• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ყოველ საღამოს

×
ავტორის გვერდი პაბლო ნერუდა 12 იანვარი, 2016 6907
თარგმანი ინგლისურიდან:  ალექსანდრე გაბელია
 
 
ყოველ საღამოს
 
 
საყვარელო
 
საყვარელო,
 
სწორედ ამგვარად, გაზაფხულის  ცივ  ქვასთან,
 
წყალი  ქაფის ფართო გაელვებას ხსნის,
 
და იბადება  ღიმილი შენ სახეზე,
 
საყვარელო.
 
 
 
საყვარელო,
 
ვერცხლის პონის მსგავსად
 
ნაზი ხელებითა და აშოლტილი ფეხებით,
 
სეირნობ, აყვავილებ სამყაროს,
 
                                                        და ამგვარად შეგიცნობ შენ,
 
საყვარელო.
 
 
 
საყვარელო,
 
სპილენძის ბუდე  იხლართება
 
შენს თავზე,
 
ბუდე - შეფერილი ბნელი თაფლით,
 
იქ სადაც ჩემი გული იწვის და ისვენებს,
 
საყვარელო.
 
 
 
საყვარელო,
 
შენი თვალები  ძალიან დიდია შენი სახისთვის,
 
შენი თვალები ძალიან დიდია დედამიწისთვის.
 
 
 
შენს თვალებში
 
ბუდობენ ქვეყნები, ბუდობენ მდინარეები,
 
ჩემი ქვეყანა კი შენი თვალებია,
 
მე ვსეირნობ მათზე,
 
ისინი  იმ სამყაროს ანათებენ
 
რომელზეც ვსეირნობ,
 
საყვარელო.
 
 
 
საყვარელო,
 
შენი  ძუძუები  ფუნთუშებს ჰგვანან,
 
მათ შექმნეს მარცვლოვანი დედამიწა და ოქროსფერი მთვარე,
 
საყვარელო.
 
 
 
საყვარელო,
 
შენი წელი,
 
შენი მკლავი მდინარის ფორმას იღებს
 
როცა ის  შენი ტკბილი სხეულის ათასობით ნაღველს  მიდენის,
 
საყვარელო.
 
 
 
საყვარელო,
 
არ არსებობს არაფერი შენი თეძოების დარი,
 
იქნებ დედამიწა მალავს
 
რაიმე  ადგილს
 
შენი სხეულის მიხვრა-მოხვრითა  და სურნელით.
 
იქნებ   სადმე იმალები,
 
საყვარელო.
 
 
 
საყვარელო, ჩემო საყვარელო,
 
შენი ხმა, შენი კანი, შენი ფრჩხილები,
 
საყვარელო,  ჩემო საყვარელო,
 
შენი სიცოცხლე, შენი სინათლე,  შენი ჩრდილი,
 
საყვარელო,
 
ეს ყველაფერი ჩემია, საყვარელო.
 
ეს ყველაფერი ჩემია, ძვირფასო,
 
როცა სეირნობ ან ისვენებ,
 
როცა მღერი, ან გძინავს,
 
როცა კვნესი ან ოცნებობ,
 
ყოველთვის!
 
როცა ახლოს ხარ, როცა მშორდები,
 
ყოველთვის!
 
შენ ჩემი ხარ, საყვარელო,
 
ყოველთვის!
 
 
 
 
 
ყველაზე სევდიანი პოემა
 
 
 
მე შემიძლია ყოველ საღამოს დავწერო ყველაზე სევდიანი პოემა.
 
დავწერო, თუნდაც: „ღამე  არემარეს ავსებს
 
მოცახცახე ვარსკვლავებით“
 
 
 
ღამის ქარი  ბობოქრობს ცაზე   და მღერის.
 
 
 
მე შემიძლია ყოველ საღამოს დავწერო ყველაზე სევდიანი პოემა.
 
მე მიყვარდა ის და ხანდახან მასაც ვუყვარდი.
 
ამგვარი ღამეების დროს ჩავიხუტებდი ხოლმე
 
და უსასრულო ცის ქვეშ ვკოცნიდი დაუსრულებლად.
 
 
 
მას ვუყვარდი და ხანდახან მეც მიყვარდა.
 
ჩემში ვგრძნობ ისევ, როგორც უწინ, უძირო თვალებს.
 
 
 
მე  შემიძლია ყოველ საღამოს დავწერო ყველაზე სევდიანი პოემა.
 
ფიქრით რომ ის ჩემი აღარაა,  შეგრძნებით, რომ ის დავკარგე.
 
 
 
უსაზღვრო  ღამის მიყურადებით, რომელიც მის გარეშე კიდევ უფრო უსაზღვრო ხდება,
 
და პოემა  ჩემს სულში ეცემა,  როგორც  ნამი ბალახზე.
 
 
 
რას მოასწავებს  ეს, რომ მე  ვერ შევძელი მისი გადაყვარება,
 
ღამე სავსეა ვარსკვლავებით და ის ჩემთან არ არის.
 
 
 
სულ ეს არის. სადღაც შორს ვიღაც მღერის, სადღაც შორს.
 
ჩემი სული  მის გარეშე დაკარგულია.
 
 
 
თითქოს მოვიზიდე ჩემთან ახლოს,  ჩემი თვალები მას დაეძებენ
 
ჩემი გული მას დაეძებს და ის ჩემთან არაა.
 
 
 
იგივე ღამეები ათეთრებენ ხეებს.
 
ჩვენ, ჩვენ, ვინც ვიყავით...აღარ ვართ ერთად.
 
 
 
მართალია, უფრო მძაფრად აღარ მიყვარს, მაგრამ როგორ მიყვარდა!
 
ჩემი ხმა დაეძებდა ქარს, რათა  მის ყურთან მისულიყო.
 
სხვისი!  და შენ გახდები სხვისი
 
და ჩემი კოცნების მსგავსად სხვის კოცნებს მიისაკუთრებ.
 
მისი ხმა,  კაშკაშა სხეული,  უსაზღვრო თვალები.
 
 
 
მართალია, უფრო მძაფრად აღარ მიყვარს, მაგრამ იქნებ მიყვარს?!
 
სიყვარული ასეთი მოკლეა, დავიწყების გზა დაუსრულებელი.
 
 
 
რადგან ამ ღამეების მსგავსად  ჩავიხუტებდი,
 
ჩემი სული მის გარეშე დაკარგული ხდება.
 
 
 
და იქნებ,  ეს უკანასკნელი ტკივილია, რასაც მისგან ვიღებ
 
და  იქნებ,  ეს უკანასკნელი პოემაა,  რომელსაც მას ვუძღვნი.
 
 
 
 
 
 
 
შეკითხვა
 
 
სიყვარული შეკითხვაა
 
რომელმაც გაგანადგურა.
 
 
 
მე  ეკალნადები გაურკვევლობიდან
 
დავბრუნდი შენთან.
 
 
 
მე შენ მჭირდები მახვილისა თუ გზის  მსგავსად
 
 პირდაპირი.
 
 
 
მაგრამ შენ  დაჟინებით მთხოვ
 
რათა  შევქნა ჩრდილი  ცეცხლთან,  მე კი ეს არ მსურს.
 
 
 
ჩემო სიყვარულო,
 
გთხოვ, გამიგე,
 
მთელი არსებით მიყვარხარ,
 
თვალებიდან ფეხებამდე, ფეხის ფრჩხილებამდე,
 
შინაგანი არსითა
 
და ყველა ბრწყინვალებით, რაც შენში ბუდობს.
 
 
 
ეს ჩემი სიყვარულია, ეს მე ვარ,
 
ვინც  კარებზე  აკაკუნებს.
 
ეს მოჩვენება არ არის,  არ არის ის,
 
ვინც უკვე ერთხელ გაჩერდა შენს ფანჯარასთან.
 
მე  ვანგრევ  კარებს:
 
შემოვდივარ შენს სამყაროში:
 
შემოვდივარ შენი სულის არსებობაში,
 
შენ არ შეგიძლია შემებრძოლო.
 
 
 
შენ უნდა გააღო კარები,
 
შენ უნდა დამიმორჩილო,
 
შენ უნდა გააღო თვალები,
 
 და აირეკლო ის,  რასაც  მათში ვეძებ,
 
შენ უნდა დაინახო, თუ  როგორ დავეხეტები უკლებლივ ყველა ქუჩაზე
 
მძიმე ნაბიჯებით,
 
და ეს  ფარდაა, სადაც მიცდიდი.
 
 
 
ნუ გეშინია,
 
მე შენი ვარ
 
მაგრამ მე არ ვარ მგზავრი ან  უპოვარი,
 
მე შენი პატრონი ვარ,
 
ის ვისაც უცდიდი,
 
და ახლა მე შემოვდივარ
 
შენ ცხოვრებაში,
 
ვეღარ  მიმატოვებ...
 
სიყვარულო, სიყვარულო, ჩემო  სიყვარულო,
 
  დარჩი.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული