• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

სხვა ლოცვა

×
ტიგრან პასკევიჩიანი
ავტორის გვერდი ტიგრან პასკევიჩიანი 07 ივნისი, 2022 1318

ტიგრან პასკევიჩიანი არის პოეტი, სცენარისტი, ჟურნალისტი, რედაქტორი და დოკუმენტალისტი.  ლექსების ორი კრებულის  ავტორია (,,დამოუკიდებელი ლოცვა’’, ,,თოვლის კაცის სახარება’’) ("დონ კიხოტის დღიური", "დროებითი ზავის კედელი" - სტატიები ყარაბაღის საკითხზე, ომისა და მშვიდობის შესახებ), ასევე ორ ათეულზე მეტი დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორია. პასკევიჩიანის ლექსები ითარგმნა და გამოიცა ინგლისურ, ფრანგულ, კატალონიურ, ესპანურ, ალბანურ, რუმინულ და ქართულ ენებზე. ის ასევე ცნობილია როგორც მედიის ფიგურა. მუშაობდა  ჟურნალ ,,გარუნში’’, ,,მაშტოცი’’ და "ელ.․․․"თვითგამოცემული გაზეთების თანადამფუძნებელია. 1990-1992 წლებში იყო საზოგადოებრივი რადიოსა და ტელევიზიის დირექტორის მოადგილე. 1992-1993 წლებში იყო გაზეთ „AR“-ის მთავარი რედაქტორი. 1993-2003 წლებში ხელმძღვანელობდა  ,,ჰაიასტან’’ საყოველთაო სომხური ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას. იყო ტელეკომპანია „შოღაკათის“ შემოქმედებითი საბჭოს წევრი, ასევე ტელეფილმებისა და გადაცემების წარმოების დირექტორი. 2004 წლიდან 2012 წლამდე თანამშრომლობდა ბევრ მედიასაშუალებასთან, ძირითადად, როგორც ავტორ-კოლუმნისტი. 2000-იანი წლების დასაწყისიდან იგი აქტიურად არის ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია „ფაქტუმის“ საქმიანობაში, რომლის მრავალი პროექტი სტუდია „ვერსუსის“ წარმოებას უკავშირდება. ამჟამად სომხეთში „ალიქ მედიის“ მთავარი რედაქტორია.

 

ომის  შესახებ

ისე არასდროს შევნიღბულვარ,

საკუთარ თავს რომ არ შევხვედროდი

წყალმცენარეთა ხაფანგში.

მეტაფიზიკა ფეხქვეშ მიედინებოდა,

სანამ წასვლაზე ვამბობდი უარს.

სათითაოდ,

ცალ-ცალკე

დავაზუსტე

მთვარის ყველა ღრუ.

აქ იყვნენ ქალები,

დედობას რომ უცნაურად უღიმოდნენ,

საჩვენებლით ახლოს იხმობდნენ,

ვის?  ვისთან ?

ფიზიკოსებისგან დაღლილი-

მეტაფიზიკოსებთან ვთვრებოდი

და  ალქიმიკოსებს დავცინოდი,

რომლებიც ოქროს ცრემლებით ტიროდნენ.

 

გაქცევა

ომს არ გამოვუგონივარ

მშვიდ მდელოზე

გაჩენილი მითი ვიყავი.

ის ერთი ლოდი,

ვინმეს სიკვდილი გახდებოდა,

ჩემი გაქცევა კი არასოდეს.

მე მშვიდ მდელოზე

შეუმჩნეველი ვიყავი,

რადგან დამნახავს

დახუჭული ჰქონდა თვალები.

 

შეცდომა

დრო ჩემს ხელისგულში

ქალის სხეულის თრთოლაა,

არ მოვნიშნავ სხეულის რუკაზე

არცერთ  ნაცნობ მოგონებას.

დრო-მუდამ არასაკმარისი,

ხერხემალს მოშორებადი სადგურის ბაქანია,

-ჰეი, მშვიდობით, მშვიდობით იყავი

ევა ადამოვნა.

 

სხვა ლოცვა

დილის თოვლი

საღამოს დნება.

საღამოს თოვლი

დილას გამქრალია.

გამოუყენებელი სიტყვების

ნესტის სუნს ვგრძნობ.

ვერაფერს გეტყვი,

მხოლოდ თავი უნდა ვიმართლო.

ვფიქრობ

თუ მოკლედ თქმა საკმარისია,

სხვა სიტყვები რაღად გინდოდა?

ადამიანებს შეუძლიათ სიტყვებით ერთმანეთს ავნონ,

საკუთარი ხმის სიმები გადაჭრან,

ენა დაისისხლიანონ,

ბაგე, ჰაერი და ეთერი  დააბინძურონ.

უფალო ჩემო,

ეგ სიტყვები, გთხოვ, დაიბრუნე!

 

კარანტინი

ფანჯრიდან ეს სამყარო ლამაზია, მაგრამ

გარეთ ქარის გარდა არაფერს ირეკლავს.

 

ავტოპორტრეტი

მე ასეთი ვარ, ზუსტად ასეთი.

არც ჩემს როლს ვთამაშობ

და არც სხვისას.

ყოფნა არ იყო ჩემი მთავარი საზრუნავი.

მზის და მთვარის ქვეშ  მიწის ნაგლეჯს

არ ფლობდა მამა.

ჩემთვის ყოფნა თამაში იყო,

მკვირცხლი არაფრიდან ნახტომი

სახელისკენ,

ფრთებს  უმწიფარი ქვეტექსტები აქვს-

ფრთები ვალდებულებაა,

ვის ვუთხრა, რომელს გავაგებინო:

თავისუფალი ვარდნა ვარ და

არა  უფსკრული.

 

თოვლის კაცის სახარება

(ჯერჯერობით უკანონო) 

 

ო, რა  თანაბრად....

ო, რა თანაბრად თანაბრად...

ო, რა   თანაბრად ჩამოდის თოვლი.

 

ალბათ ჩვენზე უფრო თანაბრად

მკვდრებს გადაფარავს,

შეუპოვარი ცდუნება ვართ

რაღაცის, თითქოს ცხოვრების მსგავსის.

 

ბავშვებზე ალბათ

უფრო თანაბრად დაეშვება

ვიდრე ძეგლებზე,

ამაყად დგანან, რომ

თოვლი და თანასწორობა

გამოსცადონ საკუთარ ტყავზე,

 

გარეუბნებზე ალბათ

უფრო თანაბრად,

ვიდრე მოედნებზე,

სადაც ბევრ რამეს ვმალავთ.

 

მთებზე ალბათ

უფრო თანაბრად,

ვიდრე დაბებზე,

სადაც თანასწორობა და მოწყენილობა

დატყუპებულან.

ხეებზე ალბათ

უფრო თანაბრად,

ვიდრე ქუჩის ძაღლებზე,

რომელთაც არაფერი აქვთ დასამალი-

საკუთარი ბიოგრაფიის გარდა.

 

ო, რა თანაბრად....

ო, რა თანაბრად...

ო, რა თანაბრად ჩამოდის თოვლი.

 

მორწმუნეთა ხელისგულებზე

და ცრუმორწმუნეთა თავებზე

რომელთათვისაც სულერთია

სიწმინდის წაღმა და უკუღმა,

უდაბნოს  სიგრძე და სიგანე,

სიმარტოვის სიღრმე და უფსკრულის სიცარიელე.

ო, რა თანაბრად....

ო, რა თანაბრად...

ო, რა თანაბრად ჩამოდის თოვლი.

 

კალამი არაა, დასანანია,

კალამი, რომ დაჯღაბნო

ეს გლუვი თვალსაწიერი

თოვლის პაპის შესახებ

ჩვენებებით.

 

რათა დაწერო მცნებები,

რომლებიც ხვალინდელი სიარულისგან

გაიტკეპნებიან.

 

რათა დაწერო ნეტარებანი,

რომლებიც ღამის სიცივისგან

ყინულის ლოლუებად იქცევიან.

რათა დაწერო იგავები,

რომელთაც დაადნობს

გაზაფხულის თბილი ქარები

 

რათა დაწერო ყოველივე მშვენიერი

და ყოველივე საზარელი,

რომლებიც გიჟმაჟ წყაროებად იჩუხჩუხებენ.

ო, რა თანაბრად...

ო, რა თანაბრად...

ო, რა თანაბრად ჩამოდის თოვლი.

 

ღამე მშვიდობის

ახლა ღამეა,

დუმილის ყველაზე მოხერხებული დრო.

ასევე-დადუმების.

რატომაც არა-დამუნჯებისაც.

ღამე ღამეა-

ძაღლების ყეფას თუ არ ჩავთვლით

ღამე ღამეა,

რათა სიტყვები  დააყენო

მნიშვნელობის

ჩამდგარ წყალში.

 

ქვაში სისხლია

მშიერი ხალხი ჩემს სიტყვას
არასდროს დაიჯერებს,

არ დაიჯერებენ ისინიც,

ვინც მაძღარია.

და არ დაიჯერებენ ისინი,

ვინც მაღაზიიდან

ორი  კვერცხი იყიდა

და წარმოსახვაში

ტაფამწვარის მზადებით

ბრუნდება სახლში.

როგორ დაიჯერონ?

ჩემი სიტყვა კლდესავითაა.

 

საგანგებო მდგომარეობა

ჯოჯოხეთისა და სამოთხის შესახებ

რაღაც გავიფიქრე

და ჩაიარა

არ დარჩა

ჯიბის ხურდასავით,

გაუთვალისწინებელი თოვლივით, 

უნახავი ფილმის ბოლოსავით

როგორც ცეცხლის ზვინი,

რომლის აფრენა თავისთავად

ცეცხლსაშიშია.

 

შენ

შენი სახელი სიტყვა არ არის.

ციალია წყალში ან ღრუბლის ჩრდილი,

რომ ეფერება მთებს, მინდვრებს და ტყეებს.

შენი სახელი სიტყვა არ არის.

როგორც სიტყვა არაა ლოგოსი.

შენ დაგარქვეს, რომ არ დაგკარგონ

ხოლო მე, იცი, რომ დაკარგვის არ მეშინია

მე სიტყვები არ მაქვს შენზე.

მე არ შემიძლია შენი დახაზვა ასოებით.

არ შემიძლია შენი სუნთქვა ბგერებით.

ჩემი ყელი კაშხალია,

ჩემი ხმის სიმები-ჯებირი.

აზვირთება,

მორევი,

მოცულობის სიმძიმე

არ იმუქრებიან.

ცა აქ არის, სანამ ჯერ არ დაბნელებულა,

როგორც კი დაბნელდება, მოგიხმობ.

 

რევოლუცია

ყველა მოვიდა.

 

მოვიდნენ უიმედონი.

მოვიდნენ, იმედიანთა საპოვნელად,

რომ მათი იმედით გაანათონ.

 

მოვიდნენ დაუცველნი,

დამცველთა მოსაძებნად

და ჯავშანი სთხოვონ.

 

ურწმუნოები მოვიდნენ,

ღმერთის საპოვნელად,

ხელით მისასალმებლად.

 

მორწმუნეებიც მოვიდნენ.

რათა სასუფევლის

უფრო ირწმუნონ.

მშივრები მოვიდნენ.

დამშეულნი და გამხდარნი-

რომ პურის შესახებ რამე შეიტყო

მჭერმეტყველნიც მოვიდნენ
და პურის ფასს განიხილავენ
 
მოვიდნენ სევდიანნი,
მელანქოლიურები,
სკეპტიკოსები
დეპრესიისგან გამოფიტულები
მოვიდნენ, რათა ხსნა იპოვონ.

მათი დანახვისას მჭერმეტყველმა თქვა:
,,საიდუმლო არ არის,
ხუთი თითისგან იკვრება მუშტი“
 
უბედურებიც მოვიდნენ -
მიჯრით  მოვიდნენ
მოვიდნენ-დაეწყვნენ
რათა, იქნებ შემთხვევით
ბედნიერებამ
შეავლოს თვალი.
თანასწორობა
ეს ერთი  სიტყვა იყო
წითლად დაწერილ თეთრ პლაკატზე.
 
ბედნიერთაგან რამდენიმე მოვიდა,
ვინც იცოდა, რომ ბედი იღიმის,
თუმცა ღიმილი არ ენახა.
 
მათ ქოლგები ჰქონდათ
და მზესუმზირას საკმარისი მარაგი 
და, ბოლო რიგებში მდგარნი
კმაყოფილები იყვნენ,
როცა მჭერმეტყველთა სიტყვა
ყოველ ჯერზე
ასე მთავრდებოდა:
,,ასე უკვე შეუძლებელია’’

 
რაღა დაგიმალოთ-
მეც იქ ვიყავი,
და გვიან ღამით, როცა
რევოლუცია დამთავრდა,
სახლში წავედი-
ფეხის წვერებზე,
ფრთხილად, უხმაუროდ,
შემთხვევით ვინმე რომ არ გამეღვიძებინა.
 

 

ახალგაზრდობა
 [სერიიდან ,,ინდივიდუალური ზოდიაქო’’]

ჩემი ახალგაზრდობა  ამ ქალაქში
მოხეტიალე  ადამიანივით ცხოვრობდა
ჭაობისა და ტალღის შუაში,

მშვიდობასა და ომს შორის სადღაც,
უზრუნველი კაიფსა და ფიჩხის ჩეხას შორის სადღაც,
ფიდაინსა და ხელოვანს შორის სადღაც,
სიმთვრალესა და  ნამთვრალევს შორის,
სიყვარულის, ქორწინების, მამობის  სადღაც შუაში,
მეგობრების დაკრძალვისა და იოანეს გამოცხადების სადღაც შუაში,
ლექსის წერისა და პროზის სადღაც შუაში-
ხელის ცეცებით.


შუქი არ იყო. შუქი ჩაექროთ.

როცა აანთეს (ა, ა, ფ)-
მე უკვე მოწიფული მამაკაცი ვიყავი.
კოსტიუმისა და ჰალსტუხის გარეშე,
კამუფლაჟის გარეშე,
კუნკულის გარეშე,
ერთნაირად გათეთრებული
წვერითა და ჯინსით
ერთი დროის,
მეორე კი ჰაერის ძალისგან.

 

ახლა


[სერიიდან ,,ინდივიდუალური ზოდიაქო’’]
ახლა მე დავითაშენში ვცხოვრობ
საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის შენობის
პირისპირ.
და ჩემს ფანჯარაში მოფრიალე
სახელმწიფო დროშა იმედს იძლევა, 
თითქოს ყველაფერი წესრიგშია,
თითქოს არაფერია საგანგებო,
არავითარი განგაში,
თითქოს მე ყველასავით,
თითქოს ნელა (წესისამებრ)
ვიძირები ჭაობში 
და ჩემი ხმაური დახმარების ძახილი კი არაა,
არამედ, დაე, მეპატიოს შებრუნებული ლოცვა
,,...ეს სად მიგყავართ, ჰოპ...?’’.
 

 

სომხურიდან თარგმნეს ასია დარბინიანმა და დიანა ანფიმიადმა
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული