- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ორი ამბავი მაქვს: კარგი და ცუდი. კარგი ისაა, რომ ჩემი მეგობრები და კოლეგები უნდა გავაკრიტიკო. კარგი შეგრძნებაა – ხანდახან მაინც საჭიროა, საკუთარი თავი ობიექტურობაში დაარწმუნო. ამ დღეებში მეგობრები ერთმანეთს „ლიბერალის“ ბლოგებიდან დაუპირისპირდნენ და ვიფიქრე, ორ სიტყვას მეც შევაწევ–მეთქი. ცუდი ისაა, რომ მე ორივე მხარე უნდა გავაკრიტიკო. ძალიან ამბივალენტურ ამბავში ვარ.
პირველად იყო „ნიჭიერი“. „ნიჭიერში“ იყო ვანო ფიფია, ვანო ფიფია „ვანოს შოუშიც“ იყო. „ვანოს შოუ“ კომედიაა. კომედიაა ყველაფერი, რაც ბოლო წლების საქართველოში ხდება. უბრალოდ, ხანდახან ტრაგედიაც გამოერევა და ამოვისუნთქავ ხოლმე. როგორი საჭირო რამეა ეს ტრაგედია! პირდაპირ მისწრებაა! როგორც ჭკვიანი ადამიანები ამბობენ (განსაკუთრებით კი, ერთი ბერძენი ჭკვიანი) ტრაგედიის მთავარი სიკეთე ისაა, რომ თანალმობის სურვილს აღვიძებს. რა თქმა უნდა, ის მხოლოდ ტრაგედიის დროს არ ჩნდება, თუმცა შევთანხმდეთ, რომ ძალიან საჭირო და აუცილებელი მოვლენაა.
მაგრამ თანალმობა ყოველთვის არაა კეთილშობილური საქციელი და ზოგჯერ საკმაო უხერხულობასაც მოიცავს თავის თავში.
და აი, როგორც იქნა, მივადექი მთავარ სათქმელს. ბარემ ქრონოლოგიურად დავალაგებ:
მოკლედ, დიდი ჩახლართული ამბავია.
ლეო ნაფტას ბლოგი უფრო გრძელი ჰაიკუ იყო, ვიდრე ბლოგი. თუმცა, ის კი გავიგე, რომ ჩემი მეგობარი სოლიდარულია ვანო ფიფიას მუსიკალური შესაძლებლობების მიმართ და ნიჭიერად თვლის, რაკი „არ შეუძლია ჩვენი სიძულვილი.“ ეს, ცოტა არ იყოს, უცნაური დეფინიცია სრულიად მოუხელთებელია რაციონალურ სიბრტყეზე გადმოტანისათვის. პოეტური კია, ისე.
ნინო ბექიშვილი კი ჩემი კოლეგა და შესანიშნავი პუბლიცისტია. მისგან ვინმესადმი თანაგრძნობის წერილი ჩემთვის სულაც არ ყოფილა მოულოდნელი, მოულოდნელი იყო ის რაკურსი, საითკენაც მიმართა მან თავისი პუბლიცისტური „ობიექტივი.“
ვის–ვის და, მას ჩემზე უკეთ მოეხსენება ტერმინ „პოზიტიური დისკრიმინაციის“ შესახებ. აბა, სხვა რა უნდა ითქვას იმაზე, რაც ვიხილეთ პროექტ „ნიჭიერში“. საშუალოზე დაბალი მუსიკალური შესაძლებლობების ადამიანი ფინალში გავიდა და ზოგადეროვნული აღტკინების მსხვერპლადაც იქცა. სამაგიეროდ, გვერდზე დარჩნენ ნიჭიერი ადამიანები, რომელთათვის ეს პროექტი შესაძლოა, შემოქმედებითი ტრამპლინიც კი ყოფილიყო.
დავა, ძირითადად, გამოიწვია იმან, რომ დათო ჩიხლაძემ ბლოგში ვანო ფიფიას „საწყალი“ უწოდა. ბლოგერი ბრჭყალებში სვამს ამ სიტყვას, რითაც, ერთგვარად, დისტანცირდება ამ პოზიციისგან. თუმცა რამდენიმეგან უბრჭყალებოდ და საკმაოდ რადიკალური ტონითაც უწერია (სათაურშიცაა ეს სიტყვა), რამაც, სავარაუდოდ, გამოიწვია ეჭვი, რომ ის თავადაც ასეთად მიიჩნევდა კონკურსანტს.
მე მაინც მგონია, რომ ეს საზოგადოების განწყობის არეკლვა უფროა, ვიდრე ავტორის პოზიცია („გუშინ ჩემს სახლშიც კი გაიჟღერა ფრაზამ : „ნეტავ მოიგოს, საცოდავია". დათო ჩიხლაძე). ამას მაფიქრებინებს ისიც, რომ დათო ჩიხლაძემ თანასწორუფლებიან მდგომარეობაში გააკრიტიკა ვანო და არა, როგორც დამცრობილი და უმწეო. ამიტომაც მიიღეს მისი ბლოგი, როგორც უგულო კრიტიკა. ამაზე ბლოგის კომენტარებიც მეტყველებს, საზოგადოება გაბრაზდა იმაზე, რომ უნარშეზღუდულ ადამიანს (მართალია, საფუძვლიანად, მაგრამ მაინც) ნიჭი დაუწუნეს.
სამაგიეროდ, საზოგადოებამ მოიწონა ის, რომ ცრემლმორეულმა ჟიურიმ ვანოს კუთვნილზე მეტი მიაგო და ეს იმიტომ, რომ მას არ შეხედეს, როგორც თანაბარ, თანასწორუფლებიან ადამიანს.
ზუსტად ამას ვგულისხმობდი პოზიტიურ დისკრიმინაციაში. და ეს არის კიდეც ტიპური პოზიტიური დისკრიმინაცია.
რასაკვირველია, ვეთანხმები ნინოს ძირითად სათქმელს, რომ „ჩვენ ყველანი, მიუხედავად ბევრნაირი განსხვავებებისა, თანასწორები და თანასწორუფლებიანები ვართ“. უდავოდ, ასეა! და ზუსტად ამის გამო მიკვირს პუბლიცისტის პოზიცია, რომ ფიფიას ქართველი ერი „სიმღერის ნიჭთან ერთად გამბედაობასაც უფასებდა“. ჯერ ერთი, ქართველი ერის ფარული ზრახვების ამოცნობა ამაო რჯა მგონია და თანაც „სიმღერის ნიჭი“ რომ შეეფასებინათ, ვანო ფიფია კონკურსსმიღმა უნდა ყოფილიყო. რომ არა მონაწილის შეზღუდული უნარები, დაწერდა თუ არა ავტორი, ქართველი ერი სიმღერის ნიჭსაც უფასებდა მონაწილესო? მე დარწმუნებული ვარ, მას უფრო მაღალი წარმოდგენა აქვს „ნიჭზე“, ვიცი და ვენდობი ხოლმე მის გემოვნებას, თუმცა, როგორც ჩანს, მონაწილის უნარშეზღუდულობამ მასშიც გააღვივა სენტიმენტები და რეალურ სურათზე თვალი აარიდებინა. რეალობა კი ასეთია: ვანო ფიფია ძალიან ყოჩაღი, სიცოცხლით სავსე ადამიანია (რაზეც წერს კიდეც ნინო ბექიშვილი თავის ბლოგში), მაგრამ მის ნამღერში უთვალავი თვალშისაცემი მუსიკალური ხარვეზია. არა მგონია, დაუმსახურებელი გამარჯვება მას ოდესმე გამოადგეს, ბარიერად კი ბევრჯერ აღემართება, როდესაც ჯანსაღ კონკურენციაში ჩართული აუტსაიდერებში აღმოაჩენს თავს.
ჩიხლაძის შეცდომა ის კი არაა, რომ მან გარკვეულ უნარებს მოკლებული ადამიანის სასიმღერო შესაძლებლობები დაუნდობლად გააკრიტიკა, არამედ ის, რომ მშვენიერი სიმღერა უმიზნო ღადავის საგნად აქცია და რატომღაც, მამების თაობას შესტენა მისი სიყვარული. ძალიან მაღალი აზრის ყოფილა მამებზე. ჩანს, რომ ავტორი მუსიკალურ ჟანრებში დიდად ვერაა გარკვეული. სამაგიეროდ, ბლოგის ავტორი ხვდება, რომ მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ადამიანის პარნასზე ატყორცნა ამორალურობა, უხამსობა და უკულტურობაა.
ქართველმა საზოგადოებამ კი სწორედ ასეთი არჩევანი გააკეთა. საზოგადოება ეძახე შენ და...
გამოქვეყნდა ჟურნალ "ლიბერალის" ბლოგზე