- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ეს ლექსი ინგლისურად უნდა იყოს დაწერილი.
ეს ლექსი გერმანულად უნდა იყოს დაწერილი.
ეს ლექსი უნდა იყოს დაწერილი ფრანგულად,
შვედურად, ესპანურად, ჩემს საყვარელ ნორვეგიულ ენაზე,
შესაძლოა ფინურ, დანიურ და ჰოლანდიურ ენებზე.
ბალტიის ქვეყნების ენებმა თავად უნდა გადაწყვიტონ.
არ არსებობს ბელარუსული ვერსია ამ ლექსისთვის,
არ არსებობს რუსული ვერსია ამ ლექსისთვის,
ამ ლექსის უკრაინული ვერსია არ არსებობს.
დანარჩენი შენს არჩევანზეა.
ეს ლექსი უნდა დაიწეროს
უფლებადამცველი ორგანიზაციების ენებზე
შეშფოთების მრავალჯერადად გამომხატველი
ევროპელი პოლიტიკოსების ენაზე.
ნუთუ უნდა შევეგუო იმ აზრს
რომ შეიძლება ციხეში ჩამსვან
შავებში ჩაცმულმა კაცებმა
უბრალოდ ჩაცმულმა კაცებმა
შავ ზურგზე ოთხი მსხვილი ასოთი წარწერის მქონე კაცებმა
წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი ქვეყანა
ვერ მოიპოვებს ვერანაირ თავისუფლებას.
და როგორც წესი, ჩაფლავდება.
ნუთუ მშვიდად უნდა მივიღო
რომ შეიძლება მცემონ
და საბოლოოდ გამოვცხადდე დამნაშავედ (როგორც ისინი იტყოდნენ)
მე ვყვიროდი ანტისახელმწიფოებრივ სლოგანებს
როგორიცაა "მშვიდობა"
ან "გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები"
თუმცა მათი ყვირილის გარეშეც დამიჭერდნენ
(როგორც ჩემი ფეისბუკის ათასობით მეგობარი
ან სხვათა ფეისბუკის მეგობრები)
აღარ მომიწევს ყვირილი
აღარ მომიწევს არაფრის კეთება
უბრალოდ ჩუმად უნდა ვიდგე, უბრალოდ ვიყო.
ვიცი რომ ამას უნდა შევეგუო,
ყოველი შემთხვევისთვის, რადგან სწორედ ასე იქნება.
(ღმერთო, მათი ტელეფონის ნომრებიც არ შემინახავს
ჩემი დაკავების შემთხვევაში ვისაც უნდა დაუკავშირდნენ)
მე არ შემიძლია ამის თქმა ბელორუსულად,
მე არ შემიძლია ამის თქმა რუსულად,
ამას ვერ ვიტყვი უკრაინულად,
მხოლოდ ინგლისურად: მეშინია,
მხოლოდ გერმანულად: Ich habe Angst,
მხოლოდ ნორვეგიულად: Jeg er redd.
ეს საკმარისია, სხვა ვარიანტებისთვის,
გთხოვთ, გამოიყენოთ Google translate.
თარგმანები მეტ-ნაკლებად ზუსტი უნდა იყოს.
ეს ხომ არ არის
უცნაური აღმოსავლეთ ევროპული ენები
მხიარული კირილიცას ასოებით.
მეშინია, როგორც შენ შეგეშინდებოდა ჩემ ადგილზე,
რომ გეცხოვრა არათავისუფალ ქვეყანაში
სადაც ერთი და იგივე პრეზიდენტი ჰყავთ
26 (!) წლის განმავლობაში.
ღმერთო ჩემო, ჩემი ცხოვრების ორი მესამედი
გავატარე შეშლილი ადამიანის ძალაუფლების ქვეშ,
რომლისთვისაც ხმა არასდროს მიმიცია.
როდესაც ამას ინგლისურად ვამბობ,
თავს ვიტყუებ, ვითომ შენ ვარ,
რომ მუდმივი პროტესტის გამოხატვის და მუდმივი მარცხის
მტკივნეული გამოცდილება არ მაქვს,
და არც იმედგაცრუების საშინელი გრძნობა.
მინდა თავი მოვიტყუო, ვითომ იმედიანად ვარ,
რადგან როცა ბელორუსულად ვამბობ,
ვაცნობიერებ რეალობას, ჩვენ ყველანი ვაცნობიერებთ,
რომ არავინ არის, ვისგანაც რამეს შეიძლება ველოდეთ.
ასე რომ, მაპატიე ნახევრად დამტვრეული ინგლისურით ბუზღუნი,
ჩემი აღმოსავლეთევროპული უსასრულო წუწუნი,
თითქოს უკვე წაკითხულ წიგნებს გიკითხავდე.
მე ისევ მსურს რომ მქონდეს იმედი
და ამ იმედს შეეძლოს საძირკვლის ჩაყრა
ჩემი სახლისთვის და
ვიმღერო სიმღერები ბელარუსულად
(და არა რუსულად).
თარგმანი: პაატა შამუგია
TIFL - თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისთვის