• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ესკორტი

×
ავტორის გვერდი ჩაკ პალანიკი 00 , 0000 4095

თარგმანი : დავიდ ჩიხლაძე

(დაიბეჭდა ჟურნალში “Bikini”)

ჩემი ესკორტის პირველი დღეა. გასეირნება ცალფეხა ბიჭთან ერთად, პირველი “ცალფეხა პაემანი”.

მან მითხრა, რომ გეი-აბანოში  შესახურებლად წავიდა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ბიჭს უბრალოდ ჟიმაობა უნდოდა. ჩასძინებია პირდაპირ საორთქლეში, აპარატთან. უგონოდ ეგდო რამდენიმე საათი, სანამ არ იპოვეს, სანამ ფეხზე ხორცი პირდაპირ ძვლამდე არ გაუშიშვლდა და გემრიელად შეებრაწა.

ბიჭს სიარული საერთოდ არ შეეძლო, ამის გაგებაზე დედამისმა ეგრევე გამოგაზა ვისკონსინიდან ვაჟის სანახავად. თავშესაფარს კი, სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც დედა-შვილთან ერთად გაატარებდა დროს. ბიჭს ინვალიდის ეტლით გაასეირნებდა, დედას ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებინებდა, მაღაზიებში გაჰყვებოდა, პლიაჟზე ატარებდა. შეიძლებოდა მალტნომას ჩანჩქერიც ენახებინა. მხოლოდ ეს შეეძლო გაეკეთებინა ჩვეულებრივ მოხალისეს, თუ ის არც ექიმი იყო, არც მზარეული და არც მედდა.

სწორედ ესაა “ესკორტი”. ეს კი, ადგილია სადაც ახალგაზრდა ადამიანები მოჰყავთ ფეხების გასაფშეკად, ადამიანები სამედიცინო დაზღვევის გარეშე. ამ თავშეფასრის სახელიც კი არ მახსოვს, არავითარი ნიშანი ან აბრა მის ახლომახლო. მე კი, მთხოვეს საიდუმლოდ შემენახა თუ რა ხდებოდა თავშესაფარში. მეზობლებმა ზუსტად არ იცოდნენ ქუჩის ბოლოს მდგარი დიდი შენობის ისტორიები. ქუჩაზე სადაც სროლა და მოსაწევით ვაჭრობა სავსებით ჩვეულებრივი ამბავი იყო, ისევე, როგორც დანგრეული ათიოდე შენობა და ბინძური გზები, ხალხს მაინც არ სურდა ეცხოვრა იმ სახლის მეზობლად, სადაც ყოველდღე ვიღაც კვდებოდა: ოთხი კაცი მისაღებში, ორი სასადილოში, ორ-ორი საძინებლებში. თავშესაფარი კი საძინებლების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა. თავშესაფრის მოსახლეების ნახევარს შიდსი ჰქონდა, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა აქვს, აქ შეგიძლია ნებისმიერ მომენტში მოხვიდე და მოკვდე.

აქ რა მინდა? ყველაფერი ჩემი სამსახურის ბრალია. ჩემი საქმეა პირაღმა წოლა, სანამ ჩემს თავზე მერვე კლასის სატვირთო მანქანები გაივლიან. სანამ ისინი თავზე მადგანან, მე უნდა მოვასწრო ორასფუტიანი ნაწილების მიმაგრება. ნაწილები ძალიან მძიმეა და მკერდზე მაწვება, მუცელზეც და ფეხებზეც, მაგრამ მე ამაზე ფიქრის დრო არ მაქვს, თუ სწრაფად არ ვიმოქმედებ სატვირთო გავარვარებული კამერისკენ გამიყოლებს, სადაც მისი ძარა უნდა შეიღებოს. კამერა ისე ახლოსაა ჩემი სამუშაო ადგილისგან, რომ არ მაძლევს უფლებას ერთი წამით მაინც დავივიწყო.

ჩემს ჟურნალისტის დიპლომს მხოლოდ საათში ხუთი დოლარის მოტანა შეეძლო და საერთოდაც აქ ყველანი დიპლომირებული ჟურნალისტები ვიყავით. ამაზე ბიჭები ხშირად ვიცინოდით და ვამბობდით, რომ უნივერსიტეში ჟურნალისტს შედუღებაც უნდა ასწავლონ. ამით ისინი შეძლებდნენ ერთ-ორი დოლარით ზედმეტი გაეკეთებინათ, რადგან შემდუღებლებს მეტს უხდიდა კომპანია. ერთ-ერთმა თანამშრომელმა ეკლესიაში წასვლაც შემომთავაზა მასთან ერთად. იმ დროს ისეთი სასოწარკვეთილი ვიყავი, რომ დავთანხმდი. ეკლესიაში ფიკუსიანი, ქაღალდებით გაფორმებული ქოთანი იდგა და ეწერა “კეთილი საქმეების ხე”. ყველა ფურცელზე ეწერა კეთილი საქმე, რომელიც შენ უნდა ჩაგედინა. ხოდა, მეც ამოვარჩიე ერთი: “დაუმეგობრდი ავადმყოფს თავშესაფრიდან”.

ხო, ზუსტად ასე და ქვემოთ ტელეფონის ნომერიც კი ჰქონდა მიწერილი.

ჯერ მარტო ცალფეხა ბიჭს დავატარებდი ჩვენს მხარეში, მერე დედამისსაც. ყველგან ვიყავით: მოედნებზე, მუზეუმებში. მისი ინვალიდის სავარძელი ადვილად თავსდებოდა ჩემს ბებერ “მერკური ბობკეტში”. ბიჭის დედა სულ ეწეოდა და ხმას არ მცემდა. საღამოს ის მოტელში მივიყვანე, ბიჭი კი თავშესაფარში დავტოვე. დედა გადმოვიდა ჩემი მანქანიდან, კაპოტზე ჩამოჯდა, სიგარეტს გაუკიდა და თავის შვილზე დაიწყო მოყოლა. უკვე წარსულ დროში საუბრობდა. ბიჭი ოცდაათის იყო, მას კი სულ ორკვირიანი შვებულება ჰქონდა. ამბობდა, რომ მისი შვილი პიანინოზე უკრავდა, სკოლაშიც არ მიუღია ცუდი მუსიკალური განათლება, მასზე იმედებსაც ამყარებდნენ… მაგრამ საბოლოოდ მაინც ადგილობრივ სუპერმარკეტში აღმოჩნდა, ელექტრონულ ორგანებთან.

ამ დიალოგის შემდეგ ორივე მთლიანად დავიცალეთ ემოციებისგან.

მე ოცდახუთის ვიყავი და დილით მე ისევ დავბრუნდი სატვირთოების ქვეშ, მხოლოდ სამი ან ოთხი საათის ნაძინები. ოღონდ, ეხლა ჩემი პრობლემები სულ არ მეჩვენებოდა საშინელებად. ეხლა მიკვირდა საკუთარი თავის, როცა ასეთი სიმძიმის დეტალებს ვწევდი. ყვირილით ვპასუხობდი გავარვარებული კამერის პნევმატურ ღრიალს და ვფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვერება საოცრებაა და არა საცოდაობა.

ორ კვირაში ბიჭის დედა სახლში გაემგზავრა. სამ თვეში კი, ბიჭიც. სამუდამოდ.

მე დამყავდა კიბოიანები ოკენაზე, რათა ბოლოჯერ მაინც ენახათ იგი. მე ამყავდა შიდსიანები ჰუდის მთის მწვერვალზე, რათა მათ ენახათ ეს სამყარო, სანამ შეეძლოთ.

მე ვიჯექი მედდასთან ერთად, მომაკვდავი პაციენტის გვერდით და ვაფიქსირებდი მისი სიკვდილის მომენტს. უკანასკნელ წამს, უკანასკნელ გაბრძოლებას დახრჩობასთან, როცა თირკმელები გღალატობენ და ფილტვებიც წყალში იძირებიან. მონიტორი გატყობინებს თითოულ შეშვებულ წვეთ მორფინზე პაციენტის ორგანიზმში, ყოველ 5-10 წამში. შემდეგ ამ ადამიანს გუგები უფართოვდება, თვალები სულ უთეთრდება და წამში შენსკენ მომართული მზერა იყინება. შენ შეგიძლია გეჭიროს მისი ცივი ხელი მანამ, სანამ სხვა ესკორტი არ მოვა, ან სანამ ყველფერი სულ ერთი არ გახდება.

ვისკონსინიდან ცალფეხას დედამ მის მიერ მოქსოვილი ნაჭერი გამომიგზავნა, მეწამულ-წითელი. კიდევ ერთის დედამ თუ ბებიამ კი ნაჭერი ლურჯ, მწვანე და თეთრ ფერებში. კიდევ ერთმა წითელ-თეთრ-შავში. თავიდან მათ დივანის კუთხეში ვალაგებდი, სანამ სახლის დანარჩენმა ბინადრებმა არ მთხოვეს ისინი სხვენში ამეზიდა.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ცალფეხამ მთხოვა მის ძველ სახლში მივსულიყავი. იქაურობა სავსე იყო სექს-სათამაშოებით, ჟურნალებით, ფალოიმიტატორებით, ტყავის ტანსაცმლით. მოკლედ იქ არაფერი იყო რაც ბიჭის დედას უნდა ენახა მისი სიკვდილის შემდეგ. მეც შევპირდი, რომ ამ ყველაფერს მოვაშორებდი იქაურობას და ვესტუმრე ბიჭის აპარტამენტებს. სახლი დიდი ხანია მიეტოვებინა პატრონს. მე მას აკლდამას შევადარებდი, მაგრამ ეს ძალიან დრამატულად ჟღერს. ოთახში სხვადასხვა სექს-სათამაშოები მოწყენილად და ობლად ეყარნენ. ვიცი ეს შესაბამისი სიტყვა არაა, მაგრამ ეხლა უკეთესი ვერ მოვიფიქრე.

ნაჭრები დღემდე სხვენში მიწყვია. სახლის მცხოვრებლები ყოველ შობას ადიან იქ და ნახულობენ ნაჭრებს: წითელს და შავს, მეწამულს და მწვანეს, ნებისმიერის უკან მკვდარი ადამიანია. ვიღაცის შვილი ან შვილიშვილი. როცა იპოვიან სულ მეკითხებიან, ხომ არ გადავყაროთ? საწოლებში ხომ არ გამოვიყენოთ? ხომ არ გავაჩუქოთ? მე კი სულ ვპასუხობ – არა. არ ვიცი რა უფრო მაშინებს, ამ დაღუპულ ბავშვებთან განშორება თუ მათთან ერთად დაძინება.

ოჰ, ნუ მეკითხებით – „რატომ?„ სულ თავს ვარიდებ ამ თემაზე საუბარს. ეს ყველაფერი ათი წლის წინ იყო. ბობკეტი 89-ში გავყიდე. ესკორტობასაც შევეშვი. შეიძლება ბიჭის გამო, იმ ცალფეხა ბიჭის გამო. მისი სიკვდილის შემდეგ. მას შემდეგ, რაც სექს-სათამაშოები გადაიყარა ან დამფსტერში დაიმარხა, რაც ბინის ფანჯრები გაიღო და ოთახიდანაც ტყავის, ლატექსის და მძღნერის სუნი გავიდა, მივხვდი, რომ ბინა მშვენივრად გამოიყურებოდა. ლილისფერი საწოლ-დივანიც, კრემისფერი ხალიჩა და კედლებიც, პატარა და მყუდრო სამზარეულოც საკუთარი ბარით.

მე ვიჯექი იქ და ვტკებობი სიჩუმით. მეც შემეძლო აქ მეცხოვრა.

ყველას შეეძლო აქ ეცხოვრა.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული