არაგრამატიკული ბუსკნაობა





პოეზია

არაგრამატიკული ბუსკნაობა




„ისეთივე სნობი ვარ, როგორც გადაშენების  გზაზე მდგარი ნამდვილი ევროპელი“
 
 
არასოდეს ვწყალობდი მორფოლოგიას, არც სინტაქსს,
 
ბრუნებაც მექანიკურად ვიცი,  კვეცა და კუმშვა ლიტერატურის კითხვიდან,
 
არც ფილოლოგია შემისწავლია, ამ გაუგებრობაში შემთხვევით მოვხვდი,
 
ამრიგად, არც წერის ტექნიკა მაქვს და არც სტილისტური სილამაზის აღქმა,
 
ჩემი ლექსებიდან ნურაფერს ელით,
 
მე მექალთანე ვარ.
 
 
 
ვიღაცას ჰგონია, რომ თეთრ ლექსებს ვწერ, მაგრამ ის მწარედ ცდება,
 
რითმის დაცვა ოსტატობას მოითხოვს, მე კი ის არ მაქვს,
 
მარცვლების თვლა და ლექსის ქსოვაც ხომ ეგოიზმია,
 
არანაირი სულის გამოძახილი, მხოლოდ თვითაპოთეოზური გმინვა.
 
 
 
ლიტერატურული დელირიუმის მეჩხერში, ვწყვეტ გიუნტერ გრასის კითხვას,
 
დროა აბსისტენციის ფონზე ბარიგობას მივჰყო ხელი, ვყიდი ბროდსკის,
 
მწვავე ფსიქოზი, მხედველობითი ჰალუცინაციები და ბოდვითი გზნება,
 
იაფასიანი ტაბლეტები მაინც რამდენს შვრება.
 
 
 
ჰანეკე ამბობს, ყველა ფილმი მანიპულაციურია, მაყურებლის გაჟიმვაა,
 
კითხვა იმაში მდგომარეობს, რატომ ჟიმავ?
 
მკითხველის ექსპლუატაციაც გარკვეული მიზნებით ხდება,
 
ძირითადი მოტივატორი მაინც გადრანჯვაა.
 
 
 
წერ იმიტომ რომ გახდე ცნობილი,
 
პოპულარობის თვითმიზანია შეყვარდე ხალხს,
 
კოლექტიური სიყვარულის ობიექტად ქცევა მხოლოდ იმისთვის,
 
რომ დააღწიო თავი მარტოობას და რა თქმა უნდა, იხმარო ყველა.
 
 
 
შენი წიგნი ბესტელერი გახდება, ვიტრინებს შენი პოსტერები დაამშვენებენ,
 
ივლი ალაფურშეტებზე უფასოდ, წარმოთქვამ რამდენიმე ბრძნულ აზრს,
 
სანაცვლოდ მიიღებ ბიმბოთა ნომრების ანთოლოგიას და დიდ კაპიტალს,
 
მაგრამ ამ ურეთრას თუ ეშველება რამე, ეს კითხვა მკლავს.

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.