• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

მაგია

×
ავტორის გვერდი ლევანი ფილაური 12 თებერვალი, 2022 1481

მაგიის სიახლოვე ვიგრძენი, ვიღაც ძახილის სიგნალს იყენებდა. დიდი ხანია ასეთი ენერგია არ მიგრძნია, თანაც ჩემთან ასე ახლო, ასე ძლიერი. როგორც წესი, დროდადრო შემჩნეულ მაგიურ აქტივობებს ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ხშირ შემთხვევაში მათგან მომავალ უმნიშვნელო და უხიფათო ენერგიებს ვგრძნობ ხოლმე. ამ სიგნალში კი იყო რაღაც ისეთი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია, ძახილი კონკრეტულად ჩემკენ იყო მომართული, ვიღაც მეძახდა, ვიღაც ვინც ჩემი ასავალ-დასავალი იცოდა, ვინც ჩემს კვალს მოაგნო. გამიკვირდა და გავბრაზდი კიდეც, მეგონა კარგად ვიმალებოდი, მე ხომ ყველა ჩემს ხელთ არსებული შენიღბვისა და დაფარვის შელოცვა გამოვიყენე, რათა საბოლოოდ დამეღწია თავი მათგან და მათი საქმიანობებისგან. როგორც ჩანს, ადამიანებს ასე მარტივად ვერ დაუძვრები, ძახილის სიგნალი სწორედაც რომ ადამიანისგან მოდიოდა.

ქალაქი წლების წინ მივატოვე და დღემდე მისი არსებობა არ გამხსენებია, არ მომნატრებია, ველურ ბუნებაში თავს უკეთესად ვგრძნობდი, მიწისა და სიმწვანის მახლობლად, სიცოცხლისა და მაგიის მშობელ ბუნებაში განდეგილ ცხოვრებას ვეწეოდი. ქალაქის დატოვების განსაკუთრებული მიზეზი არც არასოდეს მქონია, უბრალოდ ერთ დღეს გამომეღვიძა და თავი ტყვეობაში ვიგრძენი, სამყაროსგან შორს, ქვის კედლებით შემოსაზღვრული ვბერდებოდი და ვჭკნებოდი. ხოდა მეც ავდექი და ქალაქის ხმაურიანი ცხოვრება ქარის შრიალსა და ჩიტების ჭიკჭიკზე გავცვალე, ქალაქიდან წამოვედი, ნაცრისფერ კედლებს მწვანე ხეები ვარჩიე, ხოლო გალავნით შემოსაზღვრულ გალიას უკიდეგანო თავისუფლება ვანაცვალე. ერთი სიტყვით მშვენივრად ვცხოვრობდი, ვჭამდი იმას რასაც ბუნება მაძლევდა და ვიძინებდი იქ სადაც დამაღამდებოდა. თავი თვითგანვითარებას მივუძღვენი და მანამდე შეუსწავლელი ცხოველების, მცენარეების, მწერებისა თუ ფრინველების შესწავლა დავიწყე. ვაკეთებდი ჩანაწერებს, ჩანახატებს, ვატარებდი ცდებს, ვხვეწდი და ვაუმჯობესებდი ნაცნობ შელოცვებს, ვიგონებდი და ვამოწმებდი ახლებს, ვცდილობდი ოქროს შუალედისთვის მიმეღწია სადაც ბუნება და მაგია თანაარსებობაში ერთმანეთს არ გაანადგურებდნენ. ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, პროგრესიც მქონდა და იმედიც სანამ ამ წყეულ სიგნალს გავიგონებდი, არადა დღესაც ხომ ჩვეული საქმიანობით დაკავებულმა მუხის ტყეს მივაშურე მწერებისა და მცენარეების შესაგროვებლად. დიდრონი ხეების სიგრილეში განებივრებულ შხამიან სოკოს წავაწყდი რომელიც აქამდე არასდროს მენახა და ის იყო დავიხარე, უფრო ახლოდან შეხედვის მიზნით, რომ ამ წყეულმა სიგნალმა ყველაფერი გააფუჭა. რა გაეწყობა, რახან მიპოვეს ესეიგი ჰქონდათ მიზეზი იმდენი შელოცვისთვის გვერდი აევლოთ, ვიღაცას, ვინც არ უნდა იყოს დრო და ენერგია დაუხარჯავს ჩემს მოსაძებნად და იმდენს მაინც ვინამუსებ დომ არ ვალოდინო, მიუხედავად იმისა რომ ჩემს სურვილს ეწინააღმდეგება.


ტყიდან გამოვედი და ბილიკს დავადექი, ვიცოდი საითაც უნდა მევლო, სიგნალიდან მომავალ ტალღებს მივყვებოდი და რაც უფრო ვუახლოვდებოდი წყაროს მისგან წამოსულ მაგიას მით უფრო ძლიერ ვგრძნობდი. ბილიკზე შავ ცხენზე ამხედრებული შიკრიკი დამხვდა, შორიდანვე ვიცანი მისი ჩაცმულობა და მის ქუდზე დამაგრებული ლომის სიმბოლო. მხედარს მივუახლოვდი და მისალმების ნიშნად თავი დავუკარი, იმანაც თავის დაკვრით მიპასუხა და ისე რომ არ ჩამოქვეითებულა სამეფო გერბდასმული ქათქათა კონვერტი გამომიწოდა. გერბს დავხედე და ბრაზიანად ჩამეღიმა, აი თურმე როგორ მომაგნეს, ვინც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა გსურდეს, სამეფო გვარს ვერ დაემალები, ასე უბრალოდ, მათგან დამალვა შეუძლებელია და მორჩა. შიკრიკს კონვერტი ჩამოვართვი და განზე გავდექი. წითელთვალება, მიწასავით შავი ცხენი აჭიხვინდა, ერთი სული ჰქონდა როდის გაჭენდებოდა, ფეხებს აბაკუნებდა და თავს წინ ეწეოდა, ძალა ერჩოდა, სისხლი უდუღდა. საუკეთესო ჯიშის ცხენი, მდიდრულად ჩაცმული შიკრიკი, ესეც შენი სამეფო გვარი, ნაკლები არც ეკადრებათ. ცხენის ნალებიდან მომავალ მაგიურ ენერგიას ვგრძნობდი და შემეძლო მევარაუდა, რომ მას მაგიური სიმბოლოებით შელოცვილი ნალები ეკეთა, რომელთაც სისწრაფისა და ამტანობის გასაზრდელად იყენებენ და საკმაოდ ეფექტურადაც მუშაობს. მხოლოდ ცხენზე და მხედარზე დაკვირვებით შეიძლებოდა მიხვედრა ვის ბრძანებასაც ემორჩილებოდნენ, რადგანაც უბრალო მოკვდავთ ამ ყველაფრის ფლობის არც უფლება და არც მატერიალური საშუალება არ შეიძლებოდა ჰქონოდათ, ჯერ მარტო სუფთა სისხლის, უძველესი ჯიშის ცხენი და მისი მაგიური ნალები ერთი ქალაქის ფას სიმდიდრეს უდრიდა. ესეც შენი მონარქია, ნაკლებს არც უნდა ელოდე.

შიკრიკი წავიდა, ბუმბულივით მსუბუქი ცხენი ისარივით სწრაფად გააგელვა. ბალახზე ჩამომჯდარი სამეფო გერბიან კონვერტს დავყურებდი და ვყოყმანობდი. როგორც იქნა პლომბი ავხიე და ქათქათა ფურცელზე ლამაზი ასოებით გამოყვანილი წერილი ფრთხილად ამოვაცურე. ხელწერა ვიცანი, თავად მეფის ხელით შესრულებულ სიტყვებს ვკითხულობდი და ვსევდიანდებოდი. წერილი სულ რამდენიმე წინადადებისგან შედგებოდა და დაუკმაყოფილებლობისა და უნდობლობის განცდას იწვევდა. ტექსტი შემდეგნაირია:

’’სამეფოს უბედურება დაატყდა თავს, ჩემი ერთადერთი ასული, ახალგაზრდა პრინცესა მოკლეს და მე გიბრძანებ სასახლეში დაბრუნდე. გამოძიებას უხელმძღვანელებ, ყველა გზა გახსნილი გაქვს, სასახლესა და მის პერსონალზე სრულ წვდომას განიჭებ. მკვლელი ცოცხალი უნდა მომგვარო ’’

სულ ეს იყო, არეულ-დარეული სიტყვები, მოკლე და მეფისთვის შეუფერებელი წერილი. გული დამწყდა, პრინცესას ვიცნობდი, ნათელი ბავშვი იყო. თითქოს ნაძალადევსა და უგულო სიტყვებს დავყურებდი და პრინცესაზე ვფიქრობდი, სულ ახალგაზრდა, სულ ნორჩი, ჯერ კიდევ ზრდა დაუსრულებელი, გაუფურჩქნავი ყვავილი ვის ან რატომ უნდა მოეკლა. წერილში რაღაც საზიზღარი იმალებოდა, რაღაც რამაც ჩემამდე შეგრძნების დონეზე მოაღწია - ბინძურ პოლიტიკას უცოდველი ბავშვი შესწირეს. წერილს დავაკვირდი და შევნიშნე რომ ბოლო წინადადებას წერტილი აკლდა, შეიძლება უბრალო შეცდომა ყოფილიყო მაგრამ არა ამ შემთხვევაში. მაშინვე მივხვდი რაშიც იყო საქმე, აბგაში სამელნე და კალმის ტარი მოვნახე და წინადადებას წერტილი თავად დავუსვი. მიჩვენე - მეთქი მელანს შევუძახე და ჩემს მიერ დასმული წერტილიც ამოძრავდა, ცარიელ ადგილას ჩაცურდა და გაიწელა, მელანი ათუხთუხდა, აიმღვრა და ვირთხის ფორმა მიიღო. ფურცელზე მორბენალი ვირთხა წერილის სიტყვებს მიადგა და ასო-ასო მათ შეჭმას შეუდგა. მთლიანი ტექსტი რომ გადასანსლა ისევ წერტილად იქცა და ხელში შერჩენილ ქაღალდზე უადგილოდ ამოჩრილ ხალს დაემსგავსა. ეს შეტყობინება ჩემთვის საკმარისი იყო, როგორც ჩანს, მეფე არავის ენდობოდა და წერილში მთელი სიმართლის ჩაწერაც კი ვერ გაებედა. ვირთხა იმის ნიშანი იყო რომ შეიძლებოდა სანამ ჩემამდე მოაღწევდა წერილი სხვებსაც გაეხსნათ. ახლა გასაგები გახდა არეულ-დარეული სიტყვები და უგულოდ შედგენილი წინადადებები. პრინცესა მოკლეს, მაგრამ არის კიდევ რაღაც, რასაც ვერ მეუბნებიან. მეფის სიფრთხილემ გამაკვირვა და იმ ფაქტმა, რომ მას ინფორმაციის გაჟონვის ეშინოდა, მიმახვედრა რომ მისი ძალაუფლება წლებთან ერთად გაცვეთილიყო. აბა, მე რომ ქალაქში ვცხოვრობდი, მაშინ გაებედა ვინმეს მისი განაწყენება, ან უბრალოდ არასწორ დროს არასწორი სიტყვა ეთქვა, არათუ მის ქალიშვილზე თავდასხმა... ყველაფერი წარმავალია, სანუკვარმა მაგიამაც კი ვერ შეუნარჩუნა სამუდამო ძალაუფლება.

ქალაქში გამგზავრება გარდაუვალი აღმოჩნდა, არადა სანამ წერილს გავხსნიდი, იმედი მქონდა რომ მნიშვნელოვანი არაფერი იქნებოდა და მყუდროებასაც არავინ დამირღვევდა. ახლა კი უარის თქმა აღარ შემეძლო, არც სინდისი მომცემდა განზე გადგომის უფლებას და არც მეფე დამანებებდა ბრძანების დაუმორჩილებლობას. ’’გიბრძანებ სასახლეში დაბრუნდე’’ - მეფის სიტყვებში არაბუნებრივობა იგრძნობოდა, სასახლის კარზე ჩემი მოღვაწეობის პერიოდში მას ჩემთვის არასოდეს უბრძანებია. რა დრო დაგვიდგა, სამყარო სასოწარკვეთილია.

მინდორი გადავკვეთე და მდინარის პირას შევჩერდი, გამოჩნდი - მეთქი წარმოვთქვი და წყლის პირას გაშლილი კარავიც გამოჩნდა. მართალია, ამ მიდამოებში ადამიანები არ სახლობენ და არც ხშირად გაივლიან ხოლმე, მაგრამ სიფრთხილისათვის კარავს შენიღბვის შელოცვას მაინც ვადებდი, რა იცი უპატრონოდ დატოვებულ, შელოცვებით გამოტენილ კარავს ვინ რა მიზნებისთვის გამოიყენებს. შიგნით შევძვერი და აბგიდან შეგროვილი მცენარეები ამოვალაგე, სოკოები ქილებში ჩავყარე, ხოლო ბალახ-ბულახი გასაშრობად გაჭიმულ თოკზე ჩამოვკიდე. რა დროს მცენარეებია, წასასვლელად უნდა მოვემზადო, დაყოვნება არ ივარგებს. აბგაში საგზალი და პირველადი დახმარების რამოდენიმე შელოცვა ჩავალაგე, ვიფიქრე სხვა გრაგნილებიც მომენახა, რომელთა მაგიაც დაკისრებული მისიის შესრულებისთვის დამჭირდებოდა, მაგრამ დრო არ ითმენდა, კარავი კი არეული და დაუხარისხებელი შელოცვებით გამოტენილიყო. მეფემ ხომ სასახლეზე სრული წვდომა მომანიჭა, ჰოდა, სამეფო საცავზე უკეთეს ადგილს ვერც ვინატრებდი, იქ ნებისმიერი გრაგნილის პოვნა შემეძლო, თან წაღება საჭიროდ აღარ ჩავთვალე. აბგა შევკარი და კარავს შენიღბვის შელოცვა დავადე, თითქოს არც არასოდეს ყოფილაო, კარავი გაუჩინარდა, მინდვრისა და მდინარის ფერებს შეერწყა. და მე კიდევ ერთხელ შევჩერდი, რამდენი წელი გავიდა, რაც ქალაქი მივატოვე? თხუთმეტი? ოცი? დაბრუნება იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა, მხოლოდ გაფიქრებაც კი, რომ ის ნაცრისფერი კედლები კიდევ ერთხელ უნდა მეხილა, გულზე ლოდად მაწვებოდა და სუნთქვას მიხშობდა. სხვა გზა არ არის, ქვის კედლებს კიდევ ერთხელ უნდა დავემონო.

მინდორი ნელი ნაბიჯით განვვლე და ტყის ბილიკს დავადექი, შემეძლო ცხენი მეშოვნა მაგრამ გადავწყვიტე ფეხით წავსულიყავი, ფეხით სიარულს შევეჩვიე, საკუთარი ენერგიის ხარჯზე გადაადგილებას და ცხოვრებას, თან შემიძლია გზა შევიმოკლო, იქ სადაც ცხენმა ბილიკსა და გზაზე უნდა იაროს მე შემიძლია ტყესა და ღრეზე გადავჭრა. სიმწვანეში ვივლი, სისუფთავესა და სილამაზეში, მტვრის ნაცვლად ყვავილების სურნელს ვიყნოსავ ხოლო ადამიანების ნაცვლად ტყის ბინადართ გადავეყრები.

სამდღიანი სიარულის შემდეგ ის წყეული კედლებიც გამოჩნდნენ. მდინარეზე გადებულ ხიდს იქით ჩაშავებული ქალაქი ხმაურობდა და იმუქრებოდა. ხიდთან შევჩერდი და ამოვიოხრე, ზურგს უკან სიცოცხლე ჩქეფდა, ყოველ ნაბიჯზე, ყოველ ამოსუნთქვაზე სამყაროს ვგრძნობდი, ჩემს წინ კი მკვდარი ქალაქი გადაშლილიყო, წაწვეტებული კოშკებითა და თვალუწვდენელი კედლებით შემოსაზღვრული საპატიმრო. სიმწვანიდან ადამიანების ნაცრისფერ სამყაროში შევდგი ნაბიჯი. განავლისა და ჭუჭყის სუნი, ჩახუთული და ბინძური ჰაერი, ქუჩაში მოფუსფუსე ადამიანები, მაგია... ყველა მხრიდან მაგიას ვგრძნობდი, არამდგრადსა და ცვალებად ენერგიებს ვეჯახებოდი, არაფერი შეცვლილა, ეს ის ქალაქია, რომელსაც გავექეცი, ეს ის ცხოვრებაა რომელიც უარვყავი, მათ მაგიის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ. თავჩახრილი მივაბიჯებდი, არასასურველ მზერას ვემალებოდი, ქვაფენილზე გამოშლილ ხალხს გვერდს ვუვლიდი, ვერიდებოდი, ვცდილობდი მათ რაოდენობაზე არ მეფიქრა და მაქსიმალურად შორს დამეჭირა თავი. დიდი ხანია ამდენი ერთად შეგროვილი ადამიანი არ მინახავს, არ მიგრძნია, მათი ჩართული გონებიდან წამოსული წიკწიკის ხმა ტვინში მიკაკუნებდა, მათი ცოცხალი, შერყვნილი ენერგია მავიწროებდა, მოშტერებულ მზერასა და ჩურჩულს ვიწვევდი, ვგრძნობდი როგორ შემომყურებდნენ და გული მიწუხდებოდა, სული მეხუთებოდა. ნაბიჯს მოვუჩქარე, პირდაპირ სასახლისაკენ გავემართე, რაც მალე მოვრჩები საქმეს მით უკეთესი, ჩემი ტანჯვაც დასრულდება და ქალაქში ვიზიტიც უკანასკნელი იქნება. ამდენს ვეღარ გავუძლებ, დავბერდი, სხეული ისე აღარ მემორჩილება როგორც უწინ, ახალგაზრდობაში, როცა ნებისმიერი ტანჯვის ატანა შემეძლო. ლაბირინთში მორბენალი თაგვივით მივიჩქაროდი, გასასვლელს ვეძებდი, სხეულების ლაბირინთში გამომწყვდეული მკვდარ პრინცესაზე ვფიქრობდი. მართლა მენანებოდა, მეფის სამსახურში ყოფნისას ჯერ კიდევ მცირეწლოვანს ვიცნობდი. სამეფო ოჯახთან სიახლოვე მიწევდა, მათთან თათბირი, ვახშმობა, გასეირნება, მოკლედ ამ ოჯახს ახლოდან ვიცნობდი, მთელ დღეს მათ გვერდით ვატარებდი და საკმაოდ კარგ მეგობრადაც ვითვლებოდი. პატარა პრინცესას ჩემი დევნა და შეკითხვების დასმა უყვარდა, მეკითხებოდა მაგიაზე, შელოცვების შექმნასა და შესწავლაზე, სამყაროზე, მთასა და ბარზე, ცხოველებსა და ფრინველებზე, ერთი სიტყვით ყველაფერზე მოეძებნებოდა კითხვა და ინტერესი, ის ხომ სამყაროს შეცნობას ცდილობდა, პირველ ნაბიჯებს დგამდა. მიუხედავად დედ-მამის ბრძანებისა ჩემთვის თავი დაენებებინა და მუშაობა ეცლია, ონავარი მაინც ახერხებდა და პასუხებს იღებდა, მისი ცნობისწადილით გახარებული შეძლებისდაგვარად მათ პოვნაში ვეხმარებოდი. დარწმუნებული ვარ ცუდ ადამიანად არ გაიზრდებოდა, რაც არ უნდა ბინძურ და უსამართლო გარემოში ეცხოვრა, მისი გული იმდენად სუფთა და კეთილი იყო რომ... არა, არ მჯერა, რა მხეცმა მოუსწრაფა სიცოცხლე, რა მონსტრმა აღმართა უცოდველზე ხელი?! რაც არ უნდა იყოს, მე მჯერა მისი უცოდველობისა და ვერა ძალა ვერ გადამარწმუნებდა, რადგან მე მის თვალებს ვიცნობ, მე ჩამიხედავს მათში, მისგან წამოსული ენერგია მაქვს ნაგრძნობი, სუფთა და კაშკაშა, თბილი და სიცოცხლით აღსავსე, ის ერთადერთი ადამიანი იყო ამ ქალაქში გამოკეტილ ’’ადამიანთა’’ შორის.

გონებიდან ფიქრები გავფანტე, სასახლის ჭიშკართან ვიდექი და ცამდე აწვდენილ სვეტებს ავყურებდი. სასახლე თითქოს გაზრდილა, ადრე უფრო პატარა მახსოვდა რომ იყო, კოშკები დაემატებინათ, გალავანი აემაღლებინათ. ჭიშკართან მდგარ დაცვასთან მივედი, აბგიდან ამოღებული კონვერტი ვუჩვენე და უკან დავიხიე, შევიცადე. დაცვამ პოსტი დატოვა, საპირისპირო მხარეს მდგარ სხვა დაცვასთან მივიდა და კონვერტი უჩვენა. რაღაც გადაიჩურჩულეს, თვალს ჩემსკენ აპარებდნენ და თავს აქნევდნენ. შუბით შეიარაღებული სასახლის მცველი პოსტს დაუბრუნდა და თავი მორჩილად დამიკრა, თავის დაკვრითვე ვუპასუხე და ხელიდან გამოწვდილი კონვერტი ჩამოვართვი, დავიბრუნე. ჭიშკარი ჭრიალით გაიღო და ჩემი შეგრძნებებიც გამახვილდა, რა თქმა უნდა, აქაც მაგია, ჭიშკრის გაღებასაც კი აღარ კადრულობენ შელოცვის გარეშე. სასახლის ეზოში შევაბიჯე და შევჩერდი, ჭიშკარი ზურგს უკან მომიხურეს, ჩემს წინ გამწვანებული და გაკრიალებული ბაღი გამოჩნდა, ფერად ყვავილებს ჭრელად მოფარფატე პეპლები და საქმიანად მოფუსფუსე ფუტკრები დასტრიალებდნენ, ლამაზად გაკრეჭილ ბუჩქნარს სხვადასხვა ფორმა მიეღო,  უზარმაზარი, ქვისგან გამოკვეთილი შადრევნებიდან კამკამა წყალი იფრქვეოდა, სიტკბოს და სიგრილის სუნი იდგა, ბაღი სამოთხეს გავდა, მშვენიერსა და სანატრელ წალკოტს. მაგრამ ყვავილებს საკუთარი სუნი არ ჰქონდათ, მოტკბო სურნელში სიყალბესა და ხელოვნურობას ვარჩევდი, ხეებს ფესვები აკლდათ, პეპლებს სიცოცხლე. ყველგან მაგია, ყველაფერს ჯადოქრობის მძაფრი სუნი უდიოდა, ყველგან ენერგიას ვგრძნობდი, გაბნეულ და დარღვეულ, უკონტროლო ტალღებს ვხედავდი, ეს ამდენი ენერგია საცოდავი იმიტაციის, სიყალბის შექმნაში იხარჯებოდა, იკარგებოდა. უსიცოცხლო ბაღს ჩავუარე და  კიბეებს მივადექი, თეთრ, მარმარილოს უზარმაზარ კიბეებს. საფეხურზე ფეხი შევდგი და გულმაც ბაგაბუგი დაიწყო, დაბრუნება მიჭირდა, ფეხს ვითრევდი, ისევ ვყოყმანობ...

კიბეები ავიარე და მოჩუქურთმებულ კარს მივადექი. ხეზე ამოკვეთილი სამეფო გერბი და მის ქვეშ ჩამწკრივებული ჯარისკაცები გამომწვევად იცქირებოდნენ. სახელურს შევეხე და კარიც ძალდაუტანებლად შეიღო. მაგია... სარკესავით პრიალა იატაკზე ყოველი გადადგმული ნაბიჯი ექოდ ავარდნილ კაკუნს იწვევდა, ვეცადე უფრო ნელი და სუსტი ნაბიჯით მევლო, მაგრამ უშველებელ დერეფანში ნებისმიერი ჩქამი ხმაურს უდრიდა. დაცარიელებულ ჰოლში მივაბიჯებდი და მდიდრულად მორთულ კედლებს ვათვალიერებდი, ძველისძველ პორტრეტებს ახლები მიმატებოდა, ფიტულებსა და ჩუქურთმებში გამომწყვდეულ სახეებს მტვერი და სიძველე ეტყობოდათ. დიდ დარბაზს მივადექი და ნაცნობი კარი თამამად შევაღე. სიჩუმე და სიცარიელე, დარბაზიც ცარიელი დამხვდა, არც მსახური ჩანდა სადმე, არც მცველი, თავად-აზნაურნი, მეფის მრჩეველნი, ჯადოქრები, ყველანი სადღაც გამქრალიყვნენ. თანდათან ვღიზიანდებოდი, მეფემ შიკრიკი გამომიგზავნა, სასახლეში გამოცხადება მიბრძანა, ასულის მკვლელის მოძებნა დამავალა და თან დამალობანას მეთამაშება? უკვე ვნანობდი, რომ დავემორჩილე, დარბაზს ბოლთას ვცემდი და ვფიქრობდი, თუ აქ არავინაა სხვაგან ძებნას აზრი არ აქვს, მთავარი დარბაზი ცარიელი დამხვდა და სასახლის ჩხრეკას კი დღეებს მოვანდომებდი, რასაც რა თქმა უნდა, არც ვაპირებდი. ვიფიქრე მეფე ბოროტად გამეხუმრა და ამ საქციელით იმის ჩვენება სურდა, რომ ვერსად დავემალები, ყოველთვის მიპოვის, როცა კი მოისურვებს, ხოლო მის დაძახილზე კი მორჩილი ლეკვივით მივცუნცულდები, წერილის სიტყვები და ფორმაც სწორად გათვალა, იცოდა, ვერ გავუძლებდი და დავმორჩილდებოდი. წასვლას ვაპირებდი, დარბაზიდან გასვლას ვჩქარობდი როცა ჩემს სიახლოვეს ახალ გაჩენილი მაგია ვიგრძენი,  სწორედ ისეთი როგორიც მაშინ როცა წერილი მომიტანეს, სიგნალი მიხმობდა და ის იმავე დარბაზიდან მოდიოდა, საიდან გაქცევასაც ვფიქრობდი. მივტრიალდი, ოთახის შუაში მდგარ მუხის გრძელ მაგიდას გავხედე და ამოვიოხრე. მაგიდაზე თეთრი კონვერტი იდო და მასზე გამოსახული სამეფო გერბი წითლად ციმციმებდა. ისევ წერილი, რატომ წერილი?...

კონვერტი გავხსენი, შიგნით არაფერი იდო, სიცარიელე, კონვერტი წერილის გარეშე. რა ხუმრობაა? გაურკვევლობამ შემიპყრო, თავი მარიონეტად ვიგრძენი. კონვერტი მოვისროლე და ის იყო დარბაზს ვტოვებდი, რომ ბავშვის ყვირილი მომესმა. შევჩერდი, დავაყურადე, ყვირილი განმეორდა და ჩემში თითქოს მშობლის ინსტინქტმა გაიღვიძა. მართალია, შვილი არასოდეს მყოლია, მაგრამ ალბათ ეს ინსტინქტი ყველა ადამიანს გააჩნია, მიუხედავად იმისა, არის იგი მშობელი თუ არა. ხმის მიმართულებით გავიქეცი, რატომღაც ჩავთვალე, რომ ყვირილი შველას ითხოვდა. კიბეები ავირბინე, მეორე სართულზე ავედი, შემდეგ მესამეზე და საძინებლების ფრთისკენ  გავიქეცი. ყვირილი პრინცესას ოთახიდან გამოდიოდა, ვერ ვხვდებოდი როგორ, მაგრამ ვიცოდი რომ სწორედ ის იყო პრინცესას ოთახი. კარს რომ მივუახლოვდი, ხმა შეწყდა. ოთახში შევედი და მიმოვიხედე, არ ბნელოდა, ფანჯრიდან შუქი შემოდიოდა, დაცარიელებულ ოთახში მძაფრი რკინის სუნი იდგა და არასასიამოვნო აურა ტრიალებდა. მზერა იატაკზე დაღვრილმა სისხლმა მიიპყრო, ძვირფასი ხალიჩა სისხლით მოთხვრილიყო, ახალი, თბილი სისხლით. ავფორიაქდი და თვალებით გვამს დავუწყე ძებნა, ამდენ სისხლს სხეული სიკვდილამდე უნდა დაეცალა, მაგრამ ოთახში არავინ იყო, არც ცოცხალი და არც მკვდარი, ინტერიერს უსულო სხეული აკლდა. ფანჯარასთან მივედი, სისხლის კვალი სწორედ იქ წყდებოდა, ასე უბრალოდ ქრებოდა, ჰაერში უჩინარდებოდა. შემოვტრიალდი, ოთახს თვალი მოვავლე, საკუთარი გულის ცემა მესმოდა, გავღიზიანდი, დაცარიელებულ სასახლეში გაურკვევლობა შეპყრობილი თავბედს ვიწყევლიდი. რა ხდება? საწოლისკენ მივტრიალდი და თავში რაღაცამ გამიელვა, წუილის ხმა ყურში შევარდა და მეორე ყურიდან გამოვარდა. თვალები დამებინდა, თავი დამიმძიმდა, შუბლი მოვისრისე, თავი გავაქნიე, ბავშვის სიცილის ხმა მესმოდა და არ შემეძლო მას გავყოლოდი, ადგილიდან ვერ ვიძროდი. მერე ხმები აირია, სმენის აპარატი ბგერების აღქმას აგვიანებდა, ანდაც სულაც უარს ამბობდა აღქმაზე. თვალებში გამოსახულება გაიდღაბნა, გაიწელა, თავბრუსხვევას ვგრძნობდი და წონასწორობას ვკარგავდი. თვალი დავხუჭე და ბავშვის სიცილი ძალიან ახლოდან მომესმა, გავახილე და რას ვხედავ, გვერდით ყვითელი ბავშვი მიდგას, არა ყვითელი კი არა ოქროსფერი, თითქოს ოქროში ამოავლესო, სხეული უბზინავდა და უპრიალებდა. ბავშვმა გაიცინა და ექოდ მოვარდნილ მის კისკისს სიბნელე მოჰყვა. მომენტში ყველაფერი გაქრა და დიდ სასადილო ოთახში არმოვჩნდი. უშველებელი ფანჯრებიდან ღამის სიშავე დაუფარავად შემოდიოდა, ბუხრით განათებულ უზარმაზარ მაგიდასთან ვიჯექი და შემწვარ ტახს ნერწყვ მორეული შევყურებდი. ჩემს გვერდით გოლიათური აღნაგობის მამაკაცი იჯდა და ქონით გაპოხილ ულვაშებს გიგანტური ხელით იწმენდდა. ბავშვის სიცილი გაკრთა, გოლიათმა დაიღრინა და სკამიდან წამოხტა, ოთახში სხვებიც იყვნენ, მათ სახეებს ბუნდოვნად ვხედავდი. გოლიათმა სკამს ხელი დაავლო და ორნამენტებიან კედელზე შემოანარცხა, ხალხი აყვირდა, ადგილებიდან წამოცვივდნენ და გასასვლელისკენ გაქანდნენ, მეც წამოვდექი, კარისკენ დავიძარი და სახელურს ხელჩაჭიდებული გავქვავდი, რაღაც მაკავებდა, ოთახიდან გასვლის საშუალებას არ მაძლევდა. ბავშვის ხმა გამეორდა და გოლიათის რისხვაც გაიზარდა, თითქოს ხმაზე რეაგირებსო, ყოველ ჩაკისკისებაზე ღრიალითა და მსხვრევით ეპასუხებოდა. სკამებიც დალეწა და მაგიდაც ზედ მიაყოლა, ვერ ვინძრეოდი, ნაკვთს ვერ ვატოკებდი, ვიდექი და შევყურებდი განრისხებული გოლიათი ოთახს როგორ ანადგურებდა. შემდეგ მიწისძვრა ვიგრძენი, ოთახი შეინძრა, შეზანზარდა, გოლიათი მოწყვეტით დაეცა და იატაკიც თან წაიყოლა, ოთახი ჩაინგრა, ჩაიქცა და სარდაფში ჩავარდა. გაშეშებული სხეულით სახელურს მოვწყდი და პირდაღებულ სიშავეში თავით გადავეშვი.   

გონება მოწამლული მაქვს, აზროვნება წართმეული, სხეული ტვინის ცვალებად სიგნალებს ემორჩილება, თავს ვერ ვაკონტროლებ, უმართავი ვარ. საწამლავი... გონი ხორცზე ძლიერია... ტუჩზე ვიკბინე, ტკივილი შევიგრძენი, მგრძნობელობა გამოვაღვიძე. განთავისუფლდი! - ვყვირი და გამოსახულებები ქრება, სარდაფში ჩაქცეული ოთახი სწორდება, გოლიათის ღრიალი ჩუმდება, პრინცესას ოთახში ვდგავარ და ოფლად ვიღვრები. სასახლე დაწყევლილია, მოჯადოებული, შენიღბულ შელოცვებს ახლა უკვე გარკვევით ვგრძნობდი. გონების საწამლავი... მთელი სასახლე მომაკვდავ ორგანიზმს დამსგავსებია და ცდილობს მასში შესულნიც ცოცხლადვე გახრწნას, ძლიერი წყევლაა ოღონდ ნელა მოქმედი, ჯერ ჭკუიდან გშლის შემდეგ კი მოწამლულ გონებაში ჩამდგარი შიშითა და გაურკვევლობით იკვებება. რა ჯანდაბა ხდება? აქ რისთვის მომიყვანეს? სასიკვდილოდ გამიმეტეს, ხაფანგში ჩემი ფეხით მოვედი, ცოტაც და მისგან თავს ვეღარც დავაღწევდი. პრინცესა სადღაა? სისხლი ხომ ნამდვილია, არ მომჩვენებია, შევეხე კიდეც, დავყნოსე, ადამიანის სისხლია, მასში აორთქლებად ენერგიის ნარჩენებს ვარჩევ, ნამდვილი სისხლია. აქედან უნდა გავიდე, ამ გახრწნილ ადგილს თავი უნდა დავაღწიო, ამ წყეულ ქალაქს, ამათ შერყვნილ მაგიას. არ უნდა მოვსულიყავი, შეცდომა დავუშვი. პრინცესა სადღაა?... უნდა ვიპოვო... საწყალი ბავშვი...

გავიქეცი და ავბარბაცდი, სასახლე მებრძოდა, მბოჭავდა, ჩემს დამორჩილებას ცდილობდა. კიბეებამდე მივლასლასდი და ფორთხვით საფეხურებზე დავეშვი, ხმაურითა და ხვნეშით გავიარე პრიალა დერეფანი და რის ვაივაგლახით გასასვლელ კარს მივადექი. კარი გაზრდილიყო და გაშავებულიყო, გერბიდან მომზირალ ფაფარაშლილ ლომს ხახა დაეღო, ხოლო ჯარისკაცები კი ალესილ შუბებს ჩემსკენ იშვერდნენ. ეს წყეული კედლები, ეს საშინელი ქალაქი, ჩემს საწამებლად მოვლენილი ადამიანები. არა, ასე არაფერი გამოვა, დროა მეც გამოვაჩინო კლანჭები, ეს კარი მე ვერ დამაკავებს, მე თავისუფალი ვარ, თავისუფალი სამყაროს შვილი, საკუთარი თავის უფალი, გონსაც და ხორცსაც მე ვაკონტროლებ, საკუთარ არსებას თავად ვფლობ, და მე აქედან მივდივარ, პრინცესა უნდა ვიპოვო. თავდაჯერებულობა და სიმტკიცე შემემატა, მუხლში გავიმართე, წელში გავსწორდი, სახეზე გაბრაზების ღიმილმა გადამიარა. ხელი აღვმართე, ღრმად ჩავისუნთქე, კედლების მიღმა მომლოდინე სიმწვანე წარმოვიდგინე და ჩემს წინ აწოწილ, ხახადაფჩენილ კარს შევყვირე დამეხსენ! - მეთქი. ხელი კარისკენ გავიქნიე და უზარმაზარმა კარებმა დაიჭრიალა და ჩარჩოებიდან ამოვარდა, ეზოში ბრახუნითა და ნგრევით გაფრინდა. ამოვიოხრე, გაქნეული ხელის თითებს დავხედე, ხელი მეწვოდა, მტკიოდა, სულ უმნიშვნელო, შეუმჩნეველი ტკივილი შიგნიდან მწვავდა, ესეც ჯადოქრობის  საფასური, ჰგონიათ მაგია ულიმიტოა და უკონტროლოდ მოიხმარენ, შედეგების არ ეშინიათ, მასზე დამოკიდებულნი ცხოვრობენ, მაგრამ ცოტამ თუ უწყის, ცოტა თუ გრძნობს რომ ყოველ გამოყენებაზე შიგნიდან რაღაცას გაცლის, საკუთარ ნაწილს, შიგთავსს, შინაგან ენერგიას, სულს გართმევს სამაგიეროდ... რაც არის არის, წლობით ნათმენი და შეკავებული ენერგია ჩემგანაც გამონთავისუფლდა, პრინცესა უნდა ვიპოვო, ოღონდ ის მაპოვნინა და დაე მთლიანად შმთანთქას, მთლიანად ამომწოვოს, ბოლო წვეთამდე გამომცალოს სამართლიანმა საფასურმა. ულიმიტო არაფერია, მაგიასაც აქვს თავის ლიმიტი და ადამიანსაც, და თუ საჭირო გახდება ჩემს ლიმიტს არ დავიშურებ, უკან აღარ დავიხევ, დავიღალე, ბოლოში უნდა გავიდე, პრინცესა უნდა ვიპოვო...


სასახლიდან გამოვედი, ჭიშკართან არავინ დამხვდა, დაცვა სადღაც გამქრალიყო, ყველა სულიერისგან მიტოვებული ეს უშნოდ წამომართული კოშკთა ერთობა მარტოდმარტო იდგა და იცდიდა. გონება ისევ დაბინდული მქონდა, ჯერ კიდევ ვერ დამეღწია თავი იმ მომწამვლელი ენერგიისგან სასახლე ასე ოსტატურად რომ ნიღბავდა და მის წიაღში შესული მსხვერპლისთვის ასე გულუხვად ემეტებოდა. სასახლის გარშემო წრეზე ჩამწკრივებულ შენობებს გავხედე, ყველგან მაღაზიები და დახლები ჩაელაგებინათ, მაგიურ შელოცვებს, გრაგნილებსა და მოჯადოებულ ნივთებს ყიდდნენ. უცებ აზრმა გამიელვა, მივხვდი, არა ვიდოცი, ვიცოდი პრინცესა როგორც უნდა მეპოვა ისე რომ მაქსიმალურად სუსტი და ზუსტი მაგია გამომეყენებინა. თვალწინ მზის სხივებში მოფარფატე პეპელა წარმომიდგა და მეც გასაყიდად გამოშლილი დახლებისაკენ დავიძარი. ადამიანების ხილვა აღარ მაშფოთებდა, თითქოს შევეჩვიე მათ სიახლოვეს, მათგან წამოსულ აურას. შევეგუე, სხვა რა გზა მქონდა. ქალაქის ხალხმრავალი და ხმაურიანი ქუჩები სასახლესთან შედარებით სავსებით ნორმალურად გამოიყურებოდა, გაკვირვებას ვერ ვმალავდი, ახლახან ჯოჯოხეთური კოშმარიდან გამოვიქეცი და აქ კი თითქოს არაფერიაო ყველა თავის საქმეს აკეთებს. ნუთუ არ უწყიან, მათგან ორიოდ ნაბიჯზე, მათსავე ქალაქში, დამშეულ ურჩხულს რომ დაუღია პირი, იქნებ იციან და არ ეშინიათ, არ ადარდებთ, ადამიანებს რას გაუგებ, შეიძლება მთელი ქალაქია დაწყევლილი და ეს ნაცრისფერი ადამიანებიც ამ ორგანიზმის ნაწილნი არიან, ყალბი, ტყუილი ადამიანები, ყალბივე სხეულებითა და გონებით. აქ ყველაფერი ყალბია, ბალახიც კი არ არის ნამდვილი, ჰაერი, მიწა, ყველაფერი ხელოვნურია, კედლებს შიგნით ცოცხალი ვეღარაფერი ხარობს. მთელი ქალაქი პირდაღებული შავი ხვრელია. მაგია... შემაჟრჟოლა და ჩემში ადამიანთა საზომი კიდევ ერთხელ შეიცვალა. ახლა ამის დრო არ არის, მე პეპელა მჭირდება, პეპელას ვეძებ, პეპლის შელოცვას. ხალხით გადაჭედილ ქუჩაზე ერთ-ერთ დახლთან ვჩერდები, დახლს იქიდან ორი მცირეწლოვანი ბავშვი ამომყურებს, თვალებით მეკითხებიან რას შეიძენო, ხმის ამოუღებლად გრაგნილზე ვანიშნებ, გაკვირვებულები ჩანან, პეპლის შელოცვით ხომ ბავშვები თამაშობენ, საბავშვო გასართობად ითვლება. პეპლის შელოცვიან გრაგნილს ვყიდულობ და ჩემს გზაზე მივდივარ, ქალაქიდან უნდა გავიდე. წრიულ ქუჩებს ზემოდან ქვემოთ მივუყვები, ყველა ქუჩა ერთნაირია, ეს უზარმაზარი ქალაქი გორაზე წრიულად რომ აუშენებიათ, სიმაღლის ყველა დონეზე ერთნაირად გამოიყურება. დაბლა ვეშვები და წრიულ ქუჩებს უკან ვიტოვებ, ქალაქის გალავანს ვტოვებ, ველურ სამყაროში გავდივარ. არავინ შემაჩერა, არავინ შემიშალა ხელი ქალაქი დამეტოვებინა, მხოლოდ მზერითა და ჩურჩულით გამომაცილეს, ქალაქმა გამიშვა, ნაცრისფერი კედლები უკან მოვიტოვე და ცოცხალ სიმწვანეში, ნამდვილ სიმწვანეში გავედი.

პეპლის შელოცვის შეცვლა შეიძლება და სათამაშოს ნაცვლად მაძებარ შელოცვას მივიღებ, ჩემი გამოგონებაა, უფრო სწორედ მხოლოდ ცვლილება შევიტანე და შელოცვის ფუნქციონირების დრო და სიმძლავრე გავზარდე. სამაგიეროდ დამატებითი ინგრედიენტები მჭირდება რომელთაც არ ვფლობ, ამაზეც ნაფიქრი მაქვს, ქალაქის მახლობელ სოფელში ყველაფერს ვიშოვი, რაც დამჭირდება, თუ. რა თქმა უნდა. ეს სოფელი საერთოდ ისევ არსებობს. ქალაქს საკმაო მანძილით გამოვცდი და დაღმართზე ჩამავალ ტყის ბილიკს დავადექი, სოფლამდე ნახევარი დღის სავალი გზაა, მაგრამ მე მოკლე გზა ვიცი, რამდენიმე ნაცნობი ბილიკის გავლაა საჭირო და სოფელიც გამოჩნდება, ტყის სიღრმეში, მთის ძირას გაშენებული პატარა დასახლება, რომელიც შეურყვნელ და სუფთა თავშესავარს წარმოადგენდა ჩემი ქალაქში მოღვაწეობის წლებში.


შუადღეა, ტყის ბილიკზე მზის სხივები დაუკითხავად იჭრებიან, დიდრონ ხეებზე ჩიტები დახტუნავენ და ჩემს გამოჩენას ჭიკჭიკით ეხმიანებიან, ჭრიჭინები ყურში ჩამძახიან, მწვანედ აბიბინებული ბალახი შრიალებს და ყვავილების დამათრობელი სურნელი ცხვირში მალამოდ მედება, სიგრილესა და სითბოს ვგრძნობ, აფორიაქებულ სულს სიმშვიდე ეუფლება, ფილტვებს ტვინამდე სუფთა ჟანგბადი ააქვთ და დასნეულებული გონებაც გაწმენდას იწყებს. ბუნება გამომაჯანმრთელებს, გონებიდან ბინდს გადამაცლის, გამაჯანსაღებს. აი ნამდვილი მაგია, ნამდვილი ჯადოქრობა, ქალაქში ხელოვნურად შექმნილ ყვავილებსა და ჩიტუნებს ეტრფიან, მაგიით გამოძერწილ პეპლებს დასდევენ და ის კი არ უწყიან რომ მათ ზღურბლზე, მათგან ორიოდ ნაბიჯზე ნამდვილი ბუნებაა, ნამდვილი ჯადოქრობა, რეალური და ცოცხალი სამყარო, იმდენად ღრმად ჩაკეტილან კედლების მიღმა რომ მათ გარშემო არსებული რეალობაც კი აღარ ახსოვთ როგორია.

სოფელს მივუახლოვდი, ნაკადულზე გადებულ პატარა ბოგირს გადავაბიჯე და გაჯანსაღებული სხეულით ანკარა წყლის დასალევად დავიხარე. მხიარული კისკისი მესმის, ცივი წყლით გასველებულ ტუჩებს ვილოკავ და თავს მაღლა ვეწევი, ახალგაზრდა გოგონების ჯგუფს ვხედავ, წყლის მახლობლად, ხეებში ჩამალულან და ერთმანეთს ზურგებით აჰკვრიან, თითქოს ყველა მხრიდან მტრის შემოსევას ელიან და ასე ერთმანეთის ზურგებს იცავენო. შუაში მათზე მაღალი და ლამაზი, მწვანეთვალება, გრძელ შავთმიანი, პატარა ცხვირითა და ალუბლისფერი ტუჩებით, სავსე, მრგვალი მკერდითა და მრგვალივე თეძოებით, მსხვილი, სწორი ფეხებით დამშვენებული ულამაზესი არსება იდგა. ჩემს მიახლოებაზე მზერა ჩემსკენ გამოურბის და მის თვალებში მთელი სამყაროს სიმწვანესა და სიმშვიდეს ვხედავ. გოგონებს ვუღიმი და თავის დაკვრით ვესალმები, ისინიც მიღიმიან და იშმუშნებიან, ტანზე თხელი ლურჯმწვანე კაბები აცვიათ, რომელნიც სხეულს ბოლომდე ვერ უფარავთ და მოშიშვლებულ თეძოებსა და მკერდის ფორმებს უჩენთ, გამჭვირვალე კაბები დატყვევებულ, კერტებ გამაგრებულ, სავსე ძუძუებს აჩენენ. თავი ხელში ამყავს და გვერდით ვიწევი, ვცდილობ არ შევხედო, მაგრამ როგორია, ასეთ სანახაობას თვალი აარიდო. გოგონები კისკისებენ და მოშიშვლებული სხეულებით ერთმანეთს ეხუტებიან, ელაქუცებიან. ტყიდან ხმაური ისმის და მეც იქით ვიყურები, ბუჩქებიდან წელშიშველი ბიჭები გამორბიან, ხელში ხასხასა ყვავილები უჭირავთ და გოგონებისკენ მირბიან, მათ გარშემო გროვდებიან და წრეში აქცევენ. გამომწყვდეული გოგონები იცინიან და წრეზე მოძრაობენ, თაიგულ გამოწვდილ ბიჭებს ათვალიერებენ და მათკენ იწევენ. გოგონების წრე იშლება და ჭაბუკებისას უერთდება, გოგონები ბიჭებს თაიგულებს ართმევენ და მათ გვერდით დგებიან, წყვილდებიან, დაწყვილებულნი ერთმანეთს ეხვევიან, იცინიან, კოცნიან, ხელიხელჩაკიდებულნი ტყის სიღრმისაკენ მიდიან. ეს ხომ შეწყვილების ცერემონიაა, რიტუალი, ყველა მოწიფული ასაკის გოგო-ბიჭი იღებს მასში მონაწილეობას, ქალაქში ამის შესახებ არაფერი უწყიან, მხოლოდ სოფლებშიღა შემორჩა ეს უძველესი წეს-ჩვეულება, გაზაფხულობით ახალგაზრდები ბუნების წიაღში წყვილდებიან და ღამეს ერთად ატარებენ, ბავშვობას ტოვებენ და ზრდასრულობაში გადასვლას იწყებენ, ქალწულობას კარგავენ და ქალურსა და მამაკაცურ სიამოვნებებს თავიანთივე არჩეულ პარტნიორებთან ეზიარებიან.

ახალგაზრდები ტყის სიმწვანეს სიცილითა და კეკლუცობით შეუერთდნენ, სანახაობით გაკვირვებული და ნასიამოვნები სოფლისკენ დაძვრას ვაპირებდი, როცა შევამჩნიე, რომ ის მაღალი, უმშვენიერესი არსება მარტოდმარტო დარჩენილიყო. გამიკვირდა, დანარჩენებთან შედარებით ბევრად ლამაზი და სავსე უპარტნიოროდ როგორ დატოვეს, მისთვის მხოლოდ შეხედვაც კი საკმარისია რომ მისი სხეულის სურნელი იგრძნო, მწიფე სხეულისა, რომლის ყველა სიმრგვალე მოწყვეტასა და დაგემოვნებას ითხოვს. ალბათ შემამჩნია თვალს რომ ვერ ვაშორებდი და თვალცრემლიანმა გაღიმება სცადა. ცრემლები რომ დავინახე, დავსევდიანდი, მზის სხივებით განათებულ, გარუჯულ სახეს, მწვანე ჭრილებიდან, მოციმციმე ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა. მივუახლოვდი, გოგონა არ იძვროდა, არ მიფრთხოდა, მხოლოდ მოწყენილად შემომყურებდა და აბუზული სხეულით თრთოდა. ახლოდან უფრო კარგად გამოჩნდა მისი მრგვალი სახე და სხეულის მრგვალივე ფორმები, თავს მძლივს ვიკავებდი, სხეული მიხურდა და სუნთქვა მიჭირდა. თვალი მაინც თავისას შვრებოდა და მისკენ გამირბოდა, მოშიშვლებულ მკერდსა და თეძოებს ჩემდაუნებურად ვათვალიერებდი. უკვე მისი სუნთქვის ხმა მესმოდა, ტირილისგან აჩქარებულ გულის ცემას ვგრძნობდი, მისგან საოცარი ენერგია იღვრებოდა, ასეთი რამ არასდროს მომსვლია, ყველა სიცოცხლის ფორმას ერთდროულად ვგრძნობდი, ულამაზესი სხეული თრთოდა და მასთან ერთად ყველა მისი ნაკვთიც მოძრაობდა. სითბო ვიგრძენი, თითქოს ორთქლი ავარდაო მისი გულმკერდიდან მომავალ სითბოსა და ტკბილ სურნელებას ვგრძნობდი. თავბრუ დამეხვა, წონასწორობა დამერღვა, გოგონამ შემატყო რომ ვიქცეოდი და ხელი შემაშველა. როგორც კი ხელზე შემეხო მაშინვე შევკრთი, ჟრუანტელმა დამიარა და ტანზე დამბურძგლა. გოგონა ხელს არ მიშვებდა, მე ვკანკალებდი, სხეულს ვერ ვიმორჩილებდი, ვიკეცებოდი, ვიქცეოდი, საშინელმა წინათგრძნობამ ამიტანა. ჩემზე ერთი თავით მაღალი, ტურფა სხეული კიდევ უფრო მომიახლოვდა. გოგონამ მხარზე ხელი მომხვია და თავისკენ მიმიზიდა, სუნთქვა მიჭირდა და თავბრუ მეხვეოდა, გონი წამერთვა, ყველაფერი გაქრა გარდა მისი შეხებისა. გოგონამ მეორე ხელიც მომხვია და ისევ მიმიზიდა. მისი გულის ცემა მესმოდა, სახით სითბოსა და სირბილეს ვგრძნობდი, ნაზ მოძრაობებ აყოლილ გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. თვალი გავახილე და სიშიშვლე დავყნოსე, მფეთქავ მკერდს ცხვირით შევეხე, გოგონამ ამოიხვნეშა და შეინძრა, ხელები ავამოძრავე, თეძოებიდან წელზე ავაცოცდი და მეც მოვეხვიე. მისმა სხეულმა ჩემი მიიკრა, სახე მის შიშველ მკერდში მქონდა ჩაფლული, ხელებით მის მკვრივ თეძოებზე თავს ვიმაგრებდი. ყოველ ამოსუნთქვაზე სავსე მკერდი მოძრაობდა და იზრდებოდა, სარეცელზე მიმკვდარებულივით სხეულის სურნელს ვიყნოსავდი და გონებას ვკარგავდი. ყურში მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი, ცხვირის ოდნავ შეხებას, მის ყოველ ამოსუნთქვაზე სამყარო იცვლებოდა, ირღვეოდა და მთლიანდებოდა, იცლებოდა და ივსებოდა. ძილი მერეოდა, თვალები მეხუჭებოდა, ვერ ვუძლებდი, მის არსებას ვერ ვუმკლავდებოდი. ყურში რაღაც ჩამჩურჩულა, ვერ გავარჩიე რას ამბობდა და ხმის ამოღება ვცადე, ერთმანეთზე დაწებებული ტუჩები გავხსენი და კითხვანარევი თვალები მის მწვანე თვალებს მივაპყრე. მისი ტუჩები უხმოდ ამოძრავდა, შეწითლებულ ლოყებს შემშრალი ცრემლის ვერცხლისფერი ლაქა ეტყობოდათ, შუბლზე ჩამოშლილი თმა შავად უბზინავდა, მისი ხმა არ მესმოდა, ჩემს სმენას ვერ სწვდებოდა, უსასრულობაში იკარგებოდა, საერთოდ არაფერი მესმოდა. წამწამები დამიმძიმდა, ქუთუთოები დამეღალა, თვალები დავხუჭე და სიბნელეში გამკრთალ სიშიშვლესთან ერთად გავითიშე.

როცა გამომეღვიძა, მარტო ვიყავი, ბილიკთან ახლოს, მინდორზე დედიშობილა ვიწექი. რა მოხდა? არაფერი მახსოვს. თავი მტკიოდა, სხეული მიხურდა, წამოვხტი, აქეთ-იქით ყურება დავიწყე, გოგონა არსად ჩანდა, სიზმარივით გამქრალიყო. თვალები მოვიფშვნიტე და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე, ფეხსაცმელს რომ ვირგებდი ძირს დაგდებული თაიგული შევნიშნე, ჩემს ნივთებთან იდო. დავიხარე, ფერადი ყვავილებით შეკრული თაიგული ავიღე და დავაცქერდი, მინდვრის ყვავილებში შერეულ ნაცნობ სურნელს ვგრძნობდი, თაიგული თხელი, მწვანე ნაჭრით შეეკრათ და მასზე შეხებაში მისი სხეულის შეხებას ვგრძნობდი. თაიგულს მისი სუნი უდიოდა, კაბის ნაგლეჯი მის შეხებას განმაცდევინებდა. თავი გავაქნიე, ხომ არ მომაჯადოვა, ჩემს თავს არ ვგავარ, ეს რა დღეში ვარ-მეთქი, ვიფიქრე.

ბილიკზე დავბრუნდი და სოფლისკენ დავიძარი, გზაში თაიგული დავშალე, ყვავილები აბგაში შევინახე, ხოლო კაბის ნაგლეჯი მაჯაზე შევიბი, შემოვიხვიე და მაგრად გავნასკვე. მის სიახლოვესა და განუყოფელობას ვგრძნობდი, სიმწვანეში ჩაძირულ ბილიკს მივუყვებოდი და სულაც აღარ მახსოვდა აქ რისთვის მოვსულვარ, თითქოს აღარაფერი მადარდებდა, მოვლენათა მსვლელობას აზრი დაეკარგა. მეხსიერებამაც რა თქმა უნდა არ დააყოვნა და მაშინვე ყველაფერი შემახსენა, ისევ გავნაწყენდი, ამოვიოხრე, რა საჭიროა გონება ყველაფერს იმახსოვრებდეს, რა იქნებოდა რაღაცეები სამუდამო დავიწყებას რომ შემეძლოს მივცე-მეთქი, ვინატრე. პრინცესა მოკლეს და მე პეპლის შელოცვა უნდა შევცვალო, ეს აქამდეც არაერთხელ გამიმეორებია საკუთარი თავისთვის, მოვალეობის შეგრძნებაც მკვეთრად გადღაბნილა მეხსიერების ფურცელზე და დავიწყების საშუალებას ვიცოდი არა ძალა მე არ მომცემდა. 

ტყის სოფელში შამანი ცხოვრობს რომელსაც შელოცვის შეცვლა შეუძლია, მეც კი შემიძლია მაგრამ ინგრედიენტები არ მაქვს, განსაკუთრებული ჯიშის, იასამნისფერი პეპელა მჭირდება, რომელიც დიდ იშვიათობას წარმოადგენს, რადგან მას მხოლოდ ისინი პოულობენ, ვინც ეძებს, ესე იგი პეპელა რომ იპოვო, მისი არსებობის შესახებაც უნდა იცოდე, უნდა იცოდე, რას ეძებ, რის შესახებაც, სავარაუდოდ, არც ისე ბევრმა უწყის. ერთი სიტყვით ძებნაში დროის დახარჯვას მირჩევნია შამანს მივმართო და ერთი ქისა ოქროს სანაცვლოდ სასურველი შელოცვა მივიღო, ეს ადრეც მიქნია, დანამდვილებით ვიცი, რომ თუ ვინმეს პეპელა მოეპოვება, ეს სწორედ სოფლის შამანია. პეპლის შელოცვა მართლა ბავშვების გასართობია, რომელიც ქალაქელმა ზრდასრულებმა აბეზარი შვილების თავიდან მოცილების მიზნით შექმნეს, იგი პეპელას აჩენს, ძერწავს, რომელიც ფარფატითა და ნათებით გაქცევას იწყებს, ბავშვები კი მას დაედევნებიან და ქანცისგაწყვეტამდე სდევენ სანამ შელოცვა არ დასრულდება ან ბადით პეპელას არ დაიჭერენ. როცა ჩვეულებრივ პეპელას იასამნისფერით ჩაანაცვლებ და შელოცვას დანიშნულებას შეუცვლი, გამოხმობილ პეპელას ნებისმიერი რამის, ან ვინმეს პოვნა შეუძლია, ეს ამბავი ბევრმა არ იცის, მხოლოდ მათ გავანდე ვისაც ვენდობოდი, მათ ვინც ვიცოდი მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებდნენ, შამანი ერთ-ერთი მათგანია და მოხარულიც კი ვარ მასთან ვიზიტით მიუხედავად იმისა რომ კარგად არც ვიცნობთ ერთმანეთს. სულაც არ არის საჭირო ადამიანს იცნობდე რომ ენდო, ზოგჯერ თვალებში ჩახედვაც საკმარისია, მე კი შემიძლია ფსკერამდე ჩავყვე, უბნელეს კუნჭულებამდე ჩავიხედო, სულში ჩავუძვრე და გავაშიშვლო. დიახ, თვალებში ჩახედვა სავსებით საკმარისია...

შამანმა ქისა ოქრო აიღო და ხის სახლში შებრუნდა, აქ ადრეც არაერთხელ მოვსულვარ, სოფლის მცხოვრებნი მიცნობენ, ჩემი არ ეშინიათ, არ მიფრთხიან. მართალია, ბოლოს აქ დიდი ხნის წინათ ვიყავი, მაგრამ ერთხელ მოპოვებული ნდობა ჯერაც არ განელებულა. სულ რაღაც ოციოდ წუთში შამანი ბრუნდება და გრაგნილს მაწვდის, წელს ზემოთ შიშველია და ჭაღარა თმაში ყვავილები აქვს ჩაწნული, მე დახვეულ ქაღალდს ვშლი და შეცვლილ შელოცვას ვაკვირდები, ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს, პეპელაც შეცვლილია და ბრძანებაც, მიწისა და წყლის სიმბოლოებიც დაუმატებია, საქმის ნამდვილი მცოდნის ნამუშევარია. ყოველთვის ვთვლიდი რომ ტყის შამანები ქალაქელ ჯადოქრებზე ზუსტები და გაწაფულნი არიან, ისინი ხომ მაგიის წიაღში ცხოვრობენ, შიშველ ენერგიებს ეხებიან, სუფთა მაგიას იყენებენ, მათ საფასურზეც უწყიან და შეგნებაც გააჩნიათ იმაზე მეტი არ აიღონ ვიდრე სჭირდებათ, ქალაქელებთან შედარებით ნათელი თვალები აქვთ. 

შამანს მადლობას ვუხდი და თავის დაკვრით ვემშვიდობები. სოფლიდან გამოვდივარ, გზაგასაყარზე ვდგავარ, იმ ადგილს უნდა ჩავუარო სადაც იმ მშვენიერ არსებას შევხვდი, რომლის შეხებასაც მაჯაზე შემოხვეულ კაბის ნაგლეჯში ვგრძნობ. ვჩერდები და ვფიქრობ, როგორ მოვიქცე? შემიძლია პრინცესა მოვძებნო ან ის მშვენიერი მწვანეთვალება. ვფიქრობ, რა შედეგები მოჰყვება ან ერთის პოვნას ან მეორისას, ის კი ვიცი, პრინცესას თუ არ ვიპოვი, რაც მოხდება - სავარაუდოდ, მეც მის ბედს გავიზიარებ. სასახლიდან გამოყოლილი შიში ვიგრძენი, იმ წყეულ კედლებში პრინცესას ბედზე არაამქვეყნიურად ვღელავდი, გადაწყვეტილება უნდა მიმეღო.

მწვანეთვალებამ დამტოვა, ალბათ ასე იყო საჭირო, თორემ უმიზეზოდ ხომ არ მიმატოვებდა, არც თაიგულს დამიტოვებდა, ან როგორ შეიძლება მიტოვებაში ჩავუთვალო ის ხომ მე არც კი მიცნობდა, ახლა რომ მოვძებნო გული მიგრძნობს ყველაფერს გავაფუჭებ, რაღაც არასწორს ჩავიდენ, თავად მიპოვის როცა ამის დრო დადგება. გრაგნილს ვხსნი და შელოცვას ვკითხულობ, იასამნისფერი პეპელა ხელის გულზე მაჯდება და იცდის, ვყოყმანობ, მაჯაზე შემოხვეულ ნაჭერს ვეფერები, თვალს ვხუჭავ. პრინცესა - მეთქი, პეპელას ვეუბნები და ისიც არ აყოვნებს და ხელიდან ფრინდება, წინდაწინ მიფარფატებს და უკან იასამნისფერ კვალს ტოვებს, თითქოს სხეულიდან მტვერი სცვივაო მანათობელი ნაწილაკები ხაზად მისდევენ. მე მის კვალს მივყვები, ბალახზე მივაბიჯებ, თავდახრილი ბილიკზე დატოვებულ ფერს მივუყვები.

დიდხანს მატარა, ადამიანებით დასახლებულ ტერიტორიებს გავცდი, გაუღრანებულსა და გაველურებულ ნაწილში მოვხვდი. ტყის შუაგულში მივყავარ, დიდი და ბნელი ტყეა, აქ ადრეც ვყოფილვარ, ძველი და ამოუცნობი არსებანი ბინადრობენ მის საფარველში, რამდენიმე მათგანს გადავყრივარ კიდეც, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო, ახალგაზრდობაში, როცა თავგადასავლების ძიებაში დროსა და ენერგიას არ ვიზოგავდი, გამუდმებით ახლის ძიებაში ტყესა და ღრეს ვედებოდი. ტყე თავად უძველესია, სამყაროს პირველი დღეების მომსწრე, ათასწლოვანი ხეები ზეცამდე ატოტვილან და უშველებელი სხეულებით ჩემს არარაობას მაგრძნობინებენ, მათი ფესვების სიმაღლეც არ ვარ, მათი ფოთლების სიმძიმეც არ მაქვს, მათთან შედარებით ჭიანჭველა ვარ. შეუცნობელი შეგრძნება მიპყრობს, როგორც მაშინ როცა აქ პირველად მოვედი, ჩემში პროცესების ცვალებადობა ირღვევა, ირევა, დროისა და სივრცის აღქმას ვკარგავ და გიგანტებით ჩაბნელებულ წიაღში ბრმად მივაბიჯებ, გზას მხოლოდ პეპლის იასანმისფერი ნათება მიჩვენებს. რუხი კანით დაფარულ უზარმაზარ ხეებს სისხლისფერი ფოთლები ასხიათ, ქვემოდან მათ წაწვეტებულ ფორმებს ვარჩევ, თითქოს დამოუკიდებელი ორგანიზმები არიანო ხეებსა და ფოთლებს საერთო არაფერი ეტყობათ. ადამიანებმა, რა თქმა უნდა, სცადეს გიგანტური ხეების მოჭრა, მათი სიმდიდრის მისაკუთრება, მათი სხეულების შერყვნა, მაგრამ დღემდე ვერავინ მოახერხა მათთვის ზიანი მიეყენებინა, ვერც ნაჯახებით მოჭრეს, ვერც მაგიის გამოყენებით წააქციეს, თითქოს თავად ბუნების ძალა იფარავთო მათ სხეულებზე მცირედი ნაკაწრიც კი ვერ დაამჩნიეს. ლევიტაციით ჰაერში აფრენილმა ასობით ადამიანმა მეწამული ფოთლების მოწყვეტა სცადა, ხის კენწეროებს ჩაფრენილი ხარბი ადამიანები მიწაზე პანტაპუნტით ცვიოდნენ, ყველამ ვინც კი გაბედა და ფოთოლს შეეხო ჰაერშივე განუტევა სული. უნაყოფო, უკვდავი ხეები, მათთვის ზიანის მიყენება შეუძლებელია, არც ცეცხლი ეკარებათ და არც ყინვა აკრთობთ. არავის უნახავს მათი ზრდის ან სიკვდილის პროცესი, ისინი უცვლელნი რჩებიან, ადამიანები რომ ამ სამყაროს მოევლინნენ ცამდე აწვდენილი ხეები უკვე აქ იყვნენ და სავარაუდოდ ადამიანების შემდეგაც აქ იქნებიან. ზეციდან რომ გადმოხედო წითლად მოელვარე ღია ჭრილობას წააგავს მეწამულად ჩალაგებული მათი რიგები. ადამიანებსაც სხვა რაღა დარჩენიათ, ცდილობენ ტყისგან თავი შორს დაიჭირონ, დაწყევლილ და უწმინდურ ადგილად გამოაცხადეს, მათ ხომ ყველაფრის ეშინიათ რისი გაგებაც არ შეუძლიათ და გაურბიან მათ ვისაც ვერ ერევიან, ვერ აჩოქებენ.

პეპელა ჩერდება და ფეიერვერკივით სკდება, მან ძებნა დაასრულა. აბგიდან კიდევ ერთ გრაგნილს ვიღებ და შელოცვას ვკითხულობ, ხელიდან სინათლე  მეღვრება და თავს ზემოთ მანათობელ ბურთად მომყვება. აბგიდან ყვავილების სუნს ამოყოლილი სხეულის სურნელი მომწვდა, თავი გავაქნიე და მანათობელი ბურთით შეიარაღებული, წყვდიადში შეჩერებულ პეპელას მივუახლოვდი. მაძებარმა შელოცვამ საქმე დაასრულა და გაუჩინარდა. ხის ფესვებთან ვდგავარ, გარშემო ვიყურები, აქ არავინ და არაფერია, პეპელა შეცდა? სინათლეს მიწაზე ვუშვებ და ახლოდან ვაკვირდები, უზარმაზარი ძარღვებივით დაბერილ, ჩახლართულ ფესვებში უცნაური ანარეკლი კრთება. ჩამოცვენილი ფოთლებით ამოვსებულ ფესვებს ხელით ვასუფთავებ და გამოსახულებაც უფრო გარკვევით ჩნდება, აბგას ძირს ვაგდებ, აფორიაქებული ორივე ხელს გამალებით ვიქნევ, ფესვებს ვანთავისუფლებ და ყოველ გაშიშვლებულ ფესვზე ჩემი შეშფოთებაც იზრდება. თვალები ტირიან, სხეული კანკალებს, პირი დამიღია და ობოლი ბავშვივით ვღრიალებ. რა ხდება? ხელში გამჭვირვალე კაბა მიჭირავს და მასში შერჩენილ ცოცხალ შეხებას  მთელი სხეულით ვგრძნობ. ხის ფესვებში გაჩხერილ უხორცო სხეულს აკანკალებული ხელით ვეხები და მის სახეს ვხედავ, ქათქათა ძვლებს კაბაზე ვალაგებ და კალთაში მოქცეულ თავის ქალას გაქვავებულ ლოყებზე ვეფერები. აბგიდან ყვავილებს ვიღებ და მის ძვლებზე ვალაგებ, ცხვირზე სხეულის ცხელი და მოტკბო სურნელი მაწვება. რა საშინელებაა? მის სხეულს ვხედავ, მის შეხებას ვგრძნობ, მის სურნელს ვიყნოსავ და მაინც, ის აქ არ არის, ის ჩემგან შორსაა, მხოლოდ მისგან შემორჩენილ ძვლებსა და ნივთებს შერჩენიათ მისი ცოცხალი ხსოვნა. ეს ყველაფერი მოჩვენებითია, ცრუ და არანამდვილია, გონების საწამლავი და ადამიანის მტერია.

ჩემდა გასაკვირად, ვერც ტკივილს ვგრძნობდი და ვერც სევდას, არ ვგლოვობდი, რატომღაც მოწიწებისა და პატივისცემის დაუოკებელი გრძნობა გამჩენოდა და მის სიკვდილს სავსებით ნორმალურად ვიღებდი, ჩემი შინაგანი განწყობა მკარნახობდა, რომ სიკვდილი სავსებით მისაღებია, რომ ის თავის როლს თამაშობს, სიცოცხლის ფურცელზე დასმული მუქი წერტილია, ანდაც სამი წერტილი, ეს არავინ უწყის... ბუნების არსი ხომ სიცოცხლისა და სიკვდილის გამუდმებულ ბრუნვაშია, მწუხარების დრო არ არის, წუხილი უადგილოა, გლოვა უმიზნო, ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს.

მის ძვლებს ყვავილებთან ერთად კაბაში ვახვევ და თვალუწვდენელი ხის ძირას ორმოში ვმარხავ. ვხედავ ჩემი ხელები მიწას როგორ აყრიან ორმოდან ამომავალ სურნელსა და სითბოს, თვალებზე გამოსახულება კრთება, ხან თეთრი ძვლები ხანაც კი მიწამიყრილი მწვანე თვალები შემომცქერიან. შეჩერდი... არ დაგვტოვო... არ დაგვივიწყო...

უღრანიდან ნელი ნაბიჯით გამოვდივარ და მზის სხივებ მონატრებული სხეული მათ შუქქვეშ ათასფრად ელვარებს, ფილტვებს სუფთა ჰაერი მივსებს და დაბინდულ მზერას დღის შუქი ნათელს ჰფენს. ამოვიოხრე, უკან მოტოვებულ კოლოსალურ ხეებსა და ჩაბნელებულ შიგთავსს გავხედე, ის იქ არის, მაგრამ იქ ჩემი ადგილი არ არის, მე უცხო ვარ, აქაურობას მე არ ვეკუთვნი. მაჯაზე შებმულ კაბის ნაგლეჯს ვეხები და მზით განათებულ მინდორში შევდივარ. ფეხქვეშ გათელილი ბალახი შრაშუნობს და მყუდროება დარღვეული მწერები ჩემგან გარბიან, აყიყინებულ ბაყაყებს ხმა ჩაუწყდათ და მათ ტბორს დაშტერებულ უცნობს დაჭყეტილი თვალებით ამომყურებენ. წყალში სხეულის ანარეკლს ჩავყურებ და ცვლილებებს ვამჩნევ, წყლიდან მწვანე თვალები შემომცქერიან, მომღიმარი სახის ნაკვთები მრგვალდებიან და ლამაზდებიან. მაჯაზე შებმულ კაბის ნაგლეჯს ვეფერები და წყალში არეკლილი სხეულიც კაბას ისწორებს, ჩამრგვალებული თეძოები გამოსჩენია და სავსე მკერდით დამძიმებული სხულის ყოველ ფორმას გარკვევით ვხედავ. როგორ შეიძლება დამავიწყდე, შენ ხომ ყველგან ხარ, ქარის ყოველ წამოქროლვაში, მიწის ყოველ შეხებაში გგრძნობ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყოველ სიმწვანეში შენს ნამოქმედარს ვხედავ, ვეხები, შენი გამეტებულით ვსაზრდოობ და შენივე წართმეულით ვიტანჯები.

 არ დაგტოვებ, არ დაგივიწყებ, მე ხომ ვიცი სადაც ხარ, ვინცა ხარ, მარტოდმარტო დარჩენილი შეუცნობელი ძალა ხარ, თავად დედა სიცოცხლისა, მისივე შთანმთქმელი და შემცნობელი...

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული