- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ექიმი სერდიკი თავის კაბინეტში სათადარიგო კარიდან შევიდა, პალტო გაიძრო და კარადაში დაკიდა, რის შემდეგაც ხელში აიღო პაციენტთა ავადმყოფობის ისტორიების დასტა, რომელიც მის მდივანს, ჰელენა ფიტცროის აკურატულად დაეწყო და საწერი მაგიდის კუთხეში მოეთავსებინა. იქ მხოლოდ ოთხი ისტორია იყო, თუმცა შეიძლებოდა ასიც ყოფილიყო, თუ ის დასთანხმდებოდა ყველა ადამიანს, ვისაც სურდა მისი პაციენტი გამხდარიყო, რადგან მისი წარმატება და რეპუტაცია იმდენად გაზრდილიყო ბოლო ხანებში, რომ მისი სახელიც კი უკვე, სიტყვა ფსიქიატრიის სინონიმად ითვლებოდა.
მან პირველივე ისტორიას დახედა. დაფიქრდა. შემდეგ გაემართა მდივნის ოთახის ნახევრად შუშის კარისკენ და ოთახში შეიხედა. იქ იდგა ოთხი პოლიციის ოფიცერი და მამაკაცი გიჟის ხალათით.
ისტორიის მიხედვით მამაკაცს ერქვა ჯერალდ ბოსეკი და მან ცეცხლსასროლი იარაღით ხუთი ადამიანი მოკლა სუპერმარკეტში, ასევე მოკლა ერთი პოლიციელი და დაჭრა ორი, სანამ აიყვანდნენ.
თუ გიჟის ხალათს არ ჩავთვლით, ჯერალდ ბოსეკი გარეგნულად ნამდვილად არ ჩანდა საშიში. ის დაახლოებით ოცდახუთი წლის იქნებოდა, ყავისფერი თმით და ცისფერი თვალებით. ნაკეცები თვალებს გარშემო მის კეთილ ბუნებაზე მიუთითებდნენ. ამ მომენტში ის იღიმოდა, მოდუნებული, უმნიშვნელოდ უყურებდა ჰელენას, რომელიც თამაშობდა, თითქოს უმრავი საქმე ჰქონდა და ავადმყოფობის ისტორიებში იქექებოდა, სინამდვილეში კი ეს უცნაური პუბლიკა აბნევდა.
სედრიკი თავის სამუშაო მაგიდასთან მიბრუნდა და ჩამოჯდა. ისტორია კიდევ უფრო მეტს ყვებოდა ჯერი ბოსეკის მკვლელობების შესახებ, როცა დაიჭირეს, ის ირწმუნებოდა, რომ ადამიანები, რომლებიც დახოცა, სინამდვილეში იყვნენ არა ადამიანები, არამედ ლურჯი ხვლიკები პლანეტა ვენერადან, რომლებიც მის ხომალდზე შემოიჭრნენ და ის მხოლოდ და მხოლოდ თავს იცავდა.
ექიმმა სედრიკ ელტონმა თავი დანანებით გააქნია, სამეცნიერო ფანტასტიკა გადასარევი რამეა ერთის მხრივ, მაგრამ ზოგიერთები მას ძალიან სერიოზულად უდგებიან. იგივე ხდებოდა ადრეულ საუკუნეებშიც, როცა წვავდნენ ქალებს ალქაჯობის ბრალდებით, ქოლავდნენ კაცებს ეშმაკთან კავშირის გამო..
სედრიკმა სწრაფად გადასწია ინტერკომის ღილაკი და თქვა.
“შემოიყვანეთ ჯერალდ ბოსეკი, გეთაყვა.”
რამდენიმე წამში, მიმღები ოთახის კარი გაიღო. ჰელენამ შიშნარევი ღიმილით შეხედა სედრიკს და სწრაფადვე გაქრა. პირველად პოლიციის ოფიცერი შემოვიდა ოთახში, რომელსაც მოჰყვა ჯერალდ ბოსეკი, რომელიც ორ პოლიციელს მჭიდროდ ეჭირა ორივე მხრიდან, ბოლოს კი მეოთხე პოლიციელი შემოვიდა, რომელმაც კარი ფრთხილად დახურა. ძალიან შთამბეჭდავია, გაიფიქრა სედრიკმა. შემდეგ თავით ანიშნა წინ მდგომ სკამზე, პოლიციელებმა გიჟის ხალათიანი მამაკაცი სკამზე დასვეს და ოდნევ მოშორებით განლაგდნენ, ყოველგვარი გართულებისთვის მზად მყოფნი.
“ჯერი ბოსეკი ბრძანდებით?” ჰკითხა სედრიკმა.
გიჟის ხალათიანმა მხიარულად დაუქნია თავი.
“მე ექიმი სერდიკ ელტონი ვარ, ფსიქიატრი,” თქვა მან, “როგორ ფიქრობთ, რატომ მოგიყვანეს ჩემთან?”
“შენთან მომიყვანეს?” ჩაიხითხითა ჯერიმ, “ნუ მაცინებ. შენ ხომ ჩემი ძველი მეგობარი ხარ, გარ კასტლი. შენთან მომიყვანეს? ან როგორ უნდა გამეღწია ამ აყროლებული აბაზანიდან?”
“აყროლებული აბაზანიდან?” თქვა სედრიკმა.
“კოსმიური ხომალდიდან.” თქვა ჯერიმ. “მისმინე გარ. გამიხსენი ხელები, კარგი? მე უკვე აღარ მეხუმრება.”
“მე ექიმი სედრიკ ელტონი ვარ,” გამოთქმით წარმოთქვა მან, “და შენ კოსმიურ
ხომალდზე არ ხარ. შენ ოთხმა პოლიციელმა მოგიყვანა ჩემთან, რომლებიც ახლა შენს უკან დგანან, და…”
ჯერი ბოსეკი მიტრიალდა და გულწრფელი ცნობისმოყვარეობით დააკვირდა ოთხივე მათგანს. “ვინ პოლიციელები?” შეაწყვეტინა მან. “ამ მეტალის კარადებს გულისხმობ?” ის მობრუნდა შეწუხებული სახით შეხედა სედრიკს. “ჯობია თავს მოუფრთხილდე გარ, უკვე რაღაცეები გელანდება.”
“მე სედრიკ ელტონი მქვია.” თქვა სედრიკმა.
ჯერალდ ბოსეკი წინ გადაიხარა და მტკიცედ წარმოთქვა, “შენ გქვია გარ კასტლი და არ ვაპირებ სედრიკ ელტონი დაგიძახო, იმიტომ რომ გარ კასტლი გქვია. გპირდები, ყოველთვის გარ კასტლს დაგიძახებ, იმიტომ რომ როგორმე აუცილებლად უნდა გამოვერკვეთ ამ საგიჟეთიდან, თორემ შენ საბოლოოდ დაგღუპავს ეგ შენი გამოგონილი სამყარო.”
სედრიკმა თითქმის შუბლის ბოლომდე ასწია წარბები.
“სასაცილოა,” გაიღიმა, “სწორედ ამის თქმას ვაპირებდი შენთვის.”
. . . .
სედრიკი სიცილს აგრძელებდა. ნელ-ნელა ჯერიც მოეშვა. საბოლოოდ მის ტუჩებზეც გაილევა საპასუხო ღიმილმა. შემდეგ, როცა მან კბილებიც კი გამოაჩინა, სედრიკმა ხარხარი ატეხა და ჯერიმაც მასთან ერთად დაიწყო ხარხარი. პოლიციელებმა გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს.
“საკმარისია!” წარმოთქვა სედრიკმა საბოლოოდ. “მე მგონი ჩვენ ერთი და იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. თქვენ მე გგონივართ გიჟი, მე კი თქვენ მგონიხართ.”
“ზუსტად ერთი და იგივე მდგომარეობაში!” წამოიყვირა მან. შემდეგ ნაღვლიანად დაამატა. “ერთის გამოკლებით.” წარმოთქვა მან ფრთხილად. “მე დაბმული ვარ.”
“გიჟის ხალათით.” შეახსენა სედრიკმა.
“თოკებით.” შეუსწორა ჯერიმ.
“შენ საშიში ხარ,” აუხსნა სედრიკმა, “შენ ექვსი ადამიანი მოკალი, მათ შორის ერთი პოლიციელი და კიდევ ორი პოლიციელი დაჭერი.”
“მე გავანადგურე ხუთი მეკობრე-ხვლიკი პლანეტა ვენერადან, რომლებიც ჩვენს ხომალდზე შემოიპარნენ.” თქვა ჯერიმ. “შემდეგ მოვადნე კარი ერთ-ერთ კარადას და დანარჩენ ორს საღებავი მოვუწვი. შენ ხომ ჩემზე უკეთ იცი, გარ, ამ კოსმიურ ხომალდზე, როგორ პერსონიფიცირდება ყველაფერი ადამიანთან. ზუსტად ამიტომ გვაფრთხილებდნენ ასე მკაცრად, რომ თუ აღმოაჩინე, რომ ხომალდზე უფრო მეტი ხალხია ვიდრე მოგზაურობის დასაწყისში იყო, აუცილებლად უნდა მიიღო ყვითელი აბი. ეს აბები არაფერს გავნებენ, უბრალოდ ჰალუცინაციისგან განგკურავენ.”
“თუ ასეა, გიჟის ხალათი რატომ გაცვიათ?“
“მე თოკებით ვარ დაბმული,” თქვა მან, “შენ თვითონ დამაბი, აღარ გახსოვს?”
“და ეს ოთხი პოლიციელი კარადები არიან?” თქვა სედრიკმა, “კარგი, ახლა ერთ-ერთი ამ კარადიდან რომ მოვიდეს და ყბაში მოგდოს, მაინც იმ აზრზე იდგები, რომ ისინი კარადები არიან?”
სედრიკმა ერთ-ერთ პოლიციელს თავი დაუქნია, რომელიც ჯერალდ ბოსეკს ფრთხილად მიუახლოვდა და თავში საგრძნობლად წამოარტყა. ჯერის ცნობისმოყვარეობისგან თვალები აენთო, შემდეგ სედრიკს შეხედა და გაიღიმა. “იგრძენი?” მშვიდად ჰკითხა სედრიკმა.
“რა უნდა მეგრძნო?” გაუკვირდა ჯერის, “არ არსებობს!” აუტყდა სიცილი მას, “შენ ახლა წარმოიდგინე, რომ ამ კარადებიდან, რომელიმე, – შენ გამოგონილ სამყაროს თუ ვენდობით, პოლიციეს ოფიცერი, – მომიახლოვდა და დამარტყა?” მან სიბრალულით გააქნია თავი, “ნუთუ ვერ ხვდები გარ, რომ სინამდვილეში ეს არ მომხდარა? გამიხსენი ხელები და დაგიმტკიცებ. პირდაპირ შენს თვალწინ გამოვაღებ მაგ შენი “პოლიციელის” კარს და გამოვიღებ იქიდან სკაფანდრს, მაგნიტურ კაუჭს, ნებისმიერ რამეს რაც შიგნით დევს. რა იყო, გეშინია? შენ შენი ხილვებით თავს იცავ. მე თოკებით ვარ დაბმული და გეჩვენება, რომ გიჟის ხალათი მაცვია. წარმოდგენილი გაქვს, რომ ექიმი ფსიქიატრი ხარ, სახელად სედრიკ ელტონი და ამიტომაც ფიქრობ, რომ შენ საღ ჭკუაზე ხარ, მე კი შეშლილი. ალბათ თავი ძალიან ცნობილ ფსიქიატრად გყავს წარმოდგენილი, რომელთან მკურნალობაზე ძალიან ბევრი ოცნებობს. მსოფლიოში ცნობილი, ეჭვიც არ მეპარება. შესაძლოა იმასაც კი ფიქრობ, რომ ლამაზი მდივანი გყავს. რა ჰქვია იმ გოგოს?”
“ჰელენა ფიტცროი.” თქვა სედრიკმა.
ჯერიმ თავი დააქნია, “ჰო, აშკარად. ჰელენა ფიტცროი არის მარსიანული პორტის ექსპედიტორი, რომელსაც ყოველ ჩაფრენაზე უნიშნავ პაემანს, მაგრამ ის არასდროს გთანხმდება.”
“ერთხელაც წამოარტყი!” უთხრა სედრიკმა ოფიცერს. სანამ ჯერის თავი ჯერ კიდევ დარტყმის სიძლიერისგან ირხეოდა, სედრიკმა უთხრა: “ისიც ჩემი წარმოსახვაა, რომ შენი თავი დარტყმის სიძლიერისგან ქანაობს?”
“რომელი დარტყმისგან?” ღიმილით წარმოთქვა ჯერიმ. “მე არავითარი დარტყმა არ მიგრძვნია.”
“გინდა თქვა, რომ შენს ტვინს არაფერი ჯანსაღი აღარ შემორჩა, რომელიც გეტყოდა, რომ ის რასაც შენ ხედავ და აღიქვამ განსხვავდება სინამდვილისგან?”
ჯერიმ ნაღვლიანად გაიცინა. “მინდა გითხრა, რომ შენი აბსოლუტური რწმენა იმისა, რომ შენ ჭკვიანი ხარ და მე გიჟი, ცოტათი მეც მაეჭვებს. გამიხსენი ხელები გარ და ნორმალურად ჩამოვსხდეთ, რომ ერთად გავერკვეთ ყველაფერში.” შემდეგ კბილები დაკრიჭა, “ხომ ხვდები, გარ, ერთ-ერთ ჩვენთაგანს აშკარად, ხილის ნამცხვარზე ნაკლები ჭკუა აქვს.”
“ოფიცრებს რომ შენი გიჟის ხალათის გახდა ვთხოვო, რას იზამ?” ჰკითხა სედრიკმა, “ამოიღებ იარაღს და ისევ ხახლის ხოცვას დაიწყებ?”
“მეც სწორედ ეს მაღელვებს,” თქვა ჯერიმ. “თუ მეკობრე-ხვლიკები ისევ მოვლენ, ასეთ დროს, როცა მე დაბმული ვარ, შენ მათ უპრობლემოდ შემოიპატიჟებ ხომალდზე, რადგან ამ კოსმიური სიგიჟით ხარ დაავადებული. აი რატომ უნდა გამიხსნა ხელები, გარ. ამაზე ჩვენი სიცოცხლეა დამოკიდებული.”
“იარაღს საიდან მოიტანთ?” ჰკითხა სედრიკმა.
“იქიდან, სადაც ის ყოველთვის ინახებოდა,” თქვა ჯერიმ, “ამ მეტალის კარადებიდან.”
სედრიკმა ჯერ პოლიციელებს გადახედა შემდეგ მათ რევოლვერებს. ერთ-ერთმა სუსტად გაუღიმა კიდეც.
“ვშიშობ ამ ეტაპზე, ჩვენ არ შეგვიძლია გიჟის ხალათი გაგხადოთ.” თქვა სედრიკმა, “ახლა პოლიციელებს ვთხოვ უკან წაგიყვანონ. ხვალ ისევ შევხვდებით და ვისაუბრებთ. მანმადე კი, მინდა რომ კარგად დაუფიქრდეთ ყველაფერს, რაც გითხარით. შეეცადეთ დაანგრიოთ ის კედელი, რომელიც ახლა რეალობისგან გყოფთ. საკმარისია პატარა ბზარი დაამჩნიოთ და მთელი ხილვა მალევე დასრულდება.” პოლიციელებს შეხედა და თქვა: “საკმარისია, ახლა წაიყვანეთ. ხვალ იგივე დროს დაგელოდებით.”
პოლიციელები ჯერის წამოდგომაში დაეხმარნენ. მან სინანულით შეხედა სედრიკს.
“მე შევეცდები გარ,” თქვა მან, “იმედი მაქვს შენც შეეცდები, არა? მე დღეს რამდენჯერმე შეგამჩნიე, რომ დაეჭვდი.”
პოლიციელებმა ჯერის კარისკენ უბიძგეს. მან კიდევ ერთხელ მიმართა სედრიკს: “გადაყლაპე ის ყვითელი აბი, რომელიც აფთიაქში გიდევს, გარ. ის არაფერს გავნებს.”
. . . .
დაახლოებით ექვსის ნახევრისთვის, სედრიკმა უკანასკნელი პაციენტი გააცილა, მისაღები მასთან ერთად გაირა, გარეთ გაუშვა, კარი მიხურა და ზურგით მიეყრდნო.
“მძიმე დღე გამოდგა.” ამოიოხრა მან.
ჰელენამ წამით შეხედა და ისევ ბეჭდვა განაგრძო. “ძალიან ცოტა დამრჩა დასაბეჭდი, მალე მოვრჩები.” თქვა მან.
ერთი წუთის შემდეგ, მან საბეჭდი მანქანიდან ფურცელი ამოაძვრინა და დასტას დაადო თავის პირდაპირ.
“ამათ ხვალ დავახარისხებ და დავარეგისტრირებ.” თქვა მან, “რთული დღე იყო არა ექიმო? ჯერალდ ბოსეკი ყველაზე განსხვავებული პაციენტია ვინც კი აქ მინახავს, მას შემდეგ, რაც მე თქვენთან ვმუშაობ. და საწყალი ბატონი პოტსი, შესანიშნავი აღმასრულებელი, რომელიც ნახევარ მილიონს გამოიმუშავებს წელიწადში, ახლა კი ყველაფერი წყალში ეყრება. არადა როგორი ნორმალური ჩანს.”
“ის ნორმალურია,” თქვა სედრიკმა, “მაღალი სისხლის წნევის მქონე ადამიანებს ხშირად ემართებათ პატარა სისხლჩაქცევები ტვინში, იმდენად პატარა, რომ დაზიანებული ნაწილი ქინძისთავის წვერისხელაა. ამას მოჰყვება ის, რომ ადამიანებს სრულად ავიწყდება ყველაფერი, რაც მანმადე იცოდნენ. მათ შეუძლიათ ხელახლა ისწავლონ, მაგრამ ის ადამიანი, რომელიც თვლის რომ შეცდომა არ უნდა დაუშვას, ასე არასდროს იქცევა. მისი ერთი არასწორი გადაწყვეტილება მის კომპანიას მილიონ ნახევარი დაუჯდა. მხოლოდ ამის გამო დავთანხმდი მის მიღებას – ამ ჯერალდ ბოსეკმა ძალიან გამაბრაზა ჰელენა. მე დავთანხმდი მივიღო ხუთი ათასი დოლარი წალიწადში, როგორც პაციენტმა.”
“საშიში ვინმე იყო, არა?” თქვა ჰელენამ, “იმდენი ხალხი ისე დახოცა თითქოს..”
“მესმის, მესმის.” თქვა სედრიკმა, “მოდი დავუმტკიცოთ, რომ ცდება. ივახშმებთ ჩემთან ერთად?”
“ჩვენ ხომ შევთანხმდით..”
“მოდი ერთხელ დავარღვიოთ შეთანხმება.”
ჰელენამ მტკიცედ გააქნია თავი. “დღეს მაინც არ შემიძლია,” თქვა მან, “თან ეს ვერაფერს დაამტკიცებს. ეს თქვენი აკვიატებაა. თუ მე თქვენთან ერთად ვივახშმებ, ეს მხოლოდ იმას მოიტანს, რომ სურვილის დაკმაყოფილების იდეა შემოიჭრება თქვენს გამოგონილ სამყაროში.”
“უფ,” თქვა სედრიკმა და დაიჯღანა, “რა საზიზღარი სიტყვაა. ვერ გამიგია საიდან იცის ყვითელი აბის შესახებ. თავიდან ვერ ვიგდებ იმ აზრს, რომ ჩვენ მართლაც კოსმიურ ხომალდზე ვართ და ამ ხომალდზე მართლაც არის გავრცელებული ფსიქიკური აშლილობის ისეთი ფორმა, რომ ნივთების პერსონიფიცერებას ახდენ, გასაოცარია, რომ ყვითელი აბი არის ერთადერთი, რაც ამას შეაჩერებს.”
“ეგ როგორ?”
“ისინი თითქმის ასამმაგებენ ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებას. შედეგად კი მოაქვს, ის რომ ადამიანის ტვინი წარმოსახვის უნარს ჰკარგავს. ეს გამაოგნებელია. სამი წლის წინ გადავყლაპე ერთი აბი, როცა პირველად გახდა ხელმისაწვდომი. ვერ წარმოიდგენ როგორ გარდაიქმნა გარემო, განსაკუთრებით კი ადამიანები. სიმბოლოებად მეჩვენებოდნენ. ერთი კვირის განმავლობაში ყველა შეხვედრა გავაუქმე პაციენტებთან. აღმოვაჩინე, რომ არ შემეძლო მათთან მუშაობა, პროფესიონალურად დამუშავებული სქემებით, რომლებიც საშუელაბას მაძლევდნენ დამენახა ისინი, – არა ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან, – არამედ როგორც ნორმალური და არანორმალური სიმპტომების კომპლექსი.”
“სიამოვნებით მივიღებდი ასეთ აბს.” თქვა ჰელენამ.
“ცუდი აზრია,” სიცილით თქვა სედრიკმა. “წარმოსახვითი სამყაროს პერსონაჟი იღებს ყვითელ აბს და ხვდება, რომ არ არსებობს.”
“ერთად ხომ არ გადაგვეყლაპა თითო აბი?” თქვა ჰელენამ.
“აჰ-აჰ,” მტკიცედ უარყო სედრიკმა, “მერე მუშაობას ვეღარ შევძლებ.”
“გეშინია, რომ კოსმიურ ხომალდზე გაიღვიძებ?” ჩაეცინა ჰელენას.
“შეიძლება,” თქვა სედრიკმა. “სიგიჟეა, არა? თუმცა დღეს გამორჩეული რაღაც მოხდა, რომელმაც დამანახა საკუთარი რეალობის ხარვეზი. ეს იმდენად აშკარა იყო, რომ შენთვის კითხვის დასმისაც კი მეშინია ამის შესახებ.”
“მართლა?” თქვა ჰელენამ.
“მართლა.” თავი დაუქნია სედრიკმა. “რატომ მოიყვანეს პოლიციელებმა ის ჩემს ოფისში და რატომ არ წაიყვანეს ფსიქიატრიულში, სადაც მე თავად ვივლიდი მის სანახავად? რატომ არ დამიკავშირდა პროკურორი პირადად, ამ საკითხზე დასალაპარაკებლად?”
“მე.. მე არ ვიცი.” თქვა ჰელენამ. “ჩემთან არცერთი ზარი არ შემოსულა. ისინი უცებ მოვიდნენ და მე ვიფიქრე, რომ თქვენ უკვე ელოდით, ამიტომ აღარც კი მითქვამს, რომს მისის ფორტესქი იყო დღეისთვის თქვენი პირველი კლიენტი, მაშინვე გადავურეკე და იმ მომენტში გამოვიჭირე, როცა უკვე სახლიდან გამოდიოდა, ავუხსენი, რომ საგანგებო მდგომარეობა გქონდათ.” ის, მრგვალი და შეშინაბული თვალებით უყურებდა სედრიკს.
“ახლა უკვე ნამდვილად ვიცით რას შეიძლება გრძნობდეს პაციენტი.” თქვა საკუთარი კაბინეტისკენ მიმავალმა სედრიკმა. “საშინელება არ არის, ის აზრი, რომ მივიღებ ამ ყვითელ აბს და უცებ ყველაფერი გაქრება – ჩემი სტუდენტობის წლები, ინტერნატურა, მსოფლიოში საუკეთესო ფსიქიატრის რეპუტაცია. და თქვენ. მითხარით ჰელენა, დარწმუნებული ხართ, რომ მარსის პორტის ექსპედიტორი არ ხართ?”
მან ეშმაკურად გადახედა ჰელენას, კაბინეტის კარი ნელა მიხურა და თვალს მიეფარა.
. . . . . .
სედრიკმა ქურთუკი გაიხადა და მაშინვე ოთხკუთხედი ნახევრად-ფანჯრისკენ გაემართა, მისაღები ოთახის კართან. ჯერალდ ბოსეკს ისევ გიჟის ხალათი ეცვა და ისევ ის ოთხი პოლიციელი ახლდა.
სედრიკი სამუშაო მაგიდასთან მივიდა და სკამზე დაუჯდომლად ინტერკომის ღილაკი გადასწია.
“ჰელენა,” თქვა მან. “სანამ ბოსეკს შემოიყვანდნენ პროკურორთან დამაკავშირე.”
ლოდინის პარალელურად, მან თავისი ოთხი პაციენტის საბუთებს გადაავლო თვალი.
როცა ტელეფონმა დარეკა, ის ყურმილს დასწვდა: “ალო? დეივ?” თქვა მან.
“იმ პაციენტის თაობაზე, ჯერალდ ბოსეკის..”
“დღეს ვაპირებდი შენთან დარეკვას,” გაისმა პროკურორის ხმა. “გუშინ დილით ვრეკავდი, ათზე, მაგრამ არავინ მიპასუხა, მას მერე მეც დაკავებული ვიყავი. ჩვენი პოლიციის ფსიქიატრი, ვოლტერსი, ამბობს, რომ შესაძლოა შენ ერთადერთი ხარ ვისაც შეუძლია ბოსეკი რამდენიმე დღეში აზრზე მოიყვანოს – იმ დონეზე მაინც, რომ ნორმალური ჩვენების ჩამორთმევა შევძლოთ. ხომ არ შეიძლება ეს ბოდვა, ვენერიდან მოსული მეკობრე ხვლიკების შესახებ, იმ მკვლელობების ოფიციალურ მოტივად მივიღოთ, რომლებიც მან ჩაიდინა..”
“და ჩემს ოფისში მოყვანა რატომ გახდა საჭირო?” თქვა სედრიკმა. “პრობლემა არაა, რა თქმა უნდა მაგრამ.. ეს.. არ ველოდი ასეთ რამეს. პაციენტის საავადმყოფოდან გამოყვანას და მთელი ქალაქის მოტარებას.”
“არ მინდოდა შენთვის გამერთულებინა საქმე.” თქვა პროკურორმა. “ძალიან სასწრაფო საქმეა.”
“აჰა,” თქვა სედრიკმა, “კარგი, არაფერია, დეივ. ის ახლა გარეთ მელოდება მოსაცდელში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ რეალობასთან დავაბრუნო, შენი ხათრით.”
ყურმილი დაკიდა და წარბები შეკრა. “არ უნდოდა ჩემთვის გაერთულებინა..” საკუთარი ჩურჩული ჩაესმა ყურებში, როცა ინტერკომს თითი მიჰკრა. “შემოიყვანეთ ბოსეკი, გეთაყვა.”
. . . .
მისაღების კარი გაიხსნა და პაციენტისა და პოლიციელების პროცესია კიდევ ერთხელ შემოვიდა კაბინეტში.
“მაშ ასე, გარ, დილა მშვიდობისა,” თქვა ჯერიმ, “წუხელ კარგად გეძინა? მე მესმოდა მთელი ღამე, როგორ ელაპარაკებოდი საკუთარ თავს.”
“მე ექიმი სედრიკ ელტონი ვარ!” მტკიცედ თქვა სედრიკმა.
“ოჰ, რა თქმა უნდა,” თქვა ჯერიმ, “მე დაგპირდით, რომ თქვენი თვალით შევხედავდი სამყაროს, ასე არაა? მე ვითანამშრობლებ თქვენთან ექიმო ელტონ.” ჯერი პოლიციელებისკენ შეტრიალდა. “წარმოვიდგინოთ, რომ ეს ოთხი კარადა, პოლიციელები არიან, არა? გამარჯობათ ოფიცრებო.” თავი დაუკრა მათ და გარშემო მიმოიხედა. “და” თქვა მან “ეს კი თქვენი კაბინეტია ექიმო ელტონ, შთამბეჭდავად გამოიყურება. და რამდენადაც ვხვდები, თქვენ ახლა საკუთარ სამუშაო მაგიდასთან ზიხართ და არა მართვის პულტთან, ხო?” მან ყურადღებით შეათვალიერა მაგიდა, “მთლიანად მეტალშია და ვერცხლის ზედაპირი აქვს, არა?”
“მთლიანად ხეა,” თქვა სედრიკმა, “კაკლის.”
“ჰო, რა თქმა უნდა..” ჩაიზუზუნა ჯერიმ. “ეს რა სისულელე ვთქვი. მე მართლა მინდა, შევიდე შენს რეალობაში, გარ.. მინდოდა მეთქვა, ექიმო ელტონ. ან შენ შემოგიყვანო ჩემს რეალობაში. მაგრამ მე არახელსაყრელ პირობებში ვიმყოფები: დაბმული ვარ, ისიც კი არ შემიძლია მივიდე აფთიაქთან და ყვითელი აბი ავიღო, ჩემგან განსხვავებით შენ ეს შეგიძლია. ხო მართლა, ის აბი ჯერ არ მიგიღია?”
“ჯერ არა!” თქვა სედრიკმა.
“აჰ, კარგით, მაშინ იქნებ თქვნი კაბინეტი აღგეწერათ ჩემთვის ექიმო ელტონ?” თქვა ჯერიმ. “მოდი ასეთი თამაშით დავკავდეთ. თქვენ საგნები ნაწილობრივ აღმიწერეთ და ვნახოთ თუ შევძლებ მათ დასრულებას. თქვენი სამუშაო მაგიდით დავიწყოთ. ეს ნამდვილი კაკალია? სპეციალური ეგზემპლიარი? აქედან განაგრძეთ.”
“კარგით,” თქვა სედრიკმა. “აქეთ, ჩემს მარჯვნივ რუხი, პლასტმასის ინტერკომია. ჩემს წინ, პირდაპირ, ტელეფონი.”
“შეჩერდით,” თქვა ჯერიმ, “მოდი ვცადოთ თუ შევძლებ თქვენი ნომერი გითხრათ.” ის მაგიდას დაეყრდნო და ტელეფონს მიაჩერდა, ცდილობდა წონასწორობა შეენარჩუნებინა ხელების დაუხმარებლად, რომლებიც გიჟის ხალათით ჰქონა შეკრული. “ჰმ-მ-მ..”თქვა მან შუბლშეკრულმა. “მალბერი ხუთი ტირე ცხრა ნოლი სამი შვიდია?”
“არა,”თქვა სედრიკმა, “ესაა, სედარ შვ..”
“შეჩერდით!” თქვა ჯერიმ. “მე თვითონ ვიტყვი. სედარ შვიდი ტირე ოთხი სამი ცხრა ცხრა.”
“თქვენ ის ტელეფონზე წაიკითხეთ და ახლა უბრალოდ დროს მხიარულად ატარებთ.” ამოიხვნეშა სედრიკმა.
“რაკი თქვენ ასე ფიქრობთ..” თქვა ჯერიმ.
“აბა რა ახსნა უნდა ჰქონდეს იმას, რომ თქვენ ჩემი ნომერი იცით, მაშინ, როცა ამ რეალობას ვერ ხედავთ?” თქვა სედრიკმა.
“თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით ექიმო ელტონ,” თქვა ჯერიმ, “როგორც ჩანს მე ვხვდები, რა ცრუ ილეთებითაც მეთამაშება საკუთარი გონება. წავიკითხე ნომერი თქვენს ტელეფონზე, მაგრამ ის არ შევიდა ჩემს ცნობიერში. ამის ნაცვლად ის ჩემმა წარმოსახვამ საკუთარ ყალიბში მოაქცია, მე გავითამაშე, რომ ვუყურებდი არარსებულ ტელეფონს და თავად კი ვფიქრობდი, ‘მისი ნომერი ერთ-ერთი ამათგანი იქნება’ მაგალითად ჰელენა ფიტცროის მარს-პორტის სახლის ნომერი, რომელიც დავასახელე კიდეც მაგრამ შევცდი. როგორც კი სედარი ახსენე, უკვე ვიცოდი, რომ ეს შენი სახლის ნომერი იქნებოდა.”
სედრიკი გაუნძრევლად იჯდა. მალბერი 5-9037 მართლა ჰელენას სახლის ნომერი იყო. უბრალოდ ვერ გაიხსენა სანამ ბოსეკმა არ თქვა.
“ახლა კი ნელ-ნელა იწყებთ გაგებას,” თქვა სედრიკმა რამდენიმე წამის შემდეგ. “რაკი ხვდებით, რომ თქვენი ცნობიერებისთვის დახურული იყო რეალობა და მის ადგილს თქვენივე წარმოსახვის ნაყოფი იკავებდა, ეს ნიშნავს, რომ მალე საბოლოოდ განთავსიუფლდებით მისგან. თუ ერთი რამე მაინც დაინახეთ ისე, როგორც ის არის, მაშ ცოტა ხანში თქვენი დანარჩენი ილუზიაც გაქრება.“
“ყველაფერი გავიგე,” ჭკვიანურად თქვა ჯერიმ. “მოდი განვაგრძოთ, იქნებ თვალი ამეხილოს ყველაფერზე.”
თამაში ერთ საათს გაგრძელდა. საბოლოოდ ჯერი თითქმის უშეცდომოდ ასრულებდა სედრიკის დაწყებულ აღწერებს.
“შენ ნამდვილად იწყებ ილუზიისგან თავის დაღწევას.” ემოციურად თქვა სედრიკმა.
ჯერი შეყოყმანდა, “იმედი მაქვს,” თქვა მან. “უნდა დავაღწიო. მე ამას ვგრძნობ, – არაცნობიერ დონეზე რა თქმა უნდა – მართლაც ვიწყებ თქვენი წარმოსახვის აზრობრივი ყალიბების დანახვას. საკმარისია ერთი, ან ორი მინიშნება მომცეთ და დანარჩენს უკვე მე თვითონ ვხვდები. მე ვეცდები. მართლა გულით ვეცდები.. ექიმო სედრიკ.”
“მშვენიერია.” გულიანდ წარმოთქვა სედრიკმა. “ხვალ ისევ შევხვდებით, იგივე დროს. და საღი აზრის გამარჯვებით დავასრულებთ ამ საქმეს.”
როცა ჯერალდ ბოსეკი გაიყვანეს სედრიკი მისაღებში გავიდა.
“დანარჩენი შეხვედრები გააუქმე.” თქვა მან.
“კი, მაგრამ, რატომ?” გაუკვირდა ჰელენას.
“იმიტომ, რომ მე ცუდ ხასიათზე ვარ!” თქვა სედრიკმა. “საიდან იცის ამ გიჟმა, რომელიც გუშინ პირველად ვნახე, შენი ნომერი?”
“შეეძლო სატელეფონო ცნობარში ენახა.”
“ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, პალატაში გამომწყვდეულს?” თქვა სედრიკმა. “შენი სახელი საიდანღა იცოდა გუშინ?”
“შეეძლო უბრალოდ ჩემს მაგიდაზე დაეხედა, ბარათისთვის.” თქვა ჰელენამ.
სედრიკმა ბარათს დახედა.
“ჰო,” ჩაიბურტყუნა მან. “ეგ სულ გადამავიწყდა. უკვე ისე მივეჩვიე, რომ ვეღარც კი ვამჩნევ.”
სწრაფად შეტრიალდა და კაბინეტში შევიდა.
. . . .
ის სამუშაო მაგიდას მიუჯდა, შემდეგ წამოდგა და ლაბორატორიის უბიწო სითითრეში შეაბიჯა. მივიდა აფთიაქთან ისე, რომ ელექტრონული იარაღების ხმაურისთვის ყურადღება არ მუიქცევია. შიგნით, ზედა თაროზე სწორედ ის ბოთლი იდო, რომელიც მას უნდოდა. მასში რამდენიმე თვალისმომჭრელად ყვითელი აბი იყო მოთავსებული. ერთი მათგანი ამოიღო, ბოთლი დადგა და კაბინეტში დაბრუნდა. დაჯდა და ყვითელი აბი თეთრი ბლოკნოტის შუაგულში მოათავსა.
სუსტი კაკუნი გაისმა, მისაღების კარი გაიხსნა და კაბინეტში ჰელენა შემოვიდა.
“ყველა თქვენი დღევანდელი შეხვედრა გავაუქმე.” თქვა მან. “კარგი იქნებოდა ცოტა გაგესეირნათ. თქვენ ცვლილება..” მან შეამჩნია ყვითელი აბი, რომელიც თეთრი ბლოკნოტის შუაგულში იდო და გაჩუმდა.
“რამ შეგაშინათ?” თქვა სედრიკმა. “იმან, რომ თუ მე ამ აბს გადავყლაპავ თქვენ არსებობას შეწყვეტთ?”
“მორჩით ხუმრობას.” თქვა ჰელენამ.
“მე არ ვხუმრობ,” თქვა სედრიკმა. “როცა პირველად მითხარით, რომ თქვენი სახელი ბარათზე იქნებოდა მიწერილი მაშინვე მას დავხედე, თავიდან ძალიან ბუნდოვანი იყო წამით, შემდეგ ნელა გამოიკვეთა და მატერიალიზდა. უცებ გამახსენდა, რომ როცა ვინმეს მდივნად ვიყვან სამსახურში, პრველი რასაც ვაკეთებ არის ის, რომ მისთვის, მისი სახელის ბარათს ვამზადებინებ, ხოლო როცა სამსახურიდან მიდის ამ ბართს საჩუქრად ვატან.”
“ნამდვილად ასეა,” თქვა ჰელენამ. “თქვენ ეს მაშინ მითხარით, როცა პირველად დავიწყე მუშაობა თქვენთან. თქვენ ასევე პირობაც ჩამომართვით, რომ სანამ ერთად ვიმუშავებდით, მე არასდროს დავთანხმდებოდი თქვენთან ერთად ვახშმობაზე შემოთავაზებას, რადგან თქვენ თვლით, რომ სამსახური და პირადი სიამოვნებები ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. ეს გახსოვთ?”
“მახსოვს,” თქვა სედრიკმა, “უარყოფის მშვენიერი საშუალებაა, საკუთარ თავს უარყოფ, რათა სხვისგან უარყოფა თავიდან აიცილო. ეგოს მოფრთხილების მცდელობა, სიგიჟის პირველი ნიშანია.”
“არა,” წამოიყვირა ჰელენამ. “ოჰ, ძვირფასო, მე აქ ვარ! რეალურად! სულ არ მაღელვებს დამითხოვთ თუ არა სამსახურიდან. მთელი ცხოვრება თქვენ მიყვარდით, თქვენ არ უნდა მისცეთ ნება იმ მკვლელს, რომ გაგანადგუროთ. მე მგონია, რომ ის სრულებითაც არაა შეშლილი, უბრალოდ თავი შეშლილად მოაქვს იმის გამო, რომ სასჯელი აიცილოს თავიდან.”
“ასე გგონიათ?” ინტერესით წარმოთქვა სედრიკმა. “შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ მაშინ გამოდის, რომ ის ჩემზე არანაკლები ფსიქიატრია, – გესმით? ეს განცხრომის ილუზიაა.”
“აბა რა..” სიცილით თქვა ჰელენამ. “ნაპოლეონიც შეშლილი იყო, საკუთარი თავი ნაპოლეონი რომ ეგონა.”
“შეიძლება,” თქვა სედრიკმა, “მაგრამ შენ უნდა დაუშვა ის, რომ თუ მართლაც რეალური ხარ, აბის მიღების შემდეგ არაფერი შეიცვლება, ის უბრალოდ დაამტკიცებს ამ ფაქტს, რომ რეალური ხარ.”
“და მთელი კვირით მოგწყვეტთ სამუშაოს.” თქვა ჰელენამ.
“არც ისე დიდი საფასურია საღი აზრის მოსაპოვებლად.” თქვა სედრიკმა. “მორჩა, აბი უნდა მივიღო.”
“არა, არ მიიღებ.” თქვა ჰელენამ და აბისკენ გაიწია.
სედრიკმა ხელის სტაცა აბს, სანამ ჰელენა მისწვდებოდა. იმის გამო, რომ ის ცდილობდა ხელიდან გამოეგლიჯა, სედრიკი მას მოშორდა და აბი პირში ჩაიდო. ხმამაღალი ყლუპის ხმა გაისმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას უკვე გადაეყლაპა აბი.
ჩამოჯდა და ჰელენას ცნობისმოყვარე მზერა მიაპყრო.
“მითხარი ჰელენა,” ფრთხილად წარმოთქვა მან. “ყოველთვის იცოდი, რომ მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყავი? იმიტომ გეკითხები, რომ…”
მან თვალები დახუჭა და სახე ხელებში ჩარგო.
“ღმერთო,” ამოიკვნესა მან. “ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ვკვდები. ადრე ასე არ მომსვლია, როცა პირველად გადავყლაპე აბი.” უეცრად გონზე მოვიდა და აზრები უფრო ნათელი გაუხდა. თვალები გაახილა.
მის წინ მდგარ მართვის პულტზე ყვითელი აბების ბოთლი იდო, აბები აქეთ-იქით იყო მიმობნეული. მოპირდაპირე მხარეს კი, ჯერი ბოსეკი იწვა, ოთხიდან ერთერ კარადაზე ზურგით მიყრდნობილი, ხვრინავდა, უამრავი თოკი ეხვია გარშემო, ალბათ წამოდგომასაც კი ვერ შეძლებდა მათ გამო.
შორეულ კედელთან კიდევ სამი კარადა იდგა, ორ მათგანს საღებავი ჰქონდა მომწვარი, ხოლო მესამეს კარადის კარი თითქმის ბოლომდე დამდნარიყო.
გარდა ამისა, ოთახში სხვადსხვა პოზაში დარჩენილი, ნახევრად დამწვარი, ლურჯი, ვენერელი ხვლიკები ეყარნენ.
გარის მკერდში, ყრუ ტკივილმა გაიღვიძა. ჰელენა ფიტცროი გამქრალიყო. გამქრალიყო, მას შემდეგ რაც აღიარა, რომ უყვარდა იგი.
გარს, დაკარგული მეხსიერება დაუბრუნდა. სედრიკ ელტონი ის ფსიქიატრი იყო, რომელიც მას, სატვირთო კოსმიური ხომალდისთვის, ლიცენზიის მისაღებად ამზადებდა.
. . . .
“ღმერთო,” კიდევ ერთხელ წამოიკვნესა გარმა. და უეცრად გული აერია. ტუალეტში შევარდა და ცოტა ხნის შემდეგ თავი, უკეთესად იგრძნო.
როცა მხრებში გასწორდა, სარკეში საკუთარ ანარეკლს მიაჩერდა და დიდხანს უყურა: თავის ჩაცვენილ ლოყებს და ჩამქრალ თვალებს. ეტყობოდა, რომ ორი-სამი დღე გაგრძელდა მისი სიგიჟე.
პირველად. საშინელება!Mმას ხომ არასდროს სჯეროდა კოსმიური შიზოფრენიის.
უცებ ჯერი გაახსენდა. საწყალი ჯერი.
სასწრაფოდ შებრუნდა ოთახში. ჯერის უკვე ეღვიძა. მან ნაძალადევი ღიმილით ამოხედა გარს. “სალამი ექიმო ელტონ.” თქვა ჯერიმ.
გარი ადგილზე გაქვავდა.
“გამოვიდა, ექიმო ელტონ, ზუსტად ისე, როგორც თქვენ თქვით.” თქვა მან და უფრო ფართოდ გაიღიმა.
“დაივიწყე ეგ.” დაიღრიალა გარმა. “ყვითელი აბი გადავყლაპე და უკვე დავუბრუნდი რეალობას.”
ჯერის ღიმილი წამში გაუქრა სახიდან. “მე ახლა უკვე ვაცნობიერებ, რაც ჩავიდინე.” თქვა მან. “ეს საშინელებაა. ექვსი ადამიანი მოვკალი. მაგრამ ახლა სრულ ჭკუაზე ვარ. მინდა ისე დავისაჯო როგორც დავიმსახურე.
“დაივიწყე!” იღრიალა გარმა. “აღარ გინდა ჩემთან თამაში. ერთი წუთით მაცადე, ხელებს გაგიხსნი.”
“მადლობა ექიმო,” თქვა ჯერიმ. “მართლა დიდი შვება იქნება ჩემთვის, თუ ამ გიჟის ხალათს გამხდით.”
გარმა დაიჩოქა, თოკები შეხსნა და ხელები, ფეხები და ტანი გაუთავისუფლა.
“ერთი წუთში მშვენივრად იქნები.” თქვა გარმა და ჯერის ხელების მასაჟირება დაიწყო. ერთ ადგილას ჯდომისგან მიღებული, ფიზიკური და ნერვული დაძაბულობა მოეხსნა.
მასაჟის წყალობით, სისხლის მიმოქცევა ორგანიზმში განახლდა და უკვე ფეხების გამოძრავებაც შეძლო.
“თქვენ არ ინერვიულოთ ექიმო ელტონ.” თქვა ჯერიმ. “არ ვიცი რატო დავხოცე ეს ხალხი, მაგრამ ვიცი, რომ ასეთ რამეს აღარასდროს აღარ ჩავიდენ. ალბათ ჭკუიდან ვიყავი შეშლილი.”
“ფეხზე წამოდგომას შეძლებ?” თქვა გარმა და ჯერის გზა დაუთმო.
ჯერიმ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ჯერ უკან მერე წინ. თავდაპირველად ძალიან არეულად, შემდეგ უკვე წონასწორობაც აღიდგინა. თუმცა ამ ვარჯიშებით, ის ჯერ კიდევ რობოტს ჰგავდა.
გარს კიდევ ერთხელ მოუნდა რწყევა. მაგრამ სძლია ამ გრძნობას.
“ახლა უკეთ ხარ ჯერი, ბიჭუნა?” მზრუნველად ჰკითხა მან.
“ახლა მშვენივრად ვარ ექიმო ელტონ.” თქვა მან. “დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ.”
უეცრად ჯერი მოტრიალდა, ჰერმეტული კარისკენ გაემართა და კარი გააღო.
“ნახვამდის ექიმო ელტონ.” თქვა მან.
“მოიცა.” იყვირა გარმა და ჯერის მიმართულებით გაქანდა.
მაგრამ ჯერი გავიდა და კარი დახურა. გარმა სცადა მისი გახსნა მაგრამ ჯერის უკვე მოესწრო მისგან ჰაერის გამოტუმბვა.
ის ხედავდა როგორ იყურებოდა ჯერი კარისკენ და იღიმოდა. მან ბორბალი გადაატრიალა, რომლის შედეგადაც გაიხსნა კარი კოსმიურ უსასრულობაში და მასში შეაბიჯა.
ჯერის სახელის ყვირილში, საშინელებით მოცულმა გარმა, კარის სქელი შუშიდან დაინახა, როგორ გაუფართოვდა მას მკერდი, გასკდა და იქცა ლორწოვან სითხედ, რომელსაც ნესტოებიდან და ტუჩებიდან წამოსული სისხლიც შეერია. თვალები გაუფართოვდა და გადმოეკარკლა. ერთი მათგანი გადმოვარდა და დაიმსხვრა, მეორე – ლოყაზე ჩამოენთხა.
და როცა საბოლოოდ ყვირილი შეწყვიტა და აქვითინებულმა თავი სამუშაო მაგიდაზე ჩამოდო, თითის სახსრები დამსხვრეული და სისხლიანი ჰქონდა მეტალზე ბრახუნისგან.