• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

სექსი, როგორც დანაშაული

×
ავტორის გვერდი ლევან რამიშვილი 00 , 0000 5431

(ფრაგმენტი წიგნიდან)

ანუ

იდიოტებისა და მათ მიერ ჩაკლული სიცოცხლის შესახებ

"მთელი სამყარო დაავადებულია ცოდვით"
ინგმარ ბერგმანი

რატომ უნდა ვკითხოთ სექსის შესახებ აზრი რომის პაპს? მან ხომ ამაზე წესით არაფერი უნდა იცოდეს...

ბევრ რელიგიას სექსი ლამისაა კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად აქვს გამოცხადებული. ამ მხრივ განსაკუთრებული სიმკაცრით (მე ვიტყოდი სისასტიკით) იუდაისტური რელიგიები (ანუ იუდაიზმი და მისი განშტოებები ქრისტიანობა და ისლამი) გამოირჩევიან.

ქრისტიანებს სჯერათ, რომ სექსი ცოდვაა. ამას ქადაგებს ყველა ჯურის ქურუმი, პადრე თუ მამაო... ასეთია კათოლიციზმის, მართლმადიდებლობისა და ბევრი სხვა ქრისტიანული მიმდინარეობის საყოველთაოდ მიღებული, ოფიციალური აზრი.

ეს ცნება, ცოდვა, იმდენად შესწავლილი და დამუშავებულია საქართველოშიც კი, სადაც არასოდეს არაფერი არაა ხოლმე ხეირიანად შესწავლილი, რომ მისთვის რამდენიმე ტერმინიც კი არსებობს: სიძვა, მრუშობა...გამიგონია, სიძვა ისაა, გაუთხოვარი ქალი რომ უცოლო კაცს მიეკარება, მრუშობა კი _ როცა გასათხოვარი მიეკარება ცოლიანსო თუ რაღაც ამდაგვარი. მე ეს არ მაინტერესებს, ამიტომ არ ჩავეძიები.

იუდაისტური და ქრისტიანული მორალის მიხედვით, სექსი ცოდვაა ყველა შემთხვევაში, გარდა ერთისა როცა კაცსა და ქალს რელიგიური ოფიციოზის ნებართვა აქვს მიღებული, ანუ როცა ცოლ-ქმარნი არიან. ამიტომ ადრე, სანამ დაიწერებოდა ვეხისტყაოსანი, ტრისტანი და იზოლდა, რომეო და ჯულიეტა და სხვა სამიჯნურო თხზულებები, ქრისტიანული ეკლესია არ ცნობდა სიყვარულს, მნიშვნელობას არ ანიჭებდა მას. მაგრამ საკვირველია, ნამდვილი საოცრებაა, რომ ქრისტიანობამ ამის შემდეგაც მოახერხა ასეთი მორალის შენარჩუნება. ოფიციალური ქრისტიანული პოზიცია დღესაც ასეთია, სექსუალური კავშირი ყველა შემთხვევაში ცოდვაა, თუ წყვილი "ჯვარდაწერილი" არაა. აი ასე, არც მეტი, არც ნაკლები. ანუ თუ მე მოვიყვანე ქალი ცოლად და დავამყარე მასთან სექსუალური კავშირი, თუნდაც მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ვაიძულე მიეღო ათასნაირი პოზა და დაეკმაყოფილებინა ყველა ჩემი სექსუალური ფანტაზია, და თუ ამასთან ერთად მე ის არ მიყვარს (შეიძლება მძულს კიდევაც), ქრისტიანული მორალის მიხედვით მე ცოდვას არ ჩავდივარ, მაგრამ თუ მე ვეამბორე მკერდზე მკერდზე ნაზად მოვეფერე ქალს, რომელიც მიყვარს, მაგრამ რომელზეც ჯვარი არ დამიწერია, მე ვარ საშინელი ცოდვილი და ვალდებული ვარ დავემხო რომელიმე ახლადგამომცხვარი, გუშინდელი კომკავშირელი "მამაოს" წინაშე, თავი ვურტყა მარმარილოს ცივ იატაკს და ათასჯერ გავიმეორო ძველქართულზე დაწერილი და ამიტომ ჩემთვის გაუგებარი რომელიმე ლოცვა. უნდა მოვინანიო უნდა ვინანო, რომ მოვეფერე იმას, ვინც მიყვარს.

იდიოტები!

იდიოტები არიან ისინიც, ვინც ასეთ მორალს ქადაგებს და ისინიც, ვინც მათ უჯერებს! გონებაშეზღუდული, ჩლუნგი იდიოტები. ასეთებისთვის არ არსებობს არავითარი ლოგიკა, მათ შორის ყველაზე მარტივი და გასაგებიც კი. მაგალითად, თუ არცერთხელ არ მოეფერა შეყვარებული წყვილი ერთმანეთს, როგორღა უნდა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უერთმანეთოდ სიცოცხლე არ შეუძლიათ და აუცილებლად უნდა დაქორწინდნენ? თუ ქორწინება ისევ ისეთი პრიმიტიული, მექანიკური აქტი უნდა იყოს ჩვენთვისაც, როგორიც ეს შუა საუკუნეებში იყო, როცა გოგოს და ბიჭს ჯერ კიდევ აკვანში ნიშნავდნენ?

მაგრამ მოდით სულ თავიდან დავიწყოთ, არის თუ არა სექსი ცოდვა? შეიძლება ადამიანის მიერ დღემდე დაგროვილი ცოდნის გათვალისწინებით ვიფიქროთ, რომ ეს ასეა?

დავიწყოთ იმით, რომ აზრი, რომ სექსი ცოდვაა, იმ რელიგიებთან ერთად დაიბადა, რომლებიც სულ რაღაც ხუთი, მაქსიმუმ ათი ათასი წლის წინ წარმოიშვა. ადამიანი კი, როგორც ეს მეცნიერებისთვის არის ცნობილი, სულ მცირე ხუთი მილიონი წელია, რაც არსებობს. სულ ცოტა ხუთი მილიონი წლის წინათ, კაცები მინდვრებში ყვავილებს კრეფდენ (ან გლეჯდენ) და აღტაცების ნიშნად ქალებთან მიჰქონდათ. ხუთი მილიონი წელია ქალები და კაცები, ისევე როგორც ნებისმიერი ცხოველი, ფრინველი თუ მწერი, ამ საქმით, სექსით არიან დაკავებულნი, რადგან ეს ბუნებრივია და სხვანაირად არც შეიძლება იყოს.

სულ რაღაც ხუთი-ათი ათასი წლის წინ კი გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც თქვეს, რომ სექსი ცოდვაა. მათ შექმნეს დოგმები, რელიგიები და ეს აზრი ხალხს თავს მოახვიეს. ხუთი-ათი ათასი წელია, რაც სექსი ცოდვაა, მაგრამ რა არის ხუთი, თუნდაც ათი ათასი წელი ხუთ მილიონ წელთან შედარებით? არაფერი, თვალის ერთი დახამხამება, არც კი...

ებრაული ფოლკლორის მიხედვით, ღმერთმა ადამი და ევა სამოთხიდან გააძევა, რადგან მათ ვაშლი მიირთვეს და ამის მერე ერთმანეთი `შეიცნეს. ამიტომ თვლიან იუდეო-ქრისტიანული რელიგიები სექსს 'პირვანდელ ცოდვად. ადამს და ევას ეყოლათ შვილები, მათ თავიანთი შვილები. ეს გენეალოგია, რომელიც ძირითადად წინასწარმეტყველებისა და წმინდანებისგან არის დაკომპლექტებული, ებრაული ფოლკროლის კრებულში, ბიბლიაშია მოცემული. მაგრამ აქ ერთი შეუსაბამობაა, თუ სექსი პირვანდელი ცოდვაა, გამოდის, რომ მთელი ეს წმინდანები ცოდვაში, ცოდვის საშუალებით დაიბადნენ. დავიჯერო ამით მათ სიწმინდეს არაფერი მოაკლდა?.. ასეთი იაღლიში მოუვიდათ ძველი აღთქმის ავტორებს, მაგრამ ეს შეცდომა აბრაული ფოლკლორის ერთ-ერთი განშტოების, ქრისტიანობის მამამთავრებმა გამოასწორეს, მათ ქრისტე უბიწოდ შობილად გამოაცხადეს. ამით მათ ძალაუნებურად შეურაცყოფა მიაყენეს და შერყვნეს თვით ბუნება, რადგან გამოდის, რომ თუ მარიამმა "უბიწოდ" შვა ძე, ესეიგი ყველა სხვა შობა, ადამიანის მიერ იქნება ეს თუ რომელიმე სხვა არსების მიერ, "ბიწიერია~. გამოდის, რომ თვით ბუნება, არსებობაა "ბიწიერი"! ის, რაც ჩვენ გვშობს და ყოველწამიერად გვასულდგმულებს, რაც თვით ჩვენში არსებობს და რაშიც ვარსებობთ ჩვენ, თვით სამყარო _ `ბიწიერია~, სიბინძურეა! გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი... ეს ყველაფერი სიბინძურე ყოფილა... ჩემი აზრით ეს ყველაზე გარყვნილი, ბინძური და გათახსირებული აზრია, რაც კი ოდესმე ადამიანს თავში მოსვლია! ის, ვინც ეს მოიფიქრა, იდიოტი გახლდათ და არა მხოლოდ იდიოტი, არამედ გარყვნილი, ბინძური ტვინის პატრონიც...

თუმცა მარიამის ქალწულობის იდეა მხოლოდ იმ ბინძური აზროვნების გაგრძელებაა, რასაც სათავე ძველებრაულ ფოლკლორში უდევს.

საინტერესოა, მაინც საიდან გაჩნდა სექსის "ბიწიერების" იდეა? რატომ გაუჩნდა ადამიანს ეს აზრი თავისი არსებობის ხუთი მილიონი წლის შემდეგ? ერთი ვერსიით, რომელიც მე სრულიად ლოგიკურად მეჩვენება, ეს იდეა ადამიანს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მის ცხოვრებაში საკუთრების ცნება შემოიჭრა. მას შემდეგ, რაც ადამიანმა მოიზომა საკუთარი მიწა, გაიჩინა საქონელი, რომელიც ახლა უკვე მხოლოდ მისი იყო და არა მთელი თემის, მას იმის სურვილიც გაუჩნდა, რომ მისი ერთ-ერთი საკუთრება ქალი სხვასთან აღარ წასულიყო. ასე გაჩნდა "ოჯახის სიწმინდის" იდეა და მასთან დაკავშირებული მთელი ეს მეშჩანურ-მესაკუთრული მორალი, რომელიც შემდეგ რელიგიურადაც დაკანონდა. ადამიანმა მოიგონა "ცოდვა", რომ ქალი ბოლომდე გაეფორმებინა, როგორც მისი პირადი საკუთრება. ამიტომაა, რომ დღემდე შენარჩუნებული იუდეო-ქრისიანული მორალით ცოდვაა არა თავისთავად სექსი, არამედ ქორწინების გარეშე შესრულებული აქტი. ჩემი აზრით, ასეთი მორალის გამოგონება ადამიანის მიერ სიცოცხლისა და თავისთავის წინაშე ჩადენილი ყველაზე დიდი დანაშაულია, ყველაზე დიდი სისულელე და ბოროტება, რაც კი ადამიანს ჩაუდენია, რადგან მას მერე ათასობით წელია, მილიონობით (თუ მილიარდობით) ადამიანი გაორებულია და იტანჯება, იმის ნაცვლად, რომ ღმერთის მიერ ნაბოძები სიცოცხლით დატკბეს და ბედნიერი იყოს... მხოლოდ მეოცე საუკუნეში, როცა ფსიქოლოგია გაჩნდა, შეიცნო ადამიანმა, რომ ევროპული კულტურის ყველა ადამიანში არსებობს ქვეცნობიერი კონფლიქტი მოთხოვნილებასა და მორალს შორის~ (ვილჰელმ რაიხი). რატომ უნდა არსებობდეს ასეთი შინაგანი კონფლიქტი? ნუთუ ბუნებამ, რომლის ყველა ქმნილება თავისთავად მშვენიერი და ჰარმონიულია, ბუნებამ, რომლის შინაგანი თვისებაა თანაბარზომიერება, სიმეტრია, პროპორციულობა, სიმშვიდე, მხოლოდ ადამიანი გაიმეტა და თანდაყოლილი შინაგანი კონფლიქტით გააჩინა? ან თუ ღმერთმა გააჩინა იგი, რატომ გაიმეტა ასე? ქრისტიანები გეტყვიან, რომ ეს ცხოვრება გამოცდაა, რომ ადამიანმა თავის თავში `მდაბალ ინსტიქტებს~, `ცთუნებას~ უნდა ძლიოს და ასე მიაღწიოს, დაუბრუნდეს ღმერთს. მაგრამ ვინ აცდუნებს ადამიანს? პასუხი მუდამ მზადაა - ეშმაკი. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ეშმაკი აქ ვერ გამოგვადგება. შეიძლება ვთქვათ, რომ ეშმაკი ადამიანს ბოროტ აზრებს ჩააგონებს, მაგრამ ვერაფრით ვერ ვიტყვით, რომ ეშმაკი აცდუნებს ადამიანს, როცა ის სექსით კავდება, რადგან ადამიანი მხოლოდ ღმერთმა შექმნა, ყოველგვარი ეშმაკების ჩარევის გარეშე! ესე იგი სექსუალურობაც, რომელიც როგორც ვიცით, ადამიანის თანდაყოლილი, შინაგანი თვისებაა და არა შეძენილი, ღმერთისგანაა (მე ვიტყოდი, რომ ღმთაებრივია...). თუ ღმერთი ადამიანს იმას უთვლის ცოდვად და იმისთვის სჯის, რაც თვითონვე ჩაუნერგა და რაშიც ადამიანი სრულიად უდანაშაულოა, გამოდის, რომ ღმერთი უბრალოდ უსამართლოა, რომ ის სადისტი და ცინიკოსია და ისე ეთამაშება და აპამპულავებს ადამიანს, როგორც კატა ეთამაშება შესაჭმელად გამზადებულ თაგვს და ამით რაღაც სადისტურ სიამოვნებას იკმაყოფილებს. გამოდის, რომ ღმერთი მხოლოდ იმისთვის სჯის ადამიანს და `მარადიული ჯოჯოხეთისთვის~ იმეტებს, რაშიც მხოლოდ თვითონაა დამნაშავე! სხვანაირად, უბრალოდ, არ გამოდის.

ასეთია მასების დამორჩილებისა და მართვის ერთ-ერთი უძველესი ტექნოლოგიის იუდეო-ქრისტიანობის მეთოდი, "ცოდვად~, დანაშაულად ჩაუთვალე ის, რაც თვით მისი არსების ნაწილია და იმდენად ძლიერია, რომ ვერასოდეს მოერევა, რომ ყოველ ჯერზე, როცა საკუთარი ბუნება ძლევს, როცა ბუნების ძალა თავისას გაიტანს, ანუ როცა ცთუნდება~, მუხლებზე დაჩოქილი მოხოხდეს შენს ტაძართან, შენს საკურთხეველს თავი ურტყას და დღედაღამ პატიება შეგთხოვოს. შენც აპატიებ, შემწვარ-მოხრაკული და სხვა სახის `წმინდა~ შესაწირის ფასად. აპატიებ ბუნების მომავალ ამოხეთქვამდე, მომავალ `ცთუნებამდე~ და ასე დაუსრულებლად... საცოდავი ადამიანი! დამახინჯებული და დასახიჩრებული სულიერად და ფიზიკურად... საცოდავი ადამიანი, რომელმაც მხოლოდ მეოცე საუკუნეში შეიტყო ხეირიანად, რამხელა ზიანი მოაქვს მისთვის სექსუალურ ჩახშობას, როგორ მართებს ნერვოზებს, ისტერიას და სხვა ათასგვარ ფსიქიკურ თუ ფიზიკურ დაავადებას... და ეს ყველაფერი `ღმერთს უნდა?... ძალიან კეთილი ღმერთი კი გამოდის, მე და ჩემმა ღმერთმა! _ თავისი ხელით ჩაგიმონტაჟა გაჩენის დღეს ის, რისთვისაც თვითონვე გსჯის და თანაც არჩევანსაც არ გიტოვებს: ჩაიდენ "ცოდვას" - იმქვეყნიური ჯოჯოხეთი გელის, არ ჩაიდენ და ამქვეყნიური ჯოჯოხეთი: ნერვოზი, დეპრესია, შიზოფრენია...

იუდეო-ქრისტიანობამ და სხვა მორალისტურმა, რეპრესიულმა რელიგიებმა ადამიანი ჩიხში მოამწყვდიეს, მაგრამ მეცნიერების განვითარების შედეგად საბოლოოდ თვითონ აღმოჩნდენ ჩიხში საქმე ისაა, რომ იუდეო-ქრისტიანული შეხედულება სექსსზე, ანუ სექსის `ცოდვილობის~ იდეა ვერაფრით ვერ ეთავსება ადამიანის მიერ დღესდღეობით მოპოვებულ მეცნიერულ ცოდნას სექსის შესახებ. ამიტომ ზემოთხსენებული რელიგიები კონფლიქტში არიან მეცნიერებასთან, ნამდვილ, ობიექტურ ცოდნასთან და ამ კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია. მეცნიერება ვერავის ხათრით ვეღარ უარყოფს იმ ფაქტს, რომ სექსუალური ჩახშობა ადამიანს აავადებს, რელიგია კი სანაგვეში ვერ მოისვრის იმას, რაც მის "წმინდა" წიგნში წერია. ამიტომ ეს კონფლიქტი, ისევე, როგორც ადამიანის შინაგანი გაორება, იარსებებს მანამდე, სანამ თვით ეს რელიგიები არსებობს.

სანამ სექსის "ცოდვილობის" იდეა საბოლოოდ არ გაკოტრდება, მანამდე იარსებებენ იდიოტები, რომლებიც სიცოცხლეს ჩაკლავენ, ადამიანებს დაასახიჩრებენ და სამყაროში ჰარმონიის ნაცვლად აგრესიას, ტკივილსა და სიგიჟეს მოიტანენ. სანამ იარსებებს სიტყვა "ცოდვა"? იმედია, რომ ძალიან დიდხანს აღარ...

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული