- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პაატა შამუგია
1. როდესაც ალკოჰოლზე, მით უმეტეს, ალკოჰოლზე და ლიტერატურაზეა საუბარი, ამ დროს პირველი, ვინც მახსენდება, ჩარლზ ბუკოვსკია. პოეზიის უკანასკნელი მეგავარსკვლავი ლოთობითაც ისეთივე ცნობილი იყო, როგორც პოეზიით. კიდევ ჩხუბით, არაპოლიტკორექტულობისთვის ბოდიში და, ქალებითაც... ერთი სიტყვით, ბოჰემური პოეტის სრული პაკეტი – ხაიამის წმინდა სამება – ღვინო, დუდუკი, ნაშობა. დუდუკი ალბათ ნაკლებად, თუმცა ანდერგრაუნდის„მედუდუკე“ ტომ უეითსი კი მღეროდა მის ლექსებს.
„ალკოჰოლი ერთ–ერთი უდიდესი რამეა დედამიწაზე. ის ბევრისთვის მავნებელია, მაგრამ არა ჩემთვის. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, მთვრალი ვაკეთებ“, – ასე ამბობდა ბუკოვსკი ერთ–ერთ ინტერვიუში. ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ ეს ძალიან გენიალური ლოთი უკვე ქართულადაც ითარგმნა და წიგნის მაღაზიებში ლიტრი ჭაჭის ფასად შეიძენთ. (მთარგმნელები: ზაზა კოშკაძე, ალექს ჩიღვინაძე და ლევან კავლელი)
2. და რახან ბუკოვსკით დავიწყეთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მისი დიდი წინაპარი – ერნესტ ჰემინგუეი, ამერიკული ლიტერატურის ერთ–ერთი სახე. თუნდაც, მისი რომანი „აღმოხდების მზე“ (ქართულად ასე თარგმნეს The sun also rises), ცალკეული მოთხრობები. ცნობილი ამბავია, რომ თავადაც დაახლოებული იყო ალკოჰოლთან. მისი მეგობარი ხუმრობით ამბობდა, რომ ჰემინგუეი თითო ფურცელს თითო ჭიქა სასმლის ხარჯზე წერდა. წარმოდგენაც კი არ მინდა, რამდენი ტომი აქვს დაწერილი და ამ ტომებში რამდენი ათასი გვერდია და ამ ათასობით გვერდში რამდენი ათასი ჭიქა ალკოჰოლი შთაინთქა.
დამეთანხმებით, რთული რამეა მწერლობა.
3. მწერლობა რთული იყო საბჭოთა კავშირშიც. შეიძლება, ყველა რთულიც კი. თუმცა, საბჭოთა კავშირში სმა იყო ადვილი. უფრო სწორად – იაფი. ნუ, მშრალი კანონის შემოღებამდე მაინც. ამიტომაც საბჭოთა ლიტერატურაში ალკოჰოლი ლამის ერთ–ერთ ლიტერატურულ პერსონაჟად იქცა. თუმცა, საბჭოთა თრობის მთავარი მემატიანე, ჩემი აზრით, მაინც ვენედიკტ ეროფეევია, კონკრეტულად კი, მისი პოემა–რომანი „მასკვა–პეტუშკი“. წიგნი გვიყვება ავტორის ოდისეაზე, რომელიც კრემლიდან იწყება და მთავრდება კრემლითვე. ყველა გზა კრემლში მიდიოდა – მაშინ ასე იყო. ახლა როგორაა, მთლად კარგად არ ვიცი, თუმცა, ეს არაა მთავარი, წიგნში ბევრი ალკოჰოლია, მაგრამ არც ესაა მთავარი და უცენზურო სიტყვებით რომაა გავსებული, რასაკვირველია, არც ესაა მთავარი. ეს რომანი სინამდვილეში, სულ სხვა რამეზეა და ამ სხვა რამის გამო ის დიდად არ უყვარდათ საბჭოთა კავშირში. კაფკასეული აბსურდი, გაურკვევლობა და კრემლი, როგორც გარდაუვალი და ფატალური სიმბოლო. და ბევრი არაყი, ძალიან ბევრი. ბუძიმ პიწ, დრუზია, – ასე იტყოდა ეროფეევი – პირველი რუსი პოსტმოდერნისტი.
4. რუსული პოსტმოდერნის ბიბლიიდან კანონიკურ ბიბლიაზე გადასვლა იმედია დიდ მკრეხელობად არ ჩამეთვლება. ბიბლიურ ტექსტებში ალკოჰოლი, კერძოდ კი, ღვინო სხვადასხვა კუთხით და შინაარსით ჩნდება, თუმცა ის აკრძალვათა ნუსხაში არ შედის. პირიქით, ეკლესიასტე ასეც წერს: „დალიეთ ღვინო მხიარული გულით.“ ერთ–ერთი ფსალმუნის მიხედვით კი, საკუთარი ვენახიდან ღვინის სმა უფლის წყალობად მიიჩნევა. ერთადერთი, რასაც რელიგიური ლიტერატურა გმობს, გადაჭარბებული სმაა. ასე რომ, მორწმუნეებსაც და ათეისტებსაც შეგიძლიათ მიეტანოთ ღვინოს, ოღონდ ზომიერად. ღმერთის თუ არა, „პახმელიის“ მაინც გეშინოდეთ.
5. შიში იქით იყოს და, ეს მინიმიმოხილვა სხვა ავტორით რომ დავასრულო, ბოდიში სლენგისთვის და, ხამობა იქნება. ხამობას ხაიამობა სჯობს, ამიტომაც ომარ ხაიამის ლექსით დავასრულებ საუბარს:
შეეშვი ლოცვას, დაეხსენი რწმენის მარწუხებს
იყავ კეთილი და შენს მოძმეს ნუ შეაწუხებ.
მომეცი ღვინო და იმ ქვეყნად როცა წარვდგებით,
იქ, სამსჯავროზე, შენს მაგივრად მე ვუპასუხებ
მას შემდეგ, რაც კი მზე და მთვარე ცაზე კიდია,
მადლი ღვინისა ამა ქვეყნად დიდზე დიდია,
ისინი, ღვინოს გასაყიდად რომ იმეტებენ,
ვერ გამიგია, ღვინოზე კარგს რას იყიდიან.