ღია ურთიერთობა





პოეზია

ღია ურთიერთობა




ფრანგულიდან მთარგმნელი: თინათინ ნოღაიდელი-მიშელი

 

ჩემი ცოლი ბუხარში აალებული შეშის კოცონის თმებით

მწველი ელვის ფიქრებით

ქვიშის საათის წელით

ჩემი ცოლი ვეფხვის კბილებში მოქცეული წავის წელით

ჩემი ცოლი ბაფთის

და ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავების თაიგულის ტუჩებით

თეთრი თაგვის თეთრსავე ქვიშაზე დანატოვარი კვალივით კბილებით

ხახუნის ძალით დამუხტული

ქარვისა და შუშის ენით

ჩემი ცოლი განგმირული სეფისკვერის ენით

იმ თოჯინის ენით თვალებს რომ ახელს და ხუჭავს

დაუჯერებლად გაქვავებული ენით

ჩემი ცოლი ბავშვის საწერი ჩხირების წარბებით

მერცხლის ბუდის ნაპირის წამწამებით

ჩემი ცოლი ორანჟერეის ჭერზე დაფენილი ნაცრისფერი კრამიტის

და შუშაზე მომდგარი ორთქლის საფეთქლებით

ჩემი ცოლი შამპანურის და

გაყინული დელფინისთავიანი შადრევნის მხრებით

ჩემი ცოლი ასანთის ჩხირების ხელის მტევნებით

ჩემი ცოლი ბედ-იღბლის და გულის ტუზის თითებით

მოცელილი თივის თითებით

ჩემი ცოლი სიასამურის ბეწვისა და წაბლის ქერქის

წმინდა იოანეს ღამის

კვიდოს ბუჩქის და ოქროს თევზის საბუდარის იღლიებით

ზღვის ქაფის და კაშხლის

და ფქვილის და წისქვილის ნაზავის მკლავებით

ჩემი ცოლი რაკეტასავეთ ატყორცნილი ფეხებით

მოძრავი საათის მექანიზმივით და სასოწარკვეთილი წინსვლით

ჩემი ცოლი ანწლის ღეროს კანჭებით

დასაბამივით - ტერფებით

ტერფები - როგორც გასაღებების ასხმა დაყრილი ბეღურების ფეხქვეშ რომლებიც წყურვილს იკლავენ

ჩემი ცოლი ყელზე ქერის მარგალიტებით

ჩემი ცოლი ოქროს ველების უბით

თვით ნიაღვრის სარეცელში დათქმული პაემნით

ღამის ძუძუებით

ჩემი ცოლი თხუნელის წყალქვეშა სოროს ძუძუებით

ჩემი ცოლი ლალის ჯოჯოხეთის ცეცხლის ძუძუებით

ცვრის ქვეშ მწოლი ვარდის აჩრდილის ძუძუებით

ჩემი ცოლი დღეების მარაოს გადაფურცვლის მუცლით

ვეებერთელა ბრჭყალის მუცლით

ჩემი ცოლი ვერტიკალურად აფრენილი ჩიტის ზურგით

ვერცხლისწყლის ზურგით

სინათლის ზურგით

სრიალა კენჭის და სველი ცარცის

და ახლადდაცლილი ჭიქის ვარდნასავით კეფით

ჩემი ცოლი  დაკიდული კალათის თეძოებით

ჭაღის და მშვილდის ისრის ფრთის

და ფარშევანგის ბუმბულის ღერის თეძოებით

უხილავი წონასწორობით

ჩემი ცოლი ქვიშაქვის და ასბესტის დუნდულებით

ჩემი ცოლი გედის ზურგის დუნდულებით

ჩემი ცოლი გაზაფხულის დუნდულებით

ზამბახის საშოთი

ჩემი ცოლი ხამანწკის და იხვნისკარტის საშოთი

ჩემი ცოლი ზღვის წყალმცენარის და დაძველებული კანფეტების საშოთი

ჩემი ცოლი სარკესავით საშოთი

ჩემი ცოლი ცრემლებით სავსე თვალებით

იასამნის აბჯრის და კომპასის დამაგნიტებული ისრის თვალებით

ჩემი ცოლი სიამის კატის თვალებით

ჩემი ცოლი საპყრობილეში დასაოკებელი წყურვილის წყლის თვალებით

ჩემი ცოლი ნაჯახის ქვეშ დადებული მუდმივად დასაპობი ხის თვალებით

წყლის ჰაერის  მიწისა და ცეცხლის თვალებით.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.