• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ჩემი შეყვარებული

×
ავტორის გვერდი სალომე ბარკერი 00 , 0000 2620

ჩემი შეყვარებული ერთი უცნაური ტიპია.

ზედმეტსაც ვერ დავაბრალებ, იმდენად უცნაურია რამდენადაც მე.

ძირითად საკითხებში, ისეთებში როგორიცაა ჩაცმა, კვება, გართობა, თმისა და თვალის ფერი, ერთნაირი შეხედულებები გვაქვს. ხოლო ისეთ წვრილმანებში როგორიცაა რელიგია, პრეზიდენტის ინაუგურაცია, დიდი აფეთქების თეორია და გლობალური დათბობა, აზრები გვეყოფა. თუმცა ეგ არაფერი.

საერთოდ ორივეს რომ გვკითხოთ, გეტყვით რომ არ გვაქვს პრობლემა, და იმასაც დავამატებთ რომ სწორედ ეგ არის ჩვენი პრობლემა.

დეტალები გაინტერესებთ?

აი გუშინწინ მაგალითად, ვარჩევდით მაისურს ჩემთვის.

მე - როგორ გგონია ჩემს ვიწრო ჯინსს ეს ცისფერი მაისური უფრო მოუხდება და თუ ის ნაცრისფერი?

ის - შენი ვიწრო ჯინსი დაძველდა და გადასაგდებია.

ჰ ოდა ვყიდულობთ რამე ფეხსაცმელს და მოვდივართ.

ან გუშინ დილით მირეკავს და მეკითხება:

ის - რძიანი ყავა წამოგიღო თუ ჩვეულებრივი?

მე - რძიანს თუ წამოიღებ მაშინ შავი შოკოლადი და თუ ჩვეულებრივს  - კრემიანი ნამცხვარი.

მოდის და მოაქვს ჩაი და ორცხობილები. ვგიჟდებით ჩაიზე!

ჰო არ ვჩხუბობთ და ყველაფერი კარგადაა, ანუ არაფერიც არ არის კარგად.

საწოლშიც კი მშვიდად ვართ. პირდაპირი გაგებით, ნაზად და აუღელვებლად. ისე არ გაიგოთ თითქოს ვერ მაკმაყოფილებს, მაგრამ ამ ურთიერთობას რაღაც აკლია!

აი ისეთი, რაც თავის ადგილზე დააყენებდა ყველაფერს.

ბევრს ვლაპარაკობთ ისე. ეგ კარგია. აქამდე სულ მე ვლაპარაკობდი ბევრს. ჩვენ კი შეგვიძლია უსასრულოდ განვიხილოთ სამყაროს არსი, მისი შექმნისთვის საჭირო მოტივები და სხვა მრავალი წვრილმანი საკითხი.

ერთი ეგაა რომ ფილმებს ვერ ვუყურებთ ერთად. ხელს ვუშლით ხოლმე ერთმანეთს უაზრო კომენტარებით.

მაგალითად, კადრი შემდეგი: გადმობრუნებულ ნავზე კეიტ უინსლეტი ტირის, წყალში ლეონარდო იხრჩობა..

ის -  როგორ ვერ დაეტეოდა, ამოსულიყო..

და ა.შ. და ა.შ.

მოკლედ როგორც ხედავთ არაფერი ხდება ამ ურთიერთობაში ისეთი, რაც მიგვახვედრებდა რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. ისე ცოტა უცანურია მეთქი რომ ვთქვი, შეიძლება მე მეჩვენება ეგრე. ზოგჯერ ადგება და უმიზეზოდ იბღვირება. მერე აღმოჩნდება რომ უპატრონო კნუტის გამო დეპრესიაში ვარდება. მესმის იცით? მე შოკოლადის გამო რომ ვვარდები დეპრესიაში კარგია? უფრო სწორად უშოკოლადობის.

როცა ჩვეულებრივი შეყვარებულივით მოდის, მეხუტება და მუბნება რომ ვუყვარვარ, არ მჯერა, იმიტომ რომ ვგრძნობ ამ სიტყვის თქმისთანავე საკუთარ თავში მისი გასაქარწყლებელი არგუმენტების ძებნას იწყებს.

სამაგიეროდ როცა მეუბნება რომ კარგად გამოვიყურები, ვიცი არ მატყუებს, მე ქალი ვარ და ვიცი რას ნიშნავს მისი სქესისთვის ამის აღიარება.

კიდევ რა მოგიყვეთ, ურთიერთობას რაღაც აკლია მეთქი, ჩემმა ერთმა მეგობარმა მითხრა თქვენ პენისი გაკლიათო.

იქნებ მართალიცაა.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული