ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
რეცენზია

რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ლექსო დორეული
30.05.2015

   


"მე ხმებს ვაგროვებ, ხმებს!“

,,ნებისმიერი ერთობისათვის დაღვრილი სისხლი, წყალში გადაღვრილი სისხლია“

ჟან-ლიუკ ნანსი

 

ამ ვიდეოზე, რომელშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს ბატონი რეზო ამაშუკელი, დატოვებული კომენტარები, ერთად აღებული, არის მსოფლიოში საუკეთესო ჟანრულად განუსაზღვრელი ნაწარმოები; ეკლექტიზმის იდეალური ნიმუში. პირდაპირ გასაოცარია, როგორ ახერხებენ ეს ადამიანები ერთად ცხოვრებას, თანაარსებობას? მხოლოდ აქ ნახავთ, რაც მთავარია, ერთმანეთის გვერდიგვერდ: პატრიოტული სულისკვეთებით გულწრფელად ანთებულ, 69 წლის სტაჟის მქონე მორწმუნე სტიქაროსან, შეთავსებით ხათხა იოგას მასწავლებელ ლევან ქადაგიძესა და 23 წლის ჭეშმარიტ მარქსისტ-სოციალისტ იკა ბებურიშვილს, რომელსაც მხოლოდ პარასკევობით სწამს ღმერთის არსებობის; დღემდე უშვილო, მაგრამ ამ საკითხის მიმართ ფრიად იმედიანად განწყობილ, ათეისტ ბებია რებეკა ხანიას და მეცხრე შვილის მომლოდინე, დიასახლის, ამჟამად კი ზუგდიდის მერობის კანდიდატ პაატა ხომასურიძეს; წმ. იროდიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმონაზონ, უხუცეს ამბროსისა და არასამთავრობო ორგანიზაციის (NGO) - ,,ახალგაზრდა განმანათლებლები - სრული ძალისხმევით წინ ნატოსკენ" - ენერგიულ და პოლიტკორექტულ პიარ მენეჯერს - ნატაშა რუსიშვილს, რომლის აზრითაც, ,,სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ ბებერი შოვინისტის სამართალდისკრედიტაცია და ჟენევის ადამიანის უფლებების კონვენციის მესამე მუხლის ”ც” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება“. აქვე ჩნდება ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანოს - ,,ოქროსფერი ფასკუნჯი“ - ხარისხის კონტროლის სამსახურის აპარატის ხელმძღვანლის, დევი ადამია-ჩიტიშვილის კომენტარი: ,,ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს! ძაღლი ყეფს, ქარავანი - მიდის!“. მხოლოდ აქ ნახავთ ერთად ქართველ ეპატაჟისტ, მაგრამ უკვე დაღვინებულ პოეტს, რომლის საყვარელი მწერალიც ჰერმან ჰესეა - ნეო ლაფტას და ქარვთლის დედას (აი, იმას, ჭიაბერაშვილმა რომ შეგვიგინა), აქ იკვეთება აბაშიძის ქუჩაზე, კაფე ,,გოლდ"-ის თავზე მცხოვრები ვაკელი ,,უბრალოდ ნინუცასა" და ცნობილი მაღრაანელი თამადის - გივი ინწკირველის გზებიც. მხოლოდ აქ წააწყდებით ჩემს ლექტორს - ფილოსოფიის, კონკრეტულად დერიდას სპეციალისტ (ექსპერტს) დოქტორანტს, რომელიც ,,დედას" აგინებს რეზო ამაშუკელს და ,,პ. ს.”-ში ნიშნის მოგებითა და თვალისჩაკვირის სმაილით ეხმიანება ქართველ ეპატაჟისტ, მაგრამ უკვე დაღვინებულ პოეტს, რომლის საყვარელი მწერალიც ჰერმან ჰესეა - ნეო ლაფტას: ,,ხომ ჩაგიდე გინებაშიო“. მისი კოლეგის, ახალგაზრდა, ნიჭიერი ფილოსოფოსი ლ. ნ.-ს ბებიას კი აგერ უკვე 60 წელია ეჩვენება, რომ კიბო აქვს. იუზერი ,,მართლმადიდებლობა, ან სიკვდილი“ ავრცელებს შემდეგ განცხადებას: ,,მთვრალი მძღოლის გადაყვანა შეღავათიან ფასებში! დარეკეთ: 2 454545“. სოლო (სოსო; სოლომონ...) ტაბუ კი ნანობს: ,,მარხვაში არ ვიყო, დედას მოვუტყნავდი ამ გრანტიჭამიებს“! პატივცემული ილია რევია კი დასძენს: ,,გენაცვალე მაგ ვაჟკაც სულში! სრულ სიმართლეს ლაპარაკობს ეს კაცი! სანამ ამ ნაბოზრებს ვინც ჩამოთვალა და ვინც გამორჩა, ღვთისა და ჩვენი პატრიარქის შეწევნით, მადლითა და კურთხევით დედებს არ მოვუტყნავთ, საშველი არ იქნება!! რეზო ამაშუკელი ქართული პოეზიის მეოთხე ჰიპოსტაზია“! აქვეა ,,თმაშეღებილი საჭურისი“ - როგორც მას რეზო ამაშუკელი უწოდებს - გოგი გვახარია, რომელიც გაბრაზებულია და ასევე სავსებით სერიოზული პათოსით დაწერილი კომენტარი: ,,ჩამომითვალეთ მასონები, თუ შეიძლება"... ხოლო 21 წლის სტაჟის მქონე მეხანძრე გოგი ანთაძე, რომლის მეუღლესაც ვერცხლის ქუჩაზე მეორადი ტანსაცმლის ბიზნესი აქვს, იმედოვნებს, რომ: ,,არასოდეს ჩაქვრება ქართველი კაცის გულში ისეთი ცეცხლი, როგორიც ბატონ რეზოში გიზგიზებს“. იქვე გამოთქვამს ”ერის სადარაჯოზე დგომის და ანტიქართული ძალების გასრესის" მზადყოფნას პოლიტიკოს რატი სამყურაშვილის მეუღლის, ეკატერინე ტოგონიძის მეზობელი, კომერციული სექსის მუშაკი, პროფესიით პედაგოდი, ამჟამად კი გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ექთანი, დალი მრელაშვილი, რომელსაც მისი თანამშრომელი - კოტე გაუდეშვილი ვენერა მილოსელს ადარებს (არის მასში მართლაც რაღაც ვენერიული), ხოლო განათლებით პოლიტეკონომისტი, ამჟამად კი ტაქსისტი, თავად ბატონი ელიზბარი - ბატონ რეზოს მხარდაჭერას უცხადებს ,,ამ დიად ბრძოლაში". აქვეა შემდეგი განცხადებაც: ,,სვუპი გთავაზობთ 35 ლარად, 70 ლარის ღირებულების ღორის კანჭის მენიუსა და ლუდს ბარში „შო.ბა“. თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი კანჭის მენიუ ყველაზე დაბალ ფასად“! თავისუფალი ფილოსოფოსი, დედის მხრიდან ბებიით წოვა თუში დემურ პროჭული თვლის, რომ: ,,როგორც ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი, მარსელ ჰენაფი იტყოდა: ბატონი რეზო თვალსაჩინო დასტურია იმისა, რომ სოლიფსისტური ონტოლოგიის კარტეზიანულმა პარადიგმებმა პრიმორდიალურად გამსჭვალეს, ინტერნალიზაცია მოახდინეს ყოველივესი. მართლაც, ძველებრაული წარმოშობის არაბული სიტყვის - ,,أليساندرودلبييرو“ ეტიმოლოგიურ-ჰერმეენვტიკული ანალიზი ცალსახად მიანიშნებს, თბილისი ორი მნიშვნელოვანი იდეოლოგიურ-ურბანისტული პრობლემის: ქალიშვილობის ინსტიტუტისა და ავლაბრის სომხური ეკლესიის დანგრევის - წინაშე დგას”. ხოლო პიონერთა სასახლის მხატვრული კითხვის წრის მასწავლებელი, ჭეშამრიტი დიდოსტატი გიორგი გიორგაძე ფიქრობს, რომ: ,,თავისთავად მნიშვნელოვანი პოეტი რეზო ამაშუკელი ინტონაციურად არასწორ მახვილს სვამს სიტყვა ,,ივანიშვილის“ წარმოთქმისას“. ,,კრეტინკოსი“ რეზო თავდიშვილი კი აცხადებს, რომ ,,პროზისშვილ“ მურმან მიშველაძეს... უკაცრავად... ეგნატე ნინოშვილის დისშვილიშვილი, დოცენტი პარმენ მამარდაშვილი კი მიიჩნევს, რომ ,,მას თავზე დიდი წარმოდგენა არ აქვს, პირველმა სწორედ მან გაილაშქრა მხედრიონელების წინააღმდეგ, როდესაც ისინი სოფელ კისისხევის ფერდობებს მოადგნენ და იქამდე არაფერი გვეშველება, სანამ ზვიადის გზას არ დავუბრუნდებით“. ამ სტატუსშივე გამოთქვამს საკუთარ აზრს არც მეტი არც ნაკლები ლეონარდო დავინჩი, რომელიც ასევე ,,დედის მუტელს" აგინებს მათ, ვისაც რეზო ამაშუკელი არ ევასება; ხოლო ერის სიამაყის, მწერალ ამირან ჭაბაშვილის შვილიშვილი - ბაია ჭაბაშვილი ისტერიულად აკომენტარებს და აკომენტარებს და აკომენტარებს რეზო ამაშუკელის ლექსს - დიდ ბელადზე დაწერილს, რითიც, როგორც, ალბათ, გულში ფიქრობს: ,,ამხელს ამ გარეწრის შავბნელ მოღვაწეობას, რათა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ იცოდეს, ვინ ვინ არის". (”დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო!”) ვინმე გრიგოლ ტალახაძე კი ,,ამ ახლადდაფრთიანებულ გვარის შემარცხვენელს" შეახსენებს, თუ ,,რამხელა ლაფში ამოსვარა ამ ქალბატონმა დიდი წინაპრის სახელი, როდესაც ნახევრადზანგი შვილთაშვილი გაუკეთა“. ხოლო გადამდგარი გენერალი კობა ბუთხუზი სვამს კითხვას, თუ ,,რატომ გაძვირდა ასე კარტოფილი?". ნანა კლდიაშვილის - რომელსაც ბავშვობაში მისი მეზობელი ილო ღლონტი არასოდეს სვამდა ველოსიპედზე - მოკლე კომენტარზე: ,,ეჰ“ - შემდეგი კითხვა უჩნდება 15 წლის, კოკო რაზმაძეს, ზედმეტსახელად ,,ცალხელას“: ,,სკაიპი გაქვს? დამიმატე რა: pizdeca55 ვარ“. მოქალაქე გაიოზ აშორდია იხსენებს დიდი გალაქტიონის სიტყვებს: ,,დროშები ჩქარა“! მაგრამ იქვე ჩნდება 36 წლის ქალიშვილის, კოსმოპოლიტი ეკა შემოქმედელის კომენტარიც: ,,დიდი ილია ბრძანებდა: გალაქტიონი კი არა, გალაკკკკკკტიონი, ყელში ამოვიდა ამათი უვიცობა“! აქვეა ,,ყველაზე ლამაზების" თხოვნაც თანდართული ლინკით: ,,დაალაიქეთ გთხოვთ. წინასწარ მადლობა!" (და მოცემულია ქართველი ლამაზმანი შოკოს ფოტო, სადაც მას, როგორც ერთ-ერთი მომხმარებელი შენიშნავს: ,,შილიფად აცვია"). ყურადღებას იქცევს 52 წლის დიასახლისის, ბორჯომელი სვეტლანა დაფრიდონიძის გულწრფელი აღიარება: ,,მე თქვენ კარგი კაცი მეგონეთ, ბატონო რეზო! არ გეკადრებათ ასეთი ენით საუბარი, იმედი გამიცრუეთ, ჩვენც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ვითმენთ"! ქეთო წამალაშვილის კომენტარი კი შემდეგია: ,,ავადმყოფი! მკურნალობა გჭირდება“! ქმრის - ბიზნესმენ ნიკოლოზ ვოლსკის - პროფილით შესული ნანუკა გიორგიბიანი კი ბატონი ნიკოლოზის სახელითვე წერს: ,,აჯობებს, ზოგ-ზოგიერთმა თავის ბოზ ცოლებს მიხედოთ, რომ აღარც იცით, ვის რას და სად აღარ აძლევენ“. აქ ძალიან, ძალიან მომინდა ვინმესთვის, თქვენთვის მეთქვა, რომ გუშინ მარჯანიშვილის მეტროს გვერდით, საქართველოს ბანკის წინ ჩამომდგარ, ჯოჯოხეთურ 28 ნომერ ავტობუსში მჯდომმა დავინახე, თუ როგორ ეზიდებოდა მწვანეჰოლოგრამიან, პატარა ცელოფნის ტომრებში დაფასოებულ მიწას, ჰონდას მარკის ორსკამიანი, სათევზაოდ წასვლისთვისაც გამოსადეგი თეთრი მანქანიდან - ნომრით WJW 957 - პოეტი შალვა ბაკურაძე, რომელმაც ,,საბადან“ თავისი წიგნი მოხსნა. მინდოდა ვინმესთვის, თქვენთვის, მეთქვა, თუ რატომ არიან ის და ჩემი მეგობრები დიმიტრი ბახუტაშვილი და ლევან ზარიძეამ წამს ერთადერთი შესაძლებელი პოეტები სამყაროში, მაგრამ მივხვდი, რომ ვინმესთვის და, განსაკუთრებით, თქვენთვის, ამის თქმა დაარღვევს ამ ტექსტის კომპოზიციურ სტრუქტურას, რომელშიც არაფრით არ უნდა ჩანდეს ავტორი, ანუ მე. ,,დედამომიყევირძე!“ (მუზილი).

 

,,გზამ დაიფაროს ყველა მგზავრი,

გზამ აზიაროს მოკლულები,

გზამ ამიხილოს გული

ამ სიმღერაში, რომლისთვისაც

სამ უკანასკნელ შუაღამეს

გარს უშედეგოდ ვუვლი.

 

ზღვამ გამიმხილოს მარილი და

ამ მიწიანი ლაყუჩებით

კვლავ ამამღეროს შენთვის,

რომ შენი ხელი კიდევ ერთხელ,

რომ შენთან ყოფნა კიდევ დიდხანს,

სხვა არაფერი მეტი.

ლექსის ავტორი... ამ ლექსს ავტორი არ ჰყავს! მაგრამ საავტორო უფლებები და უფრო იმის შიში, რომ ამ წერილს მისი ავტორის გამოგონების გარეშე არავინ დამიბეჭდავს (თუმცა ამის შანსი ტექსტის არაკორექტულობაში გადაზრდილი ზედმეტი გულწრფელობის გამოც არსებობს), მაიძულებს, მივუთითო: შალვა ბაკურაძე; ,,დასდებელნი წმინდისა აღდგომისანი“; გვ. 62; თბილისი; 2013 წ.; გამომცემლობა ,,საუნჯე“; ISBN 978-9941-442-20-1; დაკაბადონება: ნიკა ხვედელიძე; რედაქტორი: ნათია ნაცვლიშვილი. ემიგრანტი ლეილა ხოშტარია, რომელსაც აგერ უკვე მეთორმეტე წელია ყურში ემზარ ჯგერენაიას ლექციაზე მოსმენილი ფრაზა - ,,რელიგიის პრივატიზაცია“ - ჩაესმის და თავიდან ვერაფრით ამოუგდია, ბატონ რევაზს თხოვნით მიმართავს: ,,ერთი ლექსი სამშობლოდან იძულებით გადახვეწილებზეც დაწეროს“. მანქანათმშენებლობის ფაკულტეტდამთავრებული ნინო ესიტაშვილი კი, ვინც თავის შეყვერებულს - მათე წულაიას ერთხელ ბიძაშვილის - ნინო თეთრაძის თანადასწრებულობით უთხრა: ,,მე ხომ არ გიშლი გოგოების ხმარებას, მაგრამ...“-ო, დასძენს, რომ ,,ბატონ რეზოს ქართული პოეზიის პარნასზე დავანების ისეთივე შანსი აქვს, როგორც რეალის იქსდვას იუვენტუსთან", რადგან, როგორც დიდი შოთა იტყოდა: ,,სწავლა სიკვდიმდე შენია... პ. ს. რეზო დიდია, მაგრამ მე პირადად სამაგალითო ქართველი დედის, მაგული ლალი ყარაულაშვილის ლექსებიც ძალიან მომწონს“-ო. ხოლო პროფესორი რიმა რვატომიანი, რომელსაც თავი მართლა პროფესორი ჰგონია, ვიღაცას უხმობს: ,,ყლეანდრრრრრ!”. პროამერიკანისტი ლიბერალი თინათინ კენკიზია კი ასე მიმართავს თანამემამულეებს და თავადვე ალაიქებს საკუთარ კომენტარს: ,,მეტი კორექტულობა და ზრდილობა გმართებთ, მეგობრებო. სანამ ,,ტაბულაზე" რამეს იტყოდეთ, პირი კარგად გამოირეცხეთ, თქვე საცოდავო მანგუსტებო! ახვრები ესენი!". მამა პეტრე (,,კლდე“ - ძვ. ბერძ.) კი გამოდის ინიციატივით: “შემოხაზეთ, შვილებო, 41, რათა ცხონდეთ”! დაბეჭდვადი პოეტი ი. გ. კი, რომლის ყოუტუბე-ზე განთავსებულ ვიდეოსაც (სადაც საკუთარ ლექსს ,,ხახული გვიხმობს!“ უკითხავს სანახევროდ მკვდარ ჭაბუა ამირეჯიბს) 666 ,,ნახვა“ აქვს, წერს: ,,საღოლ, გენრი, ძმა! მართალი ხარ, ქართული სული, ჯიშ-ჯილაგი არ გადაშენდება! აჯობებს ვიღაც-ვიღაცებმა თავიანთ ბოზ მამიდას მიხედონ, თორემ დავეხმარებით"! მისი კოლეგა და მეგობარი გონერ ბაციკაძე კი, რომლის პოეტური კრებულიც: ,,ობოლი მთვარე“ ახლახანს დასტამბა გამომცემლობა ,,ზნემ“, მოითხოვს ,,მარგინალიზაციას", რადგან მის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ მამიდას - ო. ჯირკვალიშვილის მოთხრობა ,,ბრმის“ კითხვით გართულს, ზუსტად 6 წელსა და 2 თვეში, დეზერტირების ბაზართან მდებარე გადასასვლელზე  VolksWagen-ის მარკის ხავსისფერი მანქანა გაიტანს! გერმანისტი,  ნიცშეს (დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო!) ცნობილი შრომის: ,,ანტიქრისტე“ - ახლახანს მთარგმნელი სალომე ანდრიაძე კი: ,,ღმერთს სთხოვს, ღვთისმშობლის კალთა გადააფაროს სრულიად ამერ-იმერს“. ქალბატონ სალომეს კეთილ განზრახვას ეხმაურება პერსეპქტიული თეოლოგი სერგი გაწერელია, რომელიც დაჟინებით მოითხოვს ქალბატონი სალომესგან: ,,ესქატოლოგიურად დააზუსტოს, ,,ღმერთში“ პიროვნულ ჰიპოსტაზს გულისხმობს, თუ რაიმე სახის მეტაფიზიკურ უძრავ მამოძრავებელს“. გოჩა კომლაძე: ,,ბატონო რეზო, აუ, ბრიტნი სპირსი რა საკაიფო მოსატყნავია, არა“? ინტელიგენტი აკაკი არაყიშვილი: ,,5-ჯერ ვუყურე, ეს საზეპიროა, მსგავსი არასდროს მსმენია, ეს ისტორიული სიტყვებია. ინელექტის აპოგეა! ეს ზეციდან იყო მესიჯი ბატონი რეზოს ბაგეებით ნათქვამი. ხეს, რომელსაც კეთილი ნაყოფი არ მოაქვს ძირში ჭრიან"! საზოგადო მოღვაწე ბაჩუკი კომლაძე კი ,,მოითხოვს მარიხუანას დეკრიმინალიზაციას და ასევე ინტერესდება საკითხით, თუ ვისი ვიოლინოს ხემი ვის როიალშია. ,,ჩვენ კი მაშინ დაგვენძრა, როცა გეორგიევსკის ტრაქტატზე მოვაწერეთ ხელიო“ - ამასაც დასძენს. და ბოლოს, კარგი რითმებისა და მაღალი მგრძნობელობის მქონე პოეტის - ,,გიორგი ლაცაბიძისა და ლევან მაისურაძის“ მშვიდი კომენტარი: ,,ყველანი ყლეები ხართ". აი, ეს არის ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ქვეყანა, მეგობრებო. ამ ყველაფრის ერთობლიობა, ყოველივე ამის ერთად თანაყოფნის შესაძლებლობა. საიდანღაც კი ჰაერის ნაკადს მოჰყვება რეზო ამაშუკელის ლექსის ერთი ფრაგმენტი:

,,ცა მოწყენილი და საავდროა,

დგას მობუზული მთვრალი სანდრუა,

და ეკითხება

გამვლელ-გამომვლელს: -

- ახლა რა დროა?!

ახლა რა დროა?!"

ბატონო რეზო, თქვენ უდიდესი ხელოვანი ბრძანდებით! ოღონდ თქვენი საუკეთესო და ყველაზე ღირებული ნაწარმოები არის არა თქვენი პოეზია, არამედ ამ ადამიანების კომენტარები - ერთ სივრცესა და დროში განფენილი - ჩაილაპარაკა ლექსო დორეულმა, რომელიც აგერ უკვე 12 წელია გულმოდგინედ და უშედეგოდ ცდილობს ბავშვობაში კლასის დამრიგებლის დავალებით რეზო ამაშუკელის სულ სხაპასხუპით ნასწავლი შესანიშნავი და გულშიჩამწვდომი ლექსის - ,,საქმემან ჩვენმან“ - დავიწყებას; და მიუხედავად  მთელი რიგი ავტოფსიქოანალიტიკური მცდელობებისა, თავიდან არ ამოსდის სიტყვები:

,,გაზაფხულს წვივი გამოუჩნდა:

შეკრთა ხეხილი...

ღამით რომ მღერის -

საწვიმარი მილის ღარია,

ვზი და ვიგონებ

ჩავლილ ზამთარს გულგატეხილი

და კარს მომდგარი კვირტის სკდომა

არ მიხარია!

არეულია,

ერთმანეთში გადაგრეხილი

ბოროტება და სათნოება

დიდი ხანია!

მალე მზის გულზე აბოლდება

ბაღი ხეხილის,

ვით შორეული საიდუმლო -

გეთსიმანია!

დღე დღეს მიჰყვება

მარჩიელის გაშლილ კარტივით,

ცხოვრება ზოგის

შორით შურმა დაიტანია...

მე ხელისგულზე გული მიდევს

ჩიტის ბარტყივით

და ცაზე ისევ მილურსმული

უფლის ტანია!“

ახლაც წინააღმდეგობრივად აეკვიატა ეს მოტივი - ,,შორეული საიდუმლო“ - დაინახა ეს სიტყვები, ერთი ხელის გაწვდენაზე მიუახლოვდა მათ საგანთა მუსიკის სულში შეზრდილ სხეულს; დაინახა, როგორც შესაძლებლობის შეუძლებლობა ადამიანისა და ქრისტეს სივრცეში თანაარსებობას შორის და მიხვდა, რომ ჭეშმარიტება - ეს მარადიულობის დროში გამოცდაა, რაც გასროლილი ტყვიის გადევნებას ჰგავს. ,,არს ლონგა!..” - წამოიძახა ლექსო დორეულმა და თვალი იქვე, თაროზე მოთავსებული ემანუელ სვედენბორგის წიგნისკენ: ,,ახალი იერუსალიმი და მისი ზეციური სწავლება“ - უნებლიედ გაექცა.