები დამიდიოდნენ. ღამე ძილისთვის არ იყო: ღამ-ღამობით სანგრებს შორის გვირაბები გაგვყავდა - ბევრი პატარა გვირაბი. თუ ფრანგები არ გვანათებდნენ, სრულ სიბნელეში გვიხდებოდა თხრა. მთვარეულის შეუპოვრობით ვედექით კვალში მას, ვინც ჩვენ წინ თხრიდა. მთავარი იყო, ისე არ ჩამოვრჩენოდით ჩვენ წინ მთხრელს, რომ გზა აგვრეოდა და შემდეგ საათობით არ გვებორიალა სანგრების ლაბირინთში მთხრელების მწყობრში კვლავ ჩასადგომად. თუმცა, თხრა იოლი იყო, ტალახისა და ნეშომპალის თხელი ფენის ქვეშ კირის დიდი პლასტი იყო, რომლის რბილ სტრუქტურასაც წერაქვი იოლად ჭრიდა. ზოგჯერ წერაქვის დარტყმისას მწვანე ნაპერწკლები იფრქვეოდა - ეს ფოლადი ხვდებოდა ქვაში ჩაჭედილი რკინის კოლჩედანის მუშტისოდენა კრისტალებს. დაკოშტებული კრისტალები წერაქვის დარტყმაზე ოქროსფრად ელავდნენ.

   ამ უბადრუკ ერთფეროვნებაში გამონათება იყო საღამოობით ჭალის პირას საველე სამზარეულოს გამოჩენა. როგორც კი ქვაბს თავს ახდიდნენ, ღორის ქონით შეზავებული მუხუდოს სუპისა და სხვა საოცრებების გემრიელი სუნი ამოვარდებოდა, თუმცა ნათელსაც ადგებოდა ჩრდილი: ზოგჯერ ვახშმად გამომშრალი ბოსტნეული გვქონდა, რომელსაც ნირწამხდარი გურმანები „ეკალს“ და „სარეველას შეჭამანდს“ ეძახდნენ.

   ჩემს დღიურში 6 იანვრის ჩანაწერია. გაბრაზებული ვწერ: საღამოს სამზარეულო მოჩაქჩაქდა და ღორის სალაფავი მოიტანა - მოყინული ბოლოკის ნახარში. 14-ში კი აღფრთოვანებული ვარ: ნოყიერი მუხუდოს წვნიანი! ოთხი პორცია ძღომამდე! მუცელი ამტკივდა, ნაძლევზე ვჭამეთ. ვიმსჯელეთ, რა პოზაში შევჭამდით მეტს. ჩემი აზრით, მდგომარეს მეტი ჩაეტევა.

   ვარდისფერ შნაპსს უშურველად გვირიგებდნენ, კარდალის სახურავში გვისხამდნენ. სპირტის გემო ჰქონდა, მაგრამ ცივ, ნესტიან ამინდში არ დაიწუნებოდა. მაგარი თუთუნიც გვერგებოდა, მაგრამ – ნორმირებულად. იმდროინდელი ჯარისკაცი ასეთად ჩამრჩა მეხსიერებაში - ამბრაზურასთან მდგომი გუშაგი, კონდახს ზემოთ აბოლებული ჩიბუხით, თავზე წაწვეტებული რუხი ჩაფხუტი ახურავს, მუშტად შეკრული ხელები გრძელი შინელის ჯიბეებში ჩაუწყვია.

   ყველაზე სასიამოვნო მაინც ორენვილში გატარებული დასვენების დღეები იყო - გამოძინება, რეცხვა-ხეხვა და სწავლებები. ასეული მკვიდრად ნაგებ ფარდულში ცხოვრობდა, რომელშიც შესვლა და გამოსვლა მხოლოდ ქანდარასავით მეჩხერი კიბით იყო შესაძლებელი. ფარდული თივით იყო სავსე, მაგრამ შიგ ღუმელები მაინც გვენთო. როგორღაც ღამით ერთ-ერთი ღუმელისკენ გადავგორებულვარ. მხოლოდ იმან გამაღვიძა, რომ თანამებრძოლები ტანზე მოკიდებულ ცეცხლს მთელი მონდომებით მიქრობდნენ. შევძრწუნდი, როცა ვნახე, ჩემი მუნდირი უკან გამომწვარიყო. რაღა დამრჩენოდა, რაღაც ხანი ფრაკის თარგზე შეკერილი კოსტიუმი.

   პოლკში გატარებულმა დრომ საბოლოოდ გაგვიქრო ბავშვობიდან გამოყოლილი ილუზიები: თავგადასავლებისა და ხიფათის ნაცვლად იყო ტალახი, მუშაობა და უძილო ღამეები, რის დასაძლევადაც იმ ტიპის სიმამაცე იყო საჭირო, როგორისთვისაც ნაკლებად ვიყავით მზად. კიდევ უფრო მძიმე იყო მოწყენილობა, რომელიც ჯარისკაცს სიკვდილზე მეტად სძაგს.

   იმედს შეტევაზე ვამყარებდით, მაგრამ ეს მოლოდინიც ფუჭი აღმოჩნდა: ფრონტი ჩამკვდარი იყო, მოქმედებები - შეწყვეტილი. მცირე ტაქტიკური მანევრები მხოლოდ მაშინ ტარდებოდა, როცა პოზიციების გაფართოება ან თავდაცვითი ცეცხლის გაძლიერება იყო საჭირო. ჩვენ ჩასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე რომელიღაც ასეულმა სუსტი საარტილერიო მომზადების შემდეგ ლოკალური თავდასხმა გაბედა სულ რაღაც ასმეტრიან მონაკვეთზე. ფრანგებმა გაანადგურეს თავდამსხმელები, რომელთაგან მხოლოდ ერთეულებმა გამოაღწიეს საკუთარ მავთულხლართებამდე. რამდენიმე გადარჩენილი, თხრილებში ჩამალული, ღამეს ელოდებოდა, რომ სიბნელის საფარქვეშ საწყის პოზიციებზე დაბრუნებულიყო.

   ჩვენი მუდმივი დაღლილობა და გამოფიტულობა იმითაც იყო გამოწვეული, რომ პოზიციური ომის წარმოება დიდ ძალისხმევას ითხოვდა - ყოველდრიურ მძიმე შრომას ელემენტარული ადამიანური ყოფის მოსაწყობად სრულიად ახალ, ჩვენთვის უცხო პირობებში. ჩვენ კი ომისგან სულ სხვა რამეს ველოდით. საგუშაგოების დიდი რაოდენობა და დაუსრულებელი მიწის სამუშაოები ხშირ შემთხვევაში უსარგებლო და ზიანის მომტანიც იყო. ომში მთავარი მკვიდრი და საიმედო სიმაგრეების აგება კი არა, მათ უკან მდგომი ადამიანების სიმამაცე და მხნეობა უნდა ყოფილიყო. სანგრების მუდმივი გაღრმავება ალბათ იცავდა კიდეც ტყვიისგან ჩვენს თავებს, მაგრამ თავდაცვით ნაგებობებზე დამოკიდებულებს გვხდიდა და უსაფრთხოდ ყოფნას გვაჩვევდა. შემდეგ ამ უსაფრთხოებაზე უარის თქმა გვიჭირდა. თავდაცვითი სიმაგრეების სათანადო წესრიგში შენარჩუნება სულ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვდა. ყველაზე მძიმე კი ის დრო იყო, როცა ყინვა უკან იხევდა და სანგრების ყინვით შეკრული ცარცის კედლები უფორმო ტალახად იქცეოდა.

   მართალია, ზოგჯერ ტყვიების ზუზუნიც გვესმოდა, ერთი-ორჯერ რეიმსის ფორტებიდან ჭურვებიც გვესროლეს, მაგრამ ეს უმნიშვნელო საომარი ეპიზოდები ჩვენს მოლოდინს ვერ ამართლებდა. თუმცა ამ უმნიშვნელო მოვლენების მიღმა მიმალული სისხლიანი სინამდვილე ზოგჯერ მაინც გვახსენებდა თავს. 8 იანვარს „ხოხბების ფერმას“ ჭურვი მოხვდა და ასეულის ადიუტანტი, ლეიტენანტი შმიდტი, მოკლა. ამბობდნენ, რომ ფრანგების არტილერიას ამ ფერმის მეპატრონე მეთაურობდა.

   არტილერია პირდაპირ ჩვენი პოზიციის უკან იდგა. წინა ხაზზე მუშამბაში საგანგებოდ შეფუთული ნაღმსატყორცნები გამოაგორეს. მეზარბაზნეებთან საუბრისას შევიტყვე, რომ მათ ტყვიების ზუზუნი უფრო აფრთხობდათ, ვიდრე ჭურვის აფეთქება, რამაც დიდად გამაკვირვა. ყოველთვის ასეა: საფრთხეს, რომელსაც შენი პროფესია შეიცავს, უფრო მშვიდად იღებ და ის ნაკლებად გაშავებს.

   27 იანვარი დგებოდა, როცა შუაღამისას სამჯერ ვიღრიალეთ „ვაშა“ ჩვენი კაიზერის პატივსაცემად და მთელმა ფრონტმა სიმღერით მოგვცა ხმა, გაისმა „იდიდე, გამარჯვების გვირგვინით შემკულო...“

   ამ დღეებში ერთი უსიამოვნება შემემთხვა - ისეთი, ჩემი სამხედრო კარიერის სამარცხვინოდ დასრულება რომ შეეძლო. მაშინ ასეული მარცხენა ფლანგზე იდგა. დილით, უძილო ღამის შემდეგ, მეგობრებთან ერთად საგუშაგოზე გავედი. ციოდა თავზე პლედი მოვიხვიე და ხეს მივეყრდენი, შაშხანა კი იქვე ბუჩქებში ჩავდე, რაც აკრძალული იყო. უცებ რაღაც ხმა გავიგონე და შაშხანას ვეცი - შაშხანა გამქრალიყო! მორიგე ოფიცერი მომპარვოდა და შეუმჩნევლად აეღო. სასჯელიც საკუთარი ახირებით დამიწესა: მხოლოდ წერაქვით შეიარაღებული გამიშვა ფრანგების საგუშაგო ხაზისკენ, ასი მეტრით წინ, რაც შეიძლებოდა სიცოცხლის ფასად დამჯდომოდა. სწორედ მაშინ, როცა ამ სულელურ სასჯელს ვიხდიდი, მოხალისეთა სამკაციანი რაზმი ნაკადულის პირას ლელქაშის ფართო ზოლში მიცოცავდა. ისეთი შარიშური გაჰქონდათ, რომ ფრანგებმა შეამჩნიეს და ცეცხლი გაუხსნეს. ერთ-ერთს, მას ლანგი ერქვა, მოარტყეს და ის მას შემდეგ აღარ გვინახავს. რადგან მე სულ ახლოს ვიყავი, სროლაში მეც მოვყევი. ტირიფის ხესთან გავშეშდი, ტოტები სახეში მცემდა. კბილი კბილს დავაჭირე და ჯიუტად არ ვიძვროდი ადგილიდან. როცა შეღამდა, მომაკითხეს და წამიყვანეს.

   სულითა და გულით გავიხარეთ, როცა შეგვატყობინეს, რომ საბოლოოდ ვტოვებთ ამ პოზიციებს. ორენვილთან ჩვენი განშორებაც ვიზეიმეთ დიდ ფარდულში, მაგარი ლუდი დავლიეთ. 1915 წლის 4 თებერვალს, როცა საქსონურმა პოლკმა შეგვცვალა, მარშით ბაზანკურისკენ გავწიეთ.

 

გერმანულიდან თარგმნა მაია გოგოლაძემ

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული