- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ზარა ბათოიანი (დაიბადა 1979 წელს) საზოგადო მოღვაწე და პოეტია, რომელიც აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთო 2018 წლის რევოლუციის შემდეგ. განათლებით ჟურნალისტია, დაამთავრა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მრავალი წლის განმავლობაში საბავშვო ჟურნალ „არევაწაღიკის“ (მზესუმზირა) მთავარი რედაქტორი იყო. მას დიდი წვლილი მიუძღვის სომხეთში შშმ პირთა ინტერესებისა და უფლებების დაცვაში და ათწლეულების განმავლობაში იყო ინკლუზიის პრინციპების აქტიური დამცველი. ამ საქმიანობისთვის 2016 წელს მიენიჭა საყოველთაო უფლებების ჯილდო კატეგორიაში „ინკლუზიის ხელშეწყობა“, რომელიც გადაეცა ეუთოს, აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის დელეგაციის, ბრიტანეთის საელჩოს, ევროპის საბჭოსა და გაეროს ოფისისგან. 2019-2020 წლებში ეკავა სომხეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა, ამავდროულად იყო ერთადერთი ქალი მინისტრი. ამჟამად არის ეროვნული ასამბლეის დეპუტატი, სომხურ-ქართული მეგობრობის ჯგუფის წევრი. მისი პოეზიის პირველ კრებულს „ანმორუკ“ (კესანე) ჰქვია. ზარა ბათოიანის პოეზია ლაკონიურია, ემოციურად დატვირთული, შეგვიძლია სომხური ჰაიკუც ვუწოდოთ, ზუსტი გამოსახულებები და განცდები დიდხანს რჩება მკითხველთან. ქართულად პირველად გამოიცა, ასია დარბინიანისა და დიანა ანფიმიადის თარგმანით, პენ სომხეთის, პენ საქართველოს და პენ ამერიკის ერთობლივი-"Burning Poet" პროექტის ფარგლებში.
კესანე
ჩემი დავიწყება ისეთი ადვილია,
მე არ დავდივარ პარალელური ქუჩებით,
კაფეში შემთხვევით ვერ გადამაწყდები.
ამ პატარა და ვიწრო ქალაქში
ისეთი ადვილია ჩემი დავიწყება.
მარტივი ჭეშმარიტება
ჩემი ექიმი მეუბნება,
წელი რომ არ გეტკინოს
სკამს მიეყრდენი,
საყრდენია საჭირო...
ამ მარტივი ჭეშმარიტებისთვის
მივედი ექიმთან...
***
ომი რომ დამთავრდება,
გოშში წავიდეთ,
ნისლში, Nada-ს მოსმენით და იტალიაზე ოცნებით,
რომელიც ასე ჰგავს ჩვენს სამშობლოს...
დავივიწყოთ შენი ანალიტიკური სტატიები
და ჩემი დაუსრულებელი ლექსები,
დავიძრათ გოშისკენ...
რომ ძველ გზაზე ახალ ისტორიები გამოიგონო
და შენი ხმით გამთბარმა ვერ დავიჯერო,
ის, ვინც ომმა საჩუქრად დამიტოვა,
იღიმი, შენ ხარ.
***
ნუ წაიყვანთ
ქუჩებიდან იმ ძაღლებს,
რომლებსაც ღამით ერთი ყეფით
ბავშვობაში გადავყავარ...
ძველი მონატრება
ამ მტვრიან და ჩახუთულ ქალაქთან
ძველი და გაუგებარი მონატრება მაკავშირებს,
აქ მკვიდრი არ ვარ, არც ჩემს წინაპრებს უვლიათ
ამ მოწყენილობაში,
როდის და რა დავტოვე ამ ქვებში?
***
ერევანი პატარა ქალაქია,
და თუ არ გინდა მისი ნახვა,
ვისიც გინდა,
ქვებთან, მტვერში უნდა ჩაიკეტო,
რომ ვერ დაგინახოს
მან,
ვინც გინდა.
***
ჯანდაბა, ქალაქო,
ერთი მყუდრო ადგილი დამიტოვე
მის საკოცნელად.
***
დამძიმებულხარ,
ადამიანებმა თავიანთი მეხსიერება დაგიტოვეს.
ოცნებები აიღეს,
სხვა ქალაქებში გაემგზავრნენ.
***
ადამიანები
ჩვენში რომ ცხოვრობდნენ,
კვდებიან შორს.
კვდებიან შორს...
***
რა ემართება
იმ აბონენტის ტელეფონის ნომერს,
რომელიც სამუდამოდ მიემგზავრება?
სად მიდიან დაბნეული ზარები?
ლექსი, რომელიც არ დამიწერია
„კონფერენცია სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფრენის უზრუნველსაყოფად.
დედაქალაქის სადრენაჟე სისტემის მოწესრიგების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის დავალება გაიცა.
მოსალოდნელია წვიმა და ჭექა-ქუხილი.
განიხილეს სამხედრო ფსიქოლოგიის საკითხები.
პრინცმა მზადყოფნა გამოთქვა ახალგაზრდა
მეწარმეთა მხარდამჭერი თავისი პროგრამა სომხეთშიც გააფართოოს“.
ლექსი, რომელიც არ დამიწერია...
შენზე მინდოდა დამეწერა ანდა მაისზე,
რომელიც სამუდამოდ შემიყვარდა და
მალე დამთავრდება...
მაგრამ ის მეორე, რომელიც არ დამიწერია
უფრო მეტად იკითხება,
უფრო მეტად იკითხება.
ერთი ფრინველი
ჩვენი სახლი პატარაა,
ფანჯრიდან
არავითარი ხედი არ იხსნება,
პატარა,
ძალიან პატარა ბაღია,
ძლივს, ძალით აყვავებული მეზობლის ბაღი,
სადაც ხეებია
და ვარდები, რომელთაც დედაჩემი უვლის და აფორმებს,
სადაც ბეღურებთან ერთად ერთი ფრინველი ისე გალობს,
რომ ჩვენს ბაღთან ტყეც კი არარაობად იქცევა,
და ჩემი სევდაც...
***
უკვე რამდენი წელია
მინდა თავზე მომეფერო,
ბევრი მოვინდომე?
***
სან დიეგოში თვითმფრინავი ჩამოვარდა
და მე მრცხვენია შენ გამო ტირილი.