• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

გარდაქმნა

×
ავტორის გვერდი ლევანი ფილაური 16 ივნისი, 2021 2112

 

   ზეცაში დავფრინავდით, მე, ორი ბარტყი და მათი დედა, ჩვენ ოთხივეს ერთი გზა გვქონდა, ერთი მიმართულება და ერთი დანიშნულების ადგილი. ჩვენ ადგილს ვეძებდით სადაც დავსხდებოდით და მოვისვენებდით, ადგილს რომელსაც სახლს დავარქმევდით, სახლს სადაც ვიცხოვრებდით. მცხუნვარე მზე ზურგებს გვითბობდა და გვწვავდა, ფრთებს გვიშრობდა და გვიფიტავდა, სამაგიეროდ მიწისკენ მოქცეული გულმკერდი გვქონდა გრილი. ხან ზემოთ ავიჭრებოდით მთასა და ბარს გადავსერავდით, ხანაც დაბლა ვეშვებოდით მდინარეებსა და ზღვებს ვკვეთდით, დაუღალავად და შეუჩერებლად მივფრინავდით, ჰაერში ვლივლივებდით და ფრენისგან დაძაბულ ფრთებს ქარის ნაზი შეხებით ვასვენებდით. დღეებია მიწაზე ფეხი არ დაგვიდგამს, არ შეგვისვენია, საკვები და წყალი არ მიგვიღია. გვიჭირდა, მაგრამ ვუძლებდით, ჩვენ ხომ გამძლეობით გამოვირჩევით, შიმშილსა და წყურვილს არ ვუშინდებით, ცხოველური საკვების გარეშეც შეგვიძლია არსებობა, მართალია არა სამუდამოდ, მაგრამ იმაზე მეტ ხანს ვიდრე ეს რომელიმე სხვა არსებას შეიძლება შეეძლოს.

   ფრენა ადრეულ ასაკში ვისწავლე, ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი პირველად რომ ფრთები გამოვისხი და ცაში ავიჭერი. ჩიტებს შევყურებდი ხოლმე და მათი მშურდა, ისე უდარდელად, ლაღად და თავისუფლად დაფრინავდნენ, ქარსა და საკუთარ ენერგიას მინდობილნი ღრუბლებში დაფარფატებდნენ. მაშინ ვიგრძენი პირველად დაუოკებელი წადილი მიწას მოვწვეტოდი და მეც მათ კვალს გავყოლოდი, მათსავით მეფრინა, მათსავით მეცხოვრა. და ერთ მშვენიერ დღესაც მე მიწიერ ცხოვრებაზე უარი ვთქვი, მივატოვე ჩემი ბუნება და ჩემი სახეობა, ჩემში ცხოველი უარვყავი და გავხდი ფრინველი, მიწას მოვწყდი და ცაში დავიწყე ცხოვრება. ყოველთვის მეშინოდა მიწის და ამასთანავე მთელი არსებით მიყვარდა იგი, მაგრამ საკუთარი არსებისა და სხვა მიწის ბინადართა მიმართ ჩემი შიში იმდენად ძლიერი იყო რომ საყვარელსა და სანატრელ მიწაზე უარი ვთქვი და მას ცა ვანაცვალე.

   ფრინველებმა მასწავლეს როგორ მეფრინა სწორად, როგორ დამეზოგა ენერგია და გავმკლავებოდი ქარების ამოუცნობ ნაკადებს, როგორ დამესვენა მიწაზე ფეხის დაუდგმელად და როგორ მომეპოვებინა საკვები, როგორ გავქცეოდი მტაცებლებს და როგორ დამეცვა თავი. მიუხედავად იმისა რომ მიწაზე ბევრი მტაცებელია და მეც სწორედ მათ გავურბოდი არც ცაში დამხვდა სრული უტოპია, ცაშიც არიან მტაცებლები და ზოგი მათგანი მიწის არსებებთან შედარებით ბევრად შემზარავიც კია. ცაში გაქცევა მარტივია, ქარს მიენდობი, ფრთებს მოიქნევ და უკიდეგანო ღრუბლებში მტვერივით გაიფანტები, მიწაზე სირბილი ყოველთვის მიჭირდა, აი ცაში კი ჩემზე სწრაფი ფრინველი მეორე არ მოიძებნება, როგორც კი საფრთხეს ვიგრძნობ და მტაცებლის სუნს ვიყნოსავ მაშინვე თვალსა და ხელს შუა ვქრები და არავის შეუძლია მე გამეჯიბროს, დამეწიოს და დამაზიანოს. მიწაზე ხშირად ვიქცეოდი, ვდგებოდი და ისევ ვიქცეოდი, ვიმტვრეოდი, ვიკაწრებოდი, ვტყდებოდი და ვნადგურდებოდი, ცაში კი ქარი ჩემი მეგობარია, როცა კი მისი დახმარება მჭირდება ის მაშინვე ჩემს ფრთებს ქვეშაა, უკნიდან მიბერავს და წინ მიმაქროლებს, მიწამ დამტანჯა ცამ კი მიპატრონა, მიმიღო და შემიფარა.

   ცაში უგზოუკვლოდ ხეტიალისას ბევრ ფრინველს შევხვდი, ზოგი ვიღაცას მისდევდა, ზოგი ვიღაცას გაურბოდა, ზოგიც მიწაზე ეშვებოდა და უკან აღარ ბრუნდებოდა. ბევრს დავუმეგობრდი და ბევრიც მტრად გადავიკიდე, იყვნენ ისეთებიც ვინც ახლოს არ მიკარებდა, არც გამირბოდნენ მაგრამ არც ჩემთან ურთიერთობის სურვილი უჩნდებოდათ. სწორედ იმ პერიოდში როცა უმისამართო ფრენა მომბეზრდა, სწორედ მაშინ შევხვდი ბარტყებსა და მათ დედას. თავიდან ჩემი ეშინოდათ, მტაცებელი თუ ვეგონე, არადა მტაცებლის არც იერი მაქვს და არც სხვა რამე ნიშან-თვისება. ისევ ბარტყებმა მიმიშვეს ახლოს, მათთან ერთად ვთამაშობდი და ფრენაში ვეჯიბრებოდი, დედამ რომ დაინახა მათთვის საფრთხეს არ წარმოვადგენდი და არც ზიანის მიყენება მქონდა განზრახული თავადაც მიმიღო. მან გამანდო მათი მოგზაურობის მიზანი და ჩემს ხეტიალსაც ბოლო მოეღო, ისინი ბინას ეძებდნენ, ადგილს სადაც დასახლდებოდნენ, მიწას სადაც უსაფრთხოდ დასხდებოდნენ და ფრთებს დაასვენებდნენ. მიწის გაგონებაზე ისევ შიში დამეუფლა, მიუხედავად იმისა რომ საკვებისა და სასმელი წყლის მოსაპოვებლად იშვიათად მაგრამ მაინც მიწევდა მიწაზე დაშვება, მიწაზე დასახლებამ თავზარი დამცა. თავიდან ვიუარე მათთან ერთად სანატრელი სახლის ძიება, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი, რას ვაკეთებ, რა მინდა, საით მივექანები და საიდან მოვდივარ. ჩემი ადგილი მიწაზეა, დიდ ხანს გავურბოდი მას, დავიღალე უგზოუკვლოდ ფრენითა და გამუდმებული გაქცევით. შიშის დაძლევისა და მიწაზე დაბრუნების დრო დადგა, და აი მეც მათ შევუერთდი ვინც მიწას ეძიებდა.

 

* * *

 

   მზეს მივყვებოდით, მზეს რომელიც თბილ ქვეყანას გვპირდებოდა, თეთრი ღრუბლები გავიარეთ და საავდრო ღრუბლებიც გამოჩნდა. ახლომახლო მიწა არსად ჩანდა, უკან გაბრუნებას აზრი არ ჰქონდა, შავი ღრუბელი მაინც წამოგვეწეოდა და ჩვენ გადავწყვიტეთ პირდაპირ შტორმში გვეფრინა. ერთად შევჯგუფდით, ბარტყები წინ მოვიქციეთ, ხოლო უფროსები უკან მივყევით და წვიმიან ამინდს შევეგებეთ.

   ქარიშხალი ამოვარდა და წვიმა წამოვიდა, ღრუბლებში ელვის მანათობელი ენები გაკრთა, აქაიქ მეხიც გავარდა. ძლიერად და ხმაურიანად ჭექდნენ ერთმანეთს შეხლილი შავი ღრუბლები, წვიმა დაუღალავად ეშვებოდა ქვემოთ, უსასრულობისკენ. ჩვენ ფრენას განვაგრძობდით, ფრთები გვსიველდებოდა, მზერა გვებინდებოდა მაგრამ მაინც მივფრინავდით. წყლისგან ჩამპალი ფრთების ყოველი მოქნევა დიდძალ ენერგიად გვიჯდებოდა, ბარტყები დაიღალნენ, სულ მალე ფრენას ვეღარ შეძლებდნენ. მიწა არსად ჩანდა, ჩემთვის ასე საძულველი და სანატრელი მიწა... საერთოდ არაფერი ჩანდა, ყველაფერი ნისლსა და წვიმას დაეფარა. უიმედობით შეპყრობილნი დაბლა დავეშვით, იმ იმედით რომ დასაჯდომ ადგილს ვიპოვიდით, მიწის სულ მცირე ნაგლეჯს მაინც მოვკრავდით თვალს და შტორმისგან თავს შევაფარებდით. მაგრამ მაინც არაფერი ჩანდა.

   ჩვენს წინ მეხი გავარდა და პიტალო კლდის წვერს ტკაცუნით დაენარცხა, წამით გაგვანათა და გაანათა ჩაბნელებული კლდის სილუეტიც. მხოლოდ თვალის მოკვრა მოვახერხე, კლდეზე მუქი ჩრდილები იდგნენ და ცას აჰყურებდნენ. მეხის გავარდნამ ავდრის სუნთან ერთად დამწვრის სუნი და შემზარავი კივილი მოიყოლა. შემდეგ ბევრი აღარაფერი მახსოვს, მხოლოდ შეკივლების ხმა განმეორდა და ის ჩემთან ძალიან ახლოს იყო, ფრთებში ტკივილი ვიგრძენი, რაღაც შემერჭო, ჯერ ერთი ფრთა მომტყდა შემდენ მეორე და სახეზე სისხლის წვეთები შემეღვარა, წონასწორობა დავკარგე და ჩამოვვარდი...

   გამომეღვიძა, პირველი რაც დავინახე მოწმენდილი ცა და მზის სხივი იყო, რომელიც ზემოდან ქვემოთ ეშვებოდა და პირდაპირ სახეში მანათებდა. ზურგით უცნაურ შეხებას ვგრძნობდი, სასიამოვნოც იყო და ცოტათი მტკივნეულიც, ბალახის სუნიც იქიდან მოდიოდა, ბალახის და მიწის... ზურგით მიწაზე ვიწექი და სახით ზეცას ავყურებდი, ზეცას საიდანაც ჩამოვვარდი. კიდურებში ტკივილი ვიგრძენი, ფრთებს ვერ ვამოძრავებდი, ფეხებს კი გაჭირვებით, მაგრამ მაინც ვგრძნობდი. ფრთებს... შეშფოთებულმა თავი მივატრიალე და კიდურებს დავხედე, ფრთები არ მქონდა, ისინი სადღაც გამქრალიყვნენ და მათ მაგივრად გასისხლიანებული ხელები მება, ხელები და არა ფრთები, ადამიანის ხელები... ხან ერთ ხელს შევყურებდი ხან მეორეს, არა, ნამდვილად ხელები იყო, თითებსაც კი ვგრძნობდი, ყველა მათგანს სათითაოდ, ბუმბულიც კი არ ესხათ, ნამდვილი ხელები იყო. მაშინ ვიცოდი, არა ვგრძნობდი რომ ფრთები სამუდამოდ დავკარგე და მათთან ერთად ფრენის უნარიც სამუდამოდ გაქრა.

   იმასაც ვგრძნობდი რომ მარტო არ ვიყავი, სხვა არსებების სუნი მცემდა, არსებების რომელთაც მანამდე არასდროს შევხვედრივარ, მათი არსებობა, სუნი აქამდე არასდროს მიგრძვნია. გაჭირვებით წამოვწიე თავი და მიმოვიხედე, ტყესა და კლდეს შორის გადაჭიმულ პატარა მინდორში, ხასხასა ბლახზე ვიწექი. გარშემო არავინ ჩანდა, სუსტი ქარი ქროდა და ტყიდან მონაბერ ფოთოლთა შრიალს პიტალო კლდისკენ მიაქანებდა. ხელებს ვერ ვამოძრავებდი, ყოველ შეტოკებაზე საშინელი ტკივილი მწვავდა, წამოვჯექი და სისხლიან კიდურებს დავაცქერდი, ჯერ კიდევ ვერ ვეგუებოდი იმ ფაქტს რომ ფრთები სადღაც გამქრალიყო და მათ მაგივრად ხელები მქონდა, სისხლიანი, მკლავსა და მხრის მიდამოში გამჭოლი ჭრილობით დაზიანებული ხელები. ორივე ხელზე ორი დიდი ნახვრეტი მქონდა, ზედ მიმხმარი დამწვარი ხორცის ნაგლეჯებით დამშვენებული, ვიღაცას ჩემი ჭრილობები დაემუშავებინა, სისხლდება შეეჩერებინა და დეზინფექციის მიზნით ცხელი საგნით ამოეწვა.

   ფეხზე წამოდგომა მოვახერხე, მართალია ხელები საშინლად მტკიოდა მაგრამ მათი ამოძრავებაც შევძელი. თავიდან მეგონა სიარული გამიჭირდებოდა, დავბარბაცდებოდი, წონასწორობას დავკარგავდი და დავეცემოდი, მანამდე მიწაზე ფეხის დადგმა ხომ იშვიათად მიწევდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად სავსებით ადვილად და მოხერხებულად შევძელი მწვანე ბალახზე ნაბიჯის გადადგმა. მზე აცხუნებდა, ქარი შრიალებდა, მიწის არსებები არსად ჩანდნენ, ვერც იმათ ვხედავდი ვისი სუნიც მეცა და ვერც მათ ვინც ჩემი დაჭრა მოახერხა. ჯერ ტყეს გავხედე, სიმწვანე მოჭარბებულ ხეთა ერთობას სიცოცხლისა და სიმშვიდის აურა დასტრიალებდა, იქიდან მომავალი სიგრილე და სიჩუმე ჩემამდე სასიამოვნოდ აღწევდა. შემდეგ კლდის მოტიტვლებულ მწვერვალს გავხედე, გაქვავებული ფერდობი ამაყად წამოჭიმულიყო და ზღვის სანაპიროს ზემოდან გადაჰყურებდა. კლდის გამოშვერილი ნაწილიდან კვამლი ამოდიოდა, ცისკენ იბნეოდა და დამწვრის სუნს აქაიქ, მძლივსშესამჩნევად ფანტავდა. მეც იქით დავიძარი, მხოლოდ მაშინღა გამახსენდა რომ მარტო არ ვმოგზაურობდი და ჩემთან ერთად შტორმში ჩემი თანამგზავრებიც მოჰვნენ, ნეტავ მათ რა ბედი ეწიათ, ისინიც ხომ არ ჩამოვარდნენ, მათაც ხომ არ დაკარგეს ფრთები, ისინიც ხომ არ დასახიჩრდნენ, ფიქრს ფიქრი ცვლიდა და თანდათან კლდეს ვუახლოვდებოდი.

   მინდორი გადავკვეთე და კლდის ფერდობს მივადექი, ქვის ნამტვრევებითა და უზარმაზარი ქვებით გარშემორტყმულ ბილიკს წავაწყდი და გულში გამიხარდა, წინასწარ უხეშსა და გაუვალ გზაზე სიარულისთვის ვემზადებოდი და თავ ბედს ვიწყევლიდი რადგან მეგონა კლდეზე ასვლას ვერ შევძლებდი, მაგრამ ბილიკის გამოჩენით ფუჭი ეჭვები გამიქრა და კლდეზე ასვლა დავიწყე. ნელი ნაბიჯით მივიწევდი წინ, ვჩერდებოდი, ვისვენებდი და გზას განვაგრძობდი, ბილიკი იცვლებოდა, უსწორმასწორო, დაკლაკნილ გველს დამსგავსებოდა და ხშირად ერთი ადგილიდან მეორისაკენ უხვევდა. ვისაც არ უნდა გაეყვანა ეს ბილიკი კარგად ეშრომა, რადგან როდესაც მეტად შემაღლებული ადგილების გავლა მიწევდა იქვე კლდეში ამოკვეთილი საფეხურები ჩნდებოდა. საკმაოდ მაღლა რომ ავედი შევჩერდი, სული მოვითქვი და უკან, დაბლა ამოვლილ გზას გადავხედე, იქიდან მინდორი ხელის გულივით ჩანდა, მინდორი და ტყის ხაზი რომელიც სადამდეც თვალი გასწვდებოდა მწვანედ გადაჭიმულიყო. მომავალზეც ვიფიქრე, იმ დროზე როდესაც იმ ადგილიდან წასვლა დამჭირდებოდა და გავაცნობიერე რომ ტყის გავლა უეჭველად მომიწევდა, რადგანაც ერთადერთ გზის გაგრძელებად სწორედაც რომ უღრანი ტყე ჩანდა.

   როგორც იქნა კლდის გამოშვერილ ნაწილს მივაღწიე და კვამლმაც იმატა, ახლა უკვე კვამლისა და შემწვარი ხორცის სუნი ძალიან ახლოდან მცემდა. ენაზე ნერწყვი მომადგა, მშიოდა, საშინლად მშიოდა. ერთი აღმართიც ავიარე და ჩემს წინ საშინელი სანახაობაც წამის უსწრაფესად გადაიშალა. კლდის მოტიტვლებულ, მოსწორებულ გამოშვერილზე დიდი კოცონი ენთო და კოცონზე სამი შამფური ელაგა, სამივეზე გვამები აეცვათ და მოგიზგიზე ცეცხლზე შესაბრაწად დაელაგებინათ. შეშფოთებულმა მიმოვიხედე, იქვე, ცეცხლის მახლობლად ბუმბულები და დაჭრილი ფრთები ეყარა, გულმა ბაგაბუგი დამიწყო, სისხლის გუბესა და იქიდან ბილიკად მიმავალ სისხლის წვეთებს დავაცქერდი, კოცონისკენ მიდიოდა, კოცონისკენ სადაც ჩემი მეგობრები ელაგნენ და იბრაწებოდნენ... ყველაფერი ნათელი გახდა, ყველაფერს მაშინვე მივხვდი, სამი გვამი და ბუმბულები, დაჭრილი ფრთები და სისხლის გუბე, აბა განა სხვა რა უნდა ყოფილიყო, ნამდვილად ისინი იყვნენ, ნამდვილად ჩემი მეგობრები დაეხოცათ და შამფურებზე წამოეგოთ. დავბარბაცდი, გულმა ჩხვლეტა დამიწყო, პირველმა რაც თავში გამიელა ის იყო რომ ეს რა სისულელე ვქენი, აქ რამ ამომიყვანა ხომ შეიძლება მეც იგივე ბედი გავიზიარო მეთქი, საკუთარ თავზე დავფიქრდი, საკუთარი ბედ იღბლის დარდი მქონდა არათუ დაკარგული მეგობრების, ბარტყებისა და მათი დედის. შემრცხვა მაგრამ თავი იმით გავიმართლე რომ მკვდრებს მაინც აღარაფერი ეშველებოდათ და რა აზრი ქონდა ფუჭ გლოვასა და დარდს, ისინი მოკლეს, გაპუტეს, ფრთები დააჭრეს, გამოშიგნეს და შესაჭმელად მოამზადეს. დაბრაწული მათი სხეულები მზის სხივზე ოქროსფრად პრიალებდა, დამდნარი ქონის წვეთები ნაკვერჩხალს შიშხინით ესხმეოდა, მადისაღმძვრელი სუნი იდგა, მაგრამ ის ჩემში მხოლოდ გულისრევას იწვევდა, შამფურებზე ხომ ჩემი დახოცილი მეგობრები აესხათ.

   ხმაური მომესმა, საუბრის ხმებმა ჩემამდე მოაღწია, კოცონს ვიღაცეები უახლოვდებოდნენ, სავარაუდოდ ჩემი მეგობრების მკვლელნი და ისინი ვინც ჩვენ ციდან ჩამოგვყარა. შემეშინდა, შიში მთელი სიმძლავრით შევიგრძენი, შემეშინდა მეც იგივე ბედი არ გამეზიარებინა რაც ჩემს მეგობრებს ეწიათ. უკან დავიხიე, კოცონს თვალს არ ვაშორებდი და ყურადღება მოკრებილი ჩემსკენ მომავალ ხმებზე ვკონცენტრირდი. დავბარბაცდი, უკუ სვლით კოცონს ვშორდებოდი რომ რაღაცას წამოვედე, ზურგით მყარ, რბილ და თბილ საგანს შევეხე. წამის უსწრაფესად მოვტრიალდი და გავშეშდი, ჩემს წინ უზარმაზარი სხეული აღმართულიყო, ადამიანის სხეულს შიშველი ტანი თმით ჰქონდა დაფარული, დაუბანელი, ქარისგან გამომშრალი თმა მუხლებამდე ჩამოზრდოდა. წარბშეკრულმა გოლიათმა თვალებიდან თმა გადაიყარა და გამყინავი მზერით ჩამაშტერდა.

   - საით გაგიწევია მეგობარო? - ბოხმა, შემზარავმა ხმამ დაიგრგვინა.

   გავიყინე, მის ხმაში იყო რაღაც გამყინავი, სიძლიერისა და დიდებულების გამომხატველი.

   - საით გაგიწევია მეთქი, სადილზე არ დაგვეწვევი?

   სადილზეო? სადილზეო... გულისრევა მძლივს შევიკავე, თვალებზე ცრემლი მომადგა, წავიქეცი, გოლიათს ხოხვით მოვცილდი და ავყვირდი.

   - არ მომკლათ! არ მომეკაროთ! მომშორდით!- ავქვითინდი და გოლიათს თვალი ავარიდე.

   - დამშვიდდი, შენს მოკვლას არავინ აპირებს, მე ხომ მხოლოდ სადილზე დაგპატიჟე.

   - არ მომეკაროთ მეთქი! მკვლელებო, მტაცებლებო, ჩემი შამფურზე წამოგება და შეჭმა გინდათ, განა ვერ ვხვდები რის გაკეთებასაც მიპირებთ, არ მომეკაროთ მეთქი!

   გოლიათმა ამოიხვნეშა, ჩემსკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა.

   - დამშვიდდი მეთქი! -  დაიყვირა და ტანში სისხლი გამეყინა, კლდემ მისი ყვირილი ექოდ აიტაცა და არემარეს ვიბრაციად მოედო, სადღაც შორს, ხიდან დაფეთებული ჩიტები ყიჟინით აფრინდნენ.

   დავდუმდი, სხვა რა გზა მქონდა, ჩუმი სლუკუნით ფეხზე წამოვდექი და კოცონისკენ მივტრიალდი, იქ ისეთივე ადამიანები იდგნენ, შედარებით დაბლები ვიდრე ის გოლიათი იყო, მაგრამ ისინიც ზუსტად ისევე გამოიყურებოდნენ. ზოგს ხუჭუჭა თმა ჰქონდა, ზოგს ჩანჩქერივით დავარდნილი, ისინი იდგნენ და მიყურებდნენ, თმა ფეხებამდე გაეზარდათ და ყოველი მათი ემოციის ცვლილებასთან ერთად თმაც იცვლებოდა, მოძრაობდა, ზომაში იზრდებოდა და მცირდებოდა. ზოგს სახეზე დაბნეულობა შევატყე, ზოგსაც გაბრაზება, მაშინ შევამჩნიე რომ გაბრაზებისას მათი თმები დანასავით ბასრი ხდებოდა.

   - სულ ტყუილად გეშინია, შენთვის რამის დაშავება რომ გვდომოდა ჭრილობებს კიარ დაგიმუშავებდით და შტორმიდან კიარ დაგიხსნიდით. - გოლიათმა გაღიმება სცადა, ტუჩები ოდნავ მოკუმა და სახე დაეჯღანა, ალბათ მისი ნაკვთები გაღიმებას მიჩვეულნი არ იყვნენ. - ერთი ეს გვითხარი ცაში რას აკეთებდი?

   - ცაში რას ვაკეთებდი? - გავიმეორე შეკითხვა, მართლაცდა რას ვაკეთებდი. - რას ვაკეთებდი და დავფრინავდი, თქვენ კი ჩამომაგდეთ, ჩემი ფრთები მომპარეთ და დამჭერით, ჩემი ფრთები სად არის? სად წაიღეთ? რა უყავით? ან ჩემი მეგობრები რატომ დახოცეთ ,თუ მე დამინდეთ იმათ რაღა დაგიშავეს?

   ვატყობდი თანდათან აზროვნება მიბრუნდებოდა, თითქოს გოლიათის სიტყვებმა რომ უნდა დავმშვიდებულიყავი და არაფრის შემშინებოდა ჩემზე იმოქმედა და მართლაც დავმშვიდდი, აღარ მეტირებოდა, აღარ ვცქმუტავდი, ვმშვიდდებოდი.

   - როდის აქეთ მეგობრობს მაქცია ფრინველებთან და როდის აქეთ დაფრინავს ცაში? იცი მეგობარო ჩვენ შენზე მეტად გავოცდით როცა ჩამოვარდნილს ფრთები გესხა შემდეგ კი გაგიქრა და მათ ადგილას ხელები გამოგეზარდა, ბუმბული მოგცილდა და კანი გამოგიჩნდა.

   - მაქცია? - რა მაქცია, რეებს მიედ-მოედება, ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.

   - დიახ მაქცია, შენ ხომ მაქცია ხარ, განა ასე არ არის? შენ ხომ ფორმების შეცვლა შეგიძლია, ტრანსფორმაცია, სხვა არსებებად გარდასახვის უნარი ხომ გაგაჩნია?

   - დიახ მაგრამ მე... - დავიბენი, პირველად მესმოდა სიტყვა მაქცია და მითუმეტეს ჩემთვის არასდროს უწოდებიათ.

   გოლიათი მომიახლოვდა, ჩემდა გასაკვირად მისი არ მეშინოდა, არ გავურბოდი, არ ვიმალებოდი, ალბათ პასუხები მსურდა, მან ჩემს შესახებ რაღაც ისეთი იცოდა რაც მე არასდროს მცოდნია.

   - შენს გულზე ამოკვეთილ სიმბოლოზე რაღას იტყვი, - და თითით გულზე მიმითითა. - განა ეს მაქციის ნიშანი არ არის? დიახ, შენ ნამდვილად მაქცია ხარ, მტაცებელი, მონადირე მაქცია, მხოლოდ მეტად უცნაური, აქამდე არასოდეს გვინახავს მაქციას ფრთები შეესხას და ცაში სხვა ფრინველებთან ერთად ეფრინოს.

   - ეს რასაც სიმბოლოს ეძახით თანდაყოლილი ლაქაა, ის დაბადებიდან მაქვს, მხოლოდ და მხოლოდ ლაქაა მეტი არაფერი.

   - დიახ, რათქმაუნდა ლაქაა, დაბადებიდან გაქვს, და ეს ლაქა მხოლოდ მაქციებს აქვთ. ეს შენი ტომის ნიშანია, შენი გვარის, კლანის, სახეობის ნიშანი. და მაინც ცაში რა გინდოდა, ან როგორ მოახერხე ფრინველად გარდასახვა?

   კოცონისგან მოშორებით ჩამოვსხედით, გოლიათმა დიდ ქვაზე მოიკალათა და გულისყურით მოსასმენად მოემზადა, დანარჩენები კოცონთან ტრიალებდნენ და აშიშხინებულ ხორცს აქეთ-იქით ატრიალებდნენ, გული აღარ მერეოდა, ვერაფერს ვგრძნობდი, ვერც ზიზღს და ვეღარც დანაკარგს, თითქოს გრძნობებისგან დავცლილიყავი. მოვუყევი, ფრინველად გარდაქმნის დღიდან ზეცაში გატარებულ დღეებზე ყველაფერი მოვუყევი რისი გახსენებაც შევძელი. ვუამბე როგორ ვისწავლე ფრენა, საკვების მოპოვება, მტაცებლებისგან თავის დაღწევა, როგორ შევიძინე და დავკარგე მეგობრები, ვუამბე ბარტყებსა და მათ დედაზე რომლებიც მათ დახოცეს და შამფურებზე წამოაგეს, მათთან გატარებულ დღეებსა და ჩვენს მისიაზე გვეპოვა სახლი.

   - ესეიგი შენ, მიწის არსებამ მიწა მიატოვე, ცაში აიჭერი, გაიჩინე ფრინველი მეგობრები და მტრები და მთელი ამ ცაში გატარებული დროის შემდეგ მაინც მიწაზე დაბრუნება გადაწყვიტე, ხომ ასეა? თავად მტაცებელი მტაცებლებს გაურბოდი, არათუ თავად გენადირა სხვის ლუკმად ქცევას ერიდებოდი. - გოლიათმა ჩაახველა, ნერწყვი გადაყლაპა და თვალი გამისწორა. - მიწა მიატოვე, საკუთარი არსება უარყავი და ზეცაში ფრენით გაბეზრებულმა ისევ მიწას მიაშურე, მეტად უცნაური და საინტერესოა შენი თავგადასავალი. შენი მეგობრების გამო კი ძალიან ვწუხვარ, ჩვენც მონადირეები ვართ, ჩვენც არსებობისთვის ვიბრძვით, გადარჩენისთვის ვკლავთ და არა გასართობად.

   ჩემი მეგობრები, განა კი იყვნენ ისინი მეგობრები? ახლა როცა მიწაზე დავეშვი და მიწის არსებებს შევხვდი თავს მათ მეგობრად სულაც აღარ ვთვლიდი, ისინი საკვებად იქცნენ, ყველა არსება შეიძლება საკვებად იქცეს.

   - მიწაზე გატარებულ დროზე რას იტყვი, - განაგრძო გოლიათმა. - სანამ ფრთებს გამოისხამდი მანამდე ვინ იყავი, სად ცხოვრობდი, საერთოდ არაფერი გახსოვს?

   უარის ნიშნად თავი გავაქნიე, გოლიათს ქვემოდან ავხედე და მის დაკვირვებულ მზერას თვალი გავუსწორე.

   - არა, სამწუხაროდ საერთოდ არაფერი მახსოვს, დღევანდელ დღემდე ისიც კი არ ვიცოდი რომ მაქცია ვიყავი, მტაცებელი, მონადირე მიწის არსება. მთელი ცხოვრება მტაცებლები მძულდა, სისხლით შეღებილი მათი კლანჭები გულს მირევდა და დღეს თურმე მეც მათნაირი ვყოფილვარ.

   - რას იზამ, ასეა, ბუნებას ვერაფერს გაუხერხებ, ის ხარ რადაც შეიქმენი, შენ მტაცებელი ხარ და ამას უნდა შეეგუო, სხვანაირად დაიტანჯები, ანდაც შეიძლება განადგურდე კიდეც.

   გოლიათმა მომითხრო მათ ტომზე, მათ საქმიანობაზე, ისინი მომთაბარედ ცხოვრობდნენ, შემგროვებლობითა და ნადირობით გაჰქონდათ თავი, მათ იარაღს კი საკუთარი თმა წარმოადგენდა, შუბებივით ბასრი თმებით იბრძოდნენ და ნადირობდნენ.

   - ეს ჩვენი დროებითი ბანაკია, აქ სანადიროდ მოვდივართ ხოლმე, სანაპიროზე ბევრი ფრინველი ბინადრობს - და ხელით ზღვისკენ მიმითითა. - გადამფრენი ფრინველიც ბევრია და გადმომფრენიც, ერთი სიტყვით საკვების შესაგროვებლად მშვენიერი ადგილია. ძირითადად ტყიან ადგილას ვსახლობთ ხოლმე, ტყეში ბევრი ნადირია, ხილიც ბევრია და კენკრაც, მდიდარია დალოცვილი მიწა, ის მშიერს არასდროს გტოვებს, მთავარია იცოდე საკვები როგორ მოიპოვო და იმაზე მეტი არ აიღო ვიდრე გჭირდება.

   - მაქციების შესახებ რა შეგიძლიათ მითხრათ? როგორც მითხარით მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, მეტის გაგება მსურს მათ... ჩემს შესახებ.

   - ო, მაქციები ძლევამოსილნი არიან, ისინი ძირითადად მგლის ფორმით წარმოგვიდგებიან ხოლმე და ხროვებად ნადირობენ, მაგრამ არიან მარტოსულნიც. სხვადასხვა არსების ფორმის მიღება მათთვის სირთულეს არ წარმოადგენს და ხშირ შემთხვევაში მათი განსხვავაბაც შეუძლებელია, ისინი ისე ოსტატურად ითვისებენ ყველა იმ არსების ნიშან-თვისებას რადაც გარდაიქმნებიან რომ მეტისმეტად რთულია მათი ნამდვილი სახის დადგენა.

   - და სად შეიძლება მათი პოვნა? - დავინტერესდი, მართლა დავინტერესდი შევხვედროდი არსებებს რომელთა წარმომადგენელიც თავად ვიყავი.

   - ჩრდილოეთით, ისინი ჩრდილოეთის თოვლიან მთებში ბინადრობენ, სამხრეთში იშვიათად ჩამოდიან, ძირითადად მაშინ როცა მთებში საკვები ილევა და ისინიც ცხოველების მიგრაციას დაჰყვებიან.

   - მაშ თუ ჩრდილოეთით ვივლი მე მათ მივაგნებ, ხომ ასეა?

   - ნამდვილად ასეა, შენ მათ მიაგნებ, ან ისინი მოგაგნებენ შენ, მაგრამ ჩრდილოეთში მოგზაურობა არც ისე მარტივია, მითუმეტეს დაჭრილი ხარ და მიწაზე მხოლოდ ახლა დაადგი ფეხი, გირჩევ ცოტახანს ჩვენთან დარჩე, ძალები აღიდგინო, მიწას შეეჩვიო და შემდეგ ჩრდილოეთისკენაც გასწევ, შენ არავინ გაკავებს, იმდენ ხანს შეგიძლია დარჩე რამდენხანსაც გმოგესურვება. ჩვენ, ადამიანები მაქციების კარგი მეგობრები ვართ, ჩვენ მათ დავხმარებივართ და ისინი ჩვენ დაგვხმარებიან, სწორედ ამიტომ გადაგარჩინეთ და შენც შამფურზე არ წამოგაგეთ. - გოლიათმა გაიცინა და მეგობრულად შემომხედა, გაცინება მეც ვცადე მაგრამ არც ისე კარგად გამომივიდა, ის ხომ ჩემს შამფურზე წამოგებაზე ლაპარაკობდა.

   დავრჩი, იმაზე მეტ ხანს დავრჩი ვიდრე ვიფიქრებდი. ადამაინებთან ცხოვრება მომეწონა, საინტერესო მოსაუბრეები და ძლიერი ნებისყოფის არსებები გამოდგნენ. მიმიღეს როგორც სტუმარი, პატივს მცემდნენ და პატივს ვცემდი, ზედმეტ შეკითხვებს არ ვსვამდით, იმაზე მეტს არ ვითხოვდით ვიდრე საჭირო არ იყო. ჭრილობები ძალიან მალე მომიშუშდა, როგორც გოლიათი ამბობდა ეს მაქციის რეგენერაციის უნარის დამსახურება იყო, სხვა არსებებთან შედარებით ჭრილობებს მალე იშუშებთო მაუწყა. ადამიანებმა მასწავლეს როგორ მენადირა, როგორ დამეგო მახეები და როგორ ჩავსაფრებოდი ნადირს, როგორ გამერჩია შხამიანი და საჭმელად ვარგისი კენკრა თუ სოკო ერთმანეთისგან, როგორ დამენთო ცეცხლი და როგორ გავმკლავებოდი სიცხესა თუ სიცივეს. იარაღის დამზადებაც მასწავლეს, შუბისა და მშვილდ-ისრის ხმარებაც, ერთი სიტყვით ყველაფერი შემასწავლეს რისი კეთებაც თავად უწევდათ. გადიოდა დღეები, თვეები, ადამიანები მიყვებოდნენ ისტორიებს დიად ბრძოლებსა და მათ სიმამაცეზე, გაჭირვებასა და სიყვარულზე, მარცხზე, დამცირებასა და სიამაყეზე. მათი სამყარო ბევრად უფრო საინტერესო გამოდგა ვიდრე მეგონა, ისინი იბრძოდნენ გადარჩენისთვის, პროგრესისთვის, განვითარებისთვის, სიცოცხლისთვის და სიყვარულისთვის. მათ უყვარდათ, სძულდათ, ისინი კლავდნენ და თავადაც კვდებოდნენ, მათი ცხოვრება გამუდმებულ ბროლასთან იყო დაკავშირებული და ისინი ამით სულაც არ შინდებოდნენ, ეცემოდნენ, ფეხზე დგებოდნენ და ბრძოლას განაგრძობდნენ. მაქციებზეც მიამბეს, თქვენი მოდგმა მიწის არსებებს შორის ყველაზე ძლევამოსილიაო ამბობდა გოლიათი, თქვენ გარდა იმისა რომ შეგიძლიათ სხვადასხვა არსების ფორმა მიიღოთ, ამასთანავე ძალიან გამოცდილი და ძლიერი მებრძოლები გყვავთ რომელთაც არც დაღლა იციან და არც უკან დახევაო, მაქციები სხვის ბრძოლებში მონაწილეობას თითქმის არასოდეს იღებენ, მაგრამ აბა გაბედოს და ვინმე მათ დაუპირისპირდეს თავბედს აწყევლინებენ, გაჩენის დღეს შეაძულებენ, მუსრს გაავლებენო. რაც დრო გადიოდა მით მეტ ისტორიას ვისმენდი, მაქციების კარჩაკეტილობასა და საკუთარი ტერიტორიების სიყვარულსა და მოვლა პატრონობაზე, სამყაროსგან გარიყვასა და საკუთარი მოდგმის სიმტკიცით გამორჩეულობაზე, სისხლისღვრასა და საშინელებებზე, მაქციები დაუნდობელი და შეუპოვარი მებრძოლები ყოფილან რომელთაც სამყარომ დაუჯერებელი შესაძლებლობები არგუნა.

 

* * *

 

   წასვლა გადავწყვიტე, ადამიანების სამყაროს კი შევეჩვიე მაგრამ დრო დადგა საკუთარი მოდგმა მეპოვა. ადამიანებმა მიმიღეს მაგრამ თავს მაინც გარიყულად ვგრძნობდი, მათთან ერთად ვნადირობდი, საკვებსა და რესურსებს ვაგროვებდი, ჭერსა და სარეცელს ვიზიარებდი მაგრამ თავს მაინც მარტოსულად ვგრძნობდი, ადამიანების გვერდით არ იყო ჩემი ადგილი. ბუნება მიხმობდა, ჩრდილოეთის თოვლიან მთებზე ვფიქრობდი და ვოცნებობდი, მიწასთან სიახლოვემ თავისი ქნა, ჩემში მაქცია იღვიძებდა და ის საკუთარ სახეობასთან სიახლოვეს საჭიროებდა.

   - ჩრდილოეთით იარე, - მითხრა გოლიათმა. - წინ არც ისე მოკლე გზა გაქვს გასავლელი, შენ დიდ სამყაროში დგამ პირველ ნაბიჯებს და გაფრთხილდი არ დაიკარგო, გზა არ აგებნეს, არ შეცდე და სამუდამო ხეტიალისთვის თავი არ გაიმეტო. საკუთარ ინსტინქტებს მიენდე, ბუნებას მიჰყევი, ჩრდილოეთი ცივი მხარეა, ის სასტიკი და დაუნდობელია, მაგრამ არც შენ ხარ უბრალო მოგზაური, შენ მაქციების დიადი ტომის წარმომადგენელი ხარ და სიცივე შენთვის მხოლოდ პირობითია, ის ვერ დაგაბრკოლებს, ის ვერ შეგაჩერებს. წასვლისას კიდევ ერთ რჩევას მოგცემ, ჩრდილოეთს რომ მიადგები სჯობს მგლად გარდაიქმნა და გზა ისე გააგრძელო, რადგან სიცივესაც ადვილად გაუმკლავდები და მაქციების კვალსაც ადვილად მიაგნებ, ან ისინი მოგაგნებენ ადვილად, მგლის ყნოსვა და გამძლეობა კი ნამდვილად დაგეხმარება საწადელს უფრო მარტივად მიაღწიო ვიდრე ამას ადამიანის ტყავში გამოწყობილი შეძლებ.

   გოლიათს და მის ხალხს დავემშვიდობე, მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის, მიღებისთვის, წამლობისთვის, მიღებული გამოცდილებისა და ცოდნისთვის, მიწიერ სამყაროში დაბრუნებისთვის. ჩემი ხელით გამოთლილი შუბი და მშვილდ-ისარი მოვიმარჯვე, თოვლიანი მთებისთვის შეკერილი ტანისამოსი და საგზალი შვლის ტყავისგან შეკერილ ჩანთაში ჩავილაგე და გზას დავადექი. ადამიანები დამემშვიდობნენ, მათი ტომის საზღვრებამდე მიმაცილეს და უკან გაბრუნდნენ. მე მარტო დავრჩი, სრულიად მარტო, გეზი ჩრდილოეთისკენ ავიღე და ნელი, მტკიცე ნაბიჯით ველურ ბუნებაში შევაბიჯე.

   მივდიოდი, მივდიოდი და თან ვტოვებდი სისხლიან კვალს, ვნადირობდი, ვკლავდი, ვატყავებდი, გამოვშიგნავდი და ვჭამდი, ცოცხალი არსებების სიცოცხლით ვიკვებებოდი, მათ სხეულებს ვშთანთქავდი ხოლო სულებს ვანთავისუფლებდი. ვაგროვებდი კენკრას, ხილს, სოკოსა და მცენარეების ფესვებს, ვიკვებებოდი ყველაფრით რასაც ბუნება მაძლევდა, ვიღებდი იმდენს რამდენიც საარსებოდ და ჩრდილოეთში სამოგზაუროდ მჭირდებოდა. გავიარე მთები, ტყეები, მდინარეები და დაბლობები, ყველგან სადაც მოვხვდი სიცოცხლე ჩქეფდა, ცხოველთა და ფრინველთა უამრავი სახეობა გადარჩენისთვის იბრძოდა, ჩიტები ხეებზე დახტოდნენ, მტაცებლები მაღალ ბალახში საფრდებოდნენ, თევზები წყალში ჩქაფუნობდნენ, ბალახისმჭამელნი ბღაოდნენ, მგლები ყმუოდნენ, ბუნება მღეროდა, ხან გლოვობდა ხანაც მხიარულობდა, სიკვდილისა და სიცოცხლის ხმები ერთმანეთს ცვლიდა და იცვლებოდა ჩემი დამოკიდებულებაც ფლორასა და ფაუნას მიმართ. ვგრძნობდი, მთელი არსებით ვგრძნობდი ბუნება მიყვარდებოდა, მისი სილამაზე და სიმახინჯე ერთად შევითვისე, სისასტიკე, დაუნდობლობა და ამასთანავე მზრუნველობა, სიკეთე და სიმარტივე ერთად დავინახე. ჩვენ ყველანი ბუნების შვილები ვართ, მის წიაღში ვიბადებით, ვიზრდებით, ვბერდებით და ვკვდებით, მისით ვიკვებებით და მას ვკვებავთ, ის გვკვებავს და ჩვენც საკვებად გვაქცევს, ყველაფერი მისით იწყება და მისითვე მთავრდება, ჩვენ მხოლოდ ნაწილაკები ვართ, ზოგი დიდი ზოგიც კი სულმთლად პატარა.

   თბილი დღეები უკან ჩამოვიტოვე, აცივდა, ცივი ქარები ქროდა, ჩრდილოეთიდან მონაბერ თოვლის სუნს ვგრძნობდი, დანიშნულების ადგილს ვუახლოვდებოდი. ჩანთიდან თბილი ტანსაცმელი ამოვიღე, ტანზე მოვირგე, თავსაბური წამოვიფარე და თოვლიან მიწაზე შევაბიჯე. საშინლად ციოდა, თბილად მეცვა მაგრამ სიცივე მაინც ძვლებამდე ატანდა, ზეციდან ჩამოყრილი თოვლის მოზრდილი ფანტელები სახეში მეყრებოდა და მხედველობას მიბინდავდა, ფეხქვეშ გაყინული თოვლი ხრაშუნობდა, ნეტავ ასეთ ცივ გარემოში რატომ ცხოვრობენ მეთქი მაქციებზე გავიფიქრე და ნაბიჯს ვუმატე, თავშესაფარი უნდა მეპოვა, ცეცხლი უნდა დამენთო, სხვანაირად ღამეს ვერ გავუძლებდი, უთუოდ ყინვა მომკლავდა. მდინარესთან ახლოს, კლდოვან ნაწილში, პატარა გამოქვაბულს მივაგენი და შიგნით შევძვერი, ციოდა მაგრამ სიმშრალე იყო, თოვლი შიგნით ვერ აღწევდა და ცეცხლის დანთებასაც ადვილად შევძლებდი. ჩანთა მოვიხსენი, გამოქვაბულში დავტოვე და ხმელი ტოტების მოსაგროვებლად გავემართე, არავის უსწავლებია თოვლიან ტყეში მშრალი შეშის მოგროვება, მაგრამ თვითგადარჩენის ინსტინქტი დამეხმარა, წიწვოვან ხეებს გამხმარ ტოტებს ვატეხავდი, გამომშრალ კანს ვაძრობდი და თოვლით დაფარულ ხმელ ბალახს ვაგროვებდი, მოგროვილი შეშა გამოქვაბულში შემქონდა და ერთ ადგილას ვახვავებდი. იმდენის შეგროვება რომ შევძელი რაც ჩემი ვარაუდით ღამეს გამატანინებდა გამოქვაბულში დავრჩი და ცეცხლის დანთებას შევუდექი. ოჰ როგორი სასიამოვნოა გაყინული სხეულის ცეცხლის თბილი, მანათობელი ენერგიით გათბობა და მოდუნება, პატარა კოცონი გამომივიდა, იმხელა რომ გავეთბე და არც ისე დიდი რომ მთელი შეგროვილი შეშა ერთიანად დამეხარჯა. ჩანთიდან შემორჩენილი გამომშრალი ხორცი ამოვიღე და ცეცხლზე შევათბე, სიცივისგან ისიც გაყინულიყო და დასაღეჭად მეტად მოუხერხებელი გამხდარიყო. დავნაყრდი, ცეცხლის მახლობლად მოვიკუნტე და ღამის დადგომას დაველოდე. საკვების მარაგი მიმთავრდებოდა, მეორე დღეს ნადირობა მომიწევდა, ჩრდლიოეთში რაც შემოვაბიჯე არც ისე ბევრი ნადირი შემხვდა, თოვლზე დატოვებული ნაკვალევებიც აქაიქ შევამჩნიე. ჩრდილოეთის სიმკაცრეზე დავფიქრდი, ასეთ გარემოში ნეტავ ვის მოუნდებოდა დასახლება, რატომ აირჩიეს მაქციებმა თოვლიანი მთები და რატომ იტანჯავდნენ თავს სიცივესა და ქარბუქში ცხოვრებით, რატომ გაირიყნენ დანარჩენი სამყაროსგან და რატომ იმალებოდნენ სხვა არსებებისგან მოშორებით, რას გაურბოდნენ, რას იფარავდნენ, ისეთი განცდა დამეუფლა რომ მათ რაღაც ისეთი იცოდნენ რაც სხვა არსებებისთვის მიუწვდომელი და მიუღწევადია.

   მთელი ღამე თეთრად გავათენე, ცეცხლის ჩაქრობის შიშით თვალი ვერ მოვხუჭე, ვიჯექი და ცეცხლს შევყურებდი, შეშას ვამატებდი, წარსულს ვიხსენებდი, მომავალზე ვფიქრობდი, რას მომიტანდა მაქციებთან შეხვედრა ან მიმიღებდნენ თუ არა ისინი, ფიქრისგან თავი მტკიოდა, სამაგიეროდ თბილად ვიყავი, გამოქვაბული ჩათბა და ჩემი გაყინული ტანსაცმელიც ნელნელა დარბილდა. გამთენიისას გამოქვაბული დავტოვე, დარჩენილი შეშა ცეცხლს დავუმატე და გაყინულ ბუნებაში გავაბიჯე. აღარ თოვდა, გადათეთრებული გარემო დამშვიდებულიყო, აღარც ქარი ქროდა, ავისმომასწავებლად დადუმებულ არემარეში მხოლოდ ჩემი სუნთქვისა და ნაბიჯების ხმა ისმოდა. საკვები უნდა მეშოვნა, შეშა შემეგროვებინა, მე ხომ არ ვიცოდი რამდენხანს მომიწევდა ლოდინი და ცდა მაქციების კვალისთვის მიმეგნო. მახეები დავაგე, მდინარეზე წყლის დასალევად ჩავედი, მშვილდ-ისარ გადაკიდებული პოტენციურ საკვებს ყველგან დავეძებდი, ხეების ფესვებს ვათვალიერებდი, სოროებს ვეძებდი, თოვლს ვქექდი იქნებ რომელიმე მცენარის გადარჩენილი ფესვებისათვის მიმეგნო. შეშა შევაგროვე, გამოქვაბულში მივზიდე, ცეცხლს შევუკეთე, შევისვენე, დავნაყრდი და ძებნა განვაგრძე. შუადღე იწურებოდა მდინარესთან თევზის დაჭერას ვცდილობდი როცა გადმომფრენი ბატების გუნდი შევნიშნე, მშვილდი მოვიმარჯვე, ისარი მოვამზადე, ლარი მოვჭიმე და გავისროლე. სამწუხაროდ მოძრავი სამიზნის მონადირება არც ისე მარტივი გამოდგა, მითუმეტეს ჩემთვის ვინც სულ რაღაც რამდენიმე თვე იყო მშვილდ-ისრის ხმარება ისწავლა. დავნებდი, მეორე ისარი აღარ გავიმეტე უსასრულობაში დასაკარგავად, ბატების გუნდმაც თავზე ყიყინით გადამიფრინა, თითქოს დამცინიანო, აი მაშინ კი ვინატრე ფრთების გამოსხმა კიდევ შემძლებოდა. საბედნიეროდ მახემ გაამართლა, ერთ-ერთ დაგებულ მახეში კურდღელი გაბმულიყო და უშედეგოდ ცდილობდა თავის დაღწევას, რომ მივუახლოვდი უცნაური ხმები გამოსცა, შეეშინდა და გული აუჩქარდა. შემეცოდა მაგრამ საკვები მიმთავრდებოდა, მახიდან გამოვაძვრინე, ხელი ყურებში მაგრად წავუჭირე და ადამიანების ნაჩუქარი დანა კისერში ჩავარჭე. გამოქვაბულში დავბრუნდი, მონადირებული კურდღელი გავატყავე, გამოვშიგნე და აბრიალებულ ცეცხლზე შესაბრაწად დავკიდე.

   დაღამდა, გამოქვაბულში ვიჯექი, ცეცხლს ვეფიცხებოდი, კურდღლის ხორცით დანაყრებული დასაძინებლად ვემზადებოდი როცა ყმუილი მომესმა. თავიდან ვიფიქრე უძილობის გამო გონება მღალატობს და მომეჩვენა მეთქი, მაგრამ ყმუილი განმეორდა და ახლა კი ეჭვი აღარ მეპარებოდა მის ნამდვილობაში. კოცონს მოვცილდი, ტანსაცმელი შევისწორე და გამოქვაბულიდან გამოვძვერი. ბნელოდა, თითქმის არაფერი ჩანდა, მხოლოდ მთვარე ანათებდა და თოვლზე არეკლილი მისი შუქის წყალობით მივიკვლევდი გზას. იქით გავემართე საიდანაც ყმუილი ისმოდა, ნელ-ნელა ნაბიჯს მოვუჩქარე, თითქმის გავრბოდი, ერთი სული მქონდა მაქციას როდის შევხვდებოდი, დიახ დარწმუნებული ვიყავი რომ სწორედ მაქცია ყმუოდა და არა უბრალო მგელი, ამას მთელი არსებით ვგრძნობდი. ყმუილი შეწყდა და მეც შევჩერდი, ერთხანს დავაყურადე, ხმა აღარ განმეორებულა, ის ვინც ცოტახნის წინ ყმუოდა დადუმებულიყო. საგონებელში ჩავვარდი, გავყოლოდი ხმის სავარაუდო ადგილმდებარეობას თუ უკან გამოქვაბულში დავბრუნებულიყავი რომ გზა არ ამბნეოდა და ღამით ტყეში გაყინვას გადავრჩენილიყავი. გადარჩენა ვარჩიე, ცოტახანს კიდევ მოვიცადე და უკან გამოვბრუნდი, სხვა რა გზა მქონდა, საშინლად ციოდა, ყმუილი აღარ ისმოდა და უგზოუკვლოდ ხეტიალს აზრი არ ქონდა, ხმის წყაროს სიბნელეში მაინც ვერ მივაგნებდი, სავარაუდოდ ის ვინც ყმუოდა წავიდა კიდეც, დილით არდე გავიღვიძებ და ნაკვალევს მოვძებნი და იქნებ კვალიც ავიღო მეთქი საკუთარ თავს დავპირდი. გამოქვაბულში დავბრუნდი, კოცონს ბლომად შეშა დავუმატე და ხმელი ტოტებისგან შეკრულ საწოლზე დასაძინებლად დავწექი.

   დილით ადრე გავიღვიძე, ჩაქრობას გადარჩენილ ცეცხლს შეშა დავუმატე და კურდღლის ხორცით დავნაყრდი. საკვები უკვე მიმთავრდებოდა, უნდა მენადირა, მახეები დამეგო, იქნებ მდინარეზე თევზიც დამეჭირა, მაგრამ პირველ რიგში გადავწყვიტე მაქციის კვალის მოსაძებნად წავსულიყავი, წინა ღამიდან მახსოვდა სავარაუდო ადგილმდებარეობა და მშვილდ-ისარ მომარჯვებული, თბილად ჩაცმული იქით გავემართე. თავიდან საკუთარ ნაკვალევს მივუყვებოდი, ღამით აღარ ეთოვა და ნაკვალევიც ჯერ კიდევ წაუშლელად შემორჩენოდა თოვლის ზედაპირს, ამან იმედი ჩამისახა, მაქციის კვალიც წაუშლელი დამხვდებოდა და მის გაყოლასაც შევძლებდი. იქამდე რომ მივაღწიე სადაც ჩემი ნაკვალევი უკან, გამოქვაბულისაკენ ტრიალდებოდა გონება დავძაბე, წინა ღამე აღვიდგინე და იმ მხარეს გავწიე საითაც ვთვლიდი რომ მაქციის კვალისთვის უნდა მიმეგნო. წრეებზე დავდიოდი, ყველა კუნჭულს ვამოწმებდი, ვერანაირ კვალს ვერ მივაგენი, მხოლოდ აქაიქ კურდღლის ნაკვალევი და ხიდან ჩამოცვენილი თოვლის კვალი შემხვდა. იმედგაცრუება მთელი სიმძლავრით დამატყდა თავს, ალბათ რამე შეცდომა დავუშვი, არასწორი გზით წამოვედი, ავცდი, ფიქრებში ჩაძირული გამოქვაბულისკენ შევტრიალდი და თოვლიან ტყეს ნელი ნაბიჯით შევუყევი.

   სამაგიეროდ უკანა გზაზე ციყვი მოვინადირე, გადამტვრეულ ხეზე იჯდა და რაღაცას ხრავდა, სავარაუდოდ რკოს ან გირჩის ნარჩენებს შეექცეოდა როცა გატყორცნილი ისარი პირდაპირ გულში ჩაერჭო. სისხლიან თოვლზე საცოდავად ეგდო და უსულო თვალები ზეცისკენ აღეპყრო, ისარი ამოვაძრე, ხელში ავიღე, ადგილზევე გავატყავე და გამოვშიგნე, დიდი ვერაფერი ნანადირევი იყო მაგრამ შემორჩენილ კურდრლის ხორცთან ერთად ორ დღეს ნამდვილად მეყოფოდა. გამოქვაბულში დავბრუნდი, ციყვის ხორცი სხვა საკვებთან ერთად დავაბინავე, ცეცხლს შეშა დავუმატე და გარეთ გამოვბრუნდი. ყოველდრიური საქმიანობებით დავკავდი, მახეები დავაგე, სანადიროდ გავიარე, ხმელი ტოტები მოვაგროვე და გამოქვაბულში შევზიდე, მდინარეზე სათევზაოდ ჩავედი. ვერც თევზის დაჭერა მოვახერხე და ვერც მახეში გავაბი რამე, იმედგაცრუებული გამოქვაბულში დავბრუნდი და მოსაღამოვებასთან ერთად ხორცის შეწვას შევუდექი.

   შებინდებულზე ყმუილი ისევ გაისმა, ისევ ამაფორიაქა და ისევ დამაფიქრა, განა ღირდა კი მის საძებნელად წასვლა როცა წინა ჯერზე წარუმატებლად დასრულდა მცდელობა მისი კვალისთვის მიმეგნო. მეორედაც დაიყმუვლა, ადგილიდან არ ვიძვროდი, მესამედაც დაიყმუვლა და მაშინ კი მოთმინება დავკარგე, გამოქვაბულიდან გამოვძვერი და ხმის მიმართულებით სირბილით გავემართე, ვიფიქრე რაც უფრო სწრაფად წავიდოდი მაქციასაც უფრო მარტივად გამოვიჭერდი, თავპირისმტვრევით გავრბოდი, ხეებს ვეჯახებოდი, უფოთლოდ დარჩენილ ბუჩქებს ვაქცევდი, თოვლში ვბარბაცებდი და ჩაძინებულ ბუნებას ვაფორიაქებდი. ყმუილი შეწყდა და შეწყდა ჩემი იმედიც მაქციის პოვნისა, ფარხმალი დავყარე, ხელი ჩავიქნიე, თავი ძებნით აღარ შევიწუხე, ერთი ამოვიხვნეშე, სული მოვითქვი და უკან, გამოქვაბულისკენ გამოვბრუნდი. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ეს ვიზიტები და მისი ყმუილი, ნეტავ რატომ მოდის და რატომ მეძახის და როცა მე მის მოსაძებნად გავდივარ რატომ დუმდება და უკვალოდ რატომ ქრება, ფიქრები მომაწყდა, იქნებ ეს ყველაფერი მეჩვენებოდა კიდეც, იქნებ ჩრდილოეთის თოვლიანმა მთებმა ჭკუიდან შემშალა, იქნებ შეცდომა დავუშვი აქ რომ წამოვედი, იქნებ მაქციები არც არსებობენ და ადამიანებმა ტყუილი იმედები ჩამინერგეს, იქნებ ეს ყველაფერი სიცრუეა. გამოქვაბულში შევძვერი და ოთხად მოვიკუნტე, წარსულზე ჩავფიქრდი, ცაში გატარებულ დღეებზე და იმ უდარდელობაზე რასაც ფრენის დროს განვიცდიდი, მომენატრა, ცაში აჭრა და ფრთების გაშლა მომენატრა. მაშინ პირველად ვიგრძენი სინანული რომ მიწაზე ჩემდა უნებურად დავეშვი.

   დილაადრიან გაბმულმა ყმუილმა გამომაღვიძა, ო როგორ გავბრაზდი და როგორ დამეჭიმა სხეულში ძარღვები, ნუთუ დამცინის, ნუთუ ჩემს გაგიჟებას ცდილობს, რა უნდა, რატომ შემომიჩნდა, რატომ არ მაძლევს მოსვენებას, ახლა კი ჭკუას ვასწავლი, დღისით ვერსად გამექცევა, მოვკლავ, ნამდვილად სიცოცხლეს გამოვასალმებ. მშვილდ-ისარი ზურგზე გადავიკიდე, შუბი მოვიმარჯვე და გამოქვაბულიდან ყვირილით გამოვვარდი.

   - მოგკლავ, ვერსად წამიხვალ შე არამზადავ! - შუბი მაგრად ჩამებღუჯა და ყმუილის მიმართულებით გავრბოდი.

   ხმა უფრო ახლოდან ისმოდა ვიდრე მეგონა, რაც უფრო სწრაფად ვუახლოვდებოდი მისი ხმაც უფრო მკვეთრად მესმოდა, არ ჩუმდებოდა, აღარ გარბოდა, გაბმული ყმუილი ავისმომასწავებლად ახლოდან ისმოდა. პატარა ბორცვი ავიარე და გავშეშდი, იქ მგელი იჯდა, უკანა თათებზე ჩამომჯდარიყო, თავი ზეცისკენ აღეპყრო და გამყინავი ხმით ყმუოდა.

   - ახლა კი დადგა შენი აღსასრულის დღე. - შევუძახე და შუბი შევმართე.

   ჩემდა გასაკვირად რუხი მგელი ადგილიდან არ იძვროდა, ლამაზი იყო ის საძაგელი, რუხში თეთრად არეული, თოვლივით ნაზი ბეწვი ქარის შრიალთან ერთად უფრიალებდა, სახეზე სიმკაცრე და სიამაყე გამოჰკვეთოდა, მოკუმული პირი ცისკენ მოექცია, ისარივით სწორი, მყარი ზურგი სწორ ხაზზე გაესწორებინა და ფუმფულა კუდი ფეხებზე აეფარებინა. წამით დავაყოვნე, კარგად დავაკვირდი, ჩვენს შორის მანძილი გავზომე და შუბი გასატყორცნად მოვიმარჯვე, გადაწყვეტილი მქონდა ის წყეული მომეკლა, მიუხედავად მისი სილამაზისა და მედიდურობისა, ის უნდა მომეკლა. წამის უსწრაფესად ყმუილი შეწყვიტა, ცალი თვალი ჩემსკენ გამოაპარა და დამინახა რა რომ შუბის სატყორცნად ვემზადებოდი, ადგილიდან წამოხტა, ერთი შემიღრინა და უკანმოუხედავად გაიქცა. მაშინ პირველად ვიგრძენი მრისხანება და პირველად გარდავიქმენი მგლად. შუბი მიწაზე დავაგდე, მშვილდ-ისარი ზურგიდან მოვიგლიჯე და თოვლში მოვისროლე, მიწაზე ხელებით დავემხე, ფეხები უკან გავწიე, თავი დაბლა დავხარე. ვგრძნობდი, მთელს ორგანიზმში ცვლილებებს ვგრძნობდი, ვხედავდი როგორ იცვლებოდა ჩემი ხელები, როგორ მტყდებოდა თითები და როგორ მიჩნდებოდა მათ ადგილას თათები, კლანჭები, ბეწვიანი ფეხები. შინაგანი ორგანოების ცვლილებებსაც ვგრძნობდი, გულმუცელი ამერია, გაიწელა, გაიდღაბნა, აირდაირია და ფორმა იცვალა, მთელი ჯიგარი შემეცვალა და მგლის ორგანიზმად გარდაიქმნა. პირიდან დუჟი მდიოდა, კბილები მძვრებოდა, ადამიანის კანი მცილდებოდა და მის მაგივრად მგლის კბილებსა და მგლის ტყავს ვიძენდი, ხერხემალი გამეწელა, ძვლები ჩამიცვივდა, დამემსხვრა და მათ ადგილას ახალი ამომეზარდა. სულ რაღაც ერთ წუთში ადამიანის სხეული დავტოვე და მგლისა შევიძინე, თვალები ჩამიწითლდა, ჩამისისხლიანდა, კბილები ამიკაწკაწდა, თათები ამითრთოლდა, კუდი გამიქვავდა, ოთხზე ვიდექი, სხეულში დიდძალ ენერგიასა და სიბრაზეს ვგრძნობდი, ვიღრინებოდი, ვიდექი და ცოტახნის წინ გაქცეულ მგლის კვალს დავყურებდი და დორბლად ვიღვრებოდი. ახლა კი დადგა მისი აღსასრულის დღე, მის სუნსაც ვგრძნობდი და მის კვალსაც ვხედავდი, სმენა გამიმძაფრდა, ყნოსვა გამიუმჯობესდა, ყველაფრის ხმა მესმოდა, ხიდან ჩამოცვენილი თითოეული წიწვის დაცემის ხმა ექოსავით აწყდებოდა სმენის აპარატს, სადღაც გადაკარგულიდან მომავალ ჩიტის სტვენასა და ირმის სუნთქვის ხმას მთელი სიმძლავრით ვგრძნობდი, მათი სუნიც მესმოდა და გამოქვაბულში დატოვებული ხორცის სუნსაც ვგრძნობდი, მაგრამ იყო ხმა და სუნი რომელიც ჩემს ყურადღებას დანარჩენებზე მეტად იპყრობდა, სადღაც ჩემს წინ, არც ისე შორს მგელი გარბოდა.

   გავეკიდე, მის სუნს ვგრძნობდი და მის კვალს ვხედავდი, მისი ნაბიჯების ხმა და გულის ცემას მესმოდა, ყველაფერს ვგრძნობდი, ყველაფერს ვხედავდი, ყველაფერი მესმოდა. მგლის თვალით დანახული სამყარო სრულიად განსხვავებულად წარმომიდგა თვალწინ, ყველგან საფრთხე და ნადავლი იმალებოდა, ან მე გავხდებოდი მსხვერპლი ან თავად ვიმსხვერპლებდი სხვას, თამაში სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ყოველ ნაბიჯზე ახალი გამოწვევა და ახალი თავგადასავალი იდო, მე მხოლოდ ღრმად უნდა მესუნთქა და ინსტინქტებს მივყოლოდი. ასეც მოვიქეცი, გაქცეულ მაქციას კვალში ჩავუდექი და მთელი მგლური სისწრაფით უკან დავედევნე. მივრბოდი, თავდაუზოგავად გავრბოდი, ოთხ ფეხზე ვიდექი და საკმაოდ სწრაფად ვმოძრაობდი, ხეებს თავს ვარიდებდი, ბუჩქებს ზედ ვახტებოდი, მთელი სხეული მობილიზებულიყო, მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე კონცენტრირებულიყო, დასწეოდა მაქციას და სიცოცხლეს გამოესალმებინა იგი. მთელი სისწრაფით მივსდევდი მაგრამ ის წყეული ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყო, წამოვეწეოდი, მის კუდს დავლანდავდი, შევუღრენდი და ისიც მაშინვე ქრებოდა, მისწრებდა და ღრენითვე მეპასუხებოდა, მაღიზიანებდა, მიწვევდა, მცდიდა, ჩემს მოთმინებასა და შეუპოვრობას ცდიდა, დავეწეოდი თუ თავს დავანებებდი, საფლავში ჩავყვებოდი თუ დევნას შუა გზაზე მივატოვებდი. ვგრძნობდი ის მე მამოწმებდა და ეს კიდევ უფრო მანრისხებდა, ძალას მმატებდა და შეუჩერებელს მხდიდა.

   ქანცის გაძრომამდე მარბენინა, ხან ნაბიჯს უჩქარებდა ხანაც უნელებდა, დისტანციას ინარჩუნებდა, არც ზედმეტად ახლოს მიშვებდა და არც ზედმეტად მშორდებოდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა რომ სადღაც მიმიძღოდა, ისიც კი გადამავიწყდა რომ გამწარებული მოსაკლავად მივდევდი, ჩემს მიზანს მხოლოდ მისი დაწევაღა წარმოადგენდა, დაწევა და გამარჯვება, მაგრამ წყეული ჩემზე ბევრად სწრაფიც იყო, მოხერხებულიც და ენერგიულიც, მე თუ საშინლად დავიღალე მას დაღლა საერთოდ არ ეტყობოდა. თოვლიანი ტყე გავიარეთ და თოვლიანი მთების კლდოვან ნაწილს მივადექით, ის წინ გარბოდა მე უკან მივდევდი, ვგრძნობდი, რაღაც დაფარულ საფრთხესა და ხრიკს ვგრძნობდი, მან ზუსტად იცოდა რასაც ვიზამდი და საწადელსაც მიაღწია, მას სურდა გავდევნებოდი და მეც ძალღონეს არ ვიშურებდი, მთელი მონდომებით მივდევდი. შემიტყუა, თაღებივით გადმოშვერილ ორ კლდეს შორის შემავალ ვიწრო დერეფანში შემიტყუა და დერეფნის ბოლოს, გაშლილ ადგილას შეჩერდა. შევჩერდი მეც, მისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით შევდექი და დაღლილობისგან ამოვიღმუვლე. ის უდარდელად იდგა, სუნთქვის აჩქარება სულ ოდნავ ემჩნეოდა, მე ოფლად ვიღვრებოდი ის კი მშრალად გამოიყურებოდა. იდგა და მიყურებდა, ენით ზედა ტუჩს ილოკავდა, ყურები დაეცქვიტა, კუდი გაეპრიხა და თვალს არ მაშორებდა.

   - ადამიანის სუნი გიდის მგელო. - მომესმა ბოხი, ექოსებრი ხმა რომელიც ჩემს ზურგს უკნიდან მოდიოდა.

   ეს როგორ მოხდა, როგორ გამომეპარა, უკან მივტრიალდი და გავოცდი, მგლების ხროვა მიახლოვდებოდა, წინ შავი მგელი მოუძღვოდათ და ჩემს უკან რკალად ლაგდებოდნენ. კუთხეში მომიმწყვდიეს, მათი არც სუნი მიგრძვნია და არც ნაბიჯების ხმა გამიგია, ისე შეუმჩნევლად მომიახლოვდნენ სანამ ხმა არ გავიგე მათი არსებობაც კი ვერ ვიგრძენი. ამან გამაკვირვა და გამაბრაზა, ნუთუ ახალი შეძენილი უნარები ასე მალე დამიჩლუნგდა და ამდენი მგლის მოახლოება ვერც კი შევამჩნიე.

   - აქ რას აკეთებ ლეკვო, თოვლიან მთებში რამ მოგიყვანა? აქ შენ არაფერი გესაქმება. - დაიგრგვინა შავმა მგელმა. - შორიდან თვალს გადევნებდით, შენ ჩვენს მიწაზე მოხვედი, დასახლდი, ჩვენი ნადირი მოინადირე, ჩვენიანზე შუბი აღმართე, ეს ჩვენი მიწაა, აქ ჩვენ ვსახლობთ, აქ ჩვენ ვნადირობთ, უცხოტომელებს აქ არაფერი ესაქმებათ.

    - მე არ ვარ უცხოტომელი, მეც თქვენნაირი მაქცია ვარ და აქ სწორედაც რომ თქვენს მოსაძებნად მოვედი.

   - მაშ შენ ამბობ რომ მაქცია ხარ? ამას დამტკიცება უნდა, შენი ნიშანი გვიჩვენე, აი ის გულზე რომ გაქვს გამოსახული. - თითქოს სწორედ ამ პასუხს ელოდაო მაშინვე მომახალა შავმა მგელმა.

   მაშ მგლის ტყავში გარდაქმნა საკმარისი არ არის, მათ ჩემი ნიშანიც უნდა ნახონ რომ დაიჯერონ ჩემი მაქციის ბუნება, რა გაეწყობა, დაე იხილონ. უკანა ფეხებზე დავჯექი, გულმკერდი წინ გავიშვირე და შავ მგელს მივაჩერდი.

   - მოდით და იხილეთ, როგორც ხედავთ ჩემით მისი ჩვენება არ შემიძლია, მას ბეწვი ფარავს, მე კი თათებით მას ვერ მივწვდები.

   შავმა მგელმა ერთ-ერთ მგელს გადახედა და თავის გაქნევით ანიშნა მიდი შეამოწმეო. სერი მგელი მომიახლოვდა, ფრთხილად, გაზომილი მოძრაობებით ჩემს წინ დადგა და გულმკერდზე მიმითითა, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, შეგიძლია შეამოწმო მეთქი. მანაც დრუნჩი გულზე მომადო და ბეწვი ამილოკა, კბილები მაგრად ჩაასო და გულიდან ბეწვი ამაგლიჯა, ცოტა მეტკინა მაგრამ არ შევიმჩნიე, უხეშობად ჩავთვალე მაგრამ სხვა რა გზა მქონდა, მათ ჩემი ნიშნის ნახვა სურდათ, მე კი ადამიანად გარდაქმნა არ ვისურვე რომ ჩემით მეჩვენებინა, ვაითუ მგლად ხელმეორედ ვეღარ გადავიქცე მეთქი. სერი მგელი მომცილდა, უკან, ხროვასთან დაბრუნდა და შავ მგელს მიუახლოვდა.

   - ის მაქციაა, მას გულზე ჩვენი კლანის ნიშანი აქვს, ის ჩვენი ოჯახიდანაა.

   შავ მგელს წამით გაოცება და იმედგაცრუება შევატყე, შემდეგ მან ნაბიჯი ჩემი მიმართულებით გადმოდგა, უკან დანარჩენი მგლებიც მოჰყვნენ. მომიახლოვდა, ჩემს წინ ჩამოდგა და ჰაერის სუნვა დაიწყო.

   - ჰმ, ადამიანისა და ფრინველის სუნი გიდის, შენ რა მათთან მეგობრობ? ადამიანებთან ჩვენც გვიმეგობრია, მაგრამ ფრინველებთან... ეს რაღაც უცხოა, რაღაც ახალი, ჩვენ არ გვიყვარს სიახლე, ჩვენ არ გვიყვარს ჩვენთვის უცხო, ჩვენი სახეობისთვის არადამახასიათებელი თვისება. - თვალებში ჩამაცივდა, დრუნჩი ოდნავ დაეჭიმა, წინა კბილები გამოუჩნდა. - შენ შეიძლება მაქცია ხარ მაგრამ ჩვენნაირი ნამდვილად არ ხარ, მებრძოლის არაფერი გცხია, საკუთარი თავის ახსნა მოგიწევს თუ გინდა რომ აქედან უვნებელი წახვიდე.

   დამემუქრნენ კიდეც, თანდათან ვხვდებოდი არც ისე კარგი აზრი იყო ასე გაუფრთხილებლად მათ მიწაზე შემოჭრა და მათი ძებნა, მათზე ხომ გამაფრთხილეს დაუნდობლები არიანო, რატომ უნდა მქონოდა იმედი რომ მე დამინდობდნენ, მაქციას რომელმაც საკუთარი რასა მიატოვა და დღემდე არაფრად აგდებდა მათ არსებობას, არც კი უწყოდა საკუთარი რაობა და წარმომავლობა. შემეძლო უკან გავბრუნებულიყავი, უბრალოდ ავმდგარიყავი და წავსულიყავი, მაგრამ ისიც კი ვიფიქრე ამით უფრო განვარისხებ და მართლა რამეს დამიშავებენ, ისევ ჯობს პირისპირ ვედგე და ჩემს შესახებ ყველაფერი მოვუთხრო მეთქი. გადავწყვიტე ყველაფერი მომეყოლა, აქაც როგორც ადამიანებთან თავის მართლება მიწევდა, საკუთარი ვინაობის ახსნა და ცხოვრების გასაჯაროება, სად ვიყავი, რატომ ვიყავი, რას ვაკეთებდი, რატომ იქ და სხვაგან არა, ყველაფერზე პასუხის გაცემა მიწევდა. მაქციები წინამძღოლის, შავი მგლის გარშემო შემოიკრიბნენ და უკანა თათებზე ჩამოსხდნენ, ის საძაგელი მგელი რომელმაც მე მარბენინა, ისიც ჩვენთან მოცუცქდა და ყველანი მოსასმენად მოემზადნენ. ისეთი შეგრძნება მქონდა სასამართლოს წინაშე ვიდექი და საბჭო ჩემს ახსნა-განმარტებას ისმენდა, ისინი გადაწყვეტდნენ რა ბედი მეწეოდა მე.

   ყველაფერი ვუამბე, არაფერი დამიმალავს, მოვუთხრე მიწაზე ყოფნის დღეებიდან რაც კი რამ მახსოვდა, ღრმა ბავშვობიდან ცაში აჭრაზე, ფრინველებზე, გაქცევაზე, შიშზე, მალვასა და გადარჩენისთვის ბრძოლაზე, მტაცებლების სიძულვილსა და მტრებსა თუ მეგობრებზე. ვუამბე ადამიანებს როგორ შევხვდი და როგორ დავკარგე ფრთები, როგორ შებრაწეს და შეჭამეს ჩემი მეგობრები, როგორ დავიწყე ადამიანებთან ცხოვრება და როგორ შევიტყვე რომ მაქცია ვიყავი.

   - ადამიანებმა მითხრეს რომ მაქცია ვიყავი, არსება რომელსაც სხვა არსებებად გარდაქმნა შეუძლია, თქვენს შესახებაც მათ მითხრეს, ადამიანების ტომის ბელადმა, გოლიათმა მირჩია ჩრდილოეთის მთებში წამოვსულიყავი და თქვენი მოძებნა მეცადა, რადგან გადაწყვეტილი მქონდა ჩემს ფესვებს დავბრუნებოდი, ჩემს სახეობას, რასას, ოჯახს.

   - ოჯახს? რასას? სახეობას? - შემიღრინა შავმა მგელმა. - ოჯახს რომელიც მიატოვე? რომელიც უარყავი, მიწაზე ჩვენთან ერთად ცხოვრებაზე უარი თქვი და ცაში აიჭერი, იქ კი კისერი წაიმტვრიე, ვეღარ გაძელი, წლობით ხეტიალის შემდეგ ისევ მიწაზე დაბრუნება გადაწყვიტე და როცა ფრთები დაკარგე მხოლოდ მაშინ მოგიტრიალდა გული ოჯახზე? მტაცებლები გძულდა და თავად გახდი მტაცებელი?

   - კი მაგრამ, მე ხომ არაფერი მახსოვს, მიწაზე ჩამოვარდნის დღემდე მაქცია რომ ვიყავი არც კი ვუწყოდი.

   მგელმა თვალებში ჩამხედა, მისი დიდრონი შავი თვალები ისეთი სიმკაცრით შემომცქეროდნენ სულს მიფორიაქებდნენ.

   - არ გახსოვს იმიტომ რომ არ გსურს გახსოვდეს, არ გახსოვს რადგან საკუთარი თავი უარყავი, საკუთარი არსება, საკუთარი მე გარდაქმენი და გახდი ისეთი როგორიც ხარ! - მაქციების მეთაურმა დაიღრინა. - ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია რომ წმინდა ადგილას მიგიყვანოთ და ტბაში ჩაგახედოთ, ტბაში სადაც საკუთარ თავს დაინახავ, ამას არ უნდა ვაკეთებდე მაგრამ მე ვიცი შენ ვინც ხარ, შენი მშობლები სახელოვანი მებრძოლები იყვნენ, ისინი ჩვენს ტომს აღსასრულამდე პირნათლად ემსახურნენ, დიახ ისინი მკვდრები არიან, შენზე დარდს გადაჰყვნენ, ერთდროს დიდებული მეომრები დარდმა და წუხილმა დაამარცხა და მათ უარი თქვეს შენს გარეშე სიცოცხლის გაგრძელებაზე. ისინი შენს გამო მოკვდნენ, შენ კი აქ ამაყად დგახარ და ჩვენგან მიღებას ითხოვ.

   დავდუმდი, ჩემი მშობლები? მე არც ისინი მახსოვდა, ისინი მკვდრები არიან, ისინი დარდმა იმსხვერპლა, ჩემზე დარდმა? რაღაცნაირი წუხილი ვიგრძენი, მე მათ ვერ ვგრძნობდი, ვერ ვხედავდი მაგრამ წარმოვიდგინე მათი სიმძიმილი და გულზე დარდი შემომაწვა. შევწუხდი, გული შემიწუხდა, სული ამემღვრა, დანაშაულის გრძნობა მომეძალა და თვალზე ცრემლი მომადგა.

   - მაპატიეთ... გთხოვთ მაპატიოთ, მე არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, მე ცაში ფრენა და მიწისგან თავისუფლება მწადდა, არავისთვის ზიანის მიყენებაზე არც კი მიფიქრია, მე უბრალოდ გაქცევა მსურდა, საკუთარი თავისგან გაქცევა...

   - მკვდრები გაპატიებენ თუ არა მაგას ვერ გეტყვი მაგრამ მაქციების ტომი ამას არასდროს გაპატიებს, ან ჩვენთან ხარ ან ჩვენს გარეშე, ჩვენ გაქცეულებს უკან არ ვიღებთ, ეს დაუწერელი კანონია, ეს ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება. ახლა კი თუ სურვილი გაქვს წამოგვყევი, ძველ ტბას გიჩვენებთ, შიგნით ჩაიხედე და იცხოვრე იმით რასაც იქ დაინახავ, თუ რათქმაუნდა შენ ამას შეძლებ.

   თქვა და შეტრიალდა, ზურგი შემაქცია, დანარჩენი მგლებიც უკან გაჰყვნენ და მე მარტო დავრჩი, გვერდით არავინ მყავდა, აღარავინ მისმევდა კითხვებს, აღარც მამართლებდნენ, აღარც მამტყუნებდნენ, საერთოდ არავინ მყავდა და არც არავის ვაინტერესებდი. მარტო დარჩენის შიშით შეპყრობილი, კუდამოძუებული მაქციებს უკან ავედევდე, ადგილისკენ რომელსაც ისინი წმინდა ტბას უწოდებდნენ.

   ვიწრო დერეფანი გავიარეთ, მთას გვერდი ავუქციეთ და კლდოვან ბილიკს შევადექით. ბილიკი ღრმა თოვლს დაეფარა და წინ მიმავალ მეთაურს უწევდა დანარჩენი ხროვის წევრებისთვის გზა გაეკვალა, მე სულ უკან მივჩანჩალებდი, ხროვისგან გაკვალულსა და დატკეპნილ თოვლზე უპრობლემოდ დავაბიჯებდი. როგორც მივხვდი მწვერვალისაკენ მივდიოდით, რაც უფრო წინ მივიწევდით მით მაღლა ავდიოდით, რამდენჯერმე უკან მივიხედე, დაბლა გადაჭიმულ ტყეს გადავხედე, უკან გაბრუნება ჯერ კიდევ შემეძლო, გულში ისევ ვყოყმანობდი, არ მსურდა არანაირ ტბაში ჩამეხედა მაგრამ არც ის მსურდა მაქციებს მოვშორებოდი, ახლა როცა მე მათთან ერთად მივლასლასებდი, მათ სიახლოვეს ვგრძნობდი და მათ ერთობას ვხედავდი სურვილი მიჩნდებოდა რაც შეიძლება მეტი დრო გამეტარებინა მათთან. ქარი უბერავდა და ბეწვს გვიჩეჩავდა, თოვლი ბარდნიდა, ფანტელები სახეზე გვეყრებოდა, ტანი გვისველდებოდა, ვჩერდებოდით, სხეულებს ვიბერტყავდით და გზას განვაგრძობდით. მწვერვალი მეტისმეტად მაღალი აღმოჩნდა და დაღლილობასთან ერთად სუნთქვაც გაჭირდა, უფრო ხშირად ვჩერდებოდით, მხედველობა დაგვებინდა, მწვერვალზე შეუჩერებლად თოვდა, ყველგან სიჩუმე და სითეთრე გამეფებულიყო, შემაწუხებელ მდუმარებაში მხოლოდ ჩვენი ნაბიჯების მსუბუქი ხმა ისმოდა, ნაბიჯებისა რომლებიც მიწას არც კი ეხებოდნენ, ისეთი შეგრძნება დამეუფლა რომ ზეცაში ავდიოდი, ზეცაში საიდანაც ჩამოვვარდი და მიწას დავენარცხე.

   ბილიკი ავიარეთ და თავი ჩამქრალი კრატერის წიაღში ამოვყავი, ჩაღრმავებული ადგილი წყალს ამოევსო და გამუდმებულ ყინვასა და თოვლს ეს ბუნებრივად წარმოქმნილი ტბა გაეყინა და ერთ დიდ, ყინულის მასად ექცია. მივხვდი, ეს სწორედ ის ტბა უნდა ყოფილიყო რომელზეც მითხრეს, მაქციების წმინდა ადგილი, წმინდა ტბა, ტბა სადაც ჩავიხედავდი და რაღაც მნიშვნელოვანს დავინახავდი. ხროვა ტბის მახლობლად შედგა და შევდექი მეც, ისინი მოწიწებითა და რიდით ტბას გასცქეროდნენ და ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით დაშორებულნი ტბის გარშემო სხდებოდნენ. მხოლოდ მეთაური დარჩა ხროვისგან მოშორებით, იჯდა და მელოდა, იცდიდა როდის მივუახლოვდებოდი, როდის შევეკითხებოდი, რა უნდა მექნა, როგორ მოვქცეულიყავი, თვალებიდან სიბნელეს აფრქვევდა და შავ ბეწვზე თეთრად დათოვლილი მისი სხეული არც კი ირხეოდა. მივუახლოვდი, მის წინ დავდექი და დაველოდე, შეკითხვის დასმა არ მსურდა, დროს ვაჭიანურებდი, ვიფიქრე რაც უფრო გვიან დავსვამდი შეკითხვას პასუხსაც მით უფრო გვიან მივიღებდი, მაგრამ ამაშიც ვცდებოდი.

   - ეს წმინდა ადგილია, მოწიწება და პატივისცემა გმართებს, - შემიღრინა ხროვის მეთაურმა და შავი თვალები მომაპყრო. - საუკუნეებია ჩვენი მოდგმა ამ ადგილს გარესამყაროსაგან იცავს, ხოლო გარესამყაროს მისგან. ამ უცნაურსა და მისტიურ ტბაში ჩახედვა მხოლოდ ჩვენ, მაქციებს შეგვიძლია, ეს ასე იყო და ასე იქნება, უცხო ტომელებს არასდროს მივცემთ იმის უფლებას აქ ფეხი დადგან და ეს მიწა წაბილწონ, ეს უნდა გესმოდეს, შენ მაქცია ხარ, ჩვენი კლანის სახელით უფლებას გაძლევ ტბაში ჩაიხედო.

   - და იქ რას დავინახავ? - მეშინოდა, ტბაში ჩახედვის მეშინოდა, საფრთხეს ვგრძნობდი, რაღაც ამოუხსნელ საფრთხესა და წუხილს განვიცდიდი როცა კი ტბისკენ თვალს ვაპარებდი.

   - კონკრეტულად რას დაინახავ ამას ვერ გეტყვი, ეს თავად შენზეა დამოკიდებული, მხოლოდ იმას გეტყვი რომ ტბაში ჩახედვით საკუთარ თავს ჩახედავ თვალებში, იქ იმას დაინახავ რასაც მთელი ცხოვრებაა გაურბიხარ, იმას იხილავ რისიც ასე გეშინია, გაბედავ კი თვალი გაუსწორო საკუთარ შიშებსა და საკუთარ არსებას?

   გავბედავ, საკუთარ თავს შევუძახე, გავბედავ, მზად ვარ, დავიღალე გაქცევით, დავიღალე საკუთარ თავზე უარის თქმით, იმას მივიღებ რაც ვარ, მე ტბაში ჩავიხედავ.

   - მზად ვარ. - ჩემმა ხმამ მევე გამაოცა, მასში სიმტკიცე და თავდაჯერებულობა იგრძნობოდა.

   შავმა მგელმა თავი დამიკრა და გვერდით გაიწია, გზიდან ჩამომეცალა, მის უკან გაყინული ტბა გადაიშალა.

   - მაშ მიდი, ნუღარ დააყოვნებ, ყოყმანი სისუსტეა, სისუსტის უფლება კი ამ ადგილას არ გაქვს.

   და მეც აღარ დავაყოვნე, ხროვის მეთაურს თავი დავუკარი და ტბისკენ ნაბიჯი გადავდგი. როგორც კი ყინულზე ფეხი შევდგი ზურგიდან ყმუილის ხმა მომესმა, უკან მივიხედე, შავი მგელი დანარჩენების რიგებს შეერთებოდა, ისინი ტბის გარშემო ჩამწკრივებულები უკანა ფეხებზე ისხდნენ, თავი ზეცისკენ აღეპყროთ და ერთხმად ყმუოდნენ. ერთი მეც დავიყმუვლე და ტბის შუაგულში შევჩერდი, თათებით თოვლი გადავფხიკე, თავი დავხარე და ყინულოვან ტბას თვალი გავუსწორე.

   ტბაში არაფერი ჩანდა, ყინულის ზედაპირზე მხოლოდ საკუთარ ანარეკლს ვხედავდი, ეს რა ხუმრობაა მეთქი გავიფიქრე და ის იყო თავი უნდა ამეწია რომ ტბის ფსკერზე რაღაც შეინძრა, შეინძრა ჩემი გულიც, უცებ საგრდძნობლად ამიჩქარდა და სახის არეში ტკივილიც ვიგრძენი. გამოსახულებები მომაწყდა, ტალღების მაგვარი ჩვენებები ჩემს მხედველობას აეკრო და თავი დამიმძიმა. ვხედავდი წარსულს, განვლილ დღეებს, გაქცევას, ფრენას, მიწაზე დაშვებას, ადამიანებთან შეხვედრას, მაქციებსა და თოვლიან მთებში მოსვლის დღეს. ჩვენებები იმდენად რეალური იყო რამდენადაც ნანახი თავს გადამხდენია, ვცდილობდი ღრმა წარსულში ჩამეხედა, იქ საიდანაც აღარაფერი მახსოვდა, ჩამეხედა და დამენახა ის რეალობა რომელიც დამვიწყებოდა. რაც უფრო ძლიერ ვცდილობდი წარსულში ჩახედვას ტკივილიც მატულობდა და გამოსახულებებიც თანდათან გაურკვეველი ხდებოდა, მერე უცებ ყველაფერი გაქრა, წამში ყველა ჩვენება გაიფანტა და ისევ ტბის ზედაპირი გამოჩნდა. ვიდექი და საკუთარ ანარეკლს დავყურებდი, ისევ ველოდი ტბის ფსკერზე რამე შეირხეოდა და მეც კიდევ შევძლებდი წარსულიც ხილვას, მაგრამ ამაოდ, ტბა არ იძვროდა. დაიძრა მხოლოს ყინული, მსხვრევისა და ტკაცუნის ხმებმა აავსო გაყინული წყლის მასა, ჰაერში ცივი ორთქლი ავარდა, ტბამ დაიგრგვინა, დაიბზარა და ფეხქვეშ ჩამიტყდა. წყალში ჩავვარდი, ფსკერისკენ დავეშვი, ხელ-ფეხს ვიქნევდი მაგრამ ცურვას ვერ ვახერხებდი, რაღაც მბოჭავდა, რაღაც მაკავებდა, ფსკერისკენ მიმათრევდა, მაშინ თვალები გავახილე, სიღრმეში ჩავიხედე და სუნთქვა შემეკრა. იქ ქალი ცურავდა, წელამდე შიშველს გრძელი თმა თავსაბურავივით შემოხვეოდა, თეთრი სხეულით ლაღად მოძრაობდა ხოლო წელსქვემოთ სიბნელით დაფარული, შავი საცეცები ჰქონდა ფეხების მაგივრად გამობმული და ერთ-ერთ საცეცში ჩემი სხეული მოექცია, ადამიანის სხეული, წყალში ჩავარდნის მომენტიდან ფორმა ვიცვალე და ადამიანად გარდავიქმენი. სიღრმისკენ მიმაქანებდა, საკუთარი სხეულისკენ მივყავდი, შემდეგ საცეცები გადაიწია და მისი მფეთქავი, მოელვარე საშო გამოჩნდა, სიკვდილის საშო, ეს აქამდე სადღაც უკვე მენახა, სადღაც უკვე შევხვედროდი მას, ის ხომ თავად სიკვდილის განსახიერება იყო, მისი სხეულიდან ამოზრდილი ყოველი საცეცი ხომ სიკვდილს ქარგავდა. ვხედავდი როგორ იხსნებოდა ძველისძველი საშოს კედლები, როგორ იღებოდა მის მიღმა სიკვდილის კარი და როგორ გამოდიოდნენ იქიდან მკვდრები. ავფართხალდი, სიკვდილი არ მსურდა, არა სიკვდილის მეშინოდა, წარმოუდგენელი შიშით მეშინოდა, სიკვდილს ისევ სიცოცხლე მერჩივნა, სიკვდილის იმდენად მეშინოდა რომ სიცოცხლე არ მსურდა ხოლო სიცოცხლის იმდენად მეშინოდა რომ სიკვდილი არ მსურდა. არაფერი არ მსურდა. მაგრამ მალევე მივხვდი რომ იქ ჩემი სურვილები არაფრად ღირდა, მხოლოდ ჩემი სურვილები არაფერს ცვლიდა, სიკვდილს საცეცით ვეჭირე და საკუთარ ორგანიზმში შევყავდი. აღარ მინდა, აღარაფერი მინდა, გამიშვი, გთხოვ გამიშვი, არ წამიყვანო, არ მინდა სიკვდილი, სიცოცხლე მინდა, ვიცოცხლებ, ვიცხოვრებ ოღონდ კი ახლა არ მომკლა მეთქი გულში ვლოცულობდი. საცეცი მომშორდა და ზედაპირისკენ ამოვტივტივდი. გონება დავკარგე. სიბნელესა და სიმშვიდეში ჩავიძირე.

   ტბის ზედაპირზე გამომეღვიძა, ტბა ისევ ძველებურად იდგა, ყინულით დაფარულიყო და ჩამტვრევის არაფერი ემჩნეოდა, თოვლითა და ყინულით დაფარულ მის ზედაპირზე მგლის სხეულში განსხეულებული ვიწექი და ცალი თვალით ტბის ფსკერს ჩავყურებდი. იქ არაფერი ჩანდა, არც ჩვენებები მწვევია და არც ფსკერზე შერხეულა რამე, მხოლოდ ყინულზე დაწვეთებულ ცრემლებსა და პირიდან გადმოღვრილ დორბლს ვხედავდი, დიახ, ცხარე ცრემლით ვტიროდი, სხეული მითრთოდა, ვცახცახებდი, მეშინოდა, მეშინოდა არა ნანახის არამედ დადებული პირობის, მე ხომ ყველაფერი მახსოვდა, მე ხომ პირობა დავდე რომ ვიცოცხლებდი. ფეხზე წამოვდექი, მიმოვიხედე, ტბაზე მარტოდმარტო ვიყავი, მაქციების ხროვა სადღაც გამქრალიყო, არც მათი კვალი ჩანდა და ვერც მათ სუნს ვგრძნობდი, შიში კიდევ უფრო გამიმძაფრდა, ნუთუ არც ისინი იყვნენ რეალურები, ნუთუ მათ არასოდეს შევხვედრივარ, კი მაგრამ ამ ადგილას როგორღა მოვედი, აქ რამ მომიყვანა, რატომ ახლა და როგორ... გამახსენდა, იმ მომენტში ყველაფერი გამახსენდა, ეს სწორედ ის ადგილია რის გამოც მიწის მეშინოდა, რის გამოც მიწიდან ცაში გავიქეცი, მე ხომ სიკვდილი ღრმა ბავშვობაში ვნახე, მე ხომ მას გავურბოდი, მთელი არსებით, მთელი ძალით მისგან გავრბოდი.

   ტბას მოვშორდი, უკან თოვლიანი ბილიკისკენ დავიძარი, გავრბოდი, ძლიერად თოვდა, ბარდნიდა, გაკვალული ბილიკი ისევ თოვლს დაეფარა, მაქციების არც კვალი ჩანდა და ვერც მათ სუნს ვგრძნობდი, ისინი სიზმრისეული ზმანებებივით სადღაც გამქრალიყვნენ. ფანტელები სხეულზე მეწებებოდნენ, დიდი მონდომებით ღრმა თოვლში გზას ვიკვალავდი, არ ვჩერდებოდი, არ ვისვენებდი, დაუღალავად გავრბოდი, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი ვერსად გავიქცეოდი, ამჯერად სიკვდილი კვალში მედგა და მისგან თავის დარწევას ვეღარ მოვახერხებდი, სიცოცხლეს შეიძლება გაექცე მაგრამ სიკვდილს ვერსად გაექცევი, ვერსად დაემალები. ბილიკი ჩავიარე და თოვლიან ტყეს მივადექი, თავქუდმოგლეჯილი მის წიაღში შევვარდი და უკანმოუხედავად სამხრეთისაკენ გავემართე, არ ვიცი სამხრეთში რას ვიპოვიდი, რას მოველოდი მაგრამ ერთი სული მქონდა თოვლიან მთებს როდის დავტოვებდი, იმ დაწყევლილ ტბას და იქ ნანახ სიკვდილს როდის მოვშორდებოდი. გავრბოდი და თან მიმქონდა სიკვდილის სუნი, სადაც არ უნდა გამეხედა ყველგან მის საცეცებს ვხედავდი, ხეებზე, მიწაზე, ცაში, ყველგან ისინი იყვნენ და ნელნელა სამყაროს კლავდნენ, სიცოცხლის აღსასრულს ქსოვდნენ. შემდეგ თავი ამტკივდა და დავბარბაცდი, გონება დამიმძიმდა, გამოსახულება ამემღვრა და ისევ ჩვენებებში ჩავიძირე. ვხედავდი ადამიანებს, მათგან გარიყულ ქურქში გამოწყობილ კაცსა და მის კვალდაკვალ მიმავალ პატარა გოგონას, გოგონას რომელიც კაცს თოკით დაება და სადღაც მიათრევდა. წვეროსანი და გაბურძგნულ თმიანი მამაკაცი, უძველესი, უზარმაზარი ხის ძირას შეჩერდა, ხეს ფესვები მიწის ზედაპირზე ამოეყარა და სიკვდილის საცეცებს მაგონებდა, უზარმაზარი ტოტები მიწაზე დაებჯინა და სიმაღლით მთასავით აზიდულიყო. კაცმა გოგონა ოთხად მოკეცა, თოკით მაგრად გაკოჭა, ხელ-ფეხი შეუკრა, წელზე შემოახვია და ზურგზე მიიბა. აბგიდან პატარა ხანჯალი ამოაძვრინა, პირში ჩაიდო, კბილები მაგრად მოუჭირა და ხეზე აცოცებას შეუდგა. მიცოცავდა და მასთან ერთად მიცოცავდნენ ჩემი თვალებიც, ყოველ მის მოძრაობას ვხედავდი, ყოველ გადადგმულ ნაბიჯს, ყოველ მოქნეულ ხელსა და ყოველ ამონასუნთქს ვგრძნობდი. ის მაღლა მიიწევდა, ხის კენწეროსაკენ მიცოცავდა, ზურგზე მიბმული გოგონა ხმას არ იღებდა, არც ტიროდა, არც კი კვნესოდა, არანაირ ხმას არ გამოსცემდა, თვალები დაეხუჭა და მამაკაცის ყოველ მოძრაობას გაკოჭილი სხეულით იმეორებდა. ბოლოს კენწეროს მიაღწია, მამაკაცი დიდ ტოტზე შედგა და გოგონა ზურგიდან მოიხსნა, ხელ-ფეხი გაუნთავისუფლა, თოკი მოხსნა და ტოტის კიდისკენ უბიძგა, გოგონა არ შეწინააღმდეგებია, ყოველ ბრძანებას უსიტყვოდ ემორჩილებოდა. კაცმა კბილებში გარჭობილი დანა მარჯვენა ხელში გადაიტანა, მარცხენა ხელისგული გადაისერა და ორივე ხელი ზეცისკენ აღაპყრო, შემდეგ გაურკვეველი სიტყვები წარმოთქვა და გოგონას ანიშნა. გოგონამ ნაბიჯი წინ გადადგა და ტოტის კიდეზე შედგა, არც მაღლა იყურებოდა და არც დაბლა, მისი მზერა პირდაპირ ჩემსკენ იყო მომართული, მე მას წინიდან ვუცქერდი, მის თვალებს ვხედავდი, მისი თვალები წინ, სივრცეში იცქირებოდნენ. წამის უსწრაფესად გოგონას თავთან, ჰაერში რაღაც გამოიძერწა, რაღაც რაც მანამდე არასოდეს მენახა, ხის სახიან არსებას მწვანე ლოყები და ყვითლად მოელვარე თვალები, ხოლო შუბლზე პატარა ხის რქები ჰქონდა დამაგრებული. მისი მხოლოდ სახე ჩანდა, ნიღაბივით თხელი და უხეში, ავისმომასწავებლად მომღიმარი სახე. კაცმა შეამჩნია რა მისი არსებობა მაშინვე გოგონასაკენ გაცოცდა, მივიდა, მარცხენა ხელი კისერზე დაადო, მარჯვენა ხელი მოიქნია და გოგონა ხიდან გადმოაგდო. კენწერო ოქროსფრად განათდა, გოგონას სხეული ღრუბლებში ჩაიღვარა და მიწისკენ დაეშვა. კაცმა სისხლიანი ხელები სახეზე მოისვა, წვერიანი პირი დააფჩინა და გამყინავი ხმით ამღერდა, მღეროდა ჩემთვის გაუგებარ ენაზე, მაგრამ მის სიმღერაში გლოვასაც ვგრძნობდი და სიხარულსაც, სიკვდილსაც და სიცოცხლესაც, ჩადენილის სინანულსაც და ჩადენილით კმაყოფილებასაც, მისი არსება გრძნობებს მოეცვა, ცვალებად, ურთიერთ საპირისპირო გრძნობებს. შემდეგ ოქროსფერი ნათება გაქრა და ხის კენწეროდან ჩვილი დაეშვა, კაცის გაშლილ მკლავებში ჩავარდა და გულიანად ატირდა. სისხლიანმა კაცმა ბავშვს დაუყვავა, ხელი სახეზე მოუსვა და ისიც სისხლში ამოსვარა, მოსასხამი მოიხსნა და შიშველი ჩვილი მასში გაახვია, გულზე მიიბჯინა და ცრემლიანი თვალებით მის სახეს დააცქერდა. ჩვილის თვალებში სიყვარულს ვხედავდი, მას წვეროსანი მამაკაცი უყვარდა, ენდობოდა, იცნობდა, კაციც მამობრივი სიყვარულით დაჰფოფინებდა ხის კენწეროზე დაბადებულ ბავშვს და სიხარულისგან ტიროდა. შემდეგ ჩვილიც თოკებით შეკრა, გულზე მიიბა და ხიდან მიწაზე დაეშვა. ბავშვი აღარ ტიროდა, აღარც სისხლიანი მამაკაცი ტიროდა, ისინი იღიმოდნენ, ერთმანეთს უღიმოდნენ, თვალებში შესციცინებდნენ და გულიანად იცინოდნენ. ეს ყველაფერი ჩემს გონებაში ხდება, ისინი რეალურები არ არიან, ეს არ შეიძლება ხდებოდეს, ეს შეუძლებელია... ხილვებიდან გამოვერკვიე, უზარმაზარი ხე გაქრა და გაქრნენ მისგან ჩამოსული მამა-შვილიც, თოვლიან ტყეში ვიდექი, ერთ ადგილას გაყინული მიწას დავყურებდი და მის მომაკვდინებელ სუნს ვგრძნობდი. თავი გავაქნიე, ტუჩები მოვილოკე, თვალები თათით მოვისრისე და სირბილი განვაგრძე, გამახსენდა უკან სიკვდილი მომსდევდა და დაყოვნების დრო არ მქონდა, სადამდეც შემეძლო უნდა მერბინა, თავს არ დავზოგავდი, გაქცევას მაინც ვცდიდი მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი ვერსად გავიქცეოდი.

   თოვლიანი მთები უკან მოვიტოვე, მშრალ მიწაზე შევაბიჯე და შევჩერდი, საშინელ დაღლილობას ვგრძნობდი, მთელი ეს დრო სირბილით ვმოძრაობდი, გულში მგლის გამძლეობასა და ამტანობას ვლოცავდი, მაგრამ უკვე მეტის გაძლება აღარ შემეძლო, უნდა შემესვენა, სირბილიდან ძუნძულზე გადავედი და კიდევ უფრო სამხრეთისაკენ დავეშვი. ბუნება შეიცვალა, წიწვოვანი ხეები ფოთლოვანმა ჩაანაცვლა, თოვლი შავმა მიწამ, აღარც ფანტელები ცვიოდა და აღარც გზის გაკვალვა მიწევდა, მოძრაობაც უფრო მარტივი და ნაკლებ შემაწუხებელი იყო. მზის სხივებზე გაყინულ სხეულს ვითბობდი და შესასვენებლადაც ვჩერდებოდი, უკან დაუძინებელი მდევარი მომდევდა მაგრამ მისგან განსხვავებით შესვენება მე ნამდვილად მჭირდებოდა. შეიცვალა ბუნების ხმებიცა და სუნიც, ჩიტები გამალებით ჭიკჭიკებდნენ, ნადირი ფოთლებში შრიალებდა, ყველგან მიწის სუნი იდგა, მიწისა და სიცოცხლის, სიცოცხლის რომელსაც სიკვდილი წასალეკად ემუქრებოდა. კიდევ რამდენიმე კილომეტრი გავიარე და ნაცნობი ხედი დავლანდე, ჩემს წინ უზარმაზარი ხე აღმართულიყო, ხე რომელიც ხილვაში ვნახე, თავიდან შემეშინდა, დავიბენი, ნუთუ ის ხილვა რეალური იყო, არა ეს შეუძლებელია, რეალური ვერ იქნებოდა მეთქი და გადავწყვიტე ხისთვის გვერდი ამევლო და სირბილით მოვშორებოდი. მაგრამ გადაწყვეტილება მაშინ შეიცვალა როდესაც ადამიანის სუნი ვიყნოსე, ადამიანისა და სისხლის სუნს ვგრძნობდი და ჩემი მტაცებლური ინსტინქტი იქითკენ მიმაქანებდა. ინტერესს ვერ მოვერიე, ვაითუ ხილვაში ნანახი სინამდვილეა და ვაითუ მართლა ის მოხდეს რაც ვნახე მეთქი და გადავწყვიტე შესამოწმებლად ხესთან მივსულიყავი. მივედი და მის უზარმაზარ ფესვებს დავაშტერდი, სიკვდილის საცეცები კიდევ ერთხელ გამახსენდა და ტანში გამაჟრჟოლა, ინსტინქტურად ზურგს უკან მივიხედე, ხომ არ წამომეწია მეთქი მაგრამ იქ არაფერი ჩანდა გარდა მწვანედ შემოსილი ტყისა. სისხლის სუნს გავყევი და საშინელმა სანახაობამაც არ დააყოვნა, ხის ძირას თავგატეხილი გოგონა ეგდო და სულს ღაფავდა, ეს ხომ ხწორედ ის გოგონა იყო რომელიც ხილვაში ვნახე, სწორედ ის რომელიც უცნაურმა მამაკაცმა ხის კენწეროზე აიყვანა და შემდეგ იქიდან გადმოაგდო. დავიბენი, რა უნდა მექნა, ვხედავდი გოგონა როგორ კვდებოდა, როგორ ეცლებოდა სასიცოცხლო ენერგია და მე არაფერი შემეძლო, ან აქამდე როგორ არ მოკვდა, იმ სიმაღლიდან გადმოვარდნას როგორ გადაურჩა. გოგონამ გაჭირვებით თავი წამოწია, თითქოს ჩემი მოახლოება იგრძნოო ცალი თვალით გადმომხედა და პირიდან სისხლი ამოახველა.

   - ეს შენ ხარ, მე შენ გნახე... - მძლივს გასაგონად, ენის ბორძიკით ამოთქვა ორიოდ სიტყვა და თავი უკან გადაუვარდა.

   მაშ ხილვაში ის მართლა მე მიყურებდა, ის მე მხედავდა, ის რეალურია და ჩემი ხილვაც რეალური იყო. გოგონასთან მივირბინე, ის სისხლის გუბეში იწვა და გარდა თავისა სხეულის სხვა ნაწილებიც დამსხვრეოდა. დავსუნე, დრუნჩი თავთან მივუტანე და მისი სურნელი შევიგრძენი, სისხლის სუნთან ერთად იყო კიდევ რაღაც, რაღაც საშინელი და ჩემთვის ასე საძულველი, მას უკვე სიკვდილის სუნი უდიოდა, ის უკვე მის საცეცებში მოქცეულიყო, მე ვერაფერს ვიზამდი, მე არაფერი შემეძლო, მე მას ვერ დავეხმარებოდი.

   ხმაური მომესმა, სმენა და ყნოსვა დავძაბე, ადამიანების ჯგუფი მიახლოვდებოდა, ათამდე დავთვალე. უკვე ძალიან ახლოს იყვნენ როცა გავიაზრე რომ მგლის ტყავში ვიყავი განსხეულებული, მომაკვდავ გოგონას დავხედე, ის რაღაცას ლუღლუღებდა, თვალებს ჩემსკენ აპარებდა და ტუჩებს ოდნავ ამოძრავებდა, მასთან კიდევ უფრო ახლოს მივედი, თავი დავხარე, ყურები ტუჩებთან მივუტანე და სმენად გადავიქეცი, სამწუხაროდ დავაგვიანე, ვერაფრის თქმა ვეღარ მოახერხა, მკვდარი ვეღარაფერს იტყოდა, ის მოკვდა, სული დალია, მხოლოდ იმით ვანუგეშე რომ ბოლო წუთებში მის გვერდით ვიყავი. გოგონას ღიად დარჩენილ თვალებში საკუთარ ანარეკს ვხედავდი, საკუთარ მგლურ სახესა და დაფჩენილ კბილებს, ჩემდა უნებურად პირი დამეღო და გოგონას სხეულს ნერწყვმორეული დავყურებდი. ცხოველურმა ინსტინქტმა წამძლია, მე ხომ ძალიან მშიოდა, დღეები არაფერი მეჭამა, ჩემს წინ კი ცხელ-ცხელი სხეული ეგდო და თბილი სისხლისგან იცლებოდა. ის იყო მისთვის კბილი უნდა დამეკარებინა რომ ხმაური გაძლიერდა, ადამიანების ყვირილი ჩემს სმენას მოაწყდა, თავი სწრაფად წამოვწიე და მათი სილუეტებიც გამოიკვეთა, ხელში შუბები ეჭირათ და მიახლოვდებოდნენ.

   - სწრაფად, წრეში მოაქციეთ, ეს სისხლისმსმელი გოგონას ჭამდა. -  გაისმა ადამიანის სიძულვილნარევი ხმა და დანარჩენებიც დაემორჩილნენ, გარს შემომერტყნენ, წრეში მომაქციეს და შუბები შემართეს.

   - ის მე არ მომიკლავს, ის ხიდან გადმოაგდეს, მე მხოლოდ მის მოსმენას ვცდილობდი... - ვცადე მათთვის მეთქვა მაგრამ თავადვე არ მესმოდა საკუთარი ყელიდან ამომავალი სიტყვები, მათ მაგივრად მხოლოდ ღრენა და ყმუილი ისმოდა.

   კუთხეში მომწყვდეული ნადირივით ვიღრინებოდი და ვყეფდი, ხან ერთ მხარეს მივაწყდებოდი ხან მეორეს, ადამიანებმა მჭიდრო წრე შეკრეს, იქიდან თავის დაღწევას ვერ ვახერხებდი, ვყვიროდი, მე არ მომიკლავს, მე მკვლელი არ ვარ, ეს შეცდომაა მეთქი მაგრამ მათ ჩემი არ ესმოდათ, თვალებში ზიზღი და სიკვდილი ჩაბუდებოდათ და ჩემს გარშემო შეკრულ წრეს ავიწროებდნენ, მიახლოვდებოდნენ, შუბებს მიღერებდნენ. მაშინ კი მივხვდი სიკვდილი უკან კი არ მომსდევდა ის ყოველთვის ჩემს წინ იყო ჩასაფრებული, ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ და არც ერთით უკან, სიკვდილს ვერ გაექცევი, მას ვერ გაასწრებ, ვერ დაემალები, ის ყველგანაა, ყველაფერშია, ყველა ფეხის ნაბიჯზე მისი მსახურნი დაიარებიან და განურჩევლად არსებისა ყველას ერჩიან. წრეში ვტრიალებდი, ვიღრინებოდი, კბილებს ვაჩენდი, კლანჭებს ვილესდი, გადარჩენისთვის ვიბრძოდი მაგრამ ადამიანები ბევრნი იყვნენ... წამით მზერა ხის ტოტზე გამექცა და მაშინ დავინახე, ტოტზე ხის ნიღაბი ეკიდა, მწვანე ლოყები და ყვითელი თვალები ჰქონდა, შუბლზე დამაგრებული პატარა რქები და ის იცინოდა... მე დამცინოდა... ხის საცეცზე ჩამოკიდებული ქანაობდა და გულისამრევ მზერას ჩემსკენ აპარებდა.  რა ხდება სიკვდილის შემდეგ? არაფერი... სიჩუმე... სიმშვიდე... სიცარიელე...

 

03.03.2021

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული