• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ამას ტურისტებს არ უჩვენებენ 

×
ავტორის გვერდი ალექსი ჩიღვინაძე 00 , 0000 2330

«როდესაც ტელევიზორს ვუყურებ და ამდენ დამშეულ ბავშვს ვხედავ, ცრემლებს ვერ ვიკავებ. რას არ მივცემდი, რომ მეც ისეთი გამხდარი ვიყო, როგორც ისინი, მაგრამ ამ ბუზებისა და სიკვდილის გარეშე“ 

-- მერაია ქერი


მოქმედი პირები

ელენე, 30-35 წლის
სანდრო, 25-27 წლის
სონია, 25 წლის
მანეკენი

დახრილი ხაზი (/) – დიალოგების გადაფარვის წერტილი.

მოქმედება 20 წუთის განმავლობაში გამომცემლობა "ნეონის" ოფისში ხდება. ჩვეულებრივი სამუშაო დღე. კომპიუტერების მონოტონური ბზუილი. სონია – დამლაგებელია, მტვერს წმენდს. რედაქციაში, დეკორატიული დანიშნულებით, სოლიდურ სამოსში გამოწყობილი მამაკაცის თეთრი მანეკენი დგას, როგორც რაინდის აბჯარი უძველეს ციხე-სიმაგრეში. ელენე და სანდრო კომპიუტერებთან სხედან და მოჩვენებითი ყურადღებით საქმეში დანთქმულან. ცოტა ხანში ელენე დგება, იცვამს, თანამშრომლებს ემშვიდობება და გარეთ გადის. ნახევარ წუთში უკანვე შემორბის. სახეზე აწერია, რომ საშინელება მოხდა. ცდილობს ღრმად ისუნთქოს.

სონია. რა მოხდა?

ელენე. ბავშვი....

სონია. ბავშვი?

ელენე. ბავშვი იპოვნეს.

(ტელეფონი რეკავს. სანდრო პასუხობს.)

სანდრო. გამომცემლობა "ნეონი" გისმენთ... დიახ, ჩავიწერ თქვენს შეკვეთას/

ელენე. ჩვენს გვერდით რომ მშენებლობაა/

სანდრო. ე.ი. გინდათ 100 "რჩევები ახალბედა მშობლებს", 100 "შუაღამის ანგელოზი“, ოც-ოცი მოდის ისტორია და ჩინური სამზარეულო...

ელენე. გადაგდებული ბავშვი იპოვნეს, ნახევარი იყო დარჩენილი.

სანდრო. საშინელებაა... არა, თქვენ არ გეუბნებით. შეკვეთას ხვალისთვის გაგიმზადებთ.

(ყურმილს კიდებს და სიგარეტს უკიდებს.)

ელენე. (ელენეც უკიდებს სიგარეტს) საშინელებაზე მეტია. ბავშვებმა იპოვნეს, თოჯინა ეგონათ თურმე.

სანდრო. საწყალი ბავშვები.

ელენე. ცუდად გავხდი... წყალი მომიტანე რა სონია.

(სონია ასხამს წყალს)

სანდრო. მერამდენე შემთხვევაა უკვე... გუშინ ვკითხულობდი ზუსტად ამაზე სტატიას... ეპიდემიასავითაა მოდებული.

ელენე. არ მოგაქვს წყალი?

(სონია წყალს ასხამს და ნელ–ნელა, ფრთხილად მიდის ელენესკენ, რომ წყალი არ დაექცეს)

სანდრო. გაზაფხულზე მდინარემ ორასი ახალშობილი გამორიყა. ყვითელ ცელოფნის პარკებში გახვეულები, ზედ ეწერათ "სამედიცინო ნარჩენები". ემბრიონები, ზოგიერთი მათგანი კი რამდენიმე თვის იყო. საშინელი ფოტოები იყო.

ელენე. უკვე აღარაფერი მიკვირს.

სადღაც აფრიკის დასახლებაში, ნაგავსაყრელზე ჩვილი იპოვნეს. სადღაც პირდაპირ ნაგვის ურნაში მოისროლეს ფანჯრიდან, სადღაც თავი თხილის სატეხი პატარა ჩაქუჩით გაუჭეჭყეს...

ელენე. გაუჭირდა ხალხს, ძალიან...

სანდრო. ხალხს რომ გაუჭირდა, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ბართლომეს ღამე უნდა მოვუწყოთ ბავშვებს?

ელენე. არა, მარტო გაჭირვებაც არ არის მიზეზი...

სანდრო. ჩინეთში არის რესტორნები, სადაც შეგიძლია 300–400 დოლარად ემბრიონისგან გაკეთებული კერძი მიირთვა. ამბობენ, რომ ეს ხელს უწყობს პოტენციის ამაღლებას და სასიცოცხლო ენერგიის გაზრდას. ემბრიონებს პროვინციიდან ჩამოსული გაჭირვებული წყვილებისგან იბარებენ, ფასი დამოკიდებულია ზომაზე, ცოცხალია თუ მკვდარი...

ელენე. ისღა დარჩენიათ ემბრიონების კონსერვები გამოუშვან.

სანდრო. ეგეც არსებობს... მაგრამ როგორც გურმანები ამბობენ, კოსერვირება და გაყინვა, მაინც აფუჭებს პროდუქტს.

(სონია ოფისის დასუფთავებას აგრძელებს. მეტისმეტი გამალებით აპრიალებს საოფისე ინვენტარის ზედაპირს. უნებურად ყველაფერი ძირს უვარდება)

ელენე. ყველა დედაზე ლაპარაკობს, მაგრამ არავინ ახსენებს იმას, რომ ამ ბავშვს მამაც ჰყავს...

სანდრო. მამა? რა შუაშია მამა? როგორ უნდა მიგიყვანოს ამ მდგომარეობამდე, არ მესმის... რომ საკუთარი შვილი მოკლა. სხვისი რომ მოკლა კიდევ გაგიგებენ...

ელენე. ძირითადად ალბათ გაუპატიურების შემდეგ აკეთებენ ამას...

სანდრო. შურისძიებაა?

ელენე. (ელენე დგება, მანეკენთან მიდის, ხელს დაავლებს და სცენის შუაგულში გამოათრევს) აი, ასე ხდება ხოლმე. პატარა, ობოლი გოგო ხარ. გაიცნობ ასეთ ვაჟბატონს. სასმელზე დაგპატიჟებს. პირდაპირ კენტავრივით იქცევა. (მანეკენს ეფერება) თავბრუს დაგახვევს. და ერთ თბილს ღამეს, პარკში... აგიწევს კაბას, ჩაგხდის ტრუსს, ხისკენ მიგაბრუნებს და კარგად მიგატყნავს. ტირილი გივარდება. ერთადერთი გამოსავალია იფიქრო, რომ ეს შენ არ ხარ. სხვაგან ხარ... სხვას გადახდა ეს ყველაფერი.

სანდრო. მიველ ვნახე გავიმარჯვე

ელენე. რა თქვი?

სანდრო. არაფერი, გოგოს თუ პატრონი ჰყავს, რა უნდა შუაღამისას გარეთ, მარტოს.

ელენე. პატრონი არავის არ ჰყავს/

სონია. (მიდის მანეკენთან, თითქოს ვერ გადაუწყვეტია დაიწყოს თუ არა თხრობა)

ღამე არ ყოფილა. 8 საათიც არ იქნებოდა... სახლში ვბრუნდებოდი. უცბად პირზე ხელი ამაფარეს, ბნელ ჩიხში შემათრიეს... თვალი რომ გავახილე, ტანსაცმელი შემოხეული მქონდა, ტუჩი გახეთქილი, მთელი სხეული მტკიოდა... ქვემოთ სულ სველი ვიყავი. გაწვიმდა. /

ელენე. აჰა, შეიძლება ეგრეც მომხდარიყო...

სონია. არა, ზუსტად ასე მოხდა...

(სინათლე ქრება. ქალის კივილი. ძალადობის ხმები. წვიმის ხმა. სცენაზე წითელი განათება. ჩნდება გალუმპული სონია. შემოხეული ტანსაცმლით. ზუსტად მანეკენივით ჩაცმული მსახიობი მას უხეშად ეფერება. ენას ყურში უყოფს. სონია ხელებჩამოშვებული დგას.)

არ ვიცი, როგორ მივაღწიე სახლამდე. კარი გავაღე და ოთახში ჩუმად შევიპარე. აბაზანაში ჩავიკეცე... ჩამეძინა. არ ვიცი რამდენი საათი მეძინა.

დედაჩემი ლოგინად იყო ჩავარდნილი. აბაზანიდან გამოვლასლასდი. გავედი სამზარეულოში. ქურაზე დილას გაკეთებული ფაფა იდგა. თეფშზე დავასხი. ოთახში შევედი.

(„მანეკენი“ თავშალს იხურავს და სავარძელში მოკალათდება.)

სონია. დედა, დედა, რატომ გაქვს ასეთი მკაცრი თვალები...

დედა, დედა, ჭამე რა შენი დედა მოვტყან...

ერთი საათი ჩემს გასაგონად კვნესოდა, ვითომ ტკიოდა, წუწუნებდა, რომ არ ვუვლიდი... რომ ასე არ ექცევიან დედას. თან როგორ დედას. ხელი მოვკიდე, კედელზე უნდა მიმერტყმევინებინა თავი... მაგრამ შემეცოდა. ისეთი უმწეო იყო, მოკუტული, გამელოტებულ პატარა თავზე ერთი ბღუჯა ჭაღარა თმა ქონდა დარჩენილი... მაინც კოსა გაეკეთებინა. ქვითინებდა...

(სინათლე ისევ ქრება.)

დედა, დედა, დედიკო, რატომ გაქვს ასეთი დიდი ცრემლები?

დედა, ახლა მაინც ჭამე...

და მერე დედაც იწყებდა ჭამას. ჩემს ჭამას იწყებდა. და არავინ მოდიოდა, არ უჭრიდა მუცელს რომ ამოვეყვანე... რომ მეცხოვრა დიდხანს და ბედნიერად.

(სინათლე ინთება. გაცოცხლებული მანეკენი ახლა თეთრ ხალათშია გამოწყობილი. სონია სავარძელზე წევს და ფეხები გადაუშლია. მანეკენი სონიას ფეხებშორის შემძვრალა. და ნაწილ–ნაწილ გამოაქვს თოჯინის ხელ–ფეხი, თავი, ტანი... მეგაფონი. წითელი ყვავილის ფურცლები.)

დავორსულდი. ვერავის ვეუბნებოდი. მესიზმრებოდა, რომ აბორტს ვიკეთებდი, ვხედავდი ექიმებს. ძალიან მტკიოდა, ვხედავდი სისხლს. მერე კი ყველა ჩემი ნაცნობი მოდიოდა... შენ ხომ ქალი არ ხარ, შენ რა დედობის ღირსი ხარ!

მანეკენი (მეგაფონში ყვირის) შენ ხომ ქალი არ ხარ, შენ რა დედობის ღირსი ხარ!

მეგონა, რომ საშვილოსნოსნოში დიდი ხვრელი გამიჩნდა, დიდი შავი ხვრელი, ყველაფერი ამ შავ ხვრელში ქრებოდა... ის კი ისე ეკრობოდა ჩემს საშვილოსნოს კედელს, როგორც ენა ყინულის ნატეხს, როგორც სიგარეტის ფილტრი ტუჩს...
მანეკენი მეგაფონში ყვირის: შენი შვილი შენი შავი ხვრელი გახდა! შენ სამუდამოდ გაქრები! შენ ხომ ქალი არ ხარ, შენ რა დედობის ღირსი ხარ!
(სინათლე ისევ ქრება. სიბნელეში ისმის ბავშვის ტირილი, რომელიც თანდათან ძლიერდება და სონიას ხმა.)

და აი, მომყავს... წითელ კაბაში გამოხვეული. ფეხებს ძლივს ვადგამ. ვჩერდები მშენებლობასთან. თვალებს ვხუჭავ. არაფერზე არ ვფიქრობ. უცბად ბურთივით ვისვრი. მიფრინავს მისი პატარა სხეული. გამოვრბივარ. არ მინდა დაცემის ხმა გავიგო. არ მინდა ეს ხმა მახსოვდეს.

იქნებ მივბრუნდე და დავიყვირო, როგორც დედაჩემი მიყვიროდა, დაბრუნდი შვილო, ფრთხილად, არ დაეცე, აღარასოდეს არ გადაგაგდებ შვილო. დაბრუნდი ჩემთან, მე ყოველთვის შენთან ვიქნები. მაპატიე, მაპატიე...

(სინათლე ინთება)

სანდრო. ვერ ვიჯერებ.

ელენე. პოლიციელებით სავსე იყო იქაურობა. წითელ კაბას მოვკარი თვალი.

სონია. ყოველ ღამე მესიზმრებოდა, როგორ გლეჯდა შავი ძაღლი ნაკუწებად, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ბუზები ეხვეოდნენ.../

(პაუზა)

ელენე. გაჩუმდი სონია, რას ყვები?

სონია. მერე მუშაობა დავიწყე თქვენთან. პირველ დღეს მშენებლობასთან ჩამოვიარე. გავჩერდი. ცრემლები მომდიოდა... როგორ მინდოდა იმ მომენტის უკან დაბრუნება. მინდოდა ხელებში მჭეროდა ისევ. მინდოდა უკან გავბრუნებულიყავი. უკან გავბრუნებულიყავი, ხელებში კი ის მჭეროდა... ჩემს ძველ წითელ კაბაში გახვეული.../

(ტელეფონი რეკავს. სანდრო პასუხობს.)

სანდრო. გამომცემლობა "ნეონი" გისმენთ... დიახ, ჩავიწერ თქვენს შეკვეთას /

სანდრო. 1000 "დედა, მამა 8 შვილი და საბარგო მანქანა", 1000 როცა „ჩემს მშობლებს დაავიწყდათ როგორ ემეგობრათ", 1000 რჩევები ახალბედა დედებს…

შეკვეთას ხვალისთვის გაგიმზადებთ./

(ისმის გათიშული ტელეფონის ხმა)

სონია. ყოველდღე ვჩერდები იმ მშენებლობასთან... ყოველდღე იმავე გზას გავდივარ. ვჯდები და ველაპარაკები... არ ესმის ჩემი, საერთოდ არ ესმის... თავისთვის თამაშობს. იშვიათად თუ გამომხედავს გაბუტული თვალებით. კანფეტებიც მიმაქვს ხოლმე მისთვის/

ელენე. გუშინ ოსკარების დაჯილოდოების ცერემონიას ვუყურე. წითელ ხალიჩაზე ეს ვარსკვალავები... პენელობა კრუზს ისეთ კაბა ეცვა, ისეთი სადა... მაგრამ, ისეთი ეფექტური იყო/

სონია. ისეთი გამხდარია, დალეული... მიწაში თამაშობს. ვუბრაზდები, დაისვრები–მეთქი. მაგრამ არ მიჯერებს. თავისი პატარა ხელებით იღებს მატლებს და სახეზე წურბელებივით ისვამს.

ელენე. ჯოლი საერთოდ დაგაბრმავებდა... მერე ნატალი პორტმანი და შარლიზ ტერონი ვნახე. თავი შემძულდა. შოკოლადს ვჭამდი და ნაგავში მოვისროლე. რა დახველწილები არიან, რა ფიგურები აქვთ.

სონია. შენ იცი რა განსხვავებაა ცოცხალს და მკვდარ ბავშვს შორის? იპოვნეთ 3 განსხვავება ცოცხალსა და მკვდარ ბავშვს შორის? პირველი ცოცხალ ბავშვს უეცარი სიხარულის გამოხატვა შეუძლია, მკვდარს არაფერს აქცევს ყურადღებას. ცოცხალ ბავშვი რომ იცინის და კოცნი, ლოყები შიგნით ეზნიქება. მკვდარ ბავშვს რომ კოცნი შეიძლება ტუჩი გაგისკდეს. ცოცხალი ბავშვი პირველ ნაბიჯს გადადგმას, მკვდარმა უკვე გადადგა პირველიც და უკანასკნელიც...

ელენე. შერონ სთოუნი ეს ბებერი ბოზი, მაინც ყველაზე მეტად ბრწყინავდა... ისეთ კაბა ეცვა... რა მძივი... რა ფიგურა/

სონია. მე გადავდგი მის მაგივრად ნაბიჯი, პირველი ნაბიჯი, არა, ნაბიჯები... ყოველდღე მის ნაბიჯებს ვდგამ, მის ცეკვას ვცეკვავ.

(სონია თითქოს მანტრას იმეორებდეს)

ელენე. შევწუხდით რა სონია…/

სონია. გაუთავებელი სისასტიკე/
გარდაუვალი სისასტიკე/
უჩვენო სისასტიკე/
ტელე-სისასტიკე/

(სანდრო რაღაცის თქმას ცდილობს. მაგრამ ვერაფერს ახერხებს)

თეატრალური სისასტიკე/
გაბმული სისასტიკე/
გამარტივებული სისასტიკე/

ელენე. სხვისი ბავშვი მაინც მოგეკლა. ამას კიდევ გავიგებდი.

სონია. გამართლებული სისასტიკე/
განმეორებული სისასტიკე/
განუმეორებელი სისასტიკე/

ელენე. სონია, გათავისუფლებული ხარ. ჩვენ შენნაირი თანამშრომლები არ გვჭირდება.
 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული