• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

შავ-თეთრი

×
ავტორის გვერდი ლევანი ფილაური 21 იანვარი, 2022 1260
დღემ მშვიდად ჩაიარა, იმდენად მშვიდად რამდენადაც ნოემბრის ქარიან დღეებს შეეფერება.

">

დღემ მშვიდად ჩაიარა, იმდენად მშვიდად რამდენადაც ნოემბრის ქარიან დღეებს შეეფერება. დივანზე ვწევართ მე და ჩემი შავ-თეთრი კატა. ჩემი საცხოვრებლიდან აქამდე მოსასვლელად მთელი ქალაქის გამოვლა მიწევს, დღესაც როგორც ყოველთვის მშვიდად განვვლე ჩამუქებული, ცოტათი გაყვითლებული ქუჩები და ხმაურიანი, ფერადი ავტომობილებით გადატენილი მაგისტრალები. სახეში ქარი მცემდა და გამხმარი ფოთლების სუნს ვგრძნობდი, ტუჩებზე ქარის გამომშრალი გემო მელამუნებოდა. მეტროთი რამდენიმე სადგური გამოვიარე და ისევ ზედაპირზე ამოვედი, ამ სადგურებით ხალხი თითქმის აღარ სარგებლობს, ვაგონში მარტოდმარტონი ვისხედით მე და ჩემი შავ-თეთრი კატა. მიწისქვეშეთიდან ამოსულს, მზისგან მივიწყებული ქალაქი საფლავივით მყუდრო და სიკვდილივით მშვიდი მეჩვენა. სანამ ამ ადგილამდე მოხვალ, ქალაქი უკან უნდა ჩამოიტოვო, მის საზღვრებს გამოსცდე და პატარა მთას დაინახავ, შუბლზე ამოსული მუწუკივით რომ ამობურცულა გავაკებულ არემარეზე. ეს მთა, თუ ბორცვი ჩემს წინაპრებს ეკუთვნოდათ თურმე და საუკუნეების შემდეგ მე მერგო მემკვიდრეობით, რაში დასჭირდათ ამ ბორცვის მოვლა-პატრონობა, ან მისი ასე შთამომავლობით გადაცემა, წარმოდგენა არ მაქვს. თავიდან მფლობელობა რომ მივიღე, გაყიდვაც კი დავუპირე, მაგრამ ვის რად უნდა ერთი მომცრო ბორცვი და აქა-იქ შერჩენილი გაფარჩხული ხეები (მცირე ტყეს რომ მიაგავს). მართალია სულ ზემოთ, წვერზე გამოქვაბული ვიპოვე, მაგრამ ნახევრად ჩამოშლილი და ყოვლად უკაცრიელი აღმოჩნდა.

სწორედ აქ, ამ ჩამოქცეულ გამოქვაბულში ავაშენეთ ეს თავშესაფარი, ახლა მე და ჩემი კატა რომ ვკოტრიალობთ. ავაშენეთ ჩვენ, მე და ჩემმა ძმებმა, ისევ და ისევ ჩვენთვის და მათთვის ვისაც თავშესაფარი დასჭირდებოდა, თავშესაფარი არა საცხოვრებლად, არამედ სწორედაც რომ ცხოვრებისგან თავ დასაღწევად, ადგილი მათთვის ვისაც რეალობისგან გაქცევა ესაჭიროება, სულაც რამდენიმე საათით ან ერთი ღამით. მასალა დაშლილი სახლებიდან და საწყობებიდან მოვზიდეთ, ამ ძველი ნაგებობებისგან გადარჩენილი ხის მასალა გამოვიყენეთ. ჩვენდა გასაკვირად საკმაოდ კარგად შეკრული და გადახურული გამოგვივიდა, შიგ გამოქვაბულში ჩავაშენეთ, ამიტომაც საერთოდ არ ჩანდა შორი მანძილიდან, მხოლოდ მაშინ თუ შენიშნავდი, თუკი პირდაპირ ზღურბლზე წაადგებოდი. არც ქალაქიდან ჩანდა, არც გზიდან, ბორცვიდანაც კი არ ჩანდა თუკი გამოქვაბულს არ მიაგნებდი, ერთი სიტყვით იდეალურად იყო შენიღბული, თავად ბუნების ძალით დაფარული. თავიდან მხოლოდ მე და ჩემი ძმები ვსარგებლობდით ამ მყუდრო ადგილით, ნელ-ნელა ავეჯიც ვიშოვეთ, დასაჯდომად პუფებს და დასაწოლად სქელ მატრასებს ვიყენებდით. ეს დივანი ჩემი იდეა იყო, მომწონს გასაშლელი დივანი, მედატ გამოსადეგია ვიდრე უბრალო საწოლი. საკმაო კომფორტიც შევიქმენით მინიმალური ხარჯების გამოყენებით, თბილოდა, წყალი არ ჩამოდიოდა, პატარა ნახშირის ღუმელიც ჩავდგით, ცივ დღეებში გასათბობად, თან ზედ ჩაის და ყავის მომზადებაც შეგვეძლო. საბოლოო ჯამში განსაკუთრებული არაფერი, ერთი ჩვეულებრივი ხის სახლი გამოვიდა, ორი მოზრდილი ოთახით. განსაკუთრებულობას მისი ფუნქცია ანიჭებდა.

აგვქონდა ყველაფერი რაც საჭიროდ მიგვაჩნდა, ან რასაც უფრო მეტად გამოვიყენებდით განსატვირთავად, მე ჩემი წიგნები და საწერი მასალა, რა თქმა უნდა, მაშინვე ამოვიტანე, უკვე წარმომედგინა, როგორ ვიჯექი ღუმელში ახმაურებულ ცეცხლთან და ყინულოვან ფურცლებს დაცვარული თითებით ვფურცლავდი. ჩემს ძმებს თავიანთი გასართობები ჰქონდათ, რაც მთავარია ერთმანეთს ხელს არ ვუშლიდით, ზოგი თამაშობდა, ზოგი ყურსასმენებში მუსიკას უსმენდა, ზოგიც უაზროდ იჯდა ან ეძინა. აი როგორც კი მოსაღამოვდებოდა ყველა ერთი და იგივე საქმით ვკავდებოდით, დივნის წინ, პატარა მაგიდაზე ვდგამდით ბონგს და მარიხუანას ვეწეოდით. სასმელი თუ მოგვეპოვებოდა იმასაც ვაყოლებდით, დროს ვკლავდით, ვბუჟდებოდით, ცოტახანს ვივიწყებდით მის (დროის) მდინარებას. ყოველდღიურობისგან გაბეზრებულების საცოდავი მცდელობა უფრო იყო რეალობისგან ცოტახნით გასაქცევად, თვალისა და გონების მოტყუება, ჩამყაყებული ჭაობიდან ამოსვლა და მწვანედ მობიბინე ბუსნოზე გასეირნება. ყველაზე საშინელი კი უკან დაბრუნებაა, ისევ ჭაობში ჩაფლობა, სმენისა და მხედველობის ტალახით გამოვსება, ლპობაშეპარული გონების მოფუთფუთე, ბლანტ სიბინძურეში ჩაძირვა.

თუ თავიდან მხოლოდ მე და ჩემი ძმები ვსარგებლობდით, რაც ლოგიკურია, რადგან სხვამ არც არავინ იცოდა ამ ადგილის არსებობის შესახებ, მალევე სხვებიც შემოგვიერთდნენ, ჩვენი მეგობრები, შეყვარებულები (ვისაც ყავდა) მათი მეგობრები და მეგობრების მეგობრები, ერთი სიტყვით ტევა აღარ იყო  იმდენი ხალხი ვგროვდებოდით ხოლმე. დღისით ისევ მე და ჩემი ძმები ვიყავით, სხვანი საღამოობით ამოდიოდნენ ღამის გასატარებლად, დასარჩენად, გულის გადასაყოლებლად. ძირითადად პარასკევობით და შაბათ-კვირას იყო ხალხმრავლობა, მთელი კვირის დაღლილი და შეწუხებული ეს ამდენი ადამიანი, ჩვენს თავშესაფარში შვებას ჰპოვებდა. სახელიც მათ შეურჩიეს, მართლაც ხომ თავს ვაფარებდით, გამოქვაბულში ჩაშენებულ ამ მყუდრო პუნქტს. გამოქვაბული იყო და გამოქვაბულადვე დარჩა, მხოლოდ დროებითი სტუმრები, მომსვლელ-წამსვლელები ავსებდნენ მის სიცარიელეს, მოვიდოდნენ, ცეცხლს დაანთებდნენ, მის ჩაბნელებულ კედლებს გაანათებდნენ და შემდეგ ისევ მიდიოდნენ, ისევ სიმარტოვისა და სიცივისთვის იმეტებდნენ მის პირქუშ, დროისგან გაცვეთილ, გამოწრთობილ შიგთავსს . ისიც, თავშესაფარიც უხვად გვიმასპინძლდებოდა, გვიფარავდა და გვმალავდა, როგორც გარე სამყაროსგან, ასევე საკუთარი თავებისაგან. ვსვამდით, ვეწეოდით, ვცეკვავდით, სექსით ვკავდებოდით, ყველა პოულობდა საჭირო თავშესაქცევს, დავბუჟდებოდით და ჩვენ ჩვენს წარმოსახვაში დავცურავდით, დავფრინავდით, ვთავისუფლდებოდით.

ბევრი ახალი მეგობარი შევიძინეთ, ერთმანეთს ვეცნობოდით, აზრებს და შეხედულებებს ვცვლიდით, ვკამათობდით, ვმსჯელობდით, ერთი სიტყვით ვაკეთებდით ყველაფერს რაც გულს უხაროდა და რისი მოთხოვნილებაც გაგვაჩნდა. მე და ჩემი ძმები წესრიგის შენარჩუნებაზე ვზრუნავდით, საერთოდ არც ხდებოდა არეულობები, რადგან ყველას საერთო ინტერესები გვამოძრავებდა და ყველანი ერთი მიზნით მოვდიოდით თავშესაფარში - გარესამყაროსგან დროებით თავის დასაღწევად. მომსვლელნიც მადლიერნი იყვნენ და პატივისცემითაც გვეპყრობოდნენ, მათაც შეიტანეს წვლილი თავშესაფარის კეთილმოწყობაში , მოჰქონდათ წიგნები, სამაგიდო თამაშები, DVD დისკები ფილმების საყურებლად, საყოფაცროვრებო ნივთები და ჰიგიენისთვის აუცილებელი საშუალებები, ვისაც რა შეეძლო და რის აუცილებლობასაც გრძნობდა. ერთმა (ყოფილმა) მუსიკის მასწავლებელმა ძველისძველი ფირსაკრავი მოიტანა და ვინილებითაც გვამარაგებდა, ვუსმენდით კლასიკას, როკ ენ როლს, მძიმე მეტალს და ზოგადად ყველაფერს რაც იმ დროებაში მოგვეპოვებოდა.

დაახლოებით იმ პერიოდში, როცა ჩვენი თავშესაფარი ამდენ ხალხს, ამდენ განსხვავებულ ადამიანს გვაერთიანებდა და ამ მრავალფეროვანებაში არეულები ყოველდღე ახალ ნაცნობებს ვიძენდით, დაახლოებით იმ დროს გავიცანი ის მშვენიერი არსება, რომელმაც ჩემი რეალობის შეცვლაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

კუთხეში დადგმულ სავარძელში ვიჯექი, ამ სავარძელს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, იქ მხოლოდ მასპინძელს შეეძლო დაჯდომა როგორც საპატიო ადგილი, ეს წესი სტუმრებმა შემოიღეს მადლიერების გამოსახატავად, სავარძელში ვინც იჯდა მთელ წვეულებას ის უძღვებოდა, თუმცა ეს ყველაფერი ფორმალობა უფრო იყო, რადგან არავინ არავის ზღუდავდა, მათ შორის არც სავარძელში მჯდომი, შესაბამისად იქ დაჯდომა მხოლოდ მე და ჩემს ძმებს შეგვეძლო. იმ დღეს მე მხვდა წილად საპატიო ადგილის დაკავება, სავარძელში ჩასვენებული ვუცქერდი მომღიმარე სახეებსა და მოციმციმე თვალებს, სტუმრებს თავის დაკვრით და ჭიქის აწევით ვესალმებოდი, ისინიც თავისებურ სითბოს გამოხატავდნენ, კარგ განწყობაზე გახლდით და კარგად დაბუჟებულიც. მაშინ შევამჩნიე, ამდენ ხალხში, ერთი გამორჩეულად კოხტა, მოქნილი ახალგაზრდა გოგონა, მუსიკის მასწავლებლის გვერდით იჯდა და მხიარულად კისკისებდა. მრგვალ სახეს ჩაწიკწიკებული კბილები ამშვენებდა, ღიმილი მეტად რომ უხდება ადამიანს სწორედ მასზე ითქმოდა. გრძელი შავი თმა და შავი თვალები, პატარა ცხვირი და მადისაღმძვრელი ტუჩები, ერთი სიტყვით ის მშვენიერი იყო და მე მას თვალს ვერ ვაშორებდი. თავიდან ფეხებამდე ვათვალიერებდი და შემდეგ ისევ თავიდან ვიწყებდი, ჩემი თვალები მის სხეულზე ადი-ჩამოდიოდნენ. მრგვალი, იდეალური ზომის და მოყვანილობის მკერდი და გამოწეული თეძოებით დამთავრებული, სწორი ფეხები რაღაც არარსებულის, არარეალურის განცდას მიქმნიდა, რაც თავისთავად უფრო ართულებდა მისთვის თვალის მოწყვეტას. ის მშვენიერი იყო და უკვე აქეთ იყურებოდა, მე მიყურებდა და გულისმომკვლელად იღიმებოდა.

მუსიკის მასწავლებლის ქალიშვილი გამოდგა, კიდევ რამდენჯერმე შევამჩნიე და ბოლოს ერთმანეთიც გაგვაცნეს. ახლოდან კიდევ უფრო მშვენიერი იყო, ყოველ გაღიმებაზე თვალის ჭრილები უპატარავდებოდა და ძლივს შესამჩნევი, შავი თვალები სულმთლად ემალებოდა. უფრო მეტ დროს ვატარებდი მის სიახლოვეს. რამდენადაც ლამაზი, იმდენადვე კარგად აღზრდილი და ჭკვიანიც აღმოჩნდა. წიგნების კითხვა მასაც ისევე იტაცებდა როგორც მე და ეს ერთი მსგავსება საკმარისი აღმოჩნდა მასთან დასაახლვოებლად. საღამო ვიზიტების გარდა ახლა უკვე დღისითაც მოდიოდა ხოლმე, როცა საქმე არაფერი ჰქონდა და მეც თავშესაფარში ვიყავი. ვკითხულობდით, ყავას ვსვამდით, ის თავის რვეულში ხატავდა, მე ჩემს ჩანაწერებს ვეჯექი, ერთმანეთს ვეხმარებოდით, დროს იდეალურად ვკლავდით, მარიხუანასაც ვეწეოდით და გარეთ ბორცვზე წამოწოლილებიც ვოცნებობდით, ვარსკვლავებით განათებულ ცას გაშეშებულები შევყურებდით და მის უსასრულობაში ვიკარგებოდით.

პირველი სექსიც ამ დივანზე გვქონდა, გასაშლელი დივანი მეტად გამოსადეგია. შიშველი კიდევ უფრო მშვენიერი იყო, პირველად რომ გავაშიშვლე რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა, თან სასიამოვნო და თან უსიამოვნო, წამით გონი წამერთვა, სული შემეხუთა, ლამის გული წამივიდა. ნეტარება იყო მისით, მისი არსებით ტკბობა, ის სხეული, ის ყელი, კისერი, ზედმეტად კარგად მაგრძნობინებდა თავს, ცუდად გახდომამდე კარგად. მგონი, ერთმანეთი გვიყვარდა. ყოველი ერთად გატარებული წუთით და წამით ვტკბებოდით, არ შემეძლო მის ნაზ, თბილ სხეულს მოვცილებოდი, მისი ყველა ნაკვთით და გამობურცული სიმრგვალეებით ვსაზრდოობდი, მთელ მის არსებას თვალ დახუჭული ვიცნობდი, როცა თვალს დავხუჭავდი და ნაზად ვეალერსებოდი, ნათლად ვხედავდი როგორ მოძრაობდნენ ჩემი თითები მის გლუვ, ნატიფ სხეულზე.

სხვებმაც შეგვამჩნიეს და ჩუმ მითქმა-მოთქმასაც მოჰყვნენ, არც არაფერი დაგვიმალავს, ერთად ვმოძრაობდით, გვსიამოვნებდა ეს სიახლოვე და ერთად გატარებული დრო, სულ არ გვადარდებდა ვინ რას, ან როგორ დაინახავდა, ანდა რაა იმაში გასაკვირი ორ ახალგაზდრას ერთმანეთი მოსწონდეს. მამამისსაც არ ჰქონდა არაფერი საწინააღმდეგო და ჩვენც მეტი რაღა გვინდოდა, თავდავიწყებას ვეძლეოდით. როცა ერთმანეთს ვერწყმოდით, ვეხვეოდით და ვეალერსებოდით, ჩვენს გარშემო მდორედ მიმდინარე დრო ჩერდებოდა და მასთან ერთად ის სამყაროც, ის ხალხიც, ვის გარშემოც უღიმღამო არსებობა გვიწევდა.

საკმაო ხანს გაგრძელდა ეს ჩვენი ურთიერთობა, ჩვეული რიტმით მივაბიჯებდით დროსა და სივრცეში. ქალაქის სიმყრალისგან გაქცეულები, თავშესაფარში ვპოვებდით ნანატრ შვებას და სიმშვიდეს. ზოგი მოდიოდა, ზოგი მიდიოდა, ზოგნიც კი უცვლელად რჩებოდნენ. გადიოდა წლები, იცვლებოდა მსოფლიო, ემხობოდა სახელმწიფოები და მათ ადგილას ახლები ჩნდებოდა. თავშესაფარი ისევ იქ იდგა და ჩვენც, მისი მუდმივი მდგმურები ერთმანეთს ისევ ვხვდებოდით, ნაცნობ სახეებს ისევ ვხედავდით.

მერე ყველაფერი აირია, ომი და უბედურება, მონობა, სისხლისღვრა, ნგრევა და ცეცხლი დათარეშობდა ჩვენთვის ნაცნობ მსოფლიოზე. თავშესაფარი ცარიელდებოდა, სულ უფრო ცოტა ხალხი მოდიოდა, სანამ საერთოდ მარტო არ დავრჩი. ჩემი ძმებიც აღარ არიან, მათაც დამტოვეს, მხოლოდ ჩემი გოგო და ერთგული კატაღა შემომრჩა. მხოლოდ ჩვენ სამნიღა ვსარგებლობდით მივიწყებული თავშესაფარით. ბევრი დაიხოცა, ბევრიც დაიკარგა, უმეტესობა კი უბრალოდ თავის დაღწევას ვეღარ ახერხებდა, ცხოვრებას ვეღარ გაურბოდნენ და მის მარწუხებში გახვეულები, სამუდამო არსებობის ამაოებით იტანჯებოდნენ. გადაგვარდა სამყარო და გადაგვარდა ადამიანი, ან შეიძლება პირიქითაც მოხდა, ჯერ ადამიანი გადაგვარდა და სამყაროც მან გადააგვარა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, არა როგორ არ აქვს, მაგრამ ჩემთვის შედეგი უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე მიზეზი, რადგან ის სამყარო რომელსაც მე ვიცნობდი და სადაც მთელი ცხოვრება გამეტარებინა თვალსა და ხელს შუა გაქრა და რაც მისგან დარჩა სულაც არ იყო ის, სადაც შევძლებდი თავი ადამიანად მეგრძნო. ეგ არის ადამიანის წილხვედრი, ჩვენ გარდაუვალი გადარჩენა გვიწერია და ამ ხვედრს ვერსად გავექცევით, ჩვენ მხოლოდ ადამიანობის შენარჩუნება გვმართებს, ამ უმიზნო არსებობაში იქნებ სწორედ მისი შენარჩუნებაა ჩვენი არსი და მიზანი, განა ყველა ადამიანი ადამიანია? ღირს კი მისი შენარჩუნება? რის ფასად? ყველაფერს ხომ თავის საფასური აქვს, და ადამიანობა რაღაა? არათუ მისი შენარჩუნება. კითხვების დასმა ადვილია, ეს ყველას შეუძლია, პასუხების გაცემა კი არც ისე მარტივია და  ყველას როდი ხელ ეწიფება სწორად დასმულ კითხვაზე სწორადვე გიპასუხოს, უმეტესობას სურვილიც არ აქვს პასუხის გაცემის ვალდებულება იკისროს, ეს უმძიმესი ტვირთი საკუთარ თავზე აიღოს და სხვისთვისა და საკუთარი თავისთვის იბრძოლოს.

ერთ მშვენიერ დღესაც, სხვა დღეებთან შედარებით მეტად გაბეზრებული, დივანზე წამოწოლილი, ჩამოწოლილ ფიქრებს ვეპაექრებოდი. ჩემი გოგო იგვიანებდა,  მე და ჩემი კატა ვკოტრიალობდით, უცებ რაღაც მოუსვენრობამ შეიპყრო ეს ჩემი ერთგული ცხოველი და მეც ავდექი, გარეთ გავიყვანე, ვიფიქრე ბორცვზე ხტუნვა-თამაშის ხასიათზეა და ჰაერზე გავასეირნებ მეთქი, თან გზასთან ჩასასვლელისკენ დავიძარი, ვიფიქრე შეყვარებულს გზაში დავხვდებოდი. გზას რომ მივუახლოვდით კატას რაღაც შეუჩნდა, საშინელი ხმით ამოიკნავლა და პირდაპირ გზაზე გავარდა. მე უკან გავედევნე, მეშინოდა მანქანას არ გაესრისა ან რამეს არ დაეგლიჯა. ქალაქისკენ გაიქცა, უკან მივსდევ, თან ვეძახი, რეაქცია არ აქვს, კნავის და გარბის. აბა მაგას მე რას დავეწეოდი, გული ლამის ამომვარდა ისე დავიქანცე, ფილტვები ამეწვა, ფეხები ამტკივდა. შევჩერდი, ამოვისუნთქე და აქჩარებული ნაბიჯით ქალაქისკენ დავიძარი, იქით საითაც ვხედავდი რომ ჩემი კატა გარბოდა. მეშინოდა რამე არ მოსვლოდა, მეშინოდა არ დამეკარგა, ის ხომ ჩემი უერთგულესი და უძველესი მეგობარია, მე მას ვერ დავკარგავდი.

ბევრი ვიხეტიალე, ქუჩებში დავბორიალობდი, ყველგან ვეძებდი. თავიდან კნავილის ხმას მივყვებოდი, შემდეგ ეს ხმაც შეწყდა და ასე ბრმად, ინსტინქტებ მინდობილი მისი შესაძლო ადგილმდებარეობის დადგენას ვცდილობდი. სად შეიძლებოდა წასულიყო? ან რა შეუჩნდა? ასეთი რამ არასდროს მოსვლია. ისევ უპასუხო კითხვები... ქუჩები დაცარიელებული და სევდისმომგვრელად ჩუმი მეჩვენა, აქა იქ თუ დავლანდავდი მოსიარულე ადამიანებს. ნაგავი და სხვადასხვა ნამსხვრევ-ნამტვრევი მიმოფანტულიყო ერთ დროს ხალხით გამოვსებულ ქუჩებში, არეულობის შედეგი, სისხლისღვრის მოსავალი, ომის ნამუსრევი. ხალხი გაველურდა, ყველას და ყველაფერს ერჩოდნენ, სახიფათოც კი იყო ჩემთვის მარტო სიარული თანაც უიარაღოდ, ზოგადად იარაღს იშვიათად ვატარებდი, რაღათქმაუნდა საჭიროებებიდან გამომდინარე.

ძველ უბნებს გავცდი და მდინარეზე გასასვლელთან აღმოვჩნდი. ერთი ძველისძველი, ჩამპალი მდინარე იყო, რომელიც ამ შეტაკებებში დაებინძურებინათ და მოეწამლათ, ალბათ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, საშინელი სუნი უდიოდა, გახრწნილს უფრო გავდა ვიდრე მჩქეფარეს, აღარ მოძრაობდა, აღარ მიედინებოდა, დროის მდინარებაში გაჩერებულიყო და მის ძალისხმევას ეწინააღმდეგებოდა. რაღაც ხმაური შემომესმა, ვიფიქრე ჩემი კატა ხომ არ არის მეთქი და იქითკენ დავიძარი. საშინელი სანახაობა დამხვდა, დაბლა, სისხლის გუბეში მაწანწალა ცუგო ეგდო, გაფატრული და ნახევრად შეჭმული, იქვე ახლოს ლომის ბოკვერი ტრიალებდა, სისხლიან ცხვირპირს მშვიდად ილოკავდა. ტანით ბოკვერზე მოზრდილი ჩანდა, მაგრამ ზრდასრული ლომი მაინც არ უნდა ყოფილიყო. შევშინდი, გავქვავდი, მოძრაობა შევწყვიტე იმ იმედით იქნებ ვერ შემამჩნიოს მეთქი, ან აქ ლომს რა ჯანდაბა უნდა. დიდი ხანია ქალაქის ამ ნაწილში ფეხი არ დამიდგამს, წარმოდგენა არ მქონდა აქ რა ხდებოდა, მითუმეტეს ომიანობის შემდეგ.

ბოკვერმა ერთი ამომხედა და იქვე შენობასთან მიწვა, ეტყობა საწყალი ძაღლის გვამით კარგად დანაყრებულიყო და ჩემთვის აღარ ეცალა. ნელ-ნელა უკან დავიხიე, კატაზე ვფიქრობდი, იქნებ მასაც ამ ცუგოს ბედი ეწია, უცოდველი, უსუსური ცხოველის რომელიც მასზე ძლიერის საკვებად ქცეულიყო. შენობის კუთხეს ამოვეფარე და ქუჩას ავხედე, ჩაშავებულ, ჩანახშირებულ ასფალტზე მიმავალი  ნაცნობი მუსიკოსი დავინახე, სწორედ ის, ჩემი გოგოს მამა, იმდენად დავიბენი მისი დანახვით უცებ შევყვირე, ჩემი კატა ხომ არ გინახავს მეთქი, აღარც კი მახსოვდა რომ მისი შვილიც არსად ჩანდა. მუსიკოსს არც კი შევუმჩნევივარ, ჩანგრეული გზა სწრაფი ნაბიჯით გადაკვეთა და თვალს მიეფარა, გაუჩინარდა. დადევნება დავაპირე მაგრამ უცებ ლომის ღრიალი შემომესმა და გავშეშდი. მიმოვიხედე, ვერ გავარკვიე ხმა საიდან მოდიოდა, მხოლოდ მესმოდა, ხედვით ვერაფერს ვხედავდი, სანამ მდინარისკენ არ მივტრიალდი.

იქ, მდინარის მეორე ნაპირას რამდენიმე წელშიშველი ბავშვი იდგა, მათთან ერთად კი უზარმაზარი, მამალი ლომი, რომელიც ფაფარაშლილი იღრინებოდა. მათ უკან მოკაშკაშე მზე ანათებდა, ბრინჯაოსფრად განათებულ მომცრო მხრებზე დაბნეულ, ოქროსფერ თმას ნაზი ნიავი აქანავებდა და ბავშვებს წარმოუდგენლად ზრდასრულ პირისახეს უჩენდათ. ეს უწყვეტად გადმოღვრილი, გასხივოსნებული სინათლე ამ სანახაობას ზღაპრულ იერს ანიჭებდა, მზის მოყვითალო სხივები ისრებივით ესობოდა ჩემს დაძაბულ თვალებს და ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა თითქოს გამოცხადებას ვუყურებდი, არათუ რეალურ სურათს. გაკვირვებული შევყურებდი, უცნაური ბავშვები ისე თავისუფლად იდგნენ ამხელა ლომის გვერდით, თითქოს ერთ-ერთი მათგანი ყოფილიყოს, ლომი გაგიჟებით იღრინებოდა, მისგან ავარდნილი ორთქლი კი მზის სხივებში მტვრად იკარგებოდა. ერთ-ერთმა გადმომძახა, ეგ ბოკვერი, ძაღლს რომ ჭამს მაქედან მოაშორე თორემ უბედურება მოხდებაო. რაღაცის თქმა დავაპირე, მინდოდა შევპასუხებოდი, რამე მეკითხა, მაგრამ უცებ ჩემი კატის განწირული კნავილი მომესმა, ხმა მდინარის მეორე ნაპირიდან მოდიოდა, იქიდან სადაც ბავშვები და ლომი იდგნენ. შევკრთი, ეს კნავილი არ იყო არც გაბრაზების, არც უკმაყოფილების გამომხატველი, ის შველას ითხოვდა, განგაშის სიგნალს მიგზავნიდა, ჩემი მეგობარი გასაჭირში იყო.

ამ დროს რაღაც მოხდა ჩემს არსებაში, თავში რაღაც გამიტკაცუნდა, მრისხანება და განუზომელი ენერგია ვიგრძენი, მთელი ამ ხნის მანძილზე, მთელი ცხოვრების ნაგროვები და საგულდაგულოდ ჩამარხული სიგიჟე ტვინის ბნელი ნაოჭებიდან ბარიერს ანგრევდა, ვგრძნობდი როგორ თავისუფლდებოდა, ვგრძნობდი როგორ მავსებდა მისი ენერგია. სასაიმოვნოდაც კი მომეჩვენა, ერთი გაწკაპუნდა რაღაც ჩემს გონებაში და წამერთვა კონტროლი და განსჯის უნარი. თითქოს ცეცხლი მომიკიდესო ადგილიდან დავიძარი, პირდაპირ მდინარისაკენ გავემართე, არც ხიდი ჩანდა არც რაიმე გადასასვლელი, ვყვიროდი, ჩემს კატას ვეძახდი, მისი განწირული კნავილი მაგრად გამჯდარიყო ჩემს ყურთასმენაში და ეს კიდევ უფრო მაგიჟიანებდა. მდინარესთან მივედი, მძიმედ ვსუნთქავდი, ყველაფერი მიხურდა, ყველა მხრიდან საფრთხეს ველოდი, უსაფუძვლო, ჯერ არ დამდგარი დანაკარგით გამოწვეულ ტკივილს ნაწლავებში ვგრძნობი.

ბოლოს მახსოვს წყალში გადავხტი და მეორე ნაპირისკენ გაცურვას ვცდილობდი. ჩემი კატის კნავილი ჩამესმოდა, თვალებს წყალი მიფარავდა და წვეთებით ამოვსებული გუგებიდან, მზის შუქით განათებულ ბავშვებს ვხედავდი, მათ გვერდით მდგარ ლომს ხახა დაეფჩინა და მკვდარი თვალებით ჩამომყურებდა, თვალს არ მაშორებდა, არაფრისმთქმელი, ცარიელი თვალებით ზემოდან დამყურებდა. შემდეგ თვალები დამებინდა, ყურები დამიგუბდა, ვიძირებოდი... შინაგან სიმხურვალეს ვგრძნობდი, მოწამლული წყალი მეყლაპებოდა და მთელს სხეულზე მეწებებოდა. სული ჩამეწვა, არ ვიცი ეს რა გრძნობაა, როგორ შეიძლება მისი აღწერა, მაგრამ დარწმუნებული ვარ სწორედ ამას ვგრძნობდი. შემდეგ თვალები დავხუჭე და მხოლოდ საკუთარი გულისცემაღა მესმოდა... იმ დღიდან მეტი არაფერი მახსოვს, ეს ბოლო ცოცხალი მოგონებაა, მას შემდეგ რა მოხდა წარმოდგენა არ მაქვს, მხოლოდ ის ვიცი რომ ცოცხალი ვარ, გადავრჩი.

მას შემდეგ ჩემი შავ-თეთრი კატა აღარ მინახავს, ის წავიდა, დაიკარგა, ისიც კი არ ვიცოდი ცოცხალი იყო თუ არა, ასე უბრალოდ გაიქცა ჩემგან და გაუჩინარდა. მდინარეში დახრჩობას გადავრჩი, სამაგიეროდ მისი მოწამლული წყალი საკმარისი ვყლაპე რათა მთელი ცხოვრება მოწამლულს მევლო, ახლა უკვე გონებაც მოწამლული მქონდა და სხეულიც, სრულად შევიქენი, ერთ არსებად შევიკარი, გავმთლიანდი.

ყველაფერი თანდათან დავკარგე, ჩემმა ძმებმა ხომ მანამდე დამტოვეს (დაიხოცნენ) , მერე დანარჩენებმაც, მათ ჩემი კატაც მიყვა, აღარც სახლი მქონდა აღარც სადმე წასასვლელი, მხოლოდ ის გოგო იყო ჩემი იმედი, ცხოვრების თანაზიარი, იმედი მქონდა ის მაინც არ დამტოვებდა. მოვძებნე, მაშინვე მასთან წავედი როგორც კი ფეხზე დავდექი, არაფერი გამაჩნდა მაგრამ ეს არ იყო მნიშვნელოვანი. მასთან მივდიოდი ეგოისტური შიშით შეპყრობილი, ის ჩემთვის მინდოდა, ჩემთან მინდოდა და სულაც არ ვფიქრობდი იმაზე თუ იმას რა სურდა. ვიპოვე, მაგრამ ვაი მაგ პოვნას, არც მას დაუხანებია და გაქცეულა ჩემგან... მამამისი შემხვდა ქუჩაში, საცხოვრებლიდან გამოდიოდა. თავიდან რომ დავინახე დაბერებული და ჩამომხმარი მომეჩვენა და როცა მომიახლოვდა მართლაც რომ განადგურებულს გავდა. იქვე, შუა ქუჩაში მომახალა, ჩემი ქალიშვილი ცოცხლებში აღარ წერიაო და გზა გააგრძელა. ქუჩაში უპოვიათ დაგლეჯილი, მხეცისგან დანაწევრებული. მე მას დავედევნე (მამამისს) შევაჩერე, ვკითხე სად და როგორ იპოვეს მეთქი. თავიდან მომწყდიო, ხელიც მკრა, მაგრამ არ მოვეშვი სანამ არ ვათქმევინე სადაც იპოვეს.

გავიქეცი, იმ ნაპირთან გავიქეცი სადაც ჩემი კატა გაუჩინარდა და სადაც გაფატრული შეყვარებული იპოვეს. ეს სწორედ ის ნაპირი იყო სადაც ჩემი თვალით დავინახე როგორ ჭამდა საწყალ ცუგოს ლომის ბოკვერი. გავშეშდი, მაშინვე იმ ბავშვის ხმა ჩამესმა, მოგონებებიდან ამომძახა - ეგ ბოკვერი მოაშორე თორემ საშინელება დატრიალდებაო. ჩამესმოდა და ექოსავით ედებოდა ჩემს გონებას, გამაყრუებლად გაჰკიოდა ტვინის ვიწრო კედლებში. უბედურება... საშინელება დატრიალდებაო. ის ღამე იქ გავათენე, უბრალოდ ვიჯექი, არ ვიცი რაზე ვფიქრობდი, არ ვიცი რა ხდებოდა, საერთოდ არაფერი ვიცი. გამოვიფიტე, გრძნობებისა და განცდებისგან დავცარიელდი, მხოლოდ უზომო დანაშაულის გრძნობაღა შემრჩენოდა, დანაშაულს ვგრძნობდი არა მხოლოდ იმ გოგოს წინაშე, არამედ ყველას, მთელი სამყაროს წინაშე. ყველაზე უცნაური ის ფაქტია რომ სიკვდილზე არ მიფიქრია, თავის მოკვლა არც კი გამივლია გონებაში. მკვდრებზე ვფიქრობდი, მკვდრებზე და წასულებზე... გავითიშე, ფიქრისგან და აზრისგან გავთავისუფლდი. ჩემი არსებაც მტოვებდა, ჩემშიც იშლებოდა რაღაც... ჩემი ბრალი იყო ის გოგო რომ მოკვდა, ასეთი საშინელი აღსასრულით რომ აღესრულა, მას ხომ ეს არ დაუმსახურებია. მე რომ დევნა შემეწყვიტა და რამე მეღონა, ის წყეული ლომი მომეშორებინა, დამეჭირა, მომეკლა, თავი შემეკლა, ის ხომ ახლა ცოცხალი იქნებოდა. ადამიანებმა თავის დადანაშაულება შესანიშნავად ვიცით, იდეალურად გამოგვდის არარაობად ვიქცეთ მაშინ როცა ამას არანაირი აზრი აღარ აქვს, მაშინ როცა აღარაფერს აქვს აზრი. თავს ვიდანაშაულებთ და აღიარება გვიჭირს, სულში სიცარიელესა და ტკივილს ვგრძნობთ და ვცდილობთ ამ საშინელი ხვედრით გამოწვეულ გრძნობებს რამით ვუწამლოთ, როგორმე ჩავკლათ, დავადუმოდ, მათი მოქმედება გადავავადოთ, ყუთში ჩავკეტოთ და გონების ნაგავსაყრელზე უჩუმრად მოვისროლოთ. ყველაფერი უაზრო და უმიზნოა და ჩვენ ხელში ყოვლისმომცველი არაფერი გვრჩება...

მე არსებობა არ შემიწყვიტავს, განვაგრძობდი უსიცოცხლო, უმიზნო სიცოცხლეს. ჩვენ, ადამიანები გადარჩენისთვის ვართ განწირულები, ეს ჩვენი წყევლაცაა და ჯილდოც, თავისუფლებაც და ტყვეობაც. მე უკვე მკვდარი ვარ, მოსიარულე მკვდარი. აღარც რამეს ვგრძნობდი, აღარც განვიცდიდი, უბრალოდ ვარსებობდი, უფრო სწორედ არსებობდა ის რაც ჩემგან დარჩა. დანაშაულის გრძნობას ვერ გავექეცი, ვერსად დავემალე, არ მასვენებდა, ეს იყო ერთადერთი რასაც განვიცდიდი და ის მოსვენებას არ მაძლევდა, რაც არ უნდა ღრმად დამემარხა და ძლიერად ჩამეკეტა, თავის დაღწევას ყოველთვის ახერხებდა. აღარც ძილი შემეძლო, აღარც გემო შემრჩა პირში, თვალს დავხუჭავდი და მაშინვე იმ საშინელ სცენას ვხედავდი, ყურში კატის კნავილი და ლომის ღრიალი ჩამესმოდა, შემდეგ მოდიოდა მზე და კაშკაშა სინათლით მაბრმავებდა. და კიდევ იყო რაღაც, ვიღაცის განწირული ყვირილი. ყოველი ლუკმის გადაყლაპვისას მეგონა, ვგრძნობდი როგორ ვკბეჩდი ჯერ კიდევ ცოცხალ ხორცს, სისხლიანი ხელებით როგორ ვგლეჯდი სხეულიდან ხასხასა, თბილ ნაჭრებს. თუ ვიძინებდი სიზმრები არ მასვენებდნენ, იქ მე ვიყავი ის ლომი სისხლიანი თავპირით, დიდი ყვითელი თვალებით დავყურებდი ორთქლადენილ სხეულს და ეშვებით ვპხრეწდი მის რბილ შიგთავსს. სხეული კი ხან ცუგოსი იყო, ხან ჩემი ძმების, ხან კი ჩემი გოგოსი, ყველა შემთხვევაში მხოლოდ მე ვიყავი უცვლელი, მე ყოველთვის ხახადაფჩენილ ლომს განვასახიერებდი. და რა არის დანაშაულის გრძნობა? რას ქვია, რა არის თავად დანაშაული? ვინ დაადგინა სხვაობა დამნაშავესა და მსხვერპლს შორის? როლებს ვინ ანაწილებს? რას ნიშნავს განიცდიდე დანაშაულს ქმედებაზე რომელიც არ ჩაგიდენია? ქმედებაზე რომელშიც მონაწილეობა არ მიგიღია, ქმედებაზე... ისევ პასუხგაუცემელი კითხვები და ისევ თავის დაძვრენის მცდელობა, მაგრამ ჩვენ ხომ ორივემ შესანიშნავად ვიცით, აქედან თავს ვერ დავიძვრენთ, ეს ტვირთი ჩვენი საზიდია, და რაც უფრო შორს წავალთ მით უფრო მძიმედ დაგვაწვება მხრებზე, სუნთქვას დაგვიხშობს და სიცოცხლეს გამოგვაცლის. ჩვენ ხომ დამნაშავეები ვართ, დამნაშავეები საკუთარ ტვირთს მარტონი ათრევენ...

ერთ ბინძურ რესტორანში ვმუშაობდი, დაკეტვის შემდეგ იატაკს და მაგიდებს ვწმენდდი, მთელი დღის ნამუსრევს ვალაგებდი, ადამინების ნარჩენებს, მათი მუცლების ამოყორვას გადარჩენილ ნამცეცებს ვაგროვებდი. ძაღლივით მექცეოდნენ, საჭმელად ნარჩენებს მაძლევდნენ და უფლებას რესტორნის სარდაფში დამეძინა. ჩემთვის უკვე სულ ერთი იყო, არ მადარდებდა როგორ მომეპყრობოდნენ, არსებობისთვის აუცილებელ მინიმუმს ხომ მაინც ვიღებდი. ყოველდღე ვუცქერდი ადამიანთა მრავალფეროვნებას, სიბინძურეს, სისასტიკეს, შურს და ავხორცობას. მეც ხომ მათნაირი ვარ, ერთ-ერთი იმათგანი, ამ უზარმაზარი ორგანიზმის ერთი რიგითი უჯრედი. არც არავის ველაპარაკებოდი და არც არავის ჰქონდა სურვილი მე დამლაპარაკებოდა. მხოლოდ თუ მომაფურთხებდნენ ან შემაგინებდნენ, თითქოს იციანო რა დანაშაულიც მიმიძღვის. ვითმენდი, მოსათმენიც არაფერი იყო, ვთვლიდი რომ ყველაფრის ღირსი ვიყავი და ვიმსახურებდი კიდეც ასეთ მოპყრობას. ვითმენდი, ჩემს წილ დამცირებას თამამად ვიტანდი, ვითმენდი... სანამ ჩემშიც არ გააღვიძეს ის მხეცი, რომელიც ყველა ადამიანს სულში ჰყავს გამოკეტილი, ნაგავსაყრელის პირსისხლიანი დარაჯი... სანამ მეც სისხლში არ გავისვარე ხელები.

მოსაღამოვდა, მზე ჰორიზონტზე ნელ-ნელა ქრებოდა, ოჰ როგორ მეზიზღება ეს მრგვალი, უზარმაზარი, მანათობელი ურჩხული, თავის საცეცებით როცა მეხება, სულში მიღიტინებს და კანში მიძვრება. სარდაფის კიბეებზე ვიჯექი, ძველი გაზეთის ნაგლეჯს ვათვალიერებდი, უმიზნოდ, უაზროდ დავყურებდი ნაფლეთებად ქცეულ შავ-თეთრ ნახატებს. რესტორნიდან ჩვეულთან შედარებით მეტი ხმაური გამოდიოდა. ყვირილის, გინების და შუშის მსხვრევის ხმებმა მიიქცია ჩემი ყურადღება. არ ავმდგარვარ, ჩემი საქმე არ იყო შიგნით რა ხდებოდა, მე მხოლოდ ვისმენდი. მერე კარები გაიღო და იქიდან ხალხი გამოცვივდა, ერთმანეთს მიათრევდნენ, ზოგს ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული ზოგიც თავგატეხილი და გასისხლიანებული ჩანდა. სავარაუდოდ დათვრნენ და იჩხუბეს, შემდეგ კი რესტორნიდან გამოყარეს. გარეთაც ცოტა იჩოჩქოლეს და ყველა თავის გზას დაადგა, მეპატრონემ რესტორანი დაკეტა და მე გამომძახა დაასუფთავეო. გაზეთის ნაგლეჯი მივატოვე, ავდექი და უკანა კარიდან უხმოდ შევედი რესტორანში.

ყველაფერი არეულ-დარეული დამხვდა. მაგიდები, სკამები მიემტვრიათ, გადაეყირავებინათ, იატაკზე ბოთლების ნამსხვრევები ეყარა და სისხლის ცხელ-ცხელი წვეთებიც მიმობნეულიყო. ცოცხი და იატაკის ტილო ავიღე, დეფორმირებული სათლი წყლით გავავსე და დასუფთავებას შევუდექი, თან მაგიდებს და სკამებს ვასწორებდი, ნამსხვრევებს ვაგროვებდი. მხოლოდ მე და მეპატრონე ვიყავით, ის ბართან ტრიალებდა, კრისტალივით სუფთა, გამჭვირვალე ჭიქებს საგულდაგულოდ ამშრალებდა და განკუთვნილ ადგილას მოწიწებით აბრძანებდა. გვიანღა შევამჩნიე, ვიღაც გასისხლიანებული, წვეროსანი მამაკაცი კუთხეში მიგდებული კედელს მიყრდნობოდა და სიგარეტს აბოლებდა. მე ჩემს საქმებს ვასრულებდი, არაფერი მიკითხავს, ჩემი საქმე არ იყო. მერე კარებში კიდევ ვიღაც მთვრალი შემოვიდა, იმ დაჭრილთან მივიდა და რაღაცას ედუდღუნებოდა. მხოლოდ ერთხელ გავხედე, ისიც წვერიანი, ოღონდ უფრო ახალგაზრდა ჩანდა. მეპატრონემ დამიძახა, მივედი. სუფთა ტილო და წყლიანი თასი მომცა, დაჭრილს მიუტანეო, გამოვართვი, წავათრიე და ნელი მოძრაობით დაჭრილის ფეხებთან დავალაგე. მაშინ კიდევ ერთხელ შევხედე, იმანაც შემომხედა ზიზღნარევი, ჩასისხლიანებული თვალებით. ახალგაზრდამ გადმომხედა, რას მისჩერებიხარო და ფეხი ამიქნია. ყურადღება არ მივაქციე, დავიხარე, ტილო წყალში დავასველე და დაჭრილს მივაწოდე. ეს ჩემი საქმე არ იყო, მაგრამ მაინც მივაწოდე. შემომხედა, სახეზე ზიზღი გამოეხატა, მიმიკები კიდევ უფრო დაემანჭა. პირი დააღო, ალკოჰოლის სუნი შემომაფრქვია - ამ დამპალს შეხედე, ამის შეცოდებაღა მაკლიაო და ტილოზე ხელი ამიკრა. ისევ დავიხარე, ტილო ავიღე და ხელახლა გავუწოდე. არ ვიცი ასე რატომ მოვიქეცი, ეს ხომ ჩემი საქმე არ იყო, გარეშე თვალი იფიქრებდა საფრთხეს ეძებსო, არ ვიცი, შესაძლოა ასეც იყო.

ახლა შემაგინა და წამოიწია, თან ხელებს იქნევდა. რომ ვერ მომწვდა ახალგაზრდა დაეხმარა, საყელოში ხელი ჩამავლო, თავისკენ მიმიზიდა და შიგ გულის ფიცარში მუხლი ამომარტყა, თან მაგინებდნენ, როგორ თუ შენი შესაცოდი გავხდითო. დაჭრილის ფეხებთან დავვარდი, მძლივს ამოვისუნთქე, ორივემ დამცხეს. მძიმე და სუსტ დარტყმებს ვგრძნობდი, ახალგაზრდა გამეტებით მირტყამდა, დაჭრილი კი რისი ძალაც შერჩენოდა არ იშურებდა. თავიდან სახეზე ხელები ავიფარე და ოთხად მოვიკეცე, სახესა და თვალებს ვიფარავდი, ნეკნებს იდაყვებით ხოლო გულმუცელს მუხლებით ვიცავდი. შემდეგ დავფიქრდი, რატომ, რისთვის ვიცავდი თავს, რაღაში მჭირდებოდა ეს ძაღლური სიცოცხლე. ნელ-ნელა ფეხები მოვადუნე, სახიდან ხელები ჩამოვწიე, ცხვირში მომხვდა, სისხლი წამსკდა, თვალები ამიცრემლიანდა, გავბრუვდი. ახალგაზრდა მომდგა და დაუნდობლად მცემდა. მეპატრონეს ხმაც არ გაუღია, არც ჩარეულა. ვატყობდი ტკივილისგან ვითიშებოდი და თამამად შევეგებე ნანატრ დაბუჟებას. დაე ყველაფერი დასრულდეს... ტანჯვა რჩეულთა ხვედრია, მე მისი ზიდვა აღარ შემეძლო.

თვალები დავხუჭე და როცა ხმები თითქმის აღარ მესმოდა და კიდურები ნელ-ნელა მეთიშებოდა, როცა ჩემი სხეული სიკვდილს ნებდებოდა სწორედ მაშინ, ამ ყოვლისმომცველ სიჩუმეში გავიგონე კატის კნავილი... ამ ხმას რა დამავიწყებს, ათას ხმაში გამოვარჩევ, ჩემი კატის ხმა იყო. მეგონა მომეჩვენა. მეორედაც გავიგონე, ამჯერად დავიძაბე, ძალა მოვიკრიბე, ხელები ისევ სახეზე ავიფარე და დავაყურადე. ხმა შემოსასვლელი კარიდან მოდიოდა, ეს ნამდვილად მისი ხმა იყო და ამჯერად ისე რეალური, ისე ნამდვილი რომ ჩემზე მაღვიძარასავით იმოქმედა. ქვემოდან ამოვიხედე, ყრუ ტკივილსღა ვგრძნობდი ის ახალგაზრდაც აღარ მიტყამდა გამეტებით, დაგუბებულ ყურებში სუსტი გინების ხმა მესმოდა, ჩემი სმენა მთლიანად კატის კნავილზე იყო კონცენტრირებული. კიდევ ერთხელ დაიკნავლა და მაშინ მოხდა ის რაც დამემართა სწორედ იმ დღეს, როცა მე იგი დავკარგე, ზუსტად ისე როგორც მდინარის ნაპირას. მისი კნავილი რაღაც გადამრთველივით მუშაობდა, ჩემს გონებაში რაღაცას აღძრავდა, დადუმებულ, მომაკვდავ უჯრედებს აღვიძებდა, ენერგიას აწვდიდა, აცოცხლებდა. ახლაც, ამ დამპალ რესტორანშიც რაღაცამ გაიჩხაკუნა, ჩემს გონებაში რაღაც შეიცვალა, რაღაც გადაირთო თუ გამოირთო და სხვა რამ ჩაირთო. გულის ცემა გამიხშირდა, საფეთქლები ამეწვა, არა ტკივილისგან არამედ სიმხურვალისგან, ტვინში სისხლი ამივარდა, ტალღა ტალღას მოსდევდა და სხეულს მიჟრჟოლებდა, ოფლის წვეთებით მიცვარავდა. ყურებში გულის ბაგაბუგი და მთელი ჩემი ორგანიზმის პროცესების ხმა ჩამესმოდა.

იატაკზე გავხოხდი გადამტვრეული ბოთლი ავიღე, მაგრად ჩავჭიდე ხელი და ფეხზე ბარბაცით წამოვვარდი. ჩემს დამსჯელებად მოვლენილ წვეროსნებს გავხედე, ერთი შევიკურთხე, ხელები ძლიერად მოვმუჭე და საბრძოლო ყიჟინის მაგვარი, შიგნეულობიდან ამოვარდნილი ღრიალით იმ ახალგაზრდას მივვარდი და შიგ ყელში, პირდაპირ ადამის ვაშლში ბოთლის ნატეხი ვატაკე, თავს ისე მოულოდნელად და სწრაფად დავესხი, რომ გააზრებაც ვერ მოასწრო რა მოხდა. ვატაკე და მივაწექი კიდეც რაც კი ხელში ძალა შემრჩენოდა, სხეულით დავეჯახე, წავაქციე და ზემოდან მივყევი. ვარდნისას ხროტინის ხმა მესმოდა და სახეზე თბილი სისხლი მესხმეოდა. რამდენიმე წვეთი გახელილ თვალშიც კი მომხვდა და მთლად მეწამულად გააფერადა ცალი თვალით დანახული სამყარო, წითელი თვალით დანახული მომაკვდავი კაცის სხეული.

დავარდნილს ზემოდან მოვექეცი, მის ყელში გარჭობილ ბოთლს ხელს არ ვუშვებდი და კიდევ უფრო ძლიერად ვაწვებოდი. კაცი ფართხალებდა, ხელ-ფეხს იქნევდა, შესაბრალისად, უშედეგოდ იბრძოდა, მე კი კატის კნავილი ჩამესმოდა და უფრო მეტად ვბრმავდებოდი, განუზომელ ძალასა და ბრაზს ვგრძნობდი, იმდენად ძლიერს რომ ვიცოდი, ვხვდებოდი, ვხედავდი, ეს იყო საბოლოო ზღვარი ადამიანის აღვირახსნილობისა. ფართხალი რომ შეწყვიტა ნატეხი ყელიდან ამოვაძრე და თვალების ჩიჩქვნა დავუწყე, სახეს ვუსერავდი, ვუსახიჩრებდი, ნაკუწებად ვუქციე ცხვირიცა და პირიც. ვქშენდი და ვიღრინებოდი, თვალებში გამოსახულება მიკრთებოდა, ხახადაფჩენილი ლომი და მის ქვეშ მოქცეული დანაწევრებული ცხედარი, სიზმრები და ჩვენებები ცხადად ამიხდა, ახლა მე ვიყავი ლომი და სხვის სიცოცხლეს საკუთარი ხელებით ვგლეჯდი, არა სიზმარში, არა ზმანებაში არამედ რეალობაში, ცხადზე ცხად, უზუსტეს, უსაშინლეს რეალობაში... იმდენად ძლიერ ჩამებღუჯა ის ბოთლის ნაჭერი რომ საკუთარი ხელიდანაც სისხლი მდიოდა. კატის კნავილი არ წყდებოდა და მეც შეუჩერებლად განვაგრძობდი ცხედრის ფატვრას, უმოწყალო გლეჯვას, სანამ რესტორნის მეპატრონე არ მომვარდა, ხელში დანა ეჭირა, ბოთლის ნამტვრევი გამაგდებინა და მაჯაში დამჭრა. არაფერი მიგრძვნია, მაშინვე დანიან ხელს დავეძგერე და მომუჭულ თითებში კბილები ჩავასე. მისი ძვლების სიმაგრეს და სისხლის გემოს ვგრძნობდი, მისი თითებიდან აფხრეწილი, მოძრავი, ცოცხალი უჯრედები ჩემს კბილებს დასაქუცმაცებლად დაეტყვევებინათ და არც ერთის ცოცხლად გაშვებას არ აპირებდნენ . ყვიროდა, მაგრამ მისი ხმა მე არ მესმოდა, მირტყამდა მაგრამ ტკივილს მე ვერ ვგრძნობდი, ვღრღნიდი და ხორცისგან ვანთავისუფლებდი მის ჩასუქებულ თითებს. დანა გავაგდებინე, წავაქციე და თავისივე დანით მასაც ყელი გამოვჭერი. სისხლმდინარე არტერიაზე ხელებს საცოდავად იფარებდა და ფართოდ გახელილი თვალებით ჩემს მიღმა, სადღაც სიცარიელეში იყურებოდა, შემდეგ მოძრაობა შეწყვიტა და მეც შევწყვიტე. წამოვჯექი, ამოვისუნთქე, ტკივილის შეგრძნებები დამიბრუნდა, ხმებიც მესმოდა. ხელები ამიკანკალდა, თვალები ამეწვა, ყურში წვეთების წკაპუნის ხმა და შორიდან მომავალი წუილი ჩამესმოდა. ორ გვამს შუა სისხლის გუბეში ვიჯექი, მთლიანად სისხლში ამოსვრილი და იმ დაჭრილს, რომლის გამოც ეს ყველაფერი მოხდა პირდაპირ თვალებში შევყურებდი.

ახლა მის თვალებში არა ზიზღი, არამედ შიში ჩაბუდებულიყო, კანკალებდა, უკან-უკან მიჩოჩავდა, კედელს აკვროდა და თითქოს ზედ აცოცებას ცდილობსო საცოდავად იგრიხებოდა. გინება ხვეწნა-მუდარამ შეცვალა, ნამტირალევი ხმით შეწყალებას მთხოვდა, სიკვდილის შიშით აკანკალებდა, მისი (სიკვდილის) მანტია ლოყაზე ეხებოდა, მოსამკელად გამზადებული ცელი კისერს უფხაჭნიდა. ხელში ჩაბღუჯულ დანას დავხედე, სულმთლად გაწითლებულიყო, პირზე ხორცის ნაგლეჯები აჰკვროდა. წამოვიმართე, დაჭრილთან მივედი და მიუხედავად შეწინააღმდეგებისა და ცრემლებისა, პირდაპირ ჭრილობაში ვატაკე სიკვდილის იარაღი. გვერდში იყო დაჭრილი და მეც იქიდან დავიწყე, მანამდე ვჩხვლიტე სანამ მთელი სხეული არ დავუხვრიტე. დანას ვურჭობდი და თვალებში შევყურებდი, ყოველ მის ამოყვირებაზე მისი საზიზღარი მზერაც იცვლებოდა, სანამ ის თვალებიც არ ჩაქრა და მოძრაობაც არ შეწყვიტა, ტირილის ხმაც გაქრა და სიმშვიდემ დაისადგურა. მომკელმა საქმე დაასრულა და უხვი მოსავლიანობით კმაყოფილი ისევე უჩუმრად წავიდა როგორც მოვიდა. მისი საქმის შემსრულებელი, ხელდასხმული შეგირდი მარტოდმარტო დამტოვა, საკუთარ ნამოქმედართან პირისპირ შესაგებებლად და თვალებში ჩასახედად მიმაგდო. ნეტავ რას გრძნობს სიკვდილი როცა იმკის მეთქი გავიფიქრე, მაგრამ ის ხომ არ კლავს, ის ხომ თავად სიკვდილია და არა მკვლელი... მკვლელო! ექო ექოს დაედო, მკვლელო! ვიღაცა გონების სიღრმეებიდან გულისგამაწვრილებლად ამომძახოდა... მხოლოდ საკუთარი გულის ცემა მესმოდა. დახვრეტილი სხეულიდან სისხლი მოჟონავდა, დანას დავხედე, მკვდარს პირი გავუღე და ენა ამოვჭერი. სადამდეც შემეძლო ღრმად, ძირში ამოვჭერი...

ახლა უკვე სამ გვამს შორის და უფრო ღრმა სისხლის გუბეში ვიჯექი. ერთ ხელში დანა მეჭირა, მეორეში ენა, ორივე მომაკვდინებლად ბასრი იარაღი, ერთი რკინის, მეორე უძვლო და უფრო მეტად მტკივნეული... ენა, ადამიანის ამოუწურავ არსენალში არსებული ყველაზე ბინძური და ვაზნებ გამოულევი იარაღი. თანდათან რეალობაში დაბრუნებას ვიწყებდი. ვკანკალებდი, სისუსტეს და სიცივეს ვგრძნობდი, დაბნეულობას და გაორებას განვიცდიდი. და მაშინ ისევ დაიკნავლა, იმ ჩემმა შავ-თეთრმა კატამ ისევ დასჭექა, ოღონდ ახლა უფრო ახლოს მომეჩვენა, იმაზე ახლოს ვიდრე ოდესმე. წამოვდექი, დანა და მოკვეთილი ენა ძირს დავყარე და გასასვლელი კარისკენ წავლასლასდი. კართან მივედი, სახელურს დავეყრდენი, წაქცევას ვიყავი. ნაჟეჟ და ნაცემ ხეულს მძლივს ვიმორჩილებდი, ყრუ ტკივილები დაცურავდნენ ჩემს სხეულსა და გონებაში, თავიდან დაწყებული თითებით დამთავრებული ყველაფერი ამ უძლურებას მოეცვა. ძალა მოვიკრიბე და კარი გავაღე. ღამის სიბნელიდან მოელვარე თვალებით ამომყურებდა, კუდი აეპრიხა, ყურები დაეცქვიტა და წელი ამოეზნიქა. ის იყო... ჩემი შავ-თეთრი კატა, ცოცხალი და უვნებელი, ჩემს ფეხებთან იდგა და კრუტუნებდა. ის დღე იყო როცა დაკარგული დამიბრუნდა და იმაზე მეტი დავკარგე ვიდრე კიდევ შემრჩენოდა. შერჩენილი ადამიანობა იმ წითელ წვეთებს გავაყოლე მეც რომ მდიოდა და იმ სამ გვამსაც ჩემს ზურგს უკან, ის დღე იყო როცა პირველად მოვკალი ადამიანი და მასთან ერთად საკუთარ თავშიც მოკვდა, მე მოვკალი ადამიანი - მაშასადამე მეც მოვკვდი, ჩემშიც მოკვდა ადამიანი. განა რა არის სიცოცხლე, ხორცის ამოძრავებული გროვა, მტაცებლებისა და მოძალადეების გამუდმებულ მსხვერპლად ქცეული, სიბერისა და ლპობისთვის გამეტებული არსებობა, არარსებობიდან არარსებობამდე გასავლელი ზოგჯერ მოკლე, ზოგჯერ კი უსაშველოდ გრძელი, ვიწრო და განიერი, გაუხეშებული და სისხლით მორწყული, სრიალა და ეკალბარდით დაფარული, ჩაშავებული, დაჭაობებული, ბნელი ბილიკი... ყოვლისმომცემი სიცოცხლის წართმევისას, არათუ თავად იძენ რამეს, არამედ იმ ყველაფერსაც კარგავ რაც ოდესმე შენთვის უბოძებიათ.

კატის ასაყვანად დავიხარე და წავბარბაცდი, კუნთები აღარ მივარგოდა, სხეულს მძლივს ვიმორჩილებდი. თავზე ხელი გადავუსვი, სისხლიანი მარჯვენა ხელით მივეფერე ცხვირსა და ყურებზე, ისიც თავისებურად მომეფერა, ხელზე თავს მიხახუნებდა, დატრიალდა და მთელი სხეულით აკანკალებულ ხელს ეგლასუნებოდა. ვიცი მიხაროდა მისი დანახვა და მისი ფაფუკი ბეწვის შეხება, მეგობარი დამიბრუნდა, მაგრამ სიხარულზე მეტად სევდას უფრო ვგრძნობდი. საშინლად დავიღალე. უკან რესტორანში შევლასლასდი, კატა ფეხდაფეხ მომყვებოდა. ბართან მივედი, არყით სავსე ბოთლი დავითრიე, სკამზე ჩამოვჯექი და ხარბად მოვიყუდე მომწარო სითხე. სასმელმა უფრო შემახურა, ნელ-ნელა ჭრილობები გამიყუჩა, მიმავიწყა. დაჭრილი ხელი წყლით მოვიბანე და შემდეგ არყითვე გავისუფთავე დეზინფექციის მიზნით, საშინლად კი ამეწვა მაგრამ ინფექციას ჯობდა ტკივილი ამეტანა, ისედაც მთელი ორგანიზმი მოწამლული მქონდა. ხელი სუფთა ტილოთი გადავიხვიე, სახე და სხეული შეძლებისდაგვარად ჩამოვიბანე, წურწურით გამდიოდა დასველებულზე შემხმარი სისხლი. ცოტა შვება ვიგრძენი. სუფთა ადგილას ჩამოვჯექი, გვამების მოპირდაპირე მხარეს. არყის სმა გავაგრძელე და სიგარეტს გავუკიდე, კატა მუხლებზე ამომაცოცდა, მოკალათდა და აკრუტუნდა. მეც ცალი ხელით მის სქელ ბეწვს ავუდ-ჩავუდიოდი, ისე ვეფერებოდი როგორც მას უყვარდა, თავიდან წელამდე ნელი, აუჩქარებელი მოძრაობებით. თვალები მოჭუტა და სიამოვნებისგან თვლემდა. კარგა ხანს ასე ვიჯექი, სანამ ცოტა დაღლილობა არ მომეხსნა, შემდეგ საქმეს შევუდექი, გვიანი ღამე იდგა და ამით უნდა მესარგებლა.

რესტორანი გადავქექე, ყველანაირი აალებადი საშუალება მოვაგროვე, ალკოჰოლი, საწვავი, ტილოები, ხელსახოცები და მკვდრებთან მივათრიე. ბოთლებს ვამსხვრევდი და საწვავს მთელ ოთახში ვავრცელებდი. გადავწყვიტე ცეცხლისთვის მიმეცა ეს დაწყევლილი ადგილი, მის ალში ეს სიბინძურეც განიწმინდებოდა. შუაღამემდე შევიცადე, ერთი ბოთლი არაყი თან წასაღებად დავიტოვე, სიგარეტის დარჩენილი ღერები ჯიბეში ჩავილაგე და ასანთს გავკარი. რესტორნიდან რომ გამოვედი უკვე ცეცხლის ტკაცატკუცი და ბრიალის ხმა მესმოდა, მხოლოდ ერთხელ მივიხედე უკან, სისხლიანი გვამები ცეცხლის ალიდან შემომყურებდნენ და უხმოდ მემშვიდობებოდნენ, გრილ სამარეში აღარ მეპატიჟებოდნენ. ცეცხლი ხანდახან გამწმენდის როლს თამაშობს და იმ ღამეს ის ჩემი სიშმაგის კვალს წმენდდა, აქრობდა.

ქუჩაში გამოვეხეტეთ მე და ჩემი კატა, მთელი ამ ხნის შემდეგ ისევ ერთად მივაბიჯებდით. მისთვის არც კი მიკითხავს სად გაქრა, იმ დღეს რა დაემართა, ან სად იყო ამდენ ხანს, რა აზრი ჰქონდა პასუხს მაინც არ გამცემდა, სხვა დანარჩენებივით არც მას უყვარდა კითხვებზე პასუხების მოცემა. მასზე ნაწყენი უფრო ვიყავი რომ მიმატოვა ვიდრე გაბრაზებული, მიუხედავად იმისა რომ მთელი რიგი უბედურებანი მისი გაქცევის შემდეგ დამატყდა და ასე თუ ისე დამნაშავეც კი იყო, მაინც არ ვბრაზობდი მასზე. მიპატიებია, წარსული დარჩა იქ, იმ მდინარის ნაპირას, მას შემდეგ ორივე შევიცვალეთ, არც ის გავდა უწინდელ კატას და არც მე ვიყავი ის უწინდელი ადამიანი, არა ნამდვილად ჩემი კატა იყო, ორონდ რაღაც უცნაურობას ვგრძნობდი მისგან, თითქოს ძალიან შორიდან დაბრუნდა ჩემთან, სადღაც მოუსვლელიდან, უკაცრიელიდან, იქიდან საიდანაც არ ბრუნდებიან.

ჩაბნელებულ ქუჩებში მივაბიჯებდი, სიგარეტს გავუკიდე, უკან აღარ მიმიხედავს მაგრამ ვვარაუდობდი, იმ დროისთვის მთელი შენობა უკვე ცეცხლში უნდა ყოფილიყო გახვეული. რამდენჯერ ამივლია ამ ჩაბინძურებულ ქუჩებში და რამდენჯერ ჩამივლია, ომამდე აქაურობა ძალიანაც კარგად გამოიყურებოდა, ახლა კი ნაგავსაყრელს გავდა. ძველი უბნებიდან გამოვედით, ცოტახნით შესასვენებლად ჩამოვჯექი, არაყი გადავკარი, გავთბი. ჭრილობა ისევ მტკიოდა და მასთან ერთად მთელი სხეულიც, ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე მახსენებდა იმ საშინელ რესტორანს. ალბათ უკვე ნათდებოდა კატამ რომ ნაბიჯს აუჩქარა და მე კიდევ გული ამიფანცქალდა, ვიფიქრე ისევ რამემ არ წამოუაროს და არ გაიქცეს მეთქი, იმის თავი კი ნამდვილად აღარ მქონდა ხელახლა დავდევნებოდი. თითქოს ჩემს ფიქრებში ჩაიხედაო, გულის თქმა გამიგო, ნაბიჯს აუჩქარებდა, გაირბენდა და უკან იხედებოდა, მე მელოდებოდა როდის წამოვეწეოდი. ასე ჩერებ-ჩერებით მატარა სანამ არ მივხვდი საითაც მიმიძღოდა. თავშესაფრისკენ მივყავდი, სწორედ იმ ვიწრო ქუჩებით რომლებითაც ადრე ერთად ავდიოდით ხოლმე. რაღაცნაირი სევდა მომეძალა, ყველაფერი ერთად გამახსენდა, კარგიც და ცუდიც, ბედნიერი და საშინელი მოგონებები ერთიანად დამატყდა თავს. ავტირდი, მთელი ამ ხნის მანძილზე, ამდენი დანაკარგისა და სიკვდილის შემდეგ პირველად დავღვარე ცრემლი, ვტიროდი მაგრამ არ ვიცოდი რატომ, ვისთვის, ვის ან რას მივტიროდი, ჩემი არსება სატირალ სახეებსა და ფიქრებს ვეღარ იტევდა. დაე ყველას საკუთარი წვეთი ერგოს, დაე მთელ სამყაროს ვიტირებ, ყველა დაობლებულ ბავშვსა და შვილმკვდარ მშობელს, ყველა წართმეულ სიცოცხლესა და შეწირულ მსხვერპლს, მე მარტო ვიტირებ, ჩემთვის, უხმოდ გამოვიტირებ, არაფრის მომცემი, არაფრის შემცვლელი, მლაშე ცრემლებით დავისველებ ჩაწითლებულ თვალებს... ტროტუარზე ჩამოვჯექი, თავი ხელებში ჩავრგე და უხმოდ ავქვითინდი. თვალდახუჭული მოგონებებში ჩავიძირე, ჩემს გვერდით ვიბრაციის ხმას ვგრძნობდი, ხელი იქით გავიწვდინე, კატის თბილ, ათრთოლებულ სხეულს შევეხე, მომიცუცქდა, თითქოს მამშვიდებდა, თითქოს იცოდა სად ვიყავი გაჭედილი და რას განვიცდიდი. თავს უნდა მოვრეოდი, ის მართალი იყო, ჩვენ ორივე იქ უნდა დავბრუნებულიყავით, იქ სადაც ყველაფერი დაიწყო, თავშესაფარში მისვლის დრო დამდგარიყო...

თენდებოდა, ქალაქს გავცდით და ბორცვიც გამოჩნდა. ისევ ისე ძველებურად წამომართულიყო, უადგილო ადგილას წამოეყო თავი. რაც უფრო ვუახლოვდებოდი მით უფრო ვნაღვლიანდებოდი, რთულია დავბრუნდე იქ სადაც მოგონებების თავშეყრის ადგილია, კვანძი, ცენტრი განვლილი დღეებისა, იმ დღეებისა რომლებმაც ჩაიარეს და თან წაიღეს ყველაფერი რაც გამაჩნდა, გამძარცვეს და დამაგდეს ამ გაციებულ სამყაროში. დავბრუნდე იქ საიდანაც წამოვედი და მას შემდეგ გავურბივარ უკან დაბრუნებას, მაგრამ მაინც ხომ დავბრუნდი, ეს ხომ ფაქტია, გარდაუვალია. კატა წინ მირბოდა მე უკან მივყვებოდი, ქარი თმას მიჩეჩავდა, იმ ჭუჭყისგან, იმ ნაგვისგან მასუფთავებდა მთელი არსებით თან რომ მომყვებოდა. გზიდან ბორცვზე ასასვლელისკენ გადავუხვიეთ, ფერდობს შევადექით თუ არა შევჩერდი. იქვე, როგორც კი გზიდან გადმოუხვევ ერთი დამპალი, მიწაში ჩარჩენილი ხის კუნძი აგდია, სავარაუდოდ ხის ძირი, ადრე აქ ჩემს ნაგანს ვინახავდი ხოლმე. მივედი, მაინც შევამოწმე, ბოლოს კი აქ დავტოვე მაგრამ ხომ შეიძლება ვინმეს ეპოვა. კუნძის უკან მიწა გადავჩიჩქნე, იქ იყო, იმავე ფუღუროში, პოლიეთილენის პარკში გახვეული. ამოვიღე, გავხსენი, ყველა ტყვია ადგილზე იჯდა, ბარაბანი დავატრიალე, დავკეტე და ჯიბეში ჩავიდე. ყოველთვის აქ ვტოვებდი როცა თავშესაფარში მოვდიოდი ხოლმე, იქ იარაღი არასდროს ამიტანია, ჩამოსვლისას ისევ ვიღებდი და ქალაქში ისე ვბრუნდებოდი. ახლა კი რატომღაც გადავწყვიტე თან მქონოდა, ალბათ იმიტომ მეტისმეტად ნაცემი და დასუსტებული რომ ვიყავი, თან ყველაფერი შეიცვალა, მეც შევიცვალე, ზემოთ რა დამხვდებოდა ისიც კი არ ვიცოდი.

ის იყო მზის პირველი სხივი გამოჩნდა და ჩვენც უკვე გამოქვაბულთან ვიყავით. შემოვუარეთ, თავშესაფრის კართან მივედით. იქ ჩემი კატა აფორიაქდა, კუდი აპრიხა და ცხვირს აქეთ იქით იშვერდა, ჰაერს ყნოსავდა. კართან მივედი, გამოვაღე, კატა მაშინვე შიგნით შევარდა, შევყევი. კატა შუა ოთახში იდგა და იღრინებოდა, აჯაგრულიყო. ჩემი გასაშლელი დივანი ისევ იქ იდგა, ზედ ვიღაცეები იწვნენ და ეძინათ. მთელი ოთახი დანაგვიანებული და ანგრეული იყო, ფირსაკრავი დამტვრეული, ჩემი დამწვარ-დაგლეჯილი წიგნები აქეთ-იქით ეყარა. სწრაფად მოვავლე ოთახს თვალი, განადგურებულიყო, ყველაფერი რაც მოგვიგროვებია, რაც ჩვენთვის საჭირო და მნიშვნელოვანი იყო დაემსხვრიათ, დაეგლიჯათ. მოროდიორები... სვავები... ვგრძნობდი სიბრაზეს როგორ ვიკრებდი. დივანს გვერდი ავუარე, საშინელი სუნი იდგა, დაგროვებული ფეკალიების, როგორც ჩანს ოთახშივე ისაქმებდნენ. მწოლიარეებს გადავხედე, ჯიბეში იარაღი ჩავბღუჯე, სამნი იყვნენ, გოგონები, სამივე გაურკვეველი ასაკისანი და საშინლად ჭუჭყიანები. იატაკზე დახეული ნახატები ეყარა, ჩემი გოგოს დახატულები, დავიხარე, ფურცლები გადავქექე, მთელი არცერთი გადარჩენილიყო. ამან კიდევ უფრო გამაბრაზა და დამასევდიანა, იქ ისეთი ნახატებიც ერია ჩემთან ერთად რომ ხატავდა, აქ, ამ ოთახში, ამ დივანზე. ჩახველების ხმა გავიგონე, კატამაც დაიკნავლა, იქით წავედი, ოთახი გადავკვეთე, სავარძელთან მივედი. იმ სავარძელთან საიდანაც პირველად შევამჩნიე ის, იმ სავარძელთან სადაც მე და ჩემი ძმები ვისხედით ხოლმე. და ახლა რას ვხედავ, ჩამოხეულ სავარძელში სრულიად შიშველი, ახალგაზრდა ქალი ზის, დიდი, მრგვალი ძუძუებით და ჩაფსმული საშოთი, ზის და სიგარეტს აბოლებს. მისი მზერა ჩემსას კვეთს. ოჰ, რა არის ადამიანი, რა ხარ ადამიანო, რა საშომ გშობა, ჩაფსმულმა? რა მკერდმა გაწოვა ძუძუ, ჭუჭყში ამოსვრილმა?!

ეს უკვე მეტისმეტი აღმოჩნდა, დაბლა ჩემი აჯაგრული კატა იდგა და ამ საზიზღარ ქალს თვალს არ აშორებდა. იმანაც სიგარეტს ნაფაზი დაარტყა და - შენ ვინ ჯანდაბა ხარო მეკითხება. თავში ტალღამ დამარტყა, კეფიდან შუბლამდე გაიფეთქა, ტუჩი ამიკანკალდა, ჯიბიდან იარაღი ამოვიღე და წამის უსწრაფესად შიგ შუბლში დავახალე. გაკვირვებაც ვერ მოასწრო, ვერც კი გააცნობიერა რომ მოკვდა. ანთებული სიგარეტი ხელიდან გაუვარდა და უსიცოცხლო სხეული სავარძელში დაიკრუნჩხა. ადამიანის შეკივლების ხმა და მასთან ერთან კატის გაგიჟებული ღმუილი ერთმანეთში აირია. უკან არ მიმიხედავს, მხოლოდ მესმოდა, ყვირილის, ბრაგაბრუგისა და კატის გამძვინვარებული ბრდღვინვის ხმები მთელს ოთახს აწყდებოდა. სავარძელთან მივედი, უსიცოცხლო სხეული დაბლა გადმოვაგდე, ჩაბინძურებული სავარძელი დავძარი, გადმოვფერთხე, იატაკიდან ფურცლების ნარჩენები ავიღე და ზედ დავაფინე. ხმაური შეწყდა, მხოლოდ სუსტად მბრდღვინავი კატის ხმაღა მესმოდა. ფეხებთან გართხმულ ცხედარს გადავაბიჯე, შემოვტრიალდი, სავარძელში ჩავჯექი, ახლაღა დავმშვიდდი. ვის სავარძელში იჯდა ის საზიზღარი არსება, ვის ხსოვნას შეურაცხყოფდა, ჩემი ძმების, ჩემი ოჯახის ღირსებაზე აფსამდა! სიბრაზისგან კბილს კბილზე ვაკრაჭუნებდი, მხოლოდ მასპინძელს ჰქონდა უფლება სავარძელში ჩამჯდარიყო, ხოლო მათგან ცოცხალი მეღა შემოვრჩი. ეს იყო ჩემი უფლება, მოვალეობა, ჩემი გასაკეთებელი...

და მე თავი მაღლა ავწიე, რადგან მე იქ ვიყავი სადაც უნდა ვყოფილიყავი, მე დავბრუნდი, მე განვწმინდე, ჩემი ადგილი დავიკავე. თავი ავწიე და მთლიანი ოთახიც გამოჩნდა, გამოჩნდა დივანიც და ზედ მწოლიარე გაფატრული ადამიანებიც, ჩემი შავ-თეთრი კატა სისხლში ამოსვრილი მათ თავს დასდგომოდა და იბღვირებოდა, ტუჩებზე მისხმულ სისხლს მეწამული ენით ილოკავდა. საშინელი სანახაობა იყო, არაადამიანური, არაამქვეყნიური ძალით დაგლეჯილი სხეულები, ზოგს კიდურები ჰქონდა მოგლეჯილი, ერთსაც თავი დაეკარგა, გადაფურჩქნული კისრიდან ჩაშავებული ძარღვები მოუჩანდა. კედლებსა და ჭერზე სისხლის წვეთები და სხეულის ნაწილები დახოხავდნენ. ხან კატას გავხედავდი ხან იმ გვამებს, დაჯერება მიჭირდა. რანაირად შეიძლება ამ საშუალო ზომის კატას სამი ადამიანი წამებში გაეჟლიტა და ასე საშინლად დაეფლითა, დაენაწევრებინა. თავი უცნაურად ვიგრძენი, აშკარად რაღაც ისე ვერ იყო. კატა რომელიც უცნაურად ქრება, სწორედ მაშინ ბრუნდება როცა მე გადავწყვიტე სიკვდილს დავნებებოდი, ბრუნდება და თან სისხლი მოაქვს, მისი ხმის გაგონებაზე ადამიანებს ვხოცავ. შემდეგ აქ მოვყავარ და აქაც ჩვენ, ახლა უკვე ერთად ვხოცავთ ვიღაცეებს, შემოჭრილებს, პარაზიტებს. სად წავიდა? საიდან დაბრუნდა? რატომ მაინცდამაინც მაშინ?! ეს ძალა, ეს მრისხანება როცა ის ახლოსაა, საიდან მოდის ეს ყველაფერი, რანაირად შეძლო მათი დახოცვა, ან მე რანაირად ვარ ცოცხალი და რატომ ვგრძნობ ამხელა ენერგიას, კითხვა კითხვას აწყდებოდა, თავი დამიმძიმდა, ზებუნებრივ მოვლენებზე დავიწყე ფიქრი, რა შეუჩნდა, რა ჩაუსახლდა, ქვესკნელიდან დაბრუნდა? ისევ კითხვები... გამომხედა, დაბალ ხმაზე დაიკნავლა და ჩემსკენ დაიძრა, მოვიდა, სავარძელთან მომიცუცქდა და მოიკუსა როგორც კატებმა იციან, ჯდომისას თათებს რომ გააქრობენ, მთელი სხეულით რომ გადაეფარებიან ხოლმე ზემოდან. მეც მიხარია რომ ჩემთან ხარ მეგობარო, ვეპასუხები აკრუტუნებულ ცხოველს და მწარედ მეღიმება, თბილად მაგრამ მწარედ. რაც არ უნდა იყოს აღუწერელ სიახლოვეს ვგრძნობ, რაღაც კავშირს, ძლიერ კავშირს, იმდენად ძლიერს რომ ვიცი, ვხედავ, ვერავინ და ვერაფერი ჩადგება ჩვენს შორის, ვერა ძალა ვერ შეაკავებს, ვერც თავად სიკვდილი.

     სავარძელში ვზივარ და ჩემს ფეხქვეშ, ჩემს გარშემო ისევ სისხლია, ისევ გვამებია, ისევ სიკვდილი, წარსულის ნაშთებია. ახლა ხომ ვიცი, მახსოვს, ეს ყოველთვის ასე იყო, ყოველთვის ვიღაც იჯდა ამ სავარძელში და მე მას ყოველთვის ვკლავდი, მის ადგილს, ჩემს კუთვნილ ადგილს ვიკავებდი. ხელი მიკანკალებდა, ახლაღა დავხედე, იარაღი ჩამებღუჯა და გადახვეული ჭრილობიდან სისხლი მდიოდა. დაბლა დავაგდე, აღარ მჭირდებოდა, სავარძელში გადავწექი, სიგარეტს გავუკიდე. თვალ დახუჭული ვუშვებდი ფილტვებიდან ამომავალ, შედედებულ ბოლს და თითქოს მის სითეთრეში ვიკარგებოდი, გონებაზე ბინდი მეკვრებოდა. კი მაგრამ, განა რამდენჯერ შეიძლება მოკვდეს ადამიანი?

ის ხომ დაბადებიდან მკვდარია.

                                                                                                                   18.12.2019

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული