- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
(ალენ გინსბერგის „ამერიკის“ მოტივებზე)
საქართველო, მე შენს სიყვარულს თავი შევწირე და ახლა პახმელიაზე ვარ.
საქართველო, ხინკალი ხუთი კაპიკი, ხბოს მწვადი ათი შაური, 1989 წლის 9 აპრილი.
საქართველო, მე ჩიპიანი პასპორტი მაქვს.
საქართველო, როდის შეწყვეტ მომიტინგეთა ხოცვას?
ტრაკში გაიკეთე შენი ტანკი "ლაზიკა"
საქართველო, ნუღარ მაღვიძებ დილაობით, ეს მე მაწუხებს.
23 წლის ასაკში ჭკუიდან შემშალე და მას მერე ლექსებს ვწერ.
როდის გაბრწყინდება იბერია?
როდის გაიხდის რიგითი ზონდერი ფორმას და მიცეკვებს სტრიპტიზს?
როდემდე უნდა იწვე საფლავში თვალებდაჭყეტილი?
როდის ეღირსები მილიონ ლიბერალს?
რატომაა შენი წიგნები სავსე ცრემლებით და პარანოიით?
საქართველო, როდის გავხდებით ეკონომიკური სინგაპური?
მე უკვე გული მერევა შენს იდიოტურ მოთხოვნებზე.
როდის დაგვირიგებენ "პოპულში" გუდის ყველს და ჯონჯოლის მწნილს პატრიარქის სიყვარულისთვის?
მომავალი ხომ შენია, ბოლოს და ბოლოს.
საქართველო, შენი ნარცისიზმი მეტისმეტია ჩემთვის.
შენი შემყურე წმინდანობაზე ვოცნებობ.
უნდა არსებობდეს გამოსავალი ამ ჩიხიდან.
საქართველო, სულხან-საბა და ფალიაშვილი კათოლიკეები იყვნენ და ეს ტრაგედიაა.
შენ მართლა ტრაგიკული ხარ თუ ეს შენი ერთგვარი ხუმრობაა?
ვცდილობ, საღად შევხედო ყველაფერს.
მე არ ვაპირებ უარი ვთქვა საკუთარ “მკრეხელურ” აზრებზე.
საქართველო, შეწყვიტე ჩემზე ზეწოლა, მე შენზე ასჯერ ჭკვიანი ვარ და უკეთ ვიცი, რას ვწერ.
საქართველო, შენ უკვე დასპირტულ ღვინოს ყიდი.
თვეებია გაზეთი არ წამიკითხავს, ყოველდღე ვიღაცას იჭერენ ქრთამის აღებისთვის და სამშობლოს ღალატისთვის.
საქართველო, მე არაფერს ვგრძნობ, როცა ჩვენი რაგბის ნაკრები იგებს.
მე არასდროს ვყოფილვარ ეროვნული მოძრაობის წევრი და ამას არც ვნანობ.
მე მხარს ვუჭერ მოსაწევის ლეგალიზაციას.
დილიდან საღამომდე სახლში ვგდივარ და ვარდებს ჩავყურებ უნიტაზში.
მე ხშირად ვსვამ სამედიცინო უნუვერსიტეტის ინდოელ სტუდენტებთან და იქ არასდროს არავის გავუპიზდივარ.
საქართველო, ხომ ხედავ?! ვიღაცამ გონება მომიწამლა საშიში აზრებით.
ერთი ჩემი სახე განახა, როცა შენს ჰიმნს ვუსმენ.
ჩემი ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელი ვარ.
მე მოძღვარიც კი არ მყავს.
მე მაჯლაჯუნებს და სულთამხუთავებს ვხედავ დილის ზმანებებში. საქართველო, ჯერ მე არ მითქვამს შენს ლტოლვილ შვილებზე, შენ რომ განდევნე. ისინი ცხოვრობდნენ ფერმაში, ვლადიკავკაზის შემოგარენში, შუქი და გაზი ჰქონდათ და საჭმელს ცხიმი არასდროს აკლდა.
შენ გეუბნები, საქართველო.
ნუთუ ნებას მისცემ ტელეკომპანია „კავკასიას“, რომ შენი სახელმწიფოებრიობა ჩამოიშალოს?
მე შეპყრობილი ვარ ტელეკომპანია „კავკასიით“.
მე მას ყოველდღე ვუყურებ.
ის ყოველთვის მითვალთვალებს აქუბარდიას სახით, როცა ფეხაკრეფით შევდივარ აფთიაქში პრეზერვატივის და ბავშვის საჭმლის საყიდლად.
ის მიხსნის, რამხელა პასუხისმგებლობაა იყო ქართველი. პოლიტიკოსები სერიოზულ როჟებს კერავენ. მწერლები სერიოზულ როჟებს კერავენ.
ყველა საოცრად სერიოზულია, ჩემს გარდა.
ახლა ვხვდები, რომ მე თვითონ ვარ საქართველო
და ისევ ჩემს თავს ვეკაჩავები.
მთელია აზია მხარს მიჭერს რეფორმებში.
აქ ჩინელს ჩემზე მეტი პერსპექტივა აქვს.
დროა გავიაზრო ჩემი ეროვნული რესურსები.
ჩემი ეროვნული რესურსებია: მეგრული პლანი, მილიონობით მოწყენილი სასქესო ორგანო,
უამრავი უაზრობა, რაც იბეჭდება და ტერიტორია, რომელსაც რუსული ტანკი ერთ საათში გაივლის.
და ასევე ოცდახუთი ათასი საქციელი, რომელიც ქართველს არ ეკადრება.
აღარ ვლაპარაკობ ციხეებზე და მილიონობით უსახლკაროზე
რომლებიც ჩემს საყვავილეში ცხოვრობენ, გათოშილები, ამ ცხრათვალა მზის ქვეყანაში.
საქართველო, მე მოვიარე პრაღის სტრიპ-ბარები და გარწმუნებ, ახლა ევროპაში ინტეგრაციის დროა.
ჩემი მიზანია პრეზიდენტი გავხდე, იმის მიუხედავად, რომ ათეისტი ვარ.
საქართველო, როგორ უნდა გადღეგრძელო, როცა ასეთი სევდიანი ხარ.
მე ზარიძეების ხინკალს ვგავარ, ჩემი სტროფები ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც მისი ნაოჭები. მათ სქესიც კი აქვთ.
საქართველო, მე ლექსებს დავწერ შენზე და შენვე მოგყიდი შენს საშინელ გაზეთებში გამოსაქვეყნებლად.
საქართველო, თავისუფლება ცოტნეს!
საქართველო, სიმონ კანანელი და ანდრია პირველწოდებული მცხეთის შესასვლელთან!
საქართველო, ყივჩაღები ჩამოასახლე!
საქართველო, თურქული “ზავიდენიები” არ უნდა დაიხუროს პლეხანოვზე!
საქართველო, ეს მე ვარ, - ბოლოკა “ღიმილის ბიჭებიდან”!
საქართველო, 12 წლის იეჰოვას მოწმეთა კრებებზე დავდიოდი, მათ სუფთად ეცვათ, ანგელოზური სახეები ჰქონდათ და ძალიან სწუხდნენ თავიანთ მართლმადიდებელ ნათესავებზე, რადგან გულწრფელად სწამდათ, რომ ისინი არმაგედონს ვერ გადაიტანდნენ.
ვერ წარმოიდგენ, როგორ ტეხავს, იყო იეჰოვას მოწმე
როცა ხალხს სწამს, რომ მსოფლიოს გაბრწყინება გლდანის ეპარქიიდან იწყება და ამას ბიბლია წინასწარმეტყველებს.
საქართველო, ჩვენ ყველანი ჯაშუშები ვართ მაგრამ არ ვიცით ეს. ოდესმე პროკურატურა და ტელე-იმედი ერთობლივად აგვიხელს თვალს ამ ყველაფერზე.
საქართველო, შენ ხომ არ დაგიწყია აგვისტოს ომი?!
ეს ისინი, - ცუდი რუსები იქცევიან ასე.
ისინი, - რუსები, ისინი, - რუსები და ისინი, - ჩინელები. და რუსები.
რუსებს უნდათ ცოცხლად შეგვჭამონ. რუსეთი ოკუპანტია.
საქართველო, მე მინდა, რომ გაზი აღარ მოგპარო, მაგრამ მეც ურთულესი გამოწვევების წინაშე ვდგავარ, შენსავით.
რა დროს გაზის გადასახადია, როცა რუსებს უნდათ ცოცხლად შეგვჭამონ?!
მათ ჩვენი ღვინო და მინერალური წყლები ჭირდებათ მოსკოვში, საკუთარ ონკანებში.
მათ უნდათ ენა და მიწა-წყალი წაგვართვან;
ციმბირის ვიზა გაგვიმარტივონ.
მათი კასეტური ბომბების პოლიტიკა ანგრევს ჩვენს მზარდ ეკონომიკას.
მათ სჭირდებათ ათლეტური კავკასიელები მუშებად.
ისინი გვაიძულებენ თექვსმეტი საათი ვიმუშაოთ დღეში.
გვიშველეთ!
საქართველო, ეს ძალიან სერიოზულია, ჩიტის გულიც ვერ მოითმენდა!
საქართველო, მე შენსავე ტელე-არხებზე მოსმენილს გიმეორებ.
საქართველო, ასე არ არის?!
ვიცი, აჯობებს სამსახური ვიშოვო.
მართალია. მე არ მინდა რეზერვში. მე არ მინდა ვიცოდე იარაღის დაშლა და აწყობა რვა წამში.
მე ახლომხედველი ფსიქოპატი ვარ, ბოლოს და ბოლოს.
საქართველო, მე შენსკენ ვარ სინამდვილეში, რაც არ უნდა გარყვნილს მეძახდე.
ილუსტრაცია: ჯიმ ფიგორა