- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
(შავი კაცი)
ზანგი დამწუხრებული იღვიძებს, მკვდრეთით აღმდგარი, გახრწნილი მიცვალებულივით დგება საწოლიდან, საშინელ დაღლილობას გრძნობს. ერთს ამოიხვნეშებს და ტანსაცმელს იცვამს, მისი უზარმაზარი სხეული მძიმე სამუშაოებისგან დამჭკნარა და დაჩაჩანაკებულა, კუნთები დასჩუტვია, დასწელვია, ძარღვები გადმოჰყრია, ავადმყოფურად გამხდარა.
ახალი დღის დადგომას შეწუხებული ხვდება, რადგან იცის რომ დღესაც ქანცის გაწყვეტამდე მოუწევს მუშაობა. ის სასახლეში ერთადერთი მსახურია, ყველაფრის გაკეთება მას აკისრია, სასახლის დალაგება, საჯინიბოს დასუფთავება, ბაღის გაკრეჭვა, შეშის დაჩეხვა, ქალბატონის ყველა ახირების დაკმაყოფილება, მძიმე ყუთების თრევა, რომლებსაც ყოველ საღამოს სასახლესთან ტოვებენ და ზანგს უწევს მათი სარდაფში ჩაზიდვა. მთელი დღე გადარბენაზეა, ერთი წუთი არ აქვს მოსვენება, ან ამდენს როგორ უძლებს, კაცს უკვე ლანდი გასდის და მაინც ყველა დაკისრებულ საქმეს ბოლომდე ასრულებს. მართალია ის ქალბატონის მონა არ არის, მსახურია, მაგრამ რატომღაც სასახლეს მიჯაჭვული მისი სამსახურიდან წასვლაზე არც კი ფიქრობს.
ზანგი ბავშვობაში ცირკს ეკუთვნოდა, ცირკს რომელიც დღემდე ქალაქის ერთადერთ გასართობად ითვლება. მას იქ ცხოველივით ეპყრობოდნენ, მათრახით სცემდნენ და გალიაში ამწყვდევდნენ. მაყურებლები მისი წამებით ერთობოდნენ, მისი ტანჯვით ხალისობდნენ, მის სხეულზე ატყლაშუნებულ მათრახის ყოველ მოქნევას მათი სიცილ-კისკისი და ოვაციები მოსდევდა. ზანგი მაშინაც წარმოუდგენელი მოთმინებით იტანდა არაადამიანურ ყოფასა და მოპყრობას, თითქოს მისმა არსებამ სხეული დატოვა და ვერც ტკივილს, ვერც დამცირებას და ვერც თავმოყვარეობას გრძნობსო, მისი გონება დროის მდინარებაში გარინდებულიყო.
ცირკში გაიზარდა, დატყვევებული ცხოველების გარემოცვაში, მათი ბეწვისა და განავლის სუნით გაჟღენთილ გალიაში ცხოვრობდა და თავადაც ცხოველს ემსგავსებოდა. წარმოუდგენლად სწრაფად აიყარა ტანი და ჯერ კიდევ მცირეწლოვანს შეეძლო ლომებთან და ვეფხვებთან ეჭიდავა. მაყურებელს რათქმაუნდა მოსწონდა ეს სანახაობა, ხახადაფჩენილ ლომთან გაშიშვლებულ, დაკუნთულ ზანგს შეაგდებდნენ და ერთი სული ჰქონდათ როდის აქცევდა გამწარებული ლომი ბიჭს ნაკუწებად. ყოველ ჯერზე მათ იმედები უცრუვდებოდათ და მხოლოდ იმითღა კმაყოფილდებოდნენ ზანგი რომ დასერილი და დასისხლიანებული გამოდიოდა ორთაბრძოლიდან.
ასე დასახიჩრებულმა და დაშრამულმა მიაღწია სრულწლოვანების ასაკს, ცირკის საზღვრები არასოდეს დაეტოვებინა და გარე სამყაროში რა ხდებოდა წარმოდგენაც არ ჰქონდა, არც განსაკუთრებით აინტერესებდა ან აწუხებდა უცოდინრობა, მხოლოდ მაყურებელის დანახვისას და სხვათა მონაყოლიდან ექმნებოდა წარმოდგენა, თუ როგორ სამყაროს ეკუთვნოდა მისი უბადრუკი არსებობა.
ყველაფერი მაშინ შეიცვალა როცა ქალბატონმა სცენაზე გაშიშვლებული ზანგი იხილა, წარმოდგენის შემდეგ ცირკის მეპატრონესთან მივიდა და დიდძალი თანხის სანაცვლოდ ზანგი გაათავისუფლა, უფრო სწორედ შეისყიდა, ოღონდ ტყვეობაში არ ამყოფებდა, განსაზღვრული თავისუფლება მიანიჭა.
ზანგმა სასახლეში მსახური დაიწყო, თავიდან ყოველდღიურ, სავსებით ნორმალურ მოვალეობებს ასრულებდა რაც სასახლის მოვლას გულისხმობს, შემდეგ ქალბატონმა ღამღამობით მასთან დაწოლა და ქანცისგაწყვეტამდე სექსით დაკავება მოსთხოვა. თავის საძინებელში იბარებდა და საათობით კეტავდა, მანამდე არ უშვებდა სანამ გათიშვამდე არ მიიყვანდა, სანამ ასოს აყენების კი არა ფეხზე ადგომის ძალასაც არ წაართმევდა. თავიდან რათქმაუნდა ზანგს უხაროდა და სიამოვნებდა, ქალი ცხოვრებაში ახლოდან არ ენახა, არათუ მასთან წოლილა და ეს მდიდარი და მშვენიერი ქალბატონი კი ყველაფრის უფლებას აძლევდა, ყველა ხერხსა და პოზას ასწავლიდა, სიამოვნების გასახანგრძლივებლად და გასამძაფრებლად არსებულ ყველა საშუალების გამოყენებაში აოსტატებდა. მასზე უცნაურ მიჯაჭვულობას გრძნობდა, რაც უფრო მეტ ხანს ატარებდა ქალბატონის სიახლოვეს, მის მიმართ ლტოლვაც იზრდებოდა, მასთან დაწოლის დაუოკებელ სურვილს ვერაფერს უხერხებდა.
ზანგი ნელ-ნელა დასუსტდა, გახდა, დაღლილობას ვეღარ უმკლავდებოდა, დღე სასახლეს მოვლა-პატრონობაზე ზრუნავდა, ღამე კი ქალბატონის სექსუალურ ფანტაზიებს აკმაყოფილებდა. მის ორგანიზმს მეტის გაძლება აღარ შეეძლო, ჩამოხმა და მძლივსშესამჩნევადღა არსებობდა. ზანგი გრძნობდა, ამჩნევდა, რაღაც ისე ვერ იყო, ქალი მას რაღაცას უშვებოდა, რაღაც საშინელს უმზადებდა. მის მკლავებში გატარებული ყოველი ღამის შემდეგ ისეთი შეგრძნება უჩნდებოდა თითქოს ქალი მას შინაგან ენერგიას, სიცოცხლის სუბსტანციას აცლიდა, პარაზიტივით მის სულს წოვდა. დაუძლურებული, ფიტულს დამსგავსებული ზანგი თავს ვერაფერს უხერხებდა და ქალბატონის არსებით შეპყრობილი, მოჯადოებული, მის პირად, სექს მუშაკად ქცეულიყო.
ერთ საღამოს, როცა ზანგი სარდაფში ჩასატან ყუთებს ეზიდებოდა, მოულოდნელი და უცნაური ხმა მოესმა, მოზრდილი ყუთი გულზე მიეხუტებინა და მოგუდული ხმაც იქიდან მოდიოდა. ზანგმა ყურადღება არ მიაქცია და სარდაფში ჩავიდა, როცა უზარმაზარ ყუთს სხვა ყუთებთან ადგილს უჩენდა ხმა ისევ მოესმა, ბავშვის ტირილის ხმა ყუთიდან ამოდიოდა. არ ეჩვენებოდა, ბავშვი ტირილს უმატებდა და აფხაჭუნებდა, გვერდზე დატანებული ნაჩვრეტებიდან ყუთში შეიჭყიტა, მაგრამ შიგნით გამეფებულ სიბნელეში ვერაფერი გაარჩია. ყუთს მოშორდა, ლამპა მოიმარჯვა და სარდაფში მიმოიხედა, ძალაყინი მონახა და გადაწყვიტა ყუთი გაეხსნა, დიდი ხანია სასახლეში მსახურობს, იმ დროიდან ყოველ საღამოს ასეთ ყუთებს ეზიდება და აქამდე არცერთი ყუთიდან ცოცხალი არსების ხმა არ გაუგონია. ნუ გეშინია, ახლავე ამოგიყვანო, მტირალ ბავშვს ჩასძახა და ყუთის მძიმე, დალურსმნული თავსახურის აგლეჯვას შეუდგა. ბავშვი დადუმდა და გაისუსა, ხმას არ იღებდა, აღარ ფხაკუნობდა.
ბოლო ლურსმანიც გაანთავისუფლა და სახურავი ფრთხილად ასწია, ყუთში მცირეწლოვანი ბიჭუნა ოთხად მოკეცილი იჯდა და დიდრონი, ცრემლიანი თვალებით ზანგს ამოჰყურებდა. მისი გამხდარი, მაგრამ უშველებელი სხეულის დანახვისას ბავშვი შეშინდა, აწრიალდა და სახე დაემანჭა, ხმამაღალი ტირილისათვის ემზადებოდა როცა ზანგმა ტუჩებზე თითი მიიდო, გაჩუმდიო ანიშნა, არაფერს დაგიშავებ, მე ხომ გაგანთავისუფლე, მაქედან ამოგიყვან, ოღონდ არ იხმაუროო. ბავშვი გაშეშდა, ზანგის გრძელ, დაჩუტულ კუნთებიან ხელებს შეჰყურებდა მის ამოსაყვანად ყუთში რომ ეშვებოდნენ, ზანგს თავი დაუქნია, არ ვიხმაურებო და სლუკუნი შეწყვიტა. შეშინებული გაძვალტყავებულ, შავ ხელებს ჩააფრინდა და ხელის გაშვებას არ აპირებდა, ყუთიდან რომ ამოიყვანა და მიწაზე დასვა მაშინაც არ უშვებდა, მის ხელს მისწებებოდა, გველივით შემოხვეოდა და კანკალებდა.
ზანგმა ჩაიმუხლა, ბავშვს მიეფერასავით, ბალახითა და ფოთლებით გამოტენილი თმა სახიდან გადაუწია და თავზე ხელი დაადო, დამშვიდდი, ყველაფერი რიგზეა, მაგ ყუთში საიდან გაჩნდი ერთი ეგ მითხარიო. ბავშვი ხმას არ იღებდა, ეტყობოდა შიშს თავს ვერ აღწევდა, ჯერ კიდევ შოკში იყო, სიბნელეს მიჩვეულ თვალებს საცოდავად ახამხამებდა. ზანგმა ბიჭს ხელი გააშვებინა, ძალაყინი მოიმარჯვა და დანარჩენ ყუთებს მიადგა.
მისდა გასაკვირად ყველა ყუთში ბავშვი აღმოჩნდა, ოღონდ პირველისგან განსხვავებით იმათ ღრმა ძილით ეძინათ, მოკუნტულები გაუნძრევლად, უმოძრაოდ იწვნენ და სუნთქვის ხმაც კი არ ამოდიოდა მათგან, მხოლოდ მათი სხეულების სუსტი მოძრაობებით ხვდებოდა რომ ისინი ცოცხლები არიან.
უკანასკნელ ყუთს ხსნიდა, თან ფიქრობდა, ეს რა უბედურება ხდება, რაში გავყავი თავი, ამ ბავშვებს აქ რა უნდათ, ვინ ჩაამწყვდია ყუთებში, რომ გამიგონ კაი დღე არ დამადგება, რა ჯანდაბა ვქნა, როგორ მოვიქცეო, ცოტათი შერცხვა კიდეც რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა. ლურსმანმა გაიჭრიალა და თავსახური ავარდა, ზანგს ძალაყინი ხელიდან გაუვარდა და გაფითრებულმა უკან დაიხია, ტუჩები აუთრთოლდა, სახე დაემანჭა, ხელები აუკანკალდა, ყუთიდან ფართოდ გახელილი ბავშვის თვალები ამოჰყურებდნენ, ოღონდ ისინი არ მოძრაობდნენ, არ ციმციმებდნენ, მათი მზერა გაქვავებულიყო, მოკვეთილ თავზე შერჩენილი უსიცოცხლო თვალები არარაობაში იმზირებოდნენ. ზანგს გული აერია, ყუთში დანაწევრებული ბავშვის სხეული იდო...
ზანგი აკვნესდა და საშინელი სანახაობით შოკირებული, მიწაზე მჯდომ ბიჭთან მიცუცქდა, აკანკალებული ხელები მოხვია, თავისკენ მიიზიდა და გულში ჩაიკრა. ბიჭი ასრუტუნდა და დაბალი ხმით მოთქვამდა, ნუ გეშინია, აქედან გაგიყვანო, ეჩურჩულებოდა ზანგი, მე ყველას გაგიყვანთ აქედან, ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა, თქვენ ეს არ უნდა ნახოთო, ხმა უკანკალებდა, უცებ წამოხტა, იმ საშინელ ყუთთან მივარდა და სახურავი გადააფარა, ჩაქუჩი და ლურსმნები მონახა და აკანკალებულმა ხელახლა ააჭედა. აქეთ-იქით აწყდებოდა, ფიქრობდა, ეს რა წარმოუდგენელი საშინელება ხდება, ამ კოშმარს თავი როგორ დავაღწიო, ბავშვებს უნდა ვუშველო, ვიღაცას მათი სიცოცხლე სჭირდებაო... რაღა ვიღაცას, სასახლეში ხომ მხოლოდ ქალბატონი ცხოვრობს, ყველაფერი ხომ მას ეკუთვნის, სულელო როგორ ვერ მიხვდი, ეს ყუთებიც მისია და ჩამწყვდეული ბავშვებიცო, საკუთარ თავს საყვედურობდა, რამდენი ასეთი ყუთი მაქვს ჩამოზიდული, ო არა.. თავში ხელები წაიშინა და უხმოდ ატირდა, ჩაშავებული ჭრილებიდან გაყინული ცრემლის რგოლები მუქ კანზე ჩამოუგორდა და მოკლედ შეკრეჭილ წვერზე დილის ნამივით აეკრო.
ზანგმა სარდაფი გადააქოთა, თავადაც არ უწყოდა რას ეძებდა, უშველებელი სარდაფის არცერთი კუთხე არ დატოვა, სანამ რკინის ჩარაზულ კარს არ მიაგნო. ბერვი ეჯაჯგურა, ძალაყინითაც სცადა, კარს ძვრა ვერ უყო, გასაღებით იყო ჩაკეტილი და საკმაოდ მტკიცე და მძიმეც ჩანდა. ზანგი დანებდა და კედლის შეთვალიერებით დაკმაყოფილდა, უცნაური მხოლოდ ეს რკინის კარი იყო, სარდაფის დანარჩენი ნაწილი სავსებით ჩვეულებრივ სარდაფს გავდა. კართან ჩაცუცქდა და მიწას დააცქერდა, ბნელოდა, უკან ყუთებთან გავარდა და იქიდან ლამპა მოიტანა, კარის ღრიჭოდან სისხლის შემხმარი გუბე მოჟონავდა, მიწას მძიმე საგნის თრევისგან დარჩენილი კვალი დამჩნეოდა, ზანგი სისხლსა და ტალახში აღბეჭდილ ფეხსაცმლის კვალს ჩაშტერებოდა, მან ხომ იცის ის ვისაც ეკუთვნის, მინიატურული ზომის ფეხსაცმლის კვალს თვალს არ აშორებდა და ქვეცნობიერით ქალის სუნამოს სუნს გრძნობდა.
მთელი ცხოვრება იტანჯა, ბავშვობიდან ცემასა და დამცირებას იტანდა, ზედ აფურთხებდნენ, ამათრახებდნენ, ცხოველივით აცხოვრებდნენ და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მთელი მისი უბადრუკი არსებობის მანძილზე იგი პირველად გაბრაზდა, პირველად გრძნობდა მრისხანების წარმოუდგენელ მოზღავებას, მისი გამხდარი სხეული ენერგიას იკრებდა, უზარმაზარ სხეულში აბლაბუდასავით გაბნეული ძარღვები სისხლით ივსებოდნენ და მხურვალებას აფრქვევდნენ.
ზანგი წამოდგა, ყუთებთან აბუზულ, წყვდიადში დარჩენილ ბიჭუნასთან მივიდა, ლამპა ფეხებთან დაუდგა და თითის ტუჩებზე მიდებით ანიშნა, არ იხმაუროო, სარდაფის ასასვლელისკენ დაიძრა და მალე დავბრუნდები, ნუ გეშინია არ მიგატოვებო, დაუბარა. ბიჭს ხმა არ გაუცია, ზანგის მკაცრ ნაკვთებს ახედა, ლამპა ახლოს მიიჩოჩა და მის მოგიზგიზე ალს ჩააშტერდა. კარის ჭრიალის ხმა და ურდულის ჩხაკუნი მის სმენას მისწვდა, ზანგმა სარდაფის კარი გარედან ჩაკეტა. ბავშვი სიბნელესა და სიმარტოვეში ლამპის შუქის ამარა დატოვა, ყუთებში მძინარე ბავშვები და დანაწევრებული სხეული თვალებიდან არ ამოსდიოდა, ხელებს ტკაცუნით მუჭავდა და მომუშტული თითები უფეთქავდა, სასახლისკენ მიიწევდა, გადაწყვეტილება მიეღო, იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა, ცხოვრებაში პირველად ფეხზე წამოდგა და თავის დახრას ბრძოლა არჩია.
უკვე ბნელდებოდა როცა სანთლებით განათებულ ქალის ოთახში შევიდა, ქალბატონი მომზადებული დახვდა, აბრეშუმებში ჩასმულ საწოლზე შიშველი მიწოლილიყო და მის გამოჩენას ელოდა. ზანგი ღელავდა, თავის ხელში აყვანას ცდილობდა, ქალის მიმართ ძლიერ ლტოლვას განიცდიდა და მისი შიშველი, მრგვალი ფორმების დანახვისას ეს ლტოლვა კიდევ უფრო იზრდებოდა, მისი სხეულის დახვეწილი სითეთრე და მოტკბო სურნელი მასთან ყოფნის სურვილს უძლიერებდა. ზანგიც გაშიშვლდა და ფეხებ გაშლილ, დაკავშირებისთვის გამზადებულ ქალს ზემოდან დააცხრა, ქალმა გაკვირვებისგან ამოიკვნესა, როგორც წესი დაქანცული და გაუბედურებული ზანგი მის დაკმაყოფილებას მძლივს ახერხებდა, ახლა კი წარმოუდგენელი ენერგიითა და ძალისხმევით მის სხეულს ერწყმოდა. ქალი სიამოვნებისგან იკრუნჩხებოდა, ლოყები შეფაკვლოდა, გამომშრალ ტუჩებს ვარდისფერი ენით ილოკავდა, ოფლის წვეთებით დანამულ შუბლზე შავი თმის ღერები აკვროდა, ზანგი არ ჩერდებოდა, ორგაზმით აკანკალებულ ქალს აქეთ-იქით ატრიალებდა, თვალები დაეხუჭა, ხელებით კერტებ გამაგრებულ, მხურვალე ძუძუებს ჩაჰფრენოდა და ქალის ყოველ ამოკვნესაზე ტანში ჟრუანტელი უვლიდა.
კვნესა ყვირილში გადაიზარდა, სიამოვნება ტკივილში, ქალი სხეულს უკაწრავდა და ხელებზე ჰკბენდა, ზანგი ყურადღებას არ აქცევდა, თითქოს ვერაფერს გრძნობსო თვალ დახუჭული შეუჩერებლად მოძრაობდა, ნატიფ სხეულში შედიოდა და გამოდიოდა. ქალი აფორიაქდა, სექსი სიამოვნებას აღარ ანიჭებდა, ზანგი ცხოველურ სიშმაგეს აეტანა და მისი ეს გამძვინვარება ქალს ავისმომასწავებლად ეჩვენებოდა. რა დაგემართა, შეჩერდი, ტკივილს მაყენებო, მბრძანებლური, აცახცახებული ხმით ოფლში მცურავ ზანგს შეუძახა. ზანგმა უკან დაიხია, ქალის სხეულს გამოეყო, თვალები გაახილა და შეშინებულ ქალს მბურღავი მზერა ესროლა. მძიმედ სუნთქავდნენ, ჰაერი დამძიმდა, ოთახი ჩაიხუთა, სხეულთა შერწყმით გამოწვეული მძაფრი სუნი დატრიალდა, თითქოს მათ განწყობას ეხმიანებაო ოთახიც მათთან ერთად ოხრავდა და ვნების ცეცხლში იწვოდა. ქალი ფეხებს შორის ტკივილს გრძნობდა, დაწითლებულ საშოს ხელით იზელდა და ზანგის გაქვავებულ ასოს გაკვირვებული შეჰყურებდა. დღეს რამ გაგამწარა, აქამდე მაგ წყეულის აყენებასაც კი მძლივს ახერხებდი და დღეს... ზანგმა არ დააცადა, სიტყვა არ დაამთავრებინა, თეძოებზე ჩააფრინდა, თავისკენ მოქაჩა და საწოლზე გადაატრიალა, ქალი მოგუდული ხმით ეწინააღმდეგებოდა, რას აკეთებ, ახლავე შეწყვიტე შე პირუტყვოო და ხელებს აქეთ-იქით იქნევდა. ზანგი ვერაფერს ხედავდა, არაფერი ესმოდა. ქალი გააკავა, ხელები ზურგზე გადაუჯვარედინა და მასში უკნიდან შევიდა. ტვინის კედლები უფეთქავდა, გალიის სუნი და ხახადაფჩენილი ცხოველების ხმა გაახსენდა, ყურში მათრახის ტყლაშუნი და სიცილ-კისკისი ჩაესმოდა, ყოველ გატყლაშუნებაზე სიშმაგე და ენერგია ემატებოდა. ქალი მოთქვამდა, ფეხებს იქნევდა, საწოლზე გულდაღმა დაკრული უკნიდან სხეულში შემავალ მხურვალე სიმაგრესა და მწველ ტკივილს გრძნობდა, თავი მოეღრიცა და ცრემლმორეული იღრინებოდა.
ზანგმა თვალები გაახილა, ბავშვის ტირილის ხმა ჩაესმა და სარდაფში ნანახი თავმოკვეთილი ბავშვის მზერა თვალებზე აეწება, მისი უზარმაზარი სხეული შეკრთა, ახლაღა გამოფხიზლდა, ოთახს თვალი მოავლო, საწოლზე გართხმულ ქალს ზემოდან დახედა და ახლა როცა მას უკნიდან ჟიმავდა, ახლაღა გაახსენდა... ლტოლვას თავი დააღწია და ქალს ძარღვებ დაბერილ ყელში სწვდა, ორივე ხელით დააცხრა. ქალი ხროტინებდა და ხელებს იქნევდა, ზანგი სხეულით მის ზურგს ჩაჰკვროდა და ყელზე შემოხვეული ხელებით თავისკენ ქაჩავდა, არტერიაში მფეთქავ გულის ცემასა და ფილტვებამდე ვერ ჩასულ ჰაერის ნაკადებს ძლიერად მოჭერილი თითებით გრძნობდა. ჯერ კიდევ თბილმა, ლამაზმა სხეულმა კანკალი შეწყვიტა, აღარ მოძრაობდა და წინააღმდეგობასაც აღარ უწევდა.
ზანგი საწოლზე მიესვენა, ხელებში მკვდარი სხეული მოექცია და მის უმოძრაო შეხებას მთელი არსებით გრძნობდა. თვალები დახუჭა, ეს რა გავაკეთე, ეს რა ჩავიდინეო, ჩურჩულებდა. გული გამალებით უცემდა, ხელები უკანკალებდა, საშინელ დაღლილობას გრძნობდა. ამოიხვნეშა, მძიმედ სუნთქავდა, ფიქრების მოკრებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, გათიშულს მხოლოდ მის სხეულზე მისვენებული ქალის სიცივე ატყობინებდა ადგომის დროა, დიდ ხანს დაყოვნების ფუფუნება არ გაქვსო. წამოდგა, ბარბაცით ტანსაცმელი მოხვეტა და ჩაცმას შეუდგა, ლოგინზე იჯდა და ქალის ცხედარს თვალს არ აშორებდა, მკვდარს თვალები გადმოეკარკლა, პირი ღია დარჩენოდა და თავი საშინლად მოღრეცოდა. სულ რაღაც რამდენიმე წუთში ლამაზად ნაკვეთი, მრგვალი ფორმები დამახინჯდა და გაქვავებულ, თეთრ მინერალებს დაემსგავსა, სურნელოვანი სხეული სიცარიელედ იქცა. ზანგმა ქალის ტანსაცმელთან დაგდებული რკინის გასაღები ხელში აიღო, გადაატრიალ-გადმოატრიალა და ჯიბეში ჩაიდო. ოთახს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი, გაქვავებული სხეულის სიშიშვლე უშნოდ გამოჩხერილიყო ოთახის მდიდრულ მორთულობებში, ფანჯრიდან ღამის სიბნელე იღვრებოდა და ქალს მოჩვენების იერს ადებდა, სამუდამოდ ჩამქვრალი თვალები გამჭოლად არარასაკენ მიეპყრო და ავისმომასწავებლად დაღებული პირიდან ყოვლისმომცველ უიმედობას აფრქვევდა. ვნებისა და სექსის სურნელი თანდათან ტოვებდა ოთახის კედლებს, ისევე როგორც ზანგი დატოვა ქალის მიმართ მიჯაჭვულობისა და ლტოლვის ამოუხსნელმა წადილმა.
სარდაფში დაბრუნებულს ლამპასთან შეგროვებული ბავშვები დაუხვდნენ, სიბნელისგან გამოძერწილი მისი უზარმაზარი ფიგურის დანახვისას შეშინდნენ და წივილ-კივილი ატეხეს, აქეთ-იქით გარბოდნენ, ყუთებს ამოფარებულები იმალებოდნენ, ჩურჩულებდნენ და ზანგისკენ იჭყიტებოდნენ. ნუ გეშინიათ, მაგან გადამარჩინა და თქვენი ყუთებიც მან გახსნაო, ამშვიდებდათ ბიჭუნა რომელიც ზანგმა შოკირებული დატოვა, ახლა კი თავი ხელში აეწყვანა და ზრდასრულივით მშვიდი, დამაჯერებელი ტონით შეშინებულ ბავშვებს აწყნარებდა. ნუ გეშინიათ, აქედან წასვლის დროა, თქვენს წასაყვანად მოვედიო და ზანგი ბიჭუნას მიუახლოვდა. მიმალული ბავშვები სამალავებიდან იჭყიტებოდნენ და მის უზარმაზარ სხეულს უნდობლად შეჰყურებდნენ. ზანგმა ბიჭუნას დაუბარა, ბავშვებს თავი მოუყარე და ზემოთ აიყვანე, ნუ გეშინია იქ არავინაა, რამდენიმე წუთში დავბრუნდები, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გამოვარკვიოო. ბიჭუნამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, ზანგი დაიძრა და სარდაფის სიღრმეში გაბატონებულ სიბნელეს შეერწყა.
რკინის ჩაკეტილ კარს მიადგა და გასაღები მოარგო, კარმა გაიჩხაკუნა და ჭრიალით გაიღო. ზანგი სისხლით მოთხვრილ, ვიწრო შესასვლელში აღმოჩნდა, საშინელების მომლოდინე, კუს ნაბიჯებით მიბაჯბაჯებდა. გალიებით ჩამწკრივებული მოკლე დერეფნიდან დიდ დარბაზში გავიდა, დაცარიელებულ სივრცეში მხოლოდ რამდენიმე სვეტი და უცნაური ფორმის მაგიდა ჩანდა, ბნელოდა, სადღაც ზემოდან მცირე სინათლე იღვრებოდა, ზანგი მაგიდასთან მივიდა და ზედ მიმოფანტული სანთლები აანთო. ასეთი რამ არასოდეს ენახა, მთელი დარბაზი უცნაური სიმბოლოებითა და უცნობ ენაზე შესრულებული წარწერებით მოეხატათ, იატაკზე თეთრ და წითელ ფერში გამოყვანილი წრეები და სამკუთხა-ოთხკუთხა სივრცეებში ჩახატული სიმბოლოები მოჩანდა. სვეტებს შორის, ზუსტად დარბაზის ცენტრში, ორმაგ წრეში ჩამჯდარი ხუთ ქიმიანი ვარსკვლავი ამოეკაწრათ და მასთან ერთად მომრგვალებული და წაგრძელებული სიმბოლოებიც შემხმარი, წითელი სისხლით ამოევსოთ. ზანგი აქეთ-იქით ტრიალებდა და რამე ნაცნობის დანახვას, აღქმას ამაოდ ცდილობდა. მაგიდაზე გადაშლილი, სქელყდიანი შავი წიგნი იდო, დარბაზის მოხატულობა შესამჩნევად ემთხვეოდა წიგნის ფურცლებზე აღბეჭდილ რიტუალებს და ზანგიც თანდათან ხვდებოდა, ოკულტურ სარიტუალო დარბაზში ამოეყო თავი. კედელში ჩაბეტონებული ბორკილები და მიმოფანტული ძვლები დარბაზის ერთ კედელზე ჩაემწკრივებინათ, ძვლები ზოგი ძველი ჩანდა, დროისგან გახუნებული და ფორმა დაკარგული, ზოგიც სულაც ახალი, ზედ ხორცისა და სისხლის კვალი შერჩენოდათ. მათი ზომებიდან გამომდინარე სულაც არ გასჭირვებია მიხვედრა, რომ დარბაზში მიმობნეული, ფაქიზი ძვლები ბავშვისა უნდა ყოფილიყო. სიბრაზემ აიტანა, მაგიდას ხელი დაჰკრა და საკუთარი ძვლების სიმკვრივე იგრძნო, ტვინში სისხლი აუვარდა, სუნთქვა გაუხშირდა, გულმკერდი გაუხურდა, ყუთიდან ამომავალ უმისამართო მზერას თავს ვეღარ აღწევდა, მკვდარი თვალები და მოკვეთილი თავი... ზანგმა თავი გააქნია, კისერზე ხელები იტაცა, თითქოს ამოწმებს თავი ისევ სხეულს აბია თუ ისიც იმ ბავშვივით მოკვეთილი და სიცოცხლე გამოცლილი, არარაობისკენ მიემართებაო... მაგიდას წიხლი ჰკრა და გადააყირავა, ამის დედაც, საკმარისია, ერთი დღისთვის ამდენი საშინელება საკმარისიაო და ხელების ქნევით, სწრაფი ნაბიჯით დარბაზიდან გამოვიდა.
ყუთებთან დაბრუნებულს სარდაფი დაცარიელებული დახვდა, კმაყოფილებით თავი დააქნია, ესეიგი ბიჭმა ბავშვების დამორჩილება მოახერხა და ზემოთ აიყვანა. სათავსოებთან ჩალაგებული დენთის კასრები შეამჩნია და თავში აზრმა გაუელვა, იცოდა რაც უნდა ექნა, კმაყოფილმა უშნოდ ჩაიღიმა და ბავშვების მოსანახავად სარდაფი დატოვა.
ზედაპირზე ასულს ლამპა მომარჯვებული ბიჭუნა და მის გარშემო ფარვანებივით ატუზული ბავშვები დახვდნენ. ბიჭუნა ცნობისმოყვარე თვალებით შეაცქერდა, ზანგმა თვალი ჩაუკრა, ყველაფერი რიგზეაო და გაუღიმა, თეთრი კბილები გამოაჩინა. ბიჭუნამ დანარჩენ ბავშვებს გადახედა, ყველანი აქ ვართ, შეგვიძლია წავიდეთო. ზანგმა ბიჭს ლამპა ჩამოართვა, აფუსფუსებულ ბავშვებს სასახლის ეზოში წაუძღვა და გასასვლელი ჭიშკრისკენ წაიყვანა. ჭიშკართან შეჩერდა, ლამპა ძირს დადგა, კარს მთელი ტანით მიაწვა და აჭრიალებულ, ჟანგიან გასასვლელში ბავშვები სასახლის საზღვრებს გარეთ გაიყვანა. გოგო-ბიჭებმა თავისუფლება იგრძნეს, ტყვეობას თავი დააღწიეს და ჟივილ-ხივილი ატეხეს, სიხარულს ვერ მალავდნენ და ზანგს მოციმციმე თვალებით მადლობას უხდიდნენ. შავი კაცი გაუნძრევლად იდგა და მოხტუნავე ბავშვებს სევდანარევი ღიმილით შეჰყურებდა, კმაყოფილებას და გულში ჩაღვრილ სითბოს გრძნობდა, როგორც იქნა ცხოვრებაში რაღაც ღირებული მანაც გააკეთა, მოციმციმე თვალებს შეჰყურებდა და მათში სიცოცხლის ნაპერწკლებს ხედავდა, სიცოცხლისა რომელიც მათთან ასე ახლოსაც იყო და ასე მიუწვდომელიც.
უცებ თითქოს თავში ჩაარტყესო, ზანგი გამოფხიზლდა, ბიჭუნასთან მივიდა და ჩურჩულით, ისე რომ სხვა ბავშვებს ვერ გაეგონათ აქ დამელოდეთ, მალე დავბრუნდებიო უთხრა. ბიჭმა გაიკვირვა ახლა სადღა მიდისო და უკმაყოფილოდ შეეწინააღმდეგა, გთხოვ არ მიგვატოვო, ისიც კი არ ვიცით სად ვართ და გზა როგორ გავიგნოთ, ამ სიბნელეში რა გვეშველება, გვეშინია და დაბნეულები ვართ, წარმოდგენა არ გვაქვს უშენოდ როგორ მოვიქცეთო. ზანგმა მხარზე ხელი დაადო და თვალებში ჩახედა, თქვენს მიტოვებას არ ვაპირებ, რაღაც დარჩა გასაკეთებელი რაც თქვენს გარეშე უნდა გავაკეთო, ჩვენი სასახლეში ყოფნის კვალი უნდა წავშალო, ხომ გესმის ჩემი, თქვენ ხომ აქ თქვენი ნებით არ მოსულხართო და ბიჭის მოწყენილ თვალებს დააკვირდა, ნუ გეშინია, შენი იმედი მაქვს, ამათ მიხედე, ძლიერი უნდა იყო, მე შენ გენდობი და შეგიძლია შენც მენდო, მგონი თქვენს ნდობას ვიმსახურებ, უცებ დავბრუნდები, ჩემს არყოფნას ვერც შეამჩნევთო და ბიჭს მხარზე ხელი ოდნავ მოუჭირა.
ზანგი სასახლის ეზოში შებრუნდა, კარმა გაიჭრიალა და გახარებული ბავშვები წამში დასევდიანდნენ, ხელში ლამპა მომარჯვებულ ბიჭუნასთან მიცვივდნენ და კრუსუნს მოჰყვნენ, დიდი კაცი სად წავიდა, რატომ წავიდა, მან ჩვენ მიგვატოვა, ახლა რა ვქნათო, წრიალებდნენ. ბიჭუნამ ლამპა მიწაზე დადგა, ბავშვები მოიშორა, სიბნელეს შეაჩერდა და ხმამაღლა ატირდა, არ ვიცი... არ ვიცი, არაფერი ვიცი... არ ვიცი რა უნდა ვქნათ... ის დაბრუნდებაო, თავისთვის ჩურჩულით იმეორებდა, შავი კაცი დაბრუნდებაო...
ღამის წყვდიადში კარის ჭრიალის ხმა ისმის, ბავშვები ლამპას სიმძლავრეს უმატებენ, სიბნელიდან უზარმაზარი სხეული იძერწება, თვალები ყვითლად უელავს, მთლიანად შავია და პირისახე მის კანზე უფრო შავი ტალახით აქვს მოთხვრილი. კბილებ დაკრეჭილი ზანგი ბავშვებს უახლოვდება, მის მოძრაობაში სიმტკიცე იკითხება, მის ხმაში თავდაჯერებულობა იგრძნობა. არ შეგეშინდეთ ახლა იფეთქებს, აბა აქედან მოვუსვათ, უკან არ მიიხედოთო. ბავშვები ბნელი აჩრდილივით აწოწილ ზანგს მიჰყვებიან, ბიჭუნა ლამპით გზას უნათებთ და მალულად უკან მიხედვას ცდილობს, ზანგი დადუმებული მიაბიჯებს და შეუმჩნევლად იღიმის, მის ცხოვრებაში პირველად თვლის რომ სწორად მოიქცა. მათ ზურგებს ხმაურიანი ზათქი ანათებს და აკივლებული ბავშვები ზანგს შარვალზე ეკიდებიან, ფეხებში ედებიან, ეხუტებიან, ქვემოდან აჰყურებენ, მის მზერას ეძებენ, მის თვალებში ყველაფერი კარგად იქნებას ამოკითხვას ელიან. ზათქი მეორდება და შავი კაცი სიმაღლიდან ბავშვებს ჩაჰყურებს, ბიჭუნას თავზე ხელს უსვამს და თბილად იღიმის. ყველაფერი კარგად იქნება, არსაიდან, არავისგან თქმული სიტყვები ბავშვების სმენას სწვდება და ისინიც გულში იმეორებენ, ყველაფერი კარგად იქნება, ნუ გეშინია...
ლამპის ჩაქრობამდე იარეს, როცა საწვავი გამოილია და ლამპის შუქი მიინავლა გზიდან გადაუხვიეს, ქალაქის შემოვლით გზას მიუყვებოდნენ, ბილიკი შუაში გადიოდა, სიმწვანესა და შავ კედლებს გამყოფ ზოლად გასდევდა, ადამიანთა და ცხოველთა სამყაროებს შორის, ერთ მხარეს ჯმუხი ქალაქი გადაშლილიყო, მეორე მხარეს მწვანედ შემოსილი, დიდრონი ხეებით დახუნძლული ძველისძველი ტყე.
ტყის პირას შეჩერდნენ და გადაწყვიტეს ხეებს შეფარებულებს გაეთიათ ღამე, ზანგი იმდენად გადაღლილიყო რომ როგორც კი ჩამოჯდა და ხეს ზურგი მიაყრდნო მაშინვე ჩაეძინა. ბიჭუნა მშფოთვარე ბავშვებს ამშვიდებდა და დაძინებაში ეხმარებოდა, ზანგს აეკვრნენ, მისი უშველებელი სხეულის გარშემო მიწვნენ და მისი სიახლოვით დამშვიდებულები მშვიდად სუნთქავდნენ, ისიც, ზანგიც საკუთარი აჩრდილისებური სიშავით ბავშვებს იავნანასავით ჩაეღვარათ, სიბნელით, არა საშინელით, არამედ სიმშვიდის საბურველ გადაფარებული, შვების მომგვრელი აურით. ზოგს საერთოდ არ ეძინა და ბიჭუნასთან ერთად სადარაჯოზე იდგა, წამლებით გაბრუებულებმა ყუთში იმდენ ხანს იძინეს, რომ დაძინების ეშინოდათ კიდეც და აღარც მოთხოვნილებას გრძნობდნენ. მშვიდი ღამე იდგა, ტყიდან მონაბერი გრილი ნიავი ფოთლებს შეუმჩნევლად აშრიალებდა, ბალახში ჭრიჭინა რუტინულ სიმღერებს დაუღალავად ასრულებდა, სადღაც სიშორიდან მოღწეულ ბუს შეკივლებას მისტიურობის განცდა მოჰქონდა, ბუნება ღამითაც ფხიზლობს, ის არ იღლება, სიცოცხლე გამუდმებით და შეუჩერებლად ჩქეფს, მიწა მძლივსშესამჩნევად ფეთქავს და დღისით მოგროვილ ენერგიას ანთავისუფლებს, მის იმედად დარჩენილ, გულზე მიხუტებულ შვილებს მშვიდობასა და სითბოს უანგაროდ უზიარებს.
ჩვეულებისამებრ ინათა თუ არა ზანგს გამოეღვიძა, სხეული საშინლად სტკიოდა, ძვლებში სტეხდა, დაღლილობას მთელი სიმძლავრით გრძნობდა, ძილმა უარესი უყო, არათუ დაისვენა და ძალები აღიდგინა, არამედ მოდუნდა და მოითენთა, რატომ ხდება ისე რომ ღრმა ძილიდან გამოღვიძებული უფრო ძლიერ დაღლილობას ვგრძნობ ვიდრე მთელი დღის მუშაობის შემდეგო, გაიკვირვა და უზარმაზარი ხახა დააღო, შესაშურად დაამთქნარა და თვალები მოიფშვნიტა, ძილის უკანასკნელი საცეცებიც ჩამოიშორა. ბიჭუნასაც ეღვიძა და საწვავის გარეშე დარჩენილ ლამპას ხელს არ უშვებდა, მძინარე ბავშვებთან ახლოს ჩამომჯდარიყო და თავს უენერგიოდ აკანტურებდა. ზანგი შეინძრა, მის სხეულზე მიწოლილი ბავშვების გაღვიძებას ერიდებოდა, ფრთხილად გამოჩოჩდა და ბიჭუნასკენ გაცოცდა, მის გვერდით ჩამოჯდა და ზამთრის ძილიდან გამოღვიძებული დათვივით ხახადაფჩენილმა გაიზმორა. ბიჭუნა თავის დაქნევით მიესალმა, ცალი თვალით მძინარე ბავშვებს გადახედა და ზანგს შესთავაზა, ქალაქის მახლობლად ბოშათა ბანაკია, ამ ტყეში სახლობენ, მდინარესთან ახლოს, ღამით ბავშვებს გამოველაპარაკე და როგორც ჩანს სწორედ მაგ ბანაკიდან მოუტაცებიათ, მგონი ჯობს პირდაპირ იქ დავაბრუნოთ, ქალაქში ჩასვლა საჭირო აღარ იქნებაო. ზანგმა თავი დაუქნია და დაამთქნარა, მისმა კუჭმა საშინელი ხმა ამოუშვა, მუცელზე ხელი მიიდო და ტყეს თვალი შეავლო, რაც მალე წავალთ მით უკეთესი, კუჭი მიხმება, ალბათ თქვენც მშივრები ხართ, ჯობს სანამ ენერგია შეგვრჩენია სიარულს მოვახმაროთო.
ბიჭუნამ მძინარე ბავშვებს ჩამოუარა, ადექით წასვლის დროაო, აღვიძებდა მიწაზე მოკრუნჩხულ თანატოლებს. გაიღვიძეს და თვალებით მაშინვე ზანგს დაუწყეს ძებნა, მანამდე არ მოისვენეს სანამ მოსაშარდად ხეს მიყუდებული დიდი, შავი ფიგურა არ გაარჩიეს, და მხოლოდ მაშინ დამშვიდნენ, მისი შავი ხელი მზის სხივებით განათებული კეფის მოსაფხანად რომ ამოძრავდა. ბიჭუნამ ბავშვებს აუხსნა, ბანაკში მივდივართო და მათთან ტყეში შემავალი გზა დააზუსტა, ერთ-ერთმა აუწყა ადვილი მისაგნებია, იქამდე ბილიკი მიდისო.
ზანგის წინამძღოლობით ბავშვების ამალა ბილიკის საძებნელად დაიძრა, ტყის პირას მიაბიჯებდნენ, გზაში რკოს, მოცვსა და ასკილას აგროვებდნენ და ზანგთან მიჰქონდათ, ტურტლიანი, პატარა ხელებით შეგროვილ ნაყოფს უზიარებდნენ. ზანგმა ბიჭუნას თვალი შეავლო და ასე მგონია ქალაქში მოხვედრას თავს არიდებ, რაშია საქმე, რამ შეგაშინაო, შეეკითხა. ბიჭმა გაიკვირვა, უარის ნიშნად თავი გააქნია და ახსნა განმარტებას მოჰყვა, ვითომ ზანგის გამო იფიქრა ქალაქს მორიდებოდნენ, შენ ხომ მთელი სასახლე გადაწვი და ააფეთქე, ვიფიქრე ძებნას დაგიწყებდნენ და ქალაქში შენი ფეხით რომ მიხვიდე მაშინვე დაგაპატიმრებენო. არამარტო სასახლე გადავწვიო, თავისთვის გაიფიქრა ზანგმა და ქალბატონის უსულო სხეულის სითეთრე გაახსენდა, თავი დაუქნია, მაგაში მართალი ხარ, მაგრამ სიმართლეს მაინც არ მეუბნები, ქალაქს გაურბიხარ, კარგი, რახან არ გინდა ნუ მეტყვი, შენი საქმისა შენ იციო. ბიჭუნამ თავი ჩახარა და ჩაფიქრებული, მდუმარედ მიაბიჯებდა, ზანგი ხედავდა, ბიჭის შეუვალი მზერის იქით სევდა და ტკივილი იმალებოდა, მას რაღაც აწუხებდა და ამაზე ლაპარაკი არ შეეძლო, ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ბავშვს ჰგავდა, მაგრამ მისგან ამოუხსნელი სევდა მოდიოდა, ხანდახან თვალებში ჩამდგარ ნაღველს აჩენდა, შავი თვალები და დაფლეთილი ტანისამოსიც იმ ადამიანისას მიუგავდა ვისაც დიდი ტანჯვა და უბედურება აქვს ნანახი.
მზე დაუნდობლად აცხუნებდა, ღამის სიცივიდან ამოცურებულს ზენიტისთვის მიეღწია და მწველ სხივებს განურჩევლად ისროდა. რამდენიმე საათი გასულიყო მას შემდეგ რაც ბილიკს ეძებდნენ, როცა ბავშვები აჩოჩქოლდნენ და ხელებს იშვერდნენ, აი ბილიკი, აქეთ უნდა წავიდეთო. ზანგმა ხელით მზე მოიჩრდილა, ბალახისა და ფოთლების სუნი ღრმად ჩაისუნთქა, გვერდით მდგარ ბიჭუნასკენ დაიხარა და ჩურჩულით ჰკითხა, მაგ ბოშებზე რაღაც-რაღაცეები მსმენია, დარწმუნებული ხარ რომ არაფერს დაგვიშავებენ, მათგან თავის შორს დაჭერას ამჯობინებენ და ჩვენ კი მათ სამფლობელოში მივდივართო. ბიჭუნამ გაუღიმა, საშიში შესახედაობა კი გაქვს, მაგრამ მაგ შავი მკერდის შიგნით რა გულიც გიძგერს ჩვენ ყველამ საკუთარ თავზე გამოვცადეთ, შენ რომ არა ვინ იცის რა ბედი გვეწეოდა, არამგონია მათი შვილების გადამრჩენელს რამე დაუშაონ, რაც არ უნდა სისხლისმსმელები იყვნენ შენ მათ შვილები დაუბრუნე, ბავშვებს შეხედე როგორ მოგეჩვივნენ, მათ შენ მოსწონხარ, ნუ გეშინიაო. ბიჭის სიტყვებმა ზანგს გულში სითბო ჩაუღვარა, თავი დაუქნია და თავზე ხელი დაადო, ბავშვებს ომახიანად გასძახა, აბა ონავრებო, გზას დავადგეთ, ალბათ მშობლები ღელავენ, გეძებენ, თქვენს გამოჩენას ელოდებიან, ნუღა ვალოდინებთ, რაღა დარჩაო და მუცელზე ხელი მიიდო, თან საშინლად მომშივდა და ვინმე რომ დამაპურებდეს უარს ნამდვილად არ ვიტყოდიო, ბიჭუნას თვალი ჩაუკრა და გაიკრიჭა. ტყის ბინადრები გაკვირვებით შესცქეროდნენ მზის სხივებით განათებულ ბილიკზე მიმავალ უზარმაზარ, შავ ფიგურასა და მის გარშემო აკუნტრუშებულ ბავშვთა მსვლელობას.
ტყეში შეჭრილი ბილიკიდან მინდვრად გავიდნენ, შუაგულ ტყეში გამელოტებული თავივით მოტიტვლებულ მდელოს მიადგნენ. ბილიკი გრძელდებოდა, მდელოს კვეთდა და ისევ ტყის წიაღში იკარგებოდა, მინდორი ხშირ ბალახს დაეფარა, ჭრიჭინები ტვინის გამაწვრილებლად ხმაურობდნენ და ხეებზე შემომსხდარი ჩიტები მომსვლელებს მხიარულად ეხმიანებოდნენ. ზანგმა ხეებიდან ამომავალი კვამლი და მდელოს ბოლოში ჩალაგებული ხის ვაგონები შენიშნა, ბოშების ბანაკს უახლოვდებოდნენ. ბავშვებმა ნაბიჯს მოუჩქარეს, ზანგსაც აგულიანებდნენ, ჩქარა, ჩქარა, თითქმის მივედითო, ისინი ხომ ამ მიდამოებს კარგად იცნობდნენ, მთელი ცხოვრება სიმწვანეში ხტუნვა-თამაშში გაეტარებინათ, უდარდელ, მზიან დღეებსა და მშობლების კალთა ამოფარებულებს, თავად ბუნების ნაბოძებ ქმნილებათა შემგრძნობებს, დალოცვილი მიწის მადლიც მშვენივრად ესმოდათ და მადლიერებასაც თავისებურად, ბავშვური სისპეტაკით გამოხატავდნენ.
ვაგონებს მიუახლოვდნენ და სანადირო თოფ მომარჯვებულმა ახალგაზრდა კაცმა ზანგს დაუმიზნა, ნაბიჯი აღარ გადმოდგა თორემ გესვრიო, თან მის უზარმაზარ, შავ სხეულს შეფიქრიანებული ათვალიერებდა. ბიჭუნა ზანგს აეკრა, ზანგმა ხელით უკან დასწია და სხეულით გადაეფარა, ხელები მაღლა ასწია და ის-ის იყო ხმის ამოსაღებად პირი უნდა გაეხსნა, რომ ბავშვები იარაღიანი კაცისკენ გაქანდნენ, არ ესროლო ჩვენი მეგობარიაო, ერთ-ერთი ონავარი კაცთან მივარდა და ჩაეხუტა, ბოშას იარაღი დაუვარდა, აცრემლებული ბავშვს მკერდში იკრავდა, შვილო, ეს მართლა შენ ხარ, ჩემო შვილოო, ლუღლუღებდა. ზანგი არ იძვროდა, ბიჭუნა მის უკან იმალებოდა, ბავშვებმა მთელი ბანაკი აახმაურეს და იქაურობა ყვირილით აიკლეს, ვაგონებიდან გამოვარდნილი ბოშები მათ გულში იხუტებდნენ და სიხარულის ცრემლებს აფრქვევდნენ.
მიწაზე ჩამუხლული ბოშა წამოდგა, იარაღი აიღო და ზანგს ქვემოდან ახედა, შვილმა ხელზე მოქაჩა და ქვემოდან შეუბღვირა, ხომ გითხარი მეგობარია მეთქი, მაგან ჩვენ გადაგვარჩინაო. კაცმა იარაღი მხარზე გადაიკიდა, შვილს გაუღიმა და ლოყაზე მოჩქმიტა, უცნაური მეგობარი გყოლიაო და ზანგს თავის დაკვრით მოუბოდიშა. ბიჭუნაც გამოჩნდა, ზანგისთვის ხელი ჩაეკიდა და შეშინებული იცქირებოდა, ბავშვმა მასთან მიირბინა, ნუ გეშინია, მამაჩემი არაფერს დაგიშავებთ, წამოდით დანარჩენებსაც გაგაცნობთო. ზანგმა იარაღიანს გახედა, ბოშამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, შეგიძლიათ ბანაკში შემოხვიდეთო და ზანგს კიდევ ერთხელ მოუბოდიშა.
მშობლებს ჩახუტებულმა ბავშვებმა შავი კაცი რომ დაინახეს წამოხტნენ და გარს შემოეხვივნენ, ეს არის ის დიდი კაცი ჩვენ რომ გადაგვარჩინაო, მშობლებს აღელვებულები უყვებოდნენ როგორ ააფეთქა ზანგმა სასახლე და ბავშვებს ღამის სიბნელეში უმეგზურა, ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიდნენ და უხერხულად გაჯგიმულ დიდ კაცს მოციმციმე თვალებით შენათოდნენ. სიხარულის ცრემლებ შემხმარი ბოშები ზანგს ეჭვის თვალით ათვალიერებდნენ, უნდობლობასთან ერთად მათ მზერაში მადლიერებაც იკითხებოდა. ვაგონებიდან გამოშლილი, ფერად ტანსაცმელში გახვეული ბოშები შვილების დაბრუნებით გამოწვეულ სიხარულს სიმღერითა და ცეკვით გამოხატავდნენ, ზანგი და ბიჭუნა კუნძზე ჩამოსხდნენ, ბოშები წრეს კრავდნენ, მღეროდნენ, ტაშს უკრავდნენ, გარმონსა და გიტარას ახმაურებდნენ, არყით სავსე ბოთლს ხელიდან ხელში აწოდებდნენ, რამდენიმე ყლუპი ზანგის მშიერ კუჭსაც ერგო და შიმშილის გრძნობა კიდევ უფრო გაუმძაფრდა, მწველად ჩაღვრილი თბილი სითხე ორგანიზმის ლაბირინთებში გზას დაუბრკოლებლად იკვალავდა და დაცარიელებულ უჯრედებს დაუკმაყოფილებლობის გრძნობით ავსებდა.
ზანგი ჩუმად იჯდა და ბანაკის მხიარულებას ნასიამოვნები შეჰყურებდა, ბიჭუნა კუნძზე თითით რაღაცას ჩიჩქნიდა, მალიმალ თავს წამოყოფდა, ჯერ ზანგს გახედავდა, მერე მოცეკვავე ბოშებს, თითქოს ამოწმებსო ისევ იქ იყვნენ თუ არა, ან იქნებ საკუთარ ყოფასაც ამოწმებდა, საკუთარ არსებობას იხსენებდა. ბოშები შეთვრნენ და და უფრო მოლბნენ, ზანგთან მიდიოდნენ და მადლობას უხდიდნენ, მამაკაცები კაცური ჟესტით მხარზე ხელს უტყაპუნებდნენ, ქალები ხელს ართმევდნენ, ნამდვილი ვაჟკაცი ხარ სხვისი შვილების გადარჩენა რომ არ დაიზარეო და ხელში მოქცეულ მარჯვენას უქებდნენ, ლოცვა კურთხევას არ იშურებდნენ. ზანგი მდუმარედ, თავის დაკვრით ეხმიანებოდათ, დაღლილობა და შიმშილი ეტყობოდა, თვალები მოსჭუტვოდა და თავს მძლივს იკავებდა კუნძიდან არ გადავარდნილიყო.
მაგის დროც დადგა, ბოშებმა კოცონი ააბრიალეს და ზედ უზარმაზარი ქვაბი შემოდგეს, შამფურებზე წამოცმულ ხორცის მსუყე ნაჭრებს ცეცხლისკენ იშვერდნენ, ტაფაზე კვერცხი შიშხინებდა, ქვაბიდან ოხშივარ ადენილი სასიამოვნო სუნი იფრქვეოდა. ბოშები მშვიდად საუბრობდნენ, აღელვების ტალღამ გადაუარათ, ბანაკში სიმშვიდემ დაისადგურა. ზანგს ნანატრი წამი ეღირსა, მას მოზრდილი ჯამით წვნიანი მიართვეს და შამფურზე აშიშხინებული კურდღლის ხორცითაც გაუმასპინძლდნენ. დამშეულმა თვალის დახამხამებაში ჯამი გამოცალა და შემწვარი ხორცი ძვლებად აქცია, ბოშები კმაყოფილები შეჰყურებდნენ და უფრო მეტ ხორცს უმარჯვებდნენ, ზანგი მორცხვად უარობდა მაგრამ ერთ-ორ ნაჭერს კბილი მაინც გამოჰკრა, მირთმეული საკვები მეტისმეტად გემრიელი ეჩვენებოდა და სტომაქსაც დაუღალავად ივსებდა, თითებს ილოკავდა და პირგამოტენილი მადლობას იხდიდა.
დანაყრებულს ბიჭუნა გაახსენდა, ის თავისთვის კუნძზე იჯდა და შემწვარ ხორცს მადიანად შეექცეოდა, ზანგმა თვალებზე ჩამოყრილი თმა გადაუწია და თვალი ჩაუკრა, თან ამოვსებულ მუცელზე ხელით მასაჟს იკეთებდა და მხიარულად იკრიჭებოდა. გვარიანად დანაყრებამ ყველა კარგ განწყობაზე დააყენა, ბავშვები მშობლების კალთაში თვლემდნენ, კაცები ბანქოს თამაშობდნენ, ქალები ხმადაბლა საუბრობდნენ. ზანგის ხელს მიყრდნობილი ბიჭუნა მდუმარედ შესცქეროდა დამშვიდებულ, გაცისკროვნებულ სახეებს, მხიარულებით ათრთოლებულ, შეწითლებულ ლოყებსა და ნაკვთებს, ფერადი ბოშებისგან გადმოღვრილ მშობლისეულ სითბოსა და სიყვარულს დამწუხრებული, სევდიანი თვალებით ისრუტავდა.
ზანგთან იარაღიანი ბოშა მივიდა, სწორედ ის ვინც ბანაკში მოსვლისას დახვდათ, გამხიარულებულ თანამოძმეებს დაკვირვებული თვალი მოავლო და ზანგს მიუბრუნდა, წამოდი შენთან გასაუბრება სურთ, ნუ შეშინდები ყველაფერი რიგზეა, შეგიძლია ბიჭუნა აქ დატოვოო. მაგრამ ბიჭუნა ზანგის ხელს ჩააფრინდა და გაშვებას არ აპირებდა, ბოშამ გაიღიმა, რა გაეწყობა როგორც ჩანს ბავშვებს ძალიან უყვარხარო. ზანგი წამოდგა, ბიჭუნასთან ერთად ბოშას გაჰყვა და ვაგონებთან მოშორებით მდგარ, მოზრდილ კარავთან შეჩერდა. ბოშამ კარავზე მიანიშნა, შიგნით შედიო და ნელი ნაბიჯით შორიახლოს ბოლთის ცემას მოჰყვა. ზანგმა ბიჭუნასთან ჩაიმუხლა, ხელი გააშვებინა და თვალებში ჩახედა, ნუ გეშინია, არაფერი მომივა, მირჩევნია შიგნით მარტო შევიდე რადგან არ ვიცი იქ რა მელოდება, კარავთან მომიცადეო. ბიჭუნა არ უშვებდა, მეც შემოვალო შესაბრალისად სთხოვდა, ზანგმა თავზე ხელი დაადო და ხშირი თმა აუჩეჩა, აბა რისი გეშინია, თავად არ მამშვიდებდი ყველაფერი კარგად იქნება, ბანაკში არაფერს დაგიშავებენო, შენ ხომ ის ბიჭუნა ხარ ჩაბნელებულ სარდაფში ბავშვების დამორჩილება მარტომ რომ შეძლოო. ბიჭუნა დამორჩილდა და იქვე გაგორებულ კასრზე ჩამოჯდა, აქ დაგიცდი, დიდ ხანს არ მალოდინო იცოდე, აქედან ფეხს არ მოვიცვლიო, გულზე ხელი დაიკრიფა და მბრძანებლურად ცხვირ აბზუებული პირდაპირ თვალებში შეაცქერდა. ზანგმა გაუღიმა, ბიჭუნას სიჯიუტე ახალისებდა, მისი შეუვალობა მხნეობას მატებდა. შავი კაცი წელში გასწორდა, ამაღლდა, აჩრდილივით გაიწელა, ერთი ამოიხვნეშა და სიმტკიცე მოკრებილი კარავში მარტო შევიდა.
შიგნით მისთვის მოულოდნელი სიმყუდროვე და სისუფთავე დახვდა, იატაკი ხალიჩას დაეფარა, კედლებზე ფარდაგები ჩამოეკიდათ, სიბნელეს შესასვლელში ჩამოკიდული ლამპა და დანთებული სანთლები ანათებდა. ზანგმა შიგთავსს თვალი მოავლო, ჩვეულებრივ ოთახს გავდა, ერთ კუთხეში უჯრებიანი კომოდი იდგა ზედ დახვავებული წიგნებითა და ხელნაწერებით, მეორეში თაროებიანი კარადა ქილებითა და კოლბებით სავსე, ჭერზე გამხმარი მცენარეები ეკიდა. ზანგმა ნაცნობი სურნელი იგრძნო, ნესტოები დაძაბა, კარადასთან მდგარი ქოთნებიდან ყვავილობაში შესული კანაფის ხასხასა ფოთლები მკვეთრ, დამათრობელ სურნელს აფრქვევდნენ. ოთახის შუაგულში სანთლებით განათებული მაგიდა იდგა, ორი აბსოლუტურად იდენტური ახალგაზრდა ქალი ვისკის ბოთლს მისჯდომოდა, თავს ზემოთ შტორმის ღრუბელივით ბნელი, ამღვრეული კვამლი დასტრიალებდათ, დამწვარი კანაფის სუნი იგრძნობოდა, ფილტვებიდან ამომავალ მძლივს შესამჩნევ სითეთრეს ოთახის ჩახუთულობას უმატებდნენ.
ზანგი რომ დაინახეს მოწევა შეწყვიტეს, მაგიდასთან მდგარ თავისუფალ სკამზე მიუთითეს და მის უზარმაზარ სხეულს დაკვირვებით დაუწყეს თვალიერება. ზანგი ჩამოჯდა და ქალებს ახლოდან შეხედა, სავარაუდოდ ტყუპები უნდა ყოფილიყვნენ, არანაირი სხვაობა არ არსებობდა იმაში რასაც ზანგი სიბნელეში თვალით ხედავდა, ყველა ნაკვთი, ყველა ნაოჭი, ჩრდილ დაკრული სახის მოხაზულობა, ავისმომასწავებლად მსგავსნი, შუაზე გაჭრილ ერთ არსებას მიაგავდნენ, ასი პროცენტით ერთნაირები იყვნენ. ქალებმა ვისკი შესთავაზეს, ნახევრამდე შევსილი ჭიქა გამოუცურეს და მის პასუხს დაელოდნენ, ჭიქაში მოლიცლიცე მოყავისფრო სითხე ზანგის ცდუნებას შეეცადა, მან ჭიქას ხელი დაავლო, ჯერ ცხვირთან მიიტანა, მძაფრი სურნელი ღრმად შეისუნთქა, შემდეგ კი სითხე ერთ ყლუპად გამოცალა. ქალებმა გაუღიმეს, მაგიდასთან უფრო ახლოს მიჩოჩდნენ, სინათლის შუქზე მათი სახეები გარკვევით გამოჩნდა, მშვენიერი და შემზარავი, მომრგვალებული და მკაცრი, სასიამოვნო და შეუცნობელი.
ზანგმა მათ შორის აშკარა სხვაობა შეამჩნია, ერთს ზურმუხტივით მწვანე თვალები ჰქონდა, მეორეს ნახშირივით შავი. ბავშვების გადარჩენისთვის შენი მადლობელი და მოვალენი ვართო, მიმართა მწვანეთვალებამ, სად აღარ ვეძებეთ, რა აღარ მოვიმოქმედეთ, მათ კვალს ვერსად მივაკვლიეთ, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, იმედი აღარ გვქონდა რომ ცოცხლებს ვიპოვიდითო. ზანგმა მდუმარედ თავი დააქნია, მისკენ გამოწვდილ ვისკიან ჭიქას დააცქერდა და სისხლი გაეყინა, ხელს რომელიც მისკენ ჭიქას უწვდიდა ნაცნობი სიმბოლო ამშვენებდა, ქალს მომცრო ხელის მინიატურულ თითზე ბეჭედი ეკეთა, ზანგმა ჭიქა ჩამოართვა, მაგიდაზე დაახეთქა და ბეჭდიან ხელს ჩააფრინდა, ქალი შეკრთა, რას აკეთებო, წამოიყვირა, ზანგი ხელს თავისკენ ექაჩებოდა და ბეჭედს თვალს არ აშორებდა. ეს სიმბოლო ადრეც გინახავს ხომ ასეაო, ჰკითხა შავთვალამ თან ხელის შავი მარწუხებიდან დახსნას ცდილობდა, ზანგმა თავი დააქნია, მინახავს, თანაც ისეთ საშინელ ადგილას რომ კარგს არაფერს უნდა ნიშნავდეს, გამოტყდით, თქვენც იმის ნაირები ხართ ხომ ასეაო, და აწეულ ხმაზე სიმკაცრე დაეტყო. ქალი ხელის დახსნას უშედეგოდ ცდილობდა, ვის ნაირებიო, კითხვა შეუბრუნა შავთვალამ, ზანგს ქალის ხელი მაგრად ჩაებღუჯა და გაშვებას არ აპირებდა, მკვდარს თუ ააგლეჯავდნენ, სანამ პირში სული ედგა ვერა ძალა ვერ გააშვებინებდა.
ზანგმა ისე რომ ქალისთვის ხელი არ გაუშვია, სასახლეში ნანახ სიმბოლოებსა და სარდაფში აღმოჩენილ დარბაზზე მოუთხროთ, იქ საშინელებებს სჩადიოდნენ, ყველგან ბავშვის ძვლები ეყარა და იატაკი სისხლით იყო მორწყულიო. მოუყვათ როგორ იპოვა ბავშვები და როგორ გაანთავისუფლა ყუთებისგან, დანაწევრებულ ბავშვის ცხედარსა და ქალბატონის საკუთარი ხელებით გაგუდვაზეც არ დაუმალავს, აღელვებულს ხმაში სიბრაზე და ამოუცნობი შიში ეტყობოდა. შეწუხებული ქალებს მისჩერებოდა, ამდენი უბედურება ერთ დღეში გამოვიარე, ჩემი უბადრუკი სიცოცხლე ერთი მოქმედებით დავანგრიე, ბავშვები იმ წყეულის ხელიდან დავიხსენი, იმ იმედით რომ ჩემს გამწარებულ ყოფაში სხვისი სიცოცხლისთვის მაინც მიმეცა ნება გაფურჩქნულიყო და გაყვავებულიყო, ასეთი საშინელების პირისპირ აღარასოდეს აღმოჩენილიყვნენ, საკუთარი არსებობა ახალი სიცოცხლის საძირკველს სიხარულით შევწირე, მათი თვალების ციმციმმა და პატარა გულების სითბომ ჩემში მივიწყებული ადამიანი გამოაღვიძა და დაუწერელი ვალდებულება შეახსენა, სიცოცხლის სამსახური, ეს არის ადამიანთა ვალი, ეს არის ჩემი ვალი მათ წინაშე და მის გადახდას ბოლომდე ვაპირებო.
ქალები დუმდნენ, მისმა სიტყვებმა ჟრუანტელად გადაურათ და სულში ჩაეღვარათ, საფერფლიდან ამომავალი კვამლი სანთლის შუქზე გველივით იკლაკნებოდა, ზანგის თვალებში ჩამდგარი სატკივარი და გულის ნადები კარვის კედლებს ეჯახებოდნენ და შიგნეულობას უფორიაქებდნენ. შავმა კაცმა ამოიოხრა, გამშრალი ტუჩები ერთმანეთს ააფხრიწა და ტყუპებს სევდიანად შეაჩერდა, და ახლა რას ვხედავ, იგივე სიმბოლოს და იგივე გაურკვევლობა მეუფლება რაც მაშინ, იმ დაწყევლილი დარბაზის შუაგულში დგომისას დამეუფლა, ნუთუ ერთ მონსტრს მოვტაცე და სხვებს ჩემი ფეხით მივუყვანე, ჩემი დაუდევრობით უდანაშაულო ბავშვები დაღუპვიდან დაღუპვამდე ცვლილების იმედით შეპყრობილმა ვატარეო. თვალები აუცრემლიანდა, წარბები დახარა, მისი არსება ქაოსს მოეცვა, სიბრაზე ძალებს ნელ-ნელა იკრებდა და ისიც გრძნობდა, მას ამის გაძლება აღარ შეეძლო, ის დაუძლურდა, მისი ენერგია დასუსტდა და დღის სინათლესთან ერთად დაიფერფლა.
შავთვალამ თავისუფალი ხელი ზანგის მომუშტულ, ჩაშავებულ ხელს დაადო და რბილად მოუთათუნა, ნუ გეშინია გოლიათო, ეს ბავშვები ჩვენი შვილები არიან, შენ ისინი სახლში დააბრუნე, აქ მათი სახლია, მათი ტომია, ჩვენი სიცოცხლე მათი სიცოცხლეა, ხოლო ამ სიმბოლოს რაც შეეხება ის მხოლოდ და მხოლოდ პენტაგრამაა, ძველისძველი ალქიმიური სიმბოლო რომელსაც რატომღაც ოკულტისტები და ალქაჯებიც იყენებენ, მისი ხუთი ქიმი ხუთ ელემენტს აღნიშნავს, ბუნების ხუთ სახეს, გამოვლინებას, მიწას, წყალს, ჰაერს, ცეცხლსა და მეხუთეს, უმთავრესს, ადამიანის სულს, ეს სიმბოლო თავად ბუნების თაყვანისცემაა, მისი ძალების აღიარება და მათ წინაშე ქედის მოხრაა, არავინ უწყის ის წყეულები მას რაში იყენებენ ან მათთვის მის არსებობას რა დატვირთვა აქვს, მხოლოდ ის ვიცი რომ სიმბოლოს ამოტრიალებულს იყენებენ, თუკი ორიგინალს მეხუთე ქიმი ზემოთ აქვს მიმართული, რასაც ჩემს ბეჭედზეც დაინახავ, მათ პენტაგრამას ეს ქიმი ქვემოთკენ აქვს მიმართული, მხოლოდ ეს სხვაობაა, რაც არც ისე მარტივი შესამჩვენია გამოუცდელი თვალისთვისო. ზანგმა ქალს თვალებში შეხედა, მაშ ოკულტიზმზე თქვენც იცით, ესეიგი იმ წყეულ რიტუალებზე თქვენც გსმენიათო. ქალმა თავი გააქნია, ჩვენ მხოლოდ ის ვიცით რომ ჩვენი ბავშვები სიკვდილისაგან იხსენი, იმ წყეულ ძუკნას ხელიდან გამოსტაცე და დამერწმუნე, ჩვენ სულაც არ ვართ მისნაირები, ჩვენ ბუნების მოტრფიალე ბოშათა ერთი უბრალო ბანაკი ვართ, ბოშების რომელთაც შენთვის მადლობის გადახდა სურთო. ზანგმა ქალს ხელი შეუშვა და სხეულით უკან დაიხია, ვისკიან ჭიქას დასწვდა და მღელვარებისგან გამოფიტული ყელი სრიალა სითხით ჩაიწმინდა. შავთვალამ გაიღიმა, საზურგეზე გადაწვა და გათეთრებული, სისხლის მიმოქცევისგან დაცლილი ხელით სიგარეტს გაუკიდა, ასანთის ალმა კარვის ჩაბნელებული კუნჭულები წამით გაანათა და სააშკარაოზე გამოიტანა, სიბნელეში ჩამალული აჩრდილები უკან დასწია და შესრულებული საქმით კმაყოფილი შავ ნახშირადვე იქცა.
ახლა საუბარი მწვანეთვალებამ წამოიწყო, დამჭკნარი და გაუბედურებული ჩანხარ, არაბუნებრივად გამხდარი, ბამბა გამოცლილ თოჯინას გავხარ, თითქოს ვიღაცამ შიგთავსი ამოგაცალა, დარწმუნებული ხარ რომ ის ქალი შენზეც არ ჯადოქრობდაო, შეკითხვა მიაგება გარინდებულ ზანგს. მან მხრები აიჩეჩა, არაფერი ვიცი, წინა საღამომდე ჩვეულებრივი მსახური ვიყავი, მოსაწყენი და ყოველდღიური საქმიანობებით დატვირთული, ერთ დღეში იმდენი რამ მოხდა, როგორ შეიძლება რამე ვიცოდეო. ქალმა თავი დაუქნია, შენი ხელები მიჩვენე, ხელის გული გამომიწოდეო. ზანგმა ყოყმანით და უნდობლობით დაკოჟრილი ხელები გაშალა და მაგიდაზე უსიცოცხლოდ დაალაგა, მწვანეთვალებამ მისი მარჯვენა ხელი აიღო და გულდასმით შეათვალიერა, თითით ხაზებს ამოწმებდა და ხელს აქეთ-იქით ატრიალებდა, უშნოდ ამოჩხერილ ძარღვებზე აჭერდა და სისხლის მიმოქცევას ხელის მოძრაობით ბაძავდა. როგორც გითხარი არაბუნებრივად ხარ გამხდარი, მაგხელა სხეულისთვის შეუძლებელია ბუნებრივ პირობებში ასე ჩამომჭკნარს ჯერ კიდევ გეცოცხლაო, ქალმა ხელი დაუბრუნა, როგორც ჩანს ის შენი ქალბატონი სიცოცხლეს გწოვდა, სხვანაირ ახსნას ვერ ვხედავ, ხომ ვერ გვეტყვი ამას რა გზით აკეთებდა, რამე უჩვეულო ხომ არ შეგიმჩნევია, გონება ხომ არ დაგიკარგავს, მეხსიერებიდან დღის რომელიმე მონაკვეთი ხომ არ წაგშლია, შენთვის უცხო, უცნაური საკვები ან სასმელი ხომ არ მიგიღია, ერთი სიტყვით ნებისმიერი რამ რასაც უცნაურობად და უადგილობად, გადაცდენად ჩათვლიდი, ეცადე გაიხსენოო, და სიგარეტს გაუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა და ზანგს მზერა მოარიდა, თითქოს მის ფიქრებს თვალი აარიდა, საკუთარ თავთან მარტო დატოვა, მზერის არიდებით პირადი სივრცე გამოუყოო.
ზანგმა ქალბატონზე მიჯაჭვულობასა და მისდამი ამოუხსნელ ლტოლვაზე, აღვირახსნილ სექსსა და დაუკმაყოფილებელ ვნებაზე მოუთხროთ, არაფერი დაუმალავს, არაფრის შერცხვენია, წარსულის ამ მონაკვეთების გახსენებისას არაფერს გრძნობდა, არაფერს განიცდიდა, არც წუხდა, არც უხაროდა, არც დარდი, არც სევდა მის არსებას არ ეკარებოდა, თითქოს ემოციებისგან დაცლილიყო და შეგრძნების უუნარობაც მასში არანაირ ნაპერწკალს არ აღვივებდა. არ ვიცი რატომ მაგრამ გუშინდლამდე მასთან ყოფნის სურვილს თავს ვერ ვაღწევდი, მასთან ღამეულ ვიზიტებს გავურბოდი და ამავდროულად მთელი არსებით მსურდა მის სხეულს დავუფლებოდი, მთელი დღე ღამის დადგომის მოლოდინში გამყავდა და თავს ვერაფერს ვუხერხებდი მისი სურნელი, მისი შეხება თავიდან ამომეგდო, თვალებზე აწებებული მისი სახება მხედველობიდან განმედევნაო.
ქალებმა ერთდროულად გაუღიმეს, სახეზე ეტყობოდათ ორივეს ერთი აზრი გასჩენოდათ, ეგ შენი ქალბატონი ნამდვილი ალქაჯი ყოფილაო, უთხრა მწვანეთვალებამ, თანაც საკმაოდ განსწავლული და საქმეში დაბრძენებული, სექსი ერთგვარი რიტუალია, ბნელი, სახიფათო და არაადამიანური მაგია, შენში გამოწვეული ლტოლვა და მისი სხეულისადმი მიჯაჭვულობა, სექსუალური აქტით დაკავშირება, შენი არსებიდან მაცოცხლებელი ენერგიის, სულის მის არსებაში გადაღვრას ემსახურებოდა, ერთი სიტყვით ის შენს გრძნობებს აპროვოცირებდა, სურვილს აღგიძრავდა და სამაგიეროდ ხაფანგში გაბამდა, შენთვის სასურველი, ფეხებგაშლილი სხეულით გეპატრონებოდა და ხახადაფჩენილი საშოთი სიცოცხლეს გპარავდა, ვინ იცის რამდენი ასწლეული სხვისი სიცოცხლის ფასად იმ სასახლეში ლპებოდა, ბავშვების მკვლელი დემონი, რას იფიქრებდა რომ ერთ-ერთი მსხვერპლი საცეცებისგან დაუძვრებოდა, ბოლოს მოუღებდა და ფერფლად აქცევდაო, მწვანეთვალება ხმაში შეპარულ ზიზღს ვერ მალავდა და არც იმას ცდილობდა რომ ზანგისგან აღელვება დაეფარა.
კარავში იარაღიანმა ბოშამ თავი შემოყო, ქალებს მოუბოდიშა და წასვლის დროაო შეახსენათ, შავთვალამ ხელის აქნევით ანიშნა დაგვიცადეო. სკამებიდან წამოდგნენ, ხანგრძლივი ჯდომისგან დატკეპნილი ტანისამოსი შეისწორეს, თავზე ერთნაირი, შემოდგომის ფერი ქუდები დაიხურეს და ფეხზე წამომდგარ, გაჯგიმულ ზანგს აქეთ-იქიდან ამოუდგნენ.
კარავიდან ერთად გამოვიდნენ, ორ ტყუპს შორის მოქცეული, უშველებელი, შავი სხეული დაბნეული მიჩანჩალებდა, ფიქრებს ალაგებდა, ინფორმაციას ამუშავებდა, თვალით ვიღაცას ეძებდა. ბიჭუნა არსად ჩანდა, ზანგი შეჩერდა და მიმოიხედა, ხომ უთხრა აქ დამიცადეო, სად უნდა გამქრალიყო, რატომღაც ბიჭუნას ბედზე მეტისმეტი ძალისხმევით ღელავდა. იარაღიანმა აფორიაქება შეატყო და მინდვრისკენ მიუთითა, ნუ ნერვიულობ გოლიათო, ბავშვებთან ერთად თამაშობს, თანატოლები არ მოაწყენენ, შენი არ იყოს ისიც ბავშვების ფავორიტი გამოდგა, თანაც შეშინებული მშობლები თვალს არ აშორებენ, დაბრუნებული შვილების ხელახლა დაკარგვის შიშით შეპყრობილები მონაცვლეობით ზედამხედველობენ, ბანაკის ტერიტორიის დატოვების ნებას არ მისცემენო . ზანგმა თავი დააქნია და მინდორში მოკუნტრუშე ბავშვებს გახედა, მზის სხივებით აკიაფებულ მინდვრის ყვავილებში გამკრთალი, მომღიმარი ბიჭუნას დანახვა სიხარულსაც ჰგვრიდა და ფარულ სევდასაც, ჭრიჭინების ხმას შერეული ბავშვების ჟივილ-ხივილი ბანაკის მყუდროებაზე დამათრობელი ენერგიით მოქმედებდა და მის მკვიდრთაც სიცოცხლისკენ მოუწოდებდათ, იმედს უსახავდათ და მომავლისკენ გზას უკვალავდათ.
ქალები ზანგს გამოეთხოვნენ, დაუმთავრებელი საუბრის შეწყვეტისთვის მოუბოდიშეს, წასასვლელები ვართ და მარტო უნდა დაგტოვოთ, საფიქრალიც ბევრი დაგიგროვდა და საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენა წაგადგება კიდეც, რამდენ ხანსაც მოგესურვებათ, შენც და ბიჭუნასაც შეგიძლიათ ჩვენთან დარჩეთ, ბანაკმა მიგიღოთ, ჭერსაც მოგცემთ და საჭმელ-სასმელიც არ მოგაკლდებათ, ჩვენ თქვენთან ვალში ვართ, ჩათვალეთ სახლში ხართ, გაგვიხარდება თუ დარჩებით, გადაწყვეტილება თქვენზეა, თანაც ეს გოლიათი სად უნდა წახვიდე, ალბათ ძებნას დაგიწყებენ, შეგიფარებთ და ძალების აღდგენაშიც დაგეხმარებით, თუ რათქმაუნდა ამის სურვილი გაქვსო. ზანგმა თავი დაუქნია, შემოთავაზებაზე ვიფიქრებ და ბიჭუნასთან მოვითათბირებ, თქვენი დიდად მადლობელი ვარ გულთბილი მიღებისთვის და კეთილი სიტყვებისთვისო. ქალებმა გაუღიმეს და თავი დაუკრეს, ზანგიც იგივე ჟესტით დაემშვიდობათ, ტყუპები წავიდნენ, ბანაკიდან გამავალ ბილიკს იარაღიანი ბოშის თანხლებით გაუყვნენ, ისე მიაბიჯებდნენ თითქოს მიწას არ ეხებიანო, მათი სწორი, ძლიერი ზურგები გადაულახავ და ამავდროულად სანდო ბარიერს მიაგავდნენ, მათი გაწელილი ჩრდილები ძლევამოსილებისა და უბრალოების არათავსებად შეგრძნებებს ერთდროულად აღვიძებდა, ყოველშემთხვევაში ზანგს ასე მოეჩვენა. მარტო დარჩენილი შავი კაცი კუნძზე ჩამოჯდა, ხელებით დაკოჟრილ ხის ქერქს დაეყრდნო, თავი ზეცისკენ აღაპყრო, უღრუბლო ცას უნდობლად ახედა, თვალები დახუჭა და ამოიოხრა.
დარჩენა გადაწყვიტეს, ბიჭუნას აუხსნელი მიზეზით ქალაქში დაბრუნება არ სურდა, ხოლო ზანგს კი წასასვლელი საერთოდ არსად ჰქონდა, უსახლკაროდ დარჩენილები ბოშათა ბანაკს შეუერთდნენ. ბოშებმა ვაგონებისგან განცალკევებით კარავი დაუდგეს და შიგ შეასახლეს, ადგილი საკმარისად ჰქონდათ კომფორტულად ღამის გასათევადაც და შიგნით სამოძრაოდაც, კარგად შეკრული, მტკიცედ დამაგრებული კარავი არსაიდან ნიავსა და წყალს არ ატარებდა. ბიჭუნას ბავშვების ნაქონი ტანსაცმელი მოარგეს და რამდენიმე ახალი, ფერადი მაისურიც შეუკერეს, აი ზანგის ჩაცმა კი პრობლემად ექცათ, ჯერ ერთი უშველებელი სხეულისთვის შესაფერისი ჩასაცმელის შეკერვა და შემდეგ კი მისი მზარდი, გამოცოცხლებული სხეულის ცვალებადობასთან მისი შეთავსება. ვერაფერს დაიჩივლებდნენ, როგორც დაჰპირდნენ ჭერიც მისცეს, რბილი საწოლიც და საჭმელ-სასმელსაც არ აკლებდნენ, მათზეც ისევე ზრუნავდნენ და დარდობდნენ როგორც სხვა, დანარჩენ ბანაკის წევრებზე. მიუხედავად გულთბილი და გახსნილი ურთიერთობებისა ზანგის გულში გამოჩხერილი ეჭვები არ იხსნებოდნენ, წამდაუწუმ თავს ახსენებდნენ და ხან ისეთი ძალისხმევით შემოუტევდნენ რომ თავის ხელში აყვანა უჭირდა და კარავში იკეტებოდა, უენერგიობასა და უხასიათობას იმიზეზებდა და იქ, ოთხ კედელს შორის საკუთარ ეჭვებსაც კედლებს უშენებდა, თავისთვის ინახავდა, ვერავის უზიარებდა. საიდან იცოდნენ ტყუპებმა ოკულტურ რიტუალებზე, საიდან ან რატომ ჰქონდათ ასეთი დეტალური ინფორმაცია, რა გამოეპარა, მათი მონათხრობი დაიჯერა, რომ ისინი უწყინარი ბოშები არიან, მაგრამ უნდა ყოფილიყო კიდევ რაღაც, რაც გამორჩა, ვერ შეამჩნია, აბა სხვანაირად როგორ ახსნიდა მათ ასეთ განსწავლულობას, თანაც ქალის ხელზე ამაყად დაბრძანებულ ბეჭედსაც ხომ სწორედ ისეთივე სიმბოლო ამშვენებდა როგორიც იმ წყეული დარბაზის საშინელ იატაკზე ნახა.
ბიჭუნა მთელ დღეებს დანარჩენ ბავშვებთან ერთად ატარებდა, გამომდინარე იქიდან რომ მშობლებს ისინი სკოლაში ვერ დაჰყავდათ, რადგან ქალაქის მოსახლეობა წინააღმდეგი იყო ბოშებს მათ სკოლაში ესწავლათ, მშობლებს სხვა გზა არ ჰქონდათ და ბანაკში მონაცვლეობით ატარებდნენ გაკვეთილებს. ბიჭუნაც როგორც ყველა სხვა დანარჩენი, დილის მეცადინეობებს ესწრებოდა, წერა-კითხვას და ანგარიშს ასწავლიდნენ, მხატვრული ლიტერატურიდან ამონარიდებს უკითხავდნენ, იმ ელემენტალურს რისი მიცემაც მშობლებს თავიანთი მწირი რესურსით შეეძლოთ.
ზანგი დილას ვარჯიშით იწყებდა, მინდორს რამდენჯერმე შემოურბენდა, აზიდვებსა და ჩაჯდომებს აკეთებდა, ორ ხეს შუა მსხვილი ძელი ჩაარჭო და ზედ გორილასავით ჩამოეკიდებოდა ხოლმე, ქვემოდან ზემოთ იზიდებოდა და ფეხებით თავდაყირაც, ღამურასავით ეკიდებოდა. ტყუპების მიცემულ ბალახეულ ნაყენს სვამდა და მადასაც არ უჩიოდა, მათი თქმით ნაყენი მომჯობინებაში დაეხმარებოდა და დაკარგულ ძალებს აღადგენინებდა, უკვე ვეღარ იგებდა, ერწმუნა მათი თუ ისევ ეჭვებისა და უნდობლობის ქარცეცხლში გაეტარებინა. მხოლოდ ბანაკის ბავშვებში დანახული ტყუპების მიმართ გამოხატული პატივისცემა და მადლიერება აჯერებდა, რომ შეიძლება სრულიად უსაფუძვლოდ და უნამუსოდ ადანაშაულებდა მათ, თანაც მხოლოდ იმის გამო რომ ოკულტურ რიტუალებზე მასზე მეტი იცოდნენ, ბავშვების სჯეროდა და ენდობოდა, თუკი ისინი ტყუპებში მფარველებსა და კეთილისმსურველებს ხედავდნენ მაშინ ზანგს რა უფლება ჰქონდა მათში ეჭვი შეჰპარვოდა. არავის შეუძლია ბავშვების მოტყუება, ისინი სიმართლეს მოკაშკაშე თვალებით ხედავენ, ზრდასრულებს ჰგონიათ მათ რაღაც-რაღაცეების გაგება არ შეუძლიათ, მაგრამ ისინი მწარედ ცდებიან, ბავშვები ყველაფერს ხედავენ და ყველაფერი იციან, ყველაზე ნამდვილი ადამიანები სწორედ რომ ონავარი, ლოყებ აწითლებული, სახე გაბრწყინებული ბავშვები არიან.
რას იფიქრებდა კანაფიც თუ სამკურნალო აღმოჩნდებოდა, საღამოობით კოცონთან შემოკრებილ სხვა ზრდასრულებთან ერთად მისი ბოლით ბრუვდებოდა, სახალისო ისტორიებს ისმენდა და ბოშებთან ერთად გულიანადაც ხარხარებდა, ცოტა ხნით თავის წყეულ არსებობას ივიწყებდა და დაბუჟებული, მოდუნებული სხეულით თავს სიამოვნების მიღების საშუალებას აძლევდა. თავადაც ამჩნევდა და სხვებიც ატყობინებდბებ, წონაში იმატებდა, მისი გაძვალტყავებული სხეული ნელ-ნელა იბერებოდა და ჩვეულ ფორმას იბრუნებდა, კუნთები ეზრდებოდა და მუდმივი დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნებაც მათ ზრდასთან ერთად კლებულობდა. ეს ისედაც უშველებელი ზანგი იზრდებოდა და ღონეს იკრებდა, ადრე თუ აწოწილ აჩრდილს მიაგავდა, ახლა ნამდვილ დათვს ემსგავსებოდა. ბოშები კმაყოფილები ადევნებდნენ თვალს მის ცვლილებას და უხაროდათ კიდეც რომ ეს უცნაური კაცი მათ ბანაკში მოხვდა. ზრდასრულებს შორის ჭიდაობაში ჩემპიონობაც მოიპოვა და ყველას დაუმტკიცა რომ გამოჯანსაღებულიყო, მისი სიძლიერის არავის უკვირდა, მხოლოდ მისმა სისწრაფემ და მოქნილობამ გააოცათ, კატასავით მოძრაობა სად ისწავლეო, მოსვენებას არ აძლევდნენ. ზანგმა დაშრამულ-დასახიჩრებულ სხეულის ნაწილებზე მიუთითათ, ეგ შრამები მანდ თავისით არ გაჩენილა, გალიაში ვცხოვრობდი და ლობემთან და ვეფხვებთან მაჭიდავებდნენო. ბოშებმა ინანეს ცნობისმოყვარეობა, ზანგმა ცირკში გატარებულ წლებსა და იქ მიღებულ ტკივილსა და დამცირებაზე უამბოთ, ეგ გამოცდილებაც იქ შევიძინე, როცა იცი რომ დამშეულ მხეცს შენი შეჭმა სურს, წარმოუდგენლად სწრაფი და მოქნილი უნდა იყო, სხვანაირად ვერ გადარჩებიო.
ქალაქის მოსახლეობაზე ისედაც გამწარებული ბოშები ზანგის მონათხრობმა კიდევ უფრო განარისხათ, საღამოობით კოცონთან შეკრებილები ქალაქელებთან დაპირისპირებასა და მათთვის ჭკუის სწავლებას გეგმავდნენ. ამდენის მოთმენა აღარ შეიძლება, ქალაქში არ გვიშვებენ, მხოლოდ კვირა დღეს შეგვიძლია ბაზრობაზე მისვლა, ისიც იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ის რაც მათ სჭირდებათ, მხოლოდ ჩვენი ბალახეულისა და სამკურნალო წამლების გამო გვიშვებენ, ბავშვების სკოლაში შეყვანის უფლებას არ გვაძლევენ, განათლების მიღების უფლებას ართმევენ, ძაღლებივით გვექცევიან როცა ამის შანსი აქვთ და საბოლოოდ ბანაკიდან შვილები მოგვტაცეს ოკულტურ რიტუალებში მსხვერპ შესაწირად, რომ არა ზეცისგან გამოგზავნილი ჩვენი გოლიათი მათ თავებს მოკვეთდნენ და ვინ იცის მათგან ძვლებსაც არ დატოვებდნენ, ამდენის მოთმენა აღარ შეიძლება, რამე უნდა მოვიმოქმედოთ, ასე უბრალოდ ვერ ვისხდებით და ჩვენი შვილების ცრემსა და სისხლს ვერ შევარჩენთო. მწვანეთვალება ტყუპისცალი, ბანაკის მკურნალი და ნათელმხილველი სისხლისღვრისა და დაპირისპირების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ხოლო შავთვალა ტყუპისცალი კი, რომელიც თურმე ჯადოქრობაში განსწავლულიყო (როგორც ამას ბანაკის წევრები ამბობდნენ) პირიქით, მომხრეც იყო და ისედაც ძალადობისკენ მიდრეკილ, ამხედრებულ ბოშებს ბრძოლისკენ აგულიანებდათ და მოქმედებისკენ მოუწოდებდათ.
ზაფხულის მიწურულს ბოშებმა მზადება დაიწყეს, თავიდან ზანგმა იფიქრა ალბათ ბანაკი გადააქვთ, საცხოვრებელს იცვლიანო, მაგრამ ისინი ვაგონებს არ ძრავდნენ, მხოლოდ სადღაც გასამგზავრებლად ემზადებოდნენ, ბანაკის დაუშლელად. ქალები საჭმელ-სასმელს აბარგებდნენ, დატენილ ჩანთებს კი კაცები ერთ ადგილას აგროვებდნენ. ტყუპები კარვიდან აღარ ჩნდებოდნენ, შიგნით ჩაკეტილებს საღამოობით მოხუცი ბოშები სტუმრობდნენ. ზანგს ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდა რომ მოხუცები ახალგაზრდებს ემშვიდობებოდნენ, თითქოს ბარგი მათთვის ჩაალაგეს და ხანგრძლივ მოგზაურობაში უშვებენო. ხმას არავინ იღებდა, მის შეკითხვაზე თუ რა ხდება, რა ამბავიაო, არავინ პასუხობდა, სამზადისში ისე ჩაფლულიყვნენ თითქოს ამ უშველებელ კაცს ვერც კი ამჩნევენო. ბიჭუნამაც ვერაფერი გამოარკვია, მისმა დამეგობრებულმა თანატოლებმა ჩვენ არაფერი ვიცითო, ბავშვებმა შესაძლოა მართლა არ იცოდნენ და ვერც ვერაფერს გაუმხელდნენ, მაგრამ მშობლებმა ხომ იციან რასაც აკეთებენ, რატომ არაფერს ამბობენო, ბრაზობდა შავი კაცი.
თავისთვის კარავში იჯდა და მისივე მოყვანილ კანაფს აბოლებდა, კარავთან ახლოს პატარა მიწის მონაკვეთი დაამუშავა, გაასუფთავა, სასუქი და ნეშომპალი მოაყარა და ტყუპების ნაჩუქარი ნერგები ჩარგო. სიმწვანეში ამოზრდილ კანაფის ხასხასა ნერგებს მთელი დილა მსუბუქი მზე დასტრიალებდათ, შუადღის მაცხუნებელი სხივებით კი მათ მოძლიერებასა და ზრდაზე ზრუნავდა, სიამოვნებდა კანაფის ზრდის პროცესზე დაკვირვება და მათ რიგებში ფუსფუსი, ხანდახან მწვანეზე ჩამოჯდებოდა და უბრალოდ შესცქეროდა, იჯდა და ბუნების ძალის გამოვლინებას მზერითა და ყნოსვით აგემოვნებდა, ერთი იმხელა გაიზარდა ამ გოლიათ კაცს ლამის მხრებამდე სწვდებოდა. ყველასდა გასაკვირად ზანგის დარგული ძირები უფრო სწრაფადაც იზრდებოდნენ და შესახედავადაც სხვებზე უკეთესები ჩანდნენ, აი გემოთი და ეფექტებით კი ყოველგვარ საზღვრებს სცდებოდნენ, ოქროს ხელები გაქვსო აქებდნენ, მთელმა ბანაკმა იცოდა ზანგს საუკეთესო კანაფი აქვსო.
მზის ჩასვლისას ტყუპები ესტუმრნენ, მათი მოულოდნელი ვიზიტით გაკვირვებულმა მოწევას თავი ანება და შესასვლელში მდგარი დები კარავში შეიპატიჟა. იმათ იუარეს, წამოდი გავისეირნოთ, შენთან გასაუბრება გვსურს რაღაც მნიშვნელოვანზეო. ზანგმა მაისური გადაიცვა და კარავიდან გამოცოცდა, ქალები აქეთ-იქიდან ამოუდგნენ, ხელში ხელი გაუყარეს (სადამდეც სწვდებოდნენ) და ასე ორ ცეცხლს შუა მოქცეულს მინდვრისკენ წაუძღვნენ. გავიგეთ შეკითხვებს სვამდი ბანაკში მომხდარ ცვლილებებზეო, დაიწყო მწვანეთვალებამ, ჩვენთან უკვე კარგა ხანია ცხოვრობ, გადავწყვიტეთ თავად აგიხსნათ რაშიცაა საქმე, სიმართლე გითხრა არასდროს უცხოტომელისთვის არ გაგვიმხელია ის რასაც ახლა შენ მოისმენ, საქმე იმაშია რომ შენ გენდობით, სულაც არ გთვლით უცხო ტომელადო. ჩამავალი მზის სხივები მათ ჩრდილებს ტყისკენ წელავდა, ზანგის აწოწილი, სხივებით განათებული სხეული ბრინჯაოს ქანდაკებას მიაგავდა, ტყუპები გვერდით მიჰყვებოდნენ და თითქოს მის შეკავებას, მოთოკვას ცდილობენო მის მკლავებს ხელს არ უშვებდნენ. ჩვენ საიდუმლო გვაქვსო, განაგრძო მწვანეთვალებამ, საქმე იმაშია რომ შენ ნაწილობრივ მართალი იყავი როცა კარავში საუბრისას ჩვენც შენთვის ნანახ სარიტუალო დარბაზთან დაგვაკავშირე, მხოლოდ იმაში შეცდი და შეცდი იმიტომ რომ არ იცოდი, ჩვენ ოკულტიზმს არ ვიყენებთ და მსხვერპლშეწირვებს არ ვატარებთ, პირიქით, როგორც ადრე გითხარით ჩვენ ბუნების მოტრფიალე ბოშები ვართ და მისგან მხოლოდ იმას ვიღებთ რაც არსებობისთვის გვჭირდებაო. ზანგი აფორიაქდა, ხელების დახსნას ცდილობდა მაგრამ ტყუპები გაუძალიანდნენ, საკვირველია და ეს გოლიათი კაცი მასზე ორი თავით დაბალ, გამხდარ და სუსტ სხეულებს ისე შეებოჭათ რომ თავს ვერ ინთავისუფლებდა. დამშვიდდი, ნუ ბორგავ, ბოლომდე თქმა დაგვაცადე, იქნებ რას ვამბობთ, ვიცოდით რომ არ დაგვაცდიდი და მაგიტომაც შეგბოჭეთ, ზედმეტად ფიცხი ხარო, უთხრა შავთვალამ. ზანგი დაშოშმინდა, სულ ტყუილად წვალობდა, გვერდებში შემდგარ ტყუპებს თავს ვერ აღწევდა. მწვანეთვალებამ ჩაახველა და განაგრძო, ჩვენი რიტუალი ჩვენს სულებს ეხება, მონათესავე არსებებზე თუ გსმენია რამეო, ზანგმა უარის ნიშნად თავი გააქნია, მაშ ასე, არსებობს ადამიანი და არსებობენ სხვა არსებები, ჩვენ ყველა ცოცხალს საერთო ის გვაქვს რომ ყველა მიწის, ცის თუ წყლის ბინადარი ენერგიის წყალობით ვარსებობთ, ენერგია გვბადებს და ენერგია გვინარჩუნებს სიცოცხლეს, სანამ არ ამოიწურება, ყოველი მირთმეული საკვები და გასველებული პირი ამ ენერგიის შევსება, ამოწურვამდე დროის გახანგრძლივებაა და მეტი არაფერი, ჩვენმა წინაპრებმა იპოვეს გზა, დღეს კი ჩვენ შეგვიძლია სული, ესეიგი ჩვენს სხეულში არსებული ენერგია დავაკავშიროთ სხვა არსებასთან, მასთან (ესეიგი ჩვენს სულთან) ყველაზე ახლოს მდგომ, მსგავს, მონათესავე სულთან, არსებასთან, ენერგიასთან, როცა ადამიანის სული უკავშირდება სხვა არსებისას, არსებას რომელსაც თავადვე ირჩევს, ამ კავშირის შედეგად ჩვენ ვიღებთ გახანგრძლივებულ სიცოცხლეს, იმუნიტეტს დაავადებებსა და კლიმატურ ცვალებადობებზე, გამძლეობას ტკივილთან, შიმშილთან და სხვა ადამიანურ სისუსტეებთან მიმართებაში, გამომდინარე იქიდან თუ რომელ არსებას ირჩევს ჩვენი სული, მისგან ძალას, სისწრაფეს და მოხერხებულობასაც ვიძენთ, ერთი სიტყვით ჩვენ ორ სიცოცხლეს ვაკავშირებთ ერთმანეთს, ეგ არის და ეგ, ამით არავინ ზარალდება და იმ საშინელებებისგან განსხვავებით რაც შენ იმ სარდაფში ნახე, ჩვენ არ გვჭირდება არც მსხვერპლშეწირვა და არც ვინმესგან სიცოცხლის გამოწოვაო, ერთი ამოსუნთქვით ჩაამთავრა სათქმელი მწვანეთვალებამ, თითქოს შეჩერებისა და ზანგისთვის ფიქრის საშუალების მიცემისა ეშინიაო.
ზანგი შეჩერდა და შეჩერდნენ ტყუპებიც, შეგიძლიათ გამიშვათ, არც გაქცევას ვაპირებ და არც თქვენთვის რამის დაშავებასო. ქალებმა თავი დაუქნიეს და მარწუხებისგან გაანთავისუფლეს, ზანგი გაიზმორა, ხელებში გაყინული სისხლი აამოძრავა და ტყუპებს გამომცდელად შეაჩერდა, მზერაში წყენა და ბრაზი ემჩნეოდა. ესეიგი თქვენ ამბობთ რომ ჩვენ, ადამიანებს ცხოველებთან კავშირის დამყარება შეგვიძლია სულის, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ ენერგიის დონეზეო, დებმა თავი დაუქნიეს, ესეიგი ის ცხოველები რომლებიც მე საკუთარი თვალით მყავს ნანახი და საკუთარი სხეულით მაქვს მათი ენერგია ნაგრძნობი, ჩვენი მონათესავეები არიანო! ქალებმა ისევ თავი დაუქნიეს, ზანგმა დაშრამულ მკლავებზე დაიხედა, ლომი რომელმაც დამასახიჩრა და ჩემი შეჭმა სურდა ჩემი მონათესავეა, ამის თქმა გინდათო, და ახარხარდა, სისულელეა და მეტი არაფერიო. ტყუპებმა გაუღიმეს, გვესმის შენი უნდობლობა და მაგ დაცინვასაც არ ვიმჩნევთ, მაგრამ ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავ და სასაცილოდ აღარ მოგეჩვნებაო. ზანგმა თავი გააქნია, თქვენთან კამათს არ ვაპირებ, იყოს ისე როგორც თქვენ ამბობთ, რა აზრი აქვს მე რა მომწონს და რა არა, რას ვთვლი სწორად და რას არასწორად, სამართლიანად ან უსამართლოდ, სახელ დარქმეული არარაობები, გაცვეთილი, ყალბი ფრაზები, რომლებიც მხოლოდ ადამიანთა სამყაროს ეკუთვნის, ბუნებაში სწორი და არასწორი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ბალანსი, რომელსაც ბუნება ჩვენი ჩარევის გარეშეც მშვენივრად აკონტროლებს, ჩვენ მას მხოლოდ ხელს ვუშლით, მის გამოვლინებებს საკუთარ ცხოვრებას ვარგებთ და უსაფუძვლო ბრალდებებს ვაწებებთ, მაგრამ ყოველთვის იყვნენ, არიან და ყოველთვის იქნებიან, თქვენი და იმ ქალბატონის ნაირი ადამიანები რომლებიც ხელებს იქ აფათურებენ სადაც არაფერი ესაქმებათ, ბუნების მოტრფიალეები ვართო ამაყად ამბობთ და ამავდროულად თავადვე ეწინააღმდეგებით სამყაროს წყობას, თვლით რომ ამ უმართავ, ქაოსურსა და მოწესრიგებულ სისტემას თქვენი დახმარება და ჩარევა სჭირდება, არადა თქვენც რიგითი პარაზიტები ხართ, დაუფარავად და ურცხვად ძარცვავთ ბუნებას და სათნოების მანტია მოხვეულები თავს მის დამხმარეებად ასაღებთ, ის ქალბატონი სიცოცხლისა და სიკვდილის საქმეებში იქექებოდა, თქვენ ცხოველებს უნათესავდებით და მათგან ბუნებით ბოძებულ საჩუქრებს იპარავთ, გაიგეთ, ბუნება ყველას თავისებურად აჯილდოებს და საკუთარ წილ სიცოცხლესა და თვისებებს უნაწილებს, შეწყვიტეთ სამყაროს საქმეებში ჩარევა და სიცოცხლეს გაუფრთხილდით, ერთმანეთის სიცოცხლეს, ბუნება საკუთარ საქმეს თავად მიხედავს, რა აზრი აქვს ან ჩემს განაწყენებას, ან ხელების ქნევას, ბუნებას არც ჩემი დაცვა არ სჭირდება, ამასაც თავად მოახერხებს, ყოველთვის შეეძლო და მომავალშიც შეძლებს თქვენნაირებისგან საკუთარი ქმნილებების დაცვას, ჩემთვის უკვე სულერთია, იცით, დავიღალე ამდენი სიცრუისა და შენიღბვის ამოხსნით, სულ ერთია, მე აღარ მადარდებს, ბიჭუნა არ გარიოთ მაგ საქმეში და რაც გნევაბთ ის აკეთეთ, მის გზიდან აცდენას არავის ვაპატიებ, ეს დაიმახსოვრეთ! ცხოვრებას და ადამიანებს მე ვერაფერი გავუგე, აი თქვენ კი გეტყობათ ბუნებისა ვერ გაგიგიათო...
ზანგმა მღელვარება დაიოკა და გაოცებულსა და შეურაცხყოფილ ტყუპებს მოუბრუნდა, ქალების მზერაში მისი საუბრის ეფექტი დაიჭირა, მათ აშკარად უკვირდათ გულიდან ამოსული მწარე სიმართლის ისეთი არსებისგან მოსმენა, როგორიც უბადრუკი შავი კაცი იყო. ზანგმა ამოიხვნეშა და დამშვიდებული ტონით ქალებს უბოროტოდ მიმართა, მხოლოდ იმაზე მიპასუხეთ საფასური რა არის, მაგდენს მაინც ვხვდები რომ ყველაფერს თავის ფასი აქვს ამ სამყაროში, ოკულტიზმში ეს შეწირული სიცოცხლეა, თქვენ რას იხდით, რის ფასად გიჯდებათ ეგ თქვენი სულიერი კავშირი, ეეჰ, ჩემს საუბარს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, აბა მე რა ვიცი, მე ხომ გალიაში გაზრდილი ერთი უბადრუკი კაცი ვარ ვისაც საკუთარი თავიც ვერ უპოვია ამ უზარმაზარ სამყაროშიო. საფასური ყოველთვის სიცოცხლეა, ოღონდ ჩვენს შემთხვევაში ეს სხვანაირად ხდებაო, დაიწყო შავთვალამ, როცა ჩვენ გარკვეულ ასაკს ვაღწევთ, ხშირ შემთხვევაში სიბერეს, ესეიგი ისინი ვინც რიტუალით სხვა არსებას დავუკავშირდით, ჩვენს სულს, ენერგიას ვანთავისუფლებთ, მთლიან ტრანსფორმაციას გავდივართ, ჩვენი სხეული კვდება და სული კი არსებობას განაგრძობს მისსავე არჩეულ არსებაში, ჩვენი ნაწილი, ჩვენი ენერგია და დარჩენილი სიცოცხლეც იმ არსებას გადაეცემა, საფასურია ის რომ გარკვეულ ასაკს რომ ვაღწევთ (რომლის დადგენაც შეუძლებელია) ჩვენ მოუსვენრობა და დაღლილობა გვიპყრობს, სიცოცხლე სიამოვნებას ვეღარ გვანიჭებს და ყოველი განვლილი დღე ტანჯვასა და შფოთვასთან ასოცირდება, სწორედ ეს ნიშნებია იმის მაუწყებელი რომ სული განთავისუფლებას ითხოვს და ჩვენ სიკვდილთან შესახვედრად მზადებას ვიწყებთ, სიცოცხლე საჩუქარია და ჩვენ მას ერთისგან მეორეს გადავცემთ, ადამიანისგან ცხოველს, ცხოველისგან მწერს, მწერისგან მცენარეს და მცენარისგან მიწას, ის ენერგია რასაც ჩვენ სულს ვეძახით არ უნდა დაიკარგოს, ის მუდმივ ბრუნვაში უნდა დავაბრუნოთ, დასაწყისიდან დასასრულამდე და ახალ დასაწყისამდე, ასეთია ჩვენი რწმენა, ჩვენ გვჯერა რომ სხვანაირად ეს ენერგია უბრალოდ გაქრება და დაიკარგებაო. წარბშეკრულმა ზანგმა რაღაცის თქმა დააპირა და უცებ შეჩერდა, მწვანეთვალება მიუახლოვდა, დაძარღვულ, მფეთქავ ხელზე ხელი დაადო და მოუთათუნა, ნურაფერს იტყვი, შენგან არაფერი გვწყენია და იმედს ვიტოვებთ ჩვენსასაც გაიგებ, რამდენიმე დღეში ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავ, მანამდე კი იფიქრე იმაზე რაც მოისმინეო და ღამის სიბნელეში ზანგი საკუთარ თავთან პირისპირ დატოვეს. ბნელ, ჩაშავებულ სიგრილეში მისი ყოველი ამოსუნთქვა თავად ღამის ამოსუნთქვად ისმოდა, მისი ყოველი მოძრაობა თავად ბუნების მოძრაობად იღვრებოდა.
ბანაკი სავსე მთვარეს ელოდა, როგორც ზანგს უთხრეს, როგორც კი ღრუბლებიდან გამთლიანებული ამოცურდება, სწორედ იმ ღამით დავტოვებთ ბანაკსო. ბიჭუნასთვის არაფერი უთქვამს, ბოლო პერიოდში ბევრს აღარც ლაპარაკობდნენ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, თავისთავად გაუუცხოვდნენ ერთმანეთს, ბიჭუნა მთელ დღეებს ბავშვების სიახლოვეს ატარებდა და თითქოს ფარულმა სევდამაც გაუარა, ან უბრალოდ დროებით გადაავიწყდა. ზანგის დაუღალავი მცდელობების მიუხედავად, ბიჭუნა საკუთარ წარსულზე არაფერს ამბობდა, არც ქალაქის გაგონებაზე აღძრულ ზიზღსა და საფრთხის შეგრძნებაზე ამხელდა რამეს. ბოლოს ზანგის მოთმინება და მზრუნველობაც ამოიწურა და საერთოდ აღარაფერს ეკითხებოდა, მხოლოდ განვლილ დღესა და ბოშებთან ურთიერთობაზე თუ ჩამოუგდებდა სიტყვას, აინტერესებდა ბანაკში თავს როგორ გრძნობდა და ზედმეტი კითხვებით თავს აღარ აბეზრებდა. ბანაკის დატოვებაზეც ორიოდ სიტყვით აცნობა, სხვებთან ერთად მეც მივდივარ და რამდენიმე დღეში დავბრუნდები, ყოჩაღად იყავი, დამრჩენი უფროსები ყურადღებას არ მოგაკლებენ, არაფერზე იდარდოო. ბიჭუნამ თავი დაუქნია და ფრთხილად იყავი, არ დაგავიწყდეს, შესაძლოა პოლიცია გეძებდეს და რამე შარში არ გაეხვიოო. საკვირველია მაგრამ ზანგს აღარც ახსოვდა და არც აწუხებდა ის ფაქტი, რომ შეიძლება მკვლელობისთვის დაეტყვევებინათ და გალიაში ეკრათ თავი, გისოსები და ჯაჭვის ჩხარუნი გაახსენდა, განავლისა და ჭუჭყის სუნი გონებაში აღიდგინა, არა ციხეში არ წავიდოდა, გალიაში აღარასოდეს დაბრუნდებოდა, კაცმა თავისუფლების გემო იგემა და მისთვის ტყვეობა არარსებობას უდრიდა.
კარავთან იჯდა და კანაფს ეწეოდა, ბიჭუნას უკვე ეძინა, ზანგი კი მას შემდეგ რაც უთხრეს სავსე მთვარეს ველოდებითო, ყოველ ღამე კარავთან მჯდომი იცდიდა. ბიჭუნა დაიძინებდა და ისიც კარავიდან გამოძვრებოდა, ქაღალდის ნაგლეჯში გამხმარ, დაფხვნილ მოსაწევს გადაახვევდა და ჩამოწოლილ ღრუბლებს აჰყურებდა. იჯდა და ეწეოდა, ღრუბლები იფანტებოდნენ, ნისლში გახვეული მთვარის შუქი შუბლზე ეფინებოდა, ფილტვებიდან ამომავალი ბოლი ზემოთ, ჩაშავებულ ცაზე გამოჩენილი მთვარისკენ იწევდა, ის კი მდუმარედ იჯდა და ამღვრეულ ფიქრებში იღვენთებოდა.
ბანაკის ლოდინი დასრულდა, მთვარე სავსე შეიქნა და ისინი მზად იყვნენ მის შუქს გაჰყოლოდნენ. ზანგთან ახალგაზრდა ბოშამ მიირბინა და ამაღამვე გავდივართო აცნობა. ზანგმა თავი დაუქნია, გაკიდებული კანაფის ღერი ჩააქრო და უკან კარავში შებრუნდა. მძინარე ბიჭუნას დახედა, კარგად იქნებიო ჩაიჩურჩულა, წინასწარ მომზადებული, პატარა ხელჩანთა აიღო და ბოშასთან ერთად ტყუპების კარავისაკენ დაიძრა. იქ ხალხი შეგროვილიყო, გამოტენილ ჩანთებს ინაწილებდნენ, ოჯახის წევრებს ესაუბრებოდნენ, მოხუცები ბანაკს ემშვიდობებოდნენ. ზანგს სევდისმომგვრელი შეგრძნება შემოაწვა, მათ თვალებში სიხარულსაც კითხულობდა და სევდასაც, მზაობასაც და დაყოვნებასაც, ეს უცნაური ხალხი საკუთარი რწმენითა და ახირებით ბანაკსა და საყვარელ ხალხს უკან ტოვებდა, ისინი საკუთარი ნებით, გააზრებულად მიდიოდნენ სიცოცხლის დასატოვებლად, ან როგორც თავად ეძახდნენ მის გადასაცემად. ზანგი ხვდებოდა, მიმავალთაგან უკან ალბათ აღარავინ დაბრუნდებოდა, ბანაკს ძველი თაობა ტოვებდა, ისინი ადგილს უნთავისუფლებდნენ მომავალთ, შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს, მოვა დრო და ისინიც იგივეს იზამენ, ბოშები საკუთარ შექმნილ ციკლს ერწყმოდნენ, მის მუდმივობას ავსებდნენ, უერთდებოდნენ. რთული სათქმელია კარგია თუ ცუდი რასაც ეს ბოშები აპირებენ, ზანგს გარჩევა უჭირდა, თითქოს ესმოდა მათი და ამავე დროს ძალიან შორს იდგა მათგან, ხომ შეიძლება არც კარგი იყოს და არც ცუდი, არის რაც არის, არ არის საჭირო გაარჩიოს, ცუდიც და კარგიც სუბიექტურია, ხოლო ეს მათი ნებაა, მათი არჩევანია, მათ ასე სწამთ, ისინი იაზრებენ, ისინი ამისთვის ცოცხლობენ, და რა არის სიცოცხლე თუ არა სიკვდილამდე მისასვლელი გზა, ვის აქვს უფლება გადაწყვიტოს რა არის კარგი და ცუდი, ვინ როგორ გაივლის და საით გაიკვალავს საბოლოო დანიშნულებამდე მისასვლელ ამ ვიწრო ბილიკს.
წამსვლელნი დაიძრნენ და დამრჩენნი დარჩნენ. ჩანთებ მოკიდებული ბოშები ტყეში გაყვანილ ბილიკს დაადგნენ, გზას მთვარის შუქი უნათებდათ, არც ლამპა ჰქონდათ, არც ჩირაღდანი, გზის გასაგნებად შუქი სულაც არ სჭირდებოდათ, მათ ხომ ეს გზა დიდი ხნის წინ აირჩიეს და საკუთარი სიცოცხლის ფასად გაკვალეს. ზანგი ტყუპების უკან მიჩანჩალებდა, ზურგზე მოკიდებულ კარგა მოზრდილ ჩანთას მიათრევდა და ფიქრობდა, გაახსენდა რომ ისიც არ უკითხავს სად მიდიან, მან ხომ მხოლოდ ის იცის რომ რიტუალს ბანაკში არ ატარებენ, სანამ გზას არ დაადგნენ არც გახსენებია რომ მისთვის არავის უთქვამს საით მიემგზავრებოდნენ. ტყუპებს წამოეწია და ხმადაბლა გადაულაპარაკა, საით მივდივართ, გზა საით გვიდევსო. მწვანეთვალებამ თავი მისკენ მიატრიალა და ჩურჩულითვე მიუგო, ქალაქში მივდივართ დიდო კაცო, ქალაქის სასაფლაოზე, ნუ შეშინდები, ისე მივალთ და ისე წამოვალთ ვერავინ შეგვნიშნავს, თავად დედაბუნება დაგვიფარავს და დაგვმალავს, მის წიაღში მივდივართო. ზანგმა ამოიხვნეშა, შეგიძლიათ ერთხელ მაინც პირდაპირ მითხრათ სათქმელი და ამ გამოცანებით ლაპარაკისგან დამინდოთო. შავთვალამ ჩაიცინა და ზანგს მიუტრიალდა, მიწის ქვეშ მივდივართ შავო კაცო, სასაფლაოს ქვეშ, კატაკომბებში, სწორედ ეგ იგულისხმა ჩემმა ძვირფასმა დამ ბუნების წიაღში ჩასვლად, მიწა ხომ თავად მშობელია, ასე რომ არ იდარდო, ქალაქში თუ ვინმე გეძებს მიწის ქვეშ ნამდვილად არ დაგიწყებენ ძებნასო, და ჩაიკისკისა. ზანგმა თავი გააქნია, ეს რა ხალხს გადავეყარეო და მიმავალ ბოშებს ნაბიჯი შეუწყო.
სასაფლაოსა და ქალაქს პატარა ტყე ჰყოფდათ ერთმანეთისგან, როგორც ზანგს უთხრეს კატაკომბები იმდენად ღრმად და ფართოდ გაეთხარათ რომ ქალაქის რამდენიმე უბანს ქვემოდან ევლებოდა. ძველისძველი, ნახევრად ჩამომტვრეულ-ჩამოფშხვნილი საფლავის ქვები უკან მოიტოვეს, მთვარე ისევ კაშკაშებდა, ხან ღრუბლებში შეიმალებოდა და ღამის წყვდიადს გამეფების საშუალებას აძლევდა, ხან კი ისე ამოცურდებოდა როგორც უჟანგბადოდ დარჩენილი მყვინთავი ამოყვინთავს ხოლმე და ფილტვებ გამომშრალი, ქშენითა და ოხვრით გაფანტავს ჟანგბადის დამშვიდებულ მასებს, მთვარეც სწორედ ასე ფანტავდა მის არყოფნაში გამოშვერილ, ჩაბნელებულ ჩრდილებს. ზანგს მისთვის უცნობი, მისტიური გრძნობა ეუფლებოდა, საფლავებს შორის მიაბიჯებდა და ყველა მხრიდან დაჟინებულ მზერას გრძნობდა, თითქოს ასწლეულების წინ დახოცილი, დამარხული მკვდრები საფლავის ბნელი სიგრილიდან უკმაყოფილო, მოელვარე თვალებით ამოჰყურებდნენ, მათ მყუდროება დამრღვევ, უზარმაზარ შავ კაცს საიქიოდან საყვედურობდნენ.
მორიდებითა და მოწიწებით გაიარა მივიწყებული საფლავების რიგები და დანარჩენებთან ერთად ძველისძველ საგვარეულო სამარხს მიადგა. შეჩერდნენ. ბოშებმა მხრები ბარგისგან გაინთავისუფლეს, ჩანთები მიწაზე დაალაგეს და შესასვენებლად ჩამოსხდნენ. ტყუპებმა რამდენიმე ბოშასთან ერთად სამარხის ჩარაზული კარი ჭრიალით შეაღეს და მის სიშავეში გაუჩინარდნენ. ზანგიც განთავისუფლდა ტვირთისგან და გამხმარ ფოთლებზე ჩამოჯდა. ბოშებმა ჩიბუხები და ქაღალდში გადახვეული თამბაქო დააძრეს, სიჩუმეში ისხდნენ და აუჩქარებლად აბოლებდნენ სიმშრალისგან ატკაცუნებულ თამბაქოს სურნელოვან ფოთლებს. მხოლოდ ზანგი ვერ ისვენებდა, მალიმალ ღიად დატოვებულ სამარხის კარს გახედავდა და მისი ბნელი შიგთავსიდან რაღაცას ელოდა. ბოშებმა მოუსვენრობა შეატყეს და ნუ ფორიაქობ, ტყუპები მალე დაბრუნდებიან, მხოლოდ დარბაზს შეავლებენ თვალს და სანამ ჩვენ იქაურობას მოვამზადებთ ზედაპირზე დარჩებიანო. ზანგმა თავი დააქნია და ხელჩანთიდან დაფხვნილი კანაფი დააძრო, რათქმაუნდა ბოშებსაც შესთავაზა გიწილადებთო, მაგრამ იმათ იუარეს, ჯერ ადრეა, ჯერ სიფხიზლე გვმართებს, დარბაზს რომ მოვამზადებთ მერეო. რა გაეწყობა, ზანგმა ქაღალდი ინათხოვრა და თავისთვის მცირე ზომის ღერი შეახვია. ბოშები საუბრობდნენ, ისტორიებს ყვებოდნენ, მწუხარება შეპარულ მხიარულებას იზიარებდნენ. მომწარო გემო ფილტვებს უფხაჭნიდა, ყელში ჩამავალი ბოლი უღიტინებდა, რამდენჯერმე ამოახველა კიდეც და თვალებში შეპარული ბინდი იგრძნო, გონებას სასიამოვნო სიმსუბუქე გადაეკრა და ზანგის აფორიაქებული სული სიმშვიდის დერეფანში ჰაერში ატაცებული გაატარა.
ბოშებმა შეისვენეს და მზადება დაიწყეს, ჩანთებს სამარხში ეზიდებოდნენ, ზანგი მისახმარებლად წამოდგა მაგრამ წასაღები არაფერი დარჩენილიყო, სანამ ის მოიაზრებდა ბოშებს უკვე ყველაფერი შიგნით შეეზიდათ. ცნობისმოყვარეობამ წასძლია, სამარხის შეღებულ კარში შეიჭყიტა და შიგნით შესულ ბოშებს შეჰყვა. ბევრს ვერაფერს ხედავდა, დაბალ შუქზე დაყენებული ლამპა მარმარილოს იატაკზე დაედგათ და მძლივსგასარჩევ, ძველისძველ კედლებს უსუსურ სინათლეს ასხივებდა. ბოშებმა ლამპას გვერდი აუარეს და იატაკში გაუჩინარდნენ, ზანგი შეცბა და თვალებზე გადაკრული ბინდი მოიფშვნიტა, ლამპასთან ფეხაკრეფით მივიდა და თავახდილ სარკოფაგს მუხლით მიეჯახა, მისდა გასაკვირად ბოშები მიწაში კი არ უჩინარდებოდნენ, არამედ სარკოფაგში გაჭრილი კიბით მის სიღრმეში საფეხურებით ეშვებოდნენ, კატაკომბებში ჩასასვლელიო, გაიფიქრა მისი დაფარულობით მოხიბლულმა და უცნაურად გაიღრიჯა. ჩურჩულისა და შრაშუნის ხმები ზემოთამდე აღწევდა, ზანგი ნატკენ მუხლს ისრესდა და სარკოფაგიდან ამომავალ, გაურკვეველ ექოს უსმენდა, ეჭვიც კი შეეპარა კანაფის ბრალია, ალბათ ზედმეტი მომივიდაო. სამარხიდან გამოდიოდა როცა ტყუპები წამოეწივნენ, ისე უჩუმრად მიეპარნენ რომ მისი შეხტუნებაც კი მოახერხეს, თითქოს ცელქობას ნანობენო ზანგს აქეთ-იქიდან ამოუდგნენ, მზრუნველი მზერა შეაგებეს და სამარხიდან სუფთა ჰაერზე მასთან ერთად გავიდნენ. წამოდი ფიჩხის მოგროვებაში დაგვეხმარე, სანამ დანარჩენები დარბაზს მოასუფთავებენ კოცონი დავანთოთ, უსიამოვნოდ გრილი ღამეაო, შესთავაზა მწვანეთვალებამ. ზანგმა თავი დაუქნია და ტუპებს შორის მოქცეული, მკვდრებით გარშემორტყმული, საფლავების გავლით ტყისკენ დაიძრა.
გრილი ქარი ქროდა, სიყვითლე შეპარულ ფოთლებს საამურად აშრიალებდა. ზანგმა ფიჩხი სამარხის კედელთან მიაგროვა და კოცონის დანთებას შეუდგა. სიკვდილივით თეთრი, ზღუდესავით აღმართული მარმარილოს კედელი მოგიზგიზე ალს ქარისგან იფარავდა. ბოშები კოცონს შემოეხვივნენ, ზოგი მიწაზე გაფენილ პლედზე მოკალათდა, ზოგიც ზანგივით ფეხზე მდგომი ეფიცხებოდა თბილად ატკაცუნებულ კოცონს. ტყუპები ცეცხლთან აიტუზნენ და გაყინულ ხელებს ითბობდნენ, მართლაც ცივი ღამე იდგა, ბუნება შეიცვალა, თბილ სეზონს გამოეთხოვა და ცივი ქარებისა და სითეთრის ზღურბლზე გადააბიჯა.
ზანგი ქარის წუილსა და ცეცხლის ტკაცუნს მდუმარედ უსმენდა, ხელებით მხურვალე ალს ეპოტინებოდა, წყლიანი თვალებით ღრუბლებში მოცურავე, ყინულივით ცივ მთვარეს აჰყურებდა. მთვარე მრისხანედ კაშკაშებდა, მოთარეშე ქარის მიერ დატაცებულ ღრუბლებს ეპაექრებოდა, ხან ჩაიმალებოდა, ხანაც მათ ზემოთ ექცეოდა, აბობოქრებულ ტალღებში მოცურავე გემს წააგავდა. მთვარის შუქ არეკლილ, ვერცხლისფერ ღრუბლებს ქარი უმისამართოდ დაათრევდა, ენერგიით გაბერილი ნაცრისფერი ბურთები უაზრო ფორმებად იწელებოდნენ. ზანგმა კოსმოსის ყოვლისმომცველ სივრცეში თავი ჭიანჭველად იგრძნო და გაიფიქრა, რა წარმოუდგენლად მშვენიერ და ამოუცნობ სამყაროში ვცხოვრობთ, შემწყნარებელსა და სასტიკში, გაცხადებულსა და დაფარულში, მომაკვდინებლად მშვენიერშიო. მთვარე ანათებდა, ღრუბლები მოძრაობას აგრძელებდნენ და ქვემოდან მაცქერალი, უზარმაზარი შავი კაცი სამყაროს უწესრიგობაში იკარგებოდა, მისი გონება ღრუბელივით იფანტებოდა.
კოცონს სამი ჩრდილი მიუახლოვდა, ბოშები შეინძრნენ, ფეხზე წამოხტნენ, დაუპატიჟებელ სტუმრებს უნდობლად და ცივად შეაჩერდნენ. ცეცხლის შუქზე სამი ახალგაზრდა გამოჩნდა. ზანგი ფიქრებიდან გამოერკვია და მომსვლელებს გაოცებული მიაშტერდა. ერთი ბიჭი და ორი გოგონა იყვნენ, სამივე საოცრად ლამაზები. გრძელი, მბზინავი თმა მხრებზე ეყრებოდათ, თეთრი ტანსაცმელი ეცვათ და ქარის ყოველ წამობერვაზე ტალღებად მოძრაობდნენ. კოცონს მიადგნენ და გაოცებულ ბოშებს ღამე მშვიდობისა უსურვეს. ბიჭმა გაიღიმა, შუბლზე ჩამოყრილი თმა კეფაზე გადაიბნია და გაქვავებულ ბოშებს წკრიალა ხმით მიმართა, თუ შეიძლება კოცონთან გავთბებითო. არავინ განძრეულა, ხმა არ გაუღიათ, ახალგაზრდებს თვალს ვერ აშორებდნენ, მათგან საოცარი სითბო და მომნუსხველი მომხიბვლელობა იღვრებოდა. ბოლოს როგორც იქნა შავთვალამ ამოღერღა, რათქმაუნდა, მობრძანდითო. ბიჭმა თავი დაუკრა და გოგონებთან ერთად ცეცხლისკენ მიიწია. შუქზე მათი სახეები გარკვევით გამოჩნდა, თითქოს გამოაქანდაკესო, წარმოუდგენლად გლუვი და ზუსტი ნაკვთები და სუფთა, კრიალა კანი მომრგვალებულ ქალას თეთრი ზმანებასავით გადაჰკვროდა. სამივე იმდენად მშვენიერი იყო, რომ მათთვის თვალის გასწორებას ვერ ბედავდნენ და ამასთანავე ვერც თვალის მოწყვეტას ახერხებდნენ. აქაურები არ უნდა იყოთ, ქალაქელებს არ გავხართო, დუმილი დაარღვია შავთვალამ. მომღიმარე სახეები მისკენ მიტრიალდნენ, არა, აქაურები არ ვართ, ჩვენ ვმოგზაურობთო, მიუგო ბიჭმა, აქვე ახლოს დაბანაკებას ვაპირებდით როცა ცეცხლის ალი შევამჩნიეთ და გადავწყვიტეთ შეგვემოწმებინა, თან გათბობაზეც არ ვიტყოდით უარს, საკმაოდ გრილი ღამეაო, დაამატა. ზანგი ღმუილით დაეთანხმა, მართლაც გრილი ღამეაო, ხმაჩახლეჩით ამოთქვა. რა ჩემი საქმეა მაგრამ, ქალაქს რატომ არ აფარებთ თავს, თუ არ იცით, აი ამ ტყეს ესაზღვრებაო, თითის გაშვერით მიუთითათ მწვანეთვალებამ. ბიჭმა თავი დააქნია, ვიცით ქალაქი სადაც არის, საქმე იმაშია რომ ქალაქის მაცხოვრებლებმა არც ისე კარგად მიგვიღეს, სიმახინჯეები ხართო ასე გვიწოდეს და გამოგვყარეს, ღამის გათევის უფლება არ მოგვცესო. ზანგმა ჩაიცინა და მომღიმარე ახალგაზრდებს შეაჩერდა, თქვენ და მახინჯები? ბრმა უნდა იყოს კაცი თქვენ რომ მახინჯები გიწოდოთ, თქვენისთანა მშვენიერი კაციშვილი არ მინახავს ამ დაწყევლილ მხარეშიო. გოგონებმა მორცხვად ჩაიცინეს, ჩაწიკწიკებული თეთრი კბილები და ვარდისფერი ტუჩები კიდევ უფრო მშვენიერს ხდიდა მათ არაამქვეყნიურ იერს. ლოყები მოუმრგვალდათ და ტუჩებთან ნაკეცები გაუჩნდათ, თვალის ჭრილები დავიწროვდა და მოციმციმე თვალები სულმთლად დაუმალათ. დიდი კაცი მართალია, ძალიან ლამაზები ხართ, თითქოს სიზმრიდან გადმოხვედით, სინათლეს ასხივებთო, მიმართათ შავთვალამ, როგორ შეიძლება თქვენთვის რამეზე უარის თქმაო და თავდახრილი დადუმდა.
გოგონები ბიჭს მიეტმასნენ და მოგიზგიზე ცეცხლს მიეფიცხნენ, ქარი თმას უჩეჩავდათ და სახეზე აყრიდათ, ლაღად იცინოდნენ და თეთრად ატალღებულ სამოსში გამოწყობილები, მართლაც რომ სიზმრისეულ არსებებს მიაგავდნენ. ოხ ეს უგულო ქალაქელები, ყველაფერს ნთქავენ და იტაცებენ, სიმალაზეს სიმახინჯედ აქცევენ და სხვის მშვენიერებასაც საკუთარი შერყვნილი წარმოსახვით ამახინჯებენ, ყველას და ყველაფერს ნდევნიან რაც მათთვის უცხოაო, სიბრაზე მორეულმა შავთვალამ თავისთვის ჩაილაპარაკა, წარმოუდგენლად კარგ განწყობაზე დამაყენა თქვენმა გამოჩენამ, გაბრაზებას ნუ შეიმჩნევთო და ახალგაზრდებს მიუახლოვდა, ახლოდან შეათვალიერა. რაღაცით ერთმანეთსაც გავდნენ და თან საგრძნობლად განსხვავდებოდნენ. შავთვალამ აღელვებული, აღტაცებული ხმით ღამეულ სტუმრებს მიმართა, თითო სურვილს შეგისრულებთ, ნებისმიერი რამ მთხოვეთ, მზად ვარ ყველაფერი მოგცეთ რისი მოცემაც შემიძლია, თქვენი შეხედვაც კი ნეტარებაა არათუ თქვენთვის ძღვენის მორთმევაო. ახალგაზრდებმა გაუღიმეს და თავი გააქნიეს, გოგონამ ერთი პაპიროსი მომაწევინეთო, მორიდებით ითხოვა. შავთვალას გაეცინა, პაპიროსს ისედაც მოგართმევთ, სურვილი მითხარით, მთელი გულით გთავაზობთ, სიმართლეს გეუბნებითო და აღელვებულმა ქაღალდში გახვეული თამბაქო დააძრო. გოგონამ გაწვდილი ღერი ჩამოართვა და მადლობა გადაუხადა, მხოლოდ მოწევა მსურს, თქვენი დიდი მადლობელი ვარო. შავთვალა დაიბნა და დანარჩენებს მიაჩერდა, წარმოუდგენელია, დავიჯერო არაფერი გსურთ? ყველა ადამიანს სურს რაღაც, რაღაც მიუწვდომელი, შემიძლია ეგეც მოგცეთ, თქვენ მხოლოდ ისურვეთო. ახალგაზრდებმა თავი გააქნიეს, მართლა არაფერი გვსურს, თქვენ ხომ სითბო გვაჩუქეთ, გათბობაც საკმარისია, თანაც ჩვენი წასვლის დროაო, დაამატა ბიჭმა.
გოგონამ პაპიროსს გაუკიდა და დანარჩენებთან ერთად კოცონს დაშორდა, კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა გათბობისთვის და მათი უბრალოებით გაშტერებული ბოშები ცეცხლთან დატოვეს. ზანგი მდუმარე კმაყოფილებით შეჰყურებდათ, მერე უცებ ხელჩანთას დასწვდა, იქიდან ქაღალდში გადახვეული კანაფის სამი ღერი ამოაძვრინა და ახალგაზრდებს გაედევნა. დაწეულებს თითოს თითო ღერი გადასცა, ჩემი ხელითაა მოყვანილი, საუკეთესო კანაფია ამ მხარეში, ამაზე მაინც ნუ იტყვით უარსო, შეევედრათ. გოგონები აკისკისდნენ და ერთდროულად ზანგს მიუახლოვდნენ, აქეთ-იქიდან ლოყაზე აკოცეს და გაუღიმეს, შავი კაცი გაწითლდა და შეიშმუშნა, რაღაც უცნაურობა იგრძნო, თითქოს თავად სამყაროს იდუმალებას ეკოცნა მისთვის, წამით მთელი არსებით სიცარიელე და სისავსე ერთიანად შეიგრძნო, ყოვლისმომცველად სავსე სიცარიელემ ჟრუანტელად გადაუარა. ბიჭმა ხელი ჩამოართვა, ამაზე უარს ნამდვილად არ ვიტყვით, მადლობა დიდო კაცო, დაე შენს ტანჯვას ბოლო მოღებოდეს, მშვიდობა შენდაო და გოგონებთან ერთად ღამის წყვდიადში გაუჩინარდა. ზანგი დუმდა, გამჭოლი მზერა უმისამართოდ გაშტერებოდა, არ ფიქრობდა, არაფერი აწუხებდა, წამით რეალობას მოსწყდა და სულის სიმშვიდეში ჩაიკარგა, სასიამოვნო, ფერად ღამეში გადაეშვა.
კოცონი ჩაქვრა და რიტუალის დაწყების დროც დადგა, ბოშებმა დარბაზის მომზადება დაასრულეს და ზედაპირზე დარჩენილებიც მიწის ქვეშ დაეშვნენ. ზანგი ტყუპებთან ერთად მიდიოდა, უკან მიჰყვებოდათ და თვალის ცეცებით მიწისქვეშეთს ათვალიერებდა. კატაკომბები მართლაც რომ ღრმად და ფართოდ შესულიყო მიწის წიაღში, კლდოვანი ქვისგან ნაშენებ, მაღალ კედლებზე სიმბოლოები და ცხოველების გამოსახულებები ამოეტვიფრათ, დერეფანს დერეფანი მოსდევდა და ყოველ მათ გადაკვეთაზე გზა ოთხად იყოფოდა, ყოველ ასეთ გზაჯვარედინზე სარკოფაგებითა და კედლებში გამოჭრილი სამარხებით დატვირთული ოთახები ხვდებოდათ. კედლებში ჩარჭობილ სამაგრებზე დანთებული ჩირაღდნები ჩაერჭოთ და ზანგი აღფრთოვანებული ათვალიერებდა ადამიანის ხელით ნაშენებ, უზარმაზარ მიწისქვეშა ლაბირინთს. წარწერები სამარხებზე, სიმბოლოები კედლებსა და იატაკზე, ნაბიჯების ყრუ, ექოდ წარმოქმნილი ხმაური მის გონებაში არარეალურ, ზებუნებრივ განცდას აჩენდა, თითქოს სხვა სამყაროში მოხვდა, მისთვის უცნობ, მაგიურსა და მისტიურ სამყაროში.
რამდენიმე დერეფანი გაიარეს და დიდ დარბაზში აღმოჩნდნენ. იატაკი და კედლები სანთლებით გაენათებინათ, ფეხქვეშ ფოთლების ტკაცუნსა და ყვავილების სურნელს გრძნობდა, იატაკი გამხმარი ყვავილებით მოეფინათ. ზანგს ისეთი განცდა ჰქონდა თითქოს უღრანი ტყის შუაგულში შეაბიჯა, ნეშომპალის მძაფრი სუნი და სველი მიწის სიგრილეც არსაიდან გამოეცხადა. ბოშებს ყვავილებით მორთული მანტიები ეცვათ და სურნელოვან საკმევლებს ჰაერში აქნევდნენ, კედლებზე, ჭერზე და იატაკზე ყველგან ფოთლები და ყვავილები მიემაგრებინათ, მთელი დარბაზი სიცოცხლის სურნელებასა და სიმშვიდეს მოეცვა, სიმწვანესა და სიყვითლეში ჩაძირული მიწისქვეშა კედლები ბუნების გამოძახილებსა და ქარის დერეფნიდან-დერეფანში სირბილის ხმებს მოეცვა. მხოლოდ ცენტრი იყო მორთულობებთან შეუთავსებელი, მოტიტვლებულ მარმარილოზე სარიტუალო წრე ეხატა. ზანგს ასეთი დარბაზი ხომ მანამდეც უნახავს, განსხვავება მხოლოდ მორთულობებში იყო, აქ არც ძვლები ეყარა და არც სისხლით მორწყული საპატიმროები ჩანდა.
ბოშები წრის გარშემო შეჯგუფდნენ, ქალებს თმაში ჩაწნული ყვავილების გვირგვინი ამშვენებდათ, კაცებს დანთებული სანთლები ხელში ეჭირათ და სურნელოვან ფოთლებს ცეცხლის ალზე წვავდნენ. ტყუპები წრესთან მივიდნენ და მათთან ერთად მომავალ მოხუცს ტანსაცმლის გახდაში დაეხმარნენ, დედიშობილა მოხუცი მუხლებზე დაემხო და შუბლი იატაკს შეახო, მწვანეთვალებამ წრე დატოვა და დანარჩენ ბოშებს შეუერთდა, შავთვალამ ტყავისყდიანი წიგნი მოიმარჯვა და მის ფურცვლას შეუდგა. წრის გარშემო შემოკრებილი ბოშები იღიმებოდნენ და მშვიდად სუნთქავდნენ, თითქოს სუფთა ჰაერზე, ბუნების სიწმინდეს ისუნთქავენო მათი სხეულები ბუმბულივით ჰაეროვნად მოძრაობდა. ზანგიც გრძნობდა, მისი არსებაც მშვიდდებოდა და მსუბუქდებოდა, გულიდან სიმძიმე ეხსნებოდა, დარბაზში ჩამოწოლილი აურა მასზეც მოქმედებდა.
შავთვალამ ფურცვლა დაასრულა და ის იყო სიტყვების ამოკითხვას იწყებდა რომ დერეფანში ხმაური ატყდა. ბოშებს ღიმილი შეაშრათ, დერეფნისკენ მიტრიალდნენ და დარბაზში შემოღწეულ ჩოჩქოლსა და ნაბიჯების ხმას აყურადებდნენ. ლოდინმა არ დააყოვნა, დარბაზში შეიარაღებული ხალხი შემოვარდა და ყვირილი და პანიკაც მაშინვე აზვირთდა, ბოშები შეშინებულები აქეთ-იქით გარბოდნენ, ხელკეტებით შეიარაღებული ქალაქელები კი ცენტრისკენ მიიწევდნენ, თან ხმამაღლა გაიძახოდნენ, ალქაჯი შეიპყარით, არ გაუშვათო. ზანგი დაბნეული, გაშეშებული იდგა და მოულოდნელ სანახაობას თვალს ადევნებდა, ვერ გადაეწყვიტა უნდა გაქცეულიყო თუ უნდა ებრძოლა, ისევ შორიდან ეცქირა თუ ჩარეულიყო, სისხლი დაეღვარა თუ ლაჩრულად გაპარულიყო.
მისკენ ორი ახალგაზრდა დაიძრა, ერთ-ერთს პოლიციელის ფორმა ეცვა გულზე დაბნეული ვარსკვლავით, ზანგი შეკრთა, გონებაში გალიის სუნმა და ბორკილების ჩხარუნმა გაუელვა, მის წასაყვანად მოვიდნენ, დასაპატიმრებლად, ციხეში, გალიაში ჩასასმელად! თვალები გაუფართოვდა, შუბლზე ოფლმა დაასხა, ლომის ღრიალის ხმამ გაუელვა, გალიაში არ წავალო აყვირდა და პოლიციელს გამძვინვარებული ეტაკა. მოულოდნელი შეტევისგან დაბნეულმა ახალგაზრდებმა დატაკებული ზანგის არიდება ვერ მოახერხეს, ერთი იატაკზე მიაგდო ხოლო მეორე, ხწორედ ის, ფორმიანი, მის წასაყვანად მოსული პოლიციელი კი მთელი ძალით ჰაერში ააბურთავა და ღრიალით კედელს შემოანარცხა. შეხეთქების ყრუ ხმა და ფორმიანმა ერთი ამოიკვნესა, ჩამოვარდა და იატაკზე ღრიალით გაგორდა.
დარბაზი დადუმდა, ყველანი ზანგს მიშტერებოდნენ, ის კი შეშლილივით თვალებს აჭყეტდა, თავს იქნევდა, სხეულიდან ტანსაცმელს იგლეჯდა და დათვივით ღრიალებდა, გალიაში არ წავალო და ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზე მისი სხეულიც იზრდებოდა, სისხლისგან დატენილი ძარღვები შავ კანს ასკდებოდა და დაკუნთულ სხეულს კიდევ უფრო საზარელს უჩენდა. გასისხლიანებული, პირიდან ტუჩებ აფრცქვნილი, კბილებჩამტვრეული ფორმიანი ღრიალით ამოძრავდა და აკანკალებული ხალხისკენ გაცოცდა, სახიდან კანი ასძრობოდა და მარჯვენა ყბაზე საწყალობლად ჩამოკიდებული ლოყის ნაგლეჯი მოკუმულ კბილებსა და სისხლიან ღრძილებს უჩენდა.
ქალაქელები ბევრნი იყვნენ მაგრამ ზანგის ფიგურის დანახვისას შიშის ზარი დაეცათ, ტანსაცმელ შემოხეული ეს უშველებელი კაცი მათკენ კბილებდაკრეჭილი იწევდა, გალიაში არ წავალ, უკან აღარ დავბრუნდებიო, ყვიროდა. ჰაერში დენთის სუნი ავარდა და იატაკზე დამბაჩა გაგორდა, ზანგმა ამოიკვნესა და ფერდიდან სისხლი გადმოაფრქვია, ჭრილობაზე ხელი იტაცა და ღრიალს უმატა, სიტყვებს აღარ ხმარობდა, უბრალოდ დაჭრილი ცხოველივით ღმუოდა და დაძარღვულ სახეს შიშის მომგვრელად აკანკალებდა. მეორე დამბაჩაც გავარდა და ზანგმა ისევ ამოიკვნესა, შემართული ხელი ჩამოუვარდა და იატაკი სისხლის წვეთებმა დაფარა, არ ჩერდებოდა, არ ადარდებდა, ტკივილს ვერ გრძნობდა, დაბრმავებულიყო, გაშმაგებულიყო, არ ნებდებოდა... მესამეც გავარდა და მესამედაც ამოიკვნესა, უშველებელი სხეული მოწყვეტით დაბლა დავარდა, ტყვიამ ფერდი გაუხვრიტა, მხარი გაუგლიჯა და მესამე, დამაგვირგვინებელი კი პირდაპირ მენჯში მოხვედროდა.
ძარღვებში დაგროვილი სისხლი გადმოდინდა და გამონთავისუფლდა, ჭრილობები წითლად დაეფარა და წითლადვე მომდინარე სისხლის მასა მთელ სხეულს მოედო. თვალებში დაუბნელდა და სუნთქვა აერია, აქაოდა ვკვდებიო ყვირილი ჩურჩულში გადაეზარდა, გალიაში არ წავალ, არ წავალ, ტყვეობაში აღარ დავბრუნდებიო... ბურდღუნს არ წყვეტდა, სანამ დარბაზი ცეცხლმა არ გაანათა და გააცისკროვნა, ზანგმა რის ვაი ვაგლახით უკან მიხედვა შეძლო და წრეში მდგარ შავთვალას ახედა. ქალს თმა გასწეწვოდა, თვალები ჩაშავებოდა და მისი მთრთოლვარე ტუჩებიდან გამოსულ, წარმოთქმულ ყველა სიტყვას ხელებიდან ავარდნილი ცეცხლის ენები მოჰყვებოდა. ის ცეცხლს აფრქვევდა და პირდაპირ შეიარაღებული ქალაქელებისკენ მიმართავდა. ალქაჯი, გაიქეცითო, აღმოხდათ პანიკაში ჩავარდნილ დაუპატიჟებელ სტუმრებს და დარბაზიდან გაცვივდნენ. შავთვალა ყვირილით უკან დაედევნათ, მას დანარჩენი ბოშებიც შეუერთდნენ, არ გაუშვათ, ბავშვების მკვლელები, მაგ ნაძირლებმა წმინდა ადგილი წაგვიბილწესო, ყვიროდნენ.
ზანგი ხმელ ფოთლებს ხელით ფშვნეტდა და მძიმედ ოხრავდა, თავს აქეთ-იქით ატრიალებდა, ფეხზე წამოდგომა სურდა მაგრამ ტკივილსა და სისუსტეს ვერაფერს უხერხებდა. თვალთ უბნელდებოდა, ხმები უყრუვდებოდა, საკუთარი სუნთქვის ხმას კარგავდა, ითიშებოდა. დაცარიელებულ დარბაზში მარტოდმარტო დაგდებული სისხლისგან იცლებოდა, როცა მასთან მწვანეთვალება მივიდა, დაჭრილ ზანგს ჭრილობებზე დააცხრა და ორივე ხელი მაგრად დააჭირა, ხან ერთ ნახვრეტს უფარავდა ხან მეორეს. ზანგმა ტკივილისგან წამოიყვირა და შეწინააღმდეგება სცადა, მაგრამ ქალმა არ გაუშვა, სულელო შენს დახმარებას ვცდილობ, სისხლისგან იცლები, ნუ გეშინია, ტკივილს უნდა გაუძლო, არ გაითიშო, ფხიზლად დარჩიო, ემუდარებოდა. ზანგმა თვალები დახუჭა მაგრამ ტკივილი მოდუნების საშუალებას არ აძლევდა, მწვანეთვალებამ გაურკვეველი სიტყვები წარმოთქვა და ზანგმა გაიფიქრა, ალბათ შელოცვაა, ის ხომ მკურნალია, იქნებ მიშველოსო და ქალს ხელზე მაგრად ჩაეჭიდა.
სისხლდენა შეუჩერდა მაგრამ საშინელ ტკივილს შეუჩერებლად გრძნობდა, ქალი გვერდით მისჯდომოდა და ხელებში მისი შავი, დაძარღვული, დასისხლიანებული ხელი მოექცია, ნუ გეშინია, არ მოკვდებიო და ხელზე ეფერებოდა. ზანგმა სისხლი ამოახველა და ქალს ახედა, მწვანე თვალები ჩამუქებულიყვნენ და ცრემლებად იღვრებოდნენ. ზანგი წამოიწია, მტირალე ქალს თვალს არ აშორებდა, ხელზე მისი თბილი ცრემლები წვეთებად ეღვრებოდა. მწვანეთვალებამ ამოიკვნესა და ტირილის მიზეზიც გაცხადდა, თავ წამოწეულ ზანგს შუბლზე ხელი გადაუსვა და ჩასჩურჩულა, შენც დაინახე ის რასაც მე ვხედავო...
დარბაზში ხმები ყრუ ხმაურადღა აღწევდა, ცეცხლის ტყლაშუნისა და ყვირილის ექოები იატაკზე გართხმულ ზანგს ყურში ჩაესმოდა, თავი ქალის კალთაში ჩაერგო და თვალდახუჭული ხედავდა : ცეცხლმოკიდებული ადამიანები მთვარით განათებულ ღამეში გარბიან, სხეულებიდან ავარდნილი ალი მათ სულისშემძვრელ კივილს ერწყმება და შესაბრალის სანახაობას ქმნის. შავთვალას თვალებიდან სიბნელე გადმოსდის და გამძვინვარებულ სიტყვებთან ერთად ცეცხლის ბურთებს ქალაქისკენ ისვრის. ცეცხლი, სისხლი, სიკვდილი... ჩამონგრეული კედლები და ფერფლად ქცეული სიცოცხლე, შავად ავარდნილი კვამლის მანტია და დამწვარი, დანახშირებული ადამიანები და დაობლებული ბავშვები...
ზანგს თვალზე ცრემლი ადგება, ახლა ხომ ხედავს რატომაც დასტირიან თავზე, ეს რა ჩაიდინეს, არამხოლოდ ქალაქელებმა არამედ ყველა მათგანმა. ეს რა ჩავიდინეთ, ეს რას ჩავდივართ ადამიანებიო, სლუკუნებს.
ცეცხლის ტკაცუნის ხმა ესმის და პირში სისხლის გემოს გრძნობს, ის დანაწევრებული ბავშვი გაახსენდა, მისი დაჭყეტილი, უსიცოცხლო თვალები არარადან ამოჰყურებენ.
სიკვდილი, ყველგან სიკვდილი, მხოლოდ სიკვდილი... (ამ) ომში მხოლოდ სიკვდილი იმარჯვებს.